ნეტგაზეთი • RU

რატომ ევროპა – არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მგავს

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე

დღეს  უფრო მეტად ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე, ნატოზე, ევროპულ ურთიერთობებზე და ღირებულებებზე, ვიდრე წლების წინ. რა შეიძლება იყოს ევროპით  ჩვენი ასეთი დაინტერესების, მისწრაფების მიზეზი?  ბუნებრივია, მტაცებლური მიზანი არ გვამოძრავებს, რადგან  ბუნებით მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ.  ზოგადად, ყველაფრის ადამიანებამდე, ადამიანურ გრძნობებამდე დაყვანა მიყვარს, ამიტომ შევეცდები ეს კულტურათაშორისი საკითხი ასე წარმოვაჩინო.

ადამიანს აქვს  ურთიერთობის სხვადასხვა ისტორიები და, შესაბამისად,  გამოცდილებაც ამ ურთიერთობების შესახებ, – თუ როგორ იგება, რატომ იგება ეს ურთიერთობები და რა გვანიჭებს სიამოვნებას ურთიერთობაში. წარმოიდგინეთ, შედიხართ ხალხით სავსე სივრცეში, რა თქმა უნდა, პირველი შთაბეჭდილება გექმნებათ იქ მყოფ ადამიანებზე მათი გარეგნული ნიშნებით, – სახის გამომეტყველება, თვალები, მანერები და ა.შ.  უყურებ და ცდილობ გაიგო, ვისთან შეიძლება გქონდეს საერთო, ვინ შეიძლება იყოს შენი ინტერესების და ღირებულებების მატარებელი, ვისთან ღირს საუბარი და მასთან დროს გატარება.

თუ ადამიანი არ იზიარებს შენს  შეხედულებებს ფუნდამენტურ საკითხებზე და ხვდები, რომ სხვადასხვა „განზომილებაში“ ხართ, ჯობს გაეცალოთ.

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაც რაღაც ადამიანურს ჰგავს. სახელმწიფოც ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთი პიროვნების ტყავში, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი და განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს.

აღმოსავლურ კულტურასთან ჩვენი გეოგრაფიული თუ სხვა სიახლოვის მიუხედავად, მაინც ევროპისკენ მივისწრაფვით წლებია. მაინც რა გვიზიდავს დასავლეთში? საუკუნეების წინ ევროპა, ალბათ, ქრისტიანული კულტურით უფრო გვიზიდავდა, რადგან ქართველი თავის იდენტობას ხომ ამაში ხედავდა. დღეს ფასეულობათა არეალი კიდევ უფრო გაფართოებულია ევროპასთან. მაგალითად სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და უფრო მეტი ჰუმანიზმი გვაერთიანებს მასთან.

თუ აქამდე არავინ გვასწავლიდა, რატომ არის ძალადობა ცუდი და რა არის საერთოდ ძალადობა, რომელსაც წლების განმავლობაში „ტრადიციას“, ზოგჯერ კი „ადათს“ ვეძახდით, დღეს, ევროპასთან ურთიერთობით კარგად გავაცნობიერეთ, რატომ არ უნდა იძალადო ქალზე, ბავშვზე და საერთოდ, ნებისმიერ ადამიანზე.

ახლა უფრო მეტად მესმის, რატომ უნდა დავიცვა როგორ ჩემი, ასევე სხვისი სიცოცხლის უფლება, რატომ უნდა შემეძლოს მოვისმინო განსხვავებული მოსაზრება და შემეძლოს განსხვავებულის მიღება. არ მოვკლა, არ დავჩაგრო სხვა, მხოლოდ იმიტომ რომ მე არ მგავს, ან არ მომწონს.

გვასწავლიან რომ ტოლერანტობა ქართველი ხალხის ხასიათშია. ალბათ არის ამაში სიმართლის მარცვალი, რადგან აღმაშენებელი, რუსთაველი, ილია და ვაჟა არსებობს ჩვენს ისტორიაში. ვერ ვიტყვით, რომ  ჩვენს ბუნებაში არ ზის მრავალფეროვნების მიმღებლობა, თუმცა საბჭოთა წლებმა, რომელშიც საბედნიეროდ ჩემს თაობას არ უცხოვრია, ამბობენ, რომ ჩვენი საზოგადოების ფასეულობებზე უხეში ლაქები დატოვა და ამ ჩრდილების მოშორებას ვცდილობთ ევროპასთან დაბრუნებით.

თანასწორობა – 21-ე საუკუნეა და თანასწორობის პრობლემაზე თითქოს აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც გვიწევს ამაზე საუბარი. საბჭოთა გავლენა რომ ვახსენე და კიდევ ვითომ ტრადიციები, ეს ხომ ისევ ცოცხლობს საზოგადოების რაღაც ნაწილში, ამიტომ არცთუ ისე იშვიათად გვიწევს სექსისტური, რასისტული ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური რიტორიკის მოსმენა. ყველაზე მეტად ის არ მომწონს, როცა ასეთ განწყობებს იმ ადამიანებში ვაწყდები, ვისშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს ცნობიერების სინათლე. მიმიხვდით ალბათ, მასწავლებლებს ვგულისხმობ. კარგია, რომ იცვლებიან ისინიც, თუმცა  გზა და გზა მაინც აზიანებენ ვიღაცის გონებას.

აღარ დავიწყებ იმის განხილვას, რომ  ჩვენი ევროპელობა „ზეზვა და მზიას“ პირველი ევროპელობითაც დასტურდება და სხვა ბევრი არქეოლოგიური არტეფაქტებით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი შინაგანი „მე“, ევროპელია და  ეს ევროპელობა ადამიანის სიყვარული, მისი უფლებების დაცვა და პასუხისმგებლობის აღებაა, როგორც საკუთარ მოვალეობებზე, ასევე ჩვენს უფლებებზე.

აი ამიტომ ვარჩევ ევროპას.

ესეი მომზადებულია კონკურსის ფარგლებში – რატომ ევროპა. პროექტის შემსრულებელი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.