კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი

14.11.2017 • 2844
ბათუმის ინკლუზიური თეატრის დასის სპექტაკლი

ბათუმის № 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელამ“ გუშინ, 13 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმის“ სააქტო დარბაზში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოადგინა.

საქართველოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრალური დასი „ცისარტყელა“ ბათუმში 2007 წლიდან დგამს სპექტაკლებს. „წუნა და წრუწუნა“ მათი რიგით მეექვსე ნამუშევარია, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ შედგა ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში. სპექტაკლში 12 ახალგაზრდაა დაკავებული.

28 წლის ანზორ ხიმშიაშვილი დაარსებიდანვე „ცისარტყელას“ წევრია. სპექტაკლში წუნას ბაბუას თამაშობს. სულ იღიმის და ჩვენთან საუბარი ახარებს, კითხვებზეც დაუფარავი სიხარულით, ემოციებისგან ხელების ფშვნეტით გვპასუხობს. თვალებანთებული გვეკითხება როდის გამოვაქვეყნებთ მის ფოტოს ვებ-გვერდზე. ანზორი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს რეპეტიციებზე ატარებს. აქ ყველა მისი მეგობარია, ყველას იცნობს. ცეკვა, მუსიკა და მხიარული გარემო მოწყენის საშუალებას არავის აძლევს. ანზორი აპირებს ყოველთვის ითამაშოს სპექტაკლებში და რეპეტიციების გარეშე უკვე ცხოვრება ვეღარც წარმოუდგენია.

ანზორ ხიმშიაშვილი. ინკლუზიური თეატრალური დასის წევრი

დასის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტუღუში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის საინტერესო პროცესია დააკვირდეს როგორ იზრდებიან და იხვეწებიან დასის წევრები სპექტაკლიდან სპექტაკლამდე.

„სპექტაკლიდან სპექტაკლამდე მსახიობები იზრდებიან პროფესიულად და მათთან ერთად ვიზრდები მეც. თვითმყოფადი დასი ვართ. ჩვენი მსახიობები მანამ არიან ჩვენთან, სანამ სკოლას დაამთავრებენ, მერე ხშირად მიდიან, მაგრამ არის რამდენიმე მსახიობი, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, თუმცა დასში რჩებიან. ჩვენი სურვილია თითოეული მათგანი შევინარჩუნოთ და მუდმივმოქმედ თეატრალურ დასად ვიქცეთ. უამრავი ადამიანი მუშაობს დასში,  სპექტაკლები კარგი რომ გამოვიდეს. ეს არის ზღვა შრომა, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ გასწევს, ჩვენი წარმატება ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. დასის ყველა წევრი მაქსიმალურად იხარჯება და ეს ადამიანები ჩემთვის გმირები არიან“- ამბობს ნიკოლოზ ტუღუში.

რეპეტიციებისთვის დასი „ცისარტყელა“ 26-ე საჯარო სკოლის მცირე სცენას იყენებს. მხარდაჭერა აქვთ მერიიდან და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან. სხვადასხვა დროს წარმოდგენებს აჩვენებენ მოზარდმაყურებელთა თეატრსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში. აჭარის განათლების სამინისტრომ დასის გასტროლებიც დააფინანსა სიღნაღსა და თბილისში. „ცისარტყელამ“ სპექტაკლი „პატარა უფლისწული“ სიღნაღის პროფესიულ თეატრსა და თბილისის ილიას უნივერსიტეტის სცენაზე ითამაშა.

ნიკა ტუღუში პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც დასის წევრი შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან გარეთ გამოსვლისთანავე.

„ბევრი შენობა არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის. აქ, რედისონში ლიფტით ამოვედით, მაგრამ არის შენობები, სადაც გვიწევს ხელით ავიყვანოთ ხოლმე ბავშვები სართულებზე და სცენამდე. თითქმის ყველგან ასეა. იმედია, ოდესმე ადაპტირებული გახდება სცენაც და ჩვენს დასსაც შეეძლება იქ თავისუფლად ასვლა.

მახსოვს ქალაქში რამდენიმე წლის წინ ეტლით მოსარგებლეს ვერ ნახავდით, თითქოს არ არსებობდნენ. იმედია, შეიცვლება ასეთი დამოკიდებულება და შეიცვლება ქალაქი. საწყენია, რომ პანდუსები ბევრგან არ არის, მაგრამ გასაბრაზებელი ამბავია, როცა არის და ტრამპლინს ჰგავს. გინდ ყოფილა, გინდ არა. ეს არ არის არც უპასუხისმგებლობა, არც დაუდევრობა, ეს, უბრალოდ, არაადამიანობაა, ჩემი აზრით.

არ მომწონს ტერმინი შშმ პირი. მე, მაგალითად, ვერ ვმღერი და ამაში შეზღუდული ვარ, დასის ერთ-ერთი რომელიმე წევრი კი ძალიან კარგად მღერის, ან ის ვერ ცეკვავს და მე შეიძლება ცეკვა გამომდიოდეს კარგად. შეუზღუდავი შესაძლებლობები არ არსებობს. ყველას რაღაც შეგვიძლია, მაგრამ რაღაცის უნარი შეზღუდული გვაქვს. ვიღაცამ არ იცის კარგად მათემატიკა და ესმის ლიტერატურა ან პირიქით და ა.შ.“

ნიკოლოზ ტუღუში პროფესიით ტელე-კინო რეჟისორია და 10 წელია დასის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ ხნის განმავლობაში ამბობს, რომ დასის თითოეული წევრი უფრო გახსნილი, აქტიური და კომუნიკაბელური გახდა.

„არ ვიცი ასე როგორ მოხდა, ბედისწერით თუ სხვაგვარად, მაგრამ უკვე ათი წელია ერთად ვართ და ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გამზარდეს ამ ბავშვებმა, ბევრ რამეს მაძლევენ, ძალიან შემცვალეს პიროვნულად, მგონი მე უფრო მეტს ვიღებ მათგან, ვიდრე თვითონ გავცემ დასისთვის“.

ნიკოლოზს სურს „ცისარტყელა“ სამომავლოდ დამოუკიდებელ თეატრალურ დასად ჩამოყალიბდეს. შესაძლებელია დასი მომავალში გაფართოვდეს და მეტი ბავშვი ჩართოს თეატრალურ ცხოვრებაში აჭარის რეგიონიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: