მთავარი,სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტმა ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა წააგო

24.08.2017 • 2067
ბათუმის უნივერსიტეტმა ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა წააგო

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. გასული წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში, ფიროსმანის ქუჩაზე, გათბობის სისტემა მოიშალა. სამუშაოები უნივერსიტეტის ამ შენობაში კომპანია „დიასი 2007“-მა შეასრულა.

„გარანტია იყო სამი წელი. საგარანტიო ვადაში მოიშალა გათბობის სისტემა, რომლის შეკეთებაც უნივერსიტეტს დაუჯდა 6470 ლარი. კომპანიამ უარი თქვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, გვითხრა, რომ დარღვეული იყო, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესები, ან ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო მოიშალა სისტემა,“ – განმარტავს რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი.

რის გამო მოიშალა გათბობის სისტემა უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში – ექსპერტიზა არ ჩატარებულა. უნივერსიტეტის იურისტის აზრით, გათბობის სისტემა საგარანტიო ვადაში მოიშალა, „შესაბამისად, საპირისპირო მტკიცებულება თავად სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას უნდა წარმოედგინა სასამართლოში,“ – ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

„პირიქით, უნივერსიტეტს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ჩვენი ბრალეულობით მოიშალა სისტემა. საგარანტიო ფურცელში წერია, რომ ზიანი არ ანაზღაურდება, თუკი ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო დაზიანდება რამე,“- გვითხრა ვახტანგ დიასამიძემ, კომპანია „დიასი 2007“-ის დირექტორმა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი.

„სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ჩვენი მიმართულებით დაინახა. ჩვენ ამოვედით კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე. ვნახოთ, როგორი იქნება სასამართლოს დასაბუთება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებაზე,“ – ამბობს უნივერსიტეტის იურისტი, რამინ მაჭარაშვილი.

ცენტრალური გათბობისა და საქვაბის მშენებლობაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტენდერი  შპს „დიასი 2007“-მა 2013 წელს მოიგო. სამუშაოების ღირებულებამ 74 908 ლარი შეადგინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: