ნეტგაზეთი • RU
sasamartlo

„შეშინების მიზნით გავისროლე“ – ბათუმში ბიზნესმენების დაჭრის საქმე

„შეშინების მიზნით გავისროლე, ამიტომაც დავუმიზნე ფეხების მიმართულებით…“ – უთხრა მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილმა. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საღამოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია ბათუმში, კომპანია „მეგა პალასში“ 7 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და თანამშრომელი ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა.

„ორჯერ გავისროლე და გამოვიქეცი,“ – განაგრძო ბრალდებულმა სასამართლო დარბაზის გისოსებიანი კუთხიდან, – „ჰოლში ჩემი ძმა შემხვდა, რას შვრებიო, დაიყვირა და ხელები გამიკავა, ამ დროს გამივარდა შემთხვევით ტყვია… მომდევდა ხუთი კაცი. ვეუბნებოდი, თავი დამანებეთ, კიდევ მაქვს ტყვია იარაღში, აქედან პირდაპირ პოლიციაში მივდივარ-მეთქი. მართლაც პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მივედი იარაღით, აღიარებითი ჩვენებაც მივეცი და ჩავბარდი,“ – დაასრულა რამაზ ხიმშიაშვილმა.

პოლიციელებს და მოსამართლესაც ბრალდებულმა უთხრა, რომ კომპანია „მეგა პალასში“ შეიარაღებული თავდაცვის მიზნით მივიდა. „ჩემი დაარსებულია ის კომპანია, მე გავაკეთე ყველაფერი და პასუხსაც არ მცემდნენ… ერთი წლის წინ მივწერე წერილობით. მემუქრებოდნენ განადგურებით. მითვლიდნენ, ფულს მოგცემთ და წადი საერთოდ ქვეყნიდანო. რომ არ გამცეს პასუხი, მერე პროკურატურას მივმართე 20 დღის წინ. პროკურატურამ არაფერი არ გააკეთა, არც კი დამკითხა, ამიტომ მივედი მე იქ…“ – დაამატა რამაზ ხიმშიაშვილმა.

„და თქვენ გადადგით „შემეხვედრი ნაბიჯი“, – მიმართა რეპლიკით მოსამართლემ ბრალდებულს.

„მე თუ პატიმრობას შემიფარდებთ, იზოლირებული ვიქნები და ამით კიდევ უფრო ხელი შეეშლება გამოძიებას, რაც ამ კომპანიას უკავშირდება და რის გამოც მივმართე პროკურატურას. ამიტომ არ მინდა პატიმრობა, თორემ საპროცესო რომ გამიკეთოთ, ალბათ უარს ვიტყვი ამაზე, დანაშაული ჩავიდინე და პასუხი უნდა ვაგო,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.

მოსამართლემ რამაზ ხიმშიაშვილს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამ სასჯელს ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება. ბრალდებულს ჯერ არ უთქვამს და არც პროკურატურას აქვს ვერსია, რა ვითარებაში და როდის მოახერხა მან იარაღის შეძენა.

რამაზ ხიმშიაშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ამ შემთხვევისთვის გათვალისწინებული სასჯელი 3-დან  6 წელია. პროკურატურამ უკვე წარმოადგინა საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვითაც გასროლის შედეგად დაჭრილ ჯუმბერ ზოიძის დაზიანებები მძიმეა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ალექსანდრე ხიმშიაშვილის – მსუბუქი.

„არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ამ საქმეზე დადგეს გამამატყუნებელი განაჩენი. სასჯელი კი 6 წელია. შესაბამისად, არსებობს მიმალვის რისკი, თუკი ის პატიმრობაში არ იქნება,“ – ეს  პროკურორ ადილარ წირღვავას ერთ-ერთი არგუმენტია. მან მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

„დამალვას საქართველოში დღეს რა უნდა. დამალვა რომ სდომოდა, დაიმალებოდა და პოლიციის განყოფილებაში არ მოვიდოდა საკუთარი ფეხით,“ – უპასუხა პროკურორს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა პროკურორმა კიდევ ერთი არგუმენტით გაამყარა – აგრესიული ქმედება და მოწმეებზე ფიზიკური ზემოქმედების საფრთხე.

„ეს დანაშაული უკვე ჩავლილია… აქ გამოსაძიებელი არც არაფერია. მოკვლა რომ სდომოდა, ფეხებში კი არა, ზემოთ ისროდა,“ – დასძინა ადვოკატმა.

„გაუგებარია თქვენი დასაბუთება. დასრულებული შესაძლოა არაფერიც არ არის,“ – მიმართა დაცვის მხარეს მოსამართლემ და სასამართლო სხდომის თარიღი ჩაინიშნა, სადაც გადაწყდება, შედგება თუ არა ამ საქმეზე არსებითი განხილვა.

რამაზ ხიმშიაშვილია პოლიციამ 11 მარტსაც დააკავა ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბათუმის პლაზას შენობის წინ. სწორედ რამაზ ხიმშიაშვილის და შემდეგ ჯიმი ვარშანიძის დაკავების შემდეგ დაიწყო ბათუმში ცნობილი მასობრივი საპროტესტო აქცია. ადმინისტრაციული წესით დაკავებულ რამაზ ხიმშიაშვილს გამოძიება ედავებოდა ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას, თუმცა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ რამაზ ხიმშიაშვილი მაშინ გაამართლა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი