მთავარი,სიახლეები

86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით

19.12.2017 • 2084
86 ათასი ლარი სკვერის შეღობვისთვის წითელი ქვებით

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სასამართლოსთან მდებარე სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 86 ათასი ლარი გასულ წელს გამოიყო. ერთ-ერთი სამუშაო, რის გამოც კომპანიამ ბათუმის მერიასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, სკვერის შეღობვა იყო ტეშენიტური ქვებით [წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა].

თავდაპირველად ბათუმის მერია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „დალა 73“-თან გააფორმა. ამ კომპანიას გასული წლის 5 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რაც მოიცავდა ნარჩენების გატანას, ქვაფენილის დემონტაჟს, ბაზალტის ბორდიურების მოწყობას ბეტონის საფუძველზე, გამწვანების ზოლში დეკორატიული სანათების მოწყობას, ნაგვის ურნებისა და ძელსკამების განთავსებას. კომპანიამ სამუშაოების გარკვეული ნაწილი შეასრულა, თუმცა ღობის მოწყობა ვერა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დალა 73“-მა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და ის ვადაგადაცილებული დღეების შესაბამისად 26 900 ლარით დაჯარიმდა. კომპანას 29 371 ლარი ჩაურიცხა მერიამ შესრულებული სამუშაოებისთვის თავის დროზე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია „დალა 73“ პირობის შეუსრულებლობის მიზეზად ტეშენიტური წარმოშობის წითელ ქვას ასახელებს, რომელიც მერიამ მოითხოვა და რომელიც, როგორც კომპანია აცხადებს, საქართველოში არ მოიპოვება. კომპანიას მერიისთვის წარუდგენია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილობითი პასუხი. სააგენტო წერს, რომ ტეშენიტური წარმოშობის წითელი ქვა საქართველოში არ მოიპოვება.

კომპანიამ „დალა 73“-მა მერიას აცნობა ისიც, რომ ასეთი ქვის ყიდვა მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლება, მაგრამ მისი შემოტანა სამჯერ აღემატება პროექტით გათვალისწინებულ ღირებულებას. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ობიექტური გარემოებები არ იძლევა შესაძლებლობას განხორციელდეს ტეშენიტური წარმოშობის წითელი ფერის ქვის მოპოვება, ჩვენს მიერ ვეღარ მოხდება დარჩენილი სამუშაოების შესრულება. გთხოვთ, მიიღოთ სათანადო გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპანიამ ბათუმის მერიას 2016 წლის 19 სექტემბერს გაუგზავნა.

ბათუმის მერიამ ახალი ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა „წითელი ფერის ქვა“ სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ახალი ხელშეკრულება სკვერში მიმდინარე სამუშაოების დასრულებაზე მერიამ კომპანია „ქა-გისთან“ 2017 წლის 8 აგვისტოს გააფორმა. ამ ხელშეკრულებაში ნახავთ, რომ მერია ითხოვს მხოლოდ „რუხი ფერის გრანიტის ქვის ფილებს“.

ხელშეკრულების ღირებულება 37 900 ლარია.

ვინაიდან მერიამ წითელ ქვებზე უარი თქვა, შეღობვისთვის გამოყოფილ თანხაში დანაზოგი გაჩნდა – 18 729 ლარი.

რატომ მოითხოვა მერიამ სკვერის შეღობვა? რატომ უნდა ყოფილიყო მესერი წითელი ქვით მოპირკეთებული, ანუ მასალით, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება და რის საფუძველზე გადაწყდა ქვის ფერის შეცვლა? – ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ ამ კითხვებს ვერ უპასუხეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა უკვე ვიცე-მერმა, თენგიზ პეტრიძემ გვითხრა, რომ მოგვიანებით უპასუხებს კითხვებს. მერიის პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ სკვერების და ქუჩების კეთილმოწყობისთვის თანხას მერია რეგულარულად ითვალისწინებს და ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის კეთილმოწყობის ინიციატივას ბათუმის საკრებულომაც დაუჭირა მხარი.

 

შეღობილი სკვერი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან/ 19.12.2017/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: