აჭარის ფინანსთა სამინისტროს კონკურსში გამარჯვებულები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტს ვახტანგ ჭეიშვილი უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვახტანგ ჭეიშვილი სამინისტროში საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილებაში მუშაობდა, უფრო ადრე კი პრივატიზების განყოფილების თანამშრომელი იყო.

ვახტანგ ჭეიშვილისთვის ჯერ არ უცნობებიათ დაიკავებს თუ არა საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. პრესსამსახურის ინფრომაციით კი, მან კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა მინისტრს ჯერ შესაბამის ბრძანებაზე ხელი არ მოუწერია.

სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მარიამ ჭიჭინაძე შეარჩიეს.

კონკურსი გრძელდება სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის შესარჩევად.

ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას კობა თედორაძე,  ხოლო მთავარი სპეციალისტის თანამდებობას გოჩა აბაშიძე დაიკავებს.

საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მელანო აბაშიძე შეარჩიეს.

კონკურსი მიმდინარეობს ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

შემოსავლების სამსახურის განცხადება სარფის საზღვარზე შეფერხებებთან დაკავშირებით

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს, 12 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით, რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს.

შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე – შემოსვლა.

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი „LIVE კამერა“,  აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ სარფში არსებულ ვითარებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით, რათა თავიდან აიცილოთ  გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“.

 

დაზარალებული:თავდამსხმელებს მაისურზე შსს ეწერათ

ქობულეთში, სასტუმრო „პალმას“ მიმდებარედ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სცემეს: „ეცვათ შავი ფორმები და მკლავზე ეწერათ შსს“.

ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მისი ძმა და სამი მეგობარი გუშინ საღამოს სასეირნოდ გავიდნენ, რა  დროსაც ისინი შვიდმა ფორმიანმა ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე სცემა:

„…სასტიკად სცემეს, როგორც კი მიუახლოვდნენ პირდაპირ დაუწყეს ჩხუბი და სცემეს. არანაირი მიზეზი არ ჰქონიათ, სავარაუდოდ, სხვებს ეძებდნენ და სხვებში აერიათ.“

ოთხი დაზარალებულიდან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ. ორი კი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ – მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც სისტემატური ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

შემთხვევა წუხელ, საღამოს მოხდა.

ჩემი ხუთი დღე

თაკო ჭანიძე, მე-11 კლასის მოსწავლე

პირველად როცა გავიგე, რომ მწვანე ბანაკში მიმიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. მახსოვს, რამდენიმე ჩემს მეგობარსაც ვახარე ეს ამბავი. ერთი სული მქონდა იქ როდის ჩავიდოდი – ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, რომ საინტერესო თავგადასავალი მელოდა.

ბანაკი იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი – დასაწყისში გამიჭირდა იქ ყოფნა, გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ბანაკურ პირობებში ცხოვრებას, მაგალითად, დღის დატვირთულ განრიგს. თუმცა ბანაკიც ხომ სწორედ ეს არის – გიბიძგებს გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან.

მე, ისევე როგორც სხვა ბანაკელები, აქტიურად ჩავერთეთ გარემოს დასუფთავებასა და გაჯანსაღებაში, რასაც აქამდე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. ნათლად დავინახე, რა ზიანი ახლავს ადამიანის გარემოსადმი დაუდევრობას და ისიც, თუ როგორ შემიძლია შევცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ. მწვანე ბანაკმა მომცა შესაძლებლობა გამეგო მეტი ჩვენი საცხოვრებელი გარემოს შესახებ და შემეტანა ჩემი წვლილი მის გაჯანსაღებაში.

ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ პირველად აქ გავსინჯე კოცონზე შეწიწკინებული ზეფირი (ფილმებში რომ არის სწორედ ისე) და კოცონთან პლედშემოხვეულმა ვიმღერე, ისე, რომ წვიმისთვისაც კი არ მიმიქცევია ყურადღება.

იმ ხუთმა დღემ, რაც ბანაკში დავყავი, უამრავი რამ დამიტოვა –  ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე, უკეთ გავიცანი საკუთარი თავიც. ეს იყო ადგილი, სადაც შევძელი გამომემჟღავნებინა ჩემი კრეატიული მხარე, რომლის წყალობითაც ჩემი საიდუმლო მეგობრის (ერთ-ერთი აქტივობა) გული გავახარე და სახლში ხელნაკეთი „სიზმრებმჭერიც“ ჩამოვიტანე.

ეს ჩემი პირველი ბანაკი იყო და ამაზე უკეთესს, პირველ ჯერზე, ალბათ, ვერც ვინატრებდი. მწვანე ბანაკმა გაბრწყინების საშუალება მომცა – შევძელი ყველასათვის მეჩვენებინა, თუ ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. მიხარია, რომ მივიღე მსგავსი გამოცდილება, დარწმუნებული ვარ ეს მომავალშიც გამომადგება.

ყველაზე მეტად რაც იქ გატარებული დღეებიდან დამამახსოვრდა, არის ის გარემო, რომელსაც ჩვენი ლიდერები, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და, რაც მთავარია, ბავშვები ქმნიდნენ. ყველაფრის აღწერა, რაც აქ განვიცადე, უბრალოდ, შეუძლებელია. მივხვდი, რომ ამ ხუთი დღის მანძილზე სხვა მონაწილეები და-ძმებივით შემიყვარდა, სახლში დაბრუნებულს კი ისინი მენატრებიან და მათთან მიმოწერას ღამითაც კი არ ვწყვეტ.

ჩემს ფოტოებზე აღბეჭდილი მაქვს ლაშქრობა ულამაზეს აჯამეთის ტყეში. ხშირად ამბობენ, რომ  ფოტოები კარგი ხერხია მოგონებების შესანარჩუნებლად. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფოტოები სულაც არ არის საჭირო, რადგან იქ გატარებული ყოველი წამი სათანადოდ აღიბეჭდა ჩემს გონებასა და გულში.

ბანაკში
ბანაკში

„რესპუბლიკელები“ ბათუმში მხოლოდ პროპორციულ სიას წარადგენენ

„რესპუბლიკური პარტია“ ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ პროპორციულ სიას წარადგენს.

პარტიას არ ეყოლება არც მაჟორიტარი და არც მერობის კანდიდატები – ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაუდასტურა.

ჩავლეიშვილის ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს სიაში თვითონ არ იქნება: „მოგეხსენებათ, რომ ვარ არქეოლოგი და სამეცნიერო საქმიანობას გავაგრძელებ“.

სიაში არ იქნება ასევე  ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრი, თემურ ყურაშვილი.

ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა – მთავრობის განმარტება

ბათუმში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა წელს ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ ამ სასახლეში წელსვე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდებოდა ხელბურთში, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დამთავრებულა. ახალი კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის სახელმწიფო 54 მილიონი აშშ დოლარს დახარჯავს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი კომპლექსის გახსნა.

IMG_20170911_162849
სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში / 11.09.2017 / ხედი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩიდან / თედო ჯორბენაძის ფოტო

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში თავდაპირველად გვითხრეს, რომ მშენებლობის დასრულების ვადა გადაიდო, რაზედაც არსებობს ქვეყნის მთავრობის დადგენილებაც.

„ჩვენი ინფორმაციით, მშენებელი კომპანია ობიექტს ჩაგვაბარებს სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს, სადაც შემდეგ სამინისტოს დარჩება გარკვეული სამუშაოები შესასრულებელი. დეტალებზე შეგიძლიათ „სპორტმშენსერვისს“ დაუკავშირდეთ“, – გვითხრეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რა მიზეზით გადაიდო მშენებლობის დასრულების ვადა და როდის დასრულდება მშენებლობა? – ამ კითხვებით „სპორტმშენსერვისს“ მივმართეთ, საიდანაც ისევ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართეს.

„ობიექტი უნდა ჩაგვბარდეს 2017 წლის 5 დეკემბერს. მშენებლობის დასრულების ვადის გადაწევა გამოიწვია იმან, რომ აჭარის მთავრობამ შეგვიცვალა ტერიტორია, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი“, – გვითხრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

როდის შევა ბათუმის სპორტის სასახლე ექსპლუატაციაში, სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საწყის ეტაპზე დადგა ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის საკითხი, ვინაიდან პროექტი იყო გაცილებით მასშტაბური და ის თავიდან შეთავაზებულ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდებოდა. საბოლოოდ შეირჩა ის მისამართი, სადაც შენდება ობიექტი.

სპორტის სასახლე ბათუმში იმავე მისამართზე შენდება, რა მისამართიც თავიდანვე იყო მითითებული – ხიმშიაშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთა. მშენებლობასთან გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე კი მშენებლობის დასრულების ვადად 2017 წლის სექტემბერია მითითებული. მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, რომ მშენებლობა სექტემბერში ვერ დასრულდება.

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს
სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს

„სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში  დასრულდება და ობიექტი წელსვე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ხელბურთში“ – ეს განცხადება აჭარის მთავრობამ 2017 წლის იანვარში გააკეთა, როცა ცნობილი გახდა, რომ ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სასპორტო სკოლის ტერიტორია და ორი შენობა აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას მიყიდა. მთავრობის გადაწყვეტილებას მაშინ საზოგადოების პროტესტი მოყვა.

ბათუმში, ხიმშიაშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე [ყინულის სასახლესთან] სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, 2016 წლის 4 ოქტომბერს ჩაუშვა.

იმავე დღეს, სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, „სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა და მშენებელი კანადური კომპანია „ბეჰლემ ინდუსტრის“ გენერალურმა დირექტორმა შონ ლეპენმა.

ის, რომ ობიექტის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდებოდა, სიმბოლური კაფსულის ჩადების დღესვე გაავრცელა სამინისტრომ. ობიექტის დასრულების ეს თარიღი შემდეგ აჭარის მთავრობამაც გაიმეორა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

„პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება, მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება. სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება“ – აღნიშნული იყო სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში / 11.09.2017 / ხედი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩიდან / თედო ჯორბენაძის ფოტო
სპორტის სასახლის მშენებლობა ბათუმში / 11.09.2017 / ხედი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩიდან

ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას აჭარის მთავრობაც გეგმავს. მშენებლობას კურირებას შპს „სტადიონი“ გაუწევს. მშენებლობისთვის 66 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამ შემთხვევაში კომპლექსის დასრულების ვადა მშენებლობის დაწყებამდე უკვე დაირღვა. პირველად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსის დასრულების „სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 კალენდარული თვე“ იყო, თუმცა, ეს ტენდერი არ შედგა. ხელახლა გამოცხადებული ტენდერის პირობებით კი 11-თვიანი პერიოდი 16 თვემდე გაიზარდა.

მეორე ტენდერის დასრულების შემდეგ კი შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივლეს. ამ უკანასკნელმა აჭარის მთავრობის შპს „სტადიონი“ გაამტყუნა.

 

სასწავლო პროცესი კერძო სახლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში პირველი ზარი ბავშვებისთვის სკოლის ნაცვლად საცხოვრებელ სახლში დაირეკება. სასწავლო პროცესი აქ, ზაურ ხარაბაძის ხის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე წელს მეორედ განახლდება.

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე გამარტავს, რომ  საცხოვრებელი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია და ვიდრე სკოლის მშენებლობა არ დასრულდება, გაკვეთილები ტუნაძეების დაწყებითი კლასების სკოლასა და კერძო სახლში ჩატარდება.

„იქედან გამომდინარე, რომ სხვა ალტერნატიული ფართობი არ გამოინახებოდა, სასწავლო პროცესი კერძო სახლში განახლდება, გარდა კერძო სახლისა, კლასების ნაწილს ამავე სოფელში არსებულ დაწყებითი კლასების სკოლაში ჩაუტარდება გაკვეთილები. ორივე შენობა ტერიტორიულად ახლოსაა. რაც შეეხება მშენებარე სკოლას, ყოფილი სკოლის ადგილზე შენდება, ამ დროისთვის ერთი სართულია აშენებული,“ – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

სოფელ ტუნაძეებში საშუალო საფეხურის სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ოთხსართულიანი, კაპიტალური სკოლის ასაშენებლად ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის 4 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერში შპს „ბზამ“ გაიმარჯვა და 29 მარტს ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანიას შორის 647 467 ლარზე გაფორმდა.

სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „ბზას“ სოფელ ტუნაძეებში სკოლის მშენებლობა წელს, 31 აგვისტოს უნდა დაესრულებინა, თუმცა სამინისტროს სკოლის ასაშენებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ მოუწია. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ამის გამო 5 მაისს სკოლის ასაშენებლად სამინისტრომ ტენდერი მეორედ გამოაცხადა, ამჯერად –  713 000 ლარზე.

ტუნაძეების სკოლის მშენებლობაზე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „მეფურმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება 12 ივლისს 657 999 ლარზე გაფორმდა, სახელშეკრულებო ვადა კომპანიას 31 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა დასრულდეს ოთხსართულიანი სკოლის მშენებლობა.

სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ედუარდ მიქელაძის თქმით, ხულოს ყველა სოფლის სკოლები მზად არის სასწავლო პროცესის დასაწყებად, აგარის სკოლის გარდა, ახალაშენებული სკოლისგახსნა სოფელ აგარაში პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი.

სოფელ ტუნაძეების მსგავსად, შუახევის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჟანივრსა და ცინარეთში სასწავლო პროცესი სკოლებში არ განახლდება, მოსწავლეებს გაკვეთილები სოფელ ჟანივრში კერძო სახლში ჩაუტარდება, ხოლო ცინარეთში – კერძო სახლსა და სოფლის სახლში.

შუახევის რესურსცენტრის უფროსის, ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, ცინარეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

„მანამდე კი გაკვეთილები კერძო სახლსა და სოფლის სახლში ჩატარდება. რაც შეეხება ჟანივრს, სკოლა დაიწვა და აქ ახალი სკოლა შენდება. მშენებლობის დასრულებამდე, დაახლოებით, ახალწლამდე, გაკვეთილები კერძო სახლში ჩატარდება. ცინარეთში 12-კლასიანი სკოლაა, ჟანივრში კი საბაზო, სადაც მხოლოდ შვიდი მოსწავლე გვყავს“.

რაც შეეხება ხელვაჩაურის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, რესურცენტრების უფროსების ინფორმაციით, ყველა სკოლა მზადაა სწავლის დასაწყებად. სამივე მუნიციპალიტეტის  ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება.

მთავარი ფოტო: სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს, გაკვეთილები კერძო სახლში უტარდებათ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

მოსწავლეები კერძო სახლში, სკოლის გარეშე

გაკვეთილები მეზობლის სახლში

 

ავარია ქობულეთში – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული

ქობულეთში ავარიის შედეგად  დაშავებული ორი პირი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ქუთაისშია გადაყვანილი, მეორე კი ქობულეთის საავადმყოფოშია.

სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულებს ქვემო კიდურების მოტეხილობა აქვთ. ორივე დაშავებული მამაკაცია. ავარიის დროს ერთი  ადამიანი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ 11 სექტემბერს, საღამოს ათი საათისკენ, გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ მიმდებარედ მოხდა.

შსს ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის ემზადება

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებში 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საკმარისი მონაცემების შეგროვება და მერიისთვის მიწოდება ქალაქის ისტორიული ნაწილის შეუსაბამო ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული ინტერვენციებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად“.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება:

[checklist]

  • ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტებისათვის განმარტებითი ბარათის-საინფორმაციო პაკეტის მერიისთვის წარდგენა;
  • ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონების პროექტებისათვის განმარტებითი ბარათის-საინფორმაციო პაკეტის წარდგენა.

[/checklist]

მერია შემსრულებელს მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას [ტექნიკური დავალება იხილეთ ამ ბმულზე]. დავალება ტენდერში გამარჯვებულმა ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

დამცავი ზონების პროექტისათვის საჭირო საკმარისი მონაცემები მერიას უნდა წარედგინოს ორ-ორ ეგზემპლარად – „მყარი და ციფრული ვერსიების“ სახით. წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.

მერიის პირობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის სირთულისა და შინაარსის [კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების, მათ შორის ისტორიული განაშენიანების, განაშენიანების რეგულირების, ისტორიული ლანდშაფტის ზონების დადგენის პროექტის შემუშავების კუთხით] მომსახურება.

____________________

ამავე თემაზე: 

ქალაქი შენი ფანჯრიდან 

რა გადაწყდა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრაზე 

ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.  პრემიერი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.  როგორც ცნობილია  „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეა, ის ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი – ავტ.] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა.

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან. 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა.

ქედის მერობის კანდიდატად ლევან გორგილაძეს დაასახელებენ, ამ დროისათვის ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ხელმძღვანელობს. მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

ქობულეთის მერობისთვის მირიან ქათამაძე, აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე იბრძოლებს. მან მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკვე დატოვა და არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

„ქართული ოცნებიდან“ შუახევის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე იქნება, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა ივლისის ბოლოს დატოვა.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი გოჩა მელაძე დასახელდება, რომელიც შპს „გოდერძი რიზორთსის“ დირექტორის მოადგილეა. ის ამ დრომდე  თანამდებობაზე რჩება.

„ქართული ოცნება“ კანდიდატებს დღეს, საღამოს რვა საათზე ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარადგენს.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.​

 

 

საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩააქრეს

შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩამქრალია. ხანძრის შედეგად 400 კვადრატულ მეტრომდე  ტყე განადგურდა.

„ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა, ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცეცხლს ადგილობრივი მოსახლეობა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქრობდნენ, ცეცხლის ყოფილ კერებზე კი ამ დროისთვის პრევენციული ღონისძიებები ტარდება, განაცხადა“ – შუახევის გამგებელმა.

ხანძარი შუბნის თემის სოფელ დარჩიძეების ტყის მასივში გუშინ, 11 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. შუახევის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარი სექტემბრის თვეში მეორედ გაჩნდა.

ფოტოზე: ხანძარი სოფელ დაბასთან. ფოტო: ნეტგაზეთი

„ბათუმელებზე“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ ქობულეთში მერობის კანდიდატი მოხსნა

პარტია „ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებით, ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი აღარ იქნება. ამის მიზეზი “ბათუმელებისთვის” მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია.

“დღეს გაზეთმა ბათუმელებმა ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გოგმაჩაძემ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია გამოხატა. ნინო ბურჯანაძის შეხედულებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროპული საქართველოს პოლიტიკურ ღირებულებებსა და პოზიციებთან. ევროპული საქართველოს სახელით ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსები არჩევნებზე ვერ იბრძოლებენ. ამიტომ პარტიის სამდივნოსა და რეგიონული ორგანიზაციის შეთანხმებით, ელგუჯა გოგმაჩაძე აღარ იქნება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთის მერობის კანდიდატი. უახლოეს მომავალში პარტია ახალ კანდიდატს წარადგენს”.- ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

შუახევში, საყარაულოს ტყეში ხანძარია

შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია – ინფორმაციას ხანძრის შესახებ შუახევის მინიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს ფეისბუქზე.

გამგეობის ცნობით, ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია და მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის ჩასაქრობად ბათუმიდან გასულია მეხანძრე-მაშველების ჯგუფი. ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

შუახევის გამგეობის ცნობით, ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან და მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ქობულეთში საარჩევნო სუბიექტების წარდგენის დროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს აფხაზებსა და ოსებს „საქართველოში შემოვიდნენ“.

„მიშა სააკაშვილმა ჩააბარა ტერიტორიები და მერე კანონი მიიღო, რომ ჩვენს შორის (იგულისხმება აფხაზები და ქართველები) ურთიერთობა არ იყოს. 70 ათასი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში. ქართული პასპორტი აქვს მხოლოდ 640 კაცს, დანარჩენს არ აქვს ქართული პასპორტი ან რუსული პასპორტი აქვს ან აფხაზური…

ამან კი მიიღო ისეთი კანონი, რომ ვინც ცხინვალში ცხოვრობს თბილისში ვეღარ ჩამოდიოდეს.  ეს სპეციალურად გააკეთა. კანონი მიიღო ისეთი, რომ ერთმანეთთან 25 წელი კონტაქტი აღარ არის. ამ ხელისუფლებას რამდენი ხანია ვებრძვით, რომ გააუქმოს და არაფრით არ აუქმებს. ახლა ჩვენ წავედით რუსეთში. თქვენ იცით, რომ რუსეთში ყველაფერზე იყო უარი, ახლა თქვე გინდათ ლაპარაკი სოხუმში, ჩვენ დაგეხმარებით, წადით ილაპარაკეთ“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე მიიჩნევს, რომ თარხან-მოურავის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიცრუეა.

„აფხაზები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამკურნალოდაც ჩამოდიან ქართულ კლინიკებში. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებთანაც აქვს უვიზო მიმოსვლა, პრობლემა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაა საქართველოს მთავრობის დაუკითხავად. თარხან-მოურავი ავრცელებს დეზინფორმაციას და ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან, პირიქით, ქართული მხარე ყველანაირად უწყობს ხელს იმას, რომ მაქსიმალურად ბევრი აფხაზი ჩამოვიდეს და მიიღოს ის მომსახურება და სიკეთეები, რითაც საქართველოს სხვა მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ეს არის დამახინჯებული და მანიპულაციის შემცველი ინფორმაცია“, – ამბობს ის.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რაზეც თარხან-მოურავმა ქობულეთში ისაუბრა, ვრცელდება არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებზე, არამედ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედიან საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურში ამბობენ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც აფხაზებსა და ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს რაიმე განსაკუთრებულ აკრძალვას უწესებს. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-4 მუხლის ა და ბ პუნქტების მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესვლა შეუძლია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ცხინვალის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან“.

აფხაზეთისა ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სხვა მიმართულებიდან შესვლა ისჯება. ამონარიდი კანონიდან: „ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ნებართვით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი იძინა ლებანიძე  „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შესაძლებელია საქმე გვქონდეს ამომრჩევლის შეგნებულად შეცდომაში შეყვანასთან:

ზოგადად არც სხვა პარტიები თაკილობენ სიცრუის ტირაჟირებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი პარტიების მორალური დიაპაზონი ერთი საფეხურით კიდევ უფრო დაბლა დგას.

„პატრიოტთა ალიანსი“ არის ევროპაში ბოლო დროს აღმოცენებული ფსევდოპატრიოტული მოძრაობების და პოლიტიკური პარტიების ქართული ანარეკლი. მათი მთავარი ნიშანია პოლიტიკური ოპორტუნიზმი და არაპოპულარული თემების სათავისოდ მანიპულირებით რეიტინგის გაზრდა“.

ბოლო რამდენიმე თვეა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას, რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოც დაჟინებით ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან.

 

 

არდაგანის ტბა, რომლის გასაწმენდად 187 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასაწმენდია [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლთან, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია, ისევ დაბინძურებულია. მიმდინარე წლის ზაფხულში, ტბის გასაწმენდად „ბათუმის ბულვარმა“ 187 219 ლარი გადაიხადა, თუმცა ტბა დღეს ისევ გასაწმენდია. ამ ტბასთან მუშაობს ოთხი დიდი რესტორანი, სასტუმრო, განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, შენდება სასტუმროები.

„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაცია ამჯერად მუშაობს გეგმაზე, თუ რამდენი თანხა დასჭირდება ტბის გამოკვლევას და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას მას შემდეგ, რაც დასკვნის შედეგი გახდება ცნობილი.

„უნდა გამოვიკვლიოთ ტბაში ციანობაქტერიების არსებობა, თუ რა უწყობს ხელს მათ გამრავლებას, ასევე სხვა დეტალები – კიდევ რის გამო ბინძურდება ტბა. თუ წელს მოხერხდა შესაბამისი თანხის მოძიება, გავითვალისწინებთ ბიუჯეტში ცვლილებების დროს. თუ არა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში აუცილებლად იქნება თანხა გათვალისწინებული ტბის კვლევისა და გაწმენდითი სამუშაოებისთვის. შევიძენთ შესაბამის პროექტს. საჭიროა თუ არა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, ეს ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი,“ – განაცხადეს „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში.

არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო

ტბის გაწმენდაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ტბაში არსებულ მდგომარეობას „ბათუმის ბულვარი“ შემდეგნაირად აღწერდა:

mdgomareoba ტბა

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჰიდროენერგომონტაჟთან“ ბათუმის ბულვარს ხელშეკრულება 187 235 ლარზე ჰქონდა გაფორმებული. თანხა კომპანიას ბულვარმა ორჯერ გადაურიცხა: 110 282,63 ლარი და 76 936,37 ლარი – მიმდინარე წლის 29 ივნისსა და 7 ივლისს. ბულვარის ინფორმაციით, ტბა, ძირითადად, შლამისა და ნაგვისგან გაიწმინდა.

მიუხედავად გაწმენდითი სამუშაოებისა, ტბაში მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. „მძაფრსუნიანი, ვიზუალურად არასასიამოვნო ტბორები“ ტბაში ისევ არსებობს:

არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო
არდაგანის ტბა/ბათუმი/10.09.2017/თედო ჯორბენაძის ფოტო

არდაგანის ტბაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს დაუკავშირეს წელს ზღვაში ქვეწარმავლების გასვლაც: „ქვეწარმავლების ზღვაში გასვლა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძირითადად დაკავშირებული იყო არდაგანის ტბაში მიმდინარე საქმიანობასთან. ამ ტბაში გაწმინდეს ფსკერი, ამოიღეს შლამი და ამ დროს ქვეწარმავლების ნაწილმა გადაინაცვლა მიმდებარე არხში, საიდანაც ისინი ზღვაში მოხვდნენ“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ არჩილ გუჩმანიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

ამავე თემაზე:

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა

 

ფსიქოლოგის თქმით, განათლების მინისტრის შეფასებები რისკის შემცველია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმზე, ეროვნული გამოცდების ბარიერზე საუბრის დროს, დისკრიმინაციული გამონათქვამები გამოიყენა.

„სამი წლის წინ ეროვნული გამოცდების ბარიერი ოცდაერთი ქულა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მაიმუნი რომ შეგეშვა და, უბრალოდ, შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა შვიდი მაიმუნიდან ერთი აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“, – ვკითხულობთ „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდული ორგანიზაციების მერვე ფორუმის სრული ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში არ იძებნება. თუმცა „ბათუმელები“ ფორუმში მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი შინაარსის ტერმინები მინისტრმა საუბრის დროს გამოიყენა.

„მსგავსი რაღაც ითქვა, შეიძლება სტილის დაცვით არ მახსოვს, მაგრამ თქვა, რომ 3 წლის წინ, ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი 20 ქულა იყო, ანუ 3 მაიმუნი რომ შეგვეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, ერთი მაინც ჩააბარებდა. ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა, ალბათ ჩანაწერიც არსებობს სადმე“, – გვეუბნება ის.

ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

„თუკი მინისტრმა მართლაც გამოიყენა  მსგავსი შეფასებები, ბუნებრივია, ეს რისკის შემცველია. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, რადგან ძალიან ბევრი ბავშვია ბულინგის პრობლემის წინაშე. შესაბამისად, მაღალი რისკის მაჩვენებელია, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან არის ასეთი შედარებები გაკეთებული.

შეიძლება აწიო საგამოცდო ბარიერი და თქვა, რომ ვინც დაიმსახურებს ჩაბარებას. მაგრამ სტილს, რამაც შეიძლება დაბადოს ბულინგის უფრო მეტი რისკი სკოლაში, ჩემი აზრით, არ უნდა ისმოდეს მაღალი ტრიბუნიდან.

თუ ვაცნობიერებთ იმას, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც მუშაობს ბავშვებთან, ვართ სოციალური მოდელები ბავშვებისთვის და როგორც ჩვენ მივმართავთ ერთმანეთს, ბავშვებიც პირდაპირ იღებენ ამ ქცევას. ქცევა დასწავლადია. ამიტომ არის ჩემთვის, პირადად, მინისტრის მიერ გამოყენებული ტერმინები შემაშფოთებელი, რადგან ის ამწვავებს ბულინგის პრობლემას. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ  დასწავლის პრობლემები, შეიძლება მათ მიმართ იყოს გამოყენებული ეს ტერმინები. ამიტომ, თუ მაღალი თანამდებობის პირები ამას ვერ გააცნობიერებენ, ჩვენ მუდმივად გვექნება ბულინგის – სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემა სკოლებში. უფროსები უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, თუ რა სიტყვებს ვიყენებთ, რა შედარებები მოგვყავს ბავშვებთან მიმართებაში.“

განათლების მინისტრმა დისკრიმინაციული გამონათქვამები მანამდეც გამოიყენა.

 

შსს: სარფში ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

„დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“ – აცხადებს შსს.

ამჟამად ი.კ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია.

როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგმაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. მიზეზებს არ ვახმაურებ, თუმცა ღირებულებების გამო არ ყოფილა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ნიშნით გააკეთა „ევროპულმა საქართველომ“ არჩევანი თქვენზე? ელგუჯა გოგმაჩაძე ამბობს, რომ „იყო პირადი ურთიერთობებიც და ფასეულობებიც“.

„არანაირი განსხვავება არ არის. ნინოსაც ევროპული საქართველო უნდა, ოღონდ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. ნინო ბურჯანაძეს არ უთქვამს, რომ ევროპა არ გვინდაო. შეხვედრები კი ჰქონდა რუსეთში, მაგრამ ეს პრორუსულობად არ შეიძლება ჩაითვალოს“, – გვეუბნება ის.

ბურჯანაძე  საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების წინააღმდეგია, თუმცა ელგუჯა გოგმაჩაძის აზრით, არც ეს ფაქტი არ მიუთითებს ბურჯანაძის პარტიის პრორუსულობაზე.

„არც ევროპული საქართველო“ ფიქრობს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს. ის მეზობელია ჩვენი“.

„ბათუმელები“ ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. რაულ თავართქილაძის თქმით, არჩევანი ელგუჯა გოგმაჩაძეზე იმიტომ შეაჩერეს, რომ მას ბურჯანაძის პარტიასთან საერთო ღირებულებები აღარ აკავშირებდა.

„ის არ იზიარებდა ამ პარტიის იდეებს და ამის გამო დატოვა პარტია. ის იზიარებს დასავლურ, ევროპულ ღირებულებებს და იმიტომაც არის ჩვენთან“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ელგუჯა გოგმაჩაძე. „ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ელგუჯა გოგმაჩაძე,  „ევროპული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

პოლიტიკა და კულტურა – დისკუსია ბათუმში

15 სექტემბერს, 12.00 სთ-ზე, „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“დისკუსია გაიმართება თემაზე – „პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში“.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, შეხვედრას ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი, გიორგი გვახარია წაიყვანს. „სპიკერი ისაუბრებს და უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებულ იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მათ შორის, როგორი არის და უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა, რა როლი ეკისრება სახელმწიფოსა და საზოგადოებას ქვეყანაში კულტურული პროცესების უკეთ წარმართვისთვის, რა აქცენტები იკვეთება ამ მხრივ, ვინ ცდილობს კულტურის განვითარებას და ვისგან მოდის ინიციატივა.“

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატები ბათუმსა და ქობულეთში

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ბათუმში თენგიზ თავდგირიძე იქნება. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია.

„პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს, 10 სექტემბერს, ქობულეთშიც წარუდგინა ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი. „ალიანსის“ სახელით ქობულეთის მერობისთვის მერაბ ბლადაძე იბრძოლებს.

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში.
პატრიოტთა ალიანსის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში.

 

 

რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ ახალსოფელში, სადაც ჯილეხი გამოვლინდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ჯილეხით პირუტყვის დაავდების ათი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან რვა შემთხვევაში დაავადება ოფიციალურად დასტურდება, ორ  შემთხვევაში კი ლაბორატორიული მოკვლევა გრძელდება. ჯილეხის ბოლო შემთხვევა აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, – პირუტყვისგან ადამიანზე გადამდები დაავადებით ადამიანი გარდაიცვალა.

რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ჯილეხთან საბრძოლველად სახელმწიფო და ხორციელდება თუ არა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია საკარანტინო დაავადებაზე მაშინ, როცა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებით ადამიანები დღემდე იღუპებიან? სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ავალიანი განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამით ვაქცინა ჯილეხზე პირუტყვს მხოლოდ იმ სოფლებში უკეთდება, სადაც ჯილეხის ფაქტი ფიქსირდება, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის ვაქცინაცია ჯილეხზე არ ტარდება.

„ვაქცინაციის გეგმაში ის სოფლებია ჩართული, სადაც ჯილეხის კერებია, საქართველოში ასეთი 2 000-მდე კერა ფიქსირდება. თუ 2012-2013 წლებში საქონელში ჯილეხის 40 შემთხვევა ვლინდებოდა, გასულ წელს 18 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი მხოლოდ 10 შემთხვევა. რაც შეეხება ახალსოფელს, სადაც დაავადება რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, ეს აქ პირველი შემთხვევაა, შესაბამისად, ამ სოფელში მანამდე ვაქცინა ვერ ჩატარდებოდა. მომიჯნავე სოფელ გონიოს რაც შეეხება, 1943 წელს გვაქვს ჯილეხის შემთხვევა გამოვლენილი და მომიჯნავე სოფლებიდან მხოლოდ აქ ტარდება პირუტყვის ვაქცინა. ახლა, რაც ახალსოფელშიც გამოვლინდა შემთხვევა, აქაც  ჩავუტარეთ დეზინფექცია. ვაქცინა ჩაუტარდა სოფელში არსებულ ყველა ცხოველს, ვაქცინა უტარდება მომიჯნავე სოფლების პირუტყვსაც“, – აცხადებს ლაშა ავალიანი.

ლაშა ავალიანის თქმით, ქვეყანაში არსებული ყველა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის აცრა ჯილეხის ვაქცინით მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ „ერთი მხრივ, ეს დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი, არ არის რეკომენდებული ვაქცინის გამოყენება მასიურად. ჩვენ უცხოელი კოლეგებისა თუ  ექსპერტებისგან ასეთი რეკომენდაცია მივიღეთ, რომ მხოლოდ რისკის ზონებში განხორციელდეს ჯილეხის ვაქცინა“.

მოიკვლია თუ არა სააგენტომ ახალსოფელში ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი? – ამ კითხვის პასუხად ლაშა ავალიანი ამბობს:

„მოკვლევა ჩავატარეთ, პირუტყვის მესაკუთრემ მიგვითითა ტერიტორია, სადაც ცხოველი გადააგდო, ადგილზე მისულ ჩვენს თანამშრომლებს პირუტყვის ტყავი და ნაწილები დახვდა, რომელიც გაუვნობელყოფილია. შესაძლოა ხორცი ცხოველებმა დაგლიჯეს, ამაზე დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ის, რომ ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი ბაზარზე გაიყიდა, ამის არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მაშინ მივიღეთ, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა, ჯილეხით მეორე შემთხვევის დროს დავრდომილი პირუტყვის ხორცი უნდა დაიწვას“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაინფიცირებული ცხოველის გაუვნებელყოფისთვის 2013 წელს ორი ინსინერატორი შეიძინა, რისთვისაც 817 900 ლარი დახარჯა. სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წელს შეძენილი ორივე ინსინერატორი მოქმედია და მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, როცა გასანადგურებელია რამდენიმე ერთეული ცხოველი. სხვა შემთხვევაში სააგენტო დანადგარს არ იყენებს. შესაბამისად, ეს დანადგარი არც ახალსოფელში გამოვლენილი ცხოველის გაუვნებელსაყოფად გამოუყენებიათ.

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით 1 443 000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 1 232 000 ცხვარი, თხა და 268000 ღორი იყო. სააგენტოს მონაცემებით, წელს სულ 876 878 ცხოველს ჩაუტარდა ვაქცინა, აქედან 310 941 მსხვილფეხა და 562 838  წვრილფეხა პირუტყვი აიცრა ჯილეხზე.

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა, რითაც ხშირ შემთხვევაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. საქონლის სხეულში მოხვედრილი ჯილეხის ბაცილა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ  2-3 დღეში ან რამდენიმე საათში მას კლავს. ადამიანი ჯილეხით დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით ან დაავადებული საქონლის ხორცის მიღებით ავადდება, ადამიანი ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან შეხებითაც ინფიცირდება, დაინფიცირებას იწვევს ხორცპროდუქტების დამუშავება, ლეშის აღება, ავადმყოფი ცხოველის რძის მიღება, ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც კი.

ჯილეხით ცხოველის დასნებოვნება საკვებით ან წყლით ხდება, საკვების გარდა პირუტყვი შესაძლოა დაინფიცირდეს ჩასუნთქვით.

დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა  არამარტო მიმდებარე ტერიტორიის ქიმიური დამუშავება, არამედ ცხოველის გაუვნებელყოფაც.

 

მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის წარდგენით ბიზნესმენები პარლამენტში ისევ მოვიდნენ. კომპანიებს კი, რომლებიც პოლიტიკაში მოსვლამდე დააფუძნეს, ახლა მათი ოჯახის წევრები, ძირითადად, მეუღლეები მართავენ. გადეპუტატებული ბიზნესმენები აცდენენ პარლამენტის სხდომებს, მათ საკანონმდებლო ინიციატივების გრაფაში კი წერია – 0. ისინი არც პლენარულ სხდომებზე გამოსულან სიტყვით. ეს დეპუტატები ყოველთვის უჭერენ მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებსაც აკრიტიკებენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები. ამომრჩევლის პროტესტის მიუხედავად, მათ მხარი დაუჭირეს საკუთარი ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებას. პარლამენტში დეპუტატების პასიურობის ფონზე იზრდება მათი კომპანიების შემოსავლები. ისინი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ მრავალმილიონიან ტენდერებს ინტენსიურად იგებენ.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია
ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

მინიმუმ 500 ათასი, მაქსიმუმ 15 მილიონი ლარი  – „ბათუმელებმა“ ამ თანხების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატების კუთვნილი კომპანიები სახელმწიფოსგან სხვადასხვა სარგებელს იღებენ.

„სტალინი დიდი პიროვნება იყო. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაშიზმი დაამარცხა“, – სტალინის ძეგლის გორში განთავსება-არგანთავსების საკითხი იმ გამონაკლისებს შორისაა, რაზეც საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის მოსაზრება მედიით გაიგო.

მაკრახიძე იმ პარლამენტარებს შორისაა, რომელიც პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პლენარულ სხდომაზე სიტყვით არასდროს გამოსულა, ის არ ყოფილა არც ერთი კანონპროექტის ინიციატორი.

იოსებ მახრაკიძე
იოსებ მახრაკიძე

მაკრახიძემ, როგორც „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩევნებამდე ხალხს თავი კიდევ ერთი განცხადებით დაამახსოვრა. მან ღიად გამოხატა სიმპათია ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ და თქვა, რომ თავად კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, არჩევნებში ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა.

მაკრახიძის ხმა მის ამომრჩეველს არც მაშინ გაუგია, როცა გორმა პარლამენტის გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა. ექსპერტების მოსაზრებით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება არის ნაბიჯი უკან დემოკრატიის გზაზე. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს, კოტე კანდელაკს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი მიბმულია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რადგან თვითმმართველ ქალაქებში შეიძლება ზოგიერთს გაუჭირდებოდა არჩევნებში გამარჯვება.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სამთვიანმა პროტესტმა ქალაქ გორში ისე ჩაიარა, რომ საკუთარი აზრი გორის მაჟორიტარ დეპუტატს ერთხელაც არ დაუფიქსირებია. მან დადგენილებას მხარი დაუჭირა.

მაკრახიძე ბრალდებულიც იყო, 2012-2014 წლებში სასამართლომ მას აღკვეთის სახით 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. „ფაქტ-მეტრის“ ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებულ 2016 წლის 22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს „იბოლიას“ დირექტორმა იოსებ მაკრახიძემ მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სახელმწიფო თანხის მითვისება სცადა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით მას ბრალი წარუდგინეს. ეს გულისხმობს თაღლითობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას.

2016 წლის ივლისში, ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით, იოსებ მაკრახიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და გირაოს თანხა უკან დაუბრუნდა.

იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 25 000 ლარი შესწირა. ოთხი წლის შემდეგ ფულადი შენატანით ისევ სახელისუფლებო პარტიის მიმართ გამოხატა სიმპათია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე „ქართულ ოცნებას“ შესწირა 50 000 ლარი. პარტიამ კი ის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ კარგად წავიდა იოსებ მაკრახიძის ბიზნესის საქმე. პარლამენტარის კომპანიები აქტიურად იგებენ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ მაღალბიუჯეტიან ტენდერებს.

2016 წლის ოქტომბერში მაკრახიძის კომპანიას – შპს „იბოლიას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 27 837 655 ლარის ღირებულების სამუშაოები დაუკვეთა. კომპანიამ ხელშეკრულებით გზებზე პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების, მათი მოვლა-შენახვისა და კონკრეტულ მონაკვეთებზე განათების დამონტაჟების ვალდებულება აიღო. ამ წელს კომპანიამ სახელმწიფო სტრუქტურებისგან კიდევ 6 192 458 ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო. 2017 წელს პარლამენტარის კომპანიას, შპს „იბოლიას“ სახელმწიფო სტრუქტურებმა კიდევ ჯამში ექვსი მილიონი ლარის დაკვეთა გაუფორმეს.

მაკრახიძე ექვსი კომპანიის მეწილე და ერთი კომპანიის დირექტორი იყო დეპუტატობამდე.

„ორი მოწვევის პარლამენტარი და ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცი“, – ასე წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გოჩა ენუქიძე ამომრჩეველს.

დეპუტატ გოჩა ენუქიძის დაფუძნებული შპს „იბერკომპანი“ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „იბერკომპანის“ სტრატეგიული პარტნიორი „ლუკოილ ჯორჯია“, მაგალითად, 2014-2015 წლებში სახელმწიფოში ყველა დაწესებულებას ამარაგებდა საწვავ „პრემიუმით“. 2014 წელს 27 844 500 ლიტრი საწვავის მიწოდებაზე გაუფორმებია კომპანიას სახელმწიფოსთან ხელშეკრულება (ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 1.54 ლარი), ხოლო 2015 წელს – 37 654 390 ლიტრზე (ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 1.59 ლარი).

კვირიკაშვილი და ენუქიძე
კვირიკაშვილი და ენუქიძე

პოლიტიკური გემოვნება ენუქიძესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეეცვალა. ბიზნესმენი ენუქიძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი, ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ენუქიძე 2012 წელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გახდა დეპუტატი, მაგრამ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.

ამ ეტაპზე ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“.

გოჩა ენუქიძის ორი მოწვევის პარლამენტში მიღებული გამოცდილება ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა. გოჩა ენუქიძე მათ შორისაა, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილებას, რომლითაც შვიდმა ქალაქმა – თელავმა, მცხეთამ, გორმა, ახალციხემ, ოზურგეთმა, ზუგდიდმა და ამბროლაურმა – თვითმმართველი ერთეულის სტატუსი დაკარგა და სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანდა. ორი მოწვევის პარლამენტში მუშაობისას გოჩა ენუქიძე სიტყვით ერთადერთხელ გამოვიდა, მან ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონისთვის“ შექმნის მიზნებზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. პარლამენტარმა მოხსენება კოლეგებს ფურცლიდან წაუკითხა.

რეესტრის მონაცემებით, დეპუტატი ენუქიძე მთლიანობაში 115 კომპანიის მფლობელი და პარტნიორია, აქედან თოთხმეტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან იღებს დაკვეთებს.

გოჩა ენუქიძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ – „კავკასუს მოტორსმა“ 2014 წლიდან დღემდე სატრანსპორტო ხელსაწყოებითა და დამხმარე საშუალებით მომსახურებაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი 55-ჯერ მოიგო. ის ამ სფეროს ერთგვარი მონოპოლისტია. ამავე პერიოდში კომპანიამ მილიონ 721 ლარის დაკვეთა მიიღო პირდაპირი წესით.

2013 წლიდან დღემდე კომპანიას, ჯამში, სახელმწიფოსგან 20 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული. ამ პერიოდში „კავკასუს მოტორსმა“ მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტები გააფორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გზების დეპარტამენტთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, სატყეო სააგენტოსთან. ამ კომპანიამ მიიღო ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ასევე, საქართველოს რკინიგზის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაკვეთები.

შპს „კავკასუს მოტორსი“ გოჩა ენუქიძემ 2011 წელს ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მიხეილ ალხანიშვილთან ერთად დააარსა, ისინი კომპანიის 33-33%-იან წილს იყოფდნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებაზე გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში ხშირად მონაწილეობს და იგებს კიდეც პარლამენტარის დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია – „კია მოტორს ჯორჯია“. ამ კომპანის 25%-ის მეწილეც მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ტარიელ ხეჩიკაშვილი
ტარიელ ხეჩიკაშვილი

ენუქიძის კიდევ ერთი კომპანია „ვივი“ 2011-2012 წლებში ინტენსიურად იგებდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს. 2011-2012 წლებში სახელმწიფო უწყებებისგან დაკვეთებს ხშირად იღებდა მისი კიდევ ერთი კომპანია „ავტო სტილი“. 2013 წელს ამ კომპანიამ დაკვეთა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, შპს მყარი ნარჩენების კომპანიისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის კულტურის ცენტრისგანაც მიიღო.

საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძეც მათ შორისაა, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მან „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 ათასი ლარი შესწირა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი „ოცნების“ ანგარიშზე 55 ათასი ლარი ჩარიცხა.

კიდევ ერთი კომპანია – „ჯი-ემ-პი“ კი პარლამენტარ კახაბერ ოქრიაშვილის ცოლის, ლინა თოფურიძის ფარმაცევტული ბიზნესია. კომპანიამ 2016 წლის ივლისში „ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა. მანამდე, ცოტა ადრე, 2015 წლის აგვისტოში, კომპანიას საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ პირდაპირი წესით, ანუ ტენდერის გარეშე 116 478 აშშ დოლარის მედიკამენტების მიწოდება დაუკვეთა. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში – 2015 წლის ნოემბერში სააგენტომ მედიკამენტების მიწოდებაზე ტენდერი გამოაცხადა, სადაც ისევ „ჯი-ემ-პიმ“ გაიმარჯვა – სააგენტომ კომპანიას 600 000 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება. 2013 წელს ამ კომპანიას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 მილიონ 500 000 ლარის მედიკამენტები დაუკვეთა.

პარლამენტარი კახაბერ ოქრიაშვილი და მისი მეუღლე კიდევ რამდენიმე სამედიცინო მიმართულების კომპანიას ფლობენ. მათ ეკუთვნით სადაზღვევო კომპანიები „ალფა“ და „პსპ დაზღვევა“, შპს „ჯითისი ინჯირინინგი“ – პრენატარული დიაგნოსტიკის ცენტრი, სამედიცინო კლინიკა – „მედკაპიტალი“ და „აქსა მედიქალი“. მათ საკუთრებაშია ასევე მედიკამენტების მწარმოებელი საწარმო „პსპ ფარმა“, აფთიაქების ქსელი „პსპ“ და სასწრაფო დახმარების კომპანია „ჯეომედი“.

კახაბერ ოქრიაშვილი სამედიცინო ბიზნესის პარალელურად ლუდსაც აწარმოებს, მას ეკუთვნის შპს „ლინატი“.

კახაბერ ოქრიაშვილი
კახაბერ ოქრიაშვილი

კახაბერ ოქრიაშვილიც სამგზის პარლამენტის წევრია. 2004-2008 წლებში ის საინიციატივო ჯგუფმა, შემდეგ კი ორჯერ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დმანისის მაჟორიტარად წარადგინა.

რეესტრის მონაცემების შესწავლით „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ კიდევ ერთი პარლამენტარი, სამტრედიის მაჟორიტარი გრიგოლ მიქელაძე, 12 კომპანიის მფლობელია. ის ფლობს შპს „საქრკინიგზა ექსპედიციის“ 40 პროცენტს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 31 პროცენტს და `ტრანსსერვისის~ 70 პროცენტს. მას ეკუთვნის თბილისში მდებარე ისნის სავაჭრო ცენტრის 51 პროცენტი, ეს ცენტრი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც მონაწილეობს და მათ დამხმარე სამშენებლო მასალებით ამარაგებს, პირდაპირი წესით იღებს სახელმწიფოსგან დაბალბიუჯეტიან დაკვეთებს.

სამტრედიის მაჟორიტარს გრიგოლ მიქელაძეს ეკუთვნის კომპანია – „დავითი“. გარდა ამისა, ის „ნოვოროსისკი მეტალის“ ასივე პროცენტის მფლობელია. მისი კომპანიების ჩამონათვალშია: შპს „ჯი არ ჯი“, „შუა ქალაქი“, „ენ ჯეი ერ ჯი კომპანი“ და „სიტი ემი“.

შპს „ბელლა“ საქართველოს პარლამენტში ისნის (თბილისი) მაჟორიტარის, ირაკლი აბუსერიძის კომპანიაა. კომპანია საკონდიტრო მაღაზიების ქსელს აერთიანებს. სხვათა შორის, ამ კომპანიისგან ყიდულობს სადღესასწაულო ტორტებს იუსტიციის სახლი.

დაბალბიუჯეტიანი დაკვეთა მიუღია პარლამენტის წევრის, კობა კობალაძის კომპანიას შპს „სინერგიასაც“. კობა კობალაძემ 2016 წელს „ოცნებას“ 30 000, ირაკლი აბუსერიძემ კი 40 000 ლარი შესწირა.

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გრაფაში – „კანონპროექტების რაოდენობა“ ამ მაჟორიტარების გასწვრივ წერია – 0. ისინი სიტყვით პლენარულ სხდომაზე ერთხელაც კი არ გამოსულან.

2016 წლის შემდეგ ბიზნესიდან პარლამენტში კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი წავიდა, ისინი არ მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, ძირითადად, აშენებენ მრავალბინიან კორპუსებს, ფლობენ საბანკო და სხვა ტიპის ბიზნესს. მათ შორისაა „მისო ლიდერკრედიტის“ მფლობელი ისკო დასენი და ივლიანე წულაია, რომელიც ოთხმოცდაათამდე სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ის ფლობს სასტუმროებს თბილისში, სარფსა და ბაკურიანში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჯერ კიდევ 2013 წელს და შემდეგ 2015 წელს წერდა იმ ტენდენციის შესახებ, როცა საჯარო თანამდებობებზე გავლენიანი ბიზნესმენები ინაცვლებენ.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით, ამ ტენდენციას არაერთი რისკი უკავშირდება, მათ შორის კორუფცია, რადგან „ბიზნესიდან მოსულ საჯარო მოხელეებს საკუთარი მდგომარეობა იმ კომპანიების სასარგებლოდ შეუძლიათ გამოიყენონ, რომლებშიც თავად აქვთ ინტერესი“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „პარლამენტის წევრებთან დაკავშირებულმა არაერთმა კომპანიამ მიიღო სარგებელი სახელმწიფოსთან დადებული ძვირადღირებული კონტრაქტების, მათი ინტერესების სასარგებლოდ კანონის შეცვლისა თუ სამართალდამცავების მიერ მათდამი გამოვლენილი ლმობიერების წყალობით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ „თანამდებობის პირებმა ძველი კავშირები და ინტერესები ახალ სამსახურშიც შეიძლება შეინარჩუნონ და მიკერძოებულად იმოქმედონ პოლიტიკის შემუშავების, რეგულაციების აღსრულებისა თუ ხელშეკრულებების დადების პროცესში. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების პირები აღჭურვილნი არიან ბიზნესის იმ სექტორზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილებით, სადაც თავად ეწეოდნენ საქმიანობას. თანამდებობის პირი, რომელიც წარსულში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა კონკრეტულ კომპანიაში, შეიძლება, თანაუგრძნობდეს აღნიშნული კომპანიისა და მისი სექტორის პოზიციას, რაც გავლენას მოახდენს მის მიერ მარეგულირებელი საქმიანობის შესრულებაზე“.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე პრიმა-2 მუხლის 4 ნაწილით).

კახა კახიშვილი პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, უწყების დელეგაცია, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი 9-15 სექტემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს.

მსოფლიო კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,  რომლის მიზანია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნული მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება. საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც 2010 წლიდან პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) წევრია, პრობაციის მსოფლიო კონგრესში პირველად მონაწილეობს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი იაპონიის იუსტიციის მინისტრს, იოკო კამიკავას შეხვდება. შეხვედრის მიზანი იაპონურ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. კახა კახიშვილი იაპონელ კოლეგას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფის, პენიტენციური ჯანდაცვის გაუმჯობესების, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების განვითარების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გააცნობს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი -ავტ] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა.

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მას ასევე ხელვაჩაურის მოქმედი საკრებულოს წევრი თემურ დუმბაძე დაუპირისპირდება.

ბათუმის თოჯინების თეატრი დღეს თეატრალურ სეზონს ხსნის

დღეს, 7 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი  2017-2018 წლების თეატრალურ სეზონს, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან გიორგი ჩხაიძესთან ერთად გახსნის.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სპექტაკლების ჩვენება.
შაბათი: 19:00 საათი – “არამგამა”
კვირა 13:00 საათი – “ამბიციური ვირი”.

დღეს ჩვენებას დაესწრებიან შპს „უნიმედის“ ბენეფიციარები, აგრეთვე იმუშავებს ღია სალარო. 19:00 საათზე სპექტაკლ “არამგამას” (დასწრება თავისუფალია) დასრულების შემდგომ თეატრის ფოიეში მოეწყობა რეკვიზიტების გამოფენა.

კვირას – “ამბიციური ვირის” ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ღია სალაროზე.

დავა 66 მილიონზე – დავების საბჭომ აჭარის მთავრობის შპს გაამტყუნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ „საბა კონსტრაქშენისსაჩივარი შპს „სტადიონის“ წინააღმდეგ წუხელ დააკმაყოფილა. „საბა კონსტრაქშენი“ ითხოვდა იმ დისკვალიფიკაციის გაუქმებას, რომელიც მას შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ მისცა [ოქმი #2].

საკითხი ეხება ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რაშიც „სტადიონი“ 66 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბათუმის სპორტსკოლის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელები ფიროსმანის ქუჩაზე [არდაგანის ტბასთან] ხელისუფლებამ „ორბი ჯგუფს“ მიჰყიდა.

„სტადიონმა“ კომპლექსის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი [პირველი ტენდერი არ შედგა] 11 აგვისტოს გამოაცხადა. მეორე ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. ტენდერის დასრულების შემდეგ „სტადიონის“ შესყიდვების კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონული ვაჭრობის დროს ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა.

საქართველოს შესყიდვების დავების საბჭოში შეტანილ საჩივარში, სხვა არგუმენტებთან ერთად, რითაც „სტადიონის“ გადაწყვეტილების სატენდერო წინადადებასთან შეუსაბამობას ასაბუთებდა, მომჩივანმა მიუთითა ისიც, რომ ელექტრონულ ვაჭრობაში კონკურენტებთან შედარებით 4 მილიონი ლარით ნაკლები დააფიქსირა. მისი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ხელშეკრულებას სწორედ კონკურენტს გაუფორმებდნენ.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ის მოტივით შექმნეს, რომ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობა გაეწია. მოგვიანებით, ამ ორგანიზაციას  ბათუმის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველობაც ჩააბარეს.

ამავე თემაზე: დავა 66 მილიონზე – ვის ააშენებინებენ ახალ სპორტსკოლას

სამშენებლო კომპანია „მეტრო“ მშენებლობაზე დაღუპული მუშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გუშინ, რვა სექტემბერს,  ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან ორი მუშა ჩამოვარდა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  კომპანია მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ახალგაზრდების გამო. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ კომპლექსის  მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპილი ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახების დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მეტროს“ კომლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად მიიღებენ კომპენსაციას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დაველოდებით გამოძიების შედეგებს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან”, – აცხადებს კომპანია „მეტროს“ დირექტორი, რაულ კახაძე.

სარფში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარფის დასაცავ მონაკვეთზე ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწლით მომდინარეობს, რაც საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ბათუმში

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 სექტემბერს ბათუმში მერობის კანდიდატი ლევან ანთაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები და საარჩევნო სია წარუდგინა ამომრჩევევლს.

ბათუმში საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა,  მეორე – ლევან ანთაძე, მესამე – ნოდარ დუმბაძე, მეოთხე – გიორგი კუნჭულია, სიის მეხუთე ნომერი კი მანანა ილურიძეა.

სიის პირველ ხუთეულში არ არის გიორგი კირთაძე, ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.

კანდიდატების წარდგენა ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის საზაფხულო თეატრში.

თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი
თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი
ლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტებში

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატების სია ასე გამოიყურება:

ხელვაჩაური – თემურ დუმბაძე

ქედა – ირაკლი ბარამიძე

ქობულეთი – თენგიზ ზოიძე

შუახევი – ომარ ავალიანი

ხულო – ირაკლი ჯორბენაძე

დღეს ასევე დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში ლევან ანთაძეა, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი – მირდატ ქამადაძე. 
კანონში შესული ცვლილების თანახმად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს ეწოდება  მერი და არა გამგებელი.

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი მირდატ ქამადაძეა

„ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ბათუმში მირდატ ქამადაძე იქნება. მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც 2012 წელს პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა.  იგი პროფესიით იურისტია და გასულ წელს ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე მერობის კანდიდატს ამომრჩეველს დღეს წარუდგენს, პარტიის სიის პრეზენტაცია ბათუმის საზაფხულო თეატრშია დაგეგმილი. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია პარტიის კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ, პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი ლევან ანთაძეა. 

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ანთაძეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძეs  დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ პარტიაში დაუდასტურეს.

პროფესიით ექიმი ლევან ანთაძე 2008 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. მინისტრის თანამდებობა მან 2012 წლის მაისში დატოვა. მანამდე ლევან ანთაძე ბათუმის მერის მოადგილედ და ბათუმის „წყალკანალის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლევან ანთაძე ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მაშინ ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს, ასევე მერობის კანდიდატს ამომრჩეველს დღეს წარუდგენს. პარტიის სიის პრეზენტაცია ბათუმის საზაფხულო თეატრშია დაგეგმილი.

 

 

მშენებლობიდან ორი 30 წლამდე ახალგაზრდა ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ორი, 30 წლამდე მშენებელი ჩამოვარდა. ორივე მათგანი გარდაცვლილია.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ექიმებს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ახალგაზრდები გარდაცვლილი დახვდათ.

პროზექტურასთან შეკრებილი დაღუპულების ახლობლების თქმით, ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობიდან ამწის მოწყვეტამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი 30 წლამდე ახალგაზრდაა და დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. მშენებლების დაღუპვის სავარაუდო მიზეზს შსს არ ასახელებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეგიონული ოფისი ექნება. აგვისტოს თვეში მაუწყებელმა ოფისისთვის ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობი შეიძინა. მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ამ კორპუსში 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირს. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი.

იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი თანხა გადაიხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის ოფისში, მაუწყებელშივე ვცადეთ. ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ კითხვაზე პასუხს ორშაბათისთვის [11 სექტემბერს] დაგვპირდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ აჭარაში არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ამის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ცალკე ოფისის შეძენა და რა თანხა აქვს გათვალისწინებული რეგიონული ოფისებისთვის საზმაუს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამ და სხვა კითხვებზე პასუხსაც ორშაბათისთვის დაგვპირდნენ.

მაუწყებელში აცხადებენ, რომ ბათუმში შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენს იმავე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო თავად შენობა-ნაგებობის პროექტის ავტორი გიორგი გაბაშვილია. ამიტომ, საავტორო უფლების გათვალისწინებით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უნდა განახორციელოს ექსკლუზიურად, გიორგი გაბაშვილისგან „ტერასაზე ასაშენებელი რეგიონალური ოფისის პროექტის შექმნის მომსახურების შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 23 600 ლარი“.

გამარტივებული შესყიდვით პროექტის შეძენაზე საზმაუ თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს, რომელმაც მაუწყებელს 13 სექტემბრამდე უნდა უპასუხოს.

„სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ზემოაღნიშნული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რისთვისაც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ შეიძინა ქ. ბათუმში უძრავი ქონება შემდგომში რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით“ – აღნიშნულია საზმაუს განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა წლის დასაწყისში წარმოადგინა, მაუწყებელი მთლიანობაში ცხრა რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს. 


მაუწყებელს, თბილისში, მერაბ კოსტავას N68-ში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და არსებული მესამე კორპუსის შენობების არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზეც აქვს კონკურსი გამოცხადებული. წინადადებების მიღება აქ, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს დაიწყება. შესყიდვის საწყისი თანხა კი 1 მილიონ 32 ათას 48 ლარია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 მსუბუქი, წითელი ფერის ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში კი გამარჯვებული უკვე გამოვლენილია – კომპანია „ჯი-თი მოტორსი“, რომელმაც მაუწყებელს ავტომობილები 934 ათას 500 ლარად შესთავაზა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 7 ათას 665 ლარი იყო. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულთან საზმაუს ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 18 [მარჯვნივ] / ამ მისამართზე საზმაუს რეგიონალური ოფისი განთავსდება / ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 18 [მარჯვნივ] / ამ მისამართზე საზმაუს რეგიონალური ოფისი განთავსდება / ცაგო კახაბერიძის ფოტო

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – სალომე ასათიანის დისკუსია

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

16 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე

გაიმართება დისკუსია თემაზე:

„დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“ – როგორ გავიგოთ კრიზისი?“

დისკუსიას გაუძღვება ჟურნალისტი  სალომე ასათიანი.

დისკუსიის მოდერატორი იქნება  კინომცოდნე გოგი გვახარია.  

მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21

დასწრება თავისუფალია. 

afisha sal

Exit mobile version