მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით პლაჟთან მდებარე ნაკვეთს აუქციონზე არ გაიტანენ

10.05.2018
ქობულეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით პლაჟთან მდებარე ნაკვეთს აუქციონზე არ გაიტანენ

ქობულეთის საკრებულომ დღეს, 10 მაისს, უარი თქვა პლაჟთან მდებარე იმ ნაკვეთის აუქციონზე გატანაზე, რომელსაც შპს „ჰავანა“ ითხოვდა. საკრებულომ უარი თქვა იმ მოტივით, რომ იკეტება ზღვაზე გადასასვლელი.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, მერია საკრებულოს ამ ქონების გადაცემას ორი წლის ვადით, იჯარის წესით, გასასხვისებლად ითხოვდა. მერის მიმართვაში ასევე ნათქვამი იყო დაინტერესებული პირის – „ჰავანას“ შესახებ. თუმცა, დღეს, როგორც საკრებულოზე ითქვა, მერიამ ნაკვეთის გასხვისება გადაიფიქრა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია ითხოვს დიდ ტერიტორიას [1500 კვ.მ], რაც ზღვაზე გასასვლელს ჩაკეტავს: „მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ“.

სხდომაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ კომპანიას უკვე აქვს აღებული იჯარით ნაკვეთი, სადაც სანიაღვრე სისტემა ვერ მოაწესრიგა და ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ შექმნა: „დავუმატოთ კი არა, დასაჯარიმებელია“.

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“ არჩილ დუმბაძემ. მან თქვა, რომ ამ ნაკვეთთან მიმართებაში შეიქმნა კონკურენტული გარემო და იქცა „ყბადაღებულ თემად“. საკრებულოს წევრის თქმით, ის ამ თემას „ბოლომდე და ვაჟკაცურად“ მიყვება: „კონკურენტული გარემოს შექმნა ქონების აუქციონის წესით გაცემის მიზანია, რომ ქონება მაქსიმალურად მაღალ ფასად გასხვისდეს“.

თავმჯდომარის განცხადებით, კი ის საკითხიც გადასაწყვეტია – ზღვისპირა ზოლში მიწის ნაკვეთები გაიცეს იჯარით, თუ გაიყიდოს.

შპს „ჰავანა“ ქობულეთის მერიისგან აღმაშენებლის გამზირის #279/285-ის მიმდებარედ 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს მასზე მსუბუქი შენობა-ნაგებობის განთავსებისა და ტურისტულ გასართობი კომპლექსის მოწყობის მიზნით ითხოვს. კომპანია ამ ადგილზე კლუბის, კაფეს, რესტორნის, საბილიარდოს, ღია აუზის, სატრენაჟორო დარბაზისა და ბავშვთა გასართობი კუთხის მოწყობას გეგმავს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/134639/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: