მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერია ზღვასთან ახლოს ნაკვეთის გაყიდვას გეგმავს, მსურველი ცნობილია

08.05.2018 • 2923
ქობულეთის მერია ზღვასთან ახლოს ნაკვეთის გაყიდვას გეგმავს, მსურველი ცნობილია

ქობულეთის მერია რუთაველის ქუჩაზე, #264-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, 1100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს, რომელსაც, სავარაუდოდ, გიორგი ბაჟუნაიშვილი იყიდის. ის ამ ნაკვეთზე საოჯახო სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

მერიამ ნაკვეთის აუქციონზე გატანა სწორედ გიორგი ბაჟუნაიშვილის თხოვნით გადაწყვიტა: განკარგულების პროექტს, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ახლავს მისი განცხადება, სადაც გიორგი ბაჟუნაიშვილი მერიას ნაკვეთის აუქციონზე გატანას სთხოვს. განცხადებას თან ერთვის შენობის პროექტის ესკიზიც, რომელიც მიწის ნაკვეთის შესყიდვის მსურველს წინასწარ მოუმზადებია.

თუმცა, ეს აუქციონი ღიად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია და ვინც მეტს გადაიხდის, მიწის ნაკვეთიც მას დარჩება.

კანონით მერიას უფლებას აქვს, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე საინვესტიციო ქონება აუქციონზე გაიტანოს. თუმცა მერია ასევე ვალდებულია შექმნას კონკურენციის პირობები, რაც ქონების ადეკვატურ ფასად გასხვისებას და ბიუჯეტში მეტ შენატანს გულისხმობს.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, როგორც აჭარის მუნიციპალიტეტების, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებზე საპრივატიზებო საფასური, ძირითადად, ერთი ბიჯით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობს და კონკურენტული გარემო არ იქმნება.

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #264-ის მომიჯნავე ტერიტორიებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

გიორგი ბაჟუნაიშვილის შეთავაზებაზე ქობულეთის საკრებულოში 10 მაისს სხდომაზე იმსჯელებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: