ენერგოინვესტიციის ფორუმი ბათუმში – აზიის განვითარების ბანკისა და აჭარის მთავრობის შეხვედრა

11-12 სექტემბერს ბათუმში ენერგოინვესტიციის ფორუმი გაიმართება. დღეს, 19 თებერვალს, ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოების და საპილოტე საინვესტიციო პროექტების განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

ენერგოინვესტიციის ფორუმი ოთხი მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგოეფექტურობა, ელექტროავტომობილები და ელექტროელემენტების განვითარება. ფორუმი ბათუმში აზიის ბანკის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის – CAREC-ის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია. მისი ჩართულობით არაერთი პროექტი ხორციელდება რეგიონში, მათ შორის ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი აფინანსებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, მთავრობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ABD-ის ენერგოფინანსების სპეციალისტი, კაზუტო მურაგუჩი, საქართველოში CAREC-ის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი, ეკატერინე კოროშინაძე, ასევე, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე

მთავარ ფოტოზე: აჭარის მთავრობის წევრებისა და აზიის განვითარების წარმომადგენლების შეხვედრა. აჭარის მთავრობის ფოტო

რვა წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი საპროცესო გარიგებას ითხოვს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ რ.დ.-ს საქმეს დახურულ პროცესზე განიხილავს. ბრალდებული 63 წლის კაცია და მას 8 წლის გოგოსთან  გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავებიან.

რ.დ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებული დაზარალებული გოგოს მეზობელია. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სასამართლომ უკვე მოისმინა არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება, ასევე ბავშვის დედის, რომელიც ამბობს, რომ ის ბავშვთან სექსუალური კონტაქტის ფაქტს შეესწრო. ადვოკატის, სოლომონ კოჩალიძის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს ადასტურებს.

„ამბობს, რომ მას შვილიშვილი არ ჰყავს და ბავშვს მოეფერა… ის აღიარებს დანაშაულს, ინანიებს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვს“, – გვითხრა სოლომონ კოჩალიძემ.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ბრალდებული პროკურატურას მხოლოდ პირობითი მსჯავრის შეფარდებას სთავაზობს 5 წლის ვადით.

„ამ დროისთვის უცნობია, შედგება თუ არა შეთანხმება პროკურატურასთან,“ – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა.

გარე დაკვირვების პროგრამაში რეგისტრაცია იწყება

იმ პედაგოგებისთვის, ვისაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება სურთ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ გარე დაკვირვების პროგრამაში.

ამ პროგრამის გავლა, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში გვითხრეს, არ არის სავალდებულო, თუმცა არის შესაძლებლობა უფროსი მასწავლებლებისთვის, რომ  მოიპოვონ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა, ან აქვს დოქ­ტო­რის, ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრის თვეში გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შედეგად 42-მა მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 44 მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 1 ან 2 კრედიტქულა დასაგროვებელი.

გარე დაკვირვების პროგრამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვლამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია eschool-ის ელექტრონულ სისტემაში იწარმოებს.

„პილოტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ანალიზის შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეები ცვლილების სახით შეფასების ინსტრუმენტებსა და გარე დაკვირვების წესში აისახა.

ეს ცვლილებები მიმართულია პროცესის მაქსიმალურად ღია და ობიექტური წარმართვისაკენ. ასევე, გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნოს როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს,“ – ამბობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირება 2017 წელს შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში განახორციელა. პილოტირების რეჟიმში დარეგისტრირებული 105 მასწავლებლიდან გარე დაკვირვება 100-მა მასწავლებელმა გაიარა, რომელთაგან 86 შეფასდა დადებითად.

 

 

ვაკანსიები ხულოს მერიაში – გამარტივებული კონკურსი თანამდებობების დასაკავებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა მერიაში  სამეურნეო მუშაკის, სამეურნეო მუშაკის დამხმარისა და მდივან-რეფერენტის პოზიციებზე.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა.

მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების ცოდნას, გასაუბრების ეტაპზე, ხულოს მერი, გოჩა მელაძე, ერთპიროვნულად შეაფასებს.

ხულოს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 26 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენ.

სამეურნეო მუშაკისა და მდივან-რეფერენტის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 ლარია, ხოლო სამეურნეო მუშაკის დამხმარის პოზიციაზე – 500 ლარი. კონკურსანტებს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვებათ.

ბაღის პედაგოგებს ხელფასები მინიმუმ ასი ლარით უნდა გაეზარდოთ – ინიციატივა საკრებულოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს მიმართავენ.

„განცხადებას თან ერთვის განმარტებითი ბარათი, თუ რატომ უნდა გაეზარდოთ საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასები მინიმუმ ასი ლარით. რადგან ბიუჯეტის კორექტირების  ექსკლუზიური უფლება მერიას აქვს, ჩვენ ვთხოვთ საკრებულოს, მოიწონონ ჩვენი ინიციატივა და შემდეგ მიმართონ მერიას, რომ ხელფასის გაზრდისთვის საჭირო თანხები გამონახოს ბიუჯეტში,“ – ამბობს ენმ-ს ფრაქციის ხელმძღვანელი, მირდატ ქამადაძე.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი მინიმუმ ასი ლარით გაიზარდოს, წელიწადში მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო.

„ეს არც ისე დიდი თანხაა და მერიას შეუძლია შეამციროს ბიუროკრატიული, წარმომადგენლობითი და ავტომანქანებისთვის გათვალისწინებული ხარჯები და ამის ხარჯზე გაზარდოს ბაღის პედაგოგების ხელფასები,“ – ამბობს ქამადაძე.

საკრებულოს  წევრების თქმით, ენმ-ის ინიციატივა დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს ელექტრონული ფორმით, ოფიციალურად გადაეგზავნება.

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. მამაკაცი ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილი სტაციონარში ქობულეთის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება დაფიქსირდა 18 თებერვალს, 17:40 საათზე, დაახლოებით 12 წუთში ადგილზე იყო ეკიპაჟი. 35 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა ჭრილობა ზურგის და მუცლის არეში. პაციენტი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ გადაყვანილი იქნა ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში“, – გვითხრეს ცენტრის პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი დაკავებული არ არის, რასაც შსს-ც ადასტურებს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავთ, სამივე მცირეწლოვანია.

ცვლილება ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის გამო, ავტოტრანსპორტის შეცვლილი მოძრაობის სქემის მიხედვით, ხვალიდან, 20 თებერვლიდან, #12 და #16 მუნიციპალური ავტობუსების ბოლო გაჩერება თბილისის მოედანი იქნება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით:

[checklist]

  • ახალი სქემით მიხედვით, ბონი-გოროდოკის, თამარის დასახლებისა და მახინჯაურის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების გავლით გადაადგილდება.
  • ქალაქის ცენტრისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი კი, თამარ მეფის გამზირისა და ბაქოს ქუჩის გავლით იმოძრავებს.

[/checklist]

ახალი სქემით მოძრაობა ცალმხრივია გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.

მერიის განცხადებით, შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიხსნება. დღეს არსებული გეგმის მიხედვით კი, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

ჰაერს 50%-ით საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტები აბინძურებს – ამერიკული კვლევა

გამწმენდი სითხეები, საღებავები, აეროზოლები, თმის ლაკი, იატაკის, ავეჯის საწმენდი სითხეები, წებო, დეოდორანტები – ამ და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტის ჰაერთან შერევა თვალისთვის უხილავია, ავტომობილების გამონაბოლქვთან შედარებით.

აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო, ქიმიური პროდუქტები ქალაქებში ჰაერის დამაბინძურებელ ერთ-ერთ მთავარ წყაროდაა ქცეული. კვლევები ადასტურებს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტებისგან მოტანილი ზიანი ავტომობილების გამონაბოლქვისას უტოლდება.

ინფორმაციას BBC ავრცელებს სამეცნიერო გამოცემა Science Magazine-ზე დაყრდნობით, რომელმაც უახლესი კვლევის შედეგები პარასკევს, 16 თებერვალს გამოაქვეყნა.

კვლევა კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს და დააკვირდნენ ატმოსფეროში გაბნეული ე.წ. მფრინავი ორგანული ქიმიური ნაერთების გაჯერებულობას.
შედეგები მომაკვდინებელია, რადგან მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანის სიკვდილს სწორედ ჰაერის დაბინძურება იწვევს.

პრობლემასთან გამკლავება არც ისე მარტივია, რადგან ქიმიური პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობაა და მხოლოდ წყლით ვერ ვუმკლავდებით საყოფაცხოვრებო საჭიროებებს. თუმცა გამოსავალი შეიძლება იყოს ამგვარი პროდუქტების მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მოხმარება და რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება.

ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, შეიცავს უამრავ კომპონენტს და მეცნიერებს არ შეუძლიათ ზუსტად დაადგინონ მისი შემადგენელი რომელი ნივთიერება რას იწვევს.

კვლევაში ჩართულმა მეცნიერებმა ჰაერში სპეციალური ზონდები გაუშვეს ლოს-ანჯელესში, რითაც ავტომობილის გამონაბოლქვისა და საყოფაცხოვრებო, ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა განსაზღვრეს. აღმოჩნდა, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ნივთირებების 50%-ი შედგება გამონაბოლქვისგან, 50%-ი კი საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების წილია.

ამერიკული კვლევა ევროპასა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს მიანიშნებს, რომ გარემოსდაცვით პრობლემებს ვერ გადაჭრის მხოლოდ გამონაბოლქვის შესამცირებლად გაწეული კამპანიები და გასათვალისწინებელია საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქტების პრობლემა.

ბათუმის დელფინარიუმი ორი თვით დაიხურა

ბათუმის დელფინარიუმი ორი თვის განმავლობაში აღარ იფუნქციონირებს, რადგან შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება.

როგორც დელფინარიუმის ხელმძღვანელი, დავით ლეკვეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს,  შესაკეთებელია  დელფინარიუმის სცენა. „ძირითადად სცენაა დაზიანებული, რომელიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ასევე ჩატარდება კოსმეტიკური სამუშაოებიც“.

სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკო 777“-ი შეასრულებს. სამუშაოებისთვის 22 ათასი ლარია გამოყოფილი. დელფინების წარმოდგენა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მელიქიშვილისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს შეეჯახა ორი მსუბუქი ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ დამტვრეულია ავტომანქანები, თუმცა  ავტომანქანებში მსხდომ პირებს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მსუბუქი დაზიანებით ერთი პირი გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ჯგუფი.

 

შეაფერხებს თუ არა ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა კოლექტორის მშენებლობას გოგოლის ქუჩაზე

ბათუმში ესტაკადის მშენებლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა, – გოგებაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩაზე გასვლა აიკრძალა. შესაბამისად, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ავტომანქანები მაიაკოვსკისა და ერისთავის ქუჩებიდან თამარ მეფის გამზირზე გავლენ შემდეგი მარშრუტით: გოგოლის ქუჩა -> ნონეშვილის ქუჩა -> ბარცხანის ხიდი -> თამარ მეფის გამზირი [ცენტრალური მაგისტრალი].

აღნიშნულით კიდევ უფრო დაიტვირთა გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც წყლისა და კანალიზაციის პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კოლექტორი უნდა აშენდეს. ამ კოლექტორის მეშვეობით კი ბარცხანისა და თამარის დასახლებების საკანალიზაციო ქსელი ერთიან ქსელში უნდა ჩაირთოს და დაუკავშირდეს ცენტრალურ გამწმენდ ნაგებობას, რომელიც ადლიაშია განთავსებული.

კოლექტორის მშენებლობისთვის გოგოლის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვას ბათუმის მერია გასულ წელს ითხოვდა. წყალარინების მილის გაყვანის სამუშაოები აქ 2017 წლის ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, მაშინ საპატრულო პოლიციამ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ არ მისცა.

გასული წლის დეკემბერში ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2018 წლის გაზაფხულზე კოლექტორი აუცილებლად უნდა აშენებულიყო. „ახალი წლის შემდეგ, ალბათ, შევთანხმდებით რაღაც სცენარზე,“ – განაცხადეს მაშინ მერიაში.

ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში აცხადებს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ახალი, დროებითი სქემა კოლექტორის მშენებლობას ხელს არ შეუშლის: „ჯერ უნდა აშენდეს სატუმბი სადგური, რომლის მშენებლობაც დაწყებულია. მხოლოდ ამ სადგურის დასრულების  შემდეგ იქნება აუცილებელი გოგოლის ქუჩაზე კოლექტორის აშენება, რომლითაც ბენზე-ბარცხანის საკანალიზაციო წყლები გამწმენდ ნაგობობას დაუკავშირდება. სატუმბი სადგური 4 თვეში უნდა აშენდეს. კოლექტორის მშენებლობაც ისე განხორციელდება, რომ გოგოლის ქუჩაზე მოძრაობა არ გადაიკეტება. აქ დროებითი სქემით, ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა და ეს კოლექტორის მშენებლობის დროსაც იქნება შენარჩუნებული“.

ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, თამარისა და ბარცხანის დასახლებებში კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა, აბონენტების დაერთება და ამ ქსელის გადართვა ცენტრალურ გამწმენდ ნაგებობაში, სრულად, დღეს არსებული გეგმის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება.

მთავარი ფოტო: გოგოლის ქუჩის მონაკვეთი [მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩებს შორის] / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

ნურიგელის ტბისთვის 30 ათას ლარად სპორტულ კანოეს და კაიაკებს შეიძენენ

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 4 ერთადგილიან და 2 ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] შეისყიდის.

კანოესა და კაიაკების შესაძენად 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ნავები, რომლებსაც ბათუმის ცენტრალური პარკის ტბისთვის [ნურიგელის ტბა] ყიდულობენ, სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის სჭირდებათ.

მთავარი ფოტო: ნურიგელის ტბა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ბათუმის პარკს ტბისპირა კოლონადები ექნება

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა. კერძოდ, გოგებაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 17 თებერვლიდან აკრძალულია. ამ ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით: 

1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი;

ან:

2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი.

ავტომანქანები ამ მარშრუტებით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას [ფოთი-სარფი] დაუკავშირდებიან.

მოძრაობის სქემა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. ანუ, თამარ მეფის გამზირიდან [ცენტრალური გზიდან] ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ბაქოს ქუჩაზე [ბათუმის პორტთან] და აქედან გოგებაშვილის ქუჩაზე.

მოძრაობა ცალმხრივი გახდა გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით. ანუ, ბარცხანის ხიდიდან ავტოტრანსპორტი გოგოლის ქუჩით მაიაკოვსკის ქუჩაზე ვეღარ გადაადგილდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე გაუქმდება. პორტის მიმდებარედ, ესტაკადა კი, 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი [დროებითი] სქემა / წყარო: ბათუმის მერია

ბათუმის N20 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 838 ათასი ლარი დაიხარჯება 

ბათუმის N20 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 838 582 ლარია გათვალისწინებული. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები ხელშეკრულების დადების დღიდან 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ვადაში უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია დაზიანებული ბათქაშის 100% დემონტაჟი კედლებზე და ჭერში. ასევე დაზიანებული კარისა და ფანჯრის ბლოკების, კიბის მოაჯირების,  საპირფარეშოებსა და დერეფნებში დაზიანებული კერამიკული ფილის, ხოლო საკლასო ოთახებში ლამინატის დემონტაჟი, სპორტდარბაზში კი ხის იატაკის დემონტაჟი.

I-II სართულებზე განთავსებულ საპირფარეშოებში შეიცვლება ამორტიზირებული ჩაშა გენუებისა და ხელსაბანები. მოიხსნება პანელური რადიატორები ასევე დერეფნებში, საკლასო ოთახებში საპირფარეშოებში დაზიანებული ჩამრთველები, როზეტები და ჭერის სანათები.

პროექტის მიხედვით სამონტაჟო სამუშაოებია: კედლების შებათქაშება, შეფითხვა, შეღებვა 100 %-ით. საკლასო ოთახებში დამონტაჟდეს მდფ-ის, ხოლო საპირფარეშოებში მეტალოპლასტმასის კარები, ასევე დამონტაჟდეს ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრები ევროგაღებით, პირველ სართულზე მოეწყოს რკინის ჟალუზები. საკლასო ოთახების და დერეფნის ჭერში მოეწყოს თაბაშირ მუყაო, ხოლო საპირფარეშოებში პლასტიკატი ლითონის კარკასზე.

დერეფანი, კიბის უჯრედი უნდა მოპირკეთდეს ტექნოგრანიტის ფილებით. ხოლო საპირფარეშოებში კედლები – 1,6 მ სიმაღლეზე კერამიკული ფილით, იატაკებზე კი მოეწყობა ხაოიანი კერამიკული ფილა, საკლასო ოთახებში – ლამინატი, ხოლო დარბაზში პვც ფენილი და დარბაზის დამხმარე სათავსოში ხის იატაკი. ასევე მოეწყობა  ახალი კიბის მოაჯირები.

მოეწყობა ახალი ხელსაბანები და ჩაშა გენუები, დერეფნებში, საკლასო ოთახებში, საპირფარეშოებში კი – ჩამრთველები, როზეტები და ჭერის სანათები.

პროექტი ითვალისწინებს სკოლის შენობაში სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობასაც.

მიმწოდებელი ვალდებული იქნება სკოლასთან ერთად მოაგვაროს გარე კომუნიკაციების [საჭიროების შემთხვევაში] მიერთება/ნებართვის მოპოვება [წყალი, დენი]. მის მიერ გადახდილი თანხები ანაზღაურდება სარეზერვო თანხიდან, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 11 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.

სკოლის რეაბილიტაციისას გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის პარალელურად [სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე სასწავლო პროცესი დასრულდება 2018 წლის 15 ივნისს]. კერძოდ:

[checklist]

  • ხელშეკრულების დადებიდან მიმწოდებელმა უნდა დაიწყოს სპორტული და სააქტო დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ მათში უნდა განათავსოს სკოლაში არსებული სრული ინვენტარი დაუზიანებლად, ხოლო სკოლის სრული რეაბილიტაციის დასრულებამდე აღნიშნული ინვენტარი უნდა განათავსოს თავდაპირველ ადგილებზე დაუზიენებლად.
  • ხელშეკრულების დადებიდან მიმწოდებელმა უნდა დაიწყოს გარე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები;
  • ხელშეკრულების დადების შემდგომ მიმწოდებელს უფლება აქვს დაიწყოს სხვადასხვა სახის სამუშაო, რომელიც ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
  • სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით.

[/checklist]

ამავე თემაზე:

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

ბათუმელმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ეინდჰოვენში გამართულ სინქრონული ფიგურული სრიალის საერთაშორისო კონკურსზე ბათუმელმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ლუმიერების თასზე მოასპარეზე 13 გუნდიდან  Ice Lions Batumi-მ 39.39 ქულის მოპოვება შეძლო, გუნდი მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

„Ice Lions Batumi“ საქართველოში დღეისათვის სინქრონულ მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია.

 

Ice Lions Batumi – დაჯილდოების ცერემონიალი
ფოტო: Skatesynchrophoto

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და ერთი კორპუსის საძირკვლის მოწყობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებში მერია მაქსიმუმ 2 478 444 ლარს გადაიხდის, რაც წინა ტენდერთან შედარებით 444 ლარით მეტია.

ასაშენებელი „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კორპუსების განლაგება / ნახაზი საპროექტო დოკუმენტაციიდან.

ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ოთხი [„ა-ბ-გ-დ“ კორპუსი] ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მოცემული ეტაპისათვის კი დაგეგმილია ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის [„გ“ და „დ“ კორპუსები] მშენებლობა და „ბ“ კორპუსის საძირკვლის მოწყობა.

ტენდერის მიხედვით ორი კორპუსი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღის განმავლობაში უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 მარტს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

„წინა საპროექტო დოკუმენტაციაში კონსტრუქციულ სისტემად გამოყენებული იყო ლითონის კარკასული და მზიდი კონსტრუქციები. ახალ საპროექტო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილებები, რაც გამოიხატება შემდეგში:

ცვლილების პროექტში გათვალისწინებულია საპროექტო ობიექტების კარკასული და მზიდი კონსტრუქციები მოეწყოს რკ/ბ კოლონებისა და სართულშუა გადახურვის მონოლითური ფილით, კედლების შემავსებლად გამოიყენება სამშენებლო ბლოკები, ფასადის კედლების მოსაპირკეთებლად პენოპანელებით შემოსვა და შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიის საღებავით, ფასადის ღიობებში მოეწყობა მეტალოპლასტმასის მასალისაგან დამზადებული კარ-ფანჯრები ე.წ. „ევროგაღების“ მექანიზმით, ბინაში ოთახებში გასასვლელი კარების მოწყობა მდფ-ის მასალისაგან. ბინაში შესასვლელი კარები დამზადდება ლითონის მასალისაგან. საძინებელ ოთახებში დაიგება ლამინატის იატაკი.

დერფანში, ტერასაზე და ჰოლში იატაკი მოეწყობა ხელოვნური გრანიტისგან არასრიალა ზედაპირით. სამზარეულოში, სანკვანძში და აივნებზე მეთლახის იატაკის დაგება არასრიალა ზედაპირით. გარე კიბეზე და პანდუსზე მოეწყობა საფარი ბუნებრივი გრანიტისაგან არასრიალა ზედაპირით. შიდა კიბის საფეხურებზე დაიგება ხელოვნური გრანიტი არასრიალა ზედაპირით და მოცურების საწინაამღდეგო ღონისძიებებით.

მოაჯირები დამზადდება ლითონის მასალისაგან და შეიღებება ანტიკოროზიული საღებავით შავ ფერზე. სახურავის კონსტრუქცია მოეწყობა ხის მასალისგან, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ანტისეპტირება და ხანძარსაწინაამღდეგო ხსნარით დამუშავება. სახურავის მასალად გამოყენებულია პროფირირებული ფერადი თუნუქი მუქი წითელი ფერის. შენარჩუნებულია შენობის მალების ზომები, ძირითადი ღერძების განლაგება და ბინის შიდა გეგმარებითი სტრუქტურა და ფუნქციონალური გეგმარება,“ – აღნიშნულია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

ბათუმის მერიამ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 11 იანვარსაც გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 478 ათასი ლარი იყო. ეს ტენდერი არ შედგა.

„იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქამდეც ჰყავდა ბათუმის მერიას, თუმცა „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც „იაფი სახლი“ უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებული ტერიტორია სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო / აქ 4 ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი / ფოტო: სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამავე თემაზე:

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში იზრდება საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, ერთიანი სტრატეგია, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული აღნიშნული ქონება, არც ბათუმის მერიას აქვს განსაზღვრული და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

შსს: ბათუმში ორი პირის მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

შსს: ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია

ბათუმში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმელი მოციგურავეები ლუმიერის თასზე დღეს გამოვლენ

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi საერთაშორისო კონკურსზე Lumière Cup  დღეს, 17 თებერვალს გამოვა. კონკურსის ოფიციალური გახსნა საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

მოციგურავეთა გამოსვლის პირდაპირ ეთერში ნახვა ლაივსტრიმის საშუალებით ამ მისამართზეა შესაძლებელი:

https://www.figureskatingonline.info/livevideo.php

 

სინქრონული ციგურაობის კონკურსი Lumière Cup ეინდჰოვენში წელს მეორედ იმართება.

ყინულის ლომები ბათუმიდან

 

ბსუ-მ ექვს პროგრამაზე მიღება შეაჩერა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-19 სასწავლო წლისთვის 6 საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას აჩერებს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოდერნიზაციაა.

სატყეო საქმე, აგროინჟინერია, სამთო და გეო ინჟინერია, ტრანსპორტი, ზღვის ბიოლოგია და ფინანსური მათემატიკა – აბიტურიენტებს, ვისაც ამ პროგრამებზე სწავლა სურდათ, სხვა უნივერსიტეტის ძებნა მოუწევთ.

„ისეთ პროგრამებზე, სადაც აბიტურიენტთა განაცხადი და  სტუდენტთა რაოდენობა იყო მცირე, პრობლემა იყო მატერიალურ ტექნიკურ ბაზასთან და ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით, წელს მიღება არ გამოვაცხადეთ და შევაჩერეთ. ახლა მუშავდება პროექტი, თუ როგორი იქნება მომავალში ამ პროგრამების ბედი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

მისვე თქმით, პროგრამებზე მიღება არ გამოცხადდა მისი შემდგომი მოდერნიზაციის გამო და ეს არ ნიშნავს, რომ გაუქმდა. გაუქმების უფლება მხოლოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს.

ექვსი ფაკულტეტის ჩამონათვალში მოხვდა ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა. ამ პროგრამას აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არ მისცა მთელი რიგი ხარვეზების გამო. კიდევ ერთ, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას კი ერთწლიანი პირობითი აკრედიტაცია მისცეს.

„მე ვფიქრობ ზუსტად ესაა განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა. გიდგენენ ხარვეზს, გაძლევენ რეკომენდაციას და ვადას, რომ ამ პერიოდში ეს უნდა გამოასწორო. მე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ იმას, რომ პროგრამას მიეცა ვადა ამ ხარვეზის გამოსწორებისთვის,“ – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

ბსუ-ში „ფინანსური მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმეს

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადება

მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ბათუმის საკრებულოს 15 თებერვლის მორიგი სხდომის ჩანაწერის დამონტაჟებული ვიდეო-მასალა, თითქოსდა ე.წ. „6 მაისის პარკს“ ეწოდა ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელის სახელი. აღნიშნული მასალა მიზნად ისახავს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და არის სრული დეზინფორმაცია.

ამასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 15 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრთა 19 ხმის მხარდაჭერით, ე.წ. „6 მაისის პარკს“ ეწოდა „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელი. გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ  სწორი ინფორმაცია, რისთვისაც ვაქვეყნებთ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის  N17 განკარგულებას –  „ეგრეთ წოდებული „6 მაისის პარკისთვის“ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ“, ასევე, გთავაზობთ იხილოთ ამონარიდი ვიდეო-მასალა აღნიშნული სხდომის სრული ვიდეო-ჩანაწერიდან, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის მორიგი სხდომის სრული ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : ბათუმის საკრებულოს სხდომა

https://youtu.be/9E23XZOBVPw

მცირე მეწარმეებს ბათუმში ფინანსების მართვაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ფინკა ბანკი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ თანამშრომლობით აგრძელებს მომხმარებელთა ფინანსური ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს, რათა მათ სწორად დაგეგმონ საქმიანობა, მოახერხონ ფინანსების ეფექტურად მართვა და, შესაბამისად, განავითარონ მცირე ბიზნესი.

16 თებერვალს ბათუმში, მორიგი სემინარი გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო საბანკო პროდუქტების ეფექტური გამოყენება, ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე და სხვა.

„ფინკა ბანკისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“  ტრენინგი

ფინკა ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხედვით, არასახარბიელო საერთო სოციალური მდგომარეობის პირობებში, აუცილებელია მომხმარებელი გაცნობიერებულად ურთიერთობდეს ბანკებთან და ჰქონდეს სრული ინფორმაცია შედეგებისა და მოლოდინების შესახებ, ბანკის სასესხო თუ სხვა პროდუქტებით სარგებლობის შემთხვევაში.

ჯამბულ ხოზრევანიძე, ფინკა ბანკის რეგიონული ოპერაციების მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს გავუწიოთ არამხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა მათ შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ტრენინგის შემდეგ, მათ უკვე იციან რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრედიტო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბანკთან ურთიერთობა“.

16 თებერვალს ბათუმში, ფინკა მორიგი სემინარი გაიმართა, რომლის მთავარი თემაც იყო საბანკო პროდუქტების ეფექტური გამოყენება, ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე და სხვა.
16 თებერვალს ბათუმში, ფინკა ბანკმა მორიგი სემინარი გაიმართა, რომლის მთავარი თემა იყო საბანკო პროდუქტების ეფექტური გამოყენება, ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე და სხვა.

საბანკო პროდუქტების სწორ მოხმარებასა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს ასევე ტრენინგის მონაწილე მიკრომეწარმე თინიკო დავითიანი: „ხშირად არაინფორმირებულები ვართ სესხის აღების დროს. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ტრენინგის შემდეგ სხვა კუთხით შევხედეთ ყველაფერს, რაც ძალიან დაგვეხმარება ბიზნესის განვითარებაში. ვარ მიკრომეწარმე, მაქვს თექის სახელოსნო, მაქვს კიდევ რამდენიმე პატარა ბიზნესი, რაშიც მხოლოდ ფინკა ბანკი დამეხმარა. მივმართე სხვა ბანკებსაც, მაგრამ ბევრგან ხშირად იცვლება რეგულაციები და მდგრადობის თვალსაზრისით ყველაზე მეტად ფინკა ბანკს ვენდობი“.

სემინარს ფინკა ბაკის მომხმარებლები ესწრებოდნენ
სემინარს ფინკა ბაკის მომხმარებლები ესწრებოდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიზანი მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების დაცვაა, ორგანიზაციის დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ხშირად მომხმარებელს არ აქვს სწორი წარმოდგენა საბანკო პროდუქტებზე და სპონტანურად მოქმედებენ სესხის აღებისას, კითხვები კი უჩნდებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრობლემას აღმოაჩენენ.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი ერთვება ტრენინგების პროცესში. ფინკა ბანკმა გამოთქვა სურვილი, ჩაგვეტარებინა ტრენინგები მომხმარებლების, მეწარმეებისა და მცირე მწარმეებისთვის, რომლებიც  ეცნობიან ბანკის პროდუქტებს, ასევე იღებენ ინფორმაციას, თუ როგორ არის ქვეყნის ეკონომიკა მოწყობილი, რა არის ამჯერად პრიორიტეტული დარგები და ა.შ. შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს, მომხმარებლებს აქვთ ძალიან ბევრი კითხვა, რაც ძალიან გვახარებს.“

სემინარმა დამსწრეების დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
სემინარმა დამსწრეების დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა

ბათუმის გარდა, ფინკა ბანკისა და ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. აქამდე ჩატარებულ სემინარებს 100 მეწარმე ესწრებოდა, რაც პრაქტიკულად აისახა მათ ბიზნეს-გადაწყვეტილებებზე.

პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

 

39:17 – ბათუმი აიასთან დამარცხდა

39:17  ამ ანგარიშით დასრულდა აია-ბათუმის შეხვედრა რაგბში. დიდი 10-ის მეცამეტე ტურის მატჩი ქუთაისში, აია არენაზე გაიმართა.

მორიგ შეხვედრას სარაგბო კლუბი ბათუმი 23 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე “ლოკომოტივი” იქნება. კლუბები ერთმანეთს “ბათუმი რაგბი არენაზე” დაუპირისპირდებიან.

 

 

 

ბსუ-ში „ფინანსური მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმეს

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას კი ერთი წლის ვადით პირობითი აკრედიტაცია მიანიჭა.

გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იანვარში მიიღო. საბჭოს 12-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროგრამისთვის აკრედიტაცია არ გაეგრძელებინათ. საბაკალავრო პროგრამა „ფინანსური მათემატიკა“ ბსუ-ს 2013 წლიდან ჰქონდა.

აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ნათქვამია, რომ ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის შინაარსი, სათაური და კვალიფიკაცია ერთმანეთთან შესაბამისობაში არ იყო.  ამასთან, სასწავლო პროგრამის შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, ვერ  აძლევდა  სტუდენტს სრულყოფილი განათლების მიღების საშუალებას.

ექსპერტთა ჯგუფი „ფინანსური მათემატიკის“ ბაკალავრიატის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებსაც შეხვდა.

„მათთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ სტუდენტები არიან ზედაპირულად გათვითცნობიერებული მეცნიერების იმ სფეროში, რომელსაც ბაკალავრიატის ფარგლებში ეუფლებიან. ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებული იმ ეკონომიკური/ფინანსური სფეროების შესახებ, რომელთა კვლევისთვისაც საჭიროა უმაღლესი მათემატიკის ცოდნა. გამოიკვეთა ის გარემოება, რომ მათ მხოლოდ პროგრამის დამთავრების შემდგომ მიიღეს ინფორმაცია მათი კვალიფიკაციის შესახებ (კერძოდ, მათემატიკის ბაკალავრის). მანამდე კი ისინი მიიჩნევდნენ, რომ ფინანსური დარგის პროგრამაზე სწავლობდნენ,“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

აკრედიტაციის საბჭოს სხდომის ოქმიდან ნათლად ჩანს სხვა ხარვეზები, რომელიც საბაკალავრო პროგრამას ჰქონდა.

გთავაზობთ  აკრედიტაციის საბჭოს შენიშვნების ნაწილს, რომელიც სხდომის ოქმშია ასახული:

[checklist]

  • ზოგიერთ სილაბუსში ძირითად ლიტერატურაში გამოიყენებოდა რუსულენოვანი მასალა. შესაბამისად, საჭიროებას წარმოადგენდა ქართულენოვანი ლიტერატურის დამატება და რუსულენოვანი წყაროს ინგლისურენოვანით ჩანაცვლება ან მხოლოდ ქართულენოვანი მასალის დარჩენა.
  • საბჭოს წევრებს ჰქონდათ კითხვები, თუ რატომ ერქვა პროგრამას „ფინანსური მათემატიკა“, მაშინ როდესაც საკვალიფიკაციო ჩარჩოში მისანიჭებელი კვალიფიკაცია ამ დარგისთვის არ არსებობდა.
  • „საბჭოს წევრი გელა გელაშვილი დაინტერესდა ერთ-ერთი სილაბუსით, კერძოდ კურსით: „შესავალი ფიზიკაში“, რომელშიც მხოლოდ მექანიკა და თერმოდინამიკა ისწავლებოდა. მან იკითხა რა აზრი ჰქონდა მხოლოდ მექანიკისა და თერმოდინამიკის სწავლებას. მან ასევე შენიშნა რომ დაწესებულების ხარისხის სამსახურის თანამშრომელი უძღვებოდა აღნიშნულ კურსს და კურსის ლიტერატურაში პირველივე სახელმძღვანელო იყო კონკრეტული პიროვნების ავტორობით. იგი დაინტერესდა, რა გრიფით იყო დაშვებული აღნიშნული სახელმძღვანელო. დაწესებულების წარმომადგენელმა განაცხადა რომ ხსენებული სახელმძღვანელო გამოცემული იყო უნივერსიტეტის მიერ და პრობლემა მის სწავლებაში არ არსებობდა,“ – ვკითხულობთ სხდომის ოქმში.

[/checklist]

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, საბაკალავრო პროგრამაზე მესამე და მეოთხე კურსზე სულ 8 სტუდენტი სწავლობდა.

„ჩვენ შევთანხმდით და ისინი გადავიდნენ მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით, რადგან მისანიჭებელი კვალიფიკაცია ზუსტად ერთი და იგივე იყო. აქაც ენიჭებოდათ მათემატიკის აკადემიური ბაკალავრის ხარისხი და იქაც. ჩვეულებრივად გააგრძელებენ სტუდენტები სწავლას,” – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.

 

 

საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 175 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 293,5 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საარსებო მინიმუმი, შესაბამისად, 166,3 და 278,9 ლარი იყო. თუმცა, 2017 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175,7 ლარით განისაზღვრა.

საარსებო მინიმუმი საქართველოში [ლარი, 2018 წლის იანვარი]:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების შესაბამისად.

„2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა“ – აცხადებს საქსტატი.

საარსებო მინიმუმი საქართველოში [ლარი, 2004 წლის იანვარი]:

ჩანახატები ჯიბის ბლოკნოტიდან ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლებს

პროექტ ART UP-ის ფარგლებში ბათუმის ქუჩებში დათო ტრაპაიძის ჩანახატები გამოიფინება. ნამუშევრები არტ ბოქსებში იქნება განთავსებული და მათი ნახვა დამთვალიერებელს 30 დღის განმავლობაში რამდენიმე ქუჩაზე შეეძლება. გამოფენის მიზანია ციფრული ხელოვნების (Digital Art – Print Art) პოპულარიზაცია.

„გამარჯობა. ეს ჩემი ბლოკნოტის ჩანახატებია. აი ის ფერადი ამბები, ბათუმური ყავის სმის დროს რომ ვხატავ ხოლმე. თუ ფანქრები და აკვარელი თან არ მაქვს, ყავითაც კარგად იხატება თურმე. ბლოკნოტის ფურცლებზე ბევრი იდეა დაბადებულა, ჩაწერილა და ბევრსაც შეუსხამს ფრთები. ნახატები კი პირველად გამომაქვს სამსჯავროზე. ეს სწორედ მათი დებიუტია. მხატვრობა ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ სამუშაო დღის მერე განტვირთვის საკმაოდ საამო საშუალებაა. იმედია მოგეწონება და ყავის სმის დროს შენაც თუ გაგიჩნდება ხატვის სურვილი – სცადე. რა იცი რა ხდება!?“ – დათო ტრაპაიძის ამ მიმართვას  ორგანიზაცია EREDELI’s Art -ის  მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ. პროექტს სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს.

ციფრული ხელოვნების ქუჩაში გადმოტანა ე.წ. არტ ბოქსებით EREDELI’s Art-მა 2016 წელს დაიწყო. ორგანზიაციას მხარს ​შვეიცარიის განვითარებისა და თანამაშრომლობის სააგენტო (SDC), Culture and Management Lab/კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია ​და ​აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უჭერს. ​პროექტის ფარგლებში ბათუმის ცენტრალურ უბნებში სულ  9 „არტ – ბოქსი“ განთავსდა.

2016 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ სტუდია განვითარდა და დამოუკიდებლად შექმნა უფრო მასშტაბური პროექტი „ART UP“, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოში, ყველა ტიპის ნამუშევრის გავრცელებას არის მორგებული. „არტ ბოქსები“ განთავსებულია თბილისშიც.

 

შსს: იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „კალაშნიკოვი“, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით -ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარუდგინეს პოლიციას.

„სულ ჩაბარებულია: 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან“ – აცხადებს შსს.

ევექსის ექიმების პასუხისმგებლობა თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში – სააგენტოს დასკვნა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თემურ გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის საფუძველზე, დოკუმენტი მოამზადა. სააგენტომ შეისწავლა შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარას“ ხულოს ცენტრის და „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში თემურ გაბაიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. თემურ გაბაიძე გასულ წელს კურორტ გოდერძიზე დაშავდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს ხათუნა გელაშვილს, რომელიც დანიშნული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის პოზიციაზე, არ ჰქონდა გავლილი სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებისთვის საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალიზაციის კურსი და აღნიშნულ თანამდებობაზე 1 წლის მუშაობის სტაჟი, რის გამოც შპს „ემერჯენსი სერვისის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ:

„პაციენტი გამსვლელი ბრიგადის ამბულატორიაში (კურორტი „გოდერძი“) დაყოვნდა დაახლოებით სამი საათი. ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი დაისვა დაგვიანებით, ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებები კი არაადეკვატური იყო, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი, უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში, თავის ტვინის ტომოგრაფიის ჩასატარებლად“.

დასკვნაში საუბარია ანესთეზიის დროს დაშვებული შეცდომაზეც, კერძოდ:

„ანესთეზიოლოგის მხრიდან ინდუქციაში შეყვანილ იქნა Sol Fentanili 100mg 1 ამპულა, რაც არის მინიმალურ დოზაზე ნაკლები. …ოპერაციის მსვლელობის პროცესში კი (2 სთ. 20 წთ.) გამოყენებულია 300 მგ 3 ამპულა, რაც არის ძალიან მცირე დოზა. ოპერაცია მიმდინარეობდა არასაკმარისი ანალგეზიის პირობებში. ყოვლად გაუგებარია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის არსი. ქალა-ტვინის ტრავმის დროს სტეროიდული თერაპია მიზანშეწონილი არ არის.“

რეგულირების სააგენტო ასევე წერს, რომ პოსტოპერაციულ განყოფილებაში საერთოდ არ მიმდინარეობდა ანალგეზია:

„ავადმყოფთან მიმართებაში მატულობს ლეიკოციტები, მიზეზი კი ნაპოვნი არ არის. არ არის გაკონტროლებული ინფექციის მარკერები, არ არის გამოკვლეული თავ-ზურგტვინის სითხე. ავადმყოფს აღენიშნებოდა ცხელება, არ იქნა ჩატარებული ნახველისა და სისხლის ბაქტეროლოგიური კვლევა.

არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია. ანტიკონვულსური (გვერდითი მოვლენები) თერაპია დანიშნულია არაადექვატური სქემით.

არ არის ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა და კონსულტირებული არ იყო ეპილეპტოლოგის მიერ…“, – ეს არის ამონარიდები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი დასკვნიდან.

თემურ გაბაიძე, რომელიც აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო, გარდაცვალებამდე „შუახევი ჰესზე“ მუშაობდა. ის გასული წლის 13 იანვარს კურორტ „გოდერძიზე“ მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. 

თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე „ბათუმელებთან“ რეგულირების სააგენტოსგან მიღებული დოკუმენტზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისი შვილი სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმის გამო დაიღუპა.

„ჩემს შვილს შვიდი დღის განმავლობაში გამაყუჩებელს არ უკეთებდნენ. ფაქტობრივად, მკურნალობა არ აქვს ჩატარებული. წარმოიდგინეთ, უბრალო მოტეხილობის დროსაც კი რა ტკივილებს განიცდის ადამიანი, ჩემს შვილს კი თავის ქალა ჰქონდა შენგრეული და ანესთეზია არ გაუკეთეს. ალბათ ოპერაციასაც გრძნობდა… დღეში ასი ზარი მაინც შედიოდა საავადმყოფოში და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილი უყურადღებობის გამო დაიღუპებოდა“.

მისი თქმით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნა საგამოძიებო უწყებას გადასცა. ნაირა დიასამიძე ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც აპირებს.

„მინდა, რომ სათანადოდ დაისაჯონ, რადგან მომავალში სხვები მაინც არ დაიღუპონ“, – ამბობს ის.

სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

ამავე თემაზე: 

კურორტი „გოდერძი” – უპასუხო კითხვები უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 17 თებერვალს, სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ბათუმსა და ხულოში ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება.

ბათუმში, 12:00-დან 15:00 საათამდე გაეთიშება შუქი 1249 აბონენტს, ფრიდონ ხალვაშისა და აღმაშენებლის ქუჩის ბოლო დასახლებაში, ასევე  ინჯალოსა და კახაბრის დასახლებებს.

ხულოს მუნიციპალიტეტში 11:00-დან 18:00 საათამდე შუქი გაეთიშება 210 აბონენტს კორტოხი და პაქსაძეებში.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში აჭარაში 19 თებერვალსაც იქნება შემდეგი განრიგით:

ქობულეთი – 11:00-დან 13:00 საათამდე შუქი გაეთიშება 424 აბონენტს სოფლებში: ჩაქვი და  სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.

ჩაისუბანში, ხალაში, გორგაძეებსა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა ჩაქვში გაითიშება 1917 აბონენტი – 11:00-დან 18:00 საათამდე.

ხულოში – სოფლებში ფაჩხა, კორტოხი და პაქსაძეები – 11:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება.

ფურტიოში, ნიგაზეულსა და ზამლეთში 37 აბონენტს გაეთიშება შუქი 15:00-დან 18 :00 საათამდე.

11:00-დან 18:00 საათამდე 1279 აბონენტს შეუწყდება შუქის მიწოდება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბუთურაული,ნენია, დაბაძველი და მიმდებარე სოფლები, ასევე დაბა შუახევის ნაწილს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახო, ოქტომბერი, წონიარისი და მიმდებარე სოფლებს.

ხელვაჩაური – 12:00-დან 14:00 საათამდე, ასევე ჭოროხის სამრეწველო ზონას.

14:00-დან 16:00 საათამდე შუქის მიწოდება შეუწყდება მეჯინისწყლის დასახლების ნაწილს.

ბათუმის პარკს ტბისპირა კოლონადები ექნება

ბათუმის ცენტრალურ პარკში, რომელსაც აქამდე 6 მაისის პარკი ერქვა, ტბისპირა კოლონადები აღდგება. ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, პირდაპირი წესით, 4 500 ლარად ორი პროექტი შეისყიდა, რომელთაგან ერთ-ერთი ტბასთან, კერძოდ მის ნავმისადგომთამ კოლონადებისთვის ესკიზების შექმნას მოიცავს. ესკიზები შპს ERGO GROUP-მა შექმნა.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, კოლონადების ესკიზები მოიცავს მოცულობებს, ადგილმდებარეობას და მონახაზს ტბისპირა კოლონადებისა, რომლებიც წლების წინ, ამავე ადგილზე არსებული კოლონადების მსგავსი იქნება:

„ახლა გამოვაცხადებთ ტენდერს უკვე კონსტრუქციულ ნაწილზე. ვმუშაობთ იმის დადგენაზე, თუ რა მასალისგან გაკეთდება კონსტრუქცია, საჭიროა გეოდეზია, გეოლოგია…   მალე ტენდერი გამოცხადდება და ვიზუალთან ერთად, გვექნება ხარჯთაღრიცხვითი ნაწილიც. ზუსტი ხარჯთაღრიცხვა დაახლოებით 20 დღის შემდეგ გვექნება” – ამბობს ის.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მიერ შესყიდული მეორე პროექტის იდეა ახალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის შექმნას ეხება, რომელიც ალექსანდრე თევზაძის თქმით, დელფინარიუმის მხარეს, პირსის სახით გაკეთდება: „ჯერ მხოლოდ კონცეფცია ვიყიდეთ. თუ დააკმაყოფილებს ბათუმის ინტერესებს და ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა ჰქონდეს ქალაქს, ასევე თუ დადებითი არგუმენტი მეტი იქნება ვიდრე უარყოფითი… იმ შემთხვევაში გადავალთ საპროექტო და ტექნიკური ნაწილის შესყიდვაზე” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

ტბისპირა კოლონადები – კადრი ფილმიდან “მანანა” / 1958 წელი

ალექსანდრე თევზაძე: ისტორიული ნაგებობის აღდგენისას აუცილებელი არ არის იყოს სრული კოპია გაკეთდეს, თუმცა ჩვენი თითქმის კოპიაა. იმის გამო, რომ არქივში არ არსებობს ნახაზები და მონაცემები ამ კოლონადების მოცულობის შესახებ, ჩვენ დაგვჭირდა სხვადასხვა ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით (მაგალითად კოლონადებთან მდგარი ადამიანის ფოტო), სხვადასხვა ობიექტის ზომებიდან გამომდინარე აგვეგო მასშტაბები  და მოვახერხეთ კიდეც.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბისპირა კოლონადების ხილვა, სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

ბათუმის ცენტრალური პარკი 136 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში პარკში ბევრი რამ შეიცვალა.

ეს იყო ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღი, რომლის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო. 1888 წელს რუსეთის იმპერატორის ბათუმში სტუმრობისას, ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“ დაარქვეს. 1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, ხოლო 1933 წელს ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით – „ბავშვთა პარკად“, ცოტა მოგვიანებით – „პიონერთა პარკად“.

1933 წელს დასრულდა პარკის ცენტრალური შესასვლელის – ბერძნული სტილის კოლონადის მშენებლობა. კოლონადის შუაში დგას მეორე მსოფლიო ომის დროს 24 წლის ასაკში დაღუპული პირველი აჭარელი მფრინავი ქალის, ფადიკო გოგიტიძის ძეგლი.

2006 წლიდან, ბათუმის მერიის დადგენილებით „მოსწავლეთა პარკს“ „6 მაისის პარკი“ ეწოდა. 2018 წლის 15 თებერვლიდან პარკს “ბათუმის ცენტრალურ პარკი” დაერქვა.

დღეისათვის პარკის ფართობი დაახლოებით 16 ჰექტარს შეადგენს.

კოლონადების ესკიზი

მოხალისეთა ჯგუფები ფაროსანას წინააღმდეგ იბრძოლებენ

საქართველოს რეგიონებში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ჯგუფები იქმნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია განიხილეს.

2018 წელს საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მონიტორინგის სისტემის დანერგვა, აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები.

მოხალისეებს  სწორედ საინფორმაციო კამპანიაში ჩასართავად გადაამზადებენ. კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, თუ როგორ ებრძოლონ მავნებელს საკუთარი ძალებით. მოსახლეობა ასევე ისწავლის ბრძოლისთვის აუცილებელი პრეპარატების, მექანიკური საშუალებებისა და ტექნიკის გამოყენებას – როგორ უნდა დაიცვან გარემო და  უსაფრთხოების ზომები.

„2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანია გარემოსადმი ნაკლებად მავნე ტექნოლოგიების გამოყენებით მავნებლის რიცხოვნობის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე დავიდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი“, – ნათქვამია სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტში.

მთავრობა გეგმავს ტყეებში და დაცულ ტერიტორიებზე ფერომონიანი ხაფანგების განლაგებას. დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი ხაფანგები იზიდავს მავნებელს, იძლევა მისი გავრცელების არეალისა და ინტენსივობის დადგენის შესაძლებლობას.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ როლები ასე გადაინაწილეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაცემული დავალებების კოორდინაციას განახორციელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მობილიზებას მოახდენს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინფორმირებაზე პასუხისმგებელი – მომზადდება საინფორმაციო ბუკლეტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლო ფაროსანას. განათლების სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან იმუშავებს, ფინანსთა სამინისტრო კი, საზღვრებზე ფიტოსანიტარულ რეჟიმს გააძლიერებს.

რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად სკვერების, ბაღების, სახელმწიფო შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლის შესაბამისი გეგმ-გრაფიკის შეადგენს.

ფერადი სახლები ძაღლებისთვის ბათუმში – „თათის“ ინიციატივა

ორგანიზაცია „თათი“ ბათუმის ქუჩებში უპატრონო ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლების, ე.წ. „პეტ ჰაუსების“ განთავსების ინიციატივით გამოდის. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ახლახან დარეგისტრირდა ორგანიზაციად, უკვე მიმართა ბათუმის მერიას თხოვნით, დაეხმარონ პროექტის განხორციელებაში და მისცენ განსაზღვრულ ადგილებში 15 „პეტ ჰაუსის“ განთავსების უფლება. „თათის“ წევრები მარია ზოიძე, დავით არძენაძე, ანა მითაიშვილი, გიორგი კალანდაძე და ქეთი ლაბაძე არიან.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფოტოგრაფი მარია ზოიძე ამბობს, რომ „პეტ ჰაუსებისთვის“ უკვე აქვთ თანხა:

„გაეროს ანსამბლეის კონკურსში მოვიპოვეთ თანხა, რომლითაც დავაფინანსებთ „პეტ ჰაუსების“ აგებას. 15 „პეტ ჰაუსისთვის“ გვაქვს თანხა. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრა რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციასთან და მათ აქვთ დახმარების სურვილი. იმედი გვაქვს სხვა ორგანიზაციებიც გამოგვეხმაურებიან.

ეს იქნება სტანდარტული, მცირე ზომის, ფერადი, მხიარული სახლები ძაღლებისათვის, რომელსაც ისინი თავს შეაფარებენ. ჩვენ, მოხალისეებისა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით, ვიზრუნებთ მათ კვებასა და ჯანმრთელობაზე.

„პეტ ჰაუსები“ ადგილზე დამაგრებული იქნება, რომ ვინმემ არ მოიპაროს, როგორც იცით, ამის საშიშროება არსებობს. ბათუმის მერიასთან გვაქვს მოლაპარაკება, მოგვთხოვეს დამატებითი ინფორმაცია და მივაწოდეთ.“

მარია ზოიძე

კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ პირველ რიგში, ძაღლები „პეტ ჰაუსებში“ შევლენ და მეორეც – „პეტ ჰაუსში“ შესვლის შემდეგ აგრესიულად არ მოექცევიან მათ საცხოვრებელთან მიახლოებულ გამვლელებს, მარია პასუხობს, რომ მათ ორგანიზაციაში ვეტექიმიც არის და იდეის დამუშავება მასთან ერთად მოხდა:

„გარკვეული პერიოდი, როცა დამფრთხალია ცხოველი, თავს იკავებს, მაგრამ როცა ხვდება, რომ სივრცე დაცულია, მას საფრთხე არ ემუქრება, აუცილებლად შედის. ეს არის ინსტინქტი.

რაც შეეხება აგრესიას, ქუჩაში ძაღლები სხვა გარემოში იზრდებიან, ისინი არ არიან ორიენტირებული ტერიტორიის დაცვაზე, ისე, როგორც ეს ხდება სახლში მყოფი ცხოველების შემთხვევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველებს ქუჩაში ერთგვარი სანიტრის ფუნქციაც აქვთ, ისინი მღრღნელებისგან იცავენ ქუჩასა და სახლებს.“

მარიას ოთხი კატა და ორი ძაღლი ჰყავს. „პეტ ჰაუსების“ ბათუმის ქუჩებში განთავსების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როცა საკუთარ ფოტოსტუდიასთან ახლოს რამდენიმე, სახელდახელო „პეტ ჰაუსი“ განათავსა ქუჩაში მცხოვრები კატებისთვის. მარია ყვება, რომ კატები თანდათან შეეჩვივნენ გარემოს, ახლა უკვე აქვთ საცხოვრებელი ადგილი და უამინდობაში, რომელიც განსაკუთრებით ზამთარშია გაუსაძლისი, დაღუპვა არ ემუქრებათ.

„ეს პირველი ნაბიჯია, აუცილებლად ჩავრთავთ მოხალისეებს, შევხვდებით ახალგაზრდებს ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებზე სასაუბროდ, გვექნება პიარკამპანიები. გვაქვს ცალკე პროექტი, რომელიც ეხება სასტუმროებიდან საკვების ნარჩენების შეგროვებას და მოხალისეების ჩართვას, მაგრამ ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არ ზრუნავს ცხოველთა უფლებებზე, ვფიქრობ ახლა არის ის დრო, როცა შეიძლება შევცვალოთ გარემო“ – ამბობს მარია.

ორგანიზაცია „თათის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში 3500-ზე მეტი უპატრონო ძაღლია.

რატომ ჩატარდა გადაუდებელი ჩხრეკა ბრალდებულის დაკავების შემდეგ – თურქი ქალის საქმე

“რატომ ჩატარდა ჩხრეკა გადაუდებელი წესით, როცა საბრძოლო მასალის შენახვაში ბრალდებული ქალი უკვე დაკავებული იყო?” – ეს შეკითხვა გამომძიებელ ოლეგ გოგიტიძეს ბრალდებულის ადვოკატმა დაუსვა.

“მითითება იყო ასეთი…” – აღნიშნა გამომძიებელმა.

დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის შენახვა-ტარების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 თებერვალს, მორიგი პროცესი გაიმართა. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა, მათ შორის, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სადაც ფემბე ოლუნს საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ნაქირავები.

“იარაღები საწოლის ქვეშ იდო. დიდ, თეთრ ცელოფანში იყო გახვეული და გარედან შემოხვეული ჰქონდა წებოვანი ლენტი…” – ასე აღწერა ბათუმში ბინის ჩხრეკა გამომძიებელმა ოლეგ გოგიტიძემ.

გამომძიებლებს ადვოკატმა ასევე ჰკითხა, რატომ არ გააცნეს ჩხრეკის ორდერი იმ დროისთვის დაკავებულ ფემბე ოლუნს, ან რატომ არ დაასწრეს იგი ჩხრეკის პროცესს, რის უფლებაც მას კანონმდებლობით ჰქონდა.

“ის დაკავებული იყო და ვერ მიიღებდა მონაწილეობას…” – თქვა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ და ადვოკატის მისამართით აღნიშნა, რომ იგი კანონმდებლობის ინტერპრეტაციას ახდენს.

ადვოკატი ასევე დაინტერესდა, გამომძიებლებმა რატომ არ გადაიღეს ბათუმში ბინის ჩხრეკის პროცესი სრულად.

“ეს ექსპერტს ჰკითხეთ. მან ბინაში შესვლის მომენტიც გადაიღო და იარაღის აღმოჩენისაც,” – თქვა გამომძიებელმა, რაზეც ადვოკატმა ლევან მამულაძემ რეპლიკის სახით უპასუხა: “საქმეში მხოლოდ იარაღის ფოტოებია და არა საგამოძიებო მოქმედებების და უშუალოდ იარაღის აღმოჩენის”.

“ეს იყო, ეს. ამას ვყავდი ერთი საათი დაკავებული ხელით,” – მიმართა ბრალდებულმა ფემბე ოლუნმა ერთ-ერთ პოლიციელს – ჯონდო თხილაიშვილს. მიმართვამდე პოლიციელმა თქვა, რომ მას ფემბე ოლუნის დაკავებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

“გეშლებათ. ეს რომ ასე იყოს, დაკავების ოქმში იქნებოდა ამის შესახებ მითითებული,” – იუარა დეტექტივ-გამომძიებელმა.

შემდეგ სხდომაზე სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს მოისმენს. პროკურატურას ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რაც დაადასტურებდა ფემბე ოლუნის იარაღთან ფიზიკურ კავშირს.

ამ თემაზე: კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე

სააგენტო: „ბათუმი თაუერს“ მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სამინისტროს კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქ. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ე.წ. „ბათუმი თაუერი“) 25 004 626 აშშ დოლარად ელექტრონულ აუქციონზე 2015 წლის მარტში გაყიდა. ქონება დეველოპერულმა კომპანია შპს „ბათუმი თაუერმა“  შეიძინა და აიღო ვალდებულება ობიექტზე უზრუნველყოს არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი 100 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა და განახორციელოს 15 000 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია. აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის საპრივატიზებო ღირებულება , კომპანიას  რამოდენიმე ტრანშად, ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის  განმავლობაში  უნდა გადაეხადა.

კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის 1 სექტემბერი.

ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე შპს „ბათუმი თაუერის“ საინვესტიციო პირობების დარღვევა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ კომპანიამ ობიექტის საპრივატიზებო საფასური 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა ვადის დარღვევით, რის გამოც დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები არის შესრულების პროცესში და არ ფიქსირდება ვადაგადაცილება.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა შპს „ბათუმი თაუერმა“ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სააგენტომ არ იმოქმედა კანონით გათვალისწინებული ნორმით, არ შეესაბამება სიმართლეს“.

„ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს 16 თებერვალს ბრიფინგი გააკეთა ენმ-მ. 

 

Exit mobile version