კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე

24.12.2017 • 9502
ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე

ჯუმბერ ალიმოვი 19 წლისაა და ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს. ის ამ დასახლებაში პირველი ბოშაა, ვინც საჯარო სკოლას ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. ჯუმბერს იურისტობა უნდა. ბოშების უფლებები უნდა დავიცვა და საჭიროა კანონების ცოდნაო, – ამბობს ის.

ჯუმბერი არ არის ერთადერთი, ვინც ქობულეთის ბოშათა დასახლებაში გეტყვით, რომ იურისტობა სურს. ქუჩებსა თუ ეზოებში მოთამაშე სხვა ბოშა ბავშვებიც ამბობენ, რომ იურისტობა უნდათ. შეხვდებით გოგონას, ვისაც მოსამართლეობა სურს; ბიჭს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართულის მასწავლებელი გახდება და ბოშებს აუცილებლად ასწავლის ქართულს… შეხვდებით ბავშვებსაც, რომლებიც არ გეტყვიან, რა სურთ, რადგან ისინი აღარ დადიან სკოლაში. მშობლებმა გადაწყვიტეს ასე.

„უნდა გავხდე უფლებათა დამცველი“

„გამარჯობა, მე მქვია ჯუმბერი,“ – მითხრა მან, როცა დირექტორის კაბინეტის კარი შემოაღო და ღიმილიანი მზერა შემოგვაგება.

„…გასულ წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა გამოცდა ქართულში, ჯუმბერმა 40-დან 38 ქულა აიღო, ყველა ქართველ თანაკლასელს აჯობა. იმედი მაქვს, აწი აღარ გაზარმაცდება,“ – გვიყვება ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი. საუბარში ეტყობა, ბოშა ბავშვების თემა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბავშვივით უხარია, ჯუმბერის ჩასაწერად რომ მივედით.

სკოლის დირექტორს დროებით ვემშვიდობებით. მე და ჯუმბერი ერთ-ერთ დაცარიელებულ საკლასო ოთახში გავდივართ.

„უფლებათა დამცველი უნდა გავხდე, ეთნიკური უმცირესობები მინდა დავიცვა, განსაკუთრებით – ბოშები,“ – დაიწყო ჯუმბერმა. – „ინფორმაცია არ აქვთ ბევრ რამეზე, არ იციან, რის უფლება აქვთ, განცხადების დაწერაც უჭირთ. არჩევნებზე მიდიან, ხმას აძლევენ, მაგრამ არ იციან, რატომ… არც ინფორმაცია აქვთ კანდიდატებზე. არ იციან ჩვენს თემში როგორ მივიდნენ, მაგალითად, საბავშვო ბაღში, ქართული ენის ცოდნაც პრობლემაა… ამიტომაცაა მერე, რომ სწავლას ანებებენ თავს ბოშა ბავშვები. წარმოიდგინე, ენა არ იცი, შენი თანაკლასელები წინ მიდიან, შენ კი ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნი, არაკომფორტულად გრძნობენ თავს, აბა, რა.

მეც არ ვიცოდი თავიდან კარგად ქართული ენა, მაგრამ სულ მინდოდა, რომ მესწავლა, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე… თბილისში ვცხოვრობდით. მერე მამამ თქვა, ქობულეთში უკეთესიაო და წამოვედით. ბაბუა და ბებია მანამდეც აქ ცხოვრობდნენ. თბილისში ევანგელისტების საკვირაო სკოლაში დავდიოდი და იქ ვისწავლე ცოტა ქართული. ოჯახში ბოშურად ვსაუბრობთ ყველა. ისტორია მიყვარს ძალიან, ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა… 7 წლის წინ მოვედი ამ სკოლაში, რამდენიმე კლასი ექსტერნად გავიარე. თავიდან კლასში შვიდი ბოშა ვიყავით, ახლა მარტო მე ვარ. ქართველ ბავშვებთან თავიდან მიჭირდა ურთიერთობა, ენა არ ვიცოდი და გავურბოდი. მერე შევეჩვიე ყველაფერს. ახლა ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ერთად ვერთობით, ზღვაზე დავდივართ…

დედაჩემი ყოველდღე ვაჭრობს. დილით საჭმელს გვიმზადებს და მიდის, საღამოს ბრუნდება. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ სოციალურ დახმარებას ვიღებთ… მამა სახლშია და ჩვენ გვივლის. სამი და მყავს, მაგრამ ორი ავადაა, უსინათლოები არიან, მესამე და დანარჩენებს უვლის და, ძირითადად, სახლშია, ის სკოლაში არ დადის. უფროსი ძმა სახლშია, ახლა არ მუშაობს. კიდევ ერთი პატარა ძმა მყავს. პირველ კლასშია და მასაც უყვარს სწავლა. მინდა, რომ მანაც დაამთავროს სკოლა.“

ჯუმბერ ალიმოვი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ჯუმბერ ალიმოვი თანაკლასალებთან ერთად. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გასულ წელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქობულეთში ჩატარებულ ესეის კონკურსში ჯუმბერ ალიმოვის ნამუშევარმა გაიმარჯვა. ესეიში ჯუმბერი წერს:

„…ჩვენი ეკლესიის მწყემსი, რომა ამბობს, რომ ღმერთს ყველა უყვარს და ჩვენც ყველა უნდა გვიყვარდესო. ჩემს მუსლიმ თანაკლასელ ზურას რამდენიმე წლის წინ უხერხული სიტუაცია შეექმნა – მედრესეში ბავშვებს ახალ შენობაში არ უშვებდნენ. დაკლული ღორის თავი მიუჭედეს სასწავლებლის კარზე. განვიცადეთ და გვეტკინა. ალბათ უკეთესი იქნებოდა იქ, მედრესესთან მივსულიყავით დასახმარებლად, მაგრამ გაბრაზებული ხალხის შეგვეშინდა…“

„ისევ გვეუბნებიან მშობლები, „ციგანთან“ არ დასვა ჩემი შვილიო“

„სინამდვილეში ჯუმბერს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება, ყველაფერს არ მოგიყვებოდათ, გაგებული გექნებათ, განსაკუთრებულად ამაყები არიან ბოშები,“ – მითხრა ნარგიზ ჯინჭარაძემ, როცა ჯუმბერი გაკვეთილს დაუბრუნდა და მე ისევ დირექტორთან შევედი.

„ოჯახს ძალიან უჭირს სოციალურად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ორ ოთახში რვა სული. გარემოც არ აქვს ჯუმბერს, რომ იმეცადინოს. ინგლისურში მომზადება სჭირდება… მე ვთხოვე ჩვენს ერთ პედაგოგს, რომ დაეხმაროს. ვნახოთ, რა გამოვა. ჯუმბერი წელს ვარშავაში წავიყვანეთ, ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ ისმენენ ანგარიშებს. სიტყვით გამოვიდა. ყველა გაისუსა, ბოშა ბავშვი საუბრობსო და ყურადღებით უსმენდნენ. მან განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე ისაუბრა, სახელმწიფო ენის ცოდნაზე… იქ გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ჯუმბერმა უნგრეთში მიიღოს უმაღლესი განათლება. ამისთვის ინგლისური ენის კარგად ცოდნაა საჭირო. ოჯახს შევთავაზე ჯუმბერის პანსიონში გადაყვანა, მაგრამ წინააღმდეგი არიან. ასეთი არიან ზოგადად, რაც არ უნდა უჭირდეთ, შვილებს აჭმევენ, თვითონ არ შეჭამენ და შვილს არ მოიშორებენ…“ – გვიყვება ნარგიზ ჯინჭარაძე.

[red_box]ბოშა ბავშვები პირველად ქობულეთის #5 სკოლაში 2008 წელს მიიყვანეს. მაშინაც სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე იყო. ახლა ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მცხოვრები ბოშებიდან ყველაზე აქტიურად სკოლაში ქობულეთელი ბოშები დადიან. ქობულეთში სულ 220 ბოშა ცხოვრობს. 75 ბოშა ბავშვი სკოლის მოსწავლეა, თუმცა ტენდენცია საერთოა – მეექვსე-მეშვიდე კლასის დასრულების შემდეგ ბოშები სწავლას თავს ანებებენ.[/red_box]

„რომ მიხვიდეთ მშობელთან, გიპასუხებს, რომ თვითონ ბავშვს აღარ უნდა სწავლაო. არადა ვიცით, რომ არაა ასე,“ – საუბარში ელისო სამხარაძე ერთვება, ის #5 სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა. – „გეტყვიან, რომ ბავშვები უკვე მუშაობენ, არ სცალიათ. გოგონების შემთხვევაში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მეტი სწავლა გოგოსთვის საჭირო არ არის… მთავარი პრობლემა ისევ ენის არცოდნაა. იციან, მაგრამ კარგად არა. ბოშები ქართველებს დიდად მაინც არ ერევიან. მეც აქ გავიზარდე, ამ უბანში. მახსოვს, არ ვთამაშობდით ბოშა ბავშვებთან. მშობლებიც გვეუბნებოდნენ, არ ითამაშოთ მაგენთან, სუფთა არ არიანო და არ ვეკარებოდით. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა, მაგრამ ახლაც არსებობენ მშობლები, რომლებიც გეტყვიან, ციგანთან არ დასვა ჩემი ბავშვიო. თავად ბოშებშიც არსებობენ, ასე ვთქვათ, დაწინაურებული ოჯახები. ერთი „დაწინაურებული“ ბოშა მშობელი ამას წინათ მეუბნება, არ მინდა, ბოშასთან დასვა ჩემი შვილიო.“

ნარგიზ ჯინჭარაძე: „გაგიკვირდებათ, ზოგჯერ ისეთი მშობელი მოდის, განათლებული რომაა, თავი მოსწონს და გეტყვის, რომ თუ კლასში ბოშა იქნება, ბავშვს არ შემოიყვანს, ციგნებისგან ბავშვი კარგს რას ისწავლისო. მეც ჯიუტად ვპასუხობ, რომ კლასში ბოშები იქნებიან. ბევრი მშობელი მიდის ამის გამო. არსებობს ერთგვარი იარლიყიც, რომ ეს „ციგნების“ სკოლაა.“

ქობულეთის #5 სკოლის ადმინისტრაცია ამჯერად ცდილობს ზუსტად დაადგინოს, რის გამო ტოვებენ ბოშა ბავშვები სკოლას და რატომაა ჯუმბერი გამონაკლისი. ნარგიზ ჯინჭარაძე ფიქრობს, რომ ბარიერს ძირითადად ქართული ენის ფლობის დონე იწვევს – ბოშა ბავშვები ქართველებს ვერ ეწევიან.

„სპეციალურად გადავემზადე, ცალკე გამოცდა ჩავაბარე და პირველ კლასში შევედი მასწავლებლად,“ – განაგრძობს სკოლის დირექტორი. -„ქართველ ბავშვებს ბოშებისგან განსხვავებით უკვე გავლილი აქვთ საბავშვო ბაღი, რაღაცები უკვე იციან, ბოშა ბავშვებთან კი ოჯახშიც არ საუბრობენ ქართულად. ამიტომ წელს ასე გადავწყვიტეთ, რომ ბოშა პირველკლასელებს ცალკე უტარდებათ ქართულში გაკვეთილი. ეს დარღვევაა, ასე არ შეიძლება, მაგრამ სასწავლო გეგმაში დავასაბუთე, რომ ეს საჭიროა. თუკი ბოშა ბავშვების ქართული ენის ცოდნის დონე ქართველი მოსწავლეების ცოდნას გაუთანაბრდება, ვფიქრობ, ბარიერიც აღარ იარსებებს,“ – დასძენს ნარგიზ ჯინჭარაძე.

ინტეგრაციის პრობლემის დასაძლევად საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში მხოლოდ „სოციალური ინკლუზიის პროგრამას“ ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში ქობულეთის სკოლაში თეატრის, ცეკვისა და კითხვის კლუბებია გახსნილი. ბოშა და ქართველი ბავშვები ერთად ატარებენ თავისუფალ დროს.

რა არის საჭირო ბოშათა თემში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? – ნარგიზ ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ბოშებისთვის სოციალური სახლის აშენებაზე უნდა იზრუნოს, რადგან მათი უმრავლესობა ნაქირავებში ცხოვრობს და უჭირს.

„მაგალითად, შაბანოვების სახლი რომ ნახოთ, იქ იმდენი ადამიანი ცხოვრობს ერთად, იფიქრებ, აქ ფეხზე დამდგარი როგორ ჩერდებიანო. იქ რა უნდა ისწავლოს ბავშვმა? ხშირად მოზარდს სთხოვენ, მუშაობა დაიწყოს, ან უმცროსი და-ძმების მოვლას ავალებენ… მქონდა იდეაც, რომ თვითმმართველობას შეექმნა მობილური ჯგუფი, სადაც სოციალური მუშაკებიც იქნებიან, ფსიქოლოგებიც, გამგეობის წარმომადგენელი და სკოლა. სხვადასხვა პრობლემაა, მაგალითად, ბოშა მშობლები. აცრებს დღემდე არ უკეთებენ ბავშვებს. თვითმმართველობიდან დიდად დაინტერესება არ ჩანს…“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.

„საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ამ უბანში ცხოვრობს, ეს სკოლა დაამთავრა და ისიც არ ინტერესდება,“ – დასძინა ელისო სამხარაძემ.

„როგორ არა, იყო მოსული ჩვენთან, 41-ე ნომერია ეგ“, – თქვა ჯუმბერმა, რომელიც გაკვეთილის დასრულების შემდეგ შემოგვიერთდა.

რამდენად ინფორმირებულნი არიან ბოშები წინასაარჩევნო პროცესზე – ამ თემაზე სიუჟეტი „ტელეარხ 25“-ს ჰქონდა, სადაც ჩანდა, რომ ბოშებმა არ იცოდნენ, ვინ არიან ქობულეთში მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები. ამ სიუჟეტის შემდეგ მისულან ბოშათა დასახლებაში კანდიდატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „გზას გაგიკეთებთ, სტადიონსაცო, ასე თქვეს და რა ვიცი…“ – დაასრულა ჯუმბერმა.

„მინდოდა, დამემთავრებინა სკოლა, მაგრამ…“

ბოშების დასახელების მხიარულმა ბავშვებმა მაშინვე დამალვა სცადეს, როგორც კი მათკენ მიმართული ფოტოაპარატი დააფიქსირეს. შორიდან გამოგვძახეს, მშობლები შინ არ არიან და უცხოებთან ლაპარაკის უფლება არ გვაქვსო.

დასახლებაში სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე – ელისო სამხარაძე გაგვყვა. წინასწარ ვიცოდით, რომ მათთვის სანდო ადამიანის გარეშე არ დაგველაპარაკებოდნენ. ელისომ გვითხრა, რომ ბოშა ბავშვები ხშირად აცდენენ სკოლას, რადგან წვიმაში შესაბამისი ტანსაცმელი არ აქვთ. დედები დღისით ვაჭრობენ, მამები კი, ძირითადად, სახლში არიან, ბავშვებს აჭმევენ, სკოლაში აკითხავენ…

ასლანოვების სახლთან გავჩერდით. ბავშვებმა გვითხრეს, რომ გაგვეცნობიან, „ვიდრე მამას სძინავს“.

მიშა ასლანოვი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მაგალითად, მეოთხეკლასელმა მიშა ასლანოვმა გვითხრა, რომ კარგად სწავლობს, უნდა, რომ იურისტი გახდეს და აუცილებლად იმუშავებს, როცა დიდი გაიზრდება.

გარეთ გამოგვხედა ქრისტინა ასლანოვამაც. ჯერ პატარა ძმის საუბარს უსმინა, მერე სევდიანი მზერით მაგრძნობინა, რომ სათქმელი მასაც ჰქონდა. თქვა, რომ 15 წლისაა და სკოლაში აღარ დადის. გაჩუმდა და ჭიშკრის ძირს მიაჩერდა. რამდენიმე კითხვას პაუზით შეხვდა, მერე მიპასუხა, ოღონდ ისევ მიწისკენ მიმართული მზერით:

„მერვე კლასში უნდა ვიყო ახლა… სწავლა მიყვარს. მინდოდა დამემთავრებინა სკოლა… არავინ არ მიშლის, მაგრამ აღარ დავდივარ, რა ვიცი. ბავშვს ვუვლი. ჩემს დას მეორე ბავშვი შეეძინა და მე მომაბარეს“.

ქრისტინა ასლანოვა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მერვე კლასშია ნანა მელემედოვა. ის სახლის ეზოში დაგვხდა, სარეცხს რეცხავდა და უცებ გაუშტერდა მზერა, როცა სასწავლო ნაწილის გამგეს მოჰკრა თვალი. სახლი წვიმისგან დატბორილი დაგვხდა. აქ სულ 20 ბოშა ცხოვრობსო, გვითხრა ელისომ.

„ნანა, რატომ არ იყავი დღეს სკოლაში?“ – გაუმეორა კითხვა ნანას ელისო სამხარაძემ.

„ვერ მოვახერხე, მას, ბევრი საქმე მქონდა,“ – თქვა მან და ჟურნალისტების მისვლის მიზეზით დაინტერესდა.

„დედა და მამა სახლში არ არიან. ჩემი ძმაა სახლში, ვოვა. მაგან მიატოვა სწავლა და ცოლი მოიყვანა. უკვე ბიჭი ჰყავთ. მე ვერ ვმეცადინეობ, არ მაქვს საშუალება… მინდა, რომ სკოლა დავასრულო. მოსამართლე უნდა გავხდე,“ – მითხრა ნანამ რუსულად. ქართული აქამდე კიდევ ვერ ვისწავლეო, დასძინა.

ნანას დაჟინებული და პირქუში მზერა მაშინ შეეცვალა, როცა ვკითხე, მოსამართლეობა რატომ გინდა-მეთქი. „როცა ამდენი დანაშაული ხდება ყველგან“, – მიპასუხა მან.

დიალოგს ნანას ძმა, ვოვა და მისი ცოლი ალბინა მელიასანოვა შემოუერთდნენ. სახლს გვათვალიერებინებენ, თან გვიყვებიან.

ვოვა მელემედოვი: „კარგად ვერ ვსწავლობდი, ამიტომ დავანებე სწავლას თავი. ტანსაცმელი არ მქონდა, ვერ ვმეცადინეობდი, სახლში სულ ხმაური იყო. ქართული წერა-კითხვა ვიცი, ისე…“

ალბინა მელიასანოვა: „მე თბილისში ვსწავლობდი სკოლაში. მე-11 კლასს ვამთავრებდი, როცა გამათხოვეს. ბაბუამ თქვა, ასეა საჭიროო. მეც მინდოდა გათხოვება. მე მინდოდა ჯარისკაცი გავმხდარიყავი… ჩემი შვილი როცა გაიზრდება, ბაღშიც მივიყვან და სკოლაშიც. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვის ვახსოვართ… სოციალური მუშაკები მოდიან, გვიღიმიან და მიდიან“.

ოთახში, სადაც გახუნებული ჭრელი ნოხები ბევრგან ეკიდა, კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა. გვითხრა, ინტერვიუ უნდა მოგცეთო:

„მე რუსლან მელიასანოვი ვარ, ალბინას ძმა. ჩემით ვმეცადინეობ, არავინ მეხმარება. მე ქართულის მასწავლებელი გავხდები და ბოშებს ვასწავლი ქართულს. მე აქამდე მუშა ბიჭი ვიყავი. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით და ჯართს ვაგროვებდით ქუჩაში. ახლა აქ ნაქირავებში ვცხოვრობთ, მაგრამ კარგად ვართ. დედა და მამაც წასულები არიან სამუშაოდ, მე აღარ ვმუშაობ იმიტომ, რომ არ მცალია. „ბრეიქ დანსსაც“ გადასარევად ვცეკვავ, ფეხბურთზეც უნდა წავიდე წელს. 9 წლის ვარ, მალე ათის გავხდები. შეგიძლიათ წინასწარ მომილოცოთ“.

რუსლან მელიასანოვი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

განათლების სამინისტრო: ვინც სკოლაში აღარ დადის, შეუძლია სპექტაკლში ითამაშოს

„ეს მათი ცხოვრების წესია და ჩვენ ამას ასე უცებ ვერ შევცვლით. ასეთია მათი ტრადიცია, კულტურა და მენტალიტეტი საუკუნეების განმავლობაში,“ – გვითხრა რუსუდან სალუქვაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორის მოადგილემ. მას ვკითხეთ, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია ბოშა ბავშვებზე, რომლებზეც მშობლები ძალადობენ და სკოლაში წასვლის უფლებას არ აძლევენ.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ, ზოგადად, არის ეს შემთხვევები, როცა ბოშა ბავშვები სკოლაში სწავლას წყვეტენ. ჩვენ მივდივართ და ვმუშაობთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ შედეგს მივაღწიეთ… იყო ერთი შემთხვევა ბათუმში, როცა ბავშვის მინდობით აღზრდაში, სხვა ოჯახში გადაყვანა ვცადეთ. მთელი თემი ერთად შეიკრიბა და მოვიდა სააგენტოში, ამას არ დავუშვებთო, ვერაფერს მივაღწიეთ“, – აცხადებს რუსუდან სალუქვაძე.

„არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. მარტივია იმის თქმა, რომ არ გამოდის, მივედით, სიტუაცია შევისწავლეთ და ხელები დავიბანეთ ამ საქმიდან,“ – ამას ელენე პროშიკიანი ამბობს. ისიც ბოშაა და ამ თემის კოორდინატორია „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“.

ელენე ამბობს, რომ ბოშებს სკოლაში სიარულის ტრადიცია საერთოდ არ ჰქონდათ და თუ სახელმწიფო კანონს აგრძნობინებს ბოშებს ცალკეული მაგალითებით, მთლიანად თემის მიდგომა მალე შეიცვლება.

„ასე იყო, როცა საერთოდ არ დადიოდნენ სკოლაში. ქობულეთში ნარგიზ ჯინჭარაძემ იმდენი იმუშავა და ისე მალე მოიპოვა ბოშათა თემის ნდობა, რომ ყველაზე მეტი ბავშვი იქ დადის სკოლაში. საუბარია საჭირო და მუშაობა. ქვემო ქართლში მისაუბრია ბოშა ქალებთან, რომ ვალდებული არიან შვილებს მისცენ განათლების უფლება, რომ უნდა ატარონ ბაღში და ასე შემდეგ. ისინიც ამბობენ, არ მინდა, ჩემი ბავშვი ქუჩაში იყოსო. მართლა არ უნდათ. ფინანსური გაჭირვებაა წამყვანი ფაქტორი და ინტეგრაციის პრობლემა. ბოშა ოჯახებში მიჩვეულები არიან, რომ მოზარდმა უნდა იმუშაოს, ან უმცროს და-ძმებს უნდა მოუაროს. ჯერ კიდევ არსებობს ნაადრევი ქორწინების პრობლემაც. მე მესმის, რომ ამ თემთან მუშაობა არის რთული, მაგრამ ისე არაა, რომ არ გამოდის“, – დასძინა ელენე პროშიკიანმა.

„თქვენ თუ კარგად გამოკითხავთ დირექტორს, ნახავთ, რომ მანამდეც არ დადიოდნენ სკოლაში,“ – ეს ლელა ცქიტიშვილის რეაქციაა, როცა მას ბოშა ბავშვის ძალადობის შესახებ ვკითხეთ. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტია. ლელა ხელმძღვანელობს სკოლებში „სოციალური ინკლუზიის“ პროგრამას, რაც ყველა იმ სკოლაშია, სადაც ბოშები სწავლობენ.

„ამ პროგრამის უპირატესობა არის ის, რომ სკოლაში შექმნილ კლუბში შეიძლება ჩაერთონ სკოლიდან გასული ბოშებიც. ეს იქნება ხელგარჯილობა, თეატრი, ცეკვა, ინგლისური თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვეუბნებით ბავშვებს, რომ კი ბატონო, შესაძლოა, გაკვეთილზე არ შედიხარ, მაგრამ მოდი ჩვენთან, ერთად დავხატოთ, ვიცეკვოთ, ვიკითხოთ, ანუ სოციალიზაციის გზით ცდილობს განათლების სამინისტრო შედეგის მიღწევას. ამ კლუბებში ბოშა ბავშვებთან ერთად არიან ქართველი ბავშვები. ქობულეთის სკოლაში არის სპექტაკლების კლუბი. ჩვენი რეჟისორი ჩავა ქობულეთში ამ დღეებში და იმ მოსწავლეს, რომელიც სკოლაში აღარ დადის, შეუძლია სპექტაკლში ითამაშოს,“ – დასძინა მან.

ლელა ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი ბავშვი სპექტაკლში ითამაშებს, მას გაკვეთილზე დაბრუნების სურვილიც გაუჩნდება. განათლების სამინისტროს წარმომადგენელს შევახსენეთ, რომ ბავშვზე ძალადობასთან გვაქვს საქმე და ქრისტინა ასლანოვა გამონაკლისი არაა. ლელა ცქიტიშვილმა გვითხრა, რომ სამინისტრო ძალადობის შესახებ ოფიციალურად ინფორმირებული არ არის.

სოციალური მომსახურების სააგენტოსგან განსხვავებით, განათლების სამინისტროში მშობლებთან გასაუბრების ეფექტურობის სჯერათ.

„საჭიროა მშობლებთან ტრენინგი. დედოფლისწყაროში გვქონდა არაერთი შეხვედრა მშობლებთან, რომ მათ შვილებს უნდა ევლოთ საბავშვო ბაღებში. შედეგს მივაღწიეთ. ეს უცებ არ კეთდება. ამას სჭირდება იდეაზე თავგადაკლული ადამიანები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ. მშობლები აუცილებლად დაიჯერებენ, რომ განათლება აუცილებელია. დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაიჯერებენ ამას,“ – ამბობს ლელა ცქიტიშვილი.

„განათლების პოლიტიკა უნდა იყოს ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილი და შეფარვითი. ბოშები ამაყი ხალხია. ამ ფაქტორზეც შეიძლება მუშაობა,“ – მიიჩნევს სკოლის ფსიქოლოგი, ირმა ფეიქრიშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბოშების დიდმა ნაწილმა რეალურად დაინახა პირადობის მოწმობების ქონის, ასევე განათლების საჭიროება. „იგრძნეს, რომ მხოლოდ ვაჭრობით თავს ვეღარ გაიტანდნენ და მინიმუმ წერა-კითხვის ცოდნა აუცილებელი გახდა,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

რატომ ვერ სწავლობენ ბოშები ქართულ სკოლებში ქართულს

ქართული ენის სწავლა ქართულ სკოლებში ბოშა ბავშვებისთვის რომ პრობლემაა, ეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაშიც წერია. სტრატეგია 2015 წელს შეიმუშავეს სამთავრობო უწყებათშორისმა კომისიამ და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

„ეს გეგმა ჩვენ ერთად შევიმუშავეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ვერ ხორციელდება. არ ვიცი, რატომ. მონდომება სხვადასხვა უწყებიდან არ არის. ვფიქრობ, არსებობს მგრძნობელობის პრობლემაც,“ – ამბობს ელენე პროშიკიანი, ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის კოორდინატორი.

ელენე პროშიკიანი ფიქრობს, რომ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი ქართული ენის არცოდნაა. გვიყვება, რომ ამ საკითხზე განათლების სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა და სპეციალურად ბოშებისთვის კლასკომპლექტების შექმნა მოითხოვა.

„უარი მივიღე. მითხრეს, რომ ეთნიკურობის ნიშნით ვერ გამოვარჩევთ ვერავისო. შესაძლოა, მართლაც არ იყოს მართებული, რასაც ვამბობ. მე, უბრალოდ, ის ვიცი, რომ სპეციალური პროგრამაა საჭირო ბოშებისთვის, რომ განათლება მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. განათლება კი, მოგეხსნებათ, ყველაფერია, აქედან იწყება ყველაფერი…“, – აღნიშნავს ელენე პროშიკიანი.

ირმა ფეიქრიშვილი, სკოლის ფსიქოლოგი: „ვფიქრობ, შედეგიანი იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პროგრამა. ბოშა ბავშვებმა ქართველებთან ერთად უნდა ისწავლონ ქართულიც, მაგრამ შეფასება არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა გამახვილდეს საგაკვეთილო პროცესში ბოშა მოსწავლის ძლიერ მხარეზე, აი, მაგალითად, შენ როგორი კარგი ხარ მათემატიკაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ და არა იმაზე, რომ მას ქართულის სწავლა უჭირს. ვფიქრობ, ქართულ ენაში დამატებითი საათის არსებობაც გამაართლებს“.

„ძალიან ცალმხრივი იქნებოდა, ჩვენ რომ მხოლოდ ქართული ენის შესწავლაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ენის სახლები ისედაც არსებობს და შეუძლიათ იქ იარონ,“ – გვიპასუხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, ლელა ცქიტიშვილმა.

სად უნდა იარონ ბავშვებმა ქობულეთში, სადაც ენის შესწავლის სახლი არ არსებობს? – განათლების სამინისტროს თანამშრომელი ამ კითხვაზე დაგვეთანხმა, რომ, მაგალითად, ქობულეთში ეს პრობლემაა.

ლელა ცქიტიშვილი: „ვიცით, რომ პრობლემა არსებობს და ამიტომ ავამოქმედეთ სოციალური ინკლუზიის პროგრამა. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებში განათლების მოტივაცია გავზარდოთ არაფორმალური განათლების გზით. ვცდილობთ, თანატოლებთან ურთიერთობის გზით გაიზარდოს სახელმწიფო ენის ცოდნის მოტივაცია, რომ მას მეგობრები ჰყავს ქართველები, სჭირდება ქართული ენა. გეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტი პროგრამა ექნება განათლების სამინისტროს ამ კუთხით, მით უკეთესი იქნება. ყველა კითხვაზე მე ნუ გამაცემინებთ პასუხს…“

ლელა ცქიტიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ თუკი კონკრეტულ მოსწავლეს სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა აქვს, სკოლის დირექციას შეუძლია განათლების სამინისტროს მიმართოს და სწავლების ინდივიდუალური გეგმა შედგეს.

როგორ სრულდება სახელმწიფო სტრატეგია, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ენის სწავლების დონე უნდა გაუმჯობესდეს? – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გვითხრეს, რომ სტრატეგია ეტაპობრივად სრულდება და შედეგები შეგვიძლია ვიხილოთ შესრულების ოფიციალურ ანგარიშში.

„მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა“ – ასეა დასათაურებული 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში ბოშათა პრობლემები. ამ კუთხით შესრულებულ ანგარიშს სულ ორი გვერდი უკავია და წერია, რომ:

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მცხოვრები ბოშათა თემის მდგომარეობის, მათი პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტილების გზების ძიებას…“

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს საჯარო სკოლებში სულ 225 ბოშა ბავშვი სწავლობდა. 2011-2016 წლებში მოქალაქეობა დაუდგინდა 14 ბოშას, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მიიღო 16-მა და დაფიქსირდა დაბადების 37 ფაქტი.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 604 ბოშა ცხოვრობს. ელენე პროშიკიანი ამბობს, რომ ეს ციფრი არ არის ზუსტი და მისი ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ბოშაა.

სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების ანგარიშში ხაზგასმულია „სოციალური ინკლუზიის პროგრამა“, რაზეც განათლების სამინისტრო გვესაუბრა. აქვე წარმატებულ მაგალითად არის მოყვანილი ბათუმში მცხოვრები ბოშა – სურაჯ ალიმოვი.

სურაჯ ალიმოვმა ბათუმის #16 საჯარო სკოლა მესამე კლასის დასრულების შემდეგ მიატოვა.

„მას შემდეგ სკოლაში აღარ მივლია, ოჯახიდან საშუალება არ იყო, რომ მესწავლა,“ – გვიყვება სურაჯ ალიმოვი. – „2015 წელს გავიგე, რომ ქობულეთის სკოლაში სპექტაკლს დგამდნენ. მონაწილეობა მივიღე და დავინტერესდი ისევ სწავლით. მერე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გავიცანი, დამეხმარნენ და ექსტერნად ჩავაბარე გამოცდები. ახლა საატესტატო მაქვს ჩასაბარაბელი, ხუთი გამოცდა. შარშან გავედი, მაგრამ სამის ჩაბარება მოვახერხე მხოლოდ. პროფესიულ სასწავლებელში კომპიუტერული ტექნოლოგიები ვისწავლე, ახლა მზარეულობის შესწავლას ვაპირებ. ჯერ მუშაობა არ დამიწყია, რადგან მთავარი ამოცანაა, სკოლა დავასრულო“.

გელაური. მანანა ქველიაშვვილის ფოტო

„მინდოდა გაპროტესტება, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე“

„ტრადიციული არ ვარ საერთოდ. რასაც ცხოვრება მოითხოვს, იმის მიხედვით უნდა იცხოვრო, ასე ვფიქრობ,“ – მითხრა ჯუმბერმა, როცა სკოლიდან მისი სახლისკენ მიმავალ გზას გავუყევით.

„არ მომწონს, მაგალითად, ის, რომ ბოშა ქალი სხვა ეროვნების კაცთან არ უნდა დაქორწინდეს, ან პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. არც ის მომწონს, რომ კაცები ძირითადად სახლში არიან და დედები მუშაობენ, ვაჭრობენ… ძირითადად ქალებზე ხდება ძალადობა. არ მომწონს ის ტრადიციაც, რომ გათხოვილმა ქალმა აუცილებლად გრძელი კაბა უნდა ატაროს… მინდოდა გაპროტესტება, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე“, – თქვა ჯუმბერმა და ძველი სახლის კარი შეაღო.

სახლში ჯუმბერის უფროსი ძმა და დები დაგვხვდნენ. ჯუმბერი ამბობს, რომ საჩვენებელი არაფერია და კუთხეში დგება.

ნაქირავებ სახლში ჯუმბერის რვასულიანი ოჯახი ორ ოთახში ცხოვრობს. ერთ ოთახში კედელთან შეწყობილია რვა ადამიანის ქვეშაგებელი, იქვეა მაგიდა და რამდენიმე სკამი, ტანსაცმლის პატარა სათავსო… ჯუმბერის და მიხსნის, რომ დასაძინებლად ქვეშაგებელს იატაკზე გვერდიგვერდ აწყობენ. მეორე ოთახში სამზარეულოს ნივთებია. ერთ კუთხეში – პატარა და ფერადი საბავშვო სამეცადინო მაგიდა.

შენ სად მეცადინეობ-მეთქი, ვეკითხები ჯუმბერს. ის პატარა მაგიდასთან ღიმილით ჯდება. „აი, აქ. მე და ჩემი პირველკლასელი ძმის საზიაროა ეს მაგიდა“, – მპასუხობს ის.

„მეც კი მინდოდა სწავლა, მაგრამ არ მივლია საერთოდ. აგერ, ჯუმბერი ისწავლის ჩვენ მაგივრად ყველაფერს,“ – ამბობს ჯუმბერის უფროსი და და სიყვარულით სავსე მზერას ღიად დატოვებულ კარში აპარებს.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: