მთავარი,სიახლეები

დეპუტატი: მოვუწოდებ, აუდიტმა და პროკურატურამ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვები შეისწავლონ

07.06.2018 • 3283
დეპუტატი: მოვუწოდებ, აუდიტმა და პროკურატურამ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვები შეისწავლონ

ბათუმში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, გია აბულაძე აცხადებს, რომ პროექტი არ არის გამჭვირვალე, სახელმწიფო რესურსებს კერძო ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ, რაც აჩენს კორუფციის ეჭვებს: „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა“.

„პროექტის დამკვეთმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვაწოდა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც კითხვებს აჩენს პროექტის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნა, სადაც ასახულია მნიშვნელოვანი შენიშვნები, რაზედაც პროექტის ავტორების მიერ გაცემული პასუხები არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულზე მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია, რაზედაც უკვე თვეებია პასუხს არ გვიგზავნიან“, – აცხადებს გია აბულაძე.

გია აბულაძე

გია აბულაძის თქმით, როგორ მოხდება ნატანის შევსება, ამის ამსახველი კვლევები და დასკვნები საქმეში არ დევს: „ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საბოლოო პროექტის და სამუშაოების შესყიდვის დოკუმენტების წარმოდგენა, თუმცა დღემდე გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ცვლილებები. ამ დროს ვხედავთ, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანია სამუშაოებისათვის საჭირო ინერტულ მასალებს ზღვიდან იღებს ნაცვლად იმისა, რომ მას ვალდებულება აქვს, სხვა ადგილიდან შემოიტანოს, ნაპირსამაგრი სამუშაოები წარმოებს სამშენებლო ნარჩენებით, როცა იქ ქვა-ღორღი უნდა იყრებოდეს.“

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე, პროექტით ხელოვნური პლაჟი უნდა მოეწყოს. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება.

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. პლაჟის შესაქმნელად ქვიშა-ხრეშის ამოღება ბათუმის კონცხთანაა დაგეგმილი [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია]. ამასთან, ახალი ბულვარიდან  ახალშექმნილ პლაჟზე რომ მოხვდე, საჭირო იქნება ნაპირსამაგრ ნაგებობაზე გადასვლა, რისთვისაც სპეციალური გადასასვლელი ხიდები მოეწყობა. სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით ასეთი 12 საფეხმავლო ხიდის აშენებაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/126811/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/63452/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: