სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ადლიაში

 გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ადლიაში“ დღეს, 5 მარტს, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ევროკავშირის დახმარებით, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში აღიჭურვა.

„პროგრამის მიზანია გააძლიეროს სურსათის უვნებლობისა და სანიტარია-ფიტოსანიტარიის სისტემა საქართველოში. პროექტი ასევე ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობის მიახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ვალდებულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ფარგლებში,“ – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

„ადლიაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გახსნა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის კვეთისა და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია… სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ხელს შეუწყობს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელებას და უზრუნველყოფს საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და სამაცივრო ოთახების დამონტაჟებისთვის გამოყოფილმა თანხამ 576 919 ლარი შეადგინა, ხოლო პუნქტის დამატებითი აღჭურვილობისთვის, „ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების“  პროექტის ფარგლებში გამოყოფილმა თანხამ – 474 223 ლარი.

სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი მოიცავს ორ ბლოკს. ერთი ბლოკი განკუთვნილია ვეტერინარული კონტროლისთვის, ხოლო მეორე – ფიტოსანიტარიული და არა ცხოველური წარმოშობის სურსათის კონტროლისთვის.

ადლიაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. მინისტრი დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ ახალ ინიციატივებზე ესაუბრა.

 

ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია: ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და მაგიტომ ვცემო

„ბათუმში ღამით ჩამოვფრინდით. მან წამიყვანა და დამაბინავა. დაძინებამდე მითხრა, პასპორტი აჯობებს მე მომცე, შენ დაგეკარგებაო. პასპორტი მივეცი. მეორე დილით ის წავიდა და საღამოს დაბრუნდა. მითხრა, რომ სამუშაო იშოვა ჩემთვის. ვკითხე, რა ნახე-მეთქი. მიპასუხა, სექსუალური მომსახურებით უნდა დაკავდეო… ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი. სახეში გამარტყა, მაშინ 6 ათასი დოლარი რომ გაქვს ჩემი ვალი, ის დამიბრუნეო… მე მისთვის არაფერი მქონდა მისაცემი. მითხრა, რომ საქართველოში ჩაგიყვან და რესტორანში გამუშავებ, თვეში 500 დოლარი გექნება ხელფასიო… მემუქრებოდა: პოლიციელები აქ ჩემი მეგობრები არიან, დაგაპატიმრებენო…“ – ეს ერთ-ერთ ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგოს ჩვენებაა.

გოგომ ეს ისტორია მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს უამბო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ტრეფიკინგის ამ ისტორიაშიც მსჯავრდებული პატიმრობაში არ იმყოფება. მან ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა.

ტრეფიკინგის ბრალდებით მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რ.ა. 2017 წლის 4 ივლისს გაასამართლა. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა ორი გოგო სხვადასხვა დროს უზბეკეთიდან და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა. დაზარალებულების თქმით, მათ მსჯავრდებული სცემდა, აშინებდა და პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა. საღამოობით ისინი კონკრეტულ კლუბში მიდიოდნენ, სადაც რ.ა. კლიენტებთან გარიგებას აწარმოებდა. სექსუალურ მომსახურებას დაზარალებული გოგონებს იქვე მდებარე სასტუმროში აიძულებდა.

ერთ-ერთი მსხვერპლის ჩვენებით, მას დამოუკიდებლად გადაადგილების უფლება საერთოდ არ ჰქონდა და საპირფარეშოში შესვლის დროსაც აკონტროლებდნენ. მისთვის ტანსაცმელს და საჭმელს რ.ა. ყიდულობდა. დაზარალებულები ყვებიან, რომ მათ ეშინოდათ რ.ა.-სი და არც პოლიციის მიმართ ჰქონდათ ნდობა. რ.ა. ყველას ეუბნებოდა, რომ ის მსხვერპლის უფროსი და იყო.

სექსუალური მომსახურებისთვის დაზარალებულებს საათში 150 დოლარს უხდიდნენ, ღამეში – 250 დოლარს, თუმცა მათ მუშაობის სანაცვლოდ არაფერი მიუღიათ. განაჩენში ნახავთ ერთ-ერთი პირის ჩვენებასაც, ვისაც ერთ-ერთ მსხვერპლთან სექსი ჰქონდა. მისი ჩვენების მიხედვით, ის სექსუალურ მომსახურებაზე რ.ა.-ს შეუთანხმდა და ფულიც მას გადაუხადა. „გამიკვირდა, როცა მითხრა, მეც უნდა გამოგყვეთ, ჩემი უმცროსი დაა და ისე არ წამოგყვებაო… სასტუმროს ნომრიდან როცა გამოვედით, ის ისევ ფოიეში იჯდა და გველოდა“, – ყვება ის.

კონტროლის მიუხედავად დაზარალებულებმა გაქცევა მოახერხეს. ერთი სასტუმროს ნომრიდან გაიქცა, მეორე – კლუბიდან. მათ გონიოში ნაქირავებ ბინაში მცხოვრები თანამემამულე გოგონებს შეაფარეს თავი და შემდეგ მიმართეს პოლიციას.

გაქცევამდე ტირილის ხმა და ხმაური საცხოვრებელი ბინიდან სახლის მესაკუთრესაც გაუგია. მოსამართლეს მან უთხრა, რომ კერძო სახლის რამდენიმე ოთახი ჰქონდა გაქირავებული რ.ა.-ზე და „ერთხელ, როცა ტირილის ხმა შემომესმა, შევედი. რუსულად ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მითხრა, ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და ამიტომ ვცემ, დების ჩხუბში თქვენ ნუ ჩაერევითო…“

ერთი გოგოს გაქცევის შემდეგ, განაჩენის მიხედვით, რ.ა.-მ უზბეკეთიდან მეორე გოგო ჩამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს, რ.ა.-მ ქვეყნის დატოვება უპრობლემოდ მოახერხა.

მას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ხუთსართულიანი სახლი ძეგლის დაცვის ზონაში – მშენებლობა ძველ ბათუმში

ბათუმში, ზ. გამსახურდიას N46-ში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა ხუთსართულიანი იქნება და ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გამსახურდიასა და კომახიძის ქუჩების კვეთაში არსებული ორსართულიანი სახლის გვერდით შენდება.

პროექტის თანახმად, ახალი შენობა ერთსართულიანი შენობის ადგილას აშენდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის პროექტი სააგენტოსთან შეთანხმებულია და ახალი შენობის სიმაღლე 17 მეტრი იქნება.

ზ. გამსახურდიას N46-ში, იქვე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიას 2017 წლის 24 ოქტომბერს აქვს გაცემული, მშენებლობის ნებართვის მფლობელები კი ია, ირმა და მემედ დავითაძეები არიან.

ბათუმი, ზ. გამსახურდიას N46, სადაც ხუთსართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი აშენდება /4.03.2018 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
პროექტის მაკეტი, რომლის მიხედვითაც ზ. გამსახურდიას N46-ში ხუთსართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი აშენდება
სამშენებლო ღობე / ბათუმი, ზ. გამსახურდიას N46 / 4.03.2018 /

 

გამოიცანი საჭმელი [ტესტი]

გიყვართ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძების გასინჯვა? მაშინ ეს ტესტი თქვენთვისაა.
მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და შეამოწმე შენი ცოდნა კულინარიაში.

ბათუმის პორტი პენსიონერებს სამსახურის დატოვებას სთავაზობს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, პორტში ოფიციალურად არ ადასტურებენ: „ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, პენსიონერებს შეეხებათ“.

როგორც ბათუმის პორტის კადრების განყოფილებაში გვითხრეს, პორტში დღეს 750 ადამიანია დასაქმებული: „ზოგი მიდის, ზოგი მოდის. ის, რომ გავათავისუფლეთ, ასეთი რამ არ ყოფილა. პენსიონერებს რაც შეეხება – ვისთანაც შევთანხმდებით ვუშვებთ, ვისთანაც ვერ შევთანხმდებით, არ გავუშვებთ“.

კადრების განყოფილებაში არ გვითხრეს, თუ რამდენი პენსიონერი მუშაობს დღეს პორტში და კონკრეტულად ვის და რა ფორმით შეეხება მოსალოდნელი რეორგანიზაცია.

„საკადრო არა, მაგრამ დაგეგმილია სტრუქტურული რეორგანიზაცია პორტში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ეს არის წმინდა სამუშაო პროცესი, მიმდინარე საქმიანობის ნაწილი და არ კეთდება ხალხის გაშვების მიზნით. თუმცა, ამას რაღაცები შეიძლება მოყვეს ამ კუთხითაც… დღეს რაც მიმდინარეობს ესაა, რომ  საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლების გარკვეულ რაოდენობას, ვისთვისაც მისაღები იყო კომპანიის შეთავაზება, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ვლადიმერ გურგენიძემ, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

პორტის ადმინისტრაცია პენსიონერ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სხვადასხვა პირობას სთავაზობს, მათ შორის მინიმუმ სამი თვის ხელფასის გაცემას და წლის ბოლომდე სოციალური პაკეტით მთლიანად უზრუნველყოფას.

მხოლოდ ძვირადღირებული სასტუმროები შშმ პირებისათვის ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირისთვის ქუჩაში გადაადგილება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ კი ეტლით მოსარგებლე საქართველოს რომელიმე ქალაქში, სასტუმროში რჩება. მართალია, ადაპტირებული სასტუმროები საქართველოს დიდ ქალაქებში არსებობს, მაგრამ, ძირითადად, ბრენდული და ძვირადღირებულია.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ბათუმში არსებული იმ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება, სადაც ადაპტირებული სასტუმრო ნომრები აქვთ, მომხმარებელს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეუძლია.

„დაახლოებით 15-მდე ობიექტია ასეთი. უფრო მეტად ტურისტული კომპანიები ინტერესდებიან ამ საკითხით, ვუგზავნით ხოლმე ბაზას, ტურისტი შემოსულიყოს ან მომხმარებელი და ეკითხოს, სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არ მახსენდება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ია ბასილაძემ, რომელიც ბათუმის ბულვარში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში თითქმის ორი წელია მუშაობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომრები აქვთ შემდეგ სასტუმროებს: „ჰილტონი“, „შერატონი“, „ინტურისტ პალასი“, „რედისონ ბლუ“, პიაცაზე მდებარე ორ სასტუმრო, „მარინა კოლიზეუმი“, „ლე პორტი“, „WYNDHAM ბათუმი“, „ლუკა“, „ერა პალასი“, „სანსეტ ჰოტელი“ და „გოლდენ ბიჩი“.

ბათუმში ერთადერთი ჰოსტელია, რომელიც შშმ პირთათვის არის ადაპტირებული. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე „ბლექსის“ ერთი სამადგილიანი, ადაპტირებული ნომერი აქვს.

ამ პრობლემას კარგად იცნობს თომა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი.

„ხან გვიკავშირდებიან, ჯგუფის ჩამოყვანას როცა გეგმავენ და საშუალოფასიანი, საოჯახო ტიპის სასტუმროების შერჩევა უნდათ, რადგან არა აქვთ მაღალი შემოსავლები და ბიუჯეტი. ყველა ვერ დარჩება „რედისონში“ ან „ჰილტონში“. საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი მძიმე სიტუაციაა, საპირფარეშოშიც ვერ შევა ადამიანი, იმდენად ვიწრო კარებია ყველგან. ეტლით საერთოდ ვერ შეაღწევ და სხვა სპეციფიკურ საჭიროებებზე ლაპარაკი ხომ გამორიცხულია.

ძვირადღირებულ სასტუმროებშიც არ არის ყველა სტანდარტი დაცული. ადაპტირებული შეიძლება იყოს, მაგრამ მთელს სასტუმროში, სადაც 200 ნომერია, მაგალითად, მხოლოდ ორი ნომერი როცაა ადაპტირებული, ეს არანაირად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჯგუფი განთავსდეს. ეს არ უწყობს ხელს ინკლუზიურ ტურიზმს.

ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 10-15 სასტუმრო, არამედ ყველა, რაც კეთდება, იყოს მისაწვდომი. პროცენტულად მაინც უნდა იყოს დაცული – 0,1 და 0,5 პროცენტი ძალიან აბსურდული მაჩვენებელია ბათუმისთვის, რომელსაც ტურიზმზე სერიოზული პრეტენზია აქვს,“ – ამბობს თომა.

თამარ მახარაშვილი, ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსულ ინკლუზიურ ტურისტებში ყველაზე მოთხოვნადი ბათუმია და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე სასტუმრო ბათუმში მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრობლემები მაინც არის.

„ძირითადად ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეესაბამება სტანდარტებს, არის რამდენიმე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროც, თუმცა პრობლემა არის ის, რომ თუნდაც ამ ძვირადღირებულ სასტუმროებში მხოლოდ რამდენიმე ნომერია. მაგალითად, გვყავს ეტლით მოსარგებლე პირების ათკაციანი ჯგუფი, სასტუმროში კი  ადაპტირებული ნორმები ლიმიტირებულია, ამიტომ გვიწევს სხვადასხვა სასტუმროში განთავსება, რაც დისკომფორტს ქმნის. იგივე ძვირადღირებულ სასტუმროებში არის ადაპტირებული ნომრები, მაგრამ არ არის ადაპტირებული საცურაო აუზი, სპა…

პრობლემა არის სერვისებშიც, რადგან მომსახურე პერსონალს ამ მიმართულებით არ აქვს შესაბამისი ცოდნა. ურთიერთობის ეთიკა და სწორ ტერმინოლოგია უაღრესად მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო – სასტუმროების მხრიდან არის მზაობა, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, რომ მაღალ დონეზე იყოს შესაბამისი სერვისები და ძალიან კარგია, რომ ეს სურვილი არის,“ – ამბობს თამარ მახარაშვილი.

ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლები არ არიან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. თამარ მახარაშვილი განმარტავს, რომ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლები ყველაზე ხშირად ხანშიშესული ტურისტები არიან, რომლებიც ყავარჯნებს ან გადაადგილების  სხვა დამხმარე საშუალებას საჭიროებენ. ამ ჯგუფში შედიან ასევე მოგზაური ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით.

„ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროებს ჰქონდეთ ადაპტირებული ვებგვერდი, რომ მაგალითად, მცირედმხედველმა ადვილად შეძლოს ინფორმაციის მიღება. იგულისხმება მარტივი, გადიდება-დაპატარავების ფუნქცია, კონტრასტების შეცვლის, როგორც ტექსტის, ასევე ფონის და ა.შ.

ინკლუზიური ტურიზმის მიმართულებით პრობლემურია არაადაპტირებული ტრანსპორტიც. ჩვენს ორგანიზაციას აქვს ადაპტირებული მიკროავტობუსი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რომ იყოს მსგავსი სერვისი, ეს ძალიან დაეხმარებოდა ინკლუზიურ ტურიზმს საქართველოში,“  – ამბობს თამარ მახარაშვილი.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი სპეციალური საჭიროებების მქონე ტურისტი შემოდის საქართველოში უცხოეთიდან. თამარ მახარაშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის მაგალითზე, საქართველოში განსაკუთრებით ხშირად ჩამოდიან ტურისტები ისრაელიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჰოლანდიიდან.

კითხვაზე, უსაუბრიათ თუ არა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ინკლუზიური ტურიზმის საჭიროებებზე, თომა კაკაბაძე რამდენიმე თვის წინანდელ შეხვედრას იხსენებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში:

„ფოკუსჯგუფთან ტარდებოდა შეხვედრა ბათუმის რებრენდინგთან დაკავშირებით. დეპარტამენტში არის პანდუსი, რომელიც ძალიან დახრილია, შედიხარ ამ პანდუსით და არის კიბე, სადაც დევს რელსივით ლამინატის ორი ნაჭერი, რომელზეც ეტლი ფიზიკურად ვერ ადის. ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც უნდა ზრუნავდეს ინკლუზიურ ტურიზმზე, აღმოჩნდა, რომ თავად არ არის მისაწვდომი. თუმცა იქვე ითქვა, რომ ახლო მომავალში იგეგმება რემონტი და კონკრეტულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ინკლუზიური ტურიზმისგან ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღება შეიძლება. ამ მიმართულებით ჩვენთან სერიოზული ნაბიჯები არ იდგმება, კეთდება რაღაცები ფრაგმენტულად, რაც საერთო სურათს ვერ ცვლის და ვერ ქმნის იმ ამინდს, რომ ინკლუზიურ ტურისტებს გაეხსნათ გზა,“  – ამბობს თომა კაკაბაძე.

____________________

მთავარი ფოტო: gnta.ge

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 5 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

რეგისტრაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები 2018:

  • წელს ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ გამოცდაზე;
  • აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
  • არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება – აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.
  • 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედ განსხვავებული იქნება. ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესს დღეს, 5 მარტს, იწყებს. საჯარო განხილვა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალზე: grifireba.emis.ge, დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და მიაწოდოს თავისი მოსაზრება როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო  სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი. სამინისტროს განცხადებით, გრიფირების პროცესში ჩართულნი არიან საგნობრივი სპეციალისტები, ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტები.

„ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობის მიზანს საუკეთესო სახელმძღვანელოების შერჩევა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ,  ყველა დაინტერესებულ მხარეს – მშობლებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს სამინისტრო მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ, რათა მომავალმა თაობებმა საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესისადმი მაღალი ინტერესისა და ავტორთა მაქსიმალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, 13 საგანში წარმოდგენილია 112 განაცხადი, რაც შესაბამის კლასებზე, მასწავლებლის, მოსწავლის წიგნებზე, რვეულებსა და ელექტრონულ რესურსებზე გადათვლით ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განხილვაშია 795 მაკეტი. „სიახლეა ისიც, რომ ყველა სახელმძღვანელოს უნდა ჰქონდეს ე.წ. დამხმარე ვებგვერდი, სადაც დამატებითი მასალები და ლიტერატურა განთავსდება“.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ გრიფირების მიმდინარე პროცესი უნიკალურია იმითაც, რომ განაცხადების საჯარო განხილვა პირველად ტარდება.

მოსაზრება შეიძლება წარმოდგენილი იქნას სამი ძირითადი მიმართლებით:

  • შინაარსობრივი შეცდომა – იმ შემთხვევაში, როცა ფიქსირდება შეცდომა ისტორიულ ან სამეცნიერო ფაქტებში, ამოცანის ამოხსნის შედეგში ან ლოგიკურ მსჯელობაში
  • ტექნიკური ხარვეზი – ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის პრობლემისათვის, მაგალითად, შრიფტის შეუსაბამობა, ველების დარღვევა, ილუსტრაციის აცდენა ან ხარვეზი და ა.შ.
  • რეკომენდაცია/მოსაზრება – ნებისმიერი სახის წინადადება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს/სერიის ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე მოსაზრებების მიწოდება ანონიმურია.
  • „მიუხედავად იმისა, რომ რიგ სახელმძღვანელოში არსებითი ხარვეზები უკვე იდენტიფიცირებულია, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ყველა განაცხადთან ჰქონდეს წვდომა და არც ერთი სახელმძღვანელო არ დარჩეს საჯარო განხილვის მიღმა,“ – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

Taxi + უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის

სატრანსპორტო კომპანია შპს “Batumi car tour”-ი 2011 წელს დაფუძნდა. მომხმარებელი მას ბათუმში იცნობს პოპულარული ტაქსის ბრენდის სახელწოდებით – „ტაქსი +“.

კომპანია დაფუძნებიდან მე-7 წელს აერთიანებს სამ ათეულზე მეტ ტაქსის მანქანას, მინივენებს, ავტობუსებს, მაღალი გამავლობის მანქანებს და vip მომსახურებისთვის საჭირო ძვირადღირებულ ავტოტრანსპორტს. ავტოპარკში ყველაზე ძველი მანქანა 2008 წელსაა გამოშვებული. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებული რეალობა გაცილებით ჩამორჩება კომპანიის მიმიდინარე შეთავაზებებს, აქ მუდმივად ცდილობენ, არც ერთი დღით არ შეაჩეროს ბრენდმა განვითარება – აახლებენ ავტოპარკს, კომპანია ცდილობს უფრო მეტად სეგმენტირებული, კომფორტული და მომხმარებელზე ორიენტირებული გახადოს  მომსახურება.

„ტაქსი +“-ის 24-საათიანი კომფორტული და უსაფრთხო სერვისით სარგებლობენ ფიზიკური პირები, 80-მდე კერძო კომპანია, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური და  სხვები.

უსაფრთხო გადაადგილება

„ტაქსი+“ ტაქსის კომპანიებს შორის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ყველა მანქანა აქვს დაზღვეული, ასევე დაზღვეული ჰყვას მძღოლი და მგზავრიც კი.

კომპანიის დამფუძნებელი, ბაადურ შერვაშიძე ამბობს, რომ მათთვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია: გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვემსახურებით, ვასრულებთ სხვადასხვა საპასუხისმგებლო შეკვეთას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უბედური შემთხვევისგან დაზღვეული იყოს როგორც ჩვენი მომხმარებელი, ასევე თანამშრომლები და ქონება. ჩვენ დიდი ხანია წარმატებით ვთანაშრომლობთ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ბათუმის ოფისთან.

ჩვენი ავტოპარკის ნაწილმა უკვე გაიარა სავალდებულო ტექნიკური შემოწმება – უპრობლემოდ გაივლის ყველა მანქანა სამომავლოდ დაგეგმილ ტექნიკურ რევიზიას და ასევე, წინასწარ მზად ვართ, ავტომანქანის მფლობელებისთვის სამომავლოდ ასამოქმედებელი „სავალდებულო მესამე პირის დაზღვევისთვის“.

რაც შეეხება მძღოლებს: აქ დასაქმებული ყველა მძღოლი შერჩეულია გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის მიხედვით. შორ მანძილზე გადაადგილებას მხოლოდ მათ შორის საუკეთესოებს ვანდობთ. ჩვენ არ ვუშვებთ, რომ მძღოლი გადაიღალოს – ისინი მუშაობენ და ისვენებენ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკით. კომპანიას ჰყავს სათადარიგო მძღოლები და აქვს ავტომანქანები განსაკუთრებული შემთხვევებისა და დაკვეთებისთვის.

taxi+-ის ავტოპარკის ნაწილი.
taxi+-ის ავტოპარკის ნაწილი.

Taxi + გთავაზობთ

[checklist]

  • უსაფრთხო გადაადგილებას – კომპანია წინასწარ შეთანხმებული დაკვეთით უზრუნველყოფს თქვენ გადაადგილებას საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე
  • ფხიზელი მძღოლის მომსახურება – თუ თქვენ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ერთობით, ალკოჰოლი მიიღეთ და გსურთ უსაფრთხოდ მიხვიდეთ სასურველ მისამართზე, ტაქსი+ უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ავტომობილის მშვიდად გადაადგილებას.
  • საკურიერო მომსახურება – თუ თქვენ გსურთ პროდუქტი ან სხვა ნივთი მოგართვან ოჯახში, მაგრამ არ გაქვთ გასვლის დრო, თქვენთვის სასურველი მაღაზიიდან, ტაქსი+-ის მძღოლი სასურველ შეკვეთას მოგიტანთ შეთანხმებულ მისამართზე. მომსახურებაში კი ქვითრის მიხედვით დახარჯულ თანხას დაემატება ტაქსის საფასური.
  • პერსონალური მძღოლი – წინასწარ შეთანხმებულ ფასად შეგიძლიათ ავტოპარკიდან შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები ავტომანქანა და სასურველი დროის განმავლობაში ისარგებლოთ მისი მომსახურებით ტაქსის აღმნიშვნელი ლოგოს გარეშე.
  • Vip და ბიზნესმომსახურება – ჩვენ ვხვდებით ტურისტებს, დელეგაციებს და კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად ვეხმარებით სასტუმროში განთავსებაში
  • საექსკურსიო ტურების უზრუნველყოფა – კომპანიის საკუთრებაში არსებული 6, 8, 20 ან 50-ადგილიანი ავტოტრანსპორტით გადაგვყავს ტურისტული ჯგუფები როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე.

[/checklist]

[highlight color=”red”]დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს: 593 700 700; 593 800 800[/highlight]

ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად TI არასამთავრობოებისგან განაცხადებს იღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგების ციკლში მონაწილეობის მისაღებად იწყებს დოკუმენტების მიღებას. ტრენინგები ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

ტრენინგების ციკლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებს და გაერთიანებებს მიეცეთ საშუალება უკეთ დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი, ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად.

ტრენინგები მოიცავს მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სწავლებას და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გაზიარებას.

ტრენინგების ციკლის ფარგლებში გათვალისწინებულია 4-4 ტრენინგის ჩატარება 2018 წლის განმავლობაში ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. პროექტით გათვალისწინებულია სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომელთა და მოხალისეთა ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა. თითო ორგანიზაციიდან ტრენინგზე დასწრების საშუალება მაქსიმუმ 3 წარმომადგენელს ექნება.

ტრენინგების ჩატარების პარალელურად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თითოეულ ორგანიზაციასთან გააფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმს.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები ქართულ ან ინგლისურ ენაზე:

[checklist]

  • სამეწარმეო რეესტრში ორგანიზაციის რეგისტრაციის უახლესი ამონაწერი;
  • ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების მოკლე ჩამონათვალი (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
  • დონორი ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზაციამ სხვადასხვა დროს ჩაატარა აქტივობები (განიხილება ისეთი ორგანიზაციების განაცხადებიც, რომელთაც ამ დრომდე არ ჰქონიათ დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროექტები).

[/checklist]

ასევე, დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში 10:00-18:00 საათამდე (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით), შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, 0102, ტელ:+ 995 322 92 14 03
  • ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 21, 4600, ტელ: +995 0431 25 45 31
  • ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 74, 6010, ტელ:+995 0422 29 44 88
  • ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. 2, 2100, ტელ: +995 0415 22 37 20

[/checklist]

განაცხადის სახელწოდებაში უნდა მიუთითოთ „ტრენინგებში მონაწილეობა“.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 მარტი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

ქალაქ ბათუმში ტრენინგი გაიმართება 2018 წლის 22 მარტს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს https://transparency.ge

რა იცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

ახალი რეფორმის შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში  500 000 ლარამდე იქნება. აქამდე მცირე მეწარმის სტატუსს მეწარმე 100 000 ლარის შემოსავლის ფარგლებში იღებდა. ამასთან, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-ის ნაცვლად  1%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება, დაახლოებით  120 ათას მეწარმეს შეეხება, რომლებიც ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ.

„აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს სრულიად უნიკალურ მოვლენას მსოფლიო ეკონომიკის პრაქტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ე.წ. ინკლუზიურ ზრდას,“ – განაცხადა დღეს მეწარმეებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდნენ და მათ ახალი საგადასახადო ინიციატივები გააცნეს.

მამუკა ბახტაძე: „ძირითადი პრინციპები აღნიშნული რეფორმის არის შემდეგი:

[checklist]

  • ხუთჯერ შევამცირებთ საგადასახადო განაკვეთს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.  5%-იანი ბრუნვის გადასახადიდან ჩამოვალთ 1 %-იან ბრუნვის გადასახადზე.
  • ხუთჯერ გავზრდით იმ ნიშნულს 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე, სადაც თითოეულ მოქალაქეს  შეეძლება, ისარგებლოს ამ უნიკალური საგადასახადო შეღავათით.
  • ვაუქმებთ არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც გადასახადების გადახდა ხდება წინასწარ, ე.წ. საავანსო რეჟიმში და პირველი ივლისიდან მცირე მეწარმეები გადაიხდიან უკვე გადასახადს ყოველი თვის ბოლოს.
  • მნიშვნელოვნად ვამსუბუქებთ და ვაიოლებთ ბუღალტერიის წარმოებას, მცირე და საშუალო მეწარმეებს არ ექნებათ ვალდებულება აწარმოონ ე.წ. საბუღალტრო გატარებები და შემოიფარგლებიან მხოლოდ ძირითადი საგადასახადო დოკუმენტებით, როგორიც არის ანგარიშფაქტურა და საგადასახადო ზედნადები.
  • დღეს არსებული პრაქტიკით, თუ ადამიანი დარეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად ის ავტომატურად კარგავს მცირე მეწარმის სტატუსს. ეს პრაქტიკაც გაუქმდება და 500 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ინდმეწარმე შეძლებს, ისარგებლოს როგორც მცირე მეწარმის სტატუსით, ამავე დროს იყოს დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად“.

[/checklist]

 

მინისტრის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდიდან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2018 წლის პირველი ივნისიდან ეს ინიციატივები ამოქმედდება.

ფინანსთა მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მცირე მეწარმეებთან შეხვედრაზე

 

გვესაჭიროება თარჯიმნები

ბათუმსა და მის შემოგარენში გვესაჭიროება სომხურ-ქართული, რუსულ-ქართული და აზერბაიჯანულ-ქართული ენების თარჯიმნები [იურიდიული სფერო].

[highlight color=”red”]დაგვიკავშირდით.: 577250011[/highlight]

 

ტურისტებისთვის მაღალმთიან აჭარაში ქედა ყველაზე მიმზიდველია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი ეწვია, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.

გასულ წელს ვიზიტორებისთვის  მიმზიდველი იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები.

აქედან ყველაზე მეტი, 20 298 ვიზიტორი, ქედაში არსებულ ღვინის მარნებსა და ტურისტულ ადგილებს ესტუმრა,  18 626 ვიზიტორი – ხულოს, ხოლო 7 668 – მაჭახელას.

ამავე თემაზე: ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]

დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტორების რაოდენობა 32%-ითაა გაზრდილი მაღალმთიან აჭარაში მარშრუტებზე არსებულ მუზეუმებში. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხულოსა და ქედის მუზეუმებს 15 286 ადამიანი ეწვია.

ამავე თემაზე: ქედაში ახალი მუზეუმი აშენდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, მარნების, კვების ობიექტების, მუზეუმებისა და ფოლკლორული ანსამბლების მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა.

მარტის პირველი კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ღამით სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა. ხვალ, 6 მარტს კი, დღისით უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 13-18 გრადუსი სითბო იქნება, ღამით კი – 5-10 გრადუსი.  იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

მთაში დღისით – 5-10 გრადუსი სითბო, ღამით 0-5.

„7 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 8-9 მარტს კი სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში ითოვებს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა 8 გრადუსია, ზღვაზე ღელვა – 4 ბალი.

ამინდის უფრო გრძელვადიან პროგნოზს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო. ერთი კვირის ამინდის პროგნოზში მითითებულია, რომ ბათუმში შაბათ-კვირასაც იწვიმებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-17 გრადუსი იქნება.

მაღალმთიან აჭარაში თოვს [ფოტო]

დღეს, 5 მარტს, აჭარის მაღალმთიან სოფლებში დილიდან თოვს. თოვლის ახალი საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში 5 სანტიმეტრს აჭარბებს. ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურადან თემურ ართმელაძემ მოგვაწოდა.

თემურ ართმელაძის ფოტო
თემურ ართმელაძის ფოტო
თემურ ართმელაძის ფოტო

ბათუმის ცენტრალურ პარკთან ავტომობილი დაიწვა [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ ბათუმის ცენტრალურ პარკთან აუდის მარკის (სედანის ტიპის) ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სახანძრო სამსახურის მოსვლამდე ხანძრის ჩაქრობას ცეცხლმაქრის საშუალებით შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. აალების შემდეგ აფეთქდა სავარაუდოდ საწვავის ავზიც.

 

როგორც შემთხვევის ადგილზე საუბრისას გაირკვა, მანქანა გაჩერებისას აალდა.

 

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს და ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.დ., 1987 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. დააკავეს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

პოლიციამ ბრალდებულები დააკავა ბათუმში, სენაკსა და თბილისში.

 

მშენებლობიდან გადმოცვენილი მასალები მძინარე ადამიანებს დაეცა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მშენებლობიდან ჩამოცვენილი მასალები კერძო სახლის სახურავს დაეცა, სადაც ადამიანებს ეძინათ, მათ შორის, არასრულწლოვანს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 14 წლის არასრულწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო ქალი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულებს ნაკაწრები და მსუბუქი ხასიათის დაჟეჟილობა აღენიშნებოდათ.

ამ სახლს სამშენებლო მასალები დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად ქალაქისთვის მიყენებულ ზიანზე დღეს დილით ბათუმის მერიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყენა ინფორმაცია. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ლუკა ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანების შესახებაც. განცხადებაში ასევე წერია, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ნახსენები არ არის ამ სახლში ადამიანების დაშავების შესახებ. ბათუმის მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ დაზიანებული სახლის ფოტომასალაც მოაწოდა.

ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახალ საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „ელიტმშენი“ აშენებს. ბათუმის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე სამშენებლო ბადის მოწყობის ვალდებულება არ ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი ფოტო:  კადრი აჭარის ტელევიზიის სიუჟეტიდან

კოკოტაურში მაღალი ძაბვის გადამცემ ანძასთან ტერიტორიას იკვლევენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში, ტერიტორიაზე, სადაც მაღალი ძაბვის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ანძა მდებარეობს, გეოლოგები მუშაობენ და ანძის მიმდებარე ტერიტორიას სწავლობენ. 

საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, გიორგი შარკოვის ინფორმაციით, გეოლოგიური შესწავლის საჭიროება მიწაზე გაჩენილმა ბზარებმა გამოიწვია:

„ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის ჩატარების ვალდებულება ჩვენს კონტრაქტორ მშენებელ კომპანიას აქვს, რომელმაც ქსელი ააშენა და ანძების განთავსებამდე ტერიტორია გეოლოგიურად შეისწავლა. იმ დასკვნების თანახმად შესაძლებელი იყო ანძების განთავსება. 

ჩემი ინფორმაციით, სოფელ კოკოტაურში ანძის მიმდებარე ტერიტორია დაბზარულია და სწორედ ამან განაპირობა გეოლოგიური შესწავლის საჭიროება, როგორც აღნიშნე, ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი კვლევის შედეგები”. 

გიორგი შარკოვის ინფორმაციით, გეოლოგიური შესწავლა მხოლოდ ერთ ანძასთან გახდა საჭირო. კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ანძის გადატანის საჭიროება დადგება, სად განათავსებენ მას, გიორგი შარკოვი ადგილს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მოკვლევის შემდეგ ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება, რაც უზრუნველყოფს ხაზისა და კონკრეტული ანძის უსაფრთხოებას. 

მთავარ ფოტოზე: ელექტროგადამცემი ანძა კოკოტაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ასევე ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

„წუხანდელი ქარიშხლის შედეგად მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. დაწყებულია საბავშვო ბაღის სახურავის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ინტენსიურად იწმინდება მოგლეჯილი ხეებისგან ჩახერგილი გზები. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და ვაწარმოებდით პატრულირებას, დაწყებულია ზარალის დათვლა,“ – აღნიშნულია ქობულეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ცენტრალურ პარკში დაზიანდა და წაიქცა რამდენიმე ხე, რომლებიც გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა გაიტანეს.

„შპს ,,სანდასუფთავების“ მობილურმა ჯგუფებმა დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქარის ჩადგომისთანავე განახორციელეს. დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და გარეუბნები, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ზღვის სანაპირო ზოლზე. ძლიერი ქარის შედეგად მშენებარე ობიექტიდან ჩამოცვენილმა სამშენებლო მასალებმა დააზიანა და ჩაანგრია ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავი. აღნიშნულ მისამართზე უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ძირითადად ზღვისპირა მუნიციპალიტეტები დააზარალა. მთავრობის საგანგებო შტაბი ამ შემთხვევაში არ შეკრებილა.

საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები. ფოტო: ქობულეთის მერია
ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა. ფოტო: ბათუმის მერია
ძლიერი ქარი ბათუმში. 04.03.2018 ფოტო: ბათუმის მერია

ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ექვსი ექიმი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს ექიმს, ვინც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრა, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯა, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდა.

„სამინისტრო ბოროტად იყენებს შესაძლებლობას და ნორმის მოქმედებას ავრცელებს იმ პირებზეც, რომლებმაც ლეგიტიმური მოლოდინის არსებობის გამო [ვინაიდან 26 წლის განმავლობაში, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდის მანძილზე, მსგავსი რეზიდენტურის შედეგები უპრობლემოდ იყო აღიარებული], უკვე გაიარა რეზიდენტურა სხვა სახელმწიფოებში, ან ჩააბარა ასეთ პროგრამაში ამ ბრძანების ამოქმედებამდე,“ – ნათქვამია კონსტიტუციურ სარჩელში.

საექიმო საქმიანობისთვის სავალდებულოა სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. ამ გამოცდამდე ექიმმა საექიმო სპეციალობის მოწმობა უნდა მოიპოვოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ უსამართლოდ მოუწევთ ათასობით ლარის დახარჯვა და დამატებით რამდენიმე წლით სწავლა.

„იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების გარდა, ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით,“ – წერია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებაში. ბრძანების ამ ნაწილის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვენ ექიმები.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, თვითნებურად ხდება არათანაბარი პირობების შექმნა და უთანასწორო სამართლებრივი რეჟიმის ჩამოყალიბება,“ – აღნიშნავენ მოსარჩელეები.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი ჯერ არ განუხილავს.

 

ფორმალურად დაფასებული დედის კულტი – ეთუნა ნოღაიდელის ინტერვიუ

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.  გენდერის მკვლევარსა და ფემინისტს, ეთუნა ნოღაიდელს ვკითხეთ, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დედობის სტატუსის მიმართ და რეალურად რა გამოწვევის წინაშე დგებიან დედები დღეს.

თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დედის სტატუსთან დაკავშირებით? 

დედობის პრაქტიკასთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე დიდი სირთულე საქართველოში ისევ არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ რეალობიდან, სადაც მეტ-ნაკლები კონტროლი აქვს ქალს საკუთარ სხეულზე. საქართველოში ქალის სექსუალობა ძლიერად ტაბუირებული თემაა, რაც, პირველ რიგში, ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ბევრი ქალის დედობის გამოცდილებაზე. ხშირ შემთხვევაში იმდენად გაუცხოებულია ქალი საკუთარი სხეულისგან, საკუთარი სექსუალობისგან, რომ მას არ აქვს საშუალება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები  მიიღოს, მაგალითად, ვისთან, როგორ და რამდენ შვილს გააჩენს. საქართველოში, ისევე როგორც სხვა პატრიარქალურ კულტურებში, დედის კულტი არის ძალიან ძლიერი. დედობა ეს არის ღირებულება, რომელიც უნდა შეასრულოს ქალმა ერის, გვარის, ქმრის,ოჯახის წინაშე. ეს არის მოვალეობა, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია იმისთვის, რომ მოიპოვო კარგი ქალის ტიტული.

შეიძლება ითქვას, რომ დედობის გარეშე ქალს არ აქვს ფასი?

იმ ტიპის კულტურებში, სადაც დედობა არის ქალის მთავარ მოვალეობად მიჩნეული, ასეა. იმ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გააჩენენ, ან არ გააჩენენ შვილებს, თავისთავად ცხადია, რომ „ნაკლები ფასი“ აქვთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შემოდის: მთავარია, როგორ გააჩენ და, ასე ვთქვათ,რამდენად „სწორი ფორმით“ მოხდება ქალის რეპროდუქცია.

ნაციონალისტური იდეოლოგია მიიჩნევს, რომ რაღაც ტიპის ქალები უფრო ღირებულები არიან, ვიდრე სხვები. მაგალითად, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი ქალის გამრავლება არის ყველაზე მეტად წახალისებული. ერთადერთი მოვლენა, რამაც შობადობაზე დადებითი გავლენა იქონია, იყო პატრიარქის მოწოდება, როცა მან თქვა, რომ ყოველ მესამე შვილს მონათლავდა. ვის მონათლავდა იგი? მონათლავდა აუცილებლად მართლმადიდებელს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც წახალისებული იყო მართლმადიდებელი ქალის გამრავლება. სხვა, მარგინალიზებული ჯგუფების გამრავლება პრობლემად ითვლება აქაც და სხვა ქვეყნებშიც. ყველგან ფიქრობენ, რომ ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მათი შობადობა უნდა გაკონტროლდეს.

მეორე პრობლემაა ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილი… ანუ ღირებულებით შკალაზე საქართველოში ყველა თანაბარ ადგილს ვერ იკავებს. ზოგი უფრო ღირებულია, ზოგი – ნაკლებად. თუ მე დამოუკიდებლად მივიღე გადაწყვეტილება, შესაძლოა, ეს საერთოდ არ იყოს დაფასებული. შეიძლება ამაზე ბევრი ვინმე შემეკამათოს, რომ ასე არ არის და ნებისმიერი დედა ფასეულია, მაგრამ ინდივიდუალურ შემთხვევებში, ფაქტია, რომ პრობლემაა.

თავად ზოგიერთ ქალის რატომ მოსწონს დედის კულტი, რა განაპირობებს ამ კულტის მიმზიდველობას? 

ფორმალურად მიჩნეულია, რომ დედა დაფასებულია. სინამდვილეში ეს დაფასება არის პირობითი და ეს ხდება ძალიან დავიწროებული კრიტერიუმების მიხედვით. ამ კრიტერიუმების მიღმა თუ გადიხარ, ისჯები.

მეორე მხრივ, დედობა არის უნიკალური გამოცდილება, რაც ქალისთვის შესაძლოა იყოს ძალაუფლების წყარო, მაგრამ ეს გამოცდილება ქალისთვის არის გაუფასურებული. თუ დააკვირდებით, ახალბედა დედას საქართველოში იშვიათად მიიჩნევენ ავტორიტეტად, რომ მან თუნდაც საკუთარ შვილზე გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად. ეს უფრო შემდგომი ეტაპია. ქალს რომ ჰქონდეს საკუთარ სექსუალობაზე კონტროლი, დედობა მისთვის ნამდვილად იქნებოდა ძალაუფლების მიმცემი გამოცდილება. არიან ადამიანები, რომლებიც წყვეტენ, რომ საერთოდ არ ჰყავდეთ შვილები, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. საქართველოში ადამიანის სტატუსი განისაზღვრება აუცილებლად ოჯახთან, ქორწინებასთან მიმართებით, ის ან დასაოჯახებელია, ან დაუოჯახებელი. თუ ადამიანი მარტოა და შვილების გაჩენა არ სურს, მიიჩნევა, რომ მას ცხოვრებაში არ გაუმართლა.

შვილების გაჩენის შემდეგ რა მოცემულობაა, რა გამოწვევის წინაშე დგებიან დედები? 

ეს არის ცალკე პრობლემური საკითხი. ეს იწყება, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, სადაც ადამიანი ბავშვთან ერთად ღირსეულად ვერ გადაადგილდება. ეს ხდება ქალაქში, სოფლებზე აღარაფერს ვამბობ. ეს პრობლემა იწყება საბავშვო ბაღებიდან, სადაც ორ წლამდე ბავშვს არ იტოვებენ. დედობა არის თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ქალისთვის და ამ დროს ბავშვებისთვის სივრცეები საერთოდ არ არსებობს. მე არ მინდა ეს განვიხილო, როგორც დედების პრობლემა, რადგან ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა მონაწილეობდეს. ზოგადად, მშობლებისთვის ძალიან მოუხერხებელი გარემოა საქართველოში, ქვეყანაში, სადაც თითქოს შობადობა წახალისებულია. ეს ყველაფერი ჩაკეტილ წრეს ჰგავს…

პირველი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ კულტურულად გათავისუფლდნენ ქალები და საკუთარ სექსუალობაზე მოიპოვონ კონტროლი. მეორე ის, რომ სახელმწიფომ, რომელიც შობადობას ახალისებს, ღირსეული გარემო შექმნას.

 

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა აჭარიდან ჯერჯერობით ორ პირს სურს – სირაბიძე&ლილუაშვილი

ვინ არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 3 მარტს ბორდის წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია და არხის განვითარების კონცეფცია პარლამენტში შექმნილ სპეციალურ კომისიას უნდა გადაუგზავნონ. ბორდის ოთხი ასარჩევი წევრიდან ერთი კვოტა აჭარას ეკუთვნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ადგილის დასაკავებლად აჭარიდან განაცხადი ამ დროისთვის ორმა კანდიდატმა გააგზავნა – ბესიკ ლილუაშვილმა და ნათია სირაბიძემ.

ბესო ლილუაშვილი

ბესიკ ლილუაშვილმა გუშინ შეიჩერა უფლებამოსილება აჭარის მთავრობაში. იგი აქამდე მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. ბესიკ ლილუაშვილი ამბობს, რომ მას ტელევიზიაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და შეუძლია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„აქცენტი მაქვს საინფორმაციოს გაძლიერებაზე. ამ მოცემულობაში რაშიც ვართ და ზოგადად მსოფლიოში, საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან ერთადერთი ობიექტური და მიუკერძოებელი მედიასაშუალებები, საიდანაც ადამიანებს აქვთ საშუალება მიიღონ დაბალანსებული ინფორმაცია. ჩემი პრიორიტეტია ასევე საგამოძიებო ჟურნალისტიკის წინა პლანზე წამოწევა, კინოდოკუმენტალისტიკა და ზოგადად, კინოს მხარდაჭერა, ვებპლატფორმა და რადიოს განვითარება,“ – გვითხრა ბესიკ ლილუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის სურვილი აქვს ნათია სირაბიძესაც. იგი აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის პრესსამსახურის უფროსი იყო. ნათია სირაბიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა იგი მთავრობაში მუშაობდა.

ნათია სირაბიძე

„მეამაყება, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობისას ვითვალისწინებდი მედიის ინტერესებს, ამის ნათელი მაგალითია აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნა, რომელშიც დიდი წვლილი მიმიძღვის ტელევიზიის მენეჯმენტთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად. ჩემი აზრით, მაუწყებელი უნდა გამოირჩეოდეს სანდო, შემოქმედებითი, მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული და კონკურენტუნარიანი პროდუქციით, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს რეგიონებს, ქვეყნის 2/3 რეგიონში ცხოვრობს და მათი ინტერესების და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული გადაცემებით მაღალ რეიტინგს ადვილად მოიპოვებს,“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

სპეციალურმა კომისიამ 10 კალენდარულ დღეში უნდა შეისწავლოს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, აქვს თუ არა რომელიმე კანდიდატს ბმა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. შერჩეული კანდიდატების სია იმ უწყებებს გადაეგზავნება, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში კვოტა ერგებათ. კანდიდატები წარედგინება აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, რომელმაც სამ დღეში უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატებს საბოლოოდ საქართველოს პარლამენტი არჩევს.

თუკი აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის არჩევაზე პარლამენტი უარს იტყვის, მაშინ საბჭომ ხელახლა უნდა შეარჩიოს სხვა კანდიდატი. თუ კენჭისყრა პარლამენტში ისევ ჩავარდება, ამ შემთხვევაში კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

336 ათასი ლარი საზღვაო აკადემიის საწვრთნელი გემისთვის

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მის საკუთრებაში არსებული გემი „CADET“-ის შეკეთება/ტექნიკური და სხვა მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს სხვადასხვა მომსახურება, რაც გემის ექსპლუატაციასთან იქნება დაკავშირებული, რისთვისაც აკადემიას, 2018 წლისთვის, 336 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

საზღვაო აკადემიის პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • გემის ტექნიკური შემოწმება და გაუმართაობის აღმოფხვრა;
  • სამანქანო განყოფილების გამართულობა, ზედამხედველობა;
  • გემბანის, კორპუსის ზედნაშენისა და სამანქანო განყოფილების ანტიკოროზიული საღებავებით შეღებვა და მუდმივ კარგ ვიზუალურ მდგომარეობაში მოყვანა (მოთხოვნის შესაბამისად).

[/checklist]

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მოთხოვნისა და გემის ექსპლუატაციის დაცვის ტექნოლოგიური მოთხოვნების [მიმდინარე, გეგმიური, კაპიტალური, შეკეთება/ტექმომსახურება] შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანაზღაურება კი გაწეული მომსახურების შესაბამისად მოხდება.

ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ მიმდინარე წლის იანვარში გადაეცა. აკადემიას 90-წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ ჰქონდა.

ბათუმის საზღვაო აკადემიას საწვრთნელი გემი გადაეცა

 

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, უახლოეს პერიოდში, სპეციალურ სასწორებს დააყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კანონით განსაზღვრულ ტვირთის ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ, დაჯარიმდებიან.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს მდინარის სანაპიროდან ამოღებული  მძიმე ტვირთი ყოველდღიურად გადააქვთ, ტვირთის სიმძიმეს კი, არავინ აკონტროლებს.

„მართალაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა გზაზე, მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს ხელისუფლების, საგზაო დეპარტამენტისა და იმ სამსახურების მხრიდან, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ გზებზე ტვირთის სიმძიმე. დღეს საუბარი გვქონდა საგზაო დეპარტამენტთან აღნიშნულ საკითხზე და  დავგეგმეთ მოეწყოს შესაბამისი სპეციალური სასწორი, რომელიც გააკონტროლებს, თუ რა მოცულობის ტვირთით გადაადგილდება ავტომობილები. აუცილებლად მკაცრად დაისჯებიან ის კომპანიები, რომლებიც დადგენილ ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

ეს ჟანგმოდებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები დაბა ქედაშია.

რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, ქედის მერიამ სავარჯიშო ატრაქციონები წლების წინ დაამონტაჟა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ქედის მერიას დაბის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 300 000 ლარი აქვს გაწერილი, თუმცა კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ თანხით დაბაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, სავარჯიშო ატრაქციონების რეაბილიტაციას 25-30 ათასი ლარი დასჭირდება, რომლის მოძიებასაც მერია ბიუჯეტის კორექტირების დროს გეგმავს.

ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო
ეკა ბარამიძის ფოტო

ფატი ხალვაში: გენდერული კვოტირება დისკრიმინაციული ხომ არ არის?

„გენდერული კვოტირება რაღაცნაირად დისკრიმინაციული ხომ არ არის? მუდმივად კვოტირების რეჟიმში ვერ ვიქნებით,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა ბათუმის დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე მიმდინარეობს დისკუსია თემაზე – „რისთვის არის საჭირო გენდერული კვოტირება“.

ფატი ხალვაშის მოსაზრებით, ის იმიტომ არ აურჩევია ვინმეს პარლამენტში, რომ ქალია და უკეთესი იქნება, თუკი ამომრჩეველი ქალ კანდიდატზე არჩევანს მისი გამოცდილებით და შრომით გააკეთებს.

„კვოტირების საკითხი რაღაცნაირად ქალის შესაძლებლობებს აკნინებს,“ – თქვა მან.

პარლამენტის წევრს დარბაზიდან ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა ეს პოზიცია იმას, რომ ის გენდერულ კვოტირებაზე ახალ კანონპროექტებს მხარს არ დაუჭერს. ფატი ხალვაშმა განაცხადა, რომ ის გენდერული კვოტირების საკითხს მხარს დაუჭერს.

„ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის აუცილებელია, რადგან მამაკაცებმა და ზოგადად საზოგადოებამ დაინახოს ქალის როლი, ჩვენი გამძლეობა. ზოგადად ქალები უფრო ამტანნი ვართ მამაკაცებზე“- დასძინა დეპუტატმა.

დღევანდელ დისკუსიას „ბათუმის დემოკრატიის სკოლაში“ პარლამენტის კიდევ ერთი წევრი ესწრება – მუხრან ვახტანგაძე, რომელმაც მოკლედ აღნიშნა, რომ ის კვოტირებას მხარს უჭერს.

„მე მჯერა, რომ გენდერული თანასწორობა მალე იქნება უზრუნველყოფილი,“ – თქვა მუხრან ვახტანგაძემ.

უძრავი ქონების არასწორად შეფასებისას კომერციული ბანკის მიმართ სანქცია გატარდება – პროექტი

საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო განხილვისთვის „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის“ პროექტს აქვეყნებს. ინსტრუქციის დამტკიცების შემთხვევაში, კომერციული ბანკებისთვის განისაზღვრება უძრავი ქონების შეფასების წესები და პრინციპები. კომერციული ბანკების მიერ კლიენტთა უძრავი ქონების შეფასების პროცესს ეროვნული ბანკი გააკონტროლებს, კომერციული ბანკები კი ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ ეროვნული ბანკის მითითებები.

„ინსტრუქციის მიზანია საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება და შეფასების პროცესისა და პრინციპების მეტი გამჭვირვალობის დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება და დარეგულირდება შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ეთიკის სტანდარტები“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

პროექტის მიხედვით: იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციით არ იქნება დარეგულირებული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხი ან/და არ იქნება მოცემული ტერმინთა განმარტება, კომერციულმა ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით.

უძრავი ქონების შემფასებელი შეფასების დროს უნდა მოქმედებდეს შეფასების საერთაშორისო ეთიკის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:

[checklist]

  • უნდა შეინარჩუნოს პატიოსნება/კეთილსინდისიერება და იმგვარად უნდა წარმართოს თავისი საქმიანობა, რომ ზიანი არ მიადგეს კომერციული ბანკის [მათ შორის მისი კლიენტის] კანონიერ ინტერესს;
  • არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არის შეცდომაში შემყვანი ან თაღლითური;
  • გამიზნულად არ უნდა ასახოს შეფასების დასკვნაში ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ყალბ, არაზუსტ ან/და მიკერძოებულ შეხედულებებსა და ანალიზს.

[/checklist]

ქონების შემფასებლის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე.

ქონების შეფასების ინსტრუქციის პროექტით:

[checklist]

  • ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განახორციელოს მოთხოვნებისა და მითითებების დაწესება კომერციული ბანკების მიმართ, მოითხოვოს შეფასებული უძრავი ქონების გადაფასება და ყველა იმ ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიმართულია საშემფასებლო საქმიანობის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. თავის მხრივ, კომერციული ბანკი ვალდებულია შეასრულოს ეროვნული ბანკის მითითებები.
  • კომერციული ბანკის მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.
  • კომერციულმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად უნდა წარუდგინოს შეფასებული უძრავი ქონების შესახებ ანგარიშგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად.

[/checklist]

აღნიშნული ინსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გაგზავნა ეროვნულ ბანკში შესაძლებელია 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: valuation@nbg.gov.ge  

ბანკის განცხადებით, გამოქვეყნებული პროექტი, განხილვის პროცესში, ექვემდებარება როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ინსტრუქციის საბოლოო ვარიანტს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაამტკიცებს.

 

მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზეა“ მსჯავრდებული, ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. პირველ მარტს, მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც ის გაასამართლეს, არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ის დახურული ტიპის დაწესებულებაში უკანონოდ არის მოთავსებული.

ვაცხადებ შიმშილობას, რადგან გამოკეტილი ვყავარ საკანში, არ გადავყავარ ზონაზე. მიხეილ აბაშაშვილის დავალებით, რომელიც არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხელი მომაწერინეს, თითქოს მე მინდა დავრჩე დახურული ტიპის დაწესებულებაში. მითხრეს, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს, შემიქმნიდნენ პრობლემებს შეწყალების კომისიასთან. კომისიამ უარი მითხრა დღეს და ახლა ისევ უნდათ მამყოფონ გიჟივით მარტო ცალკე საკანში. გამოკეტილი ვყავარ გიჟივით. ირაკლი ჩხვირკვია საერთოდაც სამარტოო საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ის ითხოვს, რომ ერთი კაცი მაინც შეუსახლონ საკანში, მაგრამ არც ამას აკეთებენ,“ – გვითხრა მერაბ ღოღობერიძემ.

რატომ იმყოფება მერაბ ღოღობერიძე დახურული ტიპის დაწესებულებაში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიმართა. სამინისტროდან პასუხის მიღებამდე, მერაბ ღოღობერიძე დაგვიკავშირდა და თქვა, რომ მან ციხის ადმინისტრაციისგან ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის პირობა მიიღო.

„მერაბ ღოღობერიძე არ შიმშილობს და რაიმე სახის პრეტენზია ადმინისტრაციის მიმართ დაფიქსირებული არ აქვს. მერაბ ღოღობერიძე ამ დროისთვის რჩება დახურული ტიპის დაწესებულებაში და მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მულტიდისციპლინური საბჭო. განაჩენის მიღებიდან 60 დღის ვადაში პენიტენციური დაწესებულება უგზავნის მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციას ამ საბჭოს,“ – გვითხრეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში.

გადაგზავნილია თუ არა ინფორმაცია მულტიდისციპლინურ საბჭოში მერაბ ღოღობერიძის შესახებ? – პრესსამსახურში განმარტეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერც იმას გვეტყვიან, როდის განიხილავს მულტიდისციპლინური საბჭო მერაბ ღოღობერიძის საკითხს.

„ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სამართლებრივი ნორმის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულის კონკრეტულ დაწესებულებაში მოთავსების წესებს ადგენს. იურისტი განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს ზუსტ ვადებს მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის, რომელმაც პატიმრის რისკი უნდა შეაფასოს და დასკვნა დეპარტამენტის დირექტორს მიაწოდოს, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ რისკს თავდაპირველად დაწესებულებაში არსებული სპეციალური ჯგუფი სწავლობს, რომლის დასკვნასაც დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინურ ჯგუფს უგზავნის სამი დღის ვადაში. ამ ჯგუფს არ აქვს განსაზღვრული ვადა მსჯავრდებულის რისკის შესაფასებლად. საბოლოოდ, მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილება დაწესებულების დირექტორი იღებს 20 დღის ვადაში.

„ვადების განუსაზღვრელობა იძლევა შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულმა თავისუფლების აღკვეთის პერიოდი ისე ამოწუროს, რომ არ იყოს განსაზღვრული, რომელი ტიპის დაწესებულებაში უნდა იყოს იგი. ეს არის რისკი იმისა, რომ შესაძლებელია დაირღვეს პატიმრის კანონით განსაზღვრული უფლებები,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

მერაბ ღოღობერიძე გასული წლის მაისიდან იმყოფება პატიმრობაში. მას მიმდინარე წლის იანვარში გამოუტანეს განაჩენი და წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამ პერიოდიდან 10 თვე ისე გავიდა, რომ  კონკრეტულ დაწესებულებაში მის მოთავსებაზე გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ მიუღია.

მერაბ ღოღობერიძის საკითხზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს სახალხო დამცველიც.

თემურ ქორიძე, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი: „ჩვენმა წარმომადგენლებმა მერაბ ღოღობერიძე მოინახულეს რამდენიმე დღის წინ და მას სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს. ჩვენ 26 თებერვალს მივმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას და მოვითხოვეთ განმარტება, თუ რატომ არის იგი დახურული ტიპის დაწესებულებაში. პასუხი ამ დროისთვის მიღებული არ გვაქვს“.

მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას ციხის შიდაგანაწესი არც ერთხელ არ დაურღვევია.

 

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დიოკნისთან მეწყრის შემდეგ [ფოტოამბავი]

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის ხულოს მონაკვეთზე, სოფელ დიოკნისთან, მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. მიწის მასამ მაშინ გზა ჩაკეტა და გოდერძის მიმართულებით ავტომობილები შემოვლითი გზით – სოფელ პაქსაძეებიდან, კორტოხიდან და ბეღლეთიდან გადაადგილდებოდა. მაგისტრალი დღეს გახსნილია, თუმცა გზის სავალი ნაწილი ამორტიზებულია, არც მეწყრული პროცესების განმეორებაა გამორიცხული.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, ხომ არ იგეგმება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გამაგრების, ფერდდამცავი თუ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხულოს მერიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაგვამისამართა, დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი იმ კომპანიაში, რომელიც გზის მოვლა-შენახვაზეა პასუხისმგებელი. კომპანიას ვერ დავუკავშირდით.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულოს მონაკვეთი, სოფელ დიოკნისთან / 1.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულოს მონაკვეთი, სოფელ დიოკნისთან / 1.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულოს მონაკვეთი, სოფელ დიოკნისთან / 1.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულოს მონაკვეთი, სოფელ დიოკნისთან / 1.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულოს მონაკვეთი, სოფელ დიოკნისთან / 1.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულოს მონაკვეთი, სოფელ დიოკნისთან / 1.03.2018 / როინ გუნდაძის ფოტო

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება 2 წლით გაგრძელდა

ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი კიდევ 2   წლის განმავლობაში იქნება.  მხარეებს შორის შეთანხმებას, ხელი ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვითიბი ბანკის  ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა მოაწერეს.

პარტნიორებმა გასული თანამშრომლობა შეაფასეს და მომავალი 2 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ურთიერთობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. სასიამოვნოა, რომ ვითიბი ბანკი კვლავ ჩვენი პარტნიორი იქნება და ერთობლივად გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას.“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა

„ვითიბი ბანკი კვლავ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს,“- აღნიშნა ვითიბი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვითიბი ბანკი 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.

ბაგა-ბაღი აისი დედის დღეს გილოცავთ!

ბაგა – ბაღი “აისი” ყველა დედას გილოცავთ 3 მარტს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ შვილებთან ერთად!

ჩვენ ვისურვებდით, განურჩევლად ყველას გქონდეთ განათლების, დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

თუ შვილისთვის ბაღს ეძებთ:

[checklist]

  • ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,
  • რომელსაც ექნება მყუდრო ეზო,
  • უსაფრთხო და სუფთა გარემო,
  • სადაც ჯგუფებში მხოლოდ 10-10 ბავშვი იქნება და უყურადღებოდ არც ერთი ბავშვი არ დარჩება,
  • თამაშით და ვიზუალური მასალების გამოყენებით ვასწავლით,

[/checklist]

დაგვირეკეთ: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ს.ხიმშიაშვილის N28

კომპანიის პირველი განცხადება: ახალ კომპლექსში სასტუმრო „მარიოტი“ განთავსდება

ბათუმში „ალიანს ჯგუფი“ ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ, კომპანიამ დღეს პირველად გაავრცელა ინფორმაცია. კომპლექსი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე აშენდება მრავალსართულიანი და მრავალფუნქციური იქნება.

„ალიანს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ „ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია და მასში ყველა ის ინფრასტრუქტურა გაერთიანდება, რომელიც სუპერთანამედროვე კომპლექსებისთვის არის დამახასიათებელი: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, ფიტნეს ცენტრი, კაფეები, რესტორნები, რეგიონში ყველაზე დიდი კაზინო და ა.შ“.

„პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას წინ უძღვოდა 2018 წლის 8 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში „ალიანს ჯგუფისა“ და „მარიოტინტერნეიშენალის“ წარმომადგენლებს შორის ხელმოწერილი მორიგი ფრანჩაიზის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოში რიგით მე-8 „მარიოტის“ განთავსების ადგილად ბათუმის „ალიანს ფრივილიჯი“ შეირჩა“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „ალიანს პალასის“ [რომელიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან აშენდა] შემდეგ, რომელშიც 2019 წელს „ქორთიარდ მარიოტი“ დაიწყებს მუშაობას, ბათუმში ეს „მარიოტ ინთერნეიშენალის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული მეორე სასტუმრო იქნება: „გლობალური ბრენდი „მარიოტ ინთერნეშენელი“ მსოფლიო მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში 6000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და „ალიანს ჯგუფთან“ პირველი თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო“.

„ალიანს ჯგუფის“ გენერალური დირექტორის აკაკი სონგულიას თქმით, „ალიანს პალასში“ აპარტამენტების 95%-ი უკვე გაყიდულია. კომპანია „ალიანს პალასის“ მშენებლობას ბათუმში 2018 წელს ასრულებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეთანხმების აქტი გაფორმდა. კომპანია ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ კომპლექსს ააშენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთანხმება მშენებლობის ნებართვის მიღების ვადებს უკავშირდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლითაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულებები აიღო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტრო და კომპანია შეთანხმდნენ, რომ ბათუმის ბულვართან არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას მიეცეს დამატებითი დრო.  ახალი შეთანხმებით, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2018 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.

ტერიტორია, სადაც ახალი კომპლექსი უნდა აშენდეს, შემოღობილია. ოპოზიცია აცხადებს, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა დაიწყო; ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და კომპანიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად მათთვის ჯერ არ მიუმართავს.

კომპლექსის მაკეტი, რომელიც „ალიანს ჯგუფმა“ გაავრცელა

ამავე თემაზე:

54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

 

 

 

200-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 161 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  142 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის და 19 კი ნიშანში დგომისთვის.

ფოტოები გადაღებულია მიმდინარე კვირის განმავლობაში.

ბათუმის მერია ჭოროხის პირას ბიზნესჰაბს აშენებს

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს, 2 მარტს, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შესახებ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მერიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გადაეცა თანხმობის წერილი და 5 ჰექტარი ტერიტორია ჭოროხის სანაპიროზე. ამ ტერიტორიაზე მერია ბიზნესჰაბს გააკეთებს.

„აქ შევქმნით ჩემ მიერ წინასაარჩევნოდ დაანონსებულ ინდუსტრიულ ზონას და ათობით ახალ ბიზნესს მივცემთ საშუალებას, რომ წარმოების სფეროში დაიწყოს მუშაობა.

ასევე გეტყვით, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც რეორგანიზაციის შემდეგ უწევს მერიის სამსახურებისა თუ აიპ-ების დატოვება, იქნება ამ ბიზნესებისთვის შეთავაზებული, კერძო სექტორში დასასაქმებლად,“ -ამბობს მერი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა რაოდენობის თანხა სჭირდება ბიზნესჰაბის გაკეთებას, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მოდელი უკვე შემუშავებულია, „დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში დამთავრდება პროექტი და სწორედ ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენი დასჭირდება მის განხორციელებას“.

 

Exit mobile version