კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

18.12.2017
საგამოფენო წლის დახურვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გუშინ, 17 დეკემბერს, წლის დასასრულის აღსანიშნად თანამედროვე ფოტოგრაფების გამოფენა „შავი ზღვა“ და  „არტ საწარმოს“ მიერ დამზადებული ჩანთების გამოფენა მოეწყო. ამავე დღეს გალერეასთან ახლოს გაიხსნა ინსტალაცია „კარი“, რომელსაც იდეის ავტორი ახალი შესაძლებლობების, ახალი სივრცისა და თავგადასავლების სიმბოლოდ მოიაზრებს.

„კარის ინსტალაციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციამ შენობის ისტორიული კარი თანამედროვე ხელოვნების სივრცეს აჩუქა. მინდოდა, ყველა ძველი სახლის კარი ერთად გამოფენილიყო სადმე, როგორც ძველი ბათუმის შემონახული ნაწილი, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ კარის დადგმა მოხერხდა ღია სივრცეში. ერთი კაცი მოვიდა დღეს გამოფენაზე და გვითხრა: ეს კარი მწერალთა კავშირში, ალბათ, 500-ჯერ შემიღიაო – უკვე ამბავია.

გვინდა წელიწადის ყოველი დროის პირველი დღე, ყველა გამოფენა თუ თანამედროვე სივრცეში მოწყობილი ყველა საღამო კარის შეღებით დავიწყოთ, ეს იქნება ახალ სივრცეში გადადგმული სიმბოლური ნაბიჯი,“ – ამბობს იდეის ავტორი და თანამედროვე სივრცის მენეჯერი, ირაკლი ძნელაძე.

                 ირაკლი ძნელაძე და ინსტალაცია „კარი”

ირაკლის ფოტოები 17 დეკემბერს ფოტოგრაფ კახაბერ ემირაძის, ლევან კაკაბაძის, გიორგი ნაკაშიძის, ლაშა ფალავანდიშვილის, ამიკო ქავთარაძისa და სერაფიმე კაკაბაძის ფოტოებთან ერთად გამოიფინა თავისუფალ სივრცეში.

ირაკლი ძნელაძე აღნიშნავს, რომ ძველი თაობის შემდეგ აქ წარმოდგენილი ფოტოგრაფები არიან პირველები, რომლებმაც ქალაქი არატურისტული, მხატვრულ-დოკუმენტური კუთხით ასახეს. ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა – ზღვა, 17 დეკემბრის გამოფენის მთავარი გზავნილია.

ფოტოგამოფენა „შავი ზღვა“ მომავალი წლის იანვრამდე გაგრძელდება, იანვრის ბოლოს კი „თავისუფალი სივრცე“ წლის პირველ აქტივობას – ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივ გამოფენას გეგმავს.

გამოფენისა და ინსტალაციის გარდა წარმოდგენილი იყო „თავისუფალ სივრცესთან“ არსებულ არტსაწარმოში დამზადებული ორიგინალური ჩანთები, რომლებიც მომავალი წლიდან გაიყიდება. საწარმო აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 18 ათასი ლარით დააფინანსა. ამ თანხით სივრცემ საკერავი, საქარგი მანქანები, მასალა და ბევრი სხვა წვრილმანი შეიძინა. საწარმო დაამზადებს საავტორო ნამუშევრებისგან შექმნილ სუვენირებს: ჩანთებს, ქამრებს, ქუდებს და სხვა აქსესუარებს.

         „არტ-საწარმოში” დამზადებული საავტორო ჩანთები

როგორც ირაკლი ძნელაძე ამბობს, „თავისუფალი სივრცე“ მოახერხებს და ამ პროექტების წყალობით დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს მომავალში.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს არასამეწარმეო, იურიდიული პირია (აიპ) და 2014 წლიდან არსებობს. გამოფენების თემატიკას, ვორქშოპებს, საღამოებს და სხვა სახის ღონისძიებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავენ.

„თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ დაარსებიდან დღემდე სამოცზე მეტი გამოფენა, ოცზე მეტი ვორქშოპი და სხვადასხვა სახის ღონისძიება მოეწყო. შაბათობით სივრცეში დაწესებულია ბავშვთა დღე, აქ ისინი სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან და სწავლობენ ხატვას.

                       ფოტოები გამოფენიდან „შავი ზღვა”

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: