მთავარი,სიახლეები

სადავო ფარული ჩანაწერი – ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე

08.05.2018 • 3886
სადავო ფარული ჩანაწერი – ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე

„თუკი სასამართლო დაუშვებლად არ ცნობს ამ სატელეფონო ჩანაწერს, ეს იქნება ფარული მიყურადების წახალისება. ფარული მიყურადება დანაშაულია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოსამართლე ლევან გელოვანს. სატელეფონო ჩანაწერი მთავარი მტკიცებულებაა ბათუმში „ორი ბიჭის მკვლელობის საქმეში“. ამ საქმეზე დღეს, 8 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძისა და 25 წლის ზვიად სახლთხუციშვილის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს. განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ პირს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის გზით მოხდა“.

ბრალდებულები ნიკა ბახტაძე და რუსლან ბედიევი ბრალს არ აღიარებენ. ისინი თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.

მკვლელობიდან  რამდენიმე თვის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, გამოძიებას კონკრეტული პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ერთ-ერთ ბრალდებულთან ფარული სატელეფონო ჩანაწერი ჰქონდა. გამოძიებამ ჩანაწერი ამოიღო.

„ეს პირი, ზურაბ ბერიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. ფარულ ჩანაწერს სჭირდება მოსამართლის განჩინება, ან პროკურორის დადგენილება. ამ შემთხვევაში არც ერთი იყო და არც მეორე,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

მტკიცებულების – ფარული ჩანაწერის სადავოობის საკითხზე პროკურორებმა თქვეს, რომ შემდეგ სხდომაზე დააფიქსირებენ პოზიციას. ამ მოტივით წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

შემდეგ სხდომაზე ფარულ ჩანაწერზე პოზიცია სასამართლომაც უნდა დააფიქსიროს. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ამ საქმეში ფარული სატელეფონო ჩანაწერი.

ადვოკატის თქმით, სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობაც დასადგენია, თუმცა ჩანაწერში ისმის, რომ კონფლიქტი მამაკაცებს შორის სექსუალური კონტაქტის იძულებას უკავშირდებოდა.

სატელეფონო ჩანაწერის გამო ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან გელოვანის აცილებაც მოითხოვა. ამ მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, რაც კონკრეტული პირის მობილური ტელეფონიდან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ამოღებას გულისხმობდა.

ადვოკატის ამ შუამდგომლობის დაყენების შემდეგ მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულმა ლევან გელოვანმა თქვა, რომ ის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.

„კანონი არ კრძალავს იმ მოსამართლის მიერ წინასასამართლო სხდომის ჩატარებას, რომელმაც საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხი განიხილა,“ – განმარტა მოსამართლემ.

ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საქმეზე პროკურატურა 117 მოწმის დაკითხვას აპირებს.

დღევანდელ პროცესს გარდაცვლილებისა და ბრალდებულების ახლობლები არ დასწრებიან.

რა იყო მკვლელობის სავარაუდო მოტივი – პროკურორი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს არ დააკონკრეტა, რა გახდა შელაპარაკების საგანი.

რატომ განხორციელდა ბრალდებულისთვის ფარული სატელეფონო მოსმენა სასამართლოს ნებართვისa და პროკურორის დადგენილების გარეშე? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას პროკურორმა მოკლედ ასე უპასუხა: „ამას შემდეგ სხდომაზე გაიგებთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: