მთავარი,სიახლეები

ბიუჯეტიდან დახარჯული 10 ათასი ლარი და ბამბუკის სახლი ხულოში

08.05.2018 • 6654
ბიუჯეტიდან დახარჯული 10 ათასი ლარი და ბამბუკის სახლი ხულოში

კლარა კახაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. კლარას მეუღლე, მერაბ კახაძე, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

2015 წელს ხულოს მაშინდელმა გამგეობამ კლარას ოჯახს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალური პროგრამიდან ათი ათასი ლარი გამოუყო. ამ თანხით ოჯახს ახალი საცხოვრებელი უნდა შეეძინა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკრებულოს მაშინდელი წევრის, თამაზ ლომიძის დარწმუნებით, გადაწყდა, რომ ის კახაძეებისთვის სოფელში ბამბუკის სახლს ააშენებდა.

ახლა კლარა კახაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ თამაზ ლომიძემ ამ თანხმობის მიცემა მათ აიძულა.

„საკრებულოს წევრი თამაზ ლომიძე მოვიდა ჩვენთან და იძულებით ხელი მოგვაწერინა ბამბუკის სახლის აშენებაზე. ჩემს მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მეურვეობას ამავე სოფლის მცხოვრები თამაზ ართმელაძე უწევდა. როცა გამგეობამ თანხა გამოყო, ეს ფული მეურვის ანგარიშზე დაირიცხა, შემდეგ კი თამაზ ლომიძემ წაიღო. მე დამატებით მივეცი ათასი დოლარი ჩემი დანაზოგი“, – გვეუბნება კლარა კახაძე.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ თანხმობის წერილი, რითაც თამაზ ლომიძემ კახაძეებისთვის განკუთვნილი ათი ათასი ლარის განკარგვა შეძლო, თამაზ ართმელაძისგან ნოტარიულად მიიღო.

მასალა, რისგანაც კახაძეების სახლი უნდა აშენებულიყო

„მე მქონდა ანგარიშიდან თანხის გამოტანის უფლება“, – გვეუბნება თამაზ ლომიძე. ის არ უარყოფს, რომ ათი ათასი ლარის გარდა მან ოჯახისგან და სოფლისგანაც დამატებით მიიღო თანხა.

„ეს ფული არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს სახლი დასრულებულიყო“, – ამბობს თამაზ ლომიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაინტერესდა კახაძეების სახლის მშენებლობით, თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ბამბუკის სახლის იდეა მას ეკუთვნის და ამით თავისი გამოგონების განხორციელებას აპირებდა. „ეს არის ევროპული დონის გამოგონება, ეს გამოგონება აღიარებულია“, -გვეუბნება თამაზ ლომიძე.

როგორც კლარა კახაძის მიერ მოწოდებულ ფოტოებზე ჩანს, სააცხოვრებელი სახლი ამ დროისთვის დაუსრულებელია. აგებულია მხოლოდ სახლის საძირკველი, ამოყვანილია  ბამბუკის ოთხი კედელი და გადახურულია.

„თამაზ ლომიძემ მთლიანობაში 16 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ მაინც ამბობდა, რომ ეს ფული საკმარისი არ იყო. სახლი დაუსრულებულ მდგომარეობაში დატოვა და ბათუმში წავიდა. ის იქ ცხოვრობს“, -გვეუბნება მერაბ კახაძის ბიძა, ნოდარ კახაძე.

თამაზ ლომიძის მხრიდან გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხის მიღებას ადასტურებს სოფლის მცხოვრები გურამ კახაძეც, რომელიც იმ დროს სოფლის გამგებელი იყო.

„ჩვენ მოვთხოვეთ ლომიძეს ხარჯთაღრიცხვა, აქვს რაღაც თანხები ჩამოწერილი, მაგრამ ნამდვილად დაიხარჯა თუ არა ეს თანხები და შეესაბამება თუ არა ეს ხარჯი რეალობას, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, რადგან ყველა შესყიდვას თავისი დოკუმენტი აქვს“, – ამბობს გურამ კახაძე.

ნოდარ კახაძე კი ირწმუნება, რომ თამაზ ლომიძეს ოთხი „ჯეშტისა და ბამბუკის მასალის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მიუტანია“.

„სახურავი გამგეობამ მისცა ოჯახს, ხის მასალა რაც გამოვიყენეთ, კლარამ თავის სახელზე გამოიტანა ტყიდან ბილეთით. 14 ყუთი ლურსმანი აქვს მაღაზიიდან გამოტანილი და ისიც კლარას სახელზე ნისიად. არ ვიცით, სად დაიხარჯა 16 ათასი ლარი“, – გვეუბნება ნოდარ კახაძე.

სახლი, სადაც ამჟამად კლარა კახაძე და მისი ორი შვილი ცხოვრობენ

თანხის მიზნობრიობაში ეჭვი შეაქვს კლარა კახაძესაც. „ბამბუკის მასალა მოიტანა, რომელიც დატყდა, უვარგისია“, – გვეუბნება ის.

უთანხმოების გაჩენის შემდეგ, ხულოს გამგეობა თამაზ ლომიძეს წერილობით ავალდებულებს, რომ მიტოვებული მშენებლობა დაასრულოს და სახლში საცხოვრებელი პირობები შექმნას.

„დაევალოს თამაზ ლომიძეს სახლის დასრულება, მასში საცხოვრებელი პირობების შექმნა, კერძოდ, კედლების შიგა მხარე მოწყობილი უნდა იყოს სადარბაზოში ბამბუკისგან, საძინებლის შიდა მხარე თაბაშირ-მუყაოს ფილებისგან, ასევე შესაცვლელია იატაკის რამდენიმე ფიცარი, მოსაწყობია ჭერი, ფანჯრები ჩაისმება და მოპირკეთდება ბამბუკისგან, ასევე, კარების ერთი მხარე იქნება ხეში ჩასმული, მეორე მხარე ჩასმული იქნება ბამბუკებში“, – წერია საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ პასუხისმგებელ პირს დაევალება „დაპირისპირებული მხარეები გაარიდოს სამშენებლო ობიექტს. მშენებლობის დასრულების ვადად კი განისაზღვროს 2016 წლის 15 ოქტომბერი“.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, თამაზ ლომიძეს კახაძეების სახლი მაინც არ დაუსრულებია.

„არ მომცეს ამის საშუალება, რადგან ოჯახი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა ბამბუკის სახლი. გარდა ამისა, მშენებლობაში ხელს მიშლიდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები – გურამ კახაძე, როინ პაქსაძე და ზვიად ძირკვაძე. მე სხვა პარტიიდან ვიყავი არჩევნებზე კანდიდატი და არ უნდოდათ, რომ ჩემი პროექტი დასრულებულიყო. ჩემი იმიჯის შელახვა უნდოდათ“, – ამბობს თამაზ ლომიძე.

მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებმა დაარწმუნეს კახაძეები, რომ ბამბუკის სახლზე უარი ეთქვათ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სახლის მშენებლობის პროექტი და კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაჯდებოდა სახლის მშენებლობა, თამაზ ლომიძე ამბობს, რომ – არა.

„სოფელში არც ერთ სახლს არ აქვს პროექტი. მე გამომგონებელი ვარ, ეს პროექტი ევროპული დონისაა და გადავწყვიტე, რომ ჩემი იდეა განმეხორციელებინა“, – გვეუბნება ის. თუ რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით საკუთარი პროექტის განხორციელება, – თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ის საკრებულოს წევრი იყო და შესაძლებლობა მიეცა, თანასოფლელს დახმარებოდა.

თამაზ ლომიძე ვერც იმას ასახელებს, რა ჯდება ფინანსურად მისი გამოგონების განხორციელება.

თუკი არ იცოდით, რამდენი ლარი იყო საჭირო პროექტის დასრულებისთვის, რატომ აიღეთ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა? – ვეკითხებით მას.

თამაზ ლომიძე კონკრეტული პასუხის ნაცვლად საუბარს ბამბუკის სახლის ტექნოლოგიურ მნიშვნელობაზე აგრძელებს.

„ბათუმელებმა“ თამაზ ლომიძეს სხვა კითხვებიც დაუსვა. მაგალითად, ის, თუ როგორ მიიღო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის თანხმობა სახლის მშენებლობაზე. რაზეც მან გვიპასუხა, რომ „ეს თანხმობა საკრებულოში  იმიტომ გააკეთებინეს, რომ პირობები არ შეეცვალათ“.

როგორც თამაზ ლომიძე ამბობს, ამ შენობის ასაგებად 16 ათასი ლარი დაიხარჯა

კახაძეები აცხადებენ, რომ როცა მათ თამაზ ლომიძესთან სახლის დასრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, სოფელმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

„შევიკრიბეთ. ამ შეხვედრას ესწრებოდა სოფლის იმამიც და შევთანხმდით, რომ თამაზ ლომიძე უკან დააბრუნებს სოფლის მიერ გადახდილ ფულს, 4 ათას ლარს. ამას დავუმატებთ 6 ათას ლარს, რომელიც სოფელში შეიკრიბა და კლარას და მის ბავშვებს სხვა სახლს ვუყიდით. თამაზ ლომიძე კი თავის სანახევროდ აშენებულ სახლს წაიღებს“, – ამბობს ნოდარ კახაძე.

სოფლის კრების გადაწყვეტილება ცნობილია თამაზ ლომიძისთვისაც. ის ამბობს, რომ თანახმაა, უკან დააბრუნოს სოფლის მიერ შეკრებილი და მისთვის გადაცემული 4 ათასი ლარი, ხოლო სანახევროდ აშენებული ბამბუკის სახლი  ბეღლეთიდან წამოიღოს.

„სად წავიღებ და სახლში, ბორბლებზე დგას“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – აქვს თუ არა უფლება ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით აშენებული ნაგებობა წაიღოს, რომელიც მას არ ეკუთვნის? – თამაზ ლომიძე ამბობს: „ჩემი კი არ იქნება, როგორც უნიკალურ გამოგონებას, ისე დავდგამ. მე დავასრულებ ამ სახლს და ყველა ნახავს. თუ არ დავასრულებ, მაშინ უკან დავუბრუნებ ფულს გამგეობას.“

ბამბუკის სახლის დასრულება-არდასრულების დავაში სამი წელი გავიდა. მერაბ კახაძე გარდაიცვალა. მისი მცირეწლოვანი შვილები და მეუღლე კი ისევ ავარიულ, ძველ სახლში აგრძელებენ ცხოვრებას.

ხულოს საკრებულოში, „ავარიული სახლების მქონე, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის“ ხელმძღვანელი ნარგიზ დეკანაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ გამგეობისგან გამოყოფილი ათი ათასი ლარი პასუხისმგებელმა პირმა, (მერაბ კახაძის მეურვემ) თამაზ ართმელაძემ მიიღო. „რადგან კახაძე იყო შშმ პირი“, – გვეუბნება ის.

ნარგიზ დეკანაძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ კახაძეებმა სახლის სახურავი გამგეობის სხვა პროგრამიდან მიიღეს და ის არ შედიოდა ათი ათას ლარში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: