დღეს, 31 მაისს, ბათუმში ევროპის მოედანზე საზოგადოების ნაწილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა. სოლიდარობის აქციები დღეს, ბათუმს გარდა, ქუთაისსა დაზუგდიდშიც გაიმართა.
მოქალაქეებმა ევროპის მოედანზე, გამოძიების პროცესის არაობიექტურობაზე ისაუბრეს და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
„ჩვენ გამოგიყვანთ კაბინეტებიდან, პარლამენტიდან და ნებისმიერი კაბინეტიდან, სადაც ზიხართ თბილად, რადგან არცერთი ახალგაზრდის სისხლი არ შეგრჩებათ“, – აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი აქ დგომით საკუთარი შვილების სიცოცხლეს იცავენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

#ნუმომკლავ, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს და პროკურატურას მკვლელების დასჯას სთხოვენ
„აღარ განმეორდება გირგვლიანი საქართველოში, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. დაისაჯოს მკვლელი და ისინიც, ვინც ხელს აფარებს მათ“, – აცხადებდნენ აქციაზე გამომსვლელები.