მთავარი,სიახლეები

რა შენდება ქობულეთის პლაჟზე

06.06.2018 • 4020
რა შენდება ქობულეთის პლაჟზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადა, თუმცა ქობულეთში ჯერ კიდევ ემზადებიან. აქ ამბობენ, რომ სეზონი ცოტა უფრო გვიან იწყება, ვიდრე ბათუმში, სამაგიეროდ, უფრო დიდხანს გრძელდება.

საკურორტო სეზონის  წინ ქობულეთში სამშენებლო ბუმი პლაჟზეც შეინიშნება. ბუნგალოების მეპატრონეები, რომლებიც სეზონურ ბიზნესს ეწევიან, ძველ კონსტრუქციას ამაგრებენ, ცვლიან შენობების იატაკს, ჭერს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.

პლაჟზე გაფართოების სურვილი თითქმის ყველა ბუნგალოსა თუ სხვა ტიპის კვების ობიექტის მეპატრონეს აქვს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათგან ზოგი ახერხებს ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურებისგან ნებართვის მიღებას, ზოგი კი – ვერ.

ქობულეთში პირსი, რომელიც პლაჟიდან იწყება და თამარის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მდებარე რესტორან „ატლანტიდას“ უკავშირდება, ერთადერთი არ არის, რომელიც ქობულეთის პლაჟს ორ ნაწილად ჰყოფს. რესტორნის მიმდებარედ პლაჟზე გასეირნებისას გზის გასაგრძელებლად სწორედ ამ დამაკავშირებელი ხიდის ქვეშ მოგიწევთ გავლა.

პირსი ქობულეთში

ერთსართულიანი ბეტონის შემინული შენობა ტერასით, რომელიც პირდაპირ პლაჟზე ბეტონის ბოძებზე დგას, რესტორან „ატლანტას“ მეპატრონეს აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულებითა და ქობულეთის გამგეობის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით აუშენებია, პროექტი ნაპირგამაგრების სამსახურთანაც შეუთანხმებიათ:

„ჩემი ვალდებულება იყო პირსის აღდგენა, რაშიც ნაპირგამაგრების რეკომენდაციებიც გავითვალისწინე. ფაქტობრივად, ყოველ სეზონზე საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, ზამთარში ტალღა ისეთი სიმაღლიდან ეცემა, რომ ყოველ ჯერზე თავიდან აზიანებს, რაც სერიოზულ ხარჯებს უკავშირდება,“-  ამბობს რესტორნის მეპატრონე, რამაზ როსებაშვილი.

იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირსი და შენობასთან დამაკავშირებელი ხიდი პლაჟს გარკვეულწილად კეტავს: „თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს გავლა, შენობაში შემოსვლა, ფოტოების გადაღება ისე, რომ შეუძლიათ საერთოდ არ ისარგებლონ რესტორნის სერვისით, ანუ ამისთვის შეკვეთის მიცემა და ფულის გადახდა აუცილებელი არ არის“.

იმაზე, რომ პლაჟის ჩაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება,  ქობულეთის საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრეს. პლაჟზე ერთ-ერთ მოიჯარეს, შპს „ჰავანას“ საიჯარო წინადადებაზე სწორედ ამ მოტივით უთხრეს უარი. მოიჯარე უკვე არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით არსებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას ითხოვდა.

კლუბი „ჰავანა“. ამ დროისთვის აქ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. კლუბი დაკეტილია.

ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურში  განმარტეს, რომ მოიჯარეს აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების მიხედვით ძველი პირსის ორივე ნაწილის აღდგენს ვალდებულება ჰქონდა როგორც ტექნიკურად, ასევე ფუნქციური დატვირთვის თვალსაზრისით. შესაბამისი სამშენებლო ნებართვა შენობის მშენებლობასა და პირსის მოწყობაზე ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა.

პლაჟზე ხიდის მსგავსი გასასვლელი აუშენებია თემურ ჭყონიას სასტუმროსაც. ნაგებობას, რომელიც პლაჟზე ბეტონის მაღალ  ბოძებზე დგას, კაფეს ფუნქცია აქვს და ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროს „ჯორჯია პალასის“  ნაწილია.  კაფეს გასწვრივ კი, სასტუმროს თეთრი ქოლგები და  შეზლონგებია განთავსებული.

„ჯორჯია პალასის“ ვერანდა

შედარებით მსუბუქი კონტრუქციის მქონე კაფეები, ისევე როგორც  დიდი რესტორნები, სრული დატვირთვით  მხოლოდ საკურორტო სეზონზე მუშაობენ. მათი მფლობელები დიქტოფონთან საუბარს თავს არიდებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ ქობულეთის მერია შეიმუშავებდა პლაჟის და ზოგადად, სანაპიროს განვითარების ერთიან კონცეფციას და ამ კონცეფციის მიხედვით დადგინდებოდა ერთიანი წესები ყველასთვის.

ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ სანაპიროს განვითარებაზე მუშაობენ. ამ დროისთვის ჩაქვის განაშენიანების გეგმის შესაბამისად განიხილება საზღვაო ტრანსპორტის განვითარების წინადადება, რომელიც ჩაქვში, პლაჟზე, არაერთი პირსის მშენებლობას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: