ახალი ნავები და კაიაკები ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში

სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ექვს ერთადგილიან და ორ ორადგილიან კაიაკს/ბაიდარსა და სპორტულ კანოეს [3  – ერთადგილიანი და 1  – ორადგილიანი] ყიდულობს. სააგენტომ მათ ბაზაზე არსებული 7-8 ძველი ნავებიც შეაკეთა, ახალ ნავებს კი ორ თვეში მიიღებენ. ჯამში ბათუმის ცენტრალურ პარკში 12 ახალ ნავთან ერთად ოცამდე ნავი იქნება.

„მათგან ორი ნავი გათვლილია პარაოლიმპიელებისთვის (შშმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ და ემზადებიან შეჯიბრებებისთვის), დანარჩენი ნავები იქნება იმისთვის, რომ გაზაფხულიდან მოსწავლეების მიღება დაიწყოს ელინგმა,“ – ამბობს ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე.

სასპორტო ნავების, ნიჩბებისა და სხვა ინვენტარის შესანახად და შესაკეთებლად აგებული ხის ელინგი ზოოპარკის ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირედ განთავსდა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, ელინგში საშხაპეები და გასახდელებიც მზადაა. ვარჯიშები კი ბათუმის ცენტრალურ პარკში გაზაფხულიდან დაიწყება.

„ძველი ნავებიდან, რაც აღვადგინეთ, ზოგს სამუზეუმო ექსპონატის დანიშნულება ექნება. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტრადიცია იყო. ამ სპორტის კულტურა რომ გაგვაჩნია ბათუმში, ესეც გვინდა ჩანდეს. სანიჩბოსნო სპორტი ჩვენს ტბაზე იყო დიდი ხნის განმავლობაში, ძალიან კარგი სპორტსმენები გაიზარდნენ აქ და ეს ტრადიცია, 30-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, აუცილებლად გასაგრძელებელია,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისივე თქმით, ნავები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.

ჯერ არ არის ცნობილი, ფასიანი იქნება თუ არა  სანიჩბოსნო სპორტი ბათუმის ცენტრალურ პარკში:

„ეს ორი თვე გვაქვს, ახლა მიდის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ დავაფინანსოთ ეს სპორტი და შევეცადოთ, უარი ვთქვათ მოსწავლეებისგან თანხის აღებაზე, რამდენად გამოგვივა, შევხედავთ. მსჯელობაში ჩართულია განათლების მინისტრი და ქალაქის მერიც,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

 

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ნურიგელის ტბისთვის 30 ათას ლარად სპორტულ კანოეს და კაიაკებს შეიძენენ

ბათუმის მერი: რეორგანიზაციის შედეგად 101 ადამიანი მერიაში გათავისუფლებულად ითვლება

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიის სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგინა. ახალი მოდელის მიხედვით, მერიაში სამსახურები ერთიანდება – ათი სამსახურიდან რჩება მხოლოდ ცხრა.

სტრუქტურულ ცვლილებებამდე მერიაში სულ 217 საშტატო ერთეული იყო, ცვლილებების შემდეგ კი შტატების რაოდენობა 181-ზე ჩამოვიდა. აქამდე მერიაში ხელშეკრულებით 84 ადამიანი იყო დასაქმებული, ამის შემდეგ მხოლოდ 20 ადამიანი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული.

ლაშა კომახიძის თქმით, გაუქმებული სამსახურების უფროსები გათავისუფლებულად მიიჩნევიან. „თუმცა, მათი რესურსი გამოყენებული იქნება მერიაში“, – ამბობს ის.

ვინ იქნებიან ახალი სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები, როგორც ლაშა კომახიძე ამბობს, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ, როცა საკრებულო მერიის ახალი სტრუქტურული ცვლილებების გეგმას დაამტკიცებს.

სამსახურის ხელმძღვანელებს აღარ ეყოლებათ მოადგილეები. სამაგიეროდ გაიზარდა განყოფილებების რაოდენობა. ცვლილებების შედეგად გაუქმდა აიპი „ბათუმის კორპუსი“ და „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“, ასევე მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახური.

ცვლილებების შემდეგ ბათუმს მერს ერთი მოადგილე დაემატა. ვინ დაიკავებს ამ ადგილს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა როგორც ლაშა კომახიძე აცხადებს, ის მოადგილეს პროფესიული ნიშნით შეარჩევს. ამჟამად მერს ერთი მოადგილე და ერთი ვიცე-მერი ჰყავს.

მერიაში შეიქმნა ახალი – მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც სამი განყოფილებისგან შედგება. ზედამხედველობის სამსახური დაექვემდებარება მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს, რომელიც ოთხი განყოფილებისგან შედგება. ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის  სამსახურის დაქვემდებარებაში მოექცა ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება, საპროექტო და ნებართვებისა და სამშენებლო ნებართვების განყოფილება.

„ძირითადი აქცენტი გადადის იმაზე, რომ მერიას ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა ყველა მიმართულებით, ამიტომ ახალი – მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური დაკავებული იქნება იმის შესწავლით, თუ როგორ ხორციელდება მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმა“, -ამბობს კომახიძე.

ცვლილებები შეეხო მერის რწმუნებულებსაც. ეს სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა მუნიციპალური სერვისების სააგენტო. ახალი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რეორგანიზაციის შემდეგ 30 შტატზე თანამშრომლებს კონკურსით შეარჩევენ, კონკურსი ამ თანამდებობების დასაკავებლად კი მაისში გამოცხადდება.

რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მერიაში 101 ადამიანი გათავისუფლებულად ითვლება.

 

 

 

 

მინისტრის კომენტარი თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობაზე

რატომ არ განიხილა ნოემბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი? –  ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ ჯანადაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს დაუსვა.

თემურ გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გასულ წელს კურორტ გოდერძიზე მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სამი ექიმის [შპს „ემერჯენსი სერვისის“ ექიმი, ხათუნა გელაშვილი, შპს „უნიმედი აჭარას“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები: გიორგი კავთელაძე და მაია მამისაიშვილი] პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართა.

„ყველაზე ცოტა, მინიმალური ვადა, რაც სჭირდება სამინისტროს შესწავლისთვის, არის თვე-ნახევარი. ყოფილა რთული შემთხვევები, როდესაც ამას დასჭირვებია ორი წელი ან მეტი. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ უკვე ფინალიზაციისკენ და ვფიქრობთ, რომ უკვე ძალიან მალე სრული სურათი გვეცოდინება,“ – გვიპასუხა დავით სერგეენკომ. მას ვუთხარით, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა ამ შემთხვევაში უკვე არსებობს.

დავით სერგეენკო: „სამედიცინო რეგულირების სააგენტო არის ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილი. როცა ჯანდაცვის მინისტრი გაძლევთ პასუხს, ის მოიცავს რეგულირების სააგენტოს ეტაპს.  მათ სრულად შეისწავლეს საკითხი, რაც მოიცავდა სამედიცინო დოკუმენტაციის დეტალურ შესწავლას და ყველა იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც მონაწილეობდა ამ პაციენტის მართვაში, დაწვრილებით გამოკითხვაში, ასევე ამ გამოკითხვის დაოქმებაში. ამის შემდეგი ეტაპია ის, რომ პროფესიული ასოციაციები განიხილავენ საკითხს ამ დოკუმენტაციის საფუძველზე და უკვე ვსხდებით ერთად პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ და გამოგვაქვს უკვე გადაწყვეტილება.“

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება; რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთი], მისი გახსნა ივნისის თვეშია დაგეგმილი – ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

„ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის თვეში უნდა გაიხსნას, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისთვის კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა მარტის ბოლოს ან აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს. ამ პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს ჩქაროსნული მაგისტრალი მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო კომპენსაციების გაცემა დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დარჩენილია 3 ოჯახი, რომლებსაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პრობლემა აქვთ.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი კვლავ არ არის. „ვმუშაობთ. წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ვარიანტი, შეირჩევა მარშრუტი და დავაპროექტებთ გზას“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა კი ორ ეტაპად [ლოტად] მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი, 13,7 კმ გზის მშენებლობა, 2014 წელს დასრულდა და მასზე ავტომანქანები უკვე მოძრაობენ [გვარა-შეკვეთილის მონაკვეთი], ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები [გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი] ახლაც მიმდინარეობს. ამ მონაკვეთის სიგრძე 18,9 კმ-ია და მისი გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.

ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ, ბოლო ინფორმაციით, 2018 წლის ივნისიდან, ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს, ქობულეთსა და ჩოლოქს.

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შეამოწმე, როგორ გესმის აჭარული დიალექტი [ტესტი]

გესმის აჭარული დიალექტი? შეავსე ტესტი და გაიგე, რომელი სიტყვა იცი და რომელი არა, შეიძლება ბევრი სიტყვა არ იცოდე ზუსტად, მაგრამ ჟღერადობამ მნიშვნელობა გამოგაცნობინოს, დაიწყე! 

მთავარ ფოტოზე: შოთა გუჯაბიძის ფოტო, გომარდული

ჯანდაცვის მინისტრის საყვედურები კლინიკებს და სოფლის ექიმის შეკითხვა მინისტრს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დღეს, 2 მარტს, ბათუმში ექიმთა საზოგადოებასთან შეხვედრის დროს რამდენიმე საყვედური გააჟღერა. მინისტრმა კლინიკებს უსაყვედურა.

მინისტრის თქმით, კერძო კლინიკების ნაწილი ცუდად ან არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ბენეფიციარებს. „არის ინფორმაცია, რომ ხანდახან ითხოვენ თანხასაც ექიმები… არსებობს ასევე ხშირი პრეტენზია, რომ სამინისტროს სამი თვეა არ ჩამოურიცხავს ფული და რა ვქნათო. ყველა ამ შემთხვევაში, როცა თანხა არ არის ჩარიცხული, ეს უკავშირდება თქვენგან, ანუ კლინიკებიდან მიღებულ არასრულ ანგარიშს და ჩვენ მას ყოველთვის უკან ვაბრუნებთ დასაზუსტებლად,“ – თქვა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა კერძო სამედიცინო სექტორზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და საუკეთესო მაგალითად თურქეთი დაასახელა. კერძო ჰოსპიტლებზე საუბრის დროს მინისტრმა ჯარიმები ახსენა. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო დავები კერძო კლინიკებთან დაახლოებით 10 მილიონ ლარზე აქვს.  „დაჯარიმებულ კლინიკებთან ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“- აღნიშნა მინისტრმა.

სამედიცინო სექტორთან შეხვედრის დროს სულ ორი შეკითხვა დაისვა. ერთი შეკითხვა სოფლის ექიმმა დასვა, მან სოფლის ექიმებისთვის ფასიანი შვებულება ითხოვა. დავით სერგეენკომ განმარტა, რომ შვებულებით ის ისარგებლებს, ვისაც შეთავსებული არ აქვს სოფლის ექიმობა. ექიმს კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მინისტრმა მას მიანიშნა, რომ სხვა ექიმისთვის უნდა მოესმინა.

მეორე შეკითხვა მინისტრს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დაუსვეს. ექიმმა გიორგი დიასამიძემ იკითხა, ხომ არ მიღებულა რამე გადაწყვეტილება, ან საუბარი ხომ არ ყოფილა ამ საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე.

„არათუ საუბარი ყოფილა, არამედ ვიყავი ამ ობიექტზე და მოვინახულე სამუშაოები…“ – თქვა მინისტრმა. დავით სერგეენკომ შეხვედრაზე თქვა, რომ მუშავდება განვითარების სტრატეგია უშუალოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და მას უახლოეს პერიოდში გაეცნობა საზოგადოება.

მინისტრმა ექიმებით სავსე დარბაზი ისე დატოვა, რომ არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა დარბაზში ვინმეს სხვა შეკითხვა.

რა საკითხთან დაკავშირებით მზადდება სტრატეგია და შესაძლოა თუ არა საავადმყოფოს ან მისი მართვის უფლება გასხვისდეს? – ამ კითხვის დასმა მინისტრისთვის „ბათუმელებს“ შეხვედრის შემდეგ სურდა, თუმცა სერგეენკომ შეკითხვა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე უპასუხოდ დატოვა.

ბათუმში სამარშრუტო ხაზებისა და მიკროავტობუსების შემცირება იგეგმება

ბათუმის მერმა თავისი მუშაობის ასდღიანი ანგარიშის წარდგენის დროს ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძის თქმით, ქალაქში მოძრაობის ნაკადის დარეგულირება და სამარშრუტო ხაზების სწორად გამართვა არის ახალი სატრანსპორტო სტრატეგიის ნაწილი. რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია და შემცირდება თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა ქუჩებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე საუბრობს.

ბატონო ემზარ, რა იგულისხმება სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციაში?

ოპტიმიზაცია გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი იქნება რომელიმე სამარშრუტო ხაზის გაუქმება. ძირითადად, საუბარია დუბლირებულ ხაზებზე.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ეს ხაზები?

ჯერ არ ვიცით, რომელი გაუქმდება, რადგან ვმუშაობთ ამ საკითხზე და მხოლოდ დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რა არის გასაუქმებელი და რა – არა.

შევეცდებით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები, რომ ყოველ 300 მეტრში მოძრაობდეს მუნიციპალური ავტობუსი.

ითქვა, რომ უნდა განიტვირთოს ცენტრალური ქუჩები. რომელი ქუჩების განტვირთვაზეა საუბარი?

ყველა ქუჩას ეხება. იქნება ეს თავდადებულის, ასათიანის თუ სხვა ქუჩები, ავტომანქანების ნაკადი ყველგან გადანაწილდება. ახლა ვმუშაობთ სქემაზე და შემდეგ უფრო დეტალურად გეტყვით, სად და როგორ იქნება. ზოგ ქუჩაზე ავტობუსი იმოძრავებს, ზოგან – „მარშრუტკა“.

ითქვა, რომ სოფლებიდან შემომავალი მიკროავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩაზე აღარ იმოძრავებენ. სად იმოძრავებენ ისინი?

ყველა გადავა ბაგრატიონის ქუჩაზე.

ბაგრატიონის ქუჩაზე გადიან საერთაშორისო მაგისტრალზე მოძრავი ტრაილერები. სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსებიც თუ აქ იმოძრავებენ, ეს არ გამოიწვევს ამ ქუჩის გადატვირთვას?

არ მოხდება გადატვირთვა და თუ მოხდა, მამია ვარშანიძის ქუჩის ან სხვა ქუჩების განხილვაც მოხდება, რომ მოძრაობა გადანაწილდეს.

ოპტიმიზაცია გულისხმობს ქალაქში მიკროავტობუსების შემცირებასაც, რამდენი ერთეულით შემცირებაზეა საუბარი?

საქალაქთაშორისო და რეგიონული „მარშრუტკების“ რაოდენობას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ, მაგრამ შეგვიძლია განვსაზღვროთ ქალაქის სამარშრუტო ქსელში რამდენმა ავტობუსმა და მიკროავტობუსმა უნდა იმოძრაოს. ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გვაქვს დადგენილი.

იყო საუბარი იმაზეც, რომ სოფლიდან შემომავალი მიკროავტობუსები ცენტრალურ ავტოსადგურში ვეღარ გაჩერდებიან და ბონის დასახლებაში, ახალ ავტოსადგურში უნდა გაჩერდნენ. ეს შეზღუდვა ნამდვილად იგეგმება?

ჩვენ ვერ მივუთითებთ „მარშრუტკებს“, თუ რომელ ავტოსადგურში გაჩერდნენ. ქალაქში სამი მოქმედი ავტოსადგურია და თვითონ გადაწყვეტენ, სად გაჩერდნენ. თუმცა, ყველა მიკროავტობუსი, რომლებიც მუნიციპალიტეტებიდან შემოდიან, ვალდებული იქნებიან ბაგრატიონის ქუჩიდან სადგურში შევიდნენ და ქუჩებში ან ბაზრის ტერიტორიაზე ვერ გაჩერდებიან.

დაახლოებით როდის გექნებათ დაზუსტებული სქემა?

ალბათ ათ დღეში. ამის შემდეგ უფრო დეტალურად გვეცოდინება, რამდენი სამარშრუტო ხაზი და მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში.

 

ახალი ნერგები ივანიშვილისთვის ამოთხრილი ტიტას ადგილას 

აჭარაში, სადაც ათობით ხე ამოთხარეს, ამ დროისთვის მხოლოდ ხუთ ადგილზეა შეთანხმებული პროექტი, რომლითაც ციხისძირში ამ ადგილების რეკულტივაცია უნდა განხორციელდეს. ზღვისპირა ტერიტორიებიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ბაღში, ხეების გადატანა ორი წლის წინ დაიწყო. აჭარაში ხეების ამოთხრა-გადატანის პროცესი ისევ გრძელდება.

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

„ურეკი რეზიდენსს“ აჭარიდან ხის გადატანაზე რამდენიმე კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ხელშეკრულებებით კომპანიებს ევალებათ „ტერიტორიის აღდგენის სამუშაოს შესრულებაც“.

სპეციალისტების თქმით,  ტერიტორიებს, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ამოთხარეს, აუცილებლად სჭირდება რეკულტივაცია, ვინაიდან ნიადაგის ნაყოფიერი ფენა [ჰუმუსი] აქ მოჭრილია – ნაწილი მიყვება ხეს, ნაწილი კი სამუშაოების დროს ნადგურდება.

ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც ხეები გადააქვს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებობს რეკულტივაციის გეგმა, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ამ გეგმის მიხედვით უნდა შესრულდეს სამუშაოები. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ასეთი გეგმა არსებობს ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით და არა ყველა იმ ადგილთან მიმართებაში, სადაც გიგანტური ხეები ამოთხარეს.

ბევრი ადგილი აჭარის ზღვისპირა ტერიტორიაზე, საიდანაც ხეები ამოთხარეს, თუ თხრიან, აჭარისა და საქართველოს მთავრობებმა გადასცეს კერძო კომპანიებს [მათ შორის ბიძინა ივანიშვილის კომპანიასაც] – ინვესტიციების განხორციელების პირობით.

„სადაც სასტუმრო, თუ აპარტოტელი უნდა აშენდეს, იმ ადგილზე ხეები ამოვთხარეთ, მაგრამ რეკულტივაცია არ იგეგმება. მაგ ადგილების აღდგენას აზრი არ აქვს. პირიქით, ხის ამოთხრით, გარკვეული სამუშაოც კი შესრულდა შენობის საძირკვლის მომზადებისთვის“, – გვითხრეს ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც ხეები გადააქვს. – „რაც შეეხება აღდგენას, ხდება ორმოების ამოვსება, მოსწორება, მოეწყობა მწვანე საფარი, ხე-მცენარეები დაირგვება, ასევე გზების, ზოგან გარე განათების მოწყობა“.

რა რეკულტივაციის გეგმის შესახებ საუბრობენ კომპანიები? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა.

„კომპანიებს, რომელთაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში განახორციელეს სამუშაოები, ვალდებულება აქვთ, ამ ტერიტორიაზე ჩაატარონ რეკულტივაცია. რეკულტივაცია მოიცავს ორ ეტაპს: ტექნიკურსა და ბიოლოგიურს. სხვადასხვა კონტრაქტორ კომპანიას ხუთ უბანზე ​უკვე აქვს შეთანხმებული სამინისტროსთან რეკულტივაციის პროექტი, ამ უბნებზე ტექნიკური რეკულტივაცია უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის აპრილამდე, რის შემდგომაც დაიწყება ბიოლოგიური რეკულტივაციის ეტაპი. ასევე, კომპანიებს აქვთ აღებული ვალდებულება, რეკულტივაციის სრული ციკლისა და მომდევნო ორი წლის მანძილზე განახორციელონ მონიტორინგი“, – მოგვწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

ასე გამოიყურება ერთ-ერთი ადგილი ციხისძირში, სადაც მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს
რას ნიშნავს რეკულტივაცია?

საქართველოს კანონმდებლობით, რეკულტივაცია მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსურ სამუშაოებს გულისხმობს, შესაბამისი კვლევებითა და დასკვნებით და არა მხოლოდ ორმოს ამოვსებას თუ იქ ახალი მცენარის დარგვას. თუ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოხსნილია, მისი აღდგენის გარეშე იქ ნერგის დარგვას აზრი არ აქვს – მცენარე არ გაიხარებს.

„ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, „ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებითა და ინიციატივით“.

„ამ რეგლამენტის მიხედვით, კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში, აღვადგენ თუ არა ნიადაგს, ჩემი, მესაკუთრის კეთილი ნებაა. ეს ჩანაწერი მთლიანად აზრს უკარგავს ამ კანონს, თუკი ის ვრცელდება კერძო ტერიტორიებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს, ასეთ შემთხვევაში, თუ არ ხდება რეკულტივაცია, შეიძლება ვისაუბროთ კანონის დარღვევაზეც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რეზო გეთიაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ [CENN] გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი.

აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას ივანიშვილს დენდროპარკისთვის რამდენიმე ხე მიჰყიდა. მყიდველთან ხელშეკრულება რეკულტივაციაზე არ გაუფორმებია. იგივე გააკეთა საქართველოს მთავრობამაც, როცა ხეები აუქციონზე გაყიდა, მაგრამ მყიდველს ხის ამოთხრის ადგილის რეკულტივაციის ვალდებულება პირობებში არ ჩაუდო.

ადგილი საიდანაც ხე ამოიღეს ციხისძირში / 2.03.2018 / ფოტო: ენმ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ ხის ამოღების ადგილები აღდგება. თუმცა, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები.

ციხისძირში, პირველი ტიტას ხე კომპანია „ზიმომ“ ამოთხარა და გადაიტანა შეკვეთილში. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ აქვთ ხის ამოღების ადგილის აღდგენის ვალდებულება და მუშაობენ ამ მიმართულებით.

ადგილი, სადაც ტიტას ხე ამოიღეს ციხისძირში / 2.03.2018 / ფოტო: ენმ

„მაგალითად, პირველი ხის გადატანა როცა მოხდა, იქ იყო ხელშეკრულებაში – ერთი კეთილი ნების გამოხატვა და მეორე, იმ ადგილს, სადაც ხე ამოვიღეთ, უნდა დავუბრუნოთ პირვანდელი სახე – მწვანე საფარი უნდა მოვაწყოთ და ხეები უნდა დავრგათ. რელიეფიც აღდგება ისე, როგორც იყო. ამასთან, მაგ ადგილის მიმდებარედ სკვერი მოეწყო, სკამებით, ბილიკებით, რა გზაც გავიარეთ ხის გადატანისთვის, მოვაასფალტეთ… საპატრიარქოს წინ [ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია ბობოყვათში-ავტ.] 100-მდე ხე დაირგო. იტალიიდან ჩამოტანილი ნერგები, ზოგი მოერგო აქაურ ჰავას, ზოგი არა და იმათ ვცვლით ადგილობრივი ხეებით“, – გვითხრეს კომპანია „ზიმოში“.

კომპანიის მიერ მოწყობილი პარკი ციხისძირში / ფოტო: „ზიმო“
კომპანიის მიერ მოწყობილი პარკი ციხისძირში / ფოტო: „ზიმო“

ტიტას ამოღების ადგილის მიმდებარედ, დღეს, 2 მარტს, ხის ნერგები დარგეს ქობულეთის საკრებულოს წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ციხისძირში/ბუკნარში / 2.03.2018 / ფოტო: ენმ

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მრავალწლოვანი ტიტას ხე, რომელიც პირველად გაიტანეს, გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა 2017 წლის აპრილში, შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს.

ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში აჭარიდან ათობით ძირი მრავალწლოვანი ხე გაიტანეს და გააქვთ: ქობულეთიდან, ცეცხლაურიდან, კვირიკედან, ზენითიდან, ხუცუბნიდან, გელაურადან, გვარადან, ბობოყვათიდან [ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია], ციხისძირიდან [აქ ხეები ამოთხარეს 10 ადგილზე], ბუკნარიდან, ჩაქვიდან, მწვანე კონცხიდან, მახინჯაურიდან, ბათუმიდან.

ხეები მილიარდერის პარკში გადააქვთ სხვა რეგიონებიდანაც.

მთავარი ფოტო: ტიტას ხე შეკვეთილთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ბათუმის ცენტრალურ პარკში წავი დაბრუნდა

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ტბასთან, წავი დააფიქსირეს. ფოტო და ვიდეომასალას ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე ავრცელებს. მისივე თქმით, ეს ქვესახეობა ნურის ტბაში  გასული საუკუნის 30-იან წლების შემდეგ არავის უნახავს.

სპეციალისტების შეფასებით, ეს ევრაზიული წავია. “Lutra lutra meridionalis (Ognev, 1931) – Lutra lutra Linnaeus, 1758, ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია, მით უმეტეს იმის გათვალისიწნებით, რომ ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აუცილებელია შემდგომში დაკვირვება და რაც მთავარია, დაცვა” – წერს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იხტიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.

რამ შეჭამა თხილი?!

თხილი, როგორც საექსპორტო საქონელი

53%-იანი კლების მიუხედავად, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო საქონელში თხილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოზიციას. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 82 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი საექსპორტო მაჩვენებლის 3%-ია.

მიუხედავად მნიშვნელობისა, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში თხილის ოდენობა იკლებს. თუკი 2015 წელს 19 ტონამდე თხილი იქნა წარმოებული, შემდეგ წელს მოსავალი, თითქმის, 3 ტონით შემცირდა. ჯერ უცნობია 2017 წლის მონაცემები, თუმცა ვარაუდობენ, რომ  თხილის რაოდენობამ, გასულ წელს მნიშვნელოვნად იკლო.

რამ შეჭამა თხილი?

აზიური ფაროსანა – ასე ჰქვია ბაღლინჯოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში  2015 წელს გამოჩნდა და რომლის მავნებლობასაც უკავშირებენ ფერმერები მოსავლის განადგურებას. თხილის გარდა, აზიური ფაროსანა სხვადასხვა კურკოვანი და თესლოვანი კულტურით იკვებება, აზიანებს ციტრუსსა და  ბოსტნეულს.

,,თხილის გაფუჭების ერთადერთი მიზეზი აზიური ფაროსანაა. დაავადებები ჩვენთან გავრცელებული არ არის“, – ამტკიცებს სოფელ შრომაში მცხოვრები ოთარ გოგოძე. ამბობს, რომ თანასოფლელების უმრავლესობის მსგავსად, შარშან იგი შემოსავლის ძირითადი წყაროს, თხილის გარეშე დარჩა.

სოფლის მეურნეობის უწყებაში მიიჩნევენ, რომ მოსავლის გაფუჭება აზიურ ფაროსანას უბრალოდ ,,დაბრალდა“. სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ კალანდაძე ამბსობს, რომ მავნებლის წილი კულტურის დაზიანებაში მაქსიმუმ 10%-ია და თხილის გაფუჭების მიზეზი ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებთან ერთად, არასწორი აგროტექნოლოგიური სამუშაოები გახდა.

ოთარ გოგოძე ამბობს, რომ თხილი ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამლა, თუმცა დაზიანებისგან მაინც ვერ გადაარჩინა.

მოსავალი დანაკარგის გარეშე

ოთარ გოგოძისგან  განსხვავებით,  მოსავლის, თითქმის, სრულად აღება მოახერხა მერაბ ნადარაიამ. თხილი კომპლექსურად – სოკოვანი დაავადებებისა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლა. პროცესი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ მარტიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით, ღონისძიებას ყოველთვიურად აწარმოებდა. რაც შეეხება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობას, ფერმერმა თხილის პლანტაცია ორჯერ – ივნისსა და ივლისში შეწამლა.

აგროტექნიკური სამუშაოების სრული ციკლის დაცვზე საუბრობენ სოფლის მეურნეობის უწყებაშიც. თენგიზ კალანდაძის თქმით,  მცენარეების მოვლის კულტურა მოსავლის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

როდის შევწამლოთ თხილი

სწორი აგროტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარება თხილის კულტურაში მარტის დასაწყისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს ხდება სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლის გავრცელება, შესაბამისად, ნაყოფის ჯერ კიდევ ყვავილობისას დაზიანება. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევების დეპარტამენტის უფროსი  ზურაბ ხიდაშელი ამბობს, რომ პირველი შესხურება თხილის გულის სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიული-სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ – სპილენძისშემცველი პრეპარატებით უნდა მოხდეს.  მეორე შეწამვლა თხილნარში კვირტის გახსნისას ხდება, თუმცა აქ უკვე კომბინირებულ წამლობასთან გვაქვს საქმე, სპილენძის შემცველ პრეპარატებს ინსექტიციდები ემატება. ეს კი იმ შემთხვევაშიი, თუ თხილის ტკიპის გავრცელების ალბათობა 5%-ზე მეტია.

როდის ვწამლავთ კულტურას აზიური ფაროსანასაგან დასაცავად?

მესამე წამლობა თხილის ნაყოფის ფორმირების პერიოდში ხდება – მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისი. აქ პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, ტემპერატურასა და შესაბამისად, აზიური ფაროსანას აქტიურობაზეა დამოკიდებული.

დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ თხილის კულტურის დაცვა ხშირად იმიტომ ჭირს, რომ ფერმერები შეწამვლის ღონსძიებების განრიგს არ იცავენ. ხიდაშელი აღნიშნავს, რომ  ბუკლეტი თხილის შესაწამვლ პერიოდებში მოსახლეობას უკვე დაურიგდა და ფერმერებს აგროვადების მიხედვით მოქმედებას სთხოვს.

პირველი წამლობის დროა

აგროკალენდრის მიხედვით, პირველი შეწამვლისთვის ემზადება მერაბ ნადარაია.

,,გასულ წელს მოსავალი სწორი შეწამვლებით შევინარჩუნე. მეზობლებსაც ვურჩევდი, მაგრამ ძველი, შეჩვეული მეთოდებით ამჯობინეს მოქმედება… ფიქრობენ, რომ თხილს მოვლა არ სჭირდება. ზოგმა ფაროსანას წინააღმდეგ  კი შეწამლა, მაგრამ სოკოზე აღარ“, – გვიყვება ფერმერი.

2017 წელს ნადარიამ 50 ჰექტარზე 45 ტონა თხილის მოსავალი აიღო.

თხილის კულტურა დასავლეთ საქართველოშია პოპულარული, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. საქსტატის 2016 წლის მონაცემებით, შესაბამისად აქ 15.3; 7.2 და 3,4 ათასი ტონა თხილი მიიღეს.

სტატია მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ეკატერინე მამამთავრიშვილი

ზღვის ძუძუმწოვრის ნაპირზე გამორიყვის მორიგი შემთხვევა ბათუმში

დღეს, 2 მარტს, ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა. ფოტოებს გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. ფოტოზე მკვდარი ზღვის ღორი, Phocoena phocoena-ა.

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, ზღვის ძუძუმწოვრის  დაღუპვის მიზეზი სავარაუდოდ ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორია, რაც დაბინძურებას ან დაავადებას გულისხმობს.

ეს წელს ზღვის ძუძუმწოვრის ნაპირზე გამორიყვის მეშვიდე შემთხვევაა.

ორი დღის წინ, ბათუმის სიახლოვეს ზღვაში, ნავიგაციური ტრავმით დაღუპული თეთრგვერდა დელფინი იპოვეს.

წელს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ზღვის ძუძუმწოვრის ნაპირზე გამორიყვის კიდევ ერთი შემთხვევა

ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ 40 წლამდე ექიმებს, წითელაზე აიცრან

„მოვუწოდებ განსაკუთრებით 40 წლამდე ექიმებს, აიცრან წითელაზე,”-  განaცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს ბათუმში, ექიმებთან შეხვედრის დროს.

ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას გავრცელება ამჯერად სამედიცინო მუშაკებიდან დაიწყო, რადგან „40 წლამდე ადამიანების დიდი ნაწილი და მათ შორის ექიმები, წითელაზე აცრილი არ არის”.

რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ ექიმებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მათ შედარებით მყარი იმუნიტეტი აქვთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ექიმებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მედიკამენტი, რითაც კეთდება ვაქცინა წითელაზე, სანდოა და რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„გთხოვთ, მოგვეხმაროთ ამ საკითხში. ექიმთა საზოგადოება ამ პროცესში უნდა იყოს სამაგალითო, პირველ რიგში,”- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღევანდელ შეხვედრას ექიმთა საზოგადოებასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც ესწრება. შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

 

თბილისის მოედანზე პარკირება შესაძლოა ფასიანი გახდეს

ბათუმში, თბილისის მოედანზე, უკვე დგას შლაგბაუმი. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ თქვეს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ელიან და ამის შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა ფასიანი პარკირება თბილისის მოედანზე. „ავტოტრანსპორტში“ ამ გადაწყვეტილებას მოედანზე ინფრასტრუქტურისა და მოძრაობის მოწესრიგების აუცილებლობით ხსნიან:

„მოედანზე პარკირების სისტემა უნდა მოწესრიგდეს, მანქანები გვერდს ვერ უვლიდნენ ამ ადგილას ერთმანეთს, ჩახერგილი იყო ტროტუარიც.

ველოდებით საკრებულოს გადაწყვეტილებას და გადაწყდება, როგორი პარკირება მოეწყობა, გადახდის ბარათით იქნება თუ როგორ.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოედანზე უშვებენ მხოლოდ მსუბუქ მანქანებს. არ უშვებენ თბილისში მიმავალ მიკროავტობუსებს, ისინი აქ თვითნებურად იდგნენ და ვალდებულნი არიან, დაიწყონ მოძრაობა ავტოსადგურებისკენ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის განყოფილების უფროსმა, ბესიკ დათიაშვილმა.

თბილისის მოედანი. როინ გუნდაძის ფოტო
თბილისის მოედანი. როინ გუნდაძის ფოტო

რატომ დანიშნეს პარლამენტარის ცოლი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად – ინტერვიუ

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელად პირველ მარტს ციური აბულაძე დაინიშნა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტის წევრის,  ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა.

ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს დაასრულა. კრასნოიარსკის მხარეში გაიარა ინტერნატურა, მუშაობდა ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ იფექციონისტად. მოგვიანებით გაიარა კვალიფიკაცია ანესთეზიოლოგიის მიმართულებით და კრასნოიარსკის მხარეში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმ-ანესთეზიოლოგად.

ქალბატონო ციური, თქვენი გამოცდილების შესახებ რომ გვითხრათ,  აქამდე თუ გიმუშავიათ მენეჯერულ პოზიციებზე?

მენეჯერული გამოცდილება მქონდა მხოლოდ რუსეთში, როდესაც ვმუშაობდი ინფექციურ განყოფილებაში, განყოფილების გამგე ვიყავი.  მეტი მენეჯერული გამოცდილება, როგორც ასეთი, არ მქონია, მაგრამ ძალიან დიდი შეხება მქონდა. როდესაც შემომთავაზეს ეს თანამდებობა, ერთი-ორი თვე გავიდა მას შემდეგ, ძალიან დიდ ხანს ვამბობდი უარს და მერე იმიტომ დავთანხმდი, რომ თუკი რამე სარგებელი შემიძლია მოვუტანო სახელმწიფოს, კოლეგებს, პაციენტებს, ალბათ უნდა დავთანხმებულიყავი და ამიტომ გავაკეთე ასე.

ვისი რეკომენდაციით წარგადგინეს ახალ თანამდებობაზე, შემოთავაზება ვისგან მიიღეთ?

შემომთავაზა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის თავმჯდომარემ, ეს იყო ერთობლივი შემოთავაზება.

თქვენი ქმარი, ილია ნაკაშიძე, პარლამენტის წევრია, ამიტომ ჩნდება კითხვა, ხომ არ არის თქვენი დირექტორად დანიშვნა მის სტატუსთან დაკავშირებული, რას იტყვით ამაზე?

ამასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ თუ ოჯახში ვინმე არის თანამდებობის პირი, ამან არ უნდა გამოიწვიოს დისკრიმინაცია ოჯახის სხვა წევრის… მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დისკრიმინაციაა. სხვათა შორის, როდესაც მე უარს ვამბობდი აქ წამოსვლაზე და დირექტორობაზე, ჩემი მეუღლე პირიქით მეუბნებოდა. ვინც ილია ნაკაშიძეს იცნობს… მგონი თანამდებობა იმ დღიდან აქვს, როდესაც ის გახდა ექიმი და ექიმზე დიდი თანამდებობა ჩემს მეუღლეს არასოდეს ჰქონია, მე ასე ვიტყოდი.

თქვენი ქმრის 2017 წლის დეკლარაციაში თქვენი შემოსავლები არ არის ასახული, მუშაობდით ამ პერიოდში?

მე ვმუშაობდი ბათუმის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად, როდესაც ჩამოვედი რუსეთიდან, 1992 წლიდან ვმუშაობ ბათუმის სამშობიარო სახლში…

და რატომ არ არის შეტანილი თქვენი მეუღლის მიერ შევსებულ დეკლარაციაში თქვენი შემოსავლები?

იცით, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რატომ არ არის შეყვანილი, უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ყოველთვის იყო და 2017 წელს რატომ არ იყო, ვერ გიპასუხებთ.

ილია ნაკაშიძის 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული მისი მეუღლის შემოსავლები, თუმცა დეკლარაციიდან ჩანს, რომ ციური აბულაძე შპს პარაცელსის 11%-იანი წილის მფლობელია და რომ 2016 წელს ციური აბულაძემ 48 000 ევროს ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა mersedes GLC-250 შეიძინა.

ინფექციური საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯერ კიდევ არ  გახსნილა. შენობის ეს ნაწილი როდის გახდება პაციენტებისა და ექიმებისთვის ხელმისაწვდომი? 
მე მოვედი გუშინ, დავათვალიერეთ გარემონტებული შენობა, რაღაც-რაღაცები არის შესათანხმებელი რეგულირების სამსახურთან და არის რაღაც ხარვეზები, ჩემი თვალით დანახული, შეთანხმებული კლინიკურ მენეჯერთან – ის, რაც ინფექციურ საავადმყოფოს არ  შეესაბამება, რა თქმა უნდა, არის გამოსასწორებელი და გასაკეთებელი. ამიტომ გეგმიურად და გლობალურად უახლოეს ერთ-ორ თვეში გადმოვალთ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაც ხარვეზია, უნდა გამოსწორდეს. ისეთი დიდი არაფერია, მაგრამ წვრილმანები შესასწორებელია და ეს უნდა შევასწოროთ.

 

აქცია პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად

იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, გაკრვეული კატეგორიის ადამიანები პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მიიღებენ. აქცია პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

უფასოდ პირადობის მოწმობას მიიღებენ ის მოქალაქეები, ვისაც პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი და ამ დრომდე არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანი, ვისაც აქამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა.

უფასოდ პირადობის მოწმობას აიღებენ ისინიც, ვისაც პირველ მარტამდე გაუუქმდა მოწმობა, დაეკარგა, დაუზიანდა ან ვადა გაუვიდა. თუკი პირადობის მოწმობას პირველი მარტიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდში გაუდის ვადა, მაშინაც შეძლებთ აქციით სარგებლობას.

მისამართის გარეშე რეგისტრაცია, ასევე რეგისრაციიდან მოხსნა – ესეც მიზეზია იმისთვის, რომ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღოთ. ამ შემთხვევაში პირმა კონკრეტული მისამართი უნდა მიუთითოს, სადაც სურს რეგისტრაციის გავლა.

აქცია შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობა არ აქვთ და არაოკუპირებად ტერიტორიაზე სურთ რეგისტრაცია.

აქციით ასევე ისარგებლებთ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ფოტოსურათი გამოუსადეგარია. ამისთვის იუსტიციის სახლში უნდა მიხვიდეთ, სადაც მონაცემთა ბაზაში გადაამოწმებენ ფოტოს ვარგისიანობას.

აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას უფასოდ 10 დღეში მიიღებთ. თუკი მოწმობის იმავე დღეს აღება გსურთ, აქციის პირობების შესაბამისად, 35 ლარის გადახდა მოგიწევთ, მეორე დღეს – 30 ლარის, მესამე დღეს – 20 ლარი, ხოლო მე-5 დღეს – 10 ლარი.

 

ხულოს მერია ეკლესიის მიმდებარე ტორიტორიის კეთილმოწყობას 550 ათას ლარად გეგმავს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობაზე ხულოს მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან  550 000 ლარს დახარჯავს.

ხულოს მერის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ეკლესიის ეზოს ტერიტორია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, საპატრიარქოს საკუთრებაში კი მხოლოდ ის ტერიტორიაა, სადაც ეკლესია დგას:

„ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. რეალურად, ეკლესიის ეზოს  კეთილმოწყობა  კი არა, ტბელ აბუსერიძის ქუჩის პირველ და მეორე ნომერში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.“

ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს არსებულ შენობასა და ეკლესიას შორის, სადაც ხულოს რესურსცენტრი ფუნქციონირებს, ახლა ფერდობია გაჭრილი.

ლაშა ბოლქვაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობი დამცავი კედლის მოსაწყობად 2017 წელს აბუსერიძის ქუჩის  პირველ და ორ ნომერში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებულმა შპს „უნივერსალმა“ გაჭრა, თუმცა კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობი არ იყო, თუმცა დახრილობიდან გამომდინარე ფილები ვერ დაეგებოდა, შესაბამისად ტერიტორიის განლაგებამ საყრდენი კედლის მოწყობა მოითხოვა, ამისთვის კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფერდობი გაჭრა, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება არ შეასრულა და კომპანიას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. ტენდერი ტეროტორიის კეთილმოწყობაზე ისევ გამოვაცხადეთ, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის ეტაპზე ვართ,“ – აცხადებს ლაშა ბოლქვაძე.

აბუსერიძის ქუჩის პირველ და მეორე ნომერში არსებული შენობებისა თუ ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ხულოს მერიას ბიუჯეტიდან 550 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია „ბაჩი“, მუნიციპალიტეტს სამუშაოების შესრულებას 484 ათას 770 ლარად სთავაზობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018 – რეგისტრაცია დაიწყო

პედაგოგებს, ვისაც სურს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება, შესაძლებლობა აქვთ, 20 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია გაიარონ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებგვერდზე.

კონკურსი მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

კონკურსში მონაწილე პედაგოგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ჰქონდეს სწავლების ეფექტური და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეების სწავლების შედეგების დინამიკა, უნდა გამოირჩეოდეს ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლებით, უნდა იყოს საზოგადოებრივად აქტიური, შეეძლოს პროფესიული გამოცდილების გაზიარება და განვითარება.

წელს საკონკურსი კომისიაში ცვლილებებია. ჟიურიში იქნებიან: ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და პავლე თვალიაშვილია. ჟიური სულ 18 წევრისგან შედგება. შეფასების სისტემა ხუთქულიანია.

პედაგოგებს აღნიშნულ ჯილდოზე შეუძლიათ თვითნომინირებაც და სხვა პედაგოგების წარდგენაც. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი წელს მეორედ ტარდება, გასულ წელს ჯილდო ჩიბათის სკოლის პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ მიიღო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 10 ათას ლარს მიიღებს საჩუქრად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზეც, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ პედაგოგები.

ექიმი, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონია

28 წლის დარინა ცეცხლაძე ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია. ბოლოს 24-25 თებერვალს გამართული ჩემპიონატის დროს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

პირველად შეჯიბრზე 2009 წელს გამოვიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტში ჩატარებულ შიდა ტურნირზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებიდან ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატზე წავიდა. მისი გამარჯვების ამბავი მშობლებმა ტელევიზიით შეიტყვეს. სახლში ვერ ამბობდა, რომ მკლავჭიდით იყო გატაცებული, მოგებულ თასებს კი უნივერსიტეტში მალავდა.

„მამას არ უნდოდა. არ იცოდნენ, რომ მკლავჭიდის ტურნირზე ვიღებდი მონაწილეობას. ერთ დღესაც უყურებენ ტელევიზორს, სადაც აცხადებენ, რომ დარინა ცეცხლაძე არის აჭარის ჩემპიონი და ერთ კვირაში მიემგზავრება თბილისში საქართველოს თასზე. ეს იყო წარმოუდგენელი მამაჩემისთვის, რას ჰქვია, სად მიდიხარო. არც აპირებდნენ თბილისში გავეშვი შეჯიბრზე, მერე პირობა ჩამომართვა: თუ წახვალ, ბოლო ტურნირი იქნება და აღარ მიიღებ მონაწილეობასო. მე ვუთხარი – თუ გავიმარჯვებ, მაშინ ვაგრძელებ-მეთქი. კარგიო. ოთხი თასი რომ ჩამოვიტანე პირველივე ჩემპიონატიდან, მერე არაფერი უთქვამს,“ – იხსენებს დარინა.

ამბობს, რომ მის წარმატებაში მწვრთნელს, თემურ ლიპარტაშვილსაც დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ის დაეხმარა თავის დროზე მამასთან მოლაპარაკებაში.

დარინა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ბათუმში სამედიცინოს დამთავრების შემდეგ, ორი წელი უკრაინაში სწავლობდა რეზიდენტურაზე, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უკვე ერთი წელია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. მისი დილა კლინიკაში მისვლით იწყება, სამსახურის შემდეგ დარბაზში სავარჯიშოდ მიდის, შემდეგ კი სახლში, შვილთან. ამბობს, რომ მეუღლე ბავშვის გაზრდაში ეხმარება და ძალიან უწყობს ხელს,  მკლავჭიდის ჩემპიონატებზე გამოსასვლელად ფორმაში რომ იყოს.

დარინა ცეცხლაძე

სავარჯიშო პირობები, რაც 2009 წელს ჰქონდა, იმასთან შედარებით გაუმჯობესებულია. იხსენებს, რომ თავიდან, როცა ვარჯიში დაიწყო, უნივერსიტეტის სარდაფში, ყოფილი ქიმიის ლაბორატორია საკუთარი ხელებით აქცია სავარჯიშო დარბაზად. მოგვიანებით დიდ დარბაზში ვარჯიშის საშუალებაც მიეცა. 2013 წელს კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სავარჯიშო ტრენაჟორები აჩუქა.

„სტუდენტები ხვდებოდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. მათ ეკითხებოდა, რა უნდოდათ. ზოგს სწავლა დაუფინანსა, ზოგს ოპერაცია. შენ რა გინდაო მკითხა. ვუთხარი, რომ სპორტით დაინტერესებული ბავშვები გვყავს, მაგრამ არ გვაქვს დარბაზი-მეთქი. მაჩუქა ტრენაჟორები, რომელიც დავდგით უნივერსიტეტში. სტუდენტს, რომელსაც არ ჰქონდა  სავარჯიშო ფული, არ მინდოდა ჩემი გზა გაევლო. ამიტომ დავდე უნივერსიტეტის სპორტდარბაზში და დღესაც ბავშვები უფასოდ ვარჯიშობენ იმ ტრენაჟორებზე.

მკლავჭიდი ისეთი სპორტია, სადაც არ  განსხვავდება ბიჭი და გოგო. როგორც ბიჭი იღებს დატვირთვას, ისეთი დატვირთვა უნდა გოგოსაც. მაჯა, თითები, გადაწევა, მხარი, ტრიცეფსი – ყველაფერი ფორმაში უნდა იყოს. როგორც ბიჭი ვარჯიშობს შტანგაზე, ასე ვვარჯიშობთ ჩვენც“.

ამბობს, რომ თავიდან ძნელად აღიქვამდნენ ამ სპორტში ქალებს, შემდეგ კი მიეჩვიენ.

„აღსანიშნავია, რომ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატზე ქალები უფრო ასპარეზობენ და შედეგებით უფრო წინ არიან, ვიდრე ბიჭები. არაფრით არ ჩამოუვარდებით. გვყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გოგონები. ახლა აბსოლუტური თასი დავკარგეთ მხოლოდ, დანარჩენი ყველა თასი ჩვენ წამოვიღეთ,“ – ამბობს დარინა.

ჯერ მწვრთნელის ლიცენზია არ აქვს, თუმცა მკლავჭიდით დაინტერესებულ  გოგონებს ეძებს და ავარჯიშებს.

„ვცდილობთ შიდა ტურნირები ჩავატაროთ, რომ მერე კადრი ავარჩიოთ, გადმოვიყვანოთ აჭარის ნაკრებში და მოვამზადოთ დიდი ტურნირებისთვის. ახლა მყავს ერთი მოსწავლე – მარი ნოდია,  რომელიც შარშან აღმოვაჩინე ხელვაჩაურში, ფრენბურთის ჩემპიონატის დროს. იქ ექიმად ვმუშაობდი. წელს ვამზადებ ევროპაზე წასაყვანად. თუკი დაფინანსებას მოვიძიებთ“.

დარინას თქმით, დაფინანსების მოძიება არ არის ადვილი. ხშირად სპორტსმენებს ჩემპიონატებზე წასვლა საკუთარი ხარჯით უწევთ. თუ სპორტსმენი გამარჯვებული დაბრუნდება, შემდეგ ფულადი ჯილდოა გათვალისწინებული.

„საქართველოს ნაკრები თითქმის სულ ბიჭებითაა შევსებული. მხოლოდ ერთი გოგო – მარინა ფუტკარაძეა ნაკრებში. შერჩევის დროს პრიორიტეტია ის სპორტსმენი, ვინც უკვე არის მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონი. ვცდილობთ, როგორმე მოვიპოვოთ დაფინანსება გოგოებისთვისაც“.

2018 წელს ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატია მკლავჭიდში. ჩემპიონატზე წასასვლელად საჭირო ფინანსები დარინას ჯერ არ აქვს. ამის მიუხედავად დარბაზში მაინც ინტენსიურად ვარჯიშობს. ამბობს, რომ თუ დაფინანსების გზა გამოჩნდება, ჩემპიონატისთვის ფორმაში იქნება.

 

 

ბათუმის ბულვარი სასეირნო ბილიკების რეაბილიტაციას იწყებს

„ბათუმის ბულვარი“ არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე და კობალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სასეირნო ბილიკების რეაბილიტაციას იწყებს. ბულვარის ინფორმაციით, 13 100 კვ.მეტრ ბილიკზე ახალი დეკორატიული ფილები დაიგება. უნდა მოეწყოს ბაზალტის ბორდიურებიც.

ბულვარის ინფორმაციით, ბილიკების რეაბილიტაციის დროს შეიცვლება შიდა საკომუნიკაციო სისტემა და დამონტაჟდება სანიაღვრე ჭები.

„ასევე, დაგეგმილია სასტუმრო „კოლიზეუმიდან“ სანაპიროზე ასასვლელი პანდუსებისა და კიბის მოწყობა, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის,“-ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

აღნიშნული სამუშაოებისთვის 1 162 942 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია        „ჯორჯიან სტოუნი“ შეასრულებს.

ბულვარის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების გამო არდაგანის ტბიდან აკვაპარკამდე და კობალაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ პარკირების ზონებში სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა დროებით  შეიზღუდება.

რეაბილიტაციის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

მარტის თოვლი აჭარაში [ფოტოამბავი]

ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს.
ფოტოები ღორჯომის ხეობიდან ზაზა ბერიძემ მოგვაწოდა. 
ზაზა ბერიძის ფოტო. თოვლი ღორჯომის ხეობაში
ზაზა ბერიძის ფოტო. თოვლი ღორჯომის ხეობაში
ზაზა ბერიძის ფოტო. თოვლი ღორჯომის ხეობაში

 

რატომ ირჩევს ოთხი მსხვერპლი ქალი მოძალადე ქმარს

28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზედიზედ 4 საქმე განიხილა ოჯახში ძალადობაზე. ოთხივე ისტორიაში ქმრებმა ცოლებს სცემეს შვილების თანდასწრებით ან შვილების ჩათვლით… ოთხივე ისტორიაში ცოლები ქმრებს „შეურიგდნენ“ და მოძალადის დასჯა აღარ სურთ. ოთხივე მათგანი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს. არც ერთ ისტორიაში ძალადობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება.

ერთ-ერთი ქალი სასამართლოშიც მოვიდა და თქვა, რომ „საცემი“ იყო. ერთ შემთხვევაში ქალი მთელი პროცესის განმავლობაში მდუმარედ იჯდა. დანარჩენმა ქალებმა, ვისაც დაზარალებულის სტატუსი ჰქონდათ, შინ დარჩენა ამჯობინეს.

[red_box]„ალბათ ისევ იძალადებს, მაგრამ რა ვქნა?“[/red_box]

ისინი ერთად შემოვიდნენ სასამართლო დარბაზში. მამაკაცი ბრალდებულისთვის განკუთვნილ გისოსებს აშტერდება, ქალი ნერვიული მზერით ათვალიერებს დარბაზს. მერე სკამების რიგს ჩაივლის და სულ წინ ჯდება. მამაკაცი მის გვერდით დაჯდომას აპირებს, მაგრამ მანდატური აჩერებს – „თქვენ ბრალდებული ხართ, ალბათ“. მამაკაცი თავს იქნევს და მანდატურს უსიტყვოდ უკან მიჰყვება, ბრალდებულის ადგილს იკავებს…

„თქვენ გარეთ უნდა დაგველოდოთ,“ – მიმართავს პროკურორი ქალს. ქალს გარეთ გასვლა არ სურს, მაგრამ ჩანთას იღებს და გადის, თან მზერას არ აცილებს ბრალდებულს, რომლის გვერდით უკვე ადვოკატი ზის, პირისპირ – პროკურორი. დარბაზში მოსამართლე უნდა შემოვიდეს.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობით დაიწყო. მან ბრალდებულ კაცს უთხრა, რომ დასაბუთებული ვარაუდით, 12 იანვრის საღამოს ბრალდებულმა ხასან ა.-მ ცოლს საკუთარ ბინაში სცემა. ქალს სახეში ხელები ურტყა, რამაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „ქალის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჯანმრთელობის მოუშლელად.“

„თავს დამნაშავედ ცნობთ?“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელმაც თავი დაიქნია და თქვა, რომ დანაშაული ჩაიდინა.

მერე პროკურორმა დეტალურად ჩამოთვალა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში წარმოადგინა და მისი დასაშვებად ცნობა ითხოვა. ადვოკატმა დავით კეკელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მტკიცებულებები დასაშვებია და არც სადავოდ მიიჩნევს რომელიმე მათგანს.

„მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას მივიჩნევთ სადავოდ,“ – დასძინა ადვოკატმა.

ასეთ შემთხვევაში, როცა რომელიმე მტკიცებულებას მხარე სადავოდ მიიჩნევს, მას სასამართლო იკვლევს. შესაბამისად, სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეებიდან მხოლოდ ნაცემი ქალის ჩვენებას მოისმენს. რას ეტყვის ნაცემი ქალი მოსამართლეს – ეს მთავარი ფაქტორი იქნება განაჩენის გამოტანის დროს.

„საპროცესო შეთანხმება ამ დროისთვის არ არის,“ – უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ. მოსამართლემ სამუშაო რვეული გადაშალა და მორიგი სხდომის ჩასანიშნად მოემზადა…

ქალი სასამართლოს კართან წინ და უკან დადიოდა და როგორც კი კარი გავაღე, მაშინვე მკითხა: „რა მოხდა იქ?“ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მისი პოზიციის გაგება მინდოდა, რა იქნებოდა სამართლიანი სასჯელი მისი ქმრისთვის.

„კი, ჩამწერეთ, ყველაფერს გეტყვით…“ – დაიწყო მან: „ჩვენ უკვე შევრიგდით, პრობლემა აღარ არსებობს, პრობლემა არც ყოფილა არაფერი… ჩვენ 8 თვის ბავშვი გვყავს, მე არსად ვმუშაობ. მის გარეშე არსებობას ვერ შევძლებ.“

ქალს ვუთხარი ის, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში მოვისმინე. ვუთხარი, რომ მას სახეში ურტყეს.

„კი, ასეა…“ – თქვა მან და თვალთან ახლოს მიიტანა ხელი, ძალადობის კვალი თვალს ქვემოთ ისევ შავ ლაქად აჩნია. საყვედურის გამომხატველ მზერას რამდენიმე წამით აჩერებს, მერე ღრმად სუნთქავს და აგრძელებს:

„ალბათ, ისევ იძალადებს, მაგრამ რა ვქნა? საცემარი ვიყავი ალბათ… არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნასვამი იყო, რაღაცის გაკეთებას მთხოვდა. მე ბავშვისთვის მქონდა მისახედი, არ მეცალა. მე არსად არ ვმუშაობ…“ – გვითხრა მან.

შეურიგდებოდა თუ არა მეუღლეს, თუკი ის დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა და ხომ არ იყო შერიგება დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან? – „ჩვენი ცხოვრების 90 პროცენტი ეკონომიკური ფაქტორია, ასეა“.

[red_box]ძალადობაში ბრალდებული: თქვენთან რა მაქვს სალაპარაკო?[/red_box]

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე ლევან გელოვანმა შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, როცა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ამის მიზეზად პროკურორმა დაზარალებული არასრულწლოვნები დაასახელა.

ოჯახში ძალადობას გამოძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ენვერ გ.-ს ედავება. ენვერი პატიმრობაში 4 კვირით იმყოფებოდა. შემდეგ წინასწარი პატიმრობიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით, ენვერმა ცოლს სცემა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, შემდეგ კი მეშვიდეკლასელ გოგოსაც სცემა. დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა…

„ეს რომ არა, ალბათ ვერც გაიგებდა პოლიცია რამეს“, – მითხრა დარბაზში მყოფი კაცებიდან ერთ-ერთმა. მერე გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი და გადაწყვიტეს, რომ „ეს საქვეყნოდ სალაპარაკო თემა არ არის“.

„მე გეტვით,“ – მომმართა ერთმა კაცმა ხმამაღლა. – „ამ საქმეში დამნაშავეა მხოლოდ არაყი, მეტი რამე არა… აგერ, რძალიც აქვეა და თქვას, თუ რამეა სათქმელი.“

„რძალმა“, ანუ ბრალდებულის ცოლმა ხმის ამოღების გარეშე, თავის ოდნავ გაქნევით მანიშნა, რომ საუბარი არ სურდა. იგი მთელი პროცესის განმავლობაში მდუმარედ იჯდა.

ოჯახში ძალადობაზე განმარტება ბრალდებულს ვთხოვეთ, რომელმაც აგრესიული ტონით და მოკლედ მოჭრა: „თქვენთან რა მაქვს სალაპარაკო?“

ამ დროს დარბაზში მოსამართლე დაბრუნდა, რომელმაც თქვა, რომ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ დაიხურება.

„მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დაცვის მხარემ სადავოდ მხოლოდ დაზარალებულების ჩვენება მიიჩნია. საუბარია ბრალდებულის ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილზე. ჩვენებების მიხედვით, ბრალდებულმა თავდაპირველად ცემა ცოლს დაუწყო, რასაც არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ფიზიკური ძალადობის კვალი დედასთან ერთად ერთ-ერთ შვილსაც აღენიშნებოდა.

წინა ისტორიის მსგავსად, სასამართლომ აქაც მხოლოდ დაზარალებულების, ანუ ბრალდებულის ცოლისა და შვილების ჩვენება უნდა მოისმინოს. ადვოკატმა დავით საფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები ჩვენების მიცემას საერთოდ აღარ აპირებენ.

[red_box]ადვოკატი: აღიარებს დანაშაულს, მაგრამ არ თვლის, რომ ეს ძალადობაა[/red_box]

ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა 28 თებერვალს ისევ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განიხილა. ამ შემთხვევაშიც ძალადობაში ბრალდებული ქმარია, რომელიც პატიმრობიდან ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აქაც ძალადობაში ბრალდებულ ქმარს ცოლი შეურიგდა და მოთხოვნა მხოლოდ ერთია – საპროცესო გარიგება.

გამოძიების ვერსიით, ჩაქვში მცხოვრებმა მამუკა თ.-მ ცოლზე სახლში იძალადა. ცოლს სახის არეში აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები. ბრალდებული 25 წლისაა, დაზარალებული ქალი – 24 წლის. წყვილს ორი თვის ბავშვი ჰყავს.

„ოჯახი სოციალურად დაუცველია, მხოლოდ ბრალდებული მუშაობს. ოჯახში ბრალდებულის დედაც ცხოვრობს“, – გვიყვება სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი გვანცა თურმანიძე: „საპროცესო შეთანხმება დავიწყეთ, მაგრამ ჯერ უცნობია შედეგი. ცოლ-ქმარი ისევ ერთად ცხოვრობს. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მაგრამ არ მიიჩნევს, რომ ეს ძალადობაა… ბრალდებული ამბობს იმავეს, რასაც მსგავსი ტიპის დავებში აცხადებს ბევრი – ეს ოჯახური კონფლიქტია და არა ძალადობა“.

სასამართლოს ქალებზე ძალდობის ამ სამი საქმის განხილვა ჯერ არ დაუსრულებია.

[red_box]ძალადობის კიდევ ერთი საქმე, რომლის განხილვაც შეწყდა[/red_box]

მეოთხე საქმე ოჯახში ძალადობაზე 28 თებერვალს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა შეწყდა.

ამ საქმეში ბრალდებული 61 წლის მემედ მ. იყო, რომელიც 59 წლის მეუღლესთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ცოლს ხელჯოხი სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა, „რითაც მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა“.

წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება მინიმუმ 9 თვის განმავლობაში.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ბრალდებული ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

[red_box]„ეკონომიკური დამოკიდებულება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალი მოძალადესთან რჩება“[/red_box]

„ოჯახში ძალადობის დროს მხოლოდ პოლიცია გვახსენდება. არსად ჩანს სოციალური სააგენტო, რომელსაც ვალდებულება აქვს ჩაერთოს. ამ თემებზე შეხვედრების გამართვის დროს ასევე არ ჩანან, მაგალითად, ეკონომიკის ან განათლების სამინისტროები. მთავარი პრობლემა არის კოორდინირებული მუშაობა სამთავრობო უწყებებს შორის,“ – ამბობს ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

ანას თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, ეკონომიკური დამოკიდებულება აღიარებულია პირველ მიზეზად, რის გამოც ქალი მოძალადესთან რჩება. იგი დასავლურ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მოზარდებს სკოლაში ასწავლიან ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ეკონომიკური წიგნიერება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის მთავარი ნაწილია.

„ჩვენთან ეკონომიკური ძალადობა, როგორც ძალადობის სპეციალური ფორმა, ცალკე არ ფასდება. შესაბამისად, არ ფასდება არც გამოწვეული ზიანი და არ არის განსაზღვრული სახელმწიფოს ქმედებები, რომელიც მიმართული უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკონომიკურ გაძლიერებისკენ… მხოლოდ დაზარალებულის ოჯახიდან გამოყვანა, მისი თავშესაფარში მოთავსება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არ არის საკმარისი. მსხვერპლს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა გაძლიერდება, იპოვის სტაბილურ სამსახურს და იქნება დაცული. დაცულობა ბევრ კომპონენტს მოიცავს. მაგალითად, შრომის კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 30 პროცენტით მეტი ხელფასი ჰქონდეს მამაკაცს, ვიდრე ქალს. თუ დააკვირდებით, კოოპერატივის ხელშემწყობი პროგრამები, ან „აწარმოე საქართველოში“, არც ერთი არ არის მგრძნობიარე ქალთა ჩართულობის მიმართ. ძალიან მარტივია – ტრანსპორტის მენეჯმენტიც კი არ არის მორგებული ქალთა საჭიროებებზე.

გვქონია მაგალითები, როცა მსხვერპლი მოძალადესთან რჩება იმის გამო, რომ სოციალური შემწეობის გარეშე არ დარჩეს. შესაძლოა, მან დამოუკიდებლადაც მიიღოს დახმარება, მაგრამ რეგისტრაციას, შემოწმებას, გადამოწმებას სჭირდება გარკვეული დრო და პროცედურები. ევროპის ქვეყნებში ასევე მიღებული პრაქტიკაა თავშესაფრის შემდეგ დროებით საცხოვრისით მსხვერპლის უზრუნველყოფა, მაგალითად, თუ ის ვერ ახერხებს ქირის გადახდას, დროის გარკვეულ მონაკვეთში ამ თანხას იხდის სახელმწიფო,“  – აღნიშნა ანა არგანაშვილმა.


სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

„დღეს, 21 საათიდან, ხვალ, 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით 10-15 სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი. მთაში – 5-10 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი ყინვა.

4-5 მარტს მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში წვიმა, მაღალ მთაში – თოვა“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ქათამაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა სინოპტიკოსმა.

უახლოესი ორი დღის განმავლობაში ზღვაზე შტორმი მოსალოდნელი არ არის, მოსალოდნელია 2-3 ბალი ღელვა. ზღვის წყლის ტემპერატურა 8 გრადუსია.

საია მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ირაკლი შავაძეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმს. გაურკვეველია, რის გამო მითხრეს უარი,“ – ამბობს მოსამართლე ირაკლი შავაძე.

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პროფესიული ორგანოა და არა პოლიტიკური. „შესაბამისად, პროფესიულ ორგანოს უნდა ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება, რის გამო ეუბნება კონკრეტულ პირს უარს,“ – ამბობს ის.

საკონსტიტუციო სარჩელი დამუშავების პროცესშია. გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 29-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას გულისხმობს.

3,5 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე,  20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 520 474-მდე ლარი დაიხარჯება. სტადიონის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს კი შპს „სტადიონი“ ტენდერით შეარჩევს.

ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. მომსახურების შესყიდვა მრავალწლიანია. ტენდერში გამარჯვებულთან ანგარიშსწორება ეტაპობრივად განხორციელდება. მომსახურების გაწევის ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვეა.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა – სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების სრული აღწერა, რაოდენობა და მოცულობა მითითებულია ტექნიკურ დავალებაში.

შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე, ხელშეკრულება 2017 წლის დეკემბერში გაფორმდა. შპს „ანაგი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საფეხბურთო სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობას ბათუმში, მიმდინარე წლის 21 იანვარს, ჩაუყარეს საძირკველი. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ანაგი“ დასახელდა

რამდენ ლარად იყიდიან პედაგოგები ინტერნეტს – ახალი ტარიფი

პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებსა და განათლების სფეროში დასაქმებულ პირებს, მათ შორის მასწავლებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუძვირდათ.

თუკი მასწავლებლებს პირველი კატეგორიის კორპორაციული ნომერზე [ნომერი, რომლითაც თავად პედაგოგი სარგებლობდა, მეორე კატეგორია – როცა ნომრით პედაგოგის ოჯახი სარგებლობდა] შეეძლოთ 4.99 ლარად 16 გბ ინტერნეტი შეეძინათ, ახალი პირობების მიხედვით, მათ ამ სერვისის გამოყენების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

მასწავლებლები დღემდე „ჯეოსელის“ მომხმარებლები იყვნენ. კომპანიის ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციით, პედაგოგებს, 11.50 ლარად 10 გბ ინტერნეტის შეძენა შეეძლებათ, 35.50 ლარად კი – 30 გბ ინტერნეტის.

„ჯეოსელის“ შეცვლილ პირობებს პედაგოგები სოციალურ ქსელში  გამოეხმაურნენ. ისინი წერენ, რომ უარს იტყვიან „ჯეოსელის“ მომსახურებაზე, თუკი კომპანია ინტერნეტსერვისებზე ფასებს გააძვირებს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამ გამოიწვია ტარიფების ცვლილება, „ჯეოსელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ცვლილება სახელმწიფოს შეთავაზებულმა სატენდერო პირობებმა გამოიწვია: „ჩვენ არ ვდებთ ამ პირობებს, ეს არის სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული კორპორაციული ტენდერის პირობები და მათ მიერ არის შეცვლილი, შეგიძლიათ ნახოთ რა იყო წინა პირობა და რა არის დღევანდელი.“

გამოიწვევს თუ რა ტარიფების ცვლილება აბონენტების შემცირებას? – „ჯეოსელში“ ამბობენ, რომ – არა, რადგან სტანდარტულ პირობებთან შედარებით ახალი ტარიფები მაინც დაბალია.

„ამ ნომრებს სახელმწიფო დაწესებულებები რთავენ და თუ ვინმე იტყვის, რომ არ უნდა კორპორაციული პირობები, გამორთოს და მიიღებს სტანდარტულ ტარიფს. მაგრამ კორპორაციული ტარიფები ბევრად მისაღებია, ვიდრე სტანდარტული და რატომ უნდა გააკეთონ ასე,“ – გვითხრეს „ჯეოსელში“.

რამ გამოწვია სატელეფონო მომსახურებაზე სატენდერო პირობების შეცვლა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც. უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

ფეისბუქი შიშველი ვენერას წინააღმდეგ

ცენზურა 30 000 წლის ვილენდორფის ვენერას „პორნოგრაფიულ“ ქანდაკებასაც შეეხო. შიშველი  ქანდაკების ფოტო ფეისბუქმა სოცქსელისთვის შეუფერებელი პორნოგრაფიული შინაარსის გამო დაბლოკა.

გამოცემა „artnewspaper“-ის ცნობით, ხელოვნების ნიმუშებზე ფეისბუქცენზურა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. „პორნოგრაფიად“ მიჩნეული  „ვილენდორფის ვენერა“ ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმშია (Naturhistorisches Museum) დაცული. თერთმეტსანტიმეტრიანი ქანდაკება დაახლოებით 30 000 წლისაა.

ლორა გჰიანდას მიერ ატვირთული ქანდაკების ფოტო ფეისბუქცენზორებმა მალევე წაშალეს, როგორც მიუღებელი კონტენტი. ლორა გჰიანდას ფეისბუქზე არტისტის გვერდი ჰქონდა დარეგისტრირებული და სოცქსელის გადაწყვეტილება მან არაერთხელ გააპროტესტა, თუმცა ფოტოს გამოქვეყნების ნებართვა მაინც ვერ მიიღო.

                                                                                                              „ვილენდორფის ვენერა”

ადრეული ქვის ხანის პერიოდის ქანდაკება 1908 წელს  ავსტრიაში, ვილენდორფის მახლობლად აღმოაჩინეს გათხრებისას.

ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმი, სადაც ფეისბუქცენზორების მიერ დაბლოკილი ვილენდორფის ვენერას ქანდაკება ინახება, გამოეხმაურა გჰიანდას პოსტს და მოუწოდა ფეისბუქს, „სიშიშვლის ნება დართონ ვენერას“. (როგორც ცნობილია, შიშველი გამოსახულებების ფოტოები მხოლოდ იმ შემთხვევაში იტვირთება სოცქსელში, თუ გენიტალიები დაფარულია).

„მუზეუმის დამთვალიერებლებს არასდროს გაუპროტესტებიათ ვილენდორფელი ვენერას სიშიშვლე, არ არის საჭირო ეს სიშიშვლე სოციალურ ქსელში დაიფაროს, ისევე როგორც არ ვფარავთ ხელოვნების შიშველ ნიმუშებს მუზეუმებში“,- აცხადებს ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმის დირექტორი, კრისტიან კობერლი.

ხელოვნების ნიმუშების მიმართ ფეისბუქცენზურის საკითხი განიხილებოდა ამ წლის თებერვლის დასაწყისშიც. ფრანგმა მასწავლებელმა, ფრედერიკ დიურან-ბაისამ, საჩივარი შეიტანა სასამართლოში ფეისბუქის წინააღმდეგ. ფეისბუქმა 2011 წელს მასწავლებლის ანგარიში მას შემდეგ გააუქმა, როცა დიურან-ბაისამ გვერდზე განათავსა გუსტავ კურბეს რეალისტური ნახატი „L’Origine of the World“-ი, რომელზეც რეალისტურადაა ასახული ქალის გენიტალიები.

             „ვილენდორფელი ვენერა” ფეისბუქცენზურის შემდეგ

 

წყარო:  theartnewspaper

54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეთანხმების აქტი გაფორმდა. კომპანია ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთანხმება მშენებლობის ნებართვის მიღების ვადებს უკავშირდება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლითაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულებები აიღო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტრო და კომპანია შეთანხმდნენ, რომ ბათუმის ბულვართან არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას მიეცეს დამატებითი დრო.  ახალი შეთანხმებით, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2018 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს.

„ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორის აკაკი სონგულიას განცხადების საფუძველზე, კომპანიის ვალდებულებებში შეტანილი ეს ცვლილება, საჯარო რეესტრში 27 თებერვალს უკვე დარეგისტრირდა.

თავდაპირველი ვალდებულებით კომპანიას მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა მიეღო. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კომპანიას თავდაპირველად აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 კორპუსის აშენება უნდოდა, თუმცა ბათუმის მერია ამაზე არ დათანხმდა და კომპანიას ერთი კორპუსის პროექტის წარდგენა სთხოვეს.

ბათუმში, შოთა რუსთაველის N42/ნინოშვილის N39-ში მდებარე ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებით გაყიდა. აღნიშნული ტერიტორია [დღეისთვის დაზუსტებული ფართობი – 4405 კვ/მ] სამინისტროს ბათუმის მუნიციპალიტეტმა გადასცა.

ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 54-სართულიანი შენობა აშენდება, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ უკვე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობა დაიწყო; ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიას მშენებლობის ნებართვისთვის მისაღებად მერიისთვის ჯერ არ მიუმართავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის შესახებ ინფორმაციას უახლეს დღეებში გაავრცელებენ.

ტერიტორია ბათუმში სადაც კომპანიამ „ალიანსი ფრივილიჯის“ ახალი კომპლექსი უნდა ააშენოს / 01.03.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
სოციალურ ქსელში გავრცელებული სასტუმროს მაკეტი. კომპანიაში ჯერ არ ადასტურებენ, აპირებენ თუ არა ამ მაკეტის მიხედვით კომპლექსის მშენებლობას.

აჭარა ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა

თანამშრომლობის მოკლე მიმოხილვა

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას ბოლო წლებია სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში გამორჩეულ ადგილს იკავებს რეგიონული თანამშრომლობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოებს შორის.

თანამშრომლობის ფარგლებში დამეგობრდნენ ქალაქები და კურორტები, ამოქმედდა გაცვლითი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები ჯანდაცვის მიმართულებით, გადამზადდნენ ადგილობრივი ექიმები და მედდები, ასევე მუზეუმების, ბათუმის უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტების კულტურული სფეროს წარმომადგენლები. თანამშრომლობის ფორმატის გაფართოებისა და განვითარების მიზნით შედგა რამდენიმე ორმხრივი ვიზიტი, რომელთა ფარგლებში მხარეებმა მონაწილეობა მიიღეს ოფიციალურ შეხვედრებში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და  ბიზნესფორუმებში.

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი  ქვემო სილეზიის რეგიონში

22-24 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ესტუმრა.  ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის 2018 წლის თანამშრომლობის გეგმის განხილვა და ქალაქ ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, მათ შორის  ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალ ცეზარი ფშიბილსკისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღინიშნა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიცაა პოლონეთის რესპუბლიკა.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მუდმივად იმართება მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტები როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ასევე დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის სფეროებს.

შეხვედრა ცეზარ ფშიბილსკისთან
შეხვედრა ცეზარ ფშიბილსკისთან

ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები სავაჭროეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. პირველ რიგში ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ურთიერთობებზე ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ასევე, აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა. მისასალმებელია, რომ მარტის ბოლოდან ვარშავისა და კატოვიცეს ფრენებს დაემატება პირდაპირი ფრენები კიდევ ერთი პოლონური ქალაქიდან – ვროცლავიდან, რაც უფრო მეტად გაზრდის ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობას ორივე ქვეყანაში. ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. დაისახა თანამშრომლობის საინტერესო გეგმები-განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას მიესალმა ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალიც. როგორც ცეზარი ფშიბილსკიმ აღნიშნა, უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის კუთხით.

შეხვედრები ქვემო სილეზიის სავოევოდოს ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოში

ქვემო სილეზიის სავოევოდოს ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოს ( DAWG) პრეზიდენტთან, ჰუბერტ პაპაისთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის დელეგაციამ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც DAWG-ის წარმომადგენლები, საქართველო-პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი – სტანისლავ რაზნიევსკი და საქართველოს ელჩი პოლონეთში – ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური საბჭო სხდომა გაიმართა
ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური საბჭო სხდომა გაიმართა

პრეზენტაცია აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა.პრეზენტაციის შემდეგ, მასპინძლებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია. ზურაბ პატარაძემ ასევე განიხილა საერთო, ქართულ-პოლონური ეკონომიკური პროექტები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში 6 პოლონური კომპანია ფუნქციონირებს.

დინამიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კულტურულჰუმანიტარულ, სავაჭროეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. თუმცა, ვფიქრობ, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. სისტემატურად იმართება ბიზნეს და ტურისტული ფორუმები, რომლებშიც ჩვენი რეგიონები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 3-5 აპრილს, ქვ. სილეზიის სავოევოდოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, . ბათუმში აჭარაქვემო სილეზიის ბიზნეს ვორშოპი გაიმართება -აღნიშნა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა პირადად ჩაერთოს ქართველი და პოლონელი ბიზნესმენების უფრო დაახლოების საქმეში. მისი თქმით, ორი ქვეყნის ბიზნეს და საქმიანი წრეების თანამშრომლობა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პოლონეთთან რეგიონული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, გაიმართა ქვემო სილეზიის სავოევოდოს ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „აჭარა – ბეშუმიდან ბათუმამდე“ ჩვენება. ფილმში აჭარის რეგიონის შესახებ პერსონალურ შთაბეჭდილებებს გადმოსცემდნენ ფოტოგრაფები, რომლებიც ერთობლივი პროექტის „ფოტოების დიალოგის“ ფარგლებში ჩვენს რეგიონში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველი და პოლონელი ხელოვანების ფოტოები უკვე გამოიფინა ქვემო სილეზიის საგამოფენო სივრცეში, ქალაქ ვროცლავის FOTO-GEN გალერეაში გასული წლის დეკემბერში, ხოლო ქართველი დამთვალიერებელი კი პროექტის შედეგებს ბათუმში 17 თებერვალს გაეცნო.

აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის ოკეანერიუმის მუშაობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვროცლავში მდებარე აფრიკარიუმი დაათვალიერეს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და უნიკალურ ტურისტულ ატრაქციად მიიჩნევა.

ოკეანერიუმი
ოკეანერიუმი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვროცლავში მდებარე აფრიკარიუმი დაათვალიერეს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და უნიკალურ ტურისტულ ატრაქციად მიიჩნევა.

აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვროცლავის წყალმომარაგებას, წყლის გაწმენდის სისტემებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს  გაეცნო.

ოკეანერიუმი
ოკეანერიუმი
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 2018

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის დელეგაციამ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ.

პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე, ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა. აღნიშნულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით პირველად წარსდგა. აჭარის ა/რ ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი წელსაც გააგრძელებს სარეკლამო და პიარ ღონისძიებებს პოლონეთში და წლის ბოლომდე ორ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

კურორტებსშკლარსკა პორემბასადა ,,გოდერძსშორის ურთიერთთანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი

ვიზიტის დასასრულს, აჭარის დელეგაციის წარმომადგენლები კურორტ შკლარსკა პორემბას ეწვივნენ, ქალაქის მერთან მიროსლაუ გრაფისთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურორტი დაათვალიერეს, მის ტურისტულ პოტენციალსა და სტრუქტურას გაეცნენ.  გაიმართა  კურორტზე არსებული სპორტული და განთავსების ობიექტების, ასევე, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია. დელეგაციის წევრები ქვემო სილეზიის რეგიონის ინოვაციისა და მეცნიერების პარკის წარმომადგნელებს შეხვდნენ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საინტერესო დახვედრისათვის და ორ რეგიონს შორის საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით,  ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია, რასაც უდიდესი განვითარების პერსპექტივა აქვს.

შკლარსკა პორემბა
შკლარსკა პორემბა

ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა განზრახვის წერილს, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის საკურორტო ცენტრებს- პოლონეთის შკლარსკა პორემბა იაკუშეცის და საქართველოს კურორტ ,,გოდერძის“ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

[checklist]

  • ქართულ დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში წარმოადგენდნენ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერიძე.

[/checklist]

ზურაბ პატარაძემ და ცეზარ ფშიბილსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

პოლონური მედიის დაინტერესება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით საკმაოდ მაღალია. ინტერესის სფერო ტურიზმის გარდა ჩვენი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალია.

პრესკონფერენცია
პრესკონფერენცია

აჭარის სანაპირო ზოლი, ტურიზმი და ახალი მიმართულებები, სამთო-სათხილამურო კურორტები, გოდერძი და გომარდული, სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები, ბათუმის პორტი და ტვირთების ტრანზიტი – ამ და სხვა თემებზე ზურაბ პატარაძემ პოლონურ მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა, ასევე, შეაჯამეს შეხვედრა, რომელზეც დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის შეფასებით, ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან  ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით  განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

 

 

სარფში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

28 თებერვალს  „სარფი“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის სკ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 19  ვაზნით აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

შადრევანი უწყლოდ ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან მდებარე სკვერში შადრევნისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. შადრევანი აქ წლების წინ დაზიანდა. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს დაბის სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და შადრევანსაც აღადგენენ.
ეკა ბარამიძის ფოტო

რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს

ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხზე აჭარის მთავრობამ ოპოზიცია „ტყუილში“ დაადანაშაულა, მაგრამ საპასუხო განცხადებაში თავადაც მოიტყუა: აჭარის მთავრობამ გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომ სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება ენვერ ცეცხლაძემ [გოგიტიძის დისშვილმა] ბათუმის და ქუთაისის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ენვერ ცეცხლაძის სარჩელი არ განუხილავს და, შესაბამისად, არც მისთვის ქონების აღდგენაზე  უმსჯელია. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ  მორიგების ის აქტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ქონების მართვის სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ენვერ ცეცხლაძეს შორის გაფორმდა – მთავრობა და ენვერ ცეცხლაძე სააპელაციო სასამართლოს სხდომის გამართვამდე მორიგდნენ: მაშინ ქონების ნაწილი დაუკანონეს ცეცხლაძეს, ნაწილი კი სახელმწიფოს საკუთრებად დარჩა.

ეს დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რომელშიც ხაზგასმით წერია, რომ „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2016 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო საჩივრების განხილვისას გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება“.

განჩინებიდან სწორედ ეს ამონარიდი ადასტურებს, რომ სადავო ქონებაზე მთავრობა და ენვერ ცეცხლაძე გარიგდნენ და სასამართლო არაფერ შუაშია.

ამის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა, რომლითაც ირწმუნებოდა, რომ მას ენვერ ცეცხლაძისთვის ქონების დაბრუნებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მთავრობის განცხადება: „ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დააკმაყოფილა მოქალაქე ენვერ ცეცხლაძის სარჩელი ახალ ბულვარში მდებარე ქონების მის საკუთრებად ცნობის თაობაზე. შედეგად ენვერ ცეცხლაძემ აღიდგინა საკუთრების უფლება. ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება და აჭარის მთავრობა არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს სასამართლო გადაწყვეტილებაში“.

„ბათუმელების“ მიერ დღემდე მოპოვებული დოკუმენტები და სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ მსჯავრდებულ სოსო გოგიტიძის [ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2006 წელის 15 აგვისტოს სოსო გოგიტიძეს ადამიანის გატაცების ნაწილში 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სხვა დანაშაულებისთვის 15-წლიანი პატიმრობა. სოსო გოგიტიძეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია] დისშვილისთვის დაებრუნებინა ბიძისთვის ჩამორთმეული ქონება. მით უფრო, რომ თავდაპირველად სწორედ აჭარის ფინანსთა სამინისტრო სთხოვდა სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ცეცხლაძის მოთხოვნა.

რატომ გადაწყვიტა აჭარის მთავრობამ  სოსო გოგიტიძისთვის 2005 წელს ჩამორთმეულ ქონებაზე მორიგებოდა მის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს; რა ჩაწერეს მორიგების აქტში? – „ბათუმელებმა“ სცადა ამ კითხვებზე პასუხი აჭარის მთავრობისგან მიეღო. შესაბამისი წერილით მივმართეთ კიდეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. უწყებამ კი დღეს ოფიციალურად მოგვწერა, რომ დოკუმენტი, რომელსაც ვითხოვდით, საიდუმლოა:

„თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს… შესაბამისად, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის გარეშე“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი „ბათუმელების“ წერილზე, რომლითაც მორიგების აქტს ვითხოვდით

რამდენად კანონიერია სამინისტროს უარი? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ „ის დასაბუთება, რითაც სამინისტრომ უარი გითხრათ ინფორმაციის მოწოდებაზე, ლოგიკური მსჯელობის ფარგლებსაც კი სცდება“.

„როგორ შეიძლება მორიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდეს… მსგავსი რამ წარმოუდგენელია, რადგან მორიგების პროცესში ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. ის ნაწილი, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, სამინისტროს უნდა დაეშტრიხა და ისე უნდა გაეცა… მაგრამ, როგორც ჩანს, სამინისტროს ხელმძღვანელი პირების სურვილია ამ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მივიდეს საზოგადოებამდე“, – ამბობს იურისტი.

ჯერჯერობით ისევ უპასუხოთ რჩება კითხვა, რატომ დაუბრუნეს სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მის დის შვილს? მორიგების აქტში ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრს ქონება აჭარის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა?

ამ უპასუხო კითხვებს ხელი არ შეუშლია კომპანია „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენისთვის“ სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებაში ასნომრიანი სასტუმროს, საცხოვრებელი ბინების, კაზინოს, საცურაო აუზისა და სხვა გასართობი ობიექტების მშენებლობა დაიწყოს. ამ კომპანიას k2 კოეფიციენტის გაზრდაზე [სიმაღლეში ზრდა დასაშვებზე მეტად] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლახან უშუამდგომლა ბათუმის მერიაში. სწორედ ამ კომპანიაში ფლობს წილებს სოსო გოგიტიძის დისშვილი ენვერ ცეცხალაძე.

და ბოლოს, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქონება ბათუმში, რომელიც სოსო გოგიტიძეს თითქოსდა ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [2005 წლის 10 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება], ამ წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრში, სოსო გოგიტიძის დისშვილზე, ენვერ ცეცხლაძეზე ყოფილა დარეგისტრირებული.

აჭარის მთავრობის ოფიციალური განცხადება ოპოზიციის საპასუხოდ:

ამავე თემაზე:

როგორ დაიბრუნა სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მისმა დისშვილმა – განჩინება

 

 

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ზღვაში ბრუნდება

„დიდი მადლობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს ყველა მეზღვაურს და საზღვაო დარგის მესვეურებს 2011 წლიდან დღემდე თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის და დაფასებისთვის. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ვუბრუნდები მეზღვაურის პროფესიას შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში და ვგეგმავ უკვე კერძო სექტორიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას,“ – ასე დაემშვიდობა ფეისბუქზე თავის უკვე ყოფილ თანამშრომლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე, მამუკა ახალაძე.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სააგენტოში თავისი როლი ამოწურა და ახლა ზღვას უბრუნდება.

„12 წელზე მეტი სტაჟი მაქვს ზღვაოსნობის. ხუთი წელია საერთოდ არ  ვყოფილვარ ზღვაში და  ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ხუთი წელი ეს არის მაქსიმალური ვადა, რომ კაპიტნობის სტატუსი შეინარჩუნო და არ დაკარგო ეს პროფესია. სააგენტოდან წასვლის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ მე მინდა დავუბრუნდე ჩემს პროფესიას, მეზღვაურობას. გავაგრძელო შორეულ ნაოსნობაში  მუშაობა და შევინარჩუნო ეს პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ახალაძემ.

მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რვა წელი ხელმძღვანელობდა. როგორც ახალაძე ამბობს, ამ ხნის მანძილზე გუნდთან ერთად სააგენტოში მთელი რიგი სერვისების განვითარება შეძლო. ახალაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის ე.წ. შავი სიიდან ამოღებას მიიჩნევს [2015 წლის პირველ ივლისს საქართველოს საზღვაო დროშამ შავი სიიდან ნაცრისფერ სიაში გადაინაცვლა. ქვეყნის საზღვაო დროშა შავ სიაში 1998 წლიდან იყო მოხვედრილი].

რომელი კომპანიის კუთვნილი გემით იცურებს, მამუკა ახალაძემ ჯერ არ იცის. ამბობს, რომ შესაძლოა მშობლიურ “Columbia Shipmanagement“-ს დაუბრუნდეს.

„ჯერ თავიდან უნდა გავიარო გადამზადების კურსები. ხუთ წელიწადში ერთხელ ამ კურსებს ყველა მეზღვაური გადის. ამ კურსების გავლაზე დამჭირდება ერთი-ორი თვე. შემდეგ სერტიფიკატებს განვაახლებ და დავიწყებ მოძიებას. დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ მექნება ზღვაში, რადგან გამოცდილებაც მაქვს და ცოდნაც,“ –  ამბობს მამუკა ახალაძე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას. სავარაუდოდ, ის ყოფილი თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე იქნება.

„დაიმონდ შაინი“ – ხარისხიანი სამრეცხაო მომსახურება და ქიმწმენდა ბათუმში

თუ თქვენი საყვარელი ტანისამოსი ან ნივთი დაგილაქავდათ და დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდით გამოწვევას, დასაქმებული ხართ და არ გაქვთ საყოფაცხოვრებო რუტინაზე დასახარჯი დრო – ქიმწმენდისა და სამრეცხაო მომსახურების ახალ კომპანიას „დაიმონ შაინს“ უნდა დაუკავშირდეთ.

ფარდებისა და თეთრეულის გასაუთოვებელი აპარატი
ფარდებისა და თეთრეულის საუთოვებელი აპარატი

კომპანია ,,დაიმონდ შაინი“ ფუნქციონირებს 2017 წლის სექტემბრიდან. იგი სამრეცხაო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, სასტუმროებს, რესტორნებს, ფიტნესკლუბებსა და სილამაზის სალონებს.

სამრეცხაო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელიც ეკოლოგიურად არ აბინძურებს გარემოს. სამუშაოს მუშაობის მაღალ ხარისხს უპირველესად განაპირობებს აღნიშულ სფეროში გამოცდილების მქონე კვალიფიციური პერსონალი.

[red_box]რეცხვა, შრობა და დაუთოება[/red_box]

ქიმწმენდის აპარატი
ქიმწმენდის აპარატი

სამრეცხაოში რეცხვა, შრობა და დაუთოება უახლესი თურქული და გერმანული დანადგარებით ხორციელდება. ლაქების დამუშავებისათვის უმაღლესი ხარისხის ქიმიური საშუალებები და სპეციალური აპარატი გამოიყენება. სასურველი შედეგის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, ხელით მუშავდება ცალკეული ლაქა.

რეცხვისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სარეცხ საშუალებებს. საბოლოოდ, პროდუქცია მოწმდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ და საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაღალტექნოლოგიური პრესის აპარატით ან ორთქლის უთოთი უთოვდება.

[red_box]ქიმწმენდა[/red_box]

ქიმწმენდის მომსახურება და ლაქების ქიმიური დამუშავება მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ წამოებს უახლესი გერმანული აპარატურის მეშვეობით.

რთულად ამოსაყვანი ლაქების დასამუშავებელი აპარატი [მარჯვნივ] და საუთოვებელი ყალიბი
რთულად ამოსაყვანი ლაქების დასამუშავებელი აპარატი [მარჯვნივ] და საუთოვებელი ყალიბი.

[red_box]ფიზიკური პირებისათვის[/red_box]

სამრეცხაოში რეცხვა და შრობა ფიზიკური პირისათვის წარმოებს ინდივიდუალურად, რისთვისაც გამოიყენება გერმანული წარმოების უფრო მცირე ზომის სარეცხი და საშრობი მანქანები. ყოველი რეცხვის შემდგომ მანქანები დეზინფიცირდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი სამრეცხაოთი მომსახურების უსაფრთხოებას.

[red_box]კორპორატიული თანამშრომლობა[/red_box]

კორპორატიული კლიენტებისათვის მეტად ხელსაყრელია ლოიალური ფასების სისტემა. იგი გულისხმობს ინდივიდუალურ სატარიფო გეგმას, რომელიც თითოეული კლიენტის მოთხოვნებს ერგება. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ფიტნესკლუბებისა თუ სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის.

სამრეცხაო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით
სამრეცხაო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით

[red_box]მიტანის სერვისი[/red_box]

მიტანის სერვისი შეთანხმებულ დროში ხორციელდება და ბათუმის მასშტაბით უფასოა. ჩვენი მომსახურება დაგარწმუნებთ, რომ თითოეულ შეკვეთას გულისხმიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

სამუშაო საათები: ყოველდღე, 1000 – 1900

მისამართი: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #118

დაგვიკავშირდით: 599 57 57 97

 

შეწყალებულმა კაცი მოკლა, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სოსო დრობიშევს მიუსაჯა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. მსჯავრდებული მკვლელობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებულია. მას 1995 წელს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. სასჯელის ამ სახის გაუქმების შემდეგ კი, ვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს სოსო დრობიშევი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ლუდის საყიდლად სოფელ ცეცხლაურში მდებარე სუპერმარკეტში სოსო დრობიშევი 29 ივლისს, საღამოს 11 საათზე შევიდა. მაღაზიის ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, მსჯავრდებულს მაღაზიაში მყოფ ორ პირთან შელაპარაკება ჰქონდა, მათ შორის, ზურაბ სურმანიძესთან, რომელიც გარდაიცვალა. შელაპარაკების შემდეგ დრობიშევი მარკეტს ტოვებს და რამდენიმე წუთში დანით ხელში ბრუნდება უკან. კონფლიქტი მაღაზიის გარეთ გრძელდება, სადაც მსჯავრდებულმა 44 წლის გურამ სურმანიძეს მუცლის არეში დანა დაარტყა.

“მაღაზიაში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მან ეს ვერ აიტანა და განზრახ მკვლელობა განიზრახა,”- მიმართა მოსამართლეს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

“ასე არ ყოფილა,”-  თქვა ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმა. – „ბრალდებულს არაფერი ჰქონდა საერთო გარდაცვლილთან… თუ კარგად დააკვირდებით კადრებს, ჩანს, რომ კონფლიქტი დაიწყო მაღაზიაში ვინმე ნარიმანის შესვლის მომენტიდან. ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო უმიზეზოდ გინება. ის სოსოს ფიზიკურადაც თავს დაესხა… ბრალდებული ვერ გაუმკლავდა ამ ძალადობას და წავიდა სახლში, რომ საკუთარი ღირსება დაეცვა. რეალურად ეს ამბავი ნარიმანის გამო მოხდა, რომელიც ახლა თავისუფლად დასეირნობს”.

დანის დარტყმის შემდეგ ზურაბ სურმანიძე საკუთარი სახლისკენ წავიდა. გამოძიების ვერსიით, მას უკან გამოედევნა სოსო დრობიშევი, რასაც სასამართლო პროცესზე ბრალდებული უარყოფდა.

„მას ჯერ კიდევ შეეძლო სიარული, სისხლი სდიოდა,” – განაგრძო პროკურორმა. – „სახლთან საკუთარი ბიჭი დახვდა, რომელსაც უთხრა, მომდევენ, დაიმალეთო… ბიჭმა ქვების სროლა დაუწყო ბრალდებულს, რომელიც დანით ხელში მისდევდა დაჭრილს”.

დაჭრილი რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

„იგი გარდაიცვალა სისხლნაკლებობის გამო,” – აღნიშნა ადვოკატმა. მისი თქმით, დაჭრილი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და არა დანით მიყენებული ჭრილობის სიმძიმის გამო.

პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ადვოკატს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შეახსენა, სადაც წერია, რომ “პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს და მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ჰქონდა…”

შემთხვევის შემდეგ ბრალდებული მიიმალა. პროკურორმა თქვა, რომ სოსო დრობიშევი თავდაპირველად მდინარის პირას, ხიდის ქვეშ იმალებოდა, შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ კი, მსჯავრდებული ქუთაისში დააკავეს.

„თქვენ მოისმინეთ ბრალდებულის ჩვენება, როცა მან თქვა, რომ მკვლელობის მიზანი არ ჰქონია და ეს მიზანი რომ ჰქონოდა, ამის გამოცდილება ჰქონდა და იოლად გააკეთებდა ამას,“ – დასძინა პროკურორმა. მან ისიც თქვა, რომ ამ ჩვენების შემდეგ გამოძიებამ ექსპერტიზა დანიშნა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელი აღმოჩნდა.

„პირველ რიგში, განაჩენის სისწორეში თქვენმა ჩვენებამ დამარწმუნა,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულს სხდომის დასრულებამდე.

 

მოდილიანის ცნობილი ტილოს ქვეშ მხატვრის საყვარლის ფარული პორტრეტი აღმოაჩინეს

„ტეიტ გალერეის“ რენტგენოლოგიური ტესტის საშუალებით მოდილიანის ცნობილი ნახატის ქვეშ სხვა, დაფარული პორტრეტი აღმოაჩინეს, რომელზეც მხატვრის საყვარელი და მუზა, ინგლისელი მწერალი, ბეატრის ჰასტინგსია გამოსახული.

ჰასტინგსის პორტრეტი მხატვარმა საღებავით დაფარა და 1917 წელს სხვა ქალის პორტრეტი გადაახატა. ტილო ლონდონის „ტეიტ გალერეაშია“ დაცული.

ბეატრის ჰასტინგსი პარიზში. 1918 წელი/ფოტო: tate.org.uk

მოდილიანისა და ბეატრის ჰასტინგსის ორწლიანი რომანი 1916 წელს დასრულდა. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ ჰასტინგსის პორტრეტის დაფარვით მხატვარმა ყოფილი საყვარლის საკუთარი ცხოვრებიდან წაშლა სცადა სიმბოლურად.

მოდილიანის ნახატებს წაგრძელებული პორტრეტებით ცნობენ, ასეთი იყო უკვე მხატვრის ხელწერა 1917-1918 წლებში, როცა მან ბეატრის ჰასტინგსის გამოსახულება სხვა ქალის პორტრეტით დაფარა.

ეს ტილო 2105 წელს 113 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და იმ პერიოდში აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ მეორე ნახატად იქცა.

მოდილიანიმ  ნახატი რამდენიმე ფრანკად გაყიდა, 1919 წელს კი ყველაფერს, რაც კი სახელოსნოში მოეძევებოდა, მხოლოდ 100 ფუნტ სტერლინგად სთავაზობდა მყიდველს. 35 წლის მხატვარი 1920 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზური მენინგიტით.

ნახატი, რომლის ქვეშაც ბეატრის ჰასტინგსის პორტრეტი აღმოაჩინეს

 ბეატრის ჰასტინგსის ახალაღმოჩენილი პორტრეტი ცნობილი ტილოს ქვეშ

ტრაგიკულად დასრულდა ბეატრის ჰასტინგსის ცხოვრებაც, მას ალკოჰოლისგან შეერყა ჯანმრთელობა და ექიმები ვეღარ შველოდნენ. 1943 წელს ლონდონში ბეატრის ჰასტინგსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოდილიანის რამდენიმე პორტრეტი სწორედ ბეატრის ჰასტინგსის შთაგონებით შეიქმნა.

ამადეო მოდილიანი. ფოტო: tate.org.uk

„ტეიტ გალერეის“ აღწერის მიხედვით, 1910-იანი წლების პარიზის ბოჰემურ წრეებშიც კი ეს წყვილი განსაკუთრებული თავაშვებულობით გამოირჩეოდა. მოდილიანის შესახებ ამავე გალერეაში დაცული ინფორმაციის მიხედვით, მოდილიანი აბსენტის, ღვინის, ჰაშიშის თრობის ბურუსში ცხოვრობდა, ბარის დახლებზე ცეკვავდა, ხმამაღლა კითხულობდა იტალიურ ლექსებს და ხშირად ტეხდა აურზაურს ქუჩაში, ღამით.

როგორც ცნობილია, მოდილიანი და ჰასტინგსი ხშირად სვამდნენ ერთად და ბევრს ჩხუბობდნენ.

ჰასტინგსის დაფარული პორტრეტი ტილოს ტექნიკური დათვალიერებისას გამომჟღავნდა. მუზეუმები და ხელოვნების ისტორიკოსები მთელი მსოფლიოდან „ტეიტის“ მიერ მომზადებული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობენ, რაც ნახატების შემოწმება-ტესტირებასაც გულისხმობს. ამავე პროექტის ფარგლებში, „ტეიტ მოდერნის გალერეაში“ მოდილიანის გამოფენაა გახსნილი, მხატვრის ტილოები გალერეაში 2 აპრილამდე დარჩება.

                                                                                       ბეატრის ჰასტინგსი მოდილიანის ტილოებზე

წყარო: theguardian

 

დღეიდან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

„ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა,“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ რელიზში.

გარდა ამისა, აღნიშნული წესით მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართობის მოწყობის კუთხით. კერძოდ, სავალუტო პუნქტი/ფილიალი ვალდებულია სალაროსთან, ქართულად და ინგლისურად  განათავსოს შემდეგი სახის ინფორმაცია მსხვილი [მინიმუმ 28] შრიფტით:

[checklist]

  •  „ვიყენებთ საკომისიოს – We are using commision fee“ (არსებობის შემთხვევაში);
  • „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში);
  •  „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“;
  • „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში! – Transaction can be cancelled within 30 minutes after you receive the receipt!“.

[/checklist]

სავალუტო პუნქტი/ფილიალი ასევე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

[checklist]

  • ვალუტის დასახელება;
  • ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);
  • ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);

[/checklist]

ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ. რაც შეეხება მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულ გადამცვლელ პუნქტებს, მათ საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით უნდა განახორციელონ.

Exit mobile version