„მთელი ცხოვრება პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფერი დამიშავებია. დავფიქრებულვარ, ციხეში რომ მოვხვდე, შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავძლებ, ვერ შევეგუები-მეთქი, მაგრამ იქ ყოფნის დროს მივხვდი, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება, იმ ცუდ პირობებსაც ეჩვევი“, – თავისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი და მშვიდი ტონით მეუბნება 40 წლის ტარიელ აბაშიძე ამ სიტყვებს. ტარიელი ყოფილი პატიმარია, 2010-2013 წლებში გლდანის მერვე ციხეში გაატარა 314-ე მუხლით – ჯაშუშობის ბრალდებით.
პროფესიით სამხედრო პილოტია. პილოტის პროფესიის შესწავლას 2000 წელს შეუდგა, 25 ადამიანი შეარჩიეს მთელს აჭარაში, ეძებდნენ რუსული ენის მცოდნეებს, ტარიელი ერთ-ერთი აღმოჩნდა ამ 25 ადამიანში. გამოცდებით, ჩათვლებით, ინტენსიური მეცადინეობით 25 ადამიანისგან საბოლოოდ 13-მა გააგრძელა ეს საქმიანობა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მსახურობდა ტარიელი, ვიდრე 2010 წლამდე, როცა ის დააკავეს. ტარიელის თქმით, ბრალდებას ერთადერთი ნივთმტკიცება ჰქონდა – 9 ადამიანის ოთახიდან ამოღებული მიკრო-მეხსიერების ერთნაირი ბარათები. ამბობს, რომ ეს ბრალდება იმდროინდელ ხელისუფლებას პიარისთვის სჭირდებოდა.
ტარიელისთვის ყველაზე რთული ფეხმძიმე ცოლის დატოვება აღმოჩნდა, ერთი წლის განმავლობაში კაცს აეკრძალა სატელეფონო თუ რამე სხვა სახის კონტაქტი ოჯახთან, ოჯახზე ამბებს მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით იგებდა. ციხეზე მისი წარმოდგენები ძალიან მწირი იყო, არ იცოდა შიგნით რა დახვდებოდა – ელოდა, რომ კარგი არაფერი იქნებოდა იქ, მაგრამ არც მთლად ისე წარმოედგინა, რაც შიგნით დახვდა – ბადრაგთან პირველი კონტაქტის დროს მიხვდა, რომ ციხეში სასტიკი პირობებში მოუწევდა ყოფნა.
„პირველი ოცი დღე კარანტინში გავატარე, მე რომ შევედი 26-ე ვიყავი ექვსკაციან საკანში. იყო ცარიელი საწოლები, არც ზეწრები, არც ლეიბები, არც საპონი, არც ჭურჭელი, არაფერი საერთოდ. თითო საწოლზე 2-2 ადამიანი იძინებდა მორიგეობით, დანარჩენები ფეხზე ვიდექით. არ გვაძლევდნენ ხმის ამოღების საშუალებას, დაინახავდნენ რომელიმე პატიმარს ჩაძინებულს, დაუვლიდნენ მთელ საკანს და უმოწყალოდ სცემდნენ. ისე გადიოდა თვეები, პატიმრები ჰაერზე არ გავდიოდით, ბანაობენ იყო კვირაში ერთხელ, ისიც 5 წუთით. მიზეზებს არ ხსნიან“.
კარანტინის შემდეგ პატიმარი ჩვეულებრივ საკანში გადაიყვანეს, შედარებით უკეთეს პირობებში. კითხვაზე, თუ რა ხდებოდა ციხეში, იყო თუ არა ძალადობრივი ან სასტიკი მოპყრობა ბადრაგების მხრიდან, ტარიელი ამბობს, რომ სასტიკი მოპყრობა იყო და გახსენება რთულია, ბევრი რამე ახსენდება და არც იცის რომლით დაიწყოს, არეულად ყვება ხან ერთი სისასტიკის გამოვლინებას, ხან მეორეს.
„შემოვიდნენ ერთ დღეს, ერთ-ერთი კამერაში პატიმარს პურის ნამცეცები გადაუყრია ფანჯრიდან ჩიტებისთვის, შემოვიდნენ და წყლიანი ბოთლებით გვცემეს ყველა წვივებზე, იყო ლოგინის ქვეშ შეწიხლვა, ცემა არაფრის გამო, უმიზეზოდ, უაზროდ. ერთი დღე არ გავიპარსე წვერი და მაგის გამოც ვუცემივარ”.
პატიმრებს ხმამაღლა ლაპარაკი ეკრძალებოდათ, ხმაური, სიცილი, გადალაპარაკება საკნიდან-საკანში შეუძლებელი იყო. ტარიელიც ძველ ჩვევას ვერ ტოვებს, ჩურჩულით მელაპარაკება, მიყვება სასტიკ ამბებს აუღელვებლად, ტონს არ იცვლის, არც ინტონაციას, ვერც დიდად ემოციებს შეატყობ სახეზე, რაც უფრო დიდხანს ლაპარაკობს, უფრო და უფრო უდაბლდება ხმა, ჩურჩული ყველგან, სიჩუმე სახლში, სიჩუმე სადარბაზოში, სიჩუმე სატელეფონო საუბრების დროს, წინ თვითონ მიდის, უკან ჩუმად მივყვები, ხმას არ იღებს, ჩუმად მესალმება, სადარბაზოსკენ დამნაშავესავით მიიპარება. ჩუმად არიან ოჯახის წევრები, ბავშვები გვიყურებენ, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. სიჩუმე აბაშიძეების ოჯახის განუყოფელი ნაწილია.
პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ ოჯახთან პაემანი დაუნიშნეს, 400 კილომეტრი გაიარა ტარიელის ცოლმა მცირეწლოვან შვილებთან ერთად და არ შეუშვეს, არც ის აუხსნეს, რატომ. ტარიელი ამბობს, რომ მათ არ სჭირდებოდათ არაფრის ახსნა.
ტარიელმა ამ პირობებშიც მოახერხა მეგობრების შეძენა, საკანში ყველა ცდილობდა გაფრთხილებოდნენ ერთმანეთს. იცოდნენ, თუ ერთი დააშავებდა, აუცილებლად ყველას დასჯიდნენ, ამიტომ აკონტროლებდნენ ერთმანეთს, არ აძლევდნენ აღელვების და სისულელეების კეთების უფლებას. ყველა ერთად იდგა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტარიელს ერთი წელი არაფერი უკეთებია. ამბობს, რომ ყოველ მეორე დღეს მიცვალებულები გაჰყავდათ ციხიდან… ამ ყველაფერს გადახარშვა და დავიწყება სჭირდებოდა. შვილი ვერ ცნობს, ბიძიას ეძახის, ერთი წელი ცდილობდა, რომ ნორმალური ცხოვრება დაეწყო, დაევიწყებინა ყველაფერი ის, რასაც სამი წელი უყურებდა, მაგრამ რამდენად დაივიწყა, ეს სხვა ამბავია. ფაქტია, რომ დღემდე ჩურჩულით ლაპარაკობს და ნერვიულობს უფროსი შვილზე, რომელზეც პატრულის მანქანაც კი ძალიან ცუდად მოქმედებს.
სცადეს კიდეც თავისი პროფესიით მუშაობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, – არავის სჭირდება პილოტი. ამბობს, რომ რთულია ქვეყნის მოღალატის სტატუსით ცხოვრება, ამაზე მძიმე არაფერია, ვერსად იმართლებს თავს. სხვა ქვეყანაში იმუშავებდა თავისი პროფესიით, მაგრამ 7 წელია არ უტარებია ვერტმფრენი, ეს კი ძალიან დიდი დროა პილოტისთვის, რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ტარიელი უქმად არ ზის სახლში, ძალიან სწრაფად შეისწავლა მღებავის ხელობა და მუშაობს ხელოსნად, შემოსავალი არ არის ბევრი, მაგრამ სტაბილურობის შეგრძნება ძალიან ბევრს ნიშნავს ტარიელისთვის. სამომავლო გეგმებზე ბევრს არაფერს ამბობს, უნდა, რომ მოღალატის დაღის გარეშე იცხოვროს.
ძალიან ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ სამხედრო პილოტებს, როცა მათ ამ პროფესიის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტარიელმა ციხის კედლებისა და ბადრაგის სასტიკი მოპყრობის გარდა ვერაფერი მიიღო.
ჩუმად დამემშვიდობა, მომიხურა კარი, გარეთ კი ხმაური დამხვდა, ადამიანები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ეხუმრებოდნენ ერთმანეთს, წუხდნენ ცხელი ამინდის გამო, გამყიდველი ქალი ხალისით ალაგებდა სხვადასხვა ხილს დახლზე.