2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 97 პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ – საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება.
2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით საქართველოში 1264 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი. დანარჩენ შემთხვევაში ძებნა გრძელდება.
ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სექციაში – „ქართული პანორამა“ – წელს ექვს ახალ ქართულ ფილმს ნახავთ.
„ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი ფილმები არასაკონკურსოა.
ფესტივალი ბათუმში 17 სექტემბერს გაიხსნება.
[checklist]
თვე როგორც ერთი დღე. რეზო ესაძე, საქართველო, 2016; 128 წთ.
სკამი. ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017
მე გადავცურე ენგური. ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ.
ოთახები. ცირა გვასალია, საქართველო, 2016, 50 წთ.
რუსული პალესტინა. ალექსანდრე რეხვიაშვილი, საქართველო, 1999 (2017), 49 წთ.
ძმები ქალაქში. გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2017; 45 წთ.
[/checklist]
ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მეთორმეტედ იმართება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრამდე გასტანს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამ საკონკურსო სექციას – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.
რა პრობლემებს უქმნის პრორუსული პროპაგანდის გავრცელება ქართულ მედიას? საიდან ვრცელდება დეზინფორმაცია და რას აკეთებს სახელმწიფო მათ აღმოსაფხვრელად? – ამ საკითხებზე საუბრობს გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” სტუმარი თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.
გადაცემის წამყვანია მარიკო ნაცარიშვილი, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე.
გადაცემა მზადდება „დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ფონდ NED-ის მხარდაჭერით.
რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში? რა რისკებს ხედავს არასამთავრობო სექტორი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ხელისუფლებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” ეთერში შეკითხვებს გიორგი მშვენიერაძე პასუხობს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე.
გადაცემის წამყვანია დავით ჯინჭარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე.
გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“.
Black Sea Sound-ის ფარგლებში ვორქშოფები დაიწყო. პირველი ვორქშოფი – „ჰარმონიის მნიშვნელობა თანამედროვე მუსიკაში“ 16 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე, მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“ გაიმართება და მას მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი [ჯგუფი KID Jesus] გაუძღვება.
ვორქშოფზე განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითი და ზოგადად ნოტების, აკორდების, ჰარმონიის თავისებურებები, ასევე, სანოტო სისტემის მნიშვნელობა და მელოდიის ჰარმონიზირება.
პროექტი – Black Sea Sound Fest ემსახურება აჭარაში ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას. პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეკვაში, მოქალაქეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 18 ცალი პირველი ხარისხის წიწვოვანი სახეობის უფირნიშო მრგვალი მორი. გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, იმავე პირს ასევე აღმოაჩნდა დაურეგისტრირებელი ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევით ამუშავებდა.
ქედის რაიონის, სოფელ დოლოგანში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, 9.3 მ3 წიწვოვანი სახეობის დახერხილი ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ადგილზე შედგა შესაბამისი აქტი, ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია შემოსავლების სამსახურში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის – 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია.
ქედა, ადგილი სადაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა განთავსდეს / ეკა ბარამიძის ფოტო
ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა.
ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და ბიუსტი რამდენიმე დღეში განთავსდება.
„ტენდერი შედგა, ინდმეწარმე თემურ მახარაძემ გაიმარჯვა, წარმოდგენილი ესკიზი მოვიწონეთ და რამდენიმე დღეში დაიდგმება ბიუსტი“ – ამბობს დავით დუმბაძე.
გამგებლის ინფორმაციით, ესკიზი, რომლითაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა გაკეთდეს, აჭარის მხატვართა საზოგადოებამ გააკეთა. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის მომზადება-განთავსებისთვის, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. ყადირ შერვაშიძე პირველი საზოგადო მოღვაწეა, რომელის ბიუსტიც ქედაში დაიდგმება.
ქედა, ადგილი სადაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა განთავსდეს / ეკა ბარამიძის ფოტო
„ბათუმელები“ დაინტერესდა რა ესკიზი მოიწონა ქედის მუნიციპალიტეტმა.
„დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე სკვერში დამოუკიდებელი საქართველოს კრების წევრის, თამარ მეფის ორდენის კავალერის – ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განთავსებისთვის საუკეთესო ესკიზის გამოვლენა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“-ზე გამგეობის მიერ 31 აგვისტოს გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების მიღება 5 სექტემბერს დასრულდა. შესყიდვების გვერდზე ჯერ დოკუმენტი გამარჯვებულის შესახებ არ არის ატვირთული, თუმცა კონკურსში მხოლოდ ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძე მონაწილეობდა.
საკონკურსო დოკუმენტაციით, „ბიუსტის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში“. შესყიდვების გვერდზე ამ დროისთვის არც ხელშეკრულების ასლია ატვირთული.
საკონკურსო განაცხადის თანხად, გამგეობას ბიუსტის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების თანხა, 2 ათასი ლარი აქვს მითითებული, თუმცა კონკურსში მონაწილის შეთავაზებული ფასი ვებგვერდზე არ ფიქსირდება.
იურისტებს ყოველდღიურად გვიწევს იურიდიული კაზუისტიკის განხილვა, შეფასება, რაც ზოგჯერ იუმორისტულ მსჯელობამდეც კი მიდის. მიუხედავად ამისა, იურისტები ვალდებული ვართ, ლეგალური განმარტება მივცეთ ყველა იმ საზოგადოებრივ მოვლენას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება.
საქართველოში, სადაც ეკონომიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა, განვითარებას იწყებს გართობისა და დასვენების სხვადასხვა სფერო. ერთ-ერთი ასეთი სფერო გახლავთ პროსტიტუცია. აღსანიშნავია, რომ პროსტიტუცია შავ ბაზარს მიეკუთვნება, ვინაიდან სახელმწიფო მას დასჯად ქმედებად აცხადებს და არ არსებობს მისი რეგულირების მეთოდები. ამიტომ ვინც პროსტიტუციას ეწევა, სახელმწიფომ შეიძლება დასაჯოს გაფრთხილებით ან ჯარიმით, რომლის ოდენობაც არ აღემატება 20 ლარს. სახელმწიფო უფრო მკაცრად სჯის იმ პირებს, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ პირის ჩართვას ძალადობით პროსტიტუციაში ან პროსტიტუციის მოსაწყობად ადგილს ან საცხოვრებელს გადასცემენ.
„საინტერესო“ ამ ყველაფერში არის ის, რომ ამ დრომდე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს პროსტიტუციის ნორმატიული დეფინიცია. არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ განმარტავს, რა არის პროსტიტუცია, ამიტომ პროსტიტუციის განსასაზღვრად სამოქალაქო განათლების ლექსიკონი უნდა გამოვიყენოთ, სადაც ვკითხულობთ, რომ პროსტიტუცია „(ლათ. პროსტიტუტის _ შერცხვენა, წაბილწვა) ე.წ. უძველესი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები (ძირითადად ქალები) ყიდიან თავიანთ სხეულს გასამრჯელოს მიღების მიზნით.
ლექსიკონში პროსტიტუცია ქალების მომსახურებასთან ასოცირდება, მაშინ, როცა თანამედროვე რეალობაში პროსტიტუციაში კაცებიც არიან ჩართული. ამას ისიც ემატება, რომ სახელმწიფო სისხლის სამართლის წესით სჯის პირებს პროსტიტუციისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემისთვის, მაგრამ თუ ამავე სახელმწიფოს ჰკითხავთ რა არის პროსტიტუცია, ვერ გიპასუხებთ. მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: როგორ უნდა დასაჯო პირი არარსებული დანაშაულისთვის? პასუხიც მარტივია, დემოკრატიული სახელმწიფოები მოქალაქეებს ასე არ სჯიან.
აი, სწორედ ეს არის ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები „იუმორისტული“ მსჯელობის ერთ-ერთი შემთხვევა.
ზოგადად, როდესაც სახელმწიფო ქცევის წესს დასჯადად აცხადებს, მანამდე, შეიმუშავებს კანონის განმარტებას და განსაზღვრავს სფეროებს, რომლებშიც არ უნდა შეიჭრას პირი. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. უმთავრესი პრინიცი გახლავთ ის, რომ ყველა იურისტი ვერ იქნება და კანონების კითხვას იურიდიულ ენაზე ვერ დაიწყებს, ამიტომ მისი გაგება და აღქმა არაიურისტ მოქალაქეებს მარტივად უნდა შეეძლოთ. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, ასე არ ხდება. შესაბამისად, ადამიანები შეიძლება დაისაჯონ იმ წესის დარღვევისთვის, რაც არ არსებობს, მაგრამ უნდა დაიცვან. ამიტომ მანამ, სანამ ადამიანებს დავსჯით, ხომ არ სჯობს ვიფიქროთ, ცივილურად დავწეროთ კანონი, რათა ყველამ იცოდეს როგორ მოიქცეს?!
საბოლოოდ, ალბათ თავად საზოგადოება უნდა მივიდეს კონსესუსამდე, რა ურჩევნია – მოხდეს პროსტიტუციის ლეგალიზება, თუ ყველა დავსაჯოთ აკრძალული სექსისთვის?
სექსის შეთავაზება ირაკლიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში უცნობი ქალისგან მიიღო. გვიყვება, რომ ქალი მას სალომეს სახელით გაეცნო, სახეც აჩვენა და შიშველი სხეულის ფოტოებიც. სალომე ირაკლის დაუვიწყარ სექსს მთელი ღამით 100 ლარად დაჰპირდა. ირაკლიმ მომსახურების თანხა წინასწარ, სალომესგან მითითებულ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხა. მას შემდეგ ირაკლი სალომეს ეძებს. ირაკლი არ არის ერთადერთი, ვინც ინტერნეტსივრცეში „დაუვიწყარი ღამის“ დაპირება მიიღო და თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა.
ინტერნეტში დაპირებული, მაგრამ არშემდგარი სექსისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე პირია გასამართლებული, მათ შორის, მამაკაციც. დაკავებულებს გამოძიებამ თაღლითობის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა სასამართლო ძირითადად მათი დაჯარიმებით, ასევე დაზარალებული მამაკაცებისთვის თანხის დაბრუნების დავალდებულებით შემოიფარგლა. აჭარის რეგიონში ამ სქემით მოტყუებულ პირს დღემდე გამოძიებისთვის არ მიუმართავს და არც საჯაროდ უსაუბრია. გამოძიება ამ კუთხით არ წარმოებულა და არც მოსამართლეს უმსჯელია სექსმომსახურების თაღლითურ სქემაზე.
„მეგობრებთან მოვყევი ეს ამბავი და სხვაც გამოტყდა რამდენიმე, ჩვენც დაგვმართეს მასეო. არავის ხმის ამოღება არ უნდა.“ – ამბობს ირაკლი, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. – „არ ვიცი, რას დაადგენს პოლიცია, მაგრამ მინდა, პასუხი აგოს იმ ადამიანმა. ალბათ, სხვაც ბევრი ჰყავს ჩემს დღეში ჩაგდებული. იოლი დასადგენია, წესით, მისამართი ხომ აქვს იმ კომპიუტერს, საიდანაც სალომე მწერდა? შენახული მაქვს ქვითარიც, რომ თანხა ნამდვილად მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩავრიცხე. ესეც წინასწარ მომწერა, ანგარიშის კოდს რომ შეიყვან, ჩემს სახელს ამოგიგდებს, ქვითარი აიღე, დამირეკე და ჩემს მისამართს გეტყვიო. „აჭარაბეთზე“ შევიყვანე ნომერი და მართლა მისი სახელი – „სალომე“ ამოაგდო. ქვითარი ხელში მეჭირა, როცა დავურეკე, მაგრამ გათიშული დამხვდა მისი ტელეფონი. მას შემდეგ გასულია მომსახურების ზონიდან“.
ირაკლი დაოჯახებულია. ამბობს, რომ გასაჯაროების შიშის გამო არ უნდათ სხვა დაზარალებულებსაც მსგავს შემთხვევებზე ჩივილი. „პოლიციაში რომ დავრეკე, რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს მინაწერებს სალომემ „ოდნოკლასნიკში“ უპასუხა. მომწერა, ავად გავხდი, ძალიან ცუდად ვარ და საზღვარგარეთ მომიწია წასვლა, მაპატიეო. მერე ისევ გაქრა.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ირაკლის შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.
ანალოგიური ისტორია აქვს ბათუმელ დათოსაც. მან „დაუვიწყარი სექსის“ დაპირება მარისგან მიიღო სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკში“: „თავიდან მითხრა, 100 ლარი დაგიჯდება ჩემთან სექსიო. ვევაჭრე, ჯარისკაცი ვარ, სად მაქვს მაგდენი-მეთქი. რამდენიმე დღე ვწერდით ერთმანეთს. ბოლოს 20 ლარზე ჩამოვიყვანე. ანგარიშის ნომერი გამომიგზავნა, „კრისტალბეთზე“ ჩამირიცხე ფულიო. ჩავურიცხე, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი. მისამართიც მითხრა, მაგრამ მითითებულ ადგილას რომ მივედი, კერძო სახლის ნაცვლად კორპუსი დამხვდა, სად მეძებნა?“
დათოს პოლიციისთვის არ მიუმართავს. მიიჩნევს, რომ 20 ლარის ზარალი სასამართლო განხილვად არ ღირს. თან ფიქრობს, რომ გამოძიება ამ საქმეში ვერაფერს დაადგენს.
მარისთვის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე დათოს ეჭვი არ გასჩენია, რომ მასთან სექსი არ შედგებოდა. ნდობის მთავარი ფაქტორი მარის მიერ გამოგზავნილი შიშველი ფოტოები იყო, რომელიც გოგოს სხვადასხვა რაკურსით ჰქონდა გადაღებული. ამ ფოტოებს დათო დღემდე ინახავს.
განსხვავებული ისტორია აქვს მამუკას. მას ვირტუალური სექსი უფასოდ შესთავაზეს. მამუკა ამბობს, რომ ვირტუალური სექსი ვიდეოკამერებით ვინმე ელენესთან სკაიპით შედგა: „დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მომდის ვიდეოშეტყობინება. გავხსენი და საკუთარ თავს ვხედავ ვირტუალური სქესობრივი აქტის პროცესში, ანუ ჩავუწერივარ სკაიპით. მომწერა, ამა და ამ მისამართზე თუკი 100 ლარს არ ჩამირიცხავ, ამ ვიდეოს შენს ახლობლებს გავუგზავნიო. მაშინვე მივხვდი, თაღლითი იყო ვიღაც და თუ ავყვებოდი, აღარ დამანებებდა თავს არასდროს. წავშალე მეგობრებიდან და არაფერი არ მივწერე. არც პოლიციისთვის შემიტყობინებია ეს ამბავი.“
დაზარალებულები ყვებიან, რომ მათ თანხა, ძირითადად, „აჭარაბეთის“ ან „კრისტალბეთის“ ანგარიშებზე ჩარიცხეს. მათი თქმით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ფულის ანგარიშზე შეტანის დროს მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლის შერჩეული სახელი – ე.წ. ნიკი გამოჩნდა, რის შესახებაც ასევე წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია.
„აჭარაბეთზე“, „კრისტალბეთზე“ და რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში მომხმარებელს ანგარიშის გახსნა ელექტრონულად შეუძლია. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა პირმა მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი, ასევე, პირადი ნომერი, თუმცა არ არსებობს გადამოწმების მექანიზმი – რამდენად შეესაბამება მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები სინამდვილეს.
ფინანსისტების განმარტებით, სწორედ ამ რისკის გამო არ ხდება ელექტრონული რეგისტრაცია ბანკებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბანკში ანგარიშის გახსნის დროს აუცილებელია პირი ფიზიკურად გამოცხადდეს ოფისში, ხოლო ბანკის თანამშრომელმა მომხმარებლის პირადი მონაცემები სამოქალაქო რეესტრში უნდა გადაამოწმოს.
მოტყუებული მამაკაცებიდან ერთ-ერთს „აჭარაბეთშიც“ დაურეკავს. „მინდოდა, გამეგო, ვის ეკუთვნოდა ანგარიშის ნომერი, სადაც ფული ჩავრიცხე. მითხრეს, ეს კონფიდენციალურიაო,“ – ამბობს ირაკლი.
„მარტივად შესაძლებელია ანგარიში მქონდეს „აჭარაბეთზე“ სხვისი პირადობის მოწმობით გახსნილი. პირველ რიგში, შესაძლებელია გამოძიებამ დაადგინოს ის კომპიუტერი, საიდანაც კომუნიკაცია შედგა, თუმცა ერთ მისამართზე დარეგისტრირებული კომპიუტერით შესაძლოა რამდენიმე პირი სარგებლობდეს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ფოტოები, რომლებიც მარისგან თუ სალომესგან მიიღეს, რეალურად გამომგზავნს ეკუთვნის, თუმცა ამას არაფერი ადასტურებს. ამგვარი შეხედულება იმიტომ გაუჩნდათ, რომ „ფოტოები პორნოსაიტებიდან აღებულს არ ჰგავს“ და კიდევ: „გოგონებს ქართული გარეგნობა აქვთ“.
ინტერნეტსივრცეში თითოეული ჩვენგანის პირადი მონაცემები პრაქტიკულად რომ დაუცველია, ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატშიც დაგვიდასტურეს. ამ კუთხით ბოლო პერიოდში მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილა, თუმცა ინსპექტორს ეფექტური რეაგირების მექანიზმი არ აქვს.
„ტექნოლოგიურ ეპოქაში ერთხელ გავრცელებული ინფორმაციის კონტროლი და წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია. კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. არსებული რეგულაციები ინსპექტორს არ აძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს, როდესაც საქმე ფიზიკური პირების მიერ პირადი მიზნებით ფოტოს, ვიდეოს ან სხვა მასალის გავრცელებას ეხება,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან მიიღო.
„ფოტოების გამოყენებისგან თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი მათზე წვდომის შეზღუდვაა,“ – აღნიშნავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი. – „ინტერნეტმომხმარებლები ფოტოსურათებს ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებში ასაჯაროვებენ და შესაძლოა ვერ აცნობიერებენ, რომ ფოტოს საჯაროდ გამოქვეყნების მომენტიდან ნებისმიერ პირს შეუძლია მისი გადმოწერა, შენახვა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ეს ეხება არასრულწლოვანთა ფოტოებსაც, რომლებსაც მშობლები ხშირად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აქვეყნებენ. თუ გვსურს ჩვენი ფოტოები გარეშე პირების წვდომისგან დავიცვათ, პირველ რიგში, თავად უნდა შევზღუდოთ იმ პირთა წრე, ვისაც ჩვენს გამოსახულებაზე ხელი მიუწვდება“.
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როდის წარმოეშვა სუბიექტს ადამიანის მოტყუების სურვილი. თუ თავიდანვე ჰქონდა ქალს ამის განზრახვა, რა თქმა უნდა, ეს თაღლითობის ელემენტია,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
გიორგი ხიმშიაშვილი არ გამორიცხავს, თუკი თაღლითობის ბრალდებით ვინმეს დააკავებენ, მან გამოძიებას უთხრას, რომ კი არ მოიტყუა, არამედ მომსახურების გაწევა გადაიფიქრა, რადგან გაიგო, რომ, მაგალითად, კლიენტს სექსი განსაკუთრებული სისასტიკით სურდა. დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ ქალს არ ჰქონია მოტყუების წინასწარი განზრახვა.
„განზრახვა არის რთულად დასადგენი. ტყუილის დადგენა უნდა მოახერხოს გამოძიებამ სხვადასხვა მეთოდით: როგორი იყო ამ ადამიანის დამოკიდებულება სხვების მიმართ, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა. როგორც წესი, თაღლითობის დროს შეისწავლება ყველა ის ძირითადი მიზეზი და გარემოება, რომლითაც დაიწყო და რითაც დასრულდა პროცესი. ამიტომაცაა ეს რთულად გამოსაძიებელი დანაშაულის კატეგორიაა“, – დასძენს გიორგი ხიმშიაშვილი.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თაღლითობა ნიშნავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას, ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 170-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ორწლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.
თუკი თაღლითობა არაერთგზის განმეორდა, ასევე თაღლითობის სქემით დიდი ოდენობით თანხა იშოვა ბრალდებულმა, ამ შემთხვევაში, მას თავისუფლების აღკვეთა ელის 6-დან 9 წლამდე.
რა არის პროსტიტუცია – ამის ლეგალური განსაზღვრება კანონმდებლებმა დღემდე ვერ შექმნეს, თუმცა პროსტიტუცია ჯარიმდება ადმინისტრაციული წესით. გამოძიებას კიდევ ერთი სირთულე აქვს – თაღლითობის ამ სქემის მიხედვით, დაზარალებულმა თანხის გადახდის მიუხედავად ვერ მიიღო სექსმომსახურება, როგორც სერვისი.
„უცნაური დანაშაულებრივი შემთხვევაა,“ – განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი. – „თუ სექსმომსახურებას გაწევდა მოქალაქე, ეს თაღლითობად აღარ განიხილებოდა, მაგრამ იგი დაისჯებოდა ადმინისტრაციული წესით. მომსახურების გაუწევლობის გამო კი, ისჯება თაღლითობისთვის. გამოდის, რომ პროკურატურამ უნდა ედავოს მოქალაქეს, რატომ არ განახორციელა ადმინისტრაციული დარღვევა“.
პროსტიტუცია რომ ამორალური ქმედებაა, ეს მხოლოდ იურიდიულ ლექსიკონში წერია და ამით ხელმძღვანელობენ სამართალდამცველებიც, როცა ისინი სექსუალურ მუშაკს აჯარიმებენ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ წერია, რას მოიცავს პროსტიტუცია. აქ ვკითხულობთ: „პროსტიტუცია – გამოიწვევს გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“. ანუ თუკი სექსმუშაკი მომსახურების სანაცვლოდ 100 ლარს მიიღებს, მისი დაჯარიმება სამართალდამცველს 50, ან 100 ლარით შეუძლია. პროსტიტუცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება არ არის.
2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 შვილის დედა გაასამართლა – სქესობრივი მომსახურების დაპირების სანაცვლოდ ფულის მოტყუებით მიღებაში. მას ფეისბუქზე ჰქონდა შექმნილი გვერდი და მამაკაცებს სქესობრივ მომსახურებას ჰპირდებოდა. ქალი დაზარალებულებს შეხვედრის ადგილსაც უნიშნავდა და მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა: გხედავ, ამა და ამ ქუჩაზე ბანკომატთან დგახარ, იქნებ ფული მაქვე ჩამირიცხო და შემდეგ ამოდი ჩემთან. ფულის ჩარიცხვის შემდეგ, მამაკაცი ქალს ვეღარ პოულობდა. დაკავებისთანავე ბრალდებულმა აღიარა დანაშაული. თქვა, რომ მარტოხელაა და ამ სქემას 5 მცირეწლოვანი შვილის გაზრდისთვის იყენებდა. სასამართლომ ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინა და 34 წლის ქალი მხოლოდ 3 ათასი ლარით დააჯარიმა.
„სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო,“ – ამბობს თაღლითობისთვის გასამართლებული ქალის ადვოკატი, ზურაბ თენაძე. მას ვკითხეთ, როგორ დაადგინა გამოძიებამ, ჰქონდა თუ არა ქალს მამაკაცების მოტყუების წინასწარი განზრახვა.
„ამ მხრივ გამოძიებას სირთულე არ ჰქონია, რადგან ქალმა დაკავებისთანავე აღიარა, რა სქემით მუშაობდა. რომც არ ეღიარებინა, როცა რამდენიმე დაზარალებულია საქმეში და ყველა ერთსა და იმავე ისტორიას ყვება, დამაჯერებელი ხდება მოსამართლისთვისაც, რომ ტყუილით შოულობს ბრალდებული ფულს,“ – გვითხრა ზურაბ თენაძემ.
2017 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე იმერეთში მცხოვრები ქალი დააჯარიმა 2 ათასი ლარით. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე, ქალმა დაზარალებულ მამაკაცებს ის თანხა დაუბრუნა, რაც დაკავებამდე სქესობრივი მომსახურების მიღების გამო ჩაურიცხეს. ამ შემთხვევაში ქალი მამაკაცებს 150 ლარს ახდევინებდა.
სექსის მიღების სანაცვლოდ ფულის თაღლითური გზით აღებაში გასამართლებულია მამაკაციც. ეს 2014 წლის ისტორიაა. ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარი ერთად მოქმედებდა. სასამართლოს დაკავებულებმა უთხრეს, რომ ფულის შოვნის სქემა ქმარმა მოიფიქრა, ცოლს სახე დაუფარა, ფოტოები გადაუღო და სახელდახელოდ შექმნილ, რამდენიმე ინტერნეტგვერდზე ატვირთა. ოჯახს თანხა „აჭარაბეთის“ ანგარიშზე ერიცხებოდა, რომელიც მამაკაცს ბებიას სახელზე ჰქონდა გახსნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 2017 წელს, მიმდინარე საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
„მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის მამაკაცი. წელს მაშველებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დაკარგული 148 ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის 90% ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები კი აღარ არის, ეს განცხადება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ბესიკ ლილუაშვილმა გააკეთა.
„შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის 90% ლიკვიდირებულია, რაც შეეხება დანარჩენ 10% შესაძლოა დაკვამლიანება იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ დროისთვის ამაზე რაიმეს თქმა არ შემიძლია, სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენებიც ჩაერთობა“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი.
მთა შავნაბადაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ხვალ დილიდან მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა და სატყეო სააგენტოს თანანშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
ხანძრის მასშტაბების სიმცირიდან გამომდინარე, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება.
17 სექტემბერს ბათუმში ევროპის მოედანზე სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი საქართველოში მოქმედ ყველა სოციალურ საწარმოს აერთიანებს.
ფესტივალზე გაიყიდება სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული ხელნაკეთი პროდუქცია – სუვენირები, სათამაშოები და საოჯახო ნივთები.
ფესტივალი დევიზით „შეაგროვე სიხარული“ თბილისში ხვალ, 8 სექტემბერს მზიურის ტერიტორიაზე გაიხსნება და შემდეგ სიღნაღში, ქუთაისში და ფოთში გადაინაცვლებს. ბოლოს კი ბათუმში, ევროპის მოედანზე დაიხურება.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. „პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში სოციალური მეწარმეობის თემის პოპულარიზაცია, რათა გაზარდოს სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოების ცნობადობა და ხელი შეუწყოს მათ მდგრად განვითარებას“.
კომპანია „სინოჰიდროს“, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს, ჩოლოქის დასახლებაში, იჯარით გადაცემული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, 30 000 კვ.მ მიწასთან ერთად. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქონება მიმდინარე წლის 4 სექტემბრს გამოთავისუფლდა და დაუბრუნდა მესაკუთრეს – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. სამინისტრო ამ ქონების პრივატიზებას გეგმავს.
ქონების პრივატიზებამდე, იქ არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის დასაცავად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაცვის პოლიციასთან ხელშეკრულება 35 ათას 100 ლარზე გააფორმა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ არსებობდა გარეშე პირების მიერ შენობების უკანონოდ დაკავების საფრთხე: „შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალზე საქართველოში“ იჯარის ფორმით გადაცემული იყო აჭარის საკუთრებაში არსებული 1157,9 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მიწის ნაკვეთთან ერთად. გარდა აღნიშნული შენობისა, კომპანიის მიერ აჭარას საკუთრებაში გადაეცა საიჯარო პერიოდში აშენებული 12 ერთეული სხვა შენობა-ნაგებობებიც. „სინოჰიდროს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი ქონდა მოქალაქეების მხრიდან ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების უკანონოდ დაკავების მცდელობებს და შენობების გამოთავისუფლება ხდებოდა მოიჯარე კომპანიის თანამშრომლების დახმარებით. ქონების გადმოცემის შემდგომ, არსებობდა მოქალაქეების მიერ გამოთავისუფლებული შენობა-ნაგებობების მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროება, რის გამოც შენობა-ნაგებობების უკანონოდ დაკავების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, დილით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმდა ხელშეკრულება და ობიექტი აყვანილ იქნა ცოცხალი ძალით დაცვის ქვეშ“.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ექსკლუზივს წარმოადგენს, 2017 წლის 30 სექტემბრამდე. თუ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქონების პრივატიზება, ვაპირებთ მივმართოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად, რათა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან საჭირო ვადით.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღემდე არ აქვთ გადაწყვეტილი თუ რა ფორმით გაასხვისებენ აღნიშნულ ქონებას. „თუ იქნება დაინტერესება, სამინისტრო პრივატიზების ნებისმიერ ფორმას და წინადადებას განიხილავს. ამ დროისთვის კი რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ – გვითხრეს სამინისტროში.
ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე „სინოჰიდროს“ ოფისი იყო განთავსებული. ტერიტორია ჩოლოქის დასახლებასა და ქობულეთის შემობლით გზას შორის, გზასთან ახლოს მდებარეობს. ვინაიდან კომპანიამ ჩოლოქი-ოჩხამურის მიმდებარედ გზის მშენებლობა დაასრულა და იჯარის ხელშეკრულებასაც ვადა გაუვიდა, აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნა ავტონომიურ რესპუბლიკას, როგორც მესაკუთრეს.
„სინოჰიდრო“ ავტობანის [ქობულეთის შემოვლითი გზის] შენებლობას ამ დროისთვის ჩაქვში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან აგრძელებს, შესაბამისად, ოფისისთვის ტერიტორია ჩაქვში აქვთ იჯარით აღებული.
აჭარის გზების დირექციაში აცხადებენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოების დასრულება 2018 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის ინფორმაცია ჯილეხის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან 25 აგვისტოს გახდა ცნობილი. დაავადებული მამაკაცი 28 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს წელს ჯილეხით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა აჭარაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები ყოველწლიურად რეგისტრირდება.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველებში დაავადების ჯგუფურ შემთხვევაზე და მასიურ გავრცელებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. დაავადების ერთი შემთხვევა რეგიონისთვის დამახასიათებელია, ცუდია ლეტალური გამოსავალი, მაგრამ ამას თავისი დამამძიმებელი ფაქტორები ერთვოდა თან, რამაც დაამძიმა სურათი” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე.
ნინო ნიჟარაძის ცნობით, გარდაცვლილ მამაკაცთან შეხების მქონე ყველა პირის კონტაქტი მოძიებულია – „მათი ინკუბაციური პერიოდი უკვე გადალახულია. კლინიკური მეთვალყურეობა იყო მათზე დამყარებული და ყველა ჯანმრთელად გრძნობს თავს, ყველას მიეცა ანტიბიოტიკის პროფილაქტიკური დოზა, მათ შორის სამედიცინო პერსონალსაც”.
მისივე ცნობით, ინფიცირებული ძროხის ხორცი ოჯახს სარეალიზაციოდ არ აქვთ გატანილი. „მაგრამ თუკი ასეთი პრენცენდენტიც დაიშვება, თუკი ხორცი კარგად თერმულად არის დამუშავებული, იგი ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.
ჯილეხი მწვავე ინფექციური, ზოონოზური დაავადებაა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი და ა.შ. ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.
ჯილეხით ადამიანის დაავადების სამი ფორმა არსებობს: კანის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის. ყველაზე გავრცელებული კანის ფორმაა.
ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა:
კონტაქტური გზით – ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით. მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
საკვებით – ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტროინტესტინური ფორმები);
ასპირაციული გზით – ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).
ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით:
როგორ მივიტანოთ ეჭვი ჯილეხზე?
ადამიანი შეიძლება დაავადდეს ჯილეხისრამდენიმე ფორმით: კანის ფორმა – ვითარდება დაზიანებულ კანში მიკრობის მოხვედრით. თავდაპირველად, კანის ზედაპირზე ვითარდება მცირე ზომის ბუშტუკი. რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს, ხშირად ქავილიც ახლავს. ბუშტუკი თანდათან იზრდება და წყლულდება. წყლულს აქვს შავი ფერი და არ არის მტკივნეული. მის გარშემო შესაძლებელია მოხდეს კანისა და ახლომდებარე ლიმფური კვანძების შეშუპება. საქართველოში უმეტესად დაავადების ეს ფორმა ფიქსირდება.
გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება. მუცლის ღრუში დგება სითხე (ასციტი).
ოროფარინგული (ხახის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ძლიერი ტკივილი, წყლული პირის ღრუში ენაზე ან ხახაში, შეშუპება კისრის არეში, შესაძლებელია სასუნთქი გზების სრული ან ნაწილობრივ დახშობა.
ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა – ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მშრალი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შოკი და სხვა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, თუ ეჭვობთ, რომ ჯილეხი გაქვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჯილეხის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს. დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.
ცხოველებში ჯილეხით დაავადების საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით.
ბათუმობაზე, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ინსტალაცია „გრაფიტი“, რომელიც „პულვილიზატორებით“, სპეციალურად შეკერილი რკინის 4 სართულად და კუბებად დატიხრული კონსტრუქციის მოხატვას გულისხმობდა, მოხალისეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ქვაფენილზე და ველობილიკზეც გადაიტანეს.
ქუჩის ამ მონაკვეთს, წვიმის მიუხედავად წარწერები კვლავ მკვეთრად ეტყობა.
„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 210 925 ლარი დაიხარჯა. ველობილიკების საფარის შეღებვაზე კი 2017 წელს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით – 48 000 ლარია გამოყოფილი.
ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი 15 საბავშვო ბაღიდან, 11 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი 14 ბაღში განახლდება. ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სააღმზრედელო პროცესს რეაბილიტაციის გამო აჩერებს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, მანამდე, ვიდრე ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ბავშვები უახლოეს დოლოგნისა და მახუნცეთის ბაღებში გადანაწილდება.
„მოქმედი ბაღებიდან, მიმდინარე წელს წონიარისის ბაღს ჩაუტარდა რემონტი, წლის დასაწყისში გავხსენით ახალი ბაღი სოფელ ოქტომბერში, ახალგახსნილია ნამლისევის ბაღიც. რაც შეეხება ზუნდაგის ბაღს, შენობის რეაბილიტაციისთვის წელს ბიუჯეტიდან 791 000 ლარია გამოყოფილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლენილია და მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2017 წლის ბოლომდე შავი სამუშაოები ჩატარდება, ხოლო 2018 წლის დასაწყისში შიდა სამუშაოები უნდა დასრულდეს“ – აცხადებს გამგებელი
მიუხედავად იმისა, სააღმზრდელო პროცესი ქედის ბაგა-ბაღებში 21 ივნისს დასრულდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუნდაგის ბაღში ჯერ არ დაწყებულა, ამ დროისთვის ისიც უცნობია, რა დრო დასჭირდება ბაღის სრულ რეაბილიტაციაცს.
შუახევში, სადაც ექვსი საბავშვო ბაღი და სამი ბაღის ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. შუახევის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნათელა გოგიტიძის ინფორმაციით, გაერთიანება და საბავშვო ბაღები მზადაა სააღმზრდელო პროცესისთვის.
შუახევში წელს დამატებით სამი ახალი ბაღი აშენდა, ხიჭაურში, წყაროთასა და ჩანჩხალოში, მაგრამ დაიწყება თუ არა სააღმზრდელო საქმიანობა მოქმედ ბაღებთან ერთად ახალაშენებულ ბაღებში, გაერთიანების დირექტორი ამ ინფორმაციას არ ფლობს.
18 სექტემბერს დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ხულოს საბავშვო ბაღებში. ამ დროისთვის ხულოში სულ 16 მოქმედი საბავშვო ბაღი და სოფლებში – ბეღლეთში, ბოძაურსა და ზემო ვაშლოვანში, ბაღის ალტერნატიული ჯგუფებია. დამატებით ოთხი ახალი ბაღი აშენდა მეკეიძეებში, კორტოხში, თხილვანასა და ფაჩხაში.
ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, ოთხივე სოფელში ბაღების მშენებლობა დასრულებულია და ამ დროისთვის ბაღების ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. დაიწყება თუ არა სააღმზრდელო საქმიანობა 18 სექტემბერს ახალ აშენებულ ბაღებში, ირაკლი რიჟვაძის თქმით ეს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული:
„იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები ინვენტარის მოწოდების ვადებს არ დაარღვევენ და დროულად შემოიტანენ, მოქმედ ბაღებთან ერთად 18 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი, ახალაშენებულ ოთხივე ბაღში დაიწყება. ყველა ბაღი ნორმალურ მდგომარეობაშია და მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა. რაც შეეხება ბაღში ბავშვების მიღებას, ყველა იმ სოფელში, სადაც საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს, ბავშვის მიღებაზე შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდება გარდა სოფელ ქვედა ვაშლოვანში, სოციალურ სახლში მცხოვრები ოჯახების განცხადებისა. იქედან გამომდინარე, რომ ქვედა ვაშლოვანში 72-ბინიანი სოციალური სახლი აშენდა, ვაშლოვანის ბაღზე მოთხოვნა გაიზარდა. დაბა ხულოს ბაღში, რომ მივიღოთ ბავშვები ადგილი არ გვაქვს, ნაწილს, უფრო მაღალი ასაკის ბავშვებს ვაშლოვანის ბაღში მივიღებთ, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ვფიქრობთ, ალტერნატიული ჯგუფის გახსნას. ბავშვის ბაღში მიღებაზე, წელს, 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, თუმცა, ეს მონაცემი ყოველდღიურად იზრდება და ბავშვის მიღების მოთხოვნით მოქალაქეები განცხადებით ისევ მოგვმართავენ“.
ხულო, სხალთის ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ნაწილში ახლა საბავშვო ბაღი ფუნქცონირებს; მე-3-4 სართულები კი სოციალურ ბინებად მოეწყო, რომლებშიც 5 წელია არავინ ცხოვრობს.
მთავარი ფოტო: ქედა, მახუნცეთის საბავშვო ბაღის შენობა
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 333,953 ადამინიდან 3,71 %-ს ეროვნული უმცირესობა წარმოადგენს. ამავე აღწერის მიხედვით, აჭარაში წარმოდგენილია 14 ეროვნული უმცირესობა, აქედან მხოლოდ 8-ს გააჩნია გაერთიანება დიასპორების სახით. ესენია: სომხური, რუსული, უკრაინული, ბერძნული, აზერბაჯანული, ებრაული, გერმანული და ეზიდური დიასპორები.
ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მათი უფლებების დაცვაზე მუშაობს არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. ამ თემაზე ციალა ქათამიძე საუბრობს, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი.
გადაცემის წამყვანია თამუნა გვარიშვილი – “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე.
გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში “საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“.
„ქართული ოცნებიდან“ ორი ქალი კანდიდატი იბრძოლებს საკრებულოს წევრობისთვის – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ნერიმან ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. ორივე მათგანმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ საკრებულოს წევრობა სურთ „ქართული ოცნებიდან“.
„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეთავაზება მივიღე და დავთანხმდი,“ – გვითხრა ნერიმან ცინცაძემ. მან მოუცლელობის მიზეზით არ გვიპასუხა კითხვებზე, პარტიული სიაში რომელი ადგილი ერგო ქალ კანდიდატს და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა?
ნერიმან ცინცაძე
ნერიმან ცინცაძე ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებს ჯანდაცვის ფაკულტეტზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში – BAU. 1994 წლიდან დღემდე მუშაობს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში“.
„ალბათ, ვიქნები კი მაჟორიტარობის კანდიდატი. ოფიციციალურად წარდგენილი არ ვარ ჯერ. ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – ამბობს ნატალია ზოიძე. მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა ისიც, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, თუმცა კონკრეტულად რომელ უბანში, ამის თქმა ჯერ არ სურს.
ნატალია ზოიძე
ნატალია ზოიძე ბათუმის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან. იგი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია. 2009 წლიდან ნატალია ზოიძე შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრს“ ხელმძღვანელობდა.
ნატალია ძიძიგური
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიაში კიდევ ერთი ქალი კანდიდატია – ნატალია ძიძიგური. იგი „კონსერვატიული პარტიის“ წევრია. ნატალია ძიძიგური ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის უფროსია.
„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რომ საარჩევნო სიაში ვარ. არაფერი არ ვიცი,“ – უთხრა ნატალია ძიძიგურმა „ბათუმელებს“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან მაისამდე ავარიების შედეგად ქვეყანაში 624 ადამიანმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 58 არასრულწლოვანია.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევაზე პროკურატურამ 2017 წლის იანვრიდან მაისამდე 301 ადამიანის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. 2018 წლიდან სასჯელის სახეს – თავისუფლების შეზღუდვას შინაპატიმრობა ჩაანაცვლებს. შემთხვევის სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა ბრალდებულს ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის მოხდა დაეკისროს. 276-ე მუხლი მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე სასამართლომ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, ჯამში, 142 საქმე განიხილა. სასამართლოს არც ერთი მძღოლი არ გაუმართლებია. სასამართლოს პროცესებზე პროკურატურა და ბრალდებული უმეტეს შემთხვევაში მორიგებულან და საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად პასუხისგებაში მიცემული 142 პირიდან სამს მიესაჯა პატიმრობა. 2017 წელს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთ პირს შეეფარდა, ორს – 2016 წელს.
მთავარ ფოტოზე: ავტოავარია ბათუმში, 2016 წელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
„არაბული სოფლის გაშენებას ვერ დავადასტურებთ, რადგან სახლების აშენების ნებართვის მისაღებად ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ ამას ვერც გაბედავენ, ვინაიდან სოფელი წინააღმდეგია და ეს ამბავი არაბებს ჩაეშლებათ. სოფელი რომ წინააღმდეგი არ წასულიყო, ალბათ, შემოიტანდნენ განაცხადს მშენებლობის ნებართვაზე“, – ამბობენ გარდაბანში. ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში აქციები მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტზე მუშაობა გაააქტიურა. მოსახლეობამ „არაბული სოფლის“ მშენებლობა ისე გააპროტესტა, კუმისში არაბები არავის უნახავს.
თბილისი-ბათუმის გზაზე თვალის ერთი შევლებითაც ნათლად ჩანს, რომ გზატკეცილის გასწვრივ მიწები დასამუშავებელია. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენი ჰექტარი მიწაა დღეს დაუხნავი, არ არსებობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით კი, საქართველოში 1 მილიარდ 120 მილიონი კვადრატული მეტრი მიწაა დაუხნავი.
ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ კუმისშიც, სადაც დაუხნავ მიწებზე პირუტყვს აძოვებენ. სწორედ ამ სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სოფელთან არაბული სოფლის აშენება იგეგმება და ამის უფლებას არავის მისცემენ. მოსახლეობას თანადგომა ხელისუფლებამაც გამოუცხადა.
ტერიტორია, სადაც მოსახლეობის თქმით, „არაბული სოფელი“ უნდა გაშენდეს, ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან საქართველოს მოქალაქემ შეისყიდა, რომელიც ეროვნებით არაბია.
„მანდ არანაირი არაბული სოფელი არ შენდება. უბრალოდ, მიწა იყიდა საქართველოს მოქალაქემ, ეროვნებით არაბმა, შემდეგ ეს მიწა დაყო ნაკვეთებად და გაასხვისა არაბ მოქალაქეებზე. ამიტომ, სოფელმა იფიქრა, რომ აქ არაბების სოფელი უნდა გაშენებულიყო“, – გვითხრა გარდაბნის გამგებლის მოადგილემ, ირაკლი ჭელიძემ.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე ღობე, რომელიც მესაკუთრემ გაავლო, დღეს მოხსნილია და „მოსახლეობა, როგორც ადრე იყენებდა პირუტყვისთვის საძოვრებად ამ მიწას, ისევ ისე იყენებს“.
კუმისში არსებული პრობლემის დეტალებზე გამგეობაში არ საუბრობენ.
„არანაირი შეხება არ გვაქვს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობის მხარეს ვართ და გვინდა დავიცვათ მათი ინტერესები“… – განაცხადა ირაკლი ჭელიძემ. ის არ აკონკრეტებს რაში გამოიხატება მათი მხარდაჭერა: „ჩვენ რაც შეგვიძლია ჩავერიოთ, ესაა, რომ თუ მოგვმართავენ ეს ადამიანები მშენებლობის ნებართვისთვის, მაქ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი… შესაძლოა დარღვევა იქნება საბუთებში, პროექტირებაში…“
გარდაბნის გამგეობაში უკვე გაცხადებულია, რომ ყველანაირად შეეცდებიან არაბ მესაკუთრეებს სახლებისა თუ კოტეჯების აშენების ნებართვა არ მისცენ.
მთავარი ბერკეტი მუნიციპალიტეტის ხელში ის არის, რომ არაბი მოქალაქეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და მათზე მშენებლობის უფლებას არ გასცემენ, მიწას კი დანიშნულებას არ შეუცვლიან.
მუნიციპალიტეტმა ამ პოზიციით კუმისელებიც დაამშვიდა, თუმცა მიწის ნაკვეთები უცხოელების საკუთრებაშია – მათ ამ ქონების ფლობისა და განკარგვის ისეთივე კანონიერი უფლება აქვთ, როგორც ნებისმიერ მესაკუთრეს საქართველოში.
კითხვაზე, თუ ამ ადამიანების მოთხოვნა მიწის სტატუსის შეცვლასა ან/და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე კანონიერი იქნება, როგორ იმოქმედებს მუნიციპალიტეტი? – ირაკლი ჭელიძე ამბობს: „მთავრობა, პარლამენტი – ყველა საქმის კურსშია, თუმცა კანონი ჩვენთვის უპირველესია. ჩვენ გვინდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ კანონით… მაგრამ, თუ ყველაფერი რიგზე ექნებათ (უცხოელ მესაკუთრეებს), გავცემთ მშენებლობის ნებართვასაც“.
„რაღაც გამოსავალს ვნახავთ. მოხნან, დათესონ, დაამუშაონ, მაგრამ მანდ სოფელი არ აშენდება,“ – ამბობს გარდაბნის გამგებლის წარმომადგენელი კუმისში, ლევან ბეგლარიშვილი.
საიდან იცის სოფელმა, რომ კუმისში არაბული სოფელი აშენდება? – ლევან ბეგლარიშვილი: „როცა დაყოფა დაიწყეს მიწის, უთქვამთ, აქ კოტეჯები უნდა ავაშენოთო. აქციის შემდეგ აქ მათგან არავინ გამოჩენილა“.
პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარის (კუმისი ამ მაჟორიტარულ ოლქში შედის) გოდერძი ჩანქსელიანის ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მაჟორიტარი არ შეხვედრია მიწის მესაკუთრეს, რომელმაც ნაკვეთები არაბებს მიჰყიდა. „რომ შეხვდეს, ეს იქნება საქართველოს მოქალაქის, მაგრამ არაბის ინტერესების ერთგვარი დაცვაც, როგორც მიწის კანონიერი მესაკუთრის. ამიტომ, ამას სხვა ინტერპრეტაცია მიეცემა“.
გოდერძი ჩანქსელიანს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა.
კითხვაზე, თუ რა უფლებით აიღეს ღობე ან როგორ იყენებს მოსახლეობა სხვის საკუთრებას საძოვრებად? – კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
„მესაქონლეობისთვის გასავლელი გზა აღარ არის დატოვებული – საქონელი რომ ჩაატარონ საძოვარზე…“, – ამბობს ლევან ბეგლარიშვილი.
„როგორ იყენებდნენ საძოვრად და სათიბად? სულ მაგაზე იყო ჩხუბი, რომ, როცა ვთესავდით – ხორბალი იყო თუ სიმინდი (ხახვი და კარტოფილიც კი მოვიყვანეთ), დაუკითხავად შეჰყავდათ შიგნით სოფლის პირუტყვი და გვიჩანაგებდნენ… მიწები იყო ჩვენს საკუთრებაში და როგორ შეიძლება, რომ მე, კომპანიამ, მოსახლეობას გავუყიდო საძოვარი. ეს ხომ აბსურდია“, – აცხადებს შპს „კუმისი XXI“-ს დირექტორი გოგი მაისურაძე.
მიწის ნაკვეთები კუმისში, რომლის ნაწილიც დღეს უცხოელების საკუთრებაშია, სწორედ შპს „კუმისი XXI“-მ გაყიდა. კომპანია კუმისში მეფრინველეობის ფაბრიკას ამუშავებს. დირექტორის თქმით, ფაბრიკაში დასაქმებულების 80% კუმისელია.
„უცხოელისთვის ჩვენ მიწა არ მიგვიყიდია. ეს არის საქართველოს მოქალაქე. კომპანიის მიწა კანონის დაცვით გავყიდეთ. იმან, ვისზე გადაყიდა და როგორ, არ ვიცი და არც ის, ვინ რას აპირებს“, – ამბობს გოგი მაისურაძე.
მიწის ნაკვეთი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მისივე თქმით, კომპანიამ მიწის გაყიდვის გადაწყვეტილება „ლარის გაუფასურების შემდეგ მიიღო“: `მაშინვე კლიენტი ვერ ვიშოვეთ და რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა… რაც გავიგე, იმათ მიწის ანალიზი გააკეთეს და აინტერესებდათ იქ იონჯას მოყვანა და რაღაც სოფლის მეურნეობის კუთხით უნდა დაკავებულიყვნენ… ის, რომ არაბული სოფელი შენდება, ასეთი მოძრაობა არ შეინიშნება.“
[highlight color=” green”]არარსებული სოფლის ისტორია[/highlight]
შპს „კუმისი XXI“-სგან მიწის ნაკვეთები სოფელ კუმისში საქართველოს მოქალაქე ნასრედინ ალსაიედმა მიმდინარე წლის თებერვალში იყიდა, სულ ხუთი ნაკვეთი, საერთო ფართობით – 1 614 000 კვადრატული მეტრი.
ნასრედინ ალსაიედმა ერთ-ერთი ნაკვეთი, ჯამში 20 ჰექტარი, 96 საკადასტრო ერთეულად დაყო და აპრილში მათი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიჰყიდა. რეესტრის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება 64 უცხოელთანაა გაფორმებული.
საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკა / ნაკვეთები სოფელ კუმისთან, რომლებიც რეესტრის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია
უცხოელზე მიწის გაყიდვის აკრძალვის კამპანიისა და კუმისელების პროტესტის ფონზე, ნასრედინ ალსაიედმა დარჩენილი მიწა (დაახლოებით 140 ჰექტარი) გაასხვისა საქართველოში დარეგისტრირებულ შპს „ალნახილ ჯორჯიაზე“.
რეესტრში ჩანს, რომ „ალნახილ ჯორჯია“ ითხოვდა საკუთრების რეგისტრაციას ამ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა რეგისტრაციის პროცესი საჯარო რეესტრმა შეაჩერა. აქაც შეჩერების მიზეზი დაინტერესებული პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აღმოჩნდა – „ალნახილ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც იემენის სამეფოს მოქალაქეა. ეს კომპანია 2016 წლის მაისშია დარეგისტრირებული თბილისში (კომპანიის იურიდიულ მისამართად კი, ნასრედინ ალსაიედის საკუთრებაში არსებული თბილისის ბინის მისამართია მითითებული).
საჯარო რეესტრს „ალნახილ ჯორჯიასთვის“ ქონების დარეგისტრირების საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული აქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის იდენტიფიკაციისთვის, პირველ რიგში, გამოიყენება ბინადრობის მოწმობა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – პასპორტი.
საჯარო რეესტრის განცხადებაში აღნიშნულია: „ვინაიდან დაინტერესებული პირის (კომპანიის მფლობელისა და დირექტორის) მიერ წარმოდგენილია მხოლოდ პასპორტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაეგზავნა მიმართვა, ბინადრობის მოწმობის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით“. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოიტანდა საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას ქონების რეგისტრაციაზე. თუმცა ამონაწერებიდან ჩანს, რომ მიწის ნაკვეთები ისევ ნასრედინ ალსაიედის საკუთრებაშია.
„ბათუმელები“ ნასრედინ ალსაიედსა და შპს „ალნახილ ჯორჯიას“ ვერ დაუკავშირდა. დოკუმენტებში მითითებულ მისამართებზე კარი არავინ გააღო. ასევე არ უპასუხეს შეტყობინებებს ტელეფონებსა და ელექტრონულ ფოსტაზე.
კუმისში, გარდა ნასრედინ ალსაიედისა, მიწის ორი ნაკვეთი „კუმისი XXI“-სგან ნაყიდი აქვს სააქციო საზოგადოება „ზე გალფ“-საც. დაახლოებით 46 ჰა. ეს საზოგადოება 2017 წლის მარტშია დარეგისტრირებული და მისი დირექტორიც იემენის მოქალაქეა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობაც.
„ზე გალფს“ ერთი ნაკვეთი 85 ნაწილად აქვს დაყოფილი, თუმცა ამ დროისთვის ყველა ნაკვეთის მესაკუთრე რეესტრის მიხედვით თავად კომპანიაა.
გარდაბანში ამბობენ, რომ საქართველოს თუ უცხო ქვეყნის არაქართველი მოქალაქეები მიწის კეთილსინდისიერი მყიდველები არიან, თუმცა ამ დროისთვის ამ მიწებზე არაფერს აწარმოებენ.
„კუმისი XXI“-მ მიწები სახელმწიფოსგან 2006 წელს შეიძინა. „ყველა პროცედურის დაცვით იქნა შეძენილი მიწა. ხარვეზი არ იყო. ბევრჯერ იქნა გადამოწმებული საქმიანობის დროსაც და გაყიდვის დროსაც“, – ამბობს კომპანიის დირექტორი გოგი მაისურაძე.
ახალი კონსტიტუციის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.
ორგანული კანონის პროექტი კი, რომლითაც მიწის ყიდვა-გაყიდვა უნდა დარეგულირებულიყო, პარლამენტიდან გათხოვილია.
შესაბამისად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დღეს მიწას ვეღარ იყიდის, ვინაიდან შეჩერებულია კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც უცხოელს მიწაზე საკუთრების უფლებას ანიჭებდა.
აკრძალვა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ეხება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, მოქალაქეებს ურა-პატრიოტული გრძნობებით საუბრის მაგივრად უნდა აუხსნან, თუ რა შედეგი ექნება ამ აკრძალვას: „დღეს თუ სახელმწიფო ასეთ აკრძალვას აწესებს – ვალდებულია მივიდეს თავის მოქალაქეებთან და უთხრას, რომ მისთვის პრიორიტეტია მიწა არ გასხვისდეს უცხოელზე, მაგრამ ეს გამოიწვევს:
[checklist]
იმ მიწების გაუფასურებას, რომლებიც საკუთრებაში აქვთ (გლეხებისთვის სოფლად ისედაც დაბალი ფასი აქვს);
ეს გამოიწვევს იმას, რომ ინვესტიციები აგრარულ სექტორში არ შემოვა, ისედაც მცირე შემოდიოდა და კიდევ უფრო შემცირდება, რადგან უცხოელი, ვთქვათ, 100 მილიონის ინვესტიციას სხვის საკუთრებაში არსებულ მიწაზე არ შემოიტანს;
ეს არის უარის თქმა აგროსექტორის განვითარებაზე და იმაზე მსჯელობა, რომ აგროსფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტია, ეს აღარ გამოვა“.
[/checklist]
ცვლილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას ანიჭებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს.
თეონა ზაქარაშვილის თქმით, მიწა განსაკუთრებული სტატუსის მქონე რესურსი ნამდვილად არის, თუმცა ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი იმის გათვალისწინებით, თუ რა პრიორიტეტები გააჩნია: „ხელისუფლების გადაწყვეტილებას კი, არც კონსტიტუციის მუხლის დასაბუთებას და არც მორატორიუმის დასაბუთებას, არანაირი გათვლები არ ახლავს – არც ეკონომიკური, ფინანსური, არც გარემოზე ზემოქმედების კუთხით. ამასთან, ბანკები, არ მიიღებენ მიწებს უზრუნველსაყოფად. ისედაც არავის უნდა სესხის სანაცვლოდ ამ მიწების თუნდაც დროებით დატვირთვა“.
„ამ დარგში სწორი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკურ-დემოგრაფიული საკითხების გათვალისწინებით. ამასთან, სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს და აგრარული სექტორის განვითარების უალტერნატივო საშუალებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“, – აღნიშნული იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლითაც უცხოელზე მიწის მიყიდვა შეჩერდა. იქვე მითითებული იყო, რომ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთი არ არსებობს. არ არსებობდა კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის ან/და ექსპერტის შეფასებაც კანონპროექტის მიმართ.
[highlight color=”eg. green”]დამუშავებული და დასამუშავებელი მიწები ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით[/highlight]
საქართველოს კანონმდებლობით სხვადასხვა დანიშნულების მიწაა განსაზღვრული – სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო, სათიბი და სხვა.
დეტალური ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით მიწის ფართობების შესახებ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აქვს.
„ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია მიწების კატეგორიების მიხედვით არ გვაქვს. არც მიწის განკარგვის და არც რესურსის შესახებ ციფრები არ გაგვაჩნია. რომ არ არის აღრიცხული ვის მფლობელობაში რა რაოდენობის მიწაა, ეს არის პრობლემა, არსებობს ეგ პრობლემა და ჩვენ ამას მარტო ვერ მოვაგვარებთ“, – გვითხრეს სამინისტროში.
„კონსტიტუციაში მუხლს ვწერთ და არ ვიცით რა მიწებზეა საუბარი. არ გვაქვს არანაირი სტატისტიკა, არც ეკონომიკური ეფექტია გათვლილი, თუ რა ზიანი მიადგება საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკას, ბიუჯეტს, მოქალაქეს. არაფერი არ გვაქვს გაკეთებული, უბრალოდ, ავდექი და გადავწყვიტე სახელმწიფომ, რომ არ იყოს თავისუფალ მიმოქცევაში მიწა, თან მხოლოდ ერთი კატეგორიის – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სხვა კატეგორიის მიწაზე არ არის შეზღუდვა. ფაქტობრივად, გლეხი მიწას თავისუფლად ვეღარ გაყიდის“, – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.
მიწის რესურსთან დაკავშირებით საქსტატში გვითხრეს, რომ 2014 წლის აღწერის შედეგებით გვესარგებლა. ამ მონაცემებით საქართველოში მიწების საერთო ფართობი, რაც მუშავდება, 842 289 ჰექტარია, რომლის 93 პროცენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამ მიწებით კი 642 209 მეურნეობა სარგებლობს, რომელთაგან 2246 იურიდიული პირია, დანარჩენი კი – ოჯახური მეურნეობები.
უცხოელებზე მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ საინვესტიციო გარემოს ზიანი არ მიადგება, რადგან უცხოელებს შეუძლიათ მიწები იჯარით აიღონ.
„აიღოს იჯარით, მაგრამ არა საკუთრებაში“, – ეს არის ძალიან უცნაური მიდგომა. წარმოიდგინეთ, ინვესტორი, რომელიც აპირებს 100 მილიონის ინვესტიციას და იმას ეუბნები, რომ მოდი, მიწა იყოს ჩემი მოქალაქის, შენ კი დაამუშავე, შემოიტანე ეს ინვესტიცია… ამ დროს მესაკუთრეს შეუძლია ეს მიწა გაასხვისოს, ბანკში ჩადოს და ეს 100-მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება გაყვეს მიწას. სერიოზული ბიზნესისთვის ეს არის შეუძლებელი“, – აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.
სტატისტიკის მიხედვით, 2009 წელთან შედარებით თითქმის განახევრდა სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიცია: 22 მილიონი აშშ დოლარიდან, 9,9 მილიონ აშშ დოლარამდე [2016 წელი].
თეონა ზაქარაშვილის თქმით, იყო უამრავი ფაქტორი, რაც ხელს უშლიდა აგროსექტორში ინვესტიციის ჩადებას: „ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია მყარი გარემო დახვდეს სამართლებრივად და სახელმწიფო მთავრობის სურვილების მიხედვით არ ცვლიდეს კანონებს; მნიშვნელოვანია დახვდეს სტაბილური ეკონომიკა და არა ის რყევები, რაც რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორის ბიზნესს. ასევე უსაფრთხოების კუთხითაც არ გვქონდა იოლი პერიოდი – აგვისტოს კონფლიქტი, ეკონომიკური კრიზისი… ამ ფონზე არ არის იოლი სერიოზული ბიზნესმენი დააინტერესო შენი ქვეყნით. მითიუმეტეს აგროსექტორში, როცა ნაკლებად გყავს ამ სფეროს სპეციალისტები და ჯერ კიდევ წინა საუკუნის იარაღებით ამუშავებ მიწას“.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის შესყიდვის აკრძალვის კამპანია საქართველოში 2012 წლიდან სახელმწიფო დონეზე გააქტიურდა.
„ჯერ იყო ერთი მორატორიუმი, შემდეგ აკრძალვა, შემდეგ საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად ცნო ეს აკრძალვა, შემდეგ ცოტა ხანი იყო თავისუფალი მიწის ყიდვა-გაყიდვა, თუმცა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს არაპირდაპირი დირექტივა ჰქონდათ, არ დაერეგისტრირებინათ უცხოელებისთვის მიწები და ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ. ახლა ისევ აკრძალვა და როდის უნდა შემოსულიყო ინვესტიცია?“ – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.
სტატისტიკის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის კლების პარალელურად იკლებს სოფლად მცხოვრებთა რიცხვიც. ბოლო ათი წლის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი კაცითაა შემცირებული.
მცირდება ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობებიც. ბოლო სამ წელში ნათესი ფართობები 34 000 ჰექტარით შემცირდა.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მცდელობა დაეხმაროს ფერმერებს, არასაკმარისი, არაეფექტურია. შესაბამისად, ოჯახური მეურნეობები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ, ან, მიწის სიმცირის, გაზრდილი ხარჯებისა და მწირი მოსავლის გამო დამუშავება არ უღირთ.
ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი უცხოელი ან უცხოური კომპანია რამდენ კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს საქართველოში, იუსტიციის სამინისტროდან ორი კვირის განმავლობაში ვერ მივიღეთ.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] ინფორმაციით 2017 წლის ივლისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.
საიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას და არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას.
„კანონპროექტის მიხედვით, განსხვავებული ანაზღაურების სქემები და კოეფიციენტები მოქმედებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სამსახურებისათვის, ასევე დიფერენცირებული მიდგომა არსებობს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით თავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეების ანაზღაურებებს შორის. გარდა ამისა, ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება განსხვავებული წესით, რაც ვერ უზრუნველყოფს ანაზღაურების ერთიანი სისტემის მინიმალური სტანდარტის შექმნას“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება განისაზღვროს ერთი და იმავე კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე;
გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების კოეფიციენტებს შორის განსხვავება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შექმნილი ანაზღაურების ცხრილი, მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ მოხდეს დამატებითი ფინანსური ბარიერების დაწესება;
განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად ანაზღაურებისათვის განსაზღვრული კატეგორიების მინიჭების წესი და კრიტერიუმები, რათა აღნიშნული საკითხი არ დარჩეს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებაში;
გაიზარდოს საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა (პირველი კლასი დაიწყოს სულ მცირე 5%-დან), რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა შორის მოტივაციის გაზრდა;
განისაზღვროს ერთჯერადად გაცემული სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობის 10%-დან 30%-მდე;
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს არ ჰქონდეთ სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება;
გაუქმდეს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების განსაზღვრის საგამონაკლისო წესი;
გათანაბრდეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების იდენტური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოების კოეფიციენტები;
სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქოდეთ უფლება მიიღონ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;
დეტალურად განისაზღვროს კერძო სექტორთან კონკურენციის მუხლი და განისაზღვროს სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს თანამდებობათა ჩამონათვალი.
სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემა ამოქმედდეს კანონის ამოქმედებასთან ერთად და არა საგამონაკლისო წესით 2021 წლის პირველი იანვრიდან;
ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა არსებული ანაზღაურების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე, ე.ბ-ს მართვის ქვეშ არსებული სატრანპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ; მეტანფეტამინი (0,92 გრ.), კოკაინი (0,62 გრ.), მარიხუანა (5,63 გრ.) ექსტაზი (762 აბი) და აღნიშნული აბების ნატეხები, ასევე ნარჩენი ფხვნილი (18,51 გრ.) აღმოაჩინეს“.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
მთა შავნაბადაზე ნისლის გამო ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს ხულოში. მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე მაშველ-მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავნაბადაზე ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა ჭირს და ვერტმფრენი მუშაობას ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში თუ ნისლი გაიფანტება, ხანძრის ჩასაქრობად ორივე ვერტმფრენი [ქართული და თურქული] მუშაობას განაახლებს.
სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, „მთა შავნაბადაზე წუხელ ცოტა წამოწვიმა, ამ დილით კი ოდნავ ჟინჟღლავს… ხანძარი, როგორ ასეთი არ არის, რამდენიმე ადგილზე კვამლი შეინიშნება“.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის, ამიტომ მუშაობა გრძელდება… კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა.“
საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 6 სექტემბერს, ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.
კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრაზე საუბარი იყო პრორუსული განწყობების გაძლიერების პრობლემაზე, რითაც რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით მოეწყო.
რამდენად ეფექტურია ხელისუფლების ქმედებები პრორუსული განწყობების შესასუსტებლად და რა არის საჭირო საზოგადოების ცნობიერების გაზრდისთვის? ამ თემაზე „ბათუმელები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ესაუბრა.
ქალბატონო ეკა, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ჰქონდა კანონპროექტი, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მხრიდან რუსული პროპაგანდის აკრძალვას მოითხოვდა. რა ეტაპზეა ეს საკითხი?
ეს ინიციატივა მიმართული იყო იმისთვის, რომ რეგულაციები, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიების რეკლამას, უფრო დაგვეზუსტებინა, რომ პოლიტიკურ პარტიას არ გაეშვა ისეთი ტიპის პოლიტიკური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ბაზების დაკანონებას ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი კანონმდებლობით რუსეთი აღიარებულია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეკლამა, მით უმეტეს უფასო რეკლამა პრორუსულ განწყობებს გააძლიერებდა. ამ ეტაპზე, რაც ვიცით, პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებით, თუმცა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჯერ არ ჩანიშნულა და შესაბამისად, არ ვიცით როგორ განვითარდება ეს მოვლენები.
რატომ არის სახიფათო პრორუსული რიტორიკის გაძლიერება, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ?
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არიან პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას და შეფარულად, ან ღიად ცდილობენ დაარწმუნონ ჩვენი მოსახლეობა, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და შესაძლებელია ჩვენთვის ხსნაც იყოს ის, რომ რუსეთი გახდება ჩვენი მეგობარი და თუკი ჩვენ რუსეთს შევთავაზებთ ჩვენს ტერიტორიებს და ბაზებს განვათავსებინებთ, შესაძლებელია ეს დაგვეხმაროს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში.
რა თქმა უნდა ეს არის ცეცხლთან თამაში. ეს არ შეიძლება ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული ჩვენი სახელმწიფოსი და შესაბამისად, არ შეიძლება ისინი ჩავთვალოთ ჩვენ პარტნიორებად ან მეგობრებად, იმიტომ რომ მათ არ შეიძლება ჩვენი პროგრესი უხაროდეთ.
როგორ უნდა მოხდეს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და ხედავთ თუ არა სახელმწიფოს ძალისხმევას ამ მიმართულებით?
რუსული პროპაგანდა არის ძალიან დიდი პრობლემა მსოფლიოში და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან რუსები, ამ მეთოდებით ვერ დავუპირისპირდებით. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ვერ დახურავენ რომელიმე მედიასაშუალებას, რაც მარტივად შეიძლება მოხდეს რუსეთში.
ჩვენი მმართველი პარტია რა თქმა უნდა არ არის პრორუსული, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების გზავნილები უნდა იყოს ერთგვაროვანი და მკაფიო. თუმცა, იმის გამო რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრორუსულ გზავნილებს აკეთებდნენ, ეს საზოგადოების დაბნეულობას იწვევდა.
დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული სტრატეგიული დოკუმენტები არსებობს და გვაქვს წინსვლა ევროკავშირთან, მაინც მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნისგან გზავნილები იყოს მკაფიო. გვაქვს შემთხვევები როცა ადგილობრივ თვითმმართველობებში ასეთი გზავნილები მკაფიო არ არის და პრორუსული გზავნილების გავრცელების მხრივ პრობლემები არსებობს.
როცა ხელისუფლებას აქვს განსხვავებული გზავნილები, რაზე მიანიშნებს ეს?
პირველი პრობლემა, ალბათ, დაკავშირებულია კოორდინაციის ნაკლებობასთან ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მეორე შეიძლება იყოს ის, რომ მმართველ პარტიაშიც ადამიანების შეკრება არ ხდება ღირებულებების მიხედვით და არაერთგვაროვანი ღირებულებების მქონე ადამიანების ერთობლიობა არის პოლიტიკური კულტურის თემა და უფრო დიდი პრობლემაა, როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე სხვა პარტიებისთვისაც.
სხვადასხვა კვლევები აჩვენებს რომ პრორუსული განწყობების გაძლიერებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს მედია, შემდეგ კი პოლიტიკური პარტიები. ვიცით ისიც, რომ პრორუსული მედიიის ფინანსური წყარო რუსეთია. ქართული კანონმდებლობით როგორც მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყარო უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება საკმარისი ძალისხმევის გაღება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ფინანსური წყაროები საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. რატომ?
შესაძლებელია აქაც იყოს რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ არ იყოს ეფექტური ჩვენი სპეცსამსახურები და პროფესიონალიზმის პრობლემაა, მეორეს მხრივ კი, არ იყოს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება. ეს გზავნილები რომელიც გვესმის, რომ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთის ფედერაცია, ესეც შესაძლებელია მოქმედებდეს ამაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არის გარკვეული აქტივობები განხორციელებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამავე მიზანს ემსახურება პროექტიც „ძალა ევროპაშია“, რომლის ფარგლებშიც ხვდებით და ესაუბრებით ადამიანებს, მაგრამ არის თუ არა ეს აქტივობები საკმარისი და რა არის კიდევ გასაკეთებელი იმისთვის რომ საზოგადოება არ მოექცეს რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ და შეიცვალოს მათი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ?
ჩვენ ყველამ, ვინც ვფიქრობთ, რომ „ძალა ევროპაშია“ არის სწორი გზავნილი, ერთობლივად, კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დონორებმაც თავიანთი პროექტების კოორდინირება გააკეთონ, რადგან ბევრი პროექტია რომელიც ხორციელდება, მაგრამ საერთო სურათს ვერ ვქმნით. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ყველამ ჩვენი ქმედებების კოორდინაცია გავაკეთოთ. შედეგი ჯერ არ არის ეფექტური, რადგან ქართული საზოგადოება და მედიაც ამ მიმართულებით სულ რამდენიმე წელია რაც მუშაობს, აქამდე თითქოს არ ვაღიარებდით რომ ეს პრობლემა არსებობდა, ამიტომ, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერება მომწიფდეს.
შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საინფორმაციო კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერზე შესყიდვების საააგენტოს დავების საბჭო მსჯელობს. შპს „სტადიონმა“ „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა, დისკვალიფიკაცია მისცა.
კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში უპირატესობას ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიას ანიჭებს, რომელმაც ასევე სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი დააფიქსირა [ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა]. შესაბამისად, შანსი გაუჩნდა შპს „დაგს“, მიუხედავად იმისა, რომ მან მესამე პრეტენდენტზე ნაკლები, მაგრამ „საბა კონსტრაქშენთან“ შედარებით იგივე სამუშაოს შესასრულებლად ოთხი მილიონით მეტი მოითხოვა.
„საბა კონსტრაქშენი“ შპს „სტადიონს“ დავების საბჭოში უჩივის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიის საჩივრის პირველად განხილვას შესყიდვების სააგენტოში თავად სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე დასწრებია.
შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ის ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის კურირებისა და მისი ზედამხედველობის მიზნით შექმნეს. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას ჩააბარეს ბათუმის ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე ზედამხედველობაც.
სახელმწიფო სტრუქტურის მიერ დაფუძნებული შპს ვალდებულია, დაზოგოს ბიუჯეტის ფული და ხელოვნური პრობლემები არ შეუქმნას კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს იგივე სამუშაოს ოთხი მილიონით ნაკლებად სთავაზობს, ვიდრე მისი პრეტენდენტი. პარალელურად შემსყიდველს იმის ვალებულებაც აქვს, კარგად გადაამოწმოს აკმაყოფილებს თუ არა მიმწოდებელი სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას და ატვირთა თუ არა კომპანიამ შესაბამის ვებგვერდზე ყველა საჭირო დოკუმენტი.
კომპანიის მხრიდან სატენდერო წინადადებით მოთხოვნილი პირობების შეუსრულებლობაზე სანქციის არ გატარებამაც შესაძლოა გააჩინოს ეჭვები შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ.
ამ შემთხვევაში დავა სწორედ „საბა კონსტრაქშენის“ მხრიდან საჭირო დოკუმენტების არასრულად ატვირთვას ეხება. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ იმ ტიპის დოკუმენტების შემთხვევაში, რომლებიც კომპანიას ვებგვერდზე არ აუტვირთია, სატენდერო წინადადება ითვალისწინებდა დაზუსტებას [დოკუმენტის მოთხოვნა-მიწოდებას] და არა დისკვალიფიკაციას.
შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიის ოქმის მიხედვით პრეტენდენტს, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე უმცირესი ფასი დააფიქსირა, არ წარუდგენია ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ, საინფორმაციო ანკეტა და დანართი, ასევე ანალოგიური მიწოდების დადასატურებისთვის საჭირო მიღება-ჩაბარების ანგარიშფაქტურები და რამდენიმე სხვა დოკუმენტი, რის გამოც ის დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას.
მოკლე ამონარიდი ოქმიდან:
სატენდერო დოკუმენტაციის (კითხვარის) 10.1.6 პუნქტით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ პრეტენდენტის მიერ საერთოდ არ განხორციელდა სატედერო კითხვარით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო დანართის წარმოდგენა. ვინაიდან შპს “საბა კონსტრაქშენ”-ის მიერ საერთოდ არ განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო დანართების წარმოდგენა, პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
„საბა კონსტრაქშენი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შპს „სტადიონის“ შესყიდვების კომისიის გადაწყეტილებას და შესაბამისი ოქმის [კომპანიის დისკვალიფიკაციაზე] გაუქმებას ითხოვს.
საჩივრის მიხედვით, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის იმ ბრძანებას ეწინააღმდგება, რომლის მიხედვითაც სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლის წარდგენა ან დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას, ან არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
კომპანია საჩივარში ტენდერში დაფიქსირებული თანხების სხვაობაზეც აკეთებს აქცენტს:
ტენდერში მონაწილე დარჩენილი კომპანიების მიერ შეთავაზებულ ღირებულებასა და ჩვენს მიერ შეთავაზებულ ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს მიახლოებით 4 000 000 ლარს. რაც, თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მე-2 მუხლის (კანონის მიზანი) “ა” ქვეპუნქტთან, რომელიც “სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა”-ს ითვალისწინებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში ჩვენ გვაქვს იმპერატიული ჩანაწერი, რომ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ყველა სავალდებულო დანართი. ამ დანართებიდან პრეტენდენტმა სამი არ წარმოადგინა. დაზუსტებას ექვემდებარება შემთხვევა, თუკი ყველაფერი აქვს წარმოდგენილი და ამ დოკუმენტებში რაიმე გაურკვეველია. თავისთავად, კომპანია იცავს თავს, ამიტომ შეიტანეს საჩივარი. ჩვენ ველოდებით დავების საბჭოს გადაწყვეტილებას.
„საბა კონსტრაქშენს“, რომელიც ახლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება შპს „სტადიონთან“ თანამშრომლობის გაგრძელება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს. ეს კომპანია აშენებს ახალ საავადმყოფოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
დავების საბჭომ საჩივარი უკვე განიხილა, მოუსმინა ორივე მხარეს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
„საბა კონსტრაქშენი“ 2012 წელს დააფუძნეს. კომპანიის მფლობელია სლავა შერაზადიშვილი, ხოლო დირექტორი ლევან თარგამაძე. ეს კომპანია განსაკუთრებით ბოლო წლებში იღებს მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან. კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოსთან ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.
სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია შპს „დაგიც“. გასულ წელს კომპანიამ სახელმწიფო სტრუქურებისგან 46 მილიონ 730 ათასი ლარის ღირებულების, 2017 წლის ექვს თვეში კი – 10 მილიონი ლარის დაკვეთა მიიღო. ამ კომპანიის მფლობელმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას მაღალბიუჯეტიანი პროექტის დაფინანსებაზე უარი არ უთხრა.
„სამშენებლო კომპანია დაგი წარმოგიდგენთ“ – ამ ფრაზით იწყება ტელეკომპანია GDS- ის სატელევიზო სერიალ „ტიფლისის“ ყველა სერია. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა სამშენებლო კომპანიამ მრავალსერიანი ფილმი სრულად დააფინანსა.
შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში, სოფელ გოგინაურში გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი და ნალია მთლიანად დაიწვა.
ხის ორსართულიან სახლს ცეცხლი დღეს გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ქედისა და შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცდილობდნენ.
დღვანის თემში გამგებლის წარმომადგენლის ჯუმბერ ფუტკარაძის თქმით „ცეცხლის კერიდან 5-7 მეტრში საცხოვრებელი სახლია, გოგიტიძეების სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა ყველა ძალა ვიღონეთ, რომ ხანძარი გვერდით არსებულ სახლებზე არ გადასულიყო“ .
ათენის მსოფლიო ჩემპიონატში ხულოელმა მოჭიდავემ – ოთარ აბულაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მონაწილეობდა ჭაბუკთა შორის. ოთარ აბულაძე 17 წლისაა.
მსოფლიო ჩემპიონატი ათენში გრძელდება. დღეს, 6 სექტემბრის საღამოს ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის კატეგორიაში ბათუმში მცხოვრები თემურ ხოზრევანიძე მიიღებს მონაწილეობას.
„ის იბრძვის მესამე, ან მეხუთე ადგილისთვის. ხვალიდან გოგონებს შორის იქნება შეჯიბრი. ამ კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს. ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე, ქობულეთელი თორნიკე ქათამაძე ზეგ თავისუფალ ჭიდაობაში იასპარეზებს,“ – გვითხრა თემურ ხოზრევანიძის მწვრთნელმა, ლევან შავაძემ.
ათენის მსოფლიო ჩემპიონატში 45 ქვეყანა მონაწილეობს.
საავტორო კინოს ბათუმის მე-12 კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა მოჰსენ მახმალბაფი [ირანი/საფრანგეთი]. ჟიურის წევრები არიან: ნუცა ალექსი-მესხიშვილი [საქართველო], დიანა აშიმოვა [ყაზახეთი], სიდიქ ბარმაკი [საფრაგენთი] და ბორის შულმანი [შვედეთი].
დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის თავჯდომარე ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება საქართველოდან. ჟიურის წევრები არიან: შონ მაკალისტერი [დიდი ბრიტანეთი], მეჰმეტ ალი არსლანი [თურქეთი], ვიქტორ კუფალი [გერმანია] და სეიფოლა სამადიანი [ირანი].
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საფარ ჰაქდადოვი [ტაჯიკეთი] იქნება. ჟიურიში არიან: ჰანა მახმალბაფი [დიდი ბრიტანეთი] და ნინელი ჭანკვეტაძე [საქართველო].
ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მეთორმეტედ იმართება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრამდე გასტანს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამ საკონკურსო სექციას – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.
შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში, სოფელ გოგინაურში გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი იწვის. ხის ორსართულიან სახლს ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა.
დღვანის თემში გამგებლის წარმომადგენლის ჯუმბერ ფუტკარაძის ინფორმაციით, ცეცხლს შუახევის სახანძრო ბრიგადა აქრობს. „დამატებით ქედის სახანძრო ავტომობილი გამოვიძახეთ, ჩემი ინფორმაციით ავტომობილი უკვე გზაშია,“- გვითხრა ჯუმბერ ფუტკარაძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანამ ოთხი ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. შედეგად, ფორმალურად არსებული თვითმმართველობები კვლავაც დედაქალაქიდან – თბილისიდან იმართება.
21 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მერები და საკრებულოს წევრები 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში უნდა აირჩიოს, თუმცა არჩევნებამდე 3 თვით ადრე მხოლოდ დედაქალაქში დასახელდა მერობის კანდიდატები. ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არ იციან, თუ ვინ არიან მათთან საარჩევნო კანდიდატები, არადა, არჩევნებამდე 1.5 თვეც არაა დარჩენილი.
თბილისი – პრიორიტეტული თვითმმართველი ქალაქი და ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი
“თბილისი ყველაზე დიდი ურბანული ცენტრია, რომელიც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია,” – გვითხრა “ევროპული საქართველოს” სპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ. ამ პოლიტიკურმა ძალამ ელენე ხოშტარია, თბილისის მერობის კანდიდატი, ყველაზე ადრე, 27 მაისს წარუდგინა საზოგადოებას.
“ყველა პოლიტიკური ცვლილება ისტორიულად თბილისიდან იწყება. ამიტომ ჩვენ, რომელსაც გვინდა, რომ მართლაც პოლიტიკური ცვლილებების არჩევნები იყოს ეს, სწორედ დედაქალაქიდან დავიწყეთ და წარვადგინეთ ჩვენი მერობის კანდიდატი – ზაალ უდუმაშვილი,” – ამბობს ხატია დეკანოიძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი.
“თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურა გუნდში იყო უალტერნატივო, ამიტომ აღარ დავაყოვნეთ ამ ინფორმაციის გახმოვანება და ეს იყო იმის მიზეზი, რომ დედაქალაქის მერის კანდიდატი დაგვესახელებინა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარლამენტში.
კოტე კანდელაკი, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, წლებია აკვირდება და სწავლობს საქართველოში თვითმმართველობის განვითარების პროცესს. იგი რამდენიმე მიზეზის შესახებ საუბრობს, თუ რატომ რჩება დღემდე თბილისი ერთადერთ პოლიტიკურ ცენტრად ქვეყანაში და პრიორიტეტულად პარტიებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს:
1. თბილისში ამომრჩეველთა ⅓-ია თავმოყრილი:
2. თბილისში გამარჯვება ნიშნავს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას:
3. თბილისში განსაკარგი თანხები მთელ დანარჩენ მუნიციპალიტეტებს აღემატება:
ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც ასევე წლების მანძილზე სწავლობს თვითმმართველობის სფეროში არსებულ ვითარებას, თითქმის ანალოგიურ მიზეზებს ასახელებს:
“პარტიებს უფრო აინტერესებთ დედაქალაქი, თავისი სტატუსიდან გამომდინარე. ასევე – რეგიონებში წარმომადგენლობის ოფისის ქონა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული”.
პოლიტიკური პარტიების სუსტ განვითარებაზე საუბრობს კოტე კანდელაკიც, მისი თქმით, პარტიები ნაკლებად არიან წარმოდგენილი რეგიონებში.
სპეციალისტების შეფასებას პარტიების რეგიონული ინფრასტრუქტურის სისუსტესთან დაკავშირებით იზიარებს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე. იგი ფინანსურ სიმწირესთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლზე ამახვილებს ყურადღებას:
“ჩვენ დავკარგეთ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ თვითმმართველობებში ჩვენი წარმომადგენლები – პირდაპირ ელაპარაკებოდა სუს-ი მათ და ემუქრებოდა. ასე დავკარგეთ წევრები გურჯაანში, ზუგდიდში”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.
პარტიის წევრებზე სუს-ის ზეწოლის შესახებ საუბრობს ენმ-ის წარმომადგენელიც, თუმცა, ხატია დეკანოიძის თქმით, მათი რეგიონული ოფისები დღემდე გამართულად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ს სამ ეტაპად გაემიჯნენ მისი ყოფილი წევრები – პირველი ნაწილი ახლა “გირჩის” ეგიდით აგრძელებს საქმიანობას, მეორე – “ახალი საქართველოს” და მესამე “ევროპულ საქართველოდ” ჩამოყალიბდა.
“რეგიონების მიმართულებით მუშაობა ჩვენი პარტიის პრიორიტეტია. პარტიული სტრუქტურების მშენებლობა უმრავლეს რეგიონში უკვე დასრულებულია. თვითმმართველობის არჩევნები, ზოგადად, კარგი შესაძლებლობაა პარტიისთვის რეგიონული ორგანიზაციების გასაძლიერებლად, ახალი სახეების მოსაძებნად და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” სპიკერი.
თვითმმართველობა – ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე ხელისუფალთათვის
“ტენდენცია ასეთია: ყოველთვის ოპოზიცია ითხოვს მეტ უფლებებს და დემოკრატიას ადგილებზე, მაგრამ როდესაც თვითონ მოდის ხელისუფლებაში, ეს ავიწყდება და ისევ ძველი სტილით აგრძელებს”, – ამბობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი.
აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი – ეს არის ძირითადი მიზეზი, რაზეც პოლიტიკოსები და სპეციალისტები საუბრობენ იმის ასახსნელად, თუ რატომ ვერ მოხერხდა 26 წლის მანძილზე საქართველოში რეალური თვითმმართველობებისა და დეცენტრალიზაციის მიღწევა.
“ჩვენ საბჭოთა კავშირის მართვის სისტემის გავლენის ქვეშ ვართ. ცენტრალიზებული მართვის სისტემა ავტორიტარული რეჟიმისთვის არის ზედგამოჭრილი. პრობლემა ის არის, რომ არავის, ვინც ცენტრალურ ხელისუფლებაში მოდის, არ უნდა ამ მართვის ბერკეტების ხელიდან გაშვება და არ აძლევს საშუალებას, რომ ქვედა დონეებზე დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, რაც არის თვითმმართველობის არსი, რომ ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის მიერ”, – აცხადებს კანდელაკი.
“ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ სურს არც ერთ ხელისუფლებას რეალური დეცენტრალიზაცია, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნოდ – დეცენტრალიზაციის და ბევრი თანამდებობის პირის არჩევითობის შემთხვევაში უფრო რთულია ამის ცენტრალიზებულად მართვა და პარტიული ვერტიკალის დაცვა”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საიას იურისტი.
“სამწუხაროდ, სუსტი თვითმმართველობები, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნებისმიერი ძალა იწყებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას და აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებას. თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასუსტებს აბსოლუტურ ძალაუფლებას”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე.
სამნიძე იხსენებს, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში, როცა მისი პარტია “ქართულ ოცნებასთან” ერთად იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, შესაძლებელი გახდა თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა. საუბარია 2014 წელს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის შედეგადაც 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატა კიდევ 7 თვითმმართველი ქალაქი, პირდაპირი წესით არჩევითი გახდა ყველა მერისა და გამგებლის პოსტი, საარჩევნო ბარიერი მერებისთვის და გამგებლებისთვის გაიზარდა 50%-მდე და ა.შ. სამნიძის თქმით, შემდეგი ნაბიჯები უნდა ყოფილიყო ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭება მერებისა და გამგებლებისთვის, თუმცა ამის ნაცვლად ხელისუფლებამ ცენტრალიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები. ამის მაგალითად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან შერწყმის გადაწყვეტილებას ასახელებს.
“ძალიან ბევრი ლოზუნგი, რომლითაც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, არ შეასრულა, მათ შორის ხმამაღალი ლოზუნგი იყო დეცენტრალიზაციისკენ ნაბიჯები. სამწუხაროდ, მოხდა რევერსი და მივიღეთ ვითარება, როცა თვითონ გაიუქმეს საკრებულოს წევრებმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე, ენმ-ის წარმომადგენელი.
მისი თქმით, არ ეთანხმება შეფასებას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ენმ არ დგამდა ნაბიჯებს დეცენტრალიზაციისკენ. მისი თქმით, რეგიონული ცენტრების შექმნას ემსახურებოდა ქუთაისში პარლამენტის გადატანა, სიღნაღის, ბათუმის, სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტბის განხორციელება. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს პროექტები სწორედ თვითმმართველობებთან შეუთანხმებლად იწყებოდა და ხორციელდებოდა. მაგალითად, 2009 წელს ქუთაისში ისე ააფეთქეს საბრძოლო დიდების მემორიალი, სადაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ააშენა, რომ ამის თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული ქუთაისის მერია.
რატომ არის რეფორმიდან და დეცენტრალიზაციიდან გადახვევა თვითმმართველი ქალაქების გაუქმება?
15 ივნისს ხელისუფლებამ 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმა. შედეგად, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთაში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ამბროლაურში ამომრჩევლები აირჩევენ არა ქალაქის, არამედ გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერს.
მაგალითად, თუკი 2014 წელს ცალკე იქნა არჩეული ქალაქის მერი და ცალკე თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამჯერად ადგილობრივი მოსახლეობა აირჩევს თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერს.
ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებას რეფორმის თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ირმა პავლიაშვილი.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს მოქალაქეთა ჩართულობას, რაც თვითმმართველობის ამოსავალი პრინციპია.
მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა პეტიცია. პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს.
მაგალითად, თუკი ქალაქ გორში კონკრეტული სკვერის კეთილმოწყობის ან სხვა საკითხის მოწესრიგების მიზნით პეტიციის წარსადგენად საჭიროა 503 ადამიანის ხელმოწერა, ვინაიდან 2016 წელს აქ 50 395 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, იმის გამო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქი გორი გორის მუნიციპალიტეტთან გაერთიანდა, ანალოგიური პეტიციისთვის უკვე 910 ხელმოწერის შეგროვება იქნება საჭირო, ვინაიდან ამომრჩეველთა რაოდენობა 90 790-მდე გაიზრდება.
რაოდენობრივი ზრდის გარდა, ირმა პავლიაშვილი იმ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა საჭიროება აქვთ და მათი შეთანხმება ამ მხრივაც გართულებული იქნება.
“ეს გააუარესებს ჩართულობის მექანიზმებს”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის 15 ივნისის დადგენილება, რომლითაც მოხდა თვითმმართველი ქალაქების შერწყმა, უკვე გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამავე კანონზე პრეზიდენტის ვეტო კი უკვე დაძლია პარლამენტმა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ამ პროცესშიც ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ ხდება რეალურად თბილისიდან, ცენტრიდან თვითმმართველ ერთეულებში ვერტიკალური მართვა.
“2013-14 წლებში შემუშავებული რეფორმა იყო მიმართული ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, რაც პირველ ეტაპზე ქალაქების გამოყოფით დასრულდა და შემდგომ, 2017 წლამდე ეს პროცესი უნდა გაღრმავებულიყო, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ახლოს მისულიყო მოქალაქეებთან”, – აცხადებს კოტე კანდელაკი.
“სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი თვითმმართვლოებები, სადაც ცენტრალიზებულია მთელი ქვეყანა და ადგილებზე წყდება პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ სუს-ის მიერ. ქალაქების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო ცენტრში ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მოამზადა კანონპროექტი, მოამზადა საკითხი, მომზადებული ჩაუტანა თვითმმართველობებს, იმ ქალაქებს, რომლებმაც სტატუსი მოიხსნეს და საკრებულოში გამზადებულ დოკუმენტს უყარეს კენჭი, მაგრამ მანამდე პირდაპირ მიდიოდა თითოეულ დეპუტატთან სუს-ის მუშაობა”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
კრიტიკულ შეფასებებს არ იზიარებს მმართველი გუნდი, რომელიც მიიჩნევს, რომ თავის დროზე, ამ ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქების სტატუსის მინიჭებით შეცდომა იქნა დაშვებული და ახლა შეცდომას ასწორებენ.
“რამდენიმე წლის წინ “ქართულმა ოცნებამ” ძალიან წარმატებული რეფორმა განახორციელა თვითმმართველობის კუთხით. ჩვენ არ გვიჭირს იმაზე ლაპარაკი, რომ იყო მცირე ხარვეზები ამ რეფორმასთან დაკავშირებით, დიდი პროცენტი ამ რეფორმისა შეგვიძლია ჩავთვალოთ წარმატებულად, ეს არა მხოლოდ ჩემი შეფასებაა და იქ, სადაც იყო მცირე ხარვეზები, ამასთან დაკავშირებით მსჯელობას მოჰყვა ის, რომ რამდენიმე თვითმმართველ ქალაქში მოხდა შერწყმა და არავითარ შემთხვევაში ის, რასაც ახმოვანებენ ჩვენი ოპონენტები, რომ თითქოს გაუქმდა ქალაქების სტატუსი და ა.შ. ეს არის რეფორმის გაგრძელება და კიდევ უფრო დახვეწა”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ ასე უფრო ადვილად სამართავი იქნება მუნიციპალიტეტები:
“არავის არაფრის სტატუსს არ ვართმევთ, არც არჩევითობას ვეხებით, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთ მუნიციპალიტეტში, თელავის სოფლებიც და ქალაქიც, ერთი პირის, მერის მიერ უფრო ადვილად სამართავია, ვიდრე ცალ-ცალკე. ვინარჩუნებთ იმ ტერიტორიულ პრინციპს, რაც საქართველოშია. მაშინ უნდა დავყოთ ყველა ქალაქი და სოფელი ერთმანეთისგან, რაც არ არის სწორი მართვის კუთხით. დემოკრატიის ხარისხს კიდევ ჩვენ არ ვამცირებთ, პირიქით – სექტემბერში და მომდევნო სესიების პერიოდშიც საკმაოდ საინტერესო ინიციატივები გვექნება პარლამენტში”, – აცხადებს ალავიძე.
ჯერ უცნობია, ამჯერად რა ტიპის ინიციატივები ექნება ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ ის თანხა, რაც ორი ადმინისტრაციის გაერთიანებით დაიზოგება ხელფასებსა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
“ჩვენ თუ გამსხვილებისკენ წავალთ, მაშინ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რატომ ცალკე გორი და კასპი? გავაერთიანოთ, გავამსხვილოთ და რაღაც ხარჯები შემცირდება ამით. ბოლოს იქამდე მივალთ, რომ საერთოდ რა საჭიროა ადგილებზე ხელისუფლება? ზედმეტი ხარჯია წამომადგენლობითი ორგანოები და ა.შ. მთავრობა დანიშნავს ერთ თავის წარმომადგენელს და ის გააკეთებს იმ საქმიანობას. ანუ ისევ ცენტრალიზაციისკენ მივდივართ გამსხვილებით”, – აცხადებს კოტე კანდელაკი. მისივე თქმით, დემოკრატია ძვირი სიამოვნებაა და თუ გარკვეული თანხა არ დაიხარჯა, ისე შედეგს ვერ მივაღწევთ.
ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის საკითხზე მოსახლეობის განწყობები ბოლოს აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2017 წლის ივნისში შეისწავლა. შეკითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული ადგილობრივი მთავრობის საქმიანობას? – რესპონდენტების 16%-მა უპასუხა – “კარგად”, 52%-მა – “საშუალოდ”, 28%-მა – “ცუდად”.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე.
იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ შეხვდებით. უფრო მეტიც, თუ საირმე-აბასთუმანის დამაკავშირებელი გზით ოდესმე გისარგებლიათ, ამ ადგილის შორიახლოს აუცილებლად გაივლიდით.
ალპურ ზონაში, ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები ორი წლის წინ, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა აღმოაჩინა და მას შემდეგ ამ ულამაზესი ადგილის პოპულარიზაციას ცდილობს.
იმისთვის, რომ ქვასაყდარაზე მოხვდეთ, ჯერ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში უნდა ჩახვიდეთ, ბაღდათიდან კი – საირმეში. კურორტ საირმედან იმ მინდვრამდე, სადაც ქვასვეტებია მიმობნეული დაახლოებით 20 კილომეტრია. საირმეში აუცილებლად მოგიწევთ მანქანის დაქირავება ან დარჩენილი 20 კილომეტრის ფეხით გავლა. კურორტზე, როდესაც ახვალთ, გირჩევთ აუცილებლად შეისვენოთ და საირმის უნიკალური წყლები დააგემოვნოთ.
საირმეში წყლის ოთხი ბიუვეტია (ასე ჰქვია ადგილს, საიდანაც სამკურნალო წყალი გადმოდის), სამი ბიუვეტიდან წყლის დალევა შეუზღუდავად შეგიძლიათ, მეოთხე ბიუვეტიდან დალევა კი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის რეკომენდებული.
საირმედან გზა ქვასაყდარასკენ ულამაზეს ხეობაში გადის. გზად ბევრგან შეგხვდებათ ბუნებრივი ქვასვეტები, თავზე ამოსული ხეებით. კურორტს როგორც კი გასცდებით, აუცილებლად გაჩერდით ე.წ. სილამაზის წყაროსთან და მისი წყალი იგემეთ. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ის, ვინც ყოველდღე სვამს სილამაზის წყაროდან წყალს, ლამაზდება და უფრო ჯანმრთელი ხდება.
სილამაზის წყაროდან ქვასაყდარასკენ გზაზე ბევრგან შეგხვდებათ ფუტკრის სკა, რომელიც ველურ ბუნებაში ჩაუდგამთ სკის მეპატრონეებს. ყოველწლიურად ასობით მეფუტკრე ირჩევს ამ რეგიონს, როგორც აქ ამბობენ – „ფუტკრის დასასმელად“. დაახლოებით16 კილომეტრის გავლის შემდეგ მწყემსების სადგომი შემოგხვდებათ. იმერეთის ბარის სოფლებიდან გლეხები ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე მიერეკებიან ხოლმე თავიანთ საქონელს და მთელ სამ თვეს საძოვარზე ატარებენ. ამბობენ, რომ მწყემსების მიერ დამზადებული იმერული სულგუნი და ყველი განსაკუთრებულად გემრიელია.
ქვასაყდარა საირმე-აბასთუმნის გზაზე მდებარეობს. წლის ამ დროს, როცა უღელტეხილზე გადასასვლელი გზა გახსნილია, უამრავი ტურისტი გადადის ამ უმოკლესი გზით აბასთუმანში. იმის გამო, რომ არც ერთ ტურისტულ რუკაზე ქვასაყდარა აღნიშნული არ იყო, გზის ეს მონაკვეთი შეიძლება ისე გაგევლოთ, რომ მძინარე ლოდების მინდვრისთვის თვალიც ვერ მოგეკრათ.
ახლა ქვასაყდარას გადასახვევთან აბრაა, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ამ აბრიდან სადღაც 200 მეტრში ტურისტული ობიექტია.
ქვასაყდარაზე ასულს ნისლში ამომართული უზარმაზარი ქვის ლოდები დამხვდა. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ვულკანური წარმოშობის ქვები მნახველს ერთი შეხედვით ატყვევებს. როგორც ჩემმა მეგზურმა მითხრა, მზიან ამინდში ქვასაყდარადან ცნობილი მთა, დიდმაღალი და ზეკარის უღელტეხილი მოსჩანს. ნისლში გახვეული სხვადასხვა ფორმის ქვები ერთგვარი გამოცანაა. ერთ-ერთ ქვას მწყემსები მძინარე კაცის ქვას ეძახიან, კიდევ ერთ ქვა-სვეტს კი გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი სფინქსს ადარებს.
ქვასაყდარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ქვასაყდარაზე ორი წლის წინ ტურისტული თავშესაფარი მოეწყო. ტრიალ მინდორში ჩადგმულ კოტეჯში ტურისტებს თავის შეფარება შეუძლიათ – თავშესაფარში ღამის გათევა უფასოა, თუკი საკუთარი კარავი გაქვს. იქვეა საკემპინგე ადგილები. ელექტროგენერატორის წყალობით კი ტელეფონების და სხვა ელექტრომოწყობილობების დამუხტვაცაა შესაძლებელი. ტურისტული თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა უფასოა, ხოლო თუ ტურისტებს ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა-დაგემოვნება სურთ, თავშესაფრის მასპინძლები ამ სერვისს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში სთავაზობენ.
ქვასაყდარასადმი ინტერესი უფრო მთის მოყვარულ ტურისტებს აქვთ. იმის გამო, რომ შემოდგომაზე ეს ადგილი მტაცებელი ფრინველების გადაფრენის არეალია, მისი ტურისტული პოტენციალი უფრო იზრდება.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ყოფილ შენობაში ახალი სკოლა გაიხსნება. ლიცეუმის დახურვის შემდეგ შენობა კომპანია „ვი თი ჯგუფმა“ შეიძინა. ამ კომპანიაში განმარტავენ, რომ ლიცეუმის შენობის ტერიტორიაზე კერძო და საზაფხულო სკოლები გაიხსნება. „ვი თი ჯგუფი“ არსებული შენობის ინფრასტრუქტურის განახლებას, მოდერნიზაციას და მაღალკვალიფიციური გუნდის შექმნას აპირებს.
„კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო, კონკრეტულად კი კერძო საშუალო სკოლების სეგმენტი, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში დაარსოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. „ვი თი ჯგუფი“ წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც წარმატებულად მოღვაწეობს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. კომპანიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო სფერო. 2012 წელს „ვი თი ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ქართულ-ამერიკული სკოლა, რომელსაც ამჟამად ორი ფილიალი აქვს თბილისში. “ქართულ-ამერიკული სკოლა / Georgian-American School ” (www.gas.edu.ge) ერთ-ერთი წამყვანი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელმაც თავისი არსებობის უმოკლეს პერიოდში დაიმკვიდრა წარმატებული და ღირსეული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელი”, – აღნიშნულია „ვი თი ჯგუფის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პედაგოგების გუნდი ახალ სკოლაში დაკომპლექტებული იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტებით. სკოლას ექნება მათემატიკისა და უცხო ენების შემსწავლელი გაძლიერებული პროფილი. გარდა ამისა, იგეგმება თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის გახსნაც.
ავტორიზაციის საბჭომ ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია მიმდინარე წლის თებერვალში გაუუქმა, რის გამოც სკოლამ ფუნქციონირება შეწყვიტა. რამდენიმე დღის წინ კი, ამავე ავტორიზაციის საბჭომ, თბილისში არსებული დემირელის სკოლაც დახურა.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება დემირელის სკოლების ქსელის კიდევ ორი სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის და რუსთავის რუსთაველის სახელობის სკოლები.
დემირელის სკოლების ქსელის მფლობელები მიიჩნევენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია და დემირელის ქსელის სკოლებს საქართველოში თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით ხურავენ
ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ მეორე დღეა საპორტო ქალაქების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას სტუმრები რამდენიმე ქვეყნიდან ესწრებიან. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და განხილვის თემაა, „საპორტო ქალაქები როგორც საკონტაქტო ზონები და საგანგებო ადგილები“.
„ბათუმელები“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.
„საპორტო ქალაქის თავისებურება და მისი საგანგეობა მდგომარეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს გარკვეული წინააღმდეგობის გრძნობა იმისთვის რომ რომელიმე სახელმწიფოს ან ერთ რომელიმე ჯგუფს არ ადემორჩილოს ქალაქი.
საპორტო ქალაქი არ ემორჩილება ამ წესებს და ყოველთვის არის რაღაც სიახლის შემომტანი, რადგან ის დაკავშირებულია ერთის მხრივ თავის დედაქვეყანასთან, მეორეს მხრივ კი ის გახსნილია მსოფლიოს მიმართ და ამ გახსნილობას გადატყორცნის ქვეყნის შიგნითს“.
ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, საპორტო ქალაქები კულტურათა სიმრავლეს უწყობს ხელს, მოსახლეობა არის უფრო მრავალფეროვანი და არა ეთნიკურად ერთგვაროვანი. „გარდა ამისა, საპორტო ქალაქების მოსახლეობა რომელიც ჩართულია ასე თუ ისე ამ საზღვაო ურთიერთობებში, მათთვის სიახლის შეგრძნება და შემოტანა უფრო იოლი ხდება“.
კონფერენციაზე ძირითადი ფოკუსი სამ საპორტო ქალაქზე – ბათუმზე, ოდესასა და ტრაპიზონზე კეთდება. ანდრონიკაშვილის თქმით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეს სამი ქალაქი მათი ისტორიული მნიშვნელობის გამო იქნა არჩეული.
კონფერენციის მონაწილეები
„მათი ისტორია მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რადგან სამივე ქალაქმა შეიცვალა იმპერიული მისამართი. ჯერ იყო დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ კი სამივე გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თუმცა, ტრაპიზონი ძალიან ცოტა ხნით.
ყოველშემთხვევაში, ეს ქალაქები დაკავშირებულია იმპერიული მემკვიდრეობით, რადგან ხდებოდა მოსახლეობის გაცვლა-გამოცვლა, მუჰაჯირები რომლებიც აჭარიდან და აფხაზეთიდან წავიდნენ, საქართველოში ჩამოვიდნენ მართლმადიდებელი ბერძნები და ა.შ. ბათუმი საინტერესოა იმითაც, რომ აქ ძალიან კარგად ჩანს მე-19, მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კონცენტრირებულად ჩანს ის პრობლემები რომელიც საქართველოს ისტორიას ჰქონდა.
ბათუმი იყო სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანი და თერგდალეულთა პროექტისთვისაც, იმისთვის რომ ის დედა საქართველოს ნაწილი გამხდარიყო.
მეორე მხარე ისტორიის ის არის, რომ ბათუმი გახლდათ საქართველოში სოციალისტური მოძრაობის დაბადების ადგილი. მესამე დასი პირდაპირ იყო დაკავშირებული ბათუმთან. ასევე, მემარცხენე ლიბერალიზმიც დაკავშირებულია საპორტო ქალაქებთან, ფოთთან და ბათუმთან, ნიკო ნიკოლაძის და გიორგი წერეთლის დიდი მეცადინეობით. იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინდუსტრიული მოდერნიზაცია და გიორგი წერეთელს პირდაპირ უწერია თავის რომანში „პირველ ნაბიჯი“ რომ ფოთის პორტმა და ბათუმმა საქართველო მრავალი საუკუნის შემდეგ დააბრუნა მსოფლიო რუკაზე და გადახადა ის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი.“
როგორია დღეს საპორტო ქალაქების როლი და რამდენად შენარჩუნებული აქვთ ძველი ნიშა? ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, კონფერენციის თემაც სწორედ ეს არის რომ საპორტო ქალაქების წარსული და მომავალი მნიშვნელობები დაინახოს.
„არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ თუკი მე-19 საუკუნეში საპორტო ქალაქები იყო კოსმოპოლიტური, დღეს უფრო პოსტკოსმოპოლიტურ მდგომარეობაშია. თითქოს საპორტო ქალაქები იწყებენ ამ როლის დაკარგვას, იმიტომ რომ კომუნიკაციის საშუალებები მრავალმხრივი გახდა, პორტი აღარ არის ექსკლუზიური ადგილი სიახლის შემოტანის, მაგრამ მეხსიერება არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ამ ქალაქებს ჯერ კიდევ გააჩნიათ.
მომავალში ბუნებრივია დარჩება საპორტო ქალაქებს ის ნიშა რომ ზღვასთან იქნება დაკავშირებული, რადგან ზღვასთან არსებობა მაინც მნიშვნელოვნად განაპირობებს კულტურულ კონტექსტს. თუკი მე-19 საუკუნეში ქართული კულტურა ინდიფერენტული იყო ზღვის მიმართ, რადგან ცნობიერება იყო რელიგიური და იერუსალიმი იყო ასე ვთქვათ სამყაროს ცენტრი, ზღვა თავისი არგონავტებით და ბერძნული მემკვიდრეობით მთლიანად იყო მიტოვებული, საპორტო ქალაქების მნიშვნელობის გაძლიერება დაიწყო მე-19 საუკუნეში როცა ნავთომის მაგნატები დაინტერესდნენ ბათუმით და ისინი აქცენდნენ ინდუსტრიალიზაციას და ეკონომიკას დიდ მნიშვნელობას და მათთვის ზღვა, განსხვავებით ზოგადად ქართული კულტურისთვის იყო შესაძლებლობების ადგილი, გახსნილობა და არა ვთქვათ კარჩაკეტილობა. დღეს ჩვენ ისევ შევტრიალდით ზღვისკენ, თუმცა ზღვის კულტურის ნიშა ამ სამი ქალაქიდან ყველაზე მეტად მაინც ოდესას აქვს შენარჩუნებული“-ამბობს ანდრონიკაშვილი.
კონფერენციის მონაწილეები მოწვეული არიან გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.
„დილით მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა ქვეითს, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა…“ – წერდა „ბათუმელები“ იმ დღესაც, როცა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
[checklist]
26 მარტიდან დღემდე ამ ქუჩის ერთ მონაკვეთში, „თიბისი ბანკთან“ მისვლამდე, ექვს ქვეითს დაეჯახა ავტომანქანა, მათ შორის, სამი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა ექიმებს ასევე ბათუმში, თამარის დასახლებაში. ბიჭს გზაზე ავტომანქანა დაეჯახა. ეს ამბავი 27 ივნისს მოხდა.
22 მარტი, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ერთ-ერთმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა. იქ დედა-შვილი იდგა… 9 წლის ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. დედა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
4 აპრილის საღამოს ასევე ტროტუარზე მიმავალი ქვეითი გაიტანა ავტომანქანამ მეტრო „სარაჯიშვილთან“ ახლოს.
ორ არასრულწლოვანს დაეჯახა ავტომანქანა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ისინი ე.წ. ზებრაზე გადადიოდნენ. არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
[/checklist]
ყოველდღიურად თვითმხილველები ვართ სიტუაციის, როცა მძღოლი გზას არ უთმობს ქვეითს, მათ შორის, შუქნიშანთან, ან ქვეითთა გადასასვლელზე. მოძრაობის წესებს არღვევენ ქვეითებიც – ქუჩის აკრძალულ მონაკვეთზე გადარბენით. ხშირად არც შუქნიშანს აქცევენ ყურადღებას.
ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა. ამ მონაკვეთზე ბოლო წლებში არაერთი ავტოავარია მოხდა
[highlight color=”green”]„ავტოავარიით საქართველოში იღუპება ორნახევარჯერ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ევროპაში“[/highlight]
ეს ეკა ლალიაშვილმა გვითხრა, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელმა. „ყოველწლიურად იზრდება ეს მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს 581 ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ჩვენთან საშუალოდ 100 ათას ადამიანზე 15-16 ადამიანი იღუპება ავარიების შედეგად, ევროპის ქვეყნებში კი, საშულოდ 5-6 ადამიანი იგივე 100 ათას კაცზე,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევაზე პროკურატურას 2017 წლის იანვრიდან მაისამდე 301 ადამიანის მიმართ დაუწყია სისხლის სამართლებრივი დევნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ავარიების შედეგად ქვეყანაში 624 ადამიანი დაზარალებულა, მათ შორის – 58 არასრულწლოვანი.
ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კომპლექსური სტრატეგია უნდა შეიმუშავოს ამ მაჩვენებლის შესამცირებლად. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა სპეციალისტები გამოყოფენ აქტიურ და აგრესიულ საინფორმაციო კამპანიას, ასევე სკოლებში მოზარდებისთვის შესაბამისი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდებას. სპეციალისტების აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რა რეაგირება მოჰყვება თითოეულ სამართალდარღვევას პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. „სამართლიან გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, პრევენციული დატვირთვა აქვს. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი დაისჯებიან, თუკი ქუჩაში წესებს დაარღვევენ და არ გაუფრთხილდებიან როგორც საკუთარ, ისე სხვის სიცოცხლეს,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი.
[highlight color=”green”]მხოლოდ სამი პატიმრობა 142 შემთხვევიდან – ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა[/highlight]
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე სასამართლომ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, ჯამში, 142 საქმე განიხილა. სასამართლოს არც ერთი მძღოლი არ გაუმართლებია. სასამართლოს პროცესებზე პროკურატურა და ბრალდებული უმეტეს შემთხვევაში მორიგებულან და საპროცესო შეთანხმებები გაფორმებულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ პასუხისგებაში მიცემული 142 პირიდან მხოლოდ სამი გაუშვა ციხეში. წელს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთ პირს შეეფარდა, ორს – 2016 წელს.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ისჯება. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. 2018 წლიდან სასჯელის სახეს – თავისუფლების შეზღუდვას შინაპატიმრობა ჩაანაცვლებს. შემთხვევის სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა ბრალდებულს ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის მოხდა დაეკისროს. 276-ე მუხლი მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე.
[highlight color=”green”]მსჯავრდებული: ყოველთვის მძღოლი გამოდის დამნაშავე[/highlight]
როინ ამაღლობელი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ავტოავარიის გამო ჯარიმის – ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამას გარდა, მას 6 თვით შეუჩერდა ავტომანქანის მართვის მოწმობით სარგებლობა.
„შემთხვევა ხელვაჩაურის გზატკეცილზე მოხდა, დილის ხუთის ათი წუთი იყო, – ყვება როინ ამაღლობელი, – ახალგაზრდა ქალმა უცებ გადმოკვეთა გზა, დამუხრუჭება შეუძლებელი იყო. ის ახლაც ცუდადაა, ვერ გამოჯანმრთელდა. მესმის მისი, მაგრამ ყოველთვის მძღოლი არაა დამნაშავე. ქვეითებიც ყურადღებით უნდა იყვნენ. ქვეითის გასაკეთებელს მძღოლი ვერ გააკეთებს“.
ამ საქმეზე დაზარალებულმა, 40 წლის ქალმა, ჩვენება ვერც გამოძიებას მისცა და ვერც სასამართლოს. მან ავტოავარიის შედეგად მეტყველების უნარი დაკარგა.
[highlight color=”green”]დაზარალებული: რა უნდა მოვთხოვო, ბედისწერა იყო ეს[/highlight]
გასული წლის 25 სექტემბერს ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კლინიკა „მედინასთან“, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი ორი ქალი დაიღუპა, ერთი – დაშავდა.
„არ ვიცი, რა გამოიძიეს, ან რა გადაწყვეტილება გამოიტანეს, არ მაინტერესებს, – გვითხრა დავით დავითაძემ, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლეა. – მძღოლი ჩემი ცოლის მეგობარი იყო. არ მომითხოვია ვინმეს დასჯა, რა უნდა მოვთხოვო, ბედისწერა იყო ეს…“
როგორ უნდა ისჯებოდეს ადამიანი, რომელიც ავტოსაგზაო მოძრაობის წესებს არღვევს – დავით დავითაძე ფიქრობს, რომ დაჯარიმების სისტემა უნდა გამკაცრდეს და ვიდეო-სათვალთვალო კამერებს აქტიურად უნდა იყენებდეს პოლიცია, ვიდრე მსგავსი ტრაგედია მოხდება. იგი საგზაო ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი აზრით, ხშირად მძღოლებს წესების დაცვის საშუალებას არ აძლევს.
ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა გენადი მახარაძეც, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მიმდინარე წლის პირველ მაისს იგი მეუღლესთან ერთად სარფიდან ბათუმისკენ ტაქსით მოდიოდა.
„დაახლოებით საღამოს 10 საათი იყო, გონიოს ციხეს გამოვცდით და ძლიერი შეჯახების ხმა მახსოვს, გონება დავკარგე. რაღაც დროში მომესმა, როგორ იძახებდნენ სასწრაფოს, სისხლში ვცურავდი. თურმე უკანა სავარძლიდან მანქანის წინა საქარე მინას დავჯახებივარ თავით,“ – გვიყვება გენადი მახარაძე. საავადმყოფოში მოხვედრილა ტაქსის მძღოლიც, შედარებით მსუბუქი დაზიანებებით.
გამოძიების მიმდინარეობით არც გენადი მახარაძე დაინტერესებულა. მიიჩნევს, რომ დასჯა არაფერს შეცვლის და მთავარი დაზარალებულის ფინანსური მხარდაჭერაა. „არც მოვუკითხივართ არავის. დაზღვეული ვარ და სადაზღვევო კომპანიაში მომთხოვეს გამოძიების მონაცემის წარდგენა. გამომძიებელმა მითხრა, რომ საქმე გადაცემულია სასამართლოში. ალბათ, დაგვიბარებენ და მოისმენს მოსამართლე ჩვენს პოზიციას… ჩემი აზრით, გააჩნია შემთხვევას, თუკი სიკვდილი გამოიწვია შემთხვევამ, მაშინ უნდა დაისაჯოს დამნაშავე მკაცრად. სხვა შემთხვევაში, როცა გაუთვალისწინებლად ხდება რაღაც, მთავარია, ფიზიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა,“ – ამბობს გენადი მახარაძე.
[highlight color=”green”]რა უნდა შეიცვალოს ქვეითების დაჯარიმებისა და მართვის მოწმობის გაცემის კუთხით[/highlight]
მძღოლების ადეკვატურად დაჯარიმების გარდა, „საქართველოს ალიანსში უსაფრთხო გზებისთვის“ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ ქვეითების დაჯარიმებასაც. „ამას ხშირად თავს არიდებს პოლიცია. შესაძლოა ჯარიმა იყოს 10 ლარი, მაგრამ ინტენსიურად უნდა დააჯარიმონ ქვეითები, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. გვახსოვს, როგორი ეფექტი ჰქონდა თავის დროზე ღვედების არგაკეთების გამო დაჯარიმებას. ხელისუფლების ვალდებულებაა, განსაკუთრებით ქვეითთა გადასასვლელებზე უსაფრთხო გადასვლა უზრუნველყოს,“ – ამბობს ეკა ლალიაშვილი.
მისივე აზრით, შედეგზე პოზიტიურად აისახება, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მომავალი წლიდან ავტოსკოლები სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებას დაექვემდებარებიან.
„ამ შემთხვევაში შეიქმნება ერთიანი სტანდარტი. ავტოსკოლებს ვალდებულება ექნებათ, გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ხშირად მხოლოდ ტექნიკურად აძლევენ ცოდნას ეს სკოლები ახალბედა მძღოლებს. ისინი ისე ახერხებენ მართვის მოწმობის აღებას, რომ არ იციან ავტომანქანის მართვა“, – გვითხრა ეკა ლალიაშვილმა.
[highlight color=”green”]„მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია“ – განათლების სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების სწავლებაზე[/highlight]
საგზაო მოძრაობის წესების სწავლება საჯარო სკოლებში მე-4 კლასიდან იწყება. ამ საკითხს საგანი „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ ითვალისწინებს. „არსებული სტანდარტის მიხედვით, მოსწავლემ უნდა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები და, რაც მთავარია, ყოველ კონკრეტულ ვითარებას უნდა შეუსაბამოს კონკრეტული მოძრაობის წესი,“ – მოგვწერეს საქართველოს განათლების სამინისტროდან.
მე-11 კლასში დამოუკიდებელი საგნის სახით ისწავლება „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“.
„ყველას მოსწონს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ეს განტვირთვისაც კარგია,“ – გვითხრა ინგა ბილოხოძემ. ის ბათუმის #2 საჯარო სკოლაში ასწავლის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. მისი თქმით, საგნის გავლის შემდეგ მოსწავლეები უკვე იცნობენ შუქნიშნებს, მოძრაობის წესებს, ქვეითების ვალდებულებებს: „რაღაც ნაწილს კომპიუტერით გავდივართ. მოსწავლეებს ეს ნაწილი უფრო მოსწონთ, რადგან იმ ტესტებში ვამზადებ, რაც მართვის მოწმობის ასაღებად არის საჭირო. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სკოლაში ნასწავლი თეორიული საკითხით მართვის მოწმობა აუღია ჩემს მოსწავლეს… მე გამოცდილი მძღოლი ვარ. სკოლაში რუსულს ვასწავლიდი. ოთხი წლის წინ, როცა ეს საგანი შემოიღეს, გადამზადების კურსი გავიარე და მოძრაობის უსაფრთხოებას ვასწავლი ახლა“.
ინგა ბილოხოძე მიიჩნევს, რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუკი თეორიულ ნაწილს პრაქტიკულიც დაემატება და მე-11 კლასელებს დახურულ მოედანზე ავტომანქანის გატარების შესაძლებლობა ექნებათ.
„როცა მე ვსწავლობდი სკოლაში, პირიქით იყო. მაშინ ზოგიერთ სკოლას ჟიგულები ჰქონდა, მაგრამ თეორიული სწავლება არ იყო. ახლა მოსწავლეები სულ მანქანას მთხოვენ, მაგრამ არ არის,“ – ამბობს ინგა ბილოხოძე.
მოხატული „ზებრა”
არის თუ არა საკმარისი ამ საგნის სწავლების ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის – სკოლის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ საკმარისია. განსხვავებულად ფიქრობენ საქართველოს განათლების სამინისტროში, საიდანაც ანალოგიურ კითხვაზე „ბათუმელებს“ უპასუხეს:
„მიგვაჩნია, რომ არასაკმარისია იმ დოზით და ფორმით სწავლება, როგორც ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული… შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით საგზაო უსაფრთხოების კომპონენტის სწავლება დაგეგმილია საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩვენი საქართველო“. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს მოსწავლეები 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა თემაში შეეხებიან. გარდა ამისა, საბაზო საფეხურზე მე-7 და მე-8 კლასებში ახალი საგნის, „მოქალაქეობის“ ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების კომპონენტი. რაც შეეხება საშუალო საფეხურს, მისი კონცეფცია მთლიანად გადამუშავდება და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება საშუალო საფეხურზე რა ფორმით და როგორ შევა ეს საკითხი“.
[highlight color=”red”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]