მთავარი,სიახლეები

„მე სიბერე კაი მინდოდა…“ – 4 მოხუცის ამბავი

01.06.2018 • 4775
„მე სიბერე კაი მინდოდა…“ – 4 მოხუცის ამბავი

„მოხუცს, პირველ რიგში, გარშემომყოფებისგან ყურადღება და სითბო სჭირდება. გეუბნებით, საჭმელზე ნაკლები არაა ეგ…“ – ეს ერთ-ერთმა ხანდაზმულმა გვითხრა, ვისაც სიბერეზე ვესაუბრეთ, დამოკიდებულებაზე, რასაც ისინი ოჯახისა თუ საზოგადოებისგან გრძნობენ, სიმარტოვეზე, პრობლემებზე, რაც 80 წლის და უფრო ასაკოვან ბებიებს აწუხებთ.

„მე რა ჩასაწერი ვარ,“ – ყველა მოხუცის პირველი რეპლიკა ეს იყო, როცა მათი სახლის კარი შევაღეთ და გასაუბრება ვთხოვეთ. იმავდროულად ყველა მათგანს დაეტყო სიხარული და ის, რომ სათქმელი ჰქონდათ.

რატომ უნდა ვიყო სხვაზე დამოკიდებული, როცა 35 წელი ვიმუშავე?

„ჩვენ ყოველთვის დამოკიდებული ვართ სხვაზე,“ – დაიწყო 82 წლის სულიკო გოგუაძემ. ის ლერმონტოვის ქუჩაზე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. 35 წელი სამკერვალო ფაბრიკაში იმუშავა. ახლა ყოველდღე, გათენებამდე იღვიძებს და ბულვარში დადის. ამბობს, რომ ზღვის ჰაერი ყველაფერს შველის. დღის განმავლობაში სულიკო გოგუაძე საოჯახო საქმეებშია ჩართული. ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრებს თვალით ანიშნა, მარტო დამტოვეთო.

„რატომ უნდა ვიყო სხვაზე დამოკიდებული, როცა 35 წელი ვიმუშავე, ჩემს თავს რატომ ვერ უნდა ვარჩენდე?… ისე მიყვარს მოგზაურობა…“  – მიყვება ის. ვიდეოკამერის ობიექტივს თვალს არ აცილებს და ხშირად იმეორებს: იწერება?

წახვიდოდით სამოგზაუროდ-მეთქი, ვეკითხები. გაკვირვებით მიყურებს:

„წავიდოდი?  წავიდოდი კი არა, გადავფრინდებოდი ხელათ…

მოხუცს, პირველ რიგში, გარშემომყოფებისგან ყურადღება და სითბო სჭირდება. გეუბნებით, საჭმელზე ნაკლები არაა ეგ, როცა სითბო და სიყვარული გაქვს ოჯახში. მერე, სჭირდება საარსებო წყარო, ფული. 400 ლარი ერთ წამალში დამჭირდა, მეუღლემ გაიკეთა ოპერაცია, რამდენი თვე უნდა ავიღო ახლა მე პენსია, რომ ეს 400 ლარი დავფარო? მთავრობამ, მართალია, დაგვაფინანსა, მაგრამ იმის მერე წამლები რომ გვჭირდება? რატომ უნდა გამოგვქონდეს ჩვენ თურქეთიდან წამალი? პენსია აუცილებად უნდა გაიზარდოს. ესაა ჩემი სათქმელი.“

სულიკო გოგუაძე ფიქრობს, რომ მოხუცებისთვის მთავარი პრობლემა შესაბამისი საზოგადოებრივი სივრცის არარსებობაა, სადაც მოხუცები შეიკრიბებიან და ერთმანეთს ამბებს მოუყვებიან. „უპატრონოთა სახლს არ ვგულისხმობო“, მაფრთხილებს და ისევ გაკვირვებით მიყურებს, როცა ვეკითხები, რას გააკეთებდნენ ერთად შეკრებილი მოხუცები.

„იმას გავაკეთებდით, რასაც თქვენ, ახალგაზრდები აკეთებთ… ახლა ქუჩაშიც აღარაა მოხუცის ადგილი. დილას ადგა მოხუცი, შეხედა კედლებს, გამოდის ქუჩაში, დაჯდა ერთ ადგილას, უთხრეს, რომ ეს სხვისი ადგილია, ვაჭრობენ, ააყენებენ მოხუცს, ვითომც არაფერი…

ევროპაში ხომაა, მთავრობამ  კარგად იცის ეს, არსებობს სახლები, სადაც მოხუცები დღისით იკრიბებიან, იცეკვო და იმღერო, იმისთვის კი არ არის ეს, მოვუყვებით ერთმანეთს ამბებს, გამოცდილი ხალხია, ბევრმა ლექსის წერაც იცის“.

სულიკო გოგუაძეს მთავრობასა და საზოგადოებასთანაც მოთხოვნა აქვს, ევროპას როცა ახსენებენ, იქაურ მოხუცებზეც ილაპარაკონ:

„მარტო ევროპას კი ნუ უყურებენ, მოხუცებს როგორ ეპყრობიან, ევროპის ქვეყნებიდან გაგიჟებული ჩამოდიან. იქ ფიქრობენ, ერთი ღმერთმა მოხუცობამდე მიმიყვანაო. ჩვენთან პირიქით ფიქრობენ, ღმერთო, მოხუცობამდე ნუ მიმიყვანო“, – დაასრულა სულიკო გოგუაძემ.

მოხუცები ზედმეტი ბარგი ვართ

„სიბერე არაა კარგი, არ მომწონს, მაგრამ გარდაუვალია,“ – სევდიანი ღიმილით იწყებს გულიკო ხოჭოლავა თხრობას. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ რთულია, როცა შვილები ცალკე ცხოვრობენ, რადგან „თავისებური სითბო უნდა მოხუცს.“ გულიკო ხოჭოლავას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება, შესაძლოა, კარგია, მაგრამ ამას მიჩვევა უნდა.

„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო, ამბობენ, მაგრამ როგორ? თვალში დაგაკლდება, ყურში დაგაკლდება და როგორ იქნება ტკბილი… შვილები ცალ-ცალკე არიან. მაინც არაა ისეთი სითბო, როცა ერთ ოჯახად ხარ, თავისებური სითბო უნდა მოხუცს. მარტო როცა ცხოვრობ, არაა ასე. ჩვენ, მოხუცები ერთმანეთის იმედათ არ ვართ… მე მინდა, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ არ გამოდის ყოველთვის ასე. ახალგაზრდა როცა ხარ, არა უშავს მარტო ცხოვრებას, მაგრამ… ახლა ისინი უკვე შეჩვეული არიან დამოუკიდებელ ცხოვრებას“, – ამბობს ის.

გულიკო ხოჭოლავაც სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა, მუშაობა ახლაც სურს. „სამუშაო ადგილი რომ იყოს, რატომ არ ვიმუშავებდი? ენა მაქვს, ხელი მაქვს და ტვინი მაქვს, მაგრამ სადაა სამუშაო?“ – გვეკითხება ის.

რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მოხუცების მიმართ? – გულიკო ხოჭოლავა ისევ შეკითხვით ასრულებს სათქმელს:

„ჩვენთან აბსოლუტურად არ ზრუნავენ მოხუცებზე. ჩვენ ვართ ისე, მიგდებული. ზედმეტი ბარგი ვართ, ზედმეტი. იმდენი ხალხია უმუშევარი, მოხუცი ვის აინტერესებს?“

ახლა მაღლივი კორპუსების მშენებლობებზე დარდობს გულიკო ხოჭოლავა:

„აგერ 24-სართულიანს აშენებენ, იგერ – უკვე ააშენეს, უკან ააშენეს, წინ ააშენეს, ჩვენ ჩავვარდით, სულ ცემენტში და ქვაში ვართ, არც ჰაერია, ყველა სახლი მიბჯენილია ერთმანეთს… კიდევ ჩვენთან შემოდიან ეზოში, რადგან ჩამოსაჯდომი აღარაა არსად, ესაა ცხოვრება?“

აქტიურად უნდა იყოს მოხუცი ჩართული საქმეში

„სამუშაო მინდა, უმუშევრობას ვერ ვეგუები,“ – ეს შეხვედრისთანავე გვითხრა 79 წლის გუგული დევაძემ. იგი შარაბიძეების დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაგვხვდა. სადარბაზოს კიბეებს მივუყვებით. 45 წელი სხვადასხვა საბავშვო ბაღში პედაგოგად ვმუშაობდი, მერე შემამცირეს და დავრჩი ასეო.

გუგული დევაძე შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მეუღლე – გარდაცვლილია. შუადღისას სახლში არავინაა. გუგული დევაძე მარტოობას ვერ უძლებს. „რამდენჯერ ჩავალ ეზოში და ამოვალ, ვინ იცისო,“ – იცინის.

„აქტიურად უნდა იყოს მოხუცი ჩართული საქმეში,“ – მაგიდასთან ჯდება და განაგრძობს, – „ვისაც შეძლება აქვს, უნდა იმუშაოს. მაგალითად, ჩემისთანა ხალხი ნამდვილად უნდა გავიდეს გარეთ, საზოგადოებაში უნდა იყოს. მე 2011 წლიდან შემკვეცეს და დღემდე ვერ მომინელებია, ვერ ვუძლებ სახლში. არ შემიძლია, მარტო ტელევიზორს ვუყურო, რაღაცით უნდა ვიყო დაკავებული. წყალსაქაჩზეც გასაღები მე მაქვს, წყალს ჩავრთავ დილით, იმას ვემსახურები, მერე წითელ ჯვრის ოფისს გავაღებ, მაგის გასაღებიც მე მაქვს, მერე ამოვალ, ოჯახში სადილს გავუმზადებ, სახლს მივალაგებ, სახლს განა რძალი ალაგებს. ყველაფერი მზად მაქვს და ვარ ასე.

კარგი სიბერე კარგია, მაგრამ თუ სიბერე ისეთი გაქვს, რომ გასაქანი არ გაქვს, ცუდია. მე, ჩემდა თავად, ჩემს სიბერეს არ ვემდური. შვილი მყავს ისეთი, მეკითხება, ექიმია, წასვლა-მოსვლაა… ბევრია ისეთი, რომ პენსიის გარდა, არაფერი აქვს.

კარგი სიბერე ნიშნავს იმას, რომ ლოგინად არ იქნები ჩავარდნილი, შენი თავის გაყვანის, გამოყვანის საშუალება გექნება. სიტყვა-პასუხის თქმის უფლება რომ გექნება და ოჯახში რომ ადამიანად გთვლიან, შვილი რომ შეგეკითხება, რა გვიჭირს, რა გვილხინს. არის ასეთი, ბევრია, მოხუცი ხარ და აღარ შეგიძლია, გაჩუმდიო, ასეთი რამ ჩემთან არ არის.

ყურადღებას იჩენენ, მაგრამ ჩვენ მეტი ყურადღება გვინდა. მინდა, მეტი შემოსავალი გვქონდეს, ოჯახს მოვახმარდი, დისკოთეკაზე არ წავალთ ახლა ჩვენ, შვილიშვილებს გავახარებდით, პირველ რიგში. ბავშვი რომ დაგიძახებს, ბებიავ, ფული მინდაო, იმას უნდა მისცე… მე არ მაქვს შვილოო, არ უნდა უთხრა.“

საუბრის ბოლოს გუგული დევაძე იმ ქაღალდს შლის, მანამდე დაკეცილი ხელში რომ ეჭირა. მე არ დამისრულებია, ახლახანს ჩემი დაწერილი ლექსი უნდა წაგიკითხოთ სიბერეზეო. სათვალეს ირგებს და კითხულობს:

„დღეს, როგორც გუშინ დაღამდა, მეც ისევ ისე მარტო ვარ, კიდევ ერთი დღით მოვხუცდი, კიდევ ერთმა დღემ დამტოვა, დღე ასე უჩუმრად გადის, ვერა ვგრძნობ ფერისცვალებას, მე ჩემს მაგივრად მოვკვდები, არავინ მენაცვალება…“

მე სიბერე კაი მინდოდა…

„რომ ავდგები დილას, აგენის ადგომამდე, ჯერ ფანჯარასთან მივალ, წიწილები მყავს, ჩიტები, მტრედები მოდიან, დავუყრი პურს, 15-20 ცალი მოდის, ჭუ-ჭუ-ჭუ-ჭუ იძახიან… მერე გავაკეთებ საჭმელს. შვიდზე, რვაზე თავისუფალი ვარ უკვე. მერე ადგებიან, ოი, ბებიას საჭმელი გაუკეთებიაო. ჩვენ გავაკეთებთო, მეუბნებიან, მარა მე ჩემი გაკეთებული მინდა. დღისით  მცალია და ვქსოვ. ტელევიზორსაც ვუყურებ, მაგრამ პოლიტიკურ ამბებს – არა. პოლიტიკის ყურებით რა იქნება?“

ასიე ხალვაში 84 წლისაა. მიაჩნია, რომ სიბერეში მთავარი ჯანმრთელობის შენარჩუნებაა, დანარჩენს – ეშველება. დარდობს, ყანაში მუშაობა აღარ შემიძლიაო. ბოლო წლებია ქსოვს და ნაქსოვს ყიდის. სიხარულით იხსენებს დღეებს, როცა რამდენიმე წლის წინ წითელი ჯვრის ორგანიზაციიდან თბილისში წაიყვანეს და მისი ნაქსოვი გამოფინეს. ასიე ბებია პირველად მაშინ ჩასულა თბილისში.

„პირველი იყო ჩემი ჩასლა თბილისში. ჰოდა, რომ ევედი, რას ხელობ ბებიაო, მკითხეს. ვუთხარი, რას ვხელობ, ვართავ-მეთქი. რას ართავო, წაღებული მქონდა მატყლის სართავი და დავაბრუნე, დავართე და მალადეც ბებიაო, გადიმიღეს სურათები… თბილისიც ძალიან მომეწონა, მთელ დღეს ვიარეთ, მერე წაგვიყვანეს სასადილოში, ვჭამეთ, ვსვით…“ – გვიყვება ღიმილით.

სხვა მოხუცების მსგავსად ასიე ბებიაც თვლის, რომ მოხუცს თავისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს:

„იმუშაოს იმან და მე მომცეს, ამფერი არ იქნება და არც ვიტყვი. არ მინდა მე სხვისი ნამუშევარი, ჩემი ხელით ნაშრომი მინდა…

ხუთი წლის წინ ყანებს ვთესვიდი, კიტრი იყო, პომიდორი, ლობიო, ვზიდავდი იქედან. ახლა ამას ვეღარ ვხელობ და ქსოვაზე გადავედი, ამას ახლა ორ ლარად გავყიდი,“ – გვიყვება ის და თან ხელით მოქსოვილ ჭურჭლის ტილოს გვაჩვენებს, მანამდე რომ ეფერებოდა ცალი ხელით, -„ადრეც ვქსოვდი, ახალგაზრდობაში, მაგრამ კაცურ საქმესაც ვაკეთებდი, ღობე იქნებოდა, თუ ყანა, ვაკეთებდი ყველაფერს.“

ასიე ხალვაშის ოჯახი წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდა. მოხუცი შემწეობის შეწყვეტას აპროტესტებს და ამბობს, რომ ოჯახში მისი ერთი შვილიშვილის გარდა, დასაქმებული არავინაა.

ასიე ბებიას პრობლემა აქვს პენსიაზეც. რამდენიმე წლის წინ ის შვილიშვილის ქმარს სესხის აღების დროს ბანკში თავდებად დაუდგა. ახლა კრედიტი მისი პენსიიდან იფარება და ხელზე მოხუცი მხოლოდ 30-40 ლარს იღებს.

„არც ვიცოდი, რას მოვაწერე ხელი. შვილს ვეჩხუბები, მე წერა-კითხვა არ ვიცი, შენ რომ წაიკითხე, რაზე მომაწერიე ხელი-მეთქი. პენსიას რომ ვიღებ ახლა, ბაღანასავით ვტირი…“ – ჩერდება მოხუცი და მზერას გვაშორებს.

თქვენთვის როგორია ბედნიერი სიბერე-მეთქი, ვეკითხები. ის ნაქსოვ ნივთებს ერთმანეთზე აწყობს, ალაგებს და განაგრძობს:

„მე სიბერე კაი მინდოდა, მარა არ იქნა კაი… კარგი სიბერე რაფერია და უწვალებელი ცხოვრება. 5 შვილი მყავს, შვილიშვილი – დუთლელი… ჩემი ქმარი საცოდავი იყო, დატანჯული ბავშვობიდან. მეც დატანჯული ვიყავ. მამა დაჭერილი იყო, დედა –  გათხოვდა და ორი ბავშვი დავრჩით, ბიძიამ გაგვზარდა. მეუღლე როგორ გავიცანი და გამაცნეს. ახლა რომ იცნობენ მობილურით, მასე არა. დამინახა და გამაყოლეს. ქორწილი სა იყო იმ დროში. ოი, ისე სუფრა გვქონდა სამხიარულო. სადედოფლო კაბაც არ მეცვა. არ იყო იმ დროში, რა ვიცი…“

მთავარ ფოტოზე: სულიკო გოგუაძე და ასიე ხალვაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: