ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „სანდასუფთავების სამსახური“. ადიდებულმა ზღვამ სანაპირო დაანაგვიანა და დააზიანა.
ფოტოები სანდასუფთავების სამსახურის ფეისბუქგვერდიდან.
ბათუმელები
ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ქობულეთში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: ოჩხამურს, ლეღვას, ქაქუთს, ქობულეთს, ჭახათსა და ხუცუბანს.
„ გარდა ამისა, არის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც. ასევე, ერთი მიმართულებით ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელია სოფელ ქაქუთში, ხოლო ორი მიმართულებით – სოფელ აჭაყვისთავში, სოფელ ჭახათში კი ორ სახლთან ჩამოწვა მეწყერი.“
ძლიერმა ქარმა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შენობის ნაწილს სახურავი ღამით გადახადა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახურავის 1/4. ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა კი ჯერ არ დაუთვლიათ.
„ჯერ ისევ სტიქიას ვებრძვით, წვიმა არ წყდება, ამიტომ ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. სახურავის აღდგენა უნივერსიტეტის შიდა ფინანსური რესურსით მოხდება, თუმცა დიდი ალბათობით საჭირო იქნება თანხის დამატებაც.
უკვე ვესაუბრეთ მთავრობის თავმჯდომარეს და ძალიან მოკლე დროში ელექტრონული ტენდერით მოხდება სამუშაოების შესყიდვა,“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ნინო დოლიძე, უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, წვიმის წყალს ზიანი არ მიუყენებია აუდიტორიებისთვის, „რადგან მეხუთე სართულზე განთავსებულია საცავი. ახლა ამ საცავში დაგროვილი წყლის ამოქაჩვა მიმდინარეობს,“-ამბობს ის.
ოფიციალური ინფორმაციით, სახურავის დაზიანებას სასწავლო პროცესის შეჩერება არ გამოუწვევია, გადარჩენილია წიგნადი ფონდიც.


წუხელ ღამით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების – ინწკირვეთისა და ნაღვარევის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხიდის აღდგენა გამოდარებამდე და მდინარის კალაპოტზე წყლის დონის დაკლებამდე ვერ დაიწყება:
„ … ინწკირვეთისა და ნაღვარევის მოსახლეობა ამ წუთას ფაქტობრივად გზის გარეშეა. ღმერთს მადლობა, ახლა იქ ავადმყოფი არ გვყავს. თუ მსგავსი საჭიროება შეგვექმნა, მაშველების დახმარებით გამოვიყვანთ. ავადმყოფი გვყავს იკავრეთაში, სადაც წასულია ტრაქტორი და გადმოიყვანს მას “.
გარდა ამისა, გამგებლის ინფორმაციით, შუახევის სოფლებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებში: ნიგაზეულში, ფურტიოსა და ჯაბნიძეებში ჩამოწვა მეწყერი.
„… ახლა ისევ გავდივარ ლოკაციის ადგილებში“, – ამბობს ტარიელ ებრალიძე.
ამ დროისთვის შუახევში ხუთასამდე აბობენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც პიკასოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა პარიზში და მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გამოფენა მხატვრის ცხოვრების მხოლოდ ერთ წელიწადს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნისას პიკასოს შთაგონების წყაროდ მისი მთავარი მოდელი და საყვარელი, მარი-ტერეზ ვოლტერი იქცა, რომელიც მხატვარმა 1927 წელს გაიცნო.
გამოფენაზე პარიზში 110 ტილო, ჩანახატი, სკულპტურა, გრავიურა და ფოტოა წარმოდგენილი. პიკასომ მარი-ტერეზასთან ყოფნისას, 1932 წელს, 365 დღის განმავლობაში, 300-მდე ნამუშევარი შექმნა.
მაშინდელ პრესაში კრიტიკოსების უამრავი წერილი იბეჭდებოდა, ყველა ხაზს უსვამდა მხატვრის განსაკუთრებულად ნაყოფიერ შემოქმედებით წელიწადს. მარი-ტერეზთან ერთად გატარებულმა პერიოდმა პიკასოზე ძრავასავით იმოქმედა.
მხატვარს ამ დროს ცოლი – ოლგა ხოხლოვა და 5 წლის ვაჟიშვილი ჰყავდა. რესპექტაბელურ, ოჯახის სტატუსს მყარად ჩაჭიდებულ რუს ბალერნას ბედნიერებისთვის მაღალ საზოგადოებაში ტრიალი, ფუფუნება და ოჯახური ცხოვრება ჰყოფნიდა, პიკასოსთვის კი ეს გარემო და პარიზული სალონები უბრალოდ ახალი ემოციების წყარო იყო, რომელიც ამოწურა და შემოქმედებით სიახლეებს ეძებდა.

მას შემდეგ, რაც მარი-ტერეზის ხატვა დაიწყო, პიკასოს შემოქმედებაში დასრულდა კლასიკური პერიოდი და ნამუშევრებში იმპრესიონისტული, სიურეალისტური შტრიხები გაჩნდა. პიკასო აღარ ხატავდა მოცეკვავეებს, კუბოკრულფორმიან ბავშვებს და ოჯახის იდილიის ამსახველ სცენებს. მარი ტერეზის აჩრდილი ოჯახს 1927 წლიდან სდევდა თან, მაგრამ ოლგამ ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც 1935 წელს პიკასოს და მარი-ტერეზის ქალიშვილი – მაია პიკასო გაჩნდა.

გამოფენის გახსნაზე საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი – ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები პიკასოსა და მარი-ტერეზ ვოლტერის შვილს, 82 წლის მაია უაილდმაიერ პიკასოს შეხვდნენ.
მაია პიკასო მამის გამოფენაზე

მყუდრო აპარტოტელი ბათუმის ცენტრში – ისტორიულ ქუჩაზე, ზღვიდან ხუთ წუთში, უფასო WiFi-თა და აირკონდიცირებით. ადგილების რაოდენობა: 2+1.
აპარტოტელს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი იტალიური ეზოდან. გასაღები შესვლისთანავე გადმოგეცემათ და დამოუკიდებლად განკარგავთ გასვლისა თუ დაბრუნების დროს. ახლოს არის ქალაქის საქმიანი ნაწილი, ბარები, რესტორნები, კაფეები და ტანსაცმლის მაღაზიები. ფასში არ შედის საუზმე, მაგრამ აქ ყველა პირობაა შექმნილი მსუბუქი საუზმის მოსამზადებლად. ჩაი და ყავა უფასოა.
აპარტოტელი შედგება ორი ოთახისგან: საძინებელი და სასადილო.
სურვილის შემთხვევაში სტუმარს დავხვდებით აეროპორტში, რკინიგზის სადგურზე ან/და ნებისმიერ ბათუმში მოქმედ ავტოსადგურზე. რეკომენდაციებს მოგცემთ საინტერესო ტურების, მგზავრობის, გართობის, ბარებისა და რესტორნების შესახებ.
[checklist]
[/checklist]
[red_box]მომსახურება:[/red_box]
[checklist]
[/checklist]
ჯავშანის გაუქმება ჩამოსვლამდე 7 დღით ადრე უფასოა.
კარგ დასვენებას გისურვებთ ბათუმში!
Greendoor გელით!
მობილური:
574 09 37 03
555 26 72 62
599 74 56 05
593 45 66 02
7 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია „მეგა-პალასის“ დამფუძნებლი და ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს. 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე რამაზ ხიმშიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებული მხარის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:
„სიმართლე, მხოლოდ სიმართლე“
2017 წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ფიროსმანის ქ. #18-ში, სამშენებლო კომპანიების ოფისში საზარელი შემთხვევა მოხდა. დღისით, შუადღისას, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი რამაზ ხიმშიაშვილი თავს დაესხა სამშენებლო კომპანიების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჯუმბერ ზოიძეს. ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა ადამიანს, რომელიც გამოირჩევა წესიერებითა და მოყვასის სიყვარულით. არის სამშენებლო ბიზნესის ერთ-ერთი პიონერი ქ. ბათუმში. გაწეული აქვს ქველმოქმედებები და უანგარო დახმარება მრავალი ადამიანისათვის. მათ შორის თვით ბრალდებულის, რამაზ ხიმშიაშვილის მიმართაც. დაზარალებული ახლა უცხოეთშია სამკურნალოდ.
2017 წლის 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ „ბათუმელებში“ გააშუქა ბრალდებულის, რამაზ ხიმშიაშვილის წინა სასამართლო პროცესი. აღნიშნულ პროცესზე ბრალდებული ცდილობს დეზინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ კომპანია „მეგა პალასი“ მისი დაარსებულია და მან გააკეთა ყველაფერი. აღნიშნულთან დაკავშირებით რეალობა და სიმართლე შემდეგში მდგომარეობს:
ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილს არათუ დაარსებასთან, არამედ არავითარი შეხება არ ჰქონდა და მით უმეტეს არც ახლა აქვს სამშენებლო კომპანიებთან: „რეალ პალასთან“ და „მეგა პალასთან“, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2015 წლის 25 მარტიდან 26 ოქტომბრამდე იგი მუშაობდა „რეალ პალასის“ ობიექტზე უსაფრთხოების უფროსად, ხოლო 2015 წლის 1-ელი თებერვლიდან 2015 წლის ბოლომდე – ამწეს მემანქანედ.
ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან ჭეშმარიტების დადგენისათვის, საიდანაც საზოგადოება გაიგებს რეალურ სიმართლეს ამ დანაშაულის შესახებ.“
ლევან ხიმშიაშვილი – შპს „რეალ პალასის“ და „მეგა პალასის“ დამფუძნებელი
თამაზ ბექაია – „რეალ პალასის“ დამფუძნებელი
ედნარ ხიმშიაშვილი – „რეალ პალასის“ დირექტორი
ედვარდ ხიმშიაშვილი – „მეგა პალასის“ დირექტორი
გოჩა კამკია – კომპანიის იურისტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებმა კობა დუმბაძემ „ბათუმელებს“ მის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტოებს მოაწოდა. ფოტოების მიხედვით, საცხოვრებელ სახლთან მეწყერია განვითარებული.
კობა დუმბაძე ამბობს, რომ ის ხელვაჩაურის გამგეობას დაუკავშირდა და მდგომარეობის შესწავლა სთხოვა. „ჯერჯერობით არავინ მოსულა, მითხრეს, რომ ხვალ მოვლენ,“-გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.
მოქალაქის თქმით, ყოროლისთავში მეწყერი მხოლოდ მისი სახლის მიმდებარედ არის განვითარებული.

რამდენიმე დღეში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მორიგ საპროცესო შეთანხმებას დაადასტურებს გ.ა.-ს მიმართ. მას ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დუმილით უპასუხა ტრადიციულ შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ეს დუმილი მოულოდნელი აღმოჩნდა პროკურორ ზურაბ კონცელიძისთვის, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება, ასევე დაზარალებულის თანხმობა].
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ელის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. გ.ა.-ს მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ცემის ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო. ბრალდებული პირობითად ძალადობის ბოლო ფაქტამდეც დასაჯა სასამართლომ – მაშინაც ყოფილი ცოლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის. „ბათუმელები“ დაზარალებულ ქალს – ნინოს ესაუბრა.
რამდენი წელია, რაც ქმარს გაშორდით და რის გამო მოვიდა იგი თქვენთან 8 აგვისტოს?
დაახლოებით 5 წლის წინ დავშორდი, სისტემატურად ძალადობდა. მერე პერიოდულად ვხდებოდით ერთმანეთს საერთო შვილის გამო. საბა უკვე 5 წლისაა… ახლა ვიცი, რომ ერთხელ როცა გაშორდები, მერე აღარ უნდა შეურიგდე… ზაფხულის იმ ღამესაც უმიზეზოდ მოვარდა. წინა დღით, ანუ 7 აგვისტოს, ტელეფონზე მომწერა და სურათი გამომიგზავნა, ამ ქალთან ერთად ვარო. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ-მეთქი, მივწერე. გაგიჟდა ამაზე. რას ჰქვია, არ ეჭვიანობო. მერე დავიძინე. ჩემი არასრულწლოვანი დაც ჩემთან იყო. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.
დილის ოთხი იქნებოდა, მოვარდა, კარი ღია დაგვრჩენოდა და შემოვარდა. საწოლში დამიწყო ცემა, რომ წამოვდექი, ვენტილატორი გამოაძრო ჩამრთველიდან და მესროლა, მერე სკამი მირტყა თავში. გავითიშე. სასწრაფო ჩემს დას გამოეძახებია. სასწრაფომ პოლიციას შეატყობინა…
პოლიციას რა შემთხვევაში მიმართავდით და მოქმედებდნენ თუ არა სამართალდამცველები დროულად?
კი, პოლიციას ხშირად ვურეკავდი ადრე. მოდიოდნენ. არ ვიცი, რამდენად ეფექტურია, მაგრამ მოდიოდნენ. ექვსჯერ გამოუწერეს ჩემ გამო შემაკავებელი ორდერი. ბოლოს პირობითი ჰქონდა. მაგ დროს ერთხელ კიდევ იყო ამ ბინაში მოსული და კედელზე მიმახეთქა. ეჭვიანობდა ყველაფერზე. საბაც შეესწრო ამას, გაგიჟდა ბავშვი, სულ ტიროდა, მამის დანახვა აღარ უნდოდა… მაგ დროს პოლიციისთვის არ დამირეკავს, ისე ჩაიარა.
პირველად როდის იძალადა და რა მოხდა მაშინ?
დავოჯახდი თუ არა, მალე გამოავლინა რეალური სახე. 17 წლის ვიყავი, ინტერნეტსაიტზე გავიცანი, შემიყვარდა და ცოლად გავყევი. მეცხრე კლასიდან გამოსული ვარ, აღარ ვსწავლობდი მაგ დროს. გივი ჩემზე 12 წლით უფროსია. ასაკით ასე უფროსს არ უნდა გაყვეს ადამიანი… იმას უკვე სხვა ინტერესები აქვს, სხვანაირად უყურებს ცხოვრებას. ჩვენ ხელვაჩაურში ვცხოვრობდით, ერთ დიდ ოჯახში – სულ 11 სული. გივის დედა და ძმები, რძლები დასაქმებული იყვნენ. გივი არსად მუშაობდა, მაგრამ ხშირად მიდიოდა ძმების რესტორნებში. მე, ძირითადად, სახლს ვალაგებდი, ძროხებიც გვყავდა…
დაქორწინებიდან მე-40 დღეს ტრადიციულად ჩემი მშობლების ოჯახში გამიშვეს. დედამთილმა სხვისი ოქროულობა გადმომცა და დამაბარა, აგენს ყველას დამიბრუნებ, სხვისიაო, ანუ ძვირფასეულობა დასანახად გამატანეს… ქმრის ოჯახში დავბრუნდი და დავაბრუნე ძვირფასეულობა.
საღამოს მოვიდა გივი სახლში და მითხრა, საჭმელი გამიცხელე და დამიდგიო. ასეთი წესი ჰქონდა, ჭამის დროს მასთან ერთად უნდა ვმჯდარიყავი მაგიდასთან. ვიდრე საჭმელი ცხელდებოდა, დედამისს ელაპარაკა, არ ვიცი, რა თქვეს, მაგრამ ის პირდაპირ მოვარდა ჩემთან, არაფერი არ აუხსნია, ტელეფონი ჩამარტყა თავში, ხელები კისერში მომიჭირა და ხრჩობა დამიწყო… მაშინვე ჩემს ოჯახს შევატყობინე, მიშველეთ-მეთქი. მოვიდნენ, ილაპარაკეს და წავიდნენ. ფეხმძიმედ ვიყავი უკვე.
ანუ შეთანხმდით, რომ გივი გამოსწორდებოდა?
მე არაფერი მითქვამს გივისთან. საერთოდ არ უნდოდა ლაპარაკი და რაღაცის ახსნა ჩემთვის… ხანდახან მცემდა, მერე დამშვიდდებოდა და მეფერებოდა, იფიცებდა, სიგიჟემდე მიყვარხარო. მეუბნებოდა, შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლიაო, მოგკლავ, თუ სხვასთან დაგინახავო. ეჭვიანობდა ყველაფერზე. შეიძლება დრო გასულიყო, არაფერი ეთქვა, მაგრამ, მაგალითად, თუ დაინახავდა, რომ ვიღაცამ შემომხედა, უკვე გიჟდებოდა, მაღაზიაშიც არ მიშვებდა მარტო. მისი ძმები მეუბნებოდნენ, გაგიჟებული გყავს სიყვარულით და იმიტომ იქცევა ასეო. ამ დროს მეგობარი ქალებიც ჰყოლია. ერთ-ერთი გავიცანი. იმან მითხრა, მეც მირტყამსო. ალბათ, როცა მოძალადეა მამაკაცი, მოძალადეა და იმას ვეღარ შეცვლი… ორი კვირა რომ გავიდა, ისევ სასტიკად მცემა და წამოვედი.
შემდეგ რატომ შეურიგდით?
შვილის გამო. საბა ხშირად ამბობდა, მამა მინდა, სხვებს მამები ჰყავთ, მე – არაო… როცა მისგან წამოვედი, მშობლების ოჯახში დავბრუნდი. მერე ისინიც გამიბრაზდნენ და სულ მარტო დავრჩი.
მშობლებთან რის გამო გქონდათ კონფლიქტი?
იმიტომ, რომ ნაყოფი არ მოვიშორე. იმ პირობით წამომიყვანეს, რომ ბავშვს მოვიშორებდი. ამ დროს უკვე დიდი იყო ნაყოფი. მეგონა, ექიმები მაინც უარს იტყვიან-მეთქი და წავყევი სამშობიაროში. თურმე ფულის გამო ყველაფერს აკეთებენ. მამზადებდნენ აბორტისთვის და ამ დროს კივილი ავტეხე, გამოვიქეცი… საბა რომ გაჩნდა, მამამ ნახა და გვარიც მისცა. ბავშვი ექვსი თვის იყო, როცა ყოფილ ქმარს შევურიგდი და ისევ ხელვაჩაურში დავბრუნდი საცხოვრებლად.
აღარ გქონდათ მოლოდინი, რომ ისევ იძალადებდა?
არა, უკვე ვიცოდი, რომ მოძალადე იყო…
რა დამოკიდებულება გქონდათ ამ დროს მასთან, ისევ გიყვარდათ?
მიყვარდა? არ ვიცი. ალბათ, უფრო არა. უფრო მეშინოდა მისი. დამოუკიდებლად როგორ შევძლებდი ცხოვრებას, ამისაც მეშინოდა. თან უკვე შვილი მყავდა. შერიგებიდან რამდენიმე დღეში ისევ იძალადა. პირდაპირ ქვა მირტყა თავში. დასისხლიანებული ვიყავი და ახლობლები მის დამშვიდებას ცდილობდნენ. მაშინ გივის ბიძიამ მითხრა, უნდა წახვიდე, თავს უშველოო… მას შემდეგ ნაქირავებში ვარ. გივისთვის ბავშვის ნახვის უფლება არ წამირთმევია. საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა და საბაც იქ მივიყვანე. სოციალური დახმარება დამინიშნეს, კვების ვაუჩერი მომცეს… გივის გადაჭრით ვუთხარი, რომ მასთან შვილის გარდა აღარაფერი მაკავშირებდა, მაგრამ მაინც მწერდა ხშირად, მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, აღარ იძალადებდა და ასე შემდეგ. რამდენჯერმე შევიცვალე ტელეფონის ნომერი, მაგრამ მაინც მწერდა, მოსვენებას არ მაძლევდა… შემდეგ იყო ის, რაც უკვე მოგიყევით, როცა ვენტილატორი მესროლა, სხეული ახლაც დაშავებული მაქვს, თავში – ჰემატომა. ექიმები მეუბნებიან, რომ თუ თავის ტკივილები მაქვს, ოპერაცია უნდა გავიკეთო. თავი მართლაც მტკივა ხშირად…
რის გამო დათანხმდით გივისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას?
პროკურორმა მითხრა, ასე აჯობებს, წელიწადნახევარი ციხეში იქნება, მოსამართლე ამაზე მეტს მაინც არ მიუსჯისო… მერე გივის ოჯახის წევრებმაც დამირეკეს, გამოიტანე სარჩელი და გავაქრობთ გივის ბათუმიდანო. არაფერი მითქვამს. პირდაპირ გავუთიშე ტელეფონი… გავიგე, გივის მოსამართლისთვის უთქვამს, ბრალს არ ვაღიარებო, არადა, პოლიციაში თქვა, შემომეცემაო. იმ ღამეს ფოტოებიც გადაიღეს და ექსპერტებთანაც ვიყავი. ახლა როგორ უარყოფს? მინდა, რომ დაისაჯოს და გაიაზროს, რაც გააკეთა. მის გარეშე ყველაფერს შევძლებ. მთავარია, დაცულად ვგრძნობდე თავს და არ მქონდეს შიში, რომ ის ისევ მოვა. საერთოდ რომ არ დავინახავდე, უკეთესი იქნება.
აღნიშნეთ, რომ არასდროს გისაუბრიათ გივისთან ძალადობის მიზეზზე. თქვენი დაკვირვებით, რის გამო გახდა გივი მოძალადე?
არ ვიცი. ჩემი აზრით, გაბრაზებული იყო სხვებზე და ჩემზე იყრიდა ჯავრს. ხშირად ამბობდა იმას, რომ მშობლებმა ყველაფერი მის ძმებს მისცეს და მას არაფერი ჰქონდა. ამბობდა, იმათ შვილებს რატომ უნდა ჰქონდეთ და ჩემსას არაო. იმათ სიტყვიერად ეჩხუბებოდა და მერე მე მცემდა.
თვითონ გივიც ხომ არ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ვთქვათ, ბავშვობაში?
არ ვიცი ზუსტად. მე მამამთილი აღარ დამხვედრია, მაგრამ მონაყოლი აქვთ, რომ ხშირად აგდებდა ცოლ-შვილს გარეთ… მაშინ გივი პატარა ყოფილა. არადა, კარგი კაცი იყოო, ასე ამბობდნენ.
თქვენი აზრით, შესაძლებელია ძალადობრივი ქცევის შეცვლა, მაგალითად, ფსიქოლოგების დახმარებით?
არა, გამორიცხულია. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე უცებ იცვლებოდა გივის ხასიათი. მშვენივრად იყო დღეების განმავლობაში და მერე უცებ ისე გაბრაზდებოდა, ვერ გაიგებდი. აუხსნელი იყო, რატომ იქცეოდა ასე.
რას ურჩევდით ძალადობის სხვა მსხვერპლებს?
არ დაუთმონ არც ერთი წუთით მოძალადეს. როცა აღმოაჩენ, რომ მოძალადეა მამაკაცი, უნდა წახვიდე შენი გზით. იმის განცდა, რომ რაღაც შეეშალა, ან გამოსწორდება, არის აბსურდი. არც იმის შეეშინდეთ, რომ მარტო ცხოვრებას ვერ შეძლებენ. ყველაფერი გამოვა, მთავარია, ადამიანმა მოინდომოს… ახლაც ბინის ქირის პრობლემა მაქვს, მეტი – განსაკუთრებული არაფერი. ვურჩევდი გოგონებს, რომ ჯერ კარგად გაიცნონ ადამიანი და მერე დაოჯახდნენ. ახლა ვხვდები, რომ ეს აუცილებელია.
პ.ს. ჩვენი საუბრის ბოლოს ოთახში 5 წლის საბა შემოვიდა ნახატებით. ერთ-ერთზე გვითხრა, რომ საკუთარი დედ-მამა დახატა.
დღეს, 16 ოქტომბერს, გ.ა.-ს ადვოკატმა, ჯიმშერ არობელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან უკვე მიღწეულია და სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 18 ოქტომბერს გაიმართება. შეთანხმების მიხედვით, გ.ა.-ს წელიწადნახევარი რეალური სასჯელი ელის, ხოლო 2 წელი – პირობითი მსჯავრი.
მთავარ ფოტოზე: 5 წლის საბას ნახატი საკუთარ მშობლებზე

ამავე თემაზე:
ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მეძიბნაში მეწყერი ჩამოწვა თენგიზ ბერიძის სახლთან. გამგეობის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
მეწყერია ჩამოწოლილი მახუნცეთში ნაზიმ თავდგირიძის ეზოშიც, თუმცა როგორც გამგეობაში გვეუბნებიან, თავდგირიძის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ბზანა და სავარგულები დატბორა.
ინოპტიკოსების ცნობით, ამ წუთებში ბათუმში ხუთბალიანი, ქობულეთში კი ექვსბალიანი შტორმია ზღვაზე. ხვალ, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან, ბათუმში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. „ზეგ წვიმა შესუსტდება, ოთხშაბათიდან კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი“.


18 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ბათუმში, მემედ აბაშიძის #48-ში, ბათუმის “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ” საკონფერენციო დარბაზში Erasmus+ Youth-ს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ თანამშრომლობით მართავს ერასმუს+ ახალგაზრდული პროგრამების საინფორმაციო შეხვედრას.
საინფორმაციო შეხვედრა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ერასმუს+ პროგრამა, მისი ფილოსოფია, მიზნები და ამოცანები;
• ახალგაზრდული მობილობა, ტრენინგები, სემინარები და სტაჟირების შესაძლებლობები;
• ევროპის მოხალისეობრივი სერვისი /EVS.
• სასარგებლო ბმულები და კონკრეტული ნაბიჯები პროექტების განსახორციელებლად.
• სექტორთაშორისი თანამშრომლობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/პირებს: არასამთავრობო ორგანზიაციებს, სათემო კავშირებს, საინიციატივო ჯგუფებს, სამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“. ელფოსტა: sphutkaradze@gmail.com. მობილური: 591 95 03 95 – სალომე ფუტკარაძე.
ბუნების წიაღში, ტბის პირას, კოცონთან მეგობრების გარემოცვაში მწვადის დაგემოვნებისას თითქმის არასდროს ვფიქრობთ თუ რა წარმომავლობის შეიძლება იყოს: ხორცი, სოსისი თუ ძეხვი, რომელსაც გრილზე, ნაკვერჩხალზე ან თუნდაც ტაფაზე ვამზადებთ. ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ეროვნული სისტემა NAITS მომხმარებელს საშუალებას მისცემს გადაამოწმოს, როგორც ხორცის უვნებლობა, ასევე მისი წარმომავლობა.
2012 წლიდან სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ახალ, გაუმჯობესებულ მოდელზე გადასვლა, 2017 წლიდან დაიწყო. განახლებული სისტემა, რომლის იმპლემენტაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, გულისხმობს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელიც ეტაპობრივად შეივსება ინფორმაციით ქვეყანაში არსებული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის შესახებ. NAITS ელექტრონული ბაზის შესაქმნელად, რომელიც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის ელექტრონული ბარათი, ავსტრიისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოებმა 5 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს.
მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, როცა ბაზა სრულყოფილად ამუშავდება, შესაძლებელი იქნება მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით ზუსტად დაგეგმვა და განხორციელება – რაც უზრუნველყოფს, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე, ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას.
საქართველოში იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამის დაწყებიდან, გამოიკვეთა ცხოველური, ასევე ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების მუდმივი კლების ტენდენცია. მხოლოდ 2016 – 2017 წლებში, მსხვილფეხა პირუტყვში ბრუცელოზის 4339 შემთხვევა 1536-მდე შემცირდა. იკლებს ადამიანებში ჯილეხის შემთხვევებიც, რაც ნათლად გამოხატავს NAIST პროექტის მნიშვნელობას სურსათის უვნებლობის სფეროში.
საქართველო რეგიონის პირველი ქვეყანაა, რომელიც ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის სისტემას ნერგავს. NAITS ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია ევროპაში ქართული წარმოების ხორცისა და სხვა მეცხოველეობის პროდუქტების ექსპორტისათვის. რაც დამატებითი ინვესტიციებისა და შემოსავლის გარანტია, როგორც ქვეყნისთვის ასევე ფერმერებისთვის.
ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს 17:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბათუმში გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე
მომხსენებლები:
მოდერატორი:
2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა მოსახლეობის შემცირებული ინტერესი არჩევნებში მონაწილების მიმართ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 43% სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
პრობლემურია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების მაღალი რაოდენობაც (62%), რაც გარკვეულწილად შესაძლებლობადაც შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, დაარწმუნონ მერყევი ამომრჩევლები თავიანთი საარჩევნო პროგრამის უპირატესობაში.
დისკუსიაზე მსჯელობა იქნება შემდეგ საკითხებზე:
[checklist]
[/checklist]
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64 (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)
ძლიერი წვიმის შედეგად მახუნცეთში მდინარე ადიდდა. მგზავრების ინფორმაციით, რომლებიც მახუნცეთში იმყოფებიან, გზაზე ჩამოცვენილი ქვების გამო რამდენიმე მანქანის საბურავი დაზიანდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მახუნცეთში რამდენიმე გარემოვაჭრე და ტურისტები მაინც არიან.




დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაცია. კვლევის თემაა სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ კვლევის შესახებ სოციოლოგ ქეთი სართანიას ესაუბრა.
გადაცემის წამყვანია ხატია სიხარულიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე.
გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“.
ბათუმის მერიის ინფორმაციით ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის.
„ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარაში ამინდი 14 ოქტომბერს გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით ძლიერი ქარი მოსალოდნელია 16 ოქტომბერს, შესაბამისად, შავ ზღვაზე უნდა ველოდოთ შტორმსაც – 4-5 ბალამდე.
ამ დღეების განმავლობაში მთაში ითოვებს და არ არის გამორიცხული მეწყრული პროცესების გააქტიურება.
აჭარის სანაპირო ზოლში ამ დროისთვის ქარი და წვიმაა.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. რამდენიმე წუთით შემთხვევის ადგილზე შეზღუდული იყო ტრანსპორტის გადაადგილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – აცხადებენ შსს-ში.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, ბადრი ფარტენაძის თქმით, „საპატრულო პოლიციამ ავტობუსის მძღოლი გაამართლა და ტრანსპორტმა მოძრაობა გააგრძელა“.
ბათუმში, 6 მაისის პარკში, მაგნოლიის ხე წაიქცა, რის შედეგადაც 5 ახალდარგული ევკალიპტის ხე დაზიანდა. მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული მაგნოლიის ხე მრავალწლოვანია.
როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაზიანებულ ევკალიპტის ხეებს მერიის გამწვანების სამსახური აღადგენს. „მაგნოლიის აღდგენა კი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება,“ – თქვეს მერიაში.
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ სოფელ საჩინოში სამ სახლს სახურავი გადახადა. სოფელ აჭყვაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ერთი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა გახდა საჭირო. მეწყრის გამო ჩახერგილია სოფელში მისასვლელი გზებიც.
სოფელ ლეღვაში კი, ჯინჭარაძეების სახლი დაიწვა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც გამგებელი ამბობს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა.“
დაზარალებული ოჯახის წევრები ნათესავის სახლში გადაიყვანეს.
აჭარაში მოიალაღეები მთიდან სოფლებში დაბრუნებას სექტემბრის თვის დასასრულს იწყებენ და ოქტომბრის თვის ბოლომდე მთას ტოვებენ. თვეების განმავლობაში მთაში დამზადებული რძის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო საჭიროების მქონე ნივთები სატვირთო ავტომობილებით გადმოაქვთ, საქონელი კი ფეხით გადმოჰყავთ.
მთა კვესაური, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების – დანდალოსა და ხარაულას მოსახლეობა ეწევა მემთეურობას, სოფელ ხარაულადან 55 კილომეტრითაა დაშორებული. მთა ბოლო მოიალაღემ გუშინ, 15 ოქტომბერს დატოვა.
კვესაურზე 40-მდე დროებითი საცხოვრებელი სახლია, თუმცა ყოველწლიურად აქ 25-მდე სახლის კარები იხსნება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე [გოდერძის უღელტეხილი] ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა.
მახუნცეთის ჩანჩქერი ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია აჭარაში. შემოდგომაზე აქ ტურიტების რაოდენობა, ისევე როგორც ბათუმში, მცირდება, თუმცა წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ჩანჩქერთან შორიახლოს მაინც არიან გამყიდველები, რომლებიც სუვენირებსა და ადგილობრივ ნაწარმს ყიდიან. წყალვარდნილი კი ძლიერი წვიმების ფონზე შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სამაშველო სამსახურის ცნობით, დღეს, 15 ოქტომბერს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ბეშუმის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილი მგავრები გამოიყვანეს, სულ 13 ავტომანქანა.
„ეს სამარშრუტო ტაქსები იყო, რომელბიც ჩვეულებრივ, ემსახურებიან მგზავრებს. შეტყობინება შემოვიდა და სამი ჯგუფი გავიდა ადგილზე. თოვლის სიმაღლე იმ დროისათვის ნახევარტი მეტრი იყო“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველო სამსახურში.
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. ხულოს გამგეობაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომაც გაიმართა.
მთავარი ფოტო: „ბათუმელების არქივიდან“
ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ 11 მატჩქულით (17,5 პარტიებში აღებული ქულა) ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ანტალიაში ოქრო მოიპოვა. „ნონას“ შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.
ეს ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მესამე გამარჯვებაა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. „ნონა“ 2014-2015 წლებშიც ევროპის ჩემპიონი იყო.
ჩემპიონატი კლუბებს შორის თურქეთში, ანტალიაში მიმდინარეობდა 7-15 ოქტომბერს. ევროპის საკლუბო პირველობა ყოველ წელს იმართება და მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებს უყრის თავს საჭადრაკო დაფასთან.
მთავარ ფოტოზე: ნინო ბაციაშვილი. ფოტო: Chess.com
_________________________________________
ამავე თემაზე:
ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა
საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი
„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. სოფელ თხილვანაში პირველი თოვლი დღეს მოვიდა. თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს.






დღეს, 14 ოქტომბერს, ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებს ბათუმის მერობის ოთხი კანდიდატი – ლაშა კომახიძე, ლევან ანთაძე, თენგიზ თავდგირიძე და ომარ ფარტენაძ შეხვდნენე. რატომ არ არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საარჩევნო სიებში და არის თუ არა ბათუმი ტოლერანტული ქალაქი? – ეს კითხვები დღეს, „თავისუფალ სივრცეში“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს დაისვა.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს „კუკავა-ლორთქიფანიძე- დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, ომარ ფარტენაძემ და ენმ-ის კანდიდატმა – ლევან ანთაძემ უთხრეს, რომ მათ შესთავაზეს თავიანთ მეგობრებს – ეთნიკურად აზერბაიჯანელებს და სომხებს თავიანთ სიაში მოხვედრა, მაგრამ უარი მიიღეს. მართველი გუნდის პასუხი კი დღეს ამ კითხვაზე გაურკვეველი დარჩა, რადგან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ლაშა კომახიძე კითხვის დასმის დროისთვის უკვე წასული იყო შეხვედრიდან.
ზოგადად კი, მერობის კანდიდატები ირწმუნებოდნენ, რომ ბათუმი ტოლერანტული ქალაქი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ასევე აინტერესებდათ კანდიდატების ხედვა ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნებაზე, ქალაქში გადატვირთული პრობლემის მოგვარებაზე და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე.
შეხვედრა ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით შედგა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ შემდეგი კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატები:
ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“
ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ომარ ფარტენაძე – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“
თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი განთავსდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებ-გვერდზე www.media.org.ge
შეხვედრა შედგა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „საქართველო ჩემი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“.
პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ბათუმში და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოში დღეს და შემდეგი ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. დღეს, 14 ოქტომბერს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება ღამის საათებში. შემდეგი ორი დღის განმავლობაში კი გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით ათიდან თორმეტ მეტრ/წამამდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციითვე, განსაკუთრებით ძლიერი ქარი მოსალოდნელია 16 ოქტომბერს, შესაბამისად, შავ ზღვაზე უნდა ველოდოთ შტორმსაც – 4-5 ბალამდე.
ამ დღეების განმავლობაში მთაში ითოვებს და არ არის გამორიცხული მეწყრული მოვარდნები.
ქობულეთის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ მირიან ქათამაძეს ამ დრომდე არ მოუსმენია კომპეტენტური მოსაზრება მრავალწლოვანი ხეების გადარგვის გამო ციხისძირის ეკოსისტემის დაზიანების თუ მოსალოდნელი შედეგების შესახებ. არც იმ სამშენებლო პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთა პარამეტრები დადგენილ რეგულაციებს გასცდა – კიდევ რა არ იცის ან იცის მერობის კანდიდატმა, რომელიც ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქობულეთში ტურიზმის ბუმს შექმნის? – ამ ყველაფერზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
ბატონო მირიან, რატომ ხართ კარგი კანდიდატურა ქობულეთისთვის?
ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ის ფაქტორია, რომ რთულია საქმის კეთება შენს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, მშობლიურ ქალაქში გიწევს. მე მაქვს პროფესიული გამოცდილება, ასევე შრომისმოყვარეობა, გუნდური მუშაობის უნარი და, რა თქმა უნდა, პატიოსნებით გამორჩეული გუნდი. ჩვენ ალბათ შევძლებთ, რომ გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც დგას ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მერს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი მთავარი ფუნქცია საზოგადოების მსახურებაა. ვიმედოვნებ, შევძლებ ვიმუშაო იმ გუნდთან ერთად, რომელსაც ეს გათავისებული ექნება. ჩვენ, ალბათ, ვჭირდებით ქობულეთს – გაბედული ადამიანები გაბედული იდეებით იმისთვის, რომ ძალიან ბევრი იდეა, რომელიც სუფთა, ლამაზი, მიმზიდველი ქალაქის იდეას უკავშირდება, რეალობად იქცეს.
ამ იდეებით თავად შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა „ოცნებას“, თუ „ოცნებამ“ შეგარჩიათ?
„ოცნების“ მხრიდან იყო ეს წინადადება, მანამდე მე ვიყავი განათლების მინისტრის მოადგილე, რვა თვის განმავლობაში ამ უწყების იმ კონკრეტულმა მიმართულებამ, რომელსაც მე ვკურირებდი, ალბათ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ორმოცამდე სკოლის რეაბილიტაცია მოვასწარით, დაახლოებით ხუთი საშუალო სკოლის მშენებლობა დასრულდება წელს. მათ შორის შეჩერებული მშენებლობებიც, იქაც ძალიან კვალიფიციურ გუნდთან ერთად მიწევდა მუშაობა. ალბათ შეიქმნა გარკვეული ხასიათის ინფორმაცია და სოციალური მოლოდინი, რომ ჩვენ ვიქნებოდით წარმატებული, თუნდაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამსახურში. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, რომ მმართველმა გუნდმა ჩემზე გააკეთა არჩევანი. განსაკუთრებული მადლობა ამ შესაძლებლობისათვის – ჩემთვის პატივია იზრუნო საკუთარ ქალაქზე და საკუთარ სოფელზე.
ზურაბ პატარაძის მეზობელი ხართ, ასეა?
რა თქმა უნდა, შორეული ურთიერთობა ზურაბ პატარაძესთან არ მაქვს, მისი გადაწყვეტილებით დავინიშნე განათლების მინისტრის მოადგილედ. კანდიდატობაზე წინადადება იყო მმართველი გუნდისაგან და დარწმუნებული ვარ, ბატონი ზურაბიც უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. ყველა მუნიციპალიტეტის კანდიდატთან დაკავშირებით იყო კონსენსუსი. მე ვიქნები ბედნიერი, როცა მომავალში ასეთ დიდ ნდობას გავამართლებ.
თქვენ საუბრობთ წარმატებულ მუნიციპალიტეტზე – რამდენია ქობულეთის ბიუჯეტი დღეს, რა პროგრამები მოქმედებს, რომლებიც მოგწონთ ან არ მოგწონთ და რას დაამატებთ ახალს?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ დროისთვის 36 მილიონამდეა, დაახლოებით 22 მილიონზე მეტი არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქობულეთი ვაქციოთ შავი ზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, სადაც იქნება მიმზიდველი გარემო არამხოლოდ ვიზიტორებისათვის, არამედ ინვესტორებისთვის. ცოტა ხნის უკან საფუძველი ჩაეყარა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ლარია, მაგრამ ამით გაჩერებას არ ვაპირებთ. დაახლოებით ოც მილიონ ლარამდეა დახარჯული ქუჩების, სკვერების გადასასვლელების კეთილმოწყობაში – ეს გაგრძელდება.
ჩემს ვადაში აუცილებლად განვახორციელებ ქობულეთის ბულვარის განაშენიანების იდეას, რომელიც უნდა იყოს ქობულეთის სავიზიტო ბარათი. ეს რვა მილიონ ლარზე მეტის სამუშაოებს ითვალისწინებს. ვფიქრობ, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მოძიება შესაძლებელი იქნება, – თანადაფინანსებით, ან სხვა გზით ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე.
სოფლად ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და შესაბამის დეპარტამენტთან ერთად ვგეგმავთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას. გვაქვს ოთხი დაცული ტერიტორია. მინდა, რომ კინტრიშის ხეობა, მისი პოტენციალის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაებას ტურიზმის განვითარებაში, მოეწყოს დარჩენილი და მოუწყობელი მისასვლელი გზები. ამ ხეობის ერთ-ერთი გვირგვინი არის ხინოწმინდა, ადგილი, რომელიც თავისი ლეგენდით, ისტორიული წარსულით არის ერთ-ერთი თვალსაჩინო. ჩემს სამოქმედო გეგმაში შედის ხიმოწმინდისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.
ტურისტული სეზონის ბოლოს გავესაუბრე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს ქობულეთში – ტაქსისტებს, სავალუტო ჯიხურების თუ რესტორნების მფლობელებს, დავინტერესდი, როგორი იყო ტურისტული სეზონი, იგრძნობოდა თუ არა დამსვენებელთა რაოდენობა. მათი პასუხი იყო, რომ რენტაბელობის თვალსაზრისით, ეს იყო ძალიან კარგი სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტი ბევრი იყო ქალაქში ეს არ იგრძნობოდა. დამსვენებელმა უკვე აირჩია ალტერნატიული გზა და ის აქტიურად გადავიდა ქობულეთის სოფლებში, ეს არ იყო ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა ჩემთვის… მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ისეთი პროგრამების პოპულარიზაციას, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მცირემეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამები. ხალხი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ სულ ცოტა ხანში ქობულეთის სოფლებში იქნება ტურისტების ბუმი.
ჩვენ ვაპირებთ ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიც არის კულტურული ტურიზმი, ამ კუთხით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოყენება გვჭირდება. გარდა ამისა, ქობულეთში კულტურისა და სპორტის განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქობულეთი უნდა გახდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე კულტურული ფესტივალის ადგილი.
სამი წლის წინაც „ოცნების“ კანდიდატის მთავარი დაპირება იყო ინფრასტრუქტურა და ტურიზმის განვითარება. იგივეს ამბობთ თქვენც. მოქმედმა გამგებელმა ცუდად იმუშავა?
ძალიან ბევრი დაპირება, რაც იქნა გაცემული წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, თითქმის მთლიანად აქვს შესრულებული მოქმედ გამგებელს. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 2014 წლის ბოლომდე „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ იყო, ბევრ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ბლოკავდნენ მნიშვნელოვან საკითხებს პოლიტიკური თვალსაზრისით…
დასრულდა კანალიზაციის მოწყობის პროცესი, მომავალში კიდევ რამდენიმე წყალსადენის სისტემის მოწყობა იგეგმება. როგორც ვიცი, არის ლოკალური პრობლემები წყლის მარაგთან დაკავშირებით. ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ახალი ჭაბურღილების დამატებით.
ნარინჯისფერ ფესტივალზე საუბრობდით, რას გულისხმობს ეს იდეა?
ეს ჯერ იდეის დონეზეა. ბავშვობა ქობულეთში მაქვს გატარებული და ყოველთვის, როდესაც მთავრდებოდა საზღვაო ტურიზმი, მოიწყენდა ხოლმე ქობულეთი, განსაკუთრებით სოფლები. ნოემბერში, როდესაც იწყება ციტრუსის რთველი, ყველამ იცის, რომ ამ დროს არის თბილი ამინდები… ეს არის ერთ-ერთი მიმზიდველი თემა, რომ ციტრუსის რთველი იყოს არამარტო სასოფლო სამეურნეო საქმიანობა და გლეხისთვის ჭირნახულის დაბინავების პროცესი, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილი. თუმცა ამ იდეას სჭირდება ბევრი მუშაობა კრეატიულ ადამიანებთან ერთად.
ამის გარდა, ქობულეთი ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო სპორტული შეჯიბრებების ადგილი. იდეალური იქნება ციხისძირის შემოვლითი გზა ველოსპორტისთვის. და, რა თქმა უნდა, შეჩერებული სპორტსკოლა, რომელიც მე მაღელვებს და ყველა ღონე უნდა ვიხმარო, რომ ქობულეთს ჰქონდეს მომავალში.
ძალიან საინტერესო ადგილია ციხისძირიც, იგივე პეტრას ციხე. ბოლო არქეოლოგიური გათხრების შედეგად უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომელმაც ძალიან ბევრ ისტორიულ საიდუმლოს ფარდა ახადა…
რაც შეეხება ასწლოვანი ხეების გატანას და ეკოსისტემის დაზიანებას ციხისძირში?
ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საკითხი. არ მინახავს არც ერთი კომპეტენტური ექსპერტის მოსაზრება…
„ბათუმელებთან“ ამაზე გეოლოგებმა ისაუბრეს, მაგალითად, ტარიელ ტუსკიამ…
მე არ ვიცი მისი [ტარიელ ტუსკიას] მოსაზრება, მაგრამ არც ერთი მოსაზრება არ მომისმენია, რომელიც გულისხმობს ამ პროცესების გამო რაიმე ეკოლოგიურ კატასტროფას. ხეების გადატანის ადგილი ციხისძირი არ არის, ხეების გადატანა ხდება სხვადასხვა ადგილებიდან და ეს არის ორ პირთან ურთიერთობის საკითხი. მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ციხისძირიდან ხეების გადატანა იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ციხისძირი გახდა სპეკულაციის თემა „ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლების მხრიდან. კომპეტენტურ მოსაზრებას პატივს ვცემ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ მინახია კომპეტენტური მოსაზრება ეკოსისტემის დაზიანების შესახებ.
პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებს არ ვეყრდნობი ბატონო მირიან, მე სპეციალისტების შეფასებაზე გესაუბრებით.
ძალიან საეჭვოა ეს მოსაზრება, მე არ გამოვდგები ხეების გადარგვის ექსპერტად. არ სჭირდება ჩემი ადვოკაცია ამ პროცესს. ჩემი აზრია, რომ ეს საკითხი გახდა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, რომელსაც იყენებს პოლიტიკური მოწინააღმდეგე ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით. ეს არის უშედეგო ხასიათის მცდელობაა.
ანუ ეს არის თემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს „ოცნების“ დისკრედიტაციის საშუალებას აძლევს? – თუ პრობლემა არ არის, მაშინ ვერც დისკრედიტაციის საშუალებას მისცემდა, არა?
ეს არის მცდელობა და არა შედეგი. იღებენ რაღაც ხედით სურათებს, რომ თითქოს იქ გაჩეხილია ხეები. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი კავშირი ამას სახელმწიფო რეგულაციასთან არ აქვს. თუ ერთი ხის გადარგვა ხდება, ათი ირგვება. მთავარი, რაც მე ვიცი, არის ის, რომ კეთდება უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი შავიზღვისპირეთში. თუ ასეთი სიკეთე კეთდება, რაც არანაირ გვერდით მოვლენას არ იწვევს, კითხვები არ უნდა არსებობდეს. ციხისძირელები არაფერს ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით, ვისი საკუთრებიდანაც ხდება ხეების გადარგვა. თუ ვინმეს აწუხებს გარემოს პრობლემა, მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას შევიდეს წერილობით ადმინისტრაციულ ორგანოში და მიიღოს ინფორმაცია. პოლიტიკოსებმა მაჩვენონ ერთი დოკუმენტი, რომ რაიმე ზიანი მოადგა ეკოსისტემას.
ქობულეთში, ზღვის პირას, მაღლივი მშენებლობები დაიწყო, მათ შორის რეგულაციების გვერდის ავლით. ასეთ გამონაკლისებს თქვენც დაუშვებთ?
ვინ ამბობს ამას. წყარო მითხარით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.
შემიძლია დაგისახელოთ გამგეობის გვერდით ახალი კორპუსი.
სანაპირო ზოლთან დაკავშირებული საკითხი არ არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი საკითხი, ყველა ის ნაკვეთი, რომელიც იქ არსებობს და რომელიც შესაძლებელია გამოიყენო სამშენებლოდ, უნდა გახდეს ვიღაცის საკუთრება. უძრავი ქონება, რომელიც სანაპირო ზოლში მდებარეობს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, შესაბამისად, განკარგვა ხდება მხოლოდ მის მიერ. საინვესტიციო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო, ჩემი აზრით, სწორია.
ბათუმელ აზერბაიჯანელებს დღეიდან საშუალება ექნებათ მშობლური ენა ბათუმში შეისწავლონ. ენის შესწავლის საკვირაო სკოლის გახსნის ცერემონია სასტუმრო „დივანში“ გაიმართა. ენის გაკვეთილები ამავე სასტუმროს შენობაში, ყოველ შაბათს ჩატარდება. მსურველებს ენას აზერბაიჯანიდან მოწვეული სპეციალისტები შეასწავლიან.
ოფიციალურ ღონისძიებას, 14 ოქტომბერს, „დივანში“ ბათუმელი აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი, ასევე საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკვირაო სკოლას ბათუმში საკონსულო დააფინანსებს.
„ეს სკოლა არ იქნება მხოლოდ ბათუმში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის. აქ აზერბაიჯანული ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება… სკოლას აზერბაიჯანის ხელისუფლება ფინანსურად უჭერს მხარს, ამასთან, აქ არა მარტო ენის გაკვეთილები ჩატარდება, არამედ საუბარი იქნება ისტორიასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გენერალურმა კონსულმა.
ენის შესწავლის კურსების გახსნის თხოვნით აზერბაიჯანის საკონსულოს ბათუმში, საქართველო-აზერბაიჯანის საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიმართა. ეს ორგანიზაცია ბათუმში ფუნქციონირებს და ის ერთგვარი სათვისტომოა ბათუმელი აზერბაიჯანელებისთვის. ორგანიზაციის პრეზიდენტის, ვიდადი ახუნდოვის განცხადებით, ბათუმში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მშობლიური ენა ფაქტობრივად დავიწყებული აქვთ, ისინი ერთმანეთში ძირითადად ქართულად და რუსულად ურთიერთობენ. ენის შესწავლის სურვილი ოცზე მეტმა ადამიანმა უკვე გამოთქვა.
აზერბაიჯანელები აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ძირითადად მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყსიდან ცხოვრობენ. საზოგადოების ინფორმაციით, აჭარაში დღეს ათასზე მეტი ეროვნებით აზერბაიჯანელი ცხოვრობს.



ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 სექტემბერს ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე №1-ის მიმდებარედ კვლევითი ინსტიტუტის შენობის სამშენებლო სამუშაოების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას გამართავს. 18 სექტემბერს კი, ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის მშენებლობა დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორი და მიწვეული სტუმრები კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღებენ მონაწილეობას. ორივე პროექტისთვის ჯამში 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვექტორი“ შესარულებს.
200 მობინადრეზე გათვლილი სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. ამ შენობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი.
საცხოვრებლის შენობის მიწისზედა სამ სართულზე განთავსდება ადმინისტრაცია, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო; აგრეთვე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე. შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის.
როგორი იქნება ახალი საერთო საცხოვრებელი, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.
შუახევის მინიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ინწკირვეთის ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამგეობის შესყიდვების სამსახურმა ორწლიანი ტენდერი გამოცხადა. შესყიდვისთვის სამი მილიონ 646 322 ლარი გაითვალისწინეს. სატენდერო კომისიის ინფორმაციით სასურველია 2017 საბიუჯეტო წლის ბოლომდე შესრულდეს მილიონ ხუთასი ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები.
ტენდერის პირობების მიხედვით პროექტი მოიცავს სოფელ ინწკირვეთის მთის გორის ძირიდან მდინარის ხევში მთავარი წყალმიმღები ზღუდარის მოწყობას, რომელიც ზღვის დონიდან 1741მ სიმაღლეზე მდებარეობს.
პროექტი 2018 წლის 15 დეკემბერში უნდა დასრულდეს. ამ ვადაში გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველს შესრულებული სამუშაოების შესახებ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა უნდა წარუდგინოს.
შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად სამი წელია მითითებული. საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან, „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების და დეფექტების აღმოფხვრა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე.
ხვალ, 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“ [გამსახურდიას #6] ბათუმის მერობის კანდიდატები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა 5-7 წუთის განმავლობაში წარადგინონ თავიანთი პროგრამები და უპასუხონ აუდიტორიის შეკითხვებს.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ინფორმაციით დისკუსიაში მიწვეულები არიან მერობის კანდიდატები:
ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“: ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ომარ ფარტენაძე – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“
თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“
დისკუსიას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე გაუძღვება.
შეხვედრა დაგეგმილია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „საქართველო ჩემი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობას.
„პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, რა შუაშია არჩევნები,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ „ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ დაუბრუნეს 13 გონიოელს მიწა სპეციალურად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე? „მიწის კომისიამ“ მოულოდნელად დღეს, 13 ოქტომბერს გამართა სხდომა და გონიოელებს უთხრა, რომ მათ 2010 წელს ჩამორთმეულ მიწებზე საკუთრებას აღუდგენდნენ.
ბათუმის მერიის წინააღმდეგ 54-მა გონიოელმა სასამართლო დავა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოიგო. 31 აგვისტოს მერიის „მიწის კომისია“ შეიკრიბა და თქვა, რომ საკითხი ხელახლა უნდა შეიწავლოს. ასევე კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიცია, რადგან სადავო მიწები გონიოს ციხესთან ახლოს მდებარეობს. მაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა დააფიქსირა, რომ კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებდა პროცესს, რადგან სააგენტოს გონიოს მიწებზე უკვე დაფიქსირებული ჰქონდა მოსაზრება.
„სააგენტოს ეს პოზიცია დაფიქსირებული ჰქონდა 2014 წელს- სასამართლოს დავალება იყო, რომ ინდივიდუალურად მომხდარიყო გამოკვლევა, სწორედ ამან განაპირობა, რომ სააგენტოს ხელახლა მივმართეთ. 2014 წელს სააგენტო გვეუბნებოდა, რომ ამ მიწების გაცემის დროს არ მომხდარა მათთან შეთანხმება, თუმცა წინააღმდეგი არ ვართო. ახლა კი მოგვწერეს, სასურველია შეთანხმებაო,“ – გვითხრა დავით კოპინაძემ.
რამდენიმე დღის წინ გონიოელებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მხარდაჭერით პროკურატურასაც მიმართეს. მათი აზრით, კომისია შეგნებულად თავს არიდებდა გადაწყვეტილების მიღებას. მიწის კომისიის თავმჯდომარე, დავით კოპინაძე ირწმუნება, რომ დღეს გამართული სხდომა პროკურატურაში შეტანილ საჩივარს არ უკავშირდება.
დავით კოპინაძე: „აუცილებლად შევისწავლით ჩვენ სხვა დანარჩენების საკითხებსაც. მომავალი სხდომა არ ვიცი როდის იქნება – არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ. ჩვენ დაწყებული გვქონდა მუშაობა და ამის მტკიცებულებები არსებობს, მიმოწერები და ასე შემდეგ. პროკურატურისგნა რამე ზეწოლა არ ყოფილა. მე ამ თანამდებობაზე დავინიშნე სამი თვის წინ და ასეთ საკითხზე ერთ და ორ კვირაში ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, 7 წელია მიმდინარეობს ამის შესწავლა“.
მერიის მიწის კომისიამ ამჯერად სხვა გონიოელების საქმეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე 13 გონიოელის საქმეზე კომისიამ იმიტომ იმსჯელა, რომ მათზე სასამართლოს უფრო ადრე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.
„ეჭვები და კითხვის ნიშნები, ბუნებრივია, ისევ არსებობს,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ის არ გამორიცხავს, რომ კომისიის მიერ აღდგენილ მოწმობებს პრობლემა საჯარო რეესტრში შეექმნათ და ისევ დაფიქსირდეს იდენტიფიკაციის, ან ზედდების პრობლემა. რაც შეეხება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიწების დაბრუნებას – ანა ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მიწის კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო:
„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას ვერ გავექცევით. არის კითხვის ნიშნებიც, რომ ეს მოხდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე… სამწუხაროა, რომ მოქალაქეებს მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ იძულებითი მექანიზმების გამოყენება მოუხდათ, ვგულისხმობ პროკურატურას, რომ კომისიას ემოქმედა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ციტრუსოვანი კულტურების აზიური ფარისანასგან დაცვის მიზნით მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით დროულად შეწამლონ ციტრუსი.
სააგენტოს ინფორმაციით ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი [ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ] მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ხეხილში, ბოსტნეულში, ვაზში, მარცვლეულსა და პარკოსნებში.ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების და ვადების დაცვა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით.
პრეპარატის კონცეტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ. პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტია 10-14 დღე. მნიშვნელოვანია, ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე: 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 – დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 – დღე მარცვლეულზე, 15 დღე -ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.
პესტიციდების გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების წესების დაცვა. პრეპრატების გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ აქ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 230 ათას ოჯახს პრეპარატები გადაეცემა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი დაწყებულია სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელია გავრცელებული.
ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი, ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს დასარიგებლად უკვე გადასცა პრეპარატები; [ სამეგრელოს რეგიონი -116 000; გურია – 50 670; იმერეთი – 38 838; აჭარა – 13 000.] პრეპარატების მოსახლეობისათვის გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.