მთავარი,სიახლეები

პატიმარი: ციხეში ახალი ბრალი წარმიდგინეს, მაგრამ საქმის მასალებს არ მაცნობენ

24.08.2017 • 1727
პატიმარი: ციხეში ახალი ბრალი წარმიდგინეს, მაგრამ საქმის მასალებს არ მაცნობენ

ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის უფლებას ციხის ადმინისტრაცია არ აძლევს. ლ.მ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მას გამომძიებელმა გივი ფურცხვანიძემ წარუდგინა ბრალი.

„მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა არ გადმომცა საქმის მასალები და წავიდა, მე-3 პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ გამომძიებელს საქმის მასალები, მათ შორის ერთი დისკი, მისთვის დაუტოვებია. ვთხოვე, გადმოეცა ჩემთვის წერილობითი მტკიცებულებები, რაზედაც უარი მივიღე. მან მითხრა, რომ მომცემდა მხოლოდ 100 ფურცელს…“

იმავე დღეს, 14 აგვისტოს, პატიმრის დედას სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაურეკავს. ადგილზე მისულ ომბუდსმენის წარმომადგენელს ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ შიდა დებულების საფუძველზე, 100 გვერდზე მეტს ვერ მისცემდნენ ბრალდებულ ლ.მ.-ს.

„ჩვენ მოვინახულეთ ეს პატიმარი 16 აგვისტოს. მას ადმინისტრაცია 100 გვერდს აძლევს, გაცნობის შემდეგ კი უკან ართმევს და ახალ მტკიცებულებებს აძლევს. ჩვენი შესვლის პერიოდში დაახლოებით მტკიცებულებების 200 გვერდს იყოს გაცნობილი პატიმარი,“ – ამბობს ციალა ქათამიძე, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი.

როგორია სახალხო დამცველის პოზიცია, როცა ციხის შიდა დებულება ეწინააღმდეგება იერარქიულად მაღლა მდგომ კანონს – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს? – ციალა ქათამიძე განმარტავს, რომ ომბუდსმენის აპარატის ამ შემთხვევას სწავლობს: „ამ ეტაპზე ვსწავლობთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც დაკავშირებულია ბრალდებულის სავარაუდო სისხლის სამართლის საპროცესო უფლებების დარღვევასთან. კანონის მიხედვით, ბრალდების მხარეს აქვს ვალდებულება დაცვის მხარეს, ანუ ბრალდებულს მოთხოვნისთანავე გადასცეს მის ხელთ არსებული საქმის მასალები სრულად. აღნიშნულ საქმეზე ისევ მიმდინარეობს საქმისწარმოება ჩვენთან“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც „დაცვის უფლება გარანტირებულია“.

„დაუშვებელია, თუკი ბრალდებულს ციხის ადმინისტრაციამ საქმის მასალების გაცნობა შეუზღუდა. სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსის 83-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებულნი არიან, მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე.

იურისტი დაუშვებლად მიიჩნევს ასევე მტკიცებულებების „ფორმალურ გადაცემასაც“, ანუ თუკი გამოძიებამ საქმის მასალები ციხის ადმინისტრაციას დაუტოვა:

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „საქმის მასალების ბრალდებულისთვის გადაცემა არ შეიძლება ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, სწორედ აღნიშნულზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში, თუნდაც ისეთი შემთხვევა, როცა ბრალდებულის საქმის მასალები გადაეცემა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას და არა უშუალოდ ბრალდებულს, ხოლო მტკიცებულებათა გაცვლის ოქმში კეთდება ჩანაწერი, რომ საქმის მასალები სრულად გადაეცა ბრალდებულს.“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ: „ლ.მ.-ს საქმის მასალები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცა, რომელსაც უკვე გაეცნო.“

პატიმარი ლ.მ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს: „იმის დასადასტურებლად, რომ მე ვითხოვდი მტკიცებულებებს და არ მაძლევდნენ, ვწერდი ჩემს მოთხოვნებს და ვანახებდი ვიდეოსათვალთვალო კამერას, დავანახებდი და შემდეგ თვალსაჩინო ადგილას ვაკრავდი, სადაც დღემდეა გაკრული…“.

„ბრალდების მხარის მიერ გადმოგეცათ თქვენი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რაც დასტურდება 2017 წლის 14 აგვისტოს ინფორმაციის გაცვლის ოქმით. ამდენად, უსაფუძვლოა თქვენს განცხადებაში მოყვანილი გარემოებები“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის წერილში.

„გამომძიებელი არ მოიქცა სწორად, – დასძენს პატიმარი, – როდესაც ჩემი სისხლის სამართლის საქმის მასალები დაუტოვა დაწესებულებას, ანუ დაინტერესებულ მხარეს, ვინაიდან ჩემს საქმეში დაზარალებული პირები არიან მე-3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. ერთ-ერთი დაზარალებული, ბექა გაგნიძე, დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილეა… ასევე ვითხოვდი დისკზე არსებული მასალის გაცნობას. ჩემი სამდღიანი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, 2017 წლის 16 აგვისტოს, სოციალურმა მუშაკმა, ეთერ ნიკოლაიშვილმა, და უსაფრთხოების ინსპექტორმა, კობა გოგმაჩაძემ, გამაცნეს ვიდეომასალა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოწმეს, რაც დასტურდება პროკურორის დადგენილებით ჩემი ბრალდების შესახებ. დისკი იდო წერილების საშუალო კონვერტში არადალუქულ მდგომარეობაში.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: