მთავარი,სიახლეები

ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული ბათუმიდან

18.12.2017 • 3285
ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებული ბათუმიდან

ნიკა ფომენკო ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე და აჭარის ფიზიკის ოლიმპიადის გამარჯვებულია. ნიკასთვის ფიზიკის ოლიმპიადაში გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან როგორც გვეუბნება, საბუნებისმეტყველო საგნები ძალიან უყვარს და ამ მეცნიერებებში გარკვევას საკმაოდ დიდ დროს უთმობს.

ოლიმპიადა ორი ტურისგან შედგებოდა და როგორც ნიკა გვეუბნება, ორივე ნაწილი წერითი იყო.

„ოლიმპიადებში ადრეც ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ პირველი ადგილი პირველად ავიღე. ვაპირებ ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაშიც მივიღო მონაწილეობა, რომელიც მომავალ წელს გაიმართება“.

ნიკა ფომენკო ამბობს, რომ მისი წარმატება სკოლის მასწავლებლის, ქეთევან ბასილაძის დამსახურებაა, თუმცა საკუთარ წვლილზეც საუბრობს: „საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, მინიმუმ ოთხ-ხუთ საათს ვუთმობ მეცადინეობას დღეში. ვცდილობ, სკოლის გარეშე ლიტერატურა მოვიძიო, ინტერნეტწყაროებზე ვეცნობი ინფორმაციებს. ძირითადად ქართულ ენაზე, თუმცა ვიყენებ ინგლისურენოვან ვებგვერდებსაც“.

ნიკას თქმით, დღეს სკოლაში არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი უფრო ინტერაქტიულად და საინტერესოდ გააკეთო. „კარგი იქნება, სკოლას ელექტრონულ ლაბორატორიებთან რომ ჰქონდეს წვდომა. გარდა ამისა, სკოლას აკლია აღჭურვილობა, – კომპიუტერი, პროექტორები უნდა ჰქონდეს რომ უფრო კარგად წარმოადგინო მასალა“.

ნიკა ფიზიკით ბავშვობაში დაინტერესდა, როცა საბავშვო ენციკლოპედიების კითხვა დაიწყო. დაინტერესდა მიზიდულობის კანონით და ელექტრული წრედით. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რაკეტის სამოდელო წრეზეც დადის და რაკეტების მოდელებს ქმნის. „ჩვენი ნამუშევრების გამოფენაც იყო, სადაც ფიზიკის დიდი წიგნით დამაჯილდოვეს. ძალიან საინტერესო ამბებია ამ წიგნში,“-გვეუბნება ნიკა.

სკოლაში თუ იმუშავებდი ფიზიკის მასწავლებლად? – ვეკითხებით ნიკას. „ალბათ უფრო ნაკლებად,“-გვპასუხობს ის და დასძენს, რომ მისი მიზნები მედიცინას უკავშირდება. თუმცა ეს არ არის მისი საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან მას არჩევანის გაკეთება მედიცინასა და ფიზიკას შორის მოუწევს.

„მიყვარს ფიზიკა და ძალიან მინდა ცერნში მოვხვდე, მაგრამ, ექიმობისკენაც ვიხრები. ძალიან მიყვარს ბავშვები და მინდა, პედიატრი გამოვიდე. ვფიქრობ, ყურადღებიანი ექიმი ვიქნები,“-ამბობს ნიკა.

უყვარს სამეცნიერო და სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა, თავისუფალ დროს კი სპორტს უთმობს. „ეზოში რომ სპორტული მოედანია, იქ ვთამაშობ ხოლმე ფეხბურთს და ფრენბურთს,“-გვეუბნება ნიკა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: