მთავარი,სიახლეები

აჭარაში 48 ტონა სათესლე ნიორს „ქართული მოცვი“ შემოიტანს

09.05.2018 • 2341
აჭარაში 48 ტონა სათესლე ნიორს „ქართული მოცვი“ შემოიტანს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შემოტანაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიამ ფასი- 525 600 ლარი დააფიქსირა, ხელშეკრულება კი მასთან 620 208 ლარზე გაფორმდა. სატენდერო თანხა 528 812 ლარი იყო.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სატენდერო კომისია წინასწარ შეთანხმდა, რომ „კარგი იქნებოდა ტენდერი გამოცხადებულიყო დღგ-ს გარეშე და თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში დღგ-ს გადამხდელი იქნებოდა, მას დაემატებოდა დღგ-ს თანხა“.

ტენდერში მხოლოდ შპს „ქართული მოცვი“ მონაწილეობდა, რომელიც 2014 წელს ქობულეთშია დარეგისტრირებული და მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი ავთანდილ აბაშიძეა.

ხელშეკრულების მიხედვით, „ქართული მოცვი“ ვალდებულია, „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სათესლე [სარგავი] მასალა 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, აგროპროექტების მართვის ცენტრის მოთხოვნიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში შემოიტანოს. კომპანია ნიორს უკრაინიდან შემოიტანს.

ნივრის სათესლე მასალას ფერმერებს თანადაფინანსების წესით გადასცემენ. ფერმერი ნივრის ფასს, სავარაუდოდ, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით გადაიხდის.

სამინისტროს „ნივრის პროგრამა“ გასულ წელს ჩაუვარდა. ნივრის შესასყიდი თანხა კი, როგორც სამინისტროში განაცხადეს, სხვა პროგრამებზე გადაანაწილეს.

პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ არშემდგარი და შეწყვეტილი ტენდერები დაასახელა. 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად შარშან 624 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

ამავე თემაზე:

ხულოში გამოყვანილი ნივრით ევროპის ბაზარზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: