მთავარი,სიახლეები

„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – საიდუმლო პერიოდის გამოფენა პარიზში

16.10.2017 • 2565
„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – საიდუმლო პერიოდის გამოფენა პარიზში

„პიკასო, 1932 – ეროტიკული წელიწადი“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც პიკასოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა პარიზში და მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გამოფენა მხატვრის ცხოვრების მხოლოდ ერთ წელიწადს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შექმნისას პიკასოს შთაგონების წყაროდ მისი მთავარი მოდელი და საყვარელი, მარი-ტერეზ ვოლტერი იქცა, რომელიც მხატვარმა 1927 წელს გაიცნო.

გამოფენაზე პარიზში 110 ტილო, ჩანახატი, სკულპტურა, გრავიურა და ფოტოა  წარმოდგენილი. პიკასომ მარი-ტერეზასთან ყოფნისას, 1932 წელს, 365 დღის განმავლობაში, 300-მდე ნამუშევარი შექმნა.

მაშინდელ პრესაში კრიტიკოსების უამრავი წერილი იბეჭდებოდა, ყველა ხაზს უსვამდა მხატვრის განსაკუთრებულად ნაყოფიერ შემოქმედებით წელიწადს. მარი-ტერეზთან ერთად გატარებულმა პერიოდმა პიკასოზე ძრავასავით იმოქმედა.

მხატვარს ამ დროს ცოლი – ოლგა ხოხლოვა და 5 წლის ვაჟიშვილი ჰყავდა. რესპექტაბელურ, ოჯახის სტატუსს მყარად ჩაჭიდებულ რუს ბალერნას ბედნიერებისთვის მაღალ საზოგადოებაში ტრიალი, ფუფუნება და ოჯახური ცხოვრება ჰყოფნიდა, პიკასოსთვის კი ეს გარემო და პარიზული სალონები უბრალოდ ახალი ემოციების წყარო იყო, რომელიც ამოწურა და შემოქმედებით სიახლეებს ეძებდა.

ფოტო: pablopicasso.org

ფოტო: pablopicasso.org

მას შემდეგ, რაც მარი-ტერეზის ხატვა დაიწყო, პიკასოს შემოქმედებაში დასრულდა კლასიკური პერიოდი და ნამუშევრებში იმპრესიონისტული, სიურეალისტური შტრიხები გაჩნდა. პიკასო აღარ ხატავდა მოცეკვავეებს, კუბოკრულფორმიან ბავშვებს და ოჯახის იდილიის ამსახველ სცენებს.  მარი ტერეზის აჩრდილი ოჯახს 1927 წლიდან სდევდა თან, მაგრამ ოლგამ ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც 1935 წელს პიკასოს და მარი-ტერეზის ქალიშვილი – მაია პიკასო გაჩნდა.

ფოტო: pablopicasso.org

ფოტო: pablopicasso.org

გამოფენის გახსნაზე საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი – ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები პიკასოსა და მარი-ტერეზ ვოლტერის  შვილს, 82 წლის მაია უაილდმაიერ პიკასოს შეხვდნენ.

მაია პიკასო მამის გამოფენაზე

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON / POOL

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/IAN LANGSDON / POOL

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: