საერთაშორისო საჭმლის ფესტივალი [ფოტო]

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის [BAU] სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტში „საერთაშორისო საჭმლის ფესტივალი“ გაიმართა. უნივერსიტეტის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებმა თავიანთი ეროვნული კერძები, სამოსი და ეროვნული ცეკვები წარმოადგინეს.

ფესტივალში მონაწილეობდნენ სტუდენტები საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ეგვიპტიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, იორდანიიდან, პალესტინიდან, სირიიდან, მალაიზიიდან.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება, რაც კულტურული ურთიერთობების გაცნობა-გაცვლას და სტუდენტების ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

„საერთაშორისო საჭმლის ფესტივალი“ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში / 1.04.2017/ ელზა ლემსაძის ფოტოები

პლაჟზე ხის ბილიკები მოეწყობა – გადაადგილება ეტლითაც იქნება შესაძლებელი

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ბულვარში სანაპიროზე გადასასვლელი ხის საფეხმავლო ტრანსფორმირებადი ბილიკის დამზადებასა და მოწყობაში 41 902 ლარს გადაიხდის. ხის ბილიკის სიგანე, როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი იქნება და მასზე გადაადგილება შშმ პირებს, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლებათ. ხის ბილიკების საგარანტიო ვადა 1 წელი უნდა იყოს.

ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ პლაჟზე, კონკრეტულ ტერიტორიას, თუ სად უნდა მოეწყოს ხის ბილიკი, ბულვარის ადმინისტრაცია ტენდერის დასრულების შემდეგ განუსაზღვრავს გამარჯვებულს.

„ახალი ბილიკები ძველი ბულვარის თითქმის ყველა სექტორში მოეწყობა. დაახლოებით 10 ადგილზე. ჩვენ გავითვალისწინეთ შშმ პირთა მოთხოვნა და ბილიკის სიგანე 90 სმ-დან 1,2 მეტრომდე გავზარდეთ. ამასთან, ბილიკები ზღვამდე მივა. გვაქვს ძველი ბილიკებიც და წელს სეზონზე იმათაც გამოვიყენებთ,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

მთავარი ფოტო: სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკები ბათუმის ბულვარში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარა TV ზუკა ფაღავას მოულოდნელ გარდაცვალებაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს

გუშინ, 26 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა. აჭარის ტელევიზია დღეს ავრცელებს განცხადებას, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები.

„გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ სააგენტო დროულად შეძლებს რეაგირებას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით კი, შევძლებთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვიცოდეთ ზუკა ფაღავას გარდაცვალების მიზეზების თაობაზე“, – წერია აჭარის ტელევიზიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუკა ფაღავას ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს აცხადებს.

ასევე, აჭარის ტელევიზია იუწყება, რომ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით.

ბზობა ბათუმში [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ქრისტიანები ამ დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას აღნიშნავენ.

მომავალ კვირას კი, 8 აპრილს, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომის დღეს იზეიმებენ.

ბზობა ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძის
ბზობა
ბზის გამყიდველები ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის წინ
ბზის გამყიდველი
ფოტო: ლელა დუმბაძე
მომავალ კვირას, 8 აპრილს, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას იზეიმებენ
წინა წელს შეძენილ გამხმარ ბზას, ეკლესიის უკანა ეზოში წვავენ
ღვთისმშობლის ეკლესიის შესასვლელი ბზობის დღეს
მორწმუნეები ბზობის წირვაზე
ბავშვები ბზობაზე
ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის ჭიშკარი

 

აღდგომა ბათუმის ქრისტიანულ ეკლესიებში

დღეს, პირველ აპრილს, ქრისტიანთა დიდი ნაწილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღეს ზეიმობს. საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებშიც გაიმართა.

სააღდგომო წირვა კათოლიკურ ეკლესიაში საღამოს კოცონის დანთებით დაიწყო.  როგორც კათოლიკები ამბობენ, კოცონი ახალი ცხოვრების, ახალი დღის დასაწყისია, რომელიც იესომ მოიტანა. კოცონიდან ანთებული სანთლებით, მლოცველები ტაძარში გადადიან, სადაც ლიტურგია იწყება.

ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში კი სააღდგომო მსახურება დღეს ჩატარდა. პირველ აპრილს აღნიშნავს ქრისტეს აღდგომას სომხური სამოციქულო ეკლესიაც.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პირველ აპრილს, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს აღდგომის დღეს კი 8 აპრილს იზეიმებენ.

სააღდგომო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში
მთავარი ფოტო: სააღდგომო ლიტურგია ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში / ლელა დუმბაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/264213/

ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე პლაჟი ხელოვნურად მოეწყობა. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება.

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. პლაჟის შესაქმნელად ქვიშა-ხრეშის ამოღება ბათუმის კონცხთანაა დაგეგმილი [ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორია]. ამასთან, ახალი ბულვარიდან  ახალშექმნილ პლაჟზე რომ მოხვდე, საჭირო იქნება ნაპირსამაგრ ნაგებობაზე გადასვლა, რისთვისაც სპეციალური გადასასვლელი ხიდები მოეწყობა. სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით ასეთი 12 საფეხმავლო ხიდის აგებაა დაგეგმილი.

მშენებარე კომპანიაში ამბობენ, რომ პლაჟის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება წელიწადში ორჯერ მაინც მთელი პლაჟის სიგრძეზე ქვიშა-ხრეშის ხელოვნურად დაყრა: „ძლიერი შტორმის დროს, შესაძლოა პლაჟი გაფართოვდეს, ან პირიქით, წაირეცხოს დამცავ ნაგებობამდე. ბოლო შტორმის დროს, მაგალითად, ერთ ადგილზე სადაც პლაჟი არ იყო, რამდენიმე მეტრი სიგანის პლაჟი წარმოიქმნა“.

ახალი ბულვარის ველობილიკიდან ნაპირსამაგრ ნაგებობამდე მანძილი 15 მეტრამდე იქნება, ნაგებობის იქეთ კი პლაჟის სიგანე მთელ ზოლზე – 20 მეტრი.

ნაპირსამაგრი ნაგებობა დიდი ფლეთილი ქვებით შენდება. ასეთივე ქვები განთავსდება მიწის ქვეშ იმ ადგილზე, სადაც ქვიშა უნდა დაიყაროს პლაჟის შექმნის მიზნით.

დამცავი ნაგებობა ადრე აშენდა მდინარე ჭოროხის შესართავიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში [აქ პლაჟი სამომავლოდ შესაძლოა აღარ იყოს და არც გადასასვლელი ხიდების მოწყობაა დაგეგმილი]. ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP კი სამუშაოებს ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში მდებარე პირსამდე ჩაატარებს. პროექტი იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.

„იტალიური პროექტი სპეციალისტთა ჯგუფმა დავიწუნეთ… მე მაშინ ხმამაღლა  ვუთხარი მთავრობას, რომ თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – ეს განცხადება ორი წლის  წინ „ბათუმელებთან“  საშა ხორავამ, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გააკეთა.

როგორც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ამასთან, ბათუმის კონცხთან ქვიშა-ხრეშის ამოღება სპეციალისტების მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა ჩატარდეს.

ახალი ნაგებობის საგარანტიო ვადა 50 წელია.

ნაპირდაცვის სამუშაოები ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე / 31.03.2018
ნაპირდაცვის სამუშაოები ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე / 31.03.2018
ნაპირდაცვის სამუშაოები ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე / 31.03.2018
ნაპირდაცვის სამუშაოები ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე / 31.03.2018
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელება დღეს / 31.03.2018
ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელება დღეს / 31.03.2018
ბათუმის სანაპირო ახალ ბულვარში მდებარე პირსიდან, სადაც ხელოვნური პლაჟი მოეწყობა / 31.03.2018
ხელოვნური პლაჟი – მაკეტი
ნაპირდაცვის პროექტი
ბათუმის სანაპირო ახალი ბულვარის გასწვრივ / ნაპირდაცვის პროექტი ამ ზოლს არ ეხება / პროექტის დასრულების შემდეგ კი, ზოგი სპეციალისტის თქმით, ზღვამ შესაძლოა ამ ადგილების მიტაცება დაიწყოს / 31.03.2018 / ფოტო „ბათუმელები“

ამავე თემაზე: 

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

 

 

 

თევზის ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს, ბათუმის ბულვარში, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი იმართება.

ფესტივალზე წარმოდგენილია თითქმის ყველა სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოიპოვება.

ფესტივალში მონაწილეობენ მეთევზეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან, ასევე, ბიომეურნეობები. დაგეგმილია ფლეშმობი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე  ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი წელს ბათუმში მეორედ იმართება. მისი ჩატარების ადგილად „ალისა და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაა განსაზღვრული. ფესტივალზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო
თევზის ფესტივალი ბათუმში / 1.04.2018 / მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს

ანგისის სპორტული ბაზის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დაგეგმილი. ამავე დღეს ახალ სპორტულ ბაზაზე პირველად ჩაატარებს შეხვედრას ბათუმის „დინამო“, რომელიც თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმის“ გაყიდვის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, ამასთან, კლუბთან ერთად, შესაძლოა, ანგისის ახალაშენებული ბაზაც გაიყიდოს. ბაზის აშენებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ანგისის სპორტული ბაზა ბათუმის მერიამ შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმს“ მოვლა-პატრონობისთვის უკვე გადასცა. 72 626 კვ/მ ტერიტორია აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, სადაც ანგისის სპორტული ბაზაა განთავსებული, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ბათუმის მუნიციპალიტეტი ფლობს დღეს შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილსაც.

კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებულ დეტალებზე ბათუმის მერიაში არ საუბრობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგეგმება საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ წილების გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის, აჭარის მთავრობა კი შემდეგ კომპანიას პირობებით გაყიდის. „დინამოსთან“ ერთად გაიყიდება ანგისის სპორტული ბაზაც, თუმცა უცნობია, ბაზა საკუთრებაში ჯერ „ბათუმის დინამოს“ გადაეცემა, თუ აჭარის მთავრობას [მერიაში განიხილებოდა ქონების აუქციონზე გატანის საკითხიც].

ჩვენივე ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბის და სპორტული ბაზის გასხვისება პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით იგეგმება. ამასთან, მომავალ მყიდველს 20 მილიონამდე ლარის ინვესტიციის ჩადებას დაავალდებულებენ. ბაზის ტერიტორიაზე შესაძლოა ცალკე სასტუმრო აშენდეს, ვინაიდან ახალ შენობაში სასტუმროსთვის განკუთვნილი ფართობი, როგორც კლუბში გვითხრეს, სპორტსმენებისა თუ სხვა სტუმრების მოსასვენებლად არ გამოდგება – ქუჩიდან შემოდის ხმაური და სხვა მიზეზების გამო; ასევე, ბაზაზე დამატებით მოედნებია გასაკეთებელი, კეთილმოსაწყობია ახალაშენებული შენობაც, რაც, როგორც კლუბში განაცხადეს, ბაზის ამშენებელი კომპანიის ვალდებულება არ იყო: „მათ ააშენეს და გადმოგვცეს. შიდა სამუშაოებს ახლა ჩვენი ძალებით ნელ-ნელა ვატარებთ“.

ახალ შენობაში [სადაც ტრიბუნაა განთავსებული], პირველ სართულზე იგეგმება სატრენაჟორო დარბაზის მოწყობა, ასევე იქნება ადგილი, სადაც „დინამო ბათუმის“ ლოგოიანი სუვენირები და სხვა აქსესუარები გაიყიდება.

„დინამო ბათუმის“ ყიდვაზე ბათუმის მერიაში წინადადება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მფლობელს, აიეტ კუკავას და „ლამინი გრუფის“ ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ ამ განცხადების მერიაში შეტანის შემდეგ, მათ არ დაკავშირებია და არც კლუბის სპორტული თუ ფინანსური მდგომარეობით დაინტერესებულა. შესაბამისად, „დინამოს“ მომავალ მფლობელად, ამ ეტაპზე, „ლამინი გრუფი“ მოიაზრება.

კლუბის თუ ბაზის გასხვისების დეტალებზე, როგორც „დინამო ბათუმის“ ადმინისტრაციაში გვითხრეს, მათ ინფორმაცია არ აქვთ და საკითხი მესაკუთრის, ამ შემთხვევაში ბათუმის მერიის გადასაწყვეტია.

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული კომპანიისთვის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული ბაზა 2016 წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.  ახალი ხელშეკრულება 4 116 170 ლარზე „მონოლითი 2005“-თან ბათუმის მერიამ 2017 წლის 29 მარტს გააფორმა.

ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმისა და თბილისის გოგონათა გუნდების მატჩი ფეხბურთში ანგისის სპორტულ ბაზაზე / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმისა და თბილისის გოგონათა გუნდების მატჩი ფეხბურთში ანგისის სპორტულ ბაზაზე / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“
ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“
ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“
ანგისის სპორტული ბაზა / 31.03.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

ამავე თემაზე:

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

„პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფი „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ ეხმაურება 2018 წლის 29 მარტს, ხუთშაბათს, ტელეგადაცემა „რეაქციის“ ეთერში ქალაქ თბილისის მერის, ბატონ კახა კალაძის განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის თაობაზე.

გვჯერა, რომ თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება შშმ პირთა ადამიანის უფლებების პატივისცემის გამოსახატად, კეთილი განზრახვით გააკეთა. გვსურს ვაცნობოთ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის თანახმად, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მოახდინა, რის შემდეგაც ის ქართული კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა, შშმ პირები და მათი, როგორც შშმ პირების იდენტობა არის ადამიანური მრავალფეროვნების ნაწილი. შესაბამისად, ის მოითხოვს აღიარებას, დაფასებასა და პატივისცემას და არა-უარყოფას.

მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების არსებობის უარყოფა იმ პირობებში, როდესაც შშმ პირები განვიცდით მრავალმხრივ სტიგმასა და დისკრიმინაციას, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, ჩვენი ინტერესების დამცველი კანონმდებლობის, დასაქმების, ადეკვატური შემოსავლის გამომუშავებისა და საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობის არარსებობას, არის ყოვლად მიუღებელი.

შეზღუდული შესაძლებლობის უარყოფა უტოლდება მისი და, შესაბამისად, მის მქონე ადამიანთა დაკნინებას. პლატფორმის წევრებს ასევე მიგვაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის უარყოფა ნიშნავს მის შედეგად წარმოქმნილი ბარიერებისა და გამოწვევების მართვისგან თავის არიდებას. შეზღუდული შესაძლებლობა სირცხვილი არ არის! შეზღუდული შესაძლებლობა დასამალი არ არის! შეზღუდულ შესაძლებლობას აღიარება სჭირდება!

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ თბილისის მერს, გაეცნოს გაეროს შშმ პირთა 2006 წლის უფლებათა კონვენციასა და მის პრინციპებს, ასევე გაითვალისწინოს შშმ პირთა უფლებადამცველების, სათემო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების პოზიცია.

მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, პირველ რიგში კი გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს ქალბატონ ინგა გრიგოლიას, შეზღუდული შესაძლებლობების ირგვლივ არსებულ საჯარო დისკუსიაში ჩართონ და მოიწვიონ შშმ პირთა მრავალფეროვანი ჯგუფები.

მოვუწოდებთ უფლებადამცველებს, დამოუკიდებელ აქტივისტებს, მაკონტროლებელ და კვლევით ორგანიზაციებს, შშმ პირთა და შშმ ბავშვთა მშობლების სათემო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე სახალხო დამცველს, შეუერთდნენ ამ განცხადებას.

რამდენი პატიმარია საქართველოში [კვლევა]

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 9 407 ბრალდებული და მსჯავრდებულია, აქედან 9 135 მამაკაცი, 272 კი ქალი. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების რაოდენობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 25%-ს შეადგენს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ასევე დიდია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის  მსჯავრდებულთა რაოდენობაც.

დანაშაულის კატეგორიების მიხედვით, მსჯავრდებულთა უმრავლესობა  ეკონომიკური (4  659) და საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგის  წინააღმდეგ (3  675) ჩადენილი დანაშაულისათვის იხდის სასჯელს. ასევე დიდია ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ხვედრითი წილიც (2 968).

2018 წლის იანვარში პირობით ვადამდე 36 მსჯავრდებული, პირობითი მსჯავრით კი 29 პირი გათავისუფლდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყალებისა და ამნისტიის საშუალებით არავინ გათავისუფლებულა.

          არაპატიმარი მსჯავრდებულები

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში სულ 22 874  არაპატიმარი მსჯავრდებულია. მაღალი მაჩვენებლით თბილისი გამოირჩევა, რომელსაც ასევე მაღალი მაჩვენებლით იმერეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი, ქვემო ქართლი და აჭარა მოსდევს.  არაპატიმარ მსჯავრდებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია დაფიქსირებული.

შეფარდებული ღონისძიების მიხედვით, ქვეყანაში არაპატიმარ  მსჯავრდებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა პირობით მსჯავრზე  მოდის, ეს არასაპატიმრო სასჯელი 19 259 პირს აქვს შეფარდებული. ყველაზე მცირე მაჩვენებლით ხასიათდება სასჯელის მოხდის გადავადება ხასიათდება, ასეთი მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდება.

რას აკეთებს სახელმწიფო რესოციალიზაციისთვის?

2018  წლის იანვრის თვეში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს  ინიციატივით რეგიონებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო, სოციალური დახმარებისა და დასაქმების ღონისძიებები სულ 466 არაპატიმარი მსჯავრდებულისთვის მოქმედებდა.

ამონარიდი სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშიდან / 2018 წლის იანვრის სტატისტიკა

დიაგრამა გვიჩვენებს, რომ დასაქმების წილი რესოციალიზაციის პროცესში მხოლოდ 0.9 %-ია, რაც ნიშნავს, რომ დასაქმდა მხოლოდ  4 ადამიანი. საგანმანათლებლო პროგრამების წილია 1,3 % – ეს მხოლოდ 6 ადამიანს გულისხმობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. არაპატიმარი მსჯავრდებულებისთვის დასაქმება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რეაბილიტაციისთვის.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი”

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ რეგიონულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება დასაქმებაა:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

გარდა დასაქმების მიმართულებისა, დემოკრატიის ინსტიტუტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ფონდ თანაზიარის, აფხაზინტერკონტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პატიმართა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

 • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
 • იურიდიულ დახმარებას;

 • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
 • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ველომსვლელობა ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

ყოველთვიური ველო მსვლელობა, რომელიც Crisical Mass-ის სახელით არის ცნობილი, დღეს 31 მარტს ბათუმში გაიმართა.  კამპანია Crisical Mass მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანიაა, რომელიც ყველა დიდ ქალაქში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.

ღონისძიების მთავარი მიზანია მსოფლიოს გარემოსდაცვით გამოწვევებზე ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და ადამიანების ქმედებების შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.

ველომსვლელობა ბათუმში
ველომსვლელობის მონაწილეები
ველომსვლელობა. ბათუმი 2018
ველომსვლელობა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება

ბათუმი VS ხარები – მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ბათუმი რაგბი არენაზე, დიდი 10-ის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი ბათუმის “ბათუმსა” და რუსთავის “ხარებს” შორის გაიმართა. მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 28:24.

პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ანგარიში 14:24 იყო, “ხარების” სასარგებლოდ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბათუმელებმა შეძლეს და მოედანზე უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 28:24 დაფიქსირდა, სარაგბო კლუბ “ბათუმის” სასარგებლოდ.

მეჩვიდმეტე ტურში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა გასამართი.

ამავე თემაზე:

32:29 – „ბათუმმა“ თბილისის „ლელო სარასენსი“ დაამარცხა [ფოტო]

5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის

საქართველოს განათლების სამინისტრო, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინიცირებით ახალი პროექტის ონლაინ ტრენინგების კურსს ქმნის.

ონლაინ ტრენინგების კურსი ორი მიმართულებით შეიქმნება. პირველი – მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების კურსი, მეორე კი საგნობრივი ტრენინგების კურსი იქნება. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატა ედიშერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, დაგეგმილია, რომ ონლაინ ტრენინგების ორივე კურსში მასწავლებლებმა კრედიტ ქულებიც აიღონ.

ზოგადი უნარების ტრენინგ კურსი სამკრედიტიანი იქნება, საგნობრივი ტრენინგები კი ორკრედიტიანი.

„მასწავლებელთა პროფესიული უნარების ონლაინ კურსის მოდულები შექმნილია და უკვე მიმდინარეობს კონვერტირება ონლაინ ფორმატში. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან დაიწყება მუშაობა საგნობრივ მოდულებზე, რომელიც უფრო ჩაღრმავებული კურსი იქნება. ამ ტრენინგების კურსის შექმნა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება“, – გვეუბნება ნატა ედიშერაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ტრენინგ კურსები იქნება ხუთკვირიანი, რომელსაც ეყოლება ფასილიტატორი-მოდერატორი.

„როცა მონაწილეები დარეგისტრირდებიან ონლაინ ტრენინგების კურსზე, შემდეგ მათ მიეცემათ სამუშაო, ხოლო კვირის ბოლოს შეაჯამებენ შესრულებულ სამუშაოს. თუმცა, მოდერატორი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს პედაგოგებთან – იქნება უკუკავშირიც. პედაგოგებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ დისკუსიებში და  ქვიზებიც ონლაინ გააკეთონ, რითაც თავიანთ შრომას შეამოწმებენ“.

ნატა ედიშერაშვილის თქმით, ონლაინ ტრენინგების შეფასების კომპონენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ, პედაგოგები კრედიტქულებს აიღებენ.

რა ნიშნით შეარჩევენ ტრენინგ-კურსში მონაწილეობისთვის პედაგოგებს? – ვეკითხებით პროექტის მენეჯერს. მისი ინფორმაციით, ტრენინგებზე დარეგისტრირების და მონაწილეობის უფლება ყველა პედაგოგს ექნება.

„ზოგადი უნარების კურსი ყველა საგნის მასწავლებლისთვის არის ხელმისაწვდომი. საგნობრივი ტრენინგების კურსი კი მხოლოდ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის. კურსის გავლა არ შეუძლიათ მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლებს. კვლევამ, რომელიც გერმანულმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ ჩაატარა, ყველაზე მეტი საჭიროება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით აჩვენა. რადგან რესურსები ლიმიტირებულია, პრიორიტეტები უნდა გამოკვეთილიყო“, – გვეუბნება ედიშერაშვილი.

შესაბამისად, საგნობრივი ონლაინ ტრენინგების კურსის გავლა შეეძლებათ მხოლოდ  ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს. პროფესიულ უნარებში კი ყველა პედაგოგს. კურსი გათვლილია მეშვიდედან მეთორმეტე კლასების ჩათვლით.

რეგისტრაციის ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული.

 

 

ჩაქვში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებულია სამი ადამიანი. ავარიის დროს ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყვებულია სსკ-ის 276-ე  მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

ავარია ჩაქვში

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი წელს 57 მილიონამდე ლარს დახარჯავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და განვითარება რჩება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა, გამტარუნარიანობის გაზრდა ასევე რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი წელს 34 მილიონამდე ლარს დახარჯავს აჭარის მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ასფალტბეტონის საფარის მოწყობაში, რომლითაც ჯამში დაგეგმილია 67 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 19,78 კმ გზის მოასფალტება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 18,09 კმ-ის, ქედის მუნიციპალიტეტში – 12,15 კმ, შუახევის მუნიციპალიტეტში – 8, 28 კმ-ის, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – 9,24 კმ-ის.

გარდა ორფენოვანი ასფალტობეტონი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა წელს ექვს მილიონამდე ლარი დაიხარჯება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციაში. მათ შორის წელს, 14 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ჩელტას გზის რეაბილიტაცია
ჩელტას გზის რეაბილიტაცია

წელს ახალი საგზაო სამელიორაციო რეაბილიტაციისთვის მილიონამდე ლარია გათვალისწინებული, ხოლო არსებულის მოვლა შენახვისთვის მილიონ ასი ათასზე მეტი.

საგზაო ინფრასტრუქტურის ხანგრძლივი პერიოდით შენახვისთვის დეპარტამენტი საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ქვეპროგრამას მუდმივად ახორციელებს. წელს მისი ღირებულება შეადგენს 13 მილიონზე მეტ ლარს. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში  მუდმივად ხორციელდება საავტომობილო გზების, სანიაღვრე არხების და ხელოვნური ნაგებობების გაწმენდა, მოშანდაკება და ჩამონაშალის გატანა, გვერდულებზე და ფერდობებზე ბალახის მოთიბვა და ბუჩქნარის მოჭრა, გრუნტის გზებზე საფარის შესწორება, ღორღით შევსება და პროფილის გასწორება, საგზაო ნიშნების დამზადება-მონტაჟი და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა.

მოვლა-შენახვითი სამუშაოები განხორციელდა შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბის და ჭვანის საავტომობილო გზებზე.
მოვლა-შენახვითი სამუშაოები განხორციელდა შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბის და ჭვანის საავტომობილო გზებზე.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე დასრულებული და ჩაბარებულია, ნაწილის განხორციელება კი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს:

23 მარტს დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალაბარში ალამბარი-სახარიას საავტომობილო გზის 1,2-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 423 993 ლარს შეადგენდა.

„ალამბარი-სახარია“ გზის რეაბილიტაცია დასრულდა
„ალამბარი-სახარია“ გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში, ქედა-მერისი ნამონასტრევის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულდა დამცავი ზღუდარების მოწყობა. სახელშეკრულებო ღირებულება 101 169 ლარს შეადგენდა. მონაკვეთზე ზღუდარები 1125 მეტრზე მოეწყო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩელტაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარებს, საყოფაცხოვრებო მანქანების ქარხანა – ჩელტა 2,65 კმ მონაკვეთზე.  აქ უკვე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის მეორე ეტაპი დასრულდა. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 666 405 ლარს.

ჩელტას გზის რეაბილიტაცია
ჩელტას გზის რეაბილიტაცია

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის – მახოს ხიდი – გონიოს ხიდის მშენებლობის პროცესი. აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის მიმდინარეობს ხებუჩქნარიდან გზის გაწმენდა, ოთხკუთხა მილის მოწყობა, კედლის ჩამოსხმა და ნაყარი გრუნტის გაწმენდის სამუშაოები.

პროექტის სატენდერო ღირებულება შეადგენს  2 696 998 ლარს.

ჭოროხის გზის რეაბილიტაცია
ჭოროხის გზის რეაბილიტაცია

27 წლის წინ მოქალაქეების 98%-მა ქვეყნის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას მისცა ხმა

1991 წელს 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე საქართველოს თითქმის სრულმა მოსახლეობამ, საარჩევნო ასაკის 98-მა პროცენტმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას და საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლას.

საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ჩატარდა.

დღეს, 31 მარტს პირველი რეფერენდუმიდან 27 წელი გავიდა. ამ ისტორიული მოვლენის დღე დაემთხვა/დაამთხვიეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

დღევანდელი დღის აღსანიშნავად ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, „გმირთა სკვერთან“ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ამ სკვერში ზვიად გამსახურდიას ძეგლის განთავსების ინიციატივით, გასული წლის ბოლოს ბათუმის საკრებულოს ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა, რომელიც პირველი უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო „მრგვალი მაგიდიდან“. მაშინ ითქვა, რომ საკითხზე განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიაში იმსჯელეს და შეთანხმდნენ ძეგლის დადგმაზე, თუმცა შესაბამისი განკარგულება საკრებულოს დღემდე არ მოუმზადებია.

შეზღუდვები ბონის წყალმომარაგებაში

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა წყალმომარაგების მილი. რის გამოც ტარდებას სარემონტო სამუშო და ბონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 14:30 საათიდან, 16:00 საათამდე, შეეზღუდება წყალმომარაგება.

შსს: თაღლითობის ფაქტზე პოლიციის მაიორი დააკავეს

შსს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავა.

„დაკავება მოხდა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის  შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

შსს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის მოსთხოვა თანხა – 4000 ლარამდე.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 26 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა “დილის ტალღის” ვიდეო – მემონტაჟე ზუკა ფაღავა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. მაუწყებელში ამბობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ზუკა ამბობდა, რომ კუჭი ტკიოდა. სამსახურში იყო, როცა ცუდად გახდა. რვა საათისკენ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც წნევა გაუზომეს, გადასხმა გაუკეთეს. ვერ მიხვდნენ რა სჭირდა. ამასობაში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალების მერე ბოდიში მოუხადეს მის დას – გული ყოფილაო. სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა“, – გვეუბნებიან აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები.

ზუკა ფაღავა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების გამო დღეს ეთერში არ გავიდა გადაცემა “დილის ტალღა”.

მთავარი ფოტო: ზუკა ფაღავა

ფოტო აჭარის ტელევიზია

პირველი არჩეული მერი ქედის მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად აბარებს

ლევან გორგილაძის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს, 26 მარტიდან აცნობს.

ლევან გორგილაძე
ლევან გორგილაძე

ლევან გორგილაძე ქედის მერად, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63 %-მა  აირჩია. ხალხის მიერ პირველი არჩეული მერი საქმიანობას ოფიციალურად 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგა.

მმართველობის 100 დღის განმავლობაში, ქედის მერიაში არა ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა (ონლაინ პეტიცია, მოსახლეობის ჩართულობის ზრდა თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, მოქალაქეებთან კომუნიკაციის ყველა არხის ღიაობა და ახლადდამკვიდრებული სოლიდარობის დღეები, ადგილობრივების საჭიროებებზე მორგებული პროექტები და ა.შ.),  გაღრმავდა და გაფართოვდა ურთიერთობები სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო თანამშრომლობებს.

ლევან გორგილაძე უკვე შეხვდა წონიარისის, ცხმორისის, დანდალოს, ზვარეს, ოქტომბრის, მერისის და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ანგარიშით წარსდგა ქედის საკრებულოს წინაშე და შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:

[checklist]

  • პასუხისმგებლობა ამომრჩეველთან და მერიის საქმიანობის ძირითადი პრინციპები:
  • გასატარებელ რეფორმათა სტრატეგიული ორიენტირები და სამომავლო შედეგები;
  • წინ გადადგმული ნაბიჯები;
  • გაზრდილი მიმდინარე წლის ბიუჯეტი და 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ზოგადი მიმოხილვა 2018 წელთან მიმართებაში;
  • მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები;
  • მიმდინარე მსხვილი პროექტები: გაზიფიცირება, ქედის შემოსასვლელის გაფართოვების სამუშაოები, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ახალი ნაგავმზიდი და დამატებითი ურნები, ზუნდაგის მრავალფუნქციური სახლი, დაბა ქედის სოციალური სახლი, ლოჯისტიკური ცენტრი და ა.შ.
  • მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები;
  • მერიაში მოქმედი ყველა სფეროს მიმოხილვა, ახალი პროგრამები და მიღწეული წარმატებები.
  • 2018-2021 წლის მოლოდინები და სხვა.

[/checklist]

შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებს ინტერაქტივს და დასმულ შეკითხვებს თავად ლევან გორგილაძე პასუხობს. შეხვედრებზევე ინიშნავენ ყველა იმ საჭიროებას, რასაც ადგილობრივები ასახელებენ.

ქედის მერი ანგარიშის წარდგენას ოფიციალურად 2 აპრილს დაასრულებს. მომდევნო შეხვედრები პირველი მაისის, მახუნცეთისა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებშია ჩანიშნული.

აბუსერიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 29 ნომერში მცხოვრები პირები, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ. ცენტრმა მუშაობა პირველად დღეს 30 მარტს დაიწყო. ცენტრი ბათუმში 272 ბენეფიციარს ემსახურება.

კორპუსის მცხოვრებლების აზრით, საცხოვრებელ სახლში ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხშირი ვიზიტები მიუღებელია. სახლის მცხოვრებლებმა დღეს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს და ცენტრის გახსნის გამო, საჩივარი დაწერეს.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ დაეხმარონ ამ ადამიანებს, მაგრამ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნა მიუღებელია. აქ უამრავი ბავშვი ცხოვრობს და ათობით ნარკოდამოკიდებული ადამიანის მოძრაობა ეზოში არ არის ჩვენთვის მისაღები“, – ამბობს პაატა ხიმშიაშვილი.

აბუსერიძის 29-ში მცხოვრები პირები, კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას ეწინააღმდეგებიან

ხიმშიაშვილის თქმით, შესაძლებელია ბენეფიციართა რიცხვი კიდევ გაიზარდოს და ეს აქ მცხოვრებლებისთვის მისაღები არ არის.

„მოდიან, წამალს იღებენ, ამდენი ნარკოდამოკიდებულის  ეზოში სიარული არ გვინდა. ბავშვები გვყავს და ეს სიტუაცია არ მოგვწონს“, -გვეუბნება კორპუსის კიდევ ერთი მაცხოვრებელი.

ნარკორეაბილიტაციის ცენტრი სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ეკუთვნის. მისი წარმომადგენელი პაატა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ცენტრი არის სახელმწიფოსგან ლიცენზირებული და მისი მუშაობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ამ სახლში მცხოვრები პირებისთვის.

„მე არ მაქვს ვალდებულება, რომ მეზობლებისთვის შემეთანხმებინა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა. ბენეფიციარები მოდიან იღებენ მომსახურებას, უტარდებათ სარეაბილიტაციო კურსი და მიდიან. ისინი ამ ტერიტორიაზე არ ჩერდებიან. შესაბამისად, მათი აქ მოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

სარეაბილიტაციო ცენტრს ცალკე შესასვლელი აქვს, ეზოს მეორე მხრიდან

ეს ადამიანებიც საზოგადოების წევრები არიან, მათ  დახმარება სჭირდებათ და ვფიქრობ მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მათ მიმართ. ეს პროგრამა ათი წელია საქართველოში ხორციელდება“, – ამბობს ის.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მეზობლების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ისინი არ არიან კარგად ინფორმირებული ცენტრის საქმიანობის შესახებ, „თუმცა, ყველაფერს ავუხსნით, დაინახავენ, რომ პრობლემას არ ქმნიან ეს ადამიანები“, – ამბობს ის.

სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბენეფიციარები სახლის ცენტრალური შესასვლელით არ სარგებლობენ – ცენტრს ცალკე შესასვლელი აქვს.

პაატა ლეკიაშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტ ნარკოდამოკიდებულ პირს ეხმარება რეაბილიტაციაში.

კორპუსის ცენტრალური შესასვლელი. ეზო

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ანა მდინარაძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – ანა მდინარაძე.

საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით ანა მდინარაძის კანდიდატურას 17 მარტს დაუჭირა მხარი. პროცედურის თანახმად, ფილიალის მხარდაჭერილ კანდიდატურას ამტკიცებს საიას გამგეობა. შესაბამისად, ანა მდინარეაძე სათაო ოფისის გამგეობამ რამდენიმე საათის წინ დაამტკიცა თავმჯდომარედ.

25 წლის ანა მდინარაძე 2012 წლიდან არის საის აქტიური იურისტი. ანა მდინარეძე 2015 წლიდან დღემდე საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე იყო.

ანა მდინარაძე ერთი წლის ვადით არის არჩეული.

2015 წლის 3 თებერვალიდან დღემდე საიას აჭარის ფილიალს გიორგი ხიმშიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ზედიზედ ორი ვადით იყო არჩეული. მას უფლებამოსილების ვადა წელს ამოეწურა. საიას აჭარის ფილიალის წესდება კი კრძალავს ერთი და იგივე პირის მესამე ვადით არჩევას.

გიორგი ხიმშიაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საქმიანობის გაგრძელებას კერძო საადვოკატო სფეროში აპირებს.

ბათუმის მერია: #3 და #13 ავტობუსების მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ცნობით, პირველი აპრილიდან ბათუმში ავტობუსების რამდენიმე მარშრუტზე ცვლილებები განხორციელდება, კერძოდ:

        #3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

  • ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა (სამკერვალო ფაბრიკა);
  • ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები;
  • თამარ მეფის გზატკეცილი და თამარის დასახლება;
  • უკუმიმართულება – თამარის დასახლება, თამარ მეფის გზატკეცილი, ბაქოს, ჭავჭავაძის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა.

#3 სამარშრუტო ხაზი მოძრაობდა შემდეგი მიმართულებით – თბილისის მოედანი,ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩები, თამარ მეფის გზატკეცილი და თამარის დასახლება. უკუმიმართულება იგივე. 

     #13 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

  • თბილისის მოედანი;
  • ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები;
  • თამარ მეფის გზატკეცილი, ჩაქვი, უმაღლესი საბჭო და ბუკნარი.
  • უკუმიმართულება – ბუკნარი, უმაღლესი საბჭო, ჩაქვი, თამარ მეფის გზატკეცილი, ბაქოს ქუჩა და თბილისის მოედანი. 

#13 სამარშრუტო ხაზი მოძრაობდა შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, ბაქოს, შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩები, თამარ მეფის გზატკეცილი, ჩაქვი, უმაღლესი საბჭო და ბუკნარი. უკუმიმართულება იგივე.

 

გადაიხედე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში [ტესტი]

ევკალიპტი, ამბრი, სექვოია, ხეტიტა, ჭაობის კიპარისი, ჭადარი, მაგნოლია, მუხა, წიფელი – ეს იმ ხეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადააქვს. ზღვაში მოცურავე და მოსიარულე ხეები უკვე კარგა ხანია ახალი ამბების ჩვეულებრივ თემად იქცა. ადევნებ თვალ-ყურს გიგანტური ხეების გადატანის პროცესს? შეავსე ტესტი და გაიგე რა ცოდნა დაგიგროვდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ.

 

ტესტის პირველ კითხვაში გამოყენებულია შოთა გუჯაბიძის ფოტო

მეტი ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ

ბაგა-ბაღი „აისი“ – უსაფრთხო და მეგობრული გარემო პატარებისთვის

როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, სადაც შვილს მიიყვანთ? –  თუ ამ კითხვაზე თქვენი სავარაუდო პასუხებია:

[checklist]

  • უნდა იყოს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ჰქონდეს ხელსაყრელი მდებარეობა
  • უნდა ჰქონდეს მყუდრო ეზო და, შესაბამისად, იყოს უსაფრთხო გარემო
  • უნდა იყოს სუფთა
  • არ იყოს ჯგუფებში ბევრი ბავშვი, რომ ყურადღება არ მოაკლდეს ჩემს შვილს
  • გარდა იმისა, რომ უსაფრთხო, სუფთა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება, პიროვნულად და უნარ-ჩვევებითაც მზად იყოს სკოლისთვის.

[/checklist]

ბათუმში, ს.ხიმშიაშვილის N24-ში მდებარე, ბაგა-ბაღ აისში დაგხვდებათ ის გარემო რომელსაც თქვენი შვილისთვის ეძებთ.

დღის რეჟიმში შედის:

[checklist]

  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამდეროვე მეთოდების გამოყენებით სწავლება – ეს თამაშით და კეთებით სწავლებას გულისხმობს.

[/checklist]

ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მიიღებიან  ბავშვები 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.

რაც შეეხება გადასახადს, ის ბათუმში არსებულ შეთავაზებებს შორის საუკეთესოა და თვეში 180 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24

„პროკურორს შეუძლია თაროზე შემოდოს საქმე“ – სარჩელი ზემდგომი პროკურორის წინააღმდეგ

კომპანია „ნიკანი“ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტიციო სასამართლოში აპირებს დავას. სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. დავის საგანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსია, სადაც წერია, რომ „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება…“

2017 წლის აგვისტოდან დღემდე ეს კომპანია კონკრეტული ფიზიკური პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კომპანიას პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება სამეგრელო – ზემო სვანეთის ოლქის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა გიორგი თორდიამ მიიღო.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემდგომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება დაუსაბუთებლად თქვას უარი პირის დაზარალებულად მიჩნევაზე. დაზარალებულის სტატუსის გარეშე კომპანიას არ აქვს უფლება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. მოსარჩელე აქცენტს აკეთებს რისკზე, რომ შესაძლოა, ისე დასრულდეს გამოძიება და არავინ მიეცეს პასუხისგებაში, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

„პროკურორ თორდიას შეუძლია შემოდოს ეს საქმე თაროზე და ექვსი წლის განმავლობაში გვიპასუხოს მიმდინარეობს გამოძიება და ეს იქნება კანონიერი. ექვსი წლის და ერთი დღის შემდეგ თეორიულადაც ვერ იარსებებს ლაშა ლ.-ს სისხლის სამართლის პასუხგებაში მიცემის შანსი, ამიტომ მე იძულებული ვიქნები უსასრულოდ ვწერო განცხადებები და ვასაჩივრო თორდიას, ან ბულიას, ან კიდევ ვიღაც სხვა პროკურორის საქმის მიჩქმალვაზე, თვალის დახუჭვაზე, დაუდევრობაზე, გულგრილობაზე, შეცდომებზე, არაკომპეტენტურობაზე, ან განზრახ უკანონო და არასწორ მოქმედებებზე…“ – წერია საკონსტიტუციო სარჩელში.

პირის დაზარალებულად ცნობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 56-ე მუხლი განსაზღვრავს:

„პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს სამართლებრივი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლს: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

 

 

შეხვედრა მედიასთან ხელვაჩაურში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის – „მედია და საზოგადოება“ – ფარგლებში მეექვსე შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გაიმართა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე და „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ესაუბრნენ.

შეხვედრის ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ინფორმაციისა გაცვლასა და დისკუსიას სხვადასხვა პრობლემაზე.

არჩილ კახაძე და მარი ბოლქვაძე

არჩილი კახაძე, „ბათუმელების“ მარკეტინგის მენეჯერი: „ბათუმელები“ 2001 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიზანია ასახოს ადამიანის უფლებები, სოციალური მდგომარეობა, გარემო, რომელიც მოქმედებს ადამიანის ყოფაზე. დღეს მედიაში დიდია კონკურენცია, ამბავი უნდა იყოს სწრაფი, ახალი. თუ გინდა რომ ადამიანი კითხულობდეს, უნდა გქონდეს ექსკლუზიური ინფორმაცია.

ჩვენი მიზანია თქვენი მოსმენა. გვინდა გავიგოთ, რა პრობლემები გაწუხებთ. ჩვენ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ვართ, მაგრამ მათზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია.

მარი ბოლქვაძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი: ჩვენ გადაცემისთვის არ ვწერთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ისედაც ხშირად ვხედავთ ეკრანებზე, გვინდა, რომ ამ გადაცემაში იყოს ხალხი.

შეხვედრაზე გამოვლენილი პრობლემები მსგავსია ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დასახელებული პრობლემებისა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების არარსებობა, გაუმართავი სპორტული მოედნები, პედაგოგებმა ასევე აღნიშნეს საბანკო სერვისების არახელმისაწვდომობა, ვინაიდან ანაზღაურების მისაღებად მათ ქალაქში უწევთ ჩასვლა.

მედიის წარმომადგენლებმა დასაწყისშივე ისაუბრეს სკოლის მოძველებულ შენობასა და სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურაზე. საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ელიან ტენდერის გამოცხადებას, რის შემდეგაც სკოლის ახალი შენობა უნდა აიგოს, იქამდე კი ქედქედის საჯარო სკოლის 105 მოსწავლე ახლომდებარე შენობაში, მეორე სმენაში გააგრძელებს სწავლას. მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ სკოლის ბიბლიოთეკის, ბუფეტისა და ლაბორატორიების მდგომარეობით. აღმოჩნდა, რომ სკოლაში არ ფუნქციონირებს სასადილო. ბიბლიოთეკა კი განახლებულია თანამედროვე ლიტერატურით.

დალი კახიძე: ადრე სკოლაში გვქონდა ლაბორატორიები, ახლა არ გვაქვს, თურმე საჭირო ყოფილა.

მარი ბოლქვაძე: პედაგოგებს სამმაგი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ მოსწავლეებს აუხსნან ქიმიური რეაქციები, თუმცა ძალიან რთულია, წარმოსახვით როგორ უნდა მიხვდე ეს ყველაფერი.

ნინო მალაყმაძე: ერთ-ერთი ქიმიის მასწავლებელი სასწაულებს აკეთებს, ერთხელ მოიყვანა დამხმარე და კლასში მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ქიმიური ცდები, ლაბორატორიის გარეშე, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს.

ლინეტა მსხალაძე, მოსწავლე: მე-11 და მე-12 კლასის ზოგიერთი წიგნი გამოუსადეგარია, ცოტა რაოდენობითაა და ყველას არ გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ.

ნერვისტან მსხალაძე: სტუდენტებზე არ ვრცელდება შეღავათი, ისე როგორც ქედას, შუახევს და ხულოს აქვს. სამინისტროში რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ ხელვაჩაურზე არ ვრცელდებაო.

შეხვედრა სოფელ ქედქედში

მარი ბოლქვაძე: მუსიკის გაკვეთილები როგორ ტარდება?

მამული ზაქარაძე, მოსწავლე: კლუბი გვაქვს, გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი მოდის და ვისაც სურვილი აქვს, იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, ხელვაჩაურში მათემატიკის და ინგლისურის წრეა.

ნინო მალაყმაძე: უნივერსიტეტში მუშაობს ნოდარ კოპინაძე, რომელმაც საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. გაკვეთილების შემდეგ აქ მოდის და ბავშვებს ამეცადინებს ზოგად უნარებში, ამ ყველაფერს თავისი ხარჯებით, სრულიად უანგაროდ აკეთებს.

თამარ კურცხალიძე: სოფლის მოსახლეობა შემცირდა, აქ არ არის სამუშაო ადგილები და ყველა სამუშაოდ წავიდა. ყოველდღე აქედან ქალაქში სიარულს ამჯობინეს, რომ იქ გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

მარი ბოლქვაძე: სოფლის სკოლებში ძირითადი პრობლემაა პედაგოგების მოძიება, მაგალითად, ინგლისურის, სამოქალაქო განათლების. ამ კუთხით გაქვთ თუ არა პრობლემა?

თამარ კურცხალიძე: სოფელში ბევრი მასწავლებელი გვყავს და გარდა ამისა, ქალაქიდანაც დადიან. სერტიფიცირებულ პედაგოგებს რაც შეეხება, ძალიან ცოტა გვყავს, თუმცა ამ საკითხზეც ვმუშაობთ.

შეხვედრის ბოლოს გადაცემა „ჰეშთეგის” ჟურნალისტმა მოსწავლეებს მოქალაქე ჟურნალისტის სტატუსით ჩართვა შესთავაზა, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, ხელი შეუწყონ სოფლის პრობლემების გაშუქებას.

მარი ბოლქვაძე: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ტელეფონებით გადაიღოთ რაიმე პრობლემა, რასაც ხედავთ და ჩვენ გამოგვიგზავნოთ. აუცილებლად გავაშუქებთ. მართალია, ეს ყველაფერი ანაზღაურების გარეშეა, თუმცა თქვენს სახელ-გვარს აუცილებლად გავაჟღერებთ.

მსგავსი შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ ოთხი დისკუსია გაიმართება, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფელში.

____________________________________

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

პირველი ქართველი მეზღვაური ქალები

1936 წელს ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში ოთხმა მეგობარმა შტურმანის, იგივე გემწამყვანის პროფესია აირჩია. ამ ამბავში უცნაური არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ ოთხივე გოგო იყო. ქალი ზღვაში საქართველოში ახლაც იშვიათი შემთხვევაა და 1936 წელს – მითუმეტეს.

იულია ფაილოძე ხონში  დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი სოხუმთან ახლოს, სოფელ აგუძერაში ცხოვრობდა.

ნინო კალანდაძე – ჩოხატაურიდან იყო, სოფელ ხიდისთავიდან.

შუშანა თუმანიშვილი – ქუთაისიდან.

ვაიდე გვარიშვილი იყო მხოლოდ ბათუმელი.

ვაიდე გვარიშვილი. ფოტო იულია ფაილოძის ფოტოალბომიდან

საზღვაო ტექნიკუმში რომ სწავლობდნენ, ეს – კი, მაგრამ გემზე რომ აპირებდნენ მუშაობას, ამის შესახებ მათ ოჯახებში არ იცოდნენ. პრაქტიკის დრო რომ მოვიდა და ზღვაში გასასვლელად მშობლების თანხმობა გახდა საჭირო, გოგოებს სხვა ადამიანები მიუყვანიათ საზღვაო ტექნიკუმში, ჩვენი მშობლები თანახმა არიანო.

სწავლა რომ დაამთავრეს, ნინო და იულია შორეულ აღმოსავლეთში გაანაწილეს, ვაიდე და შუშანა თუმანიშვილი – კასპიის ზღვაზე გაამწესეს.

შუშანა თუმანიშვილი. ფოტო ძველი გაზეთიდან

1941 წლიდან იულია ფაილოძე და ნინო კალანდაძე გემზე მუშაობდნენ, იულია – ტანკერ „ვოიკოვზე“, ნინო კი -„დონბასზე“. იულია და ნინო თანატოლები იყვნენ, ორივე 1919 წელს იყო დაბადებული და როგორც ჩანს, კარგი მეგობრებიც იყვნენ.

იულია ფაილოძე. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ნინო კალანდაძე „დონბასით“ ცურავდა აშშ-ის ნაპირებთან, როცა ომის დაწყების ამბავი გაიგო. მშობლებთან მიწერილ წერილში იგი განსაკუთრებით წუხს ძმაზე, რომელიც ასევე ფრონტზე იყო:

ნინო კალანდაძე. ფოტო ძველი გაზეთიდან

„13 ივნისს წავედით ამერიკაში. ქალაქ სან პედროში (კალიფორნია). 22 ივნისს გავიგეთ ომის დაწყების ამბავი, რამაც ძლიერ დაგვაღონა. 28 ივნისს უკვე ამერიკაში ვიყავით. სევდამ ისე შემიპყრო, რომ ქალაქში გასვლა აღარ მინდოდა, სულ რადიოს ვუსმენდი.

3 ივლისს წამოვედით ამერიკიდან. გზაზე დიდი სიძნელეების გადალახვა მოგვიხდა. საჭმელად რომ დავჯდები, ვფიქრობ, მე ვჭამ ახლა და ვინ იცის ფრონტზე რა ამბები ხდება და რამდენი სისხლი იღვრება. ვახტანგის დარდით აღარ ვარ, მე მარტო თქვენზე კი არ ვფიქრობ, არამდე ყველაზე, მაგრამ საშიში არაფერია, მალე მოეღება ბოლო საზიზღარ ჰიტლერს და მის თანამოაზრეებს და დადგება მშვიდობა.

ახლა ჩვენ ისევ მივდივართ ამერიკაში, ტვირთის გადმოსაზიდად – ბენზინი უნდა წამოვიღოთ. თუ წერილმა დააგვიანა, არ შეშინდეთ.

იულია უკვე ორ თვეზე მეტია არ მინახავს. თქვენთან ერთად მასაც ვუგზავნი წერილს.

მომწერეთ როგორ ცხოვრობთ, ვახტანგის ამბავს თუ გებულობთ.“

1942 წლის ნოემბერში იულია და ნინო ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ში. მათ უცებ მიიქციეს ამერიკელი ჟურნალისტების ყურადღება, როგორც შტურმანმა ქალებმა, რომლებიც კაპიტნის თანაშემწის მოვალეობასაც ასრულებდნენ. ბევრი ფოტო გადაგვიღეს და მეორე დღეს გაზეთებიც მოგვიტანეს, სადაც ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილიო – იგონებდა იულია.

ამ შეხვედრიდან მოკლე ხანში, ბარენცის ზღვაში, მედვეჟისა და სპიცბერგენის კუნძულებთან ტანკერი „დონბასი“, რომელზეც ნინო კალანდაძე მუშაობდა, გერმანიის ბომბდამშენებმა გაანადგურეს. იულია წყნარ ოკეანში იყო, როცა რადისტმა მას მეგობრის დაღუპვის შესახებ აცნობა.

ომში დაიღუპა ნინო კალანდაძის ძმა, ვახტანგიც.

მალე იულია ფაილოძე ხომალდ „ციოლკოვსკიზე“,  რომელსაც დესანტი გადაჰყავდა, კაპიტნის მეორე თანაშემწედ დანიშნეს. ოთხი გოგოდან, რომელთაც ზღვაზე ცურვა გადაწყვიტეს, იგი ყველაზე დიდხანს, ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა გემზე და მათგან ყველაზე მაღალი ჩინიც ჰქონდა, თუმცა ოცნება ვერ აისრულა და კაპიტანი ვერ გახდა.

1948 წელს საბჭოთა კავშირში ქალ მეზღვაურებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულია ბათუმში დაბრუნდა და ბათუმის საზღვაო სასწავლებელში, ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა. იგი 40 წლის მანძილზე მუშაობდა აქ.

კაპიტნობაზე მეოცნებე ოთხი ახალგაზრდა ქალის ისტორია 70-იან წლებში მწერალ ალექსანდრე ჩხაიძის შთაგონება გახდა. წიგნი – „ზღვა და ოთხი ქალიშვილი“ სწორედ ამ ისტორიაზე მოგვითხრობს.

იულია ფაილოძის დატოვებულ ძველ ფოტოალბომში ერთი ფოტოა ასეთი წარწერით:

„ეს სურათი გადაღებულია 1986 წლის 20 მარტს. ქალაქი ბათუმი. სკოლა რემესლენ სასწავლებელში, როდესაც მიგვიწვიეს მე და ჩემი მეგობარი შამილი მეგრელიძე. ჩვენ ერთად დავამთავრეთ ტექნიკუმი 1940-ში. მოსწავლე გოგონებმა დადგეს „ზღვა და ოთხი ქალიშვილიდან“ წარმოდგენა. მე ბევრი ვიტირე. მომაგონდა ჩვენი ახალგაზრდობა. როგორ სწორად ზუსტად შეასრულეს ჩვენი სახეები.

მე კი ძალზე ცუდად ვიყავი წნევით. ბევრი მეხვეწეს, არ ჩაგვიშალოთ ჩვენი მომზადებული დადგმაო და მეც წავედი.“

ფოტო იულია ფაილოძის ფოტოალბომიდან

ნინო კალანდაძე 23 წლის, 1942 წელს დაიღუპა ბარენცის ზღვაში.

ვაიდე გვარიშვილი 1953 წელს გარდაიცვალა ბათუმში.

შუშანა თუმანიშვილი ბაქოდან არ დაბრუნებულა, იქ დაქორწინდა და დარჩა საცხოვრებლად.

იულია ფაილოძე 2000 წელს გარდაიცვალა ბათუმში, 80 წლის ასაკში.

___________________

მომზადებულია იულია ფაილოძის დისშვილის, ინეზა წილოსანისა და ბათუმის საზღვაო სასწავლებლის, შემდგომში – აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელის, ბიძინა ორაგველიძის მონათხრობზე და მარგალიტა კიკაბიძის  კრებულზე  -„ვაჟკაცების მხარდამხარ“, დაყრდნობით. 

ამავე თემაზე:

აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ორი გოგო სწავლობს

 „ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე

 

ზოგიერთ პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლის პროცედურები ფასიანი გახდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2018 წლის 27 აპრილიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის, არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების/პროდუქციის სასაზღვრო კონტროლის პროცედურები გახდება ფასიანი მომსახურება.

ზემოთ აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ის მომსახურება, რომელიც ამ პროდუქციის კონტროლს მოიცავდა და უფასო იყო, 27 აპრილიდან ფასიანი იქნება. მაგალითად, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმება იქნება 30 ლარი, საქონლის ფიზიკური შემოწმება ნიმუშის აღებით – 90 ლარი, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება – 100 ლარი და ა.შ.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა. ამ დადგენილებას დაემატა 104-120 გრაფები, რაც 2018 წლის 27 აპრილიდან ამოქმედდება. ამასთან, ახალი ცვლილებით, 104-ე და 105-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საქონლის ტრანზიტი.

მომსახურების სახე და საფასური, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდება:
104 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმება

30 ლარი

105 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმება

30 ლარი

106 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იდენტურობის შემოწმება

30 ლარი

107 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იდენტურობის შემოწმება

30 ლარი

108 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი

40 ლარი

109 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ფიზიკური შემოწმება ნიმუშის აღების გარეშე

40 ლარი

110 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ფიზიკური შემოწმება ნიმუშის აღებით (გარდა 113-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

90 ლარი

111 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლიდან ნიმუშის აღება (გარდა 112-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

50 ლარი

112 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლიდან ნიმუშის განმეორებით აღება

100 ლარი

113 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლიდან ნიმუშის განმეორებით აღება

100 ლარი

114 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა 115-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

100 ლარი

115 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება

200 ლარი

116 სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ან მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა 117-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

100 ლარი

117 სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ან მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება

200 ლარი

118 არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების მხოლოდ დოკუმენტური შემოწმება

50 ლარი

119 არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების დოკუმენტური, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმება

150 ლარი

120 არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი/რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

100 ლარი“.

 

თურქეთთან საზღვრის კვეთის წესი პირველი აპრილიდან – საელჩოს განმარტება

საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თურქეთ-საქართველოს საზღვარს ყოველდღე კვეთენ, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დაანგარიშების ახალი წესი დროებით ისევ არ გავრცელდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს.

თურქეთში „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის მიღებიდან [2018 წლის 1-ელი იანვარი] პირველ აპრილს სამი თვე შესრულდება, შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამე ცვლილება ხომ არ იქნება პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის საზღვრის კვეთის წესში.

ამ საკითხზე საქართველოში თურქეთის საელჩომ „ბათუმელების“ კითხვებს წერილობით უპასუხა.

“N:6458 კანონი „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მოქმედებს და ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზეც. მეორე მხრივ, უცხოელების თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადის დაანგარიშების ახალი წესი ამ ეტაპზე შეჩერებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმის დარღვევების აღსაკვეთად და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრძელდება თანამშრომლობა თურქეთისა და საქართველოს უწყებებს შორის. საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება დადასტურდა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი სულეიმან სოილუს 2018 წლის 16 მარტს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბატონ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს,” – ნათქვამია საელჩოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთში ამოქმედდა კანონი – „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადად 90 დღე განუსაზღვრა. ქვეყანაში ყოფნის ერთ დღედ ითვლება თურქეთში თუნდაც ერთი საათით შესვლა. ამ კანონმა საქართველოს იმ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. პროტესტის ფონზე გადაწყდა, რომ კანონი საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდებოდა.

ამავე თემაზე:

შეზღუდვები თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებისთვის – საკონსულოს განმარტება

თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები

საკრებულოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა.

„კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს.

საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს.
საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს.

განკარგულების მიხედვით, შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების საზღვრების კორექტირების მიხედვით, ქ. ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრის საწყისი წერტილი ემთხვევა ლერმონტოვის ქუჩის, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთას,

შემდეგ საზღვარი მიყვება ნურის ტბის მიმდებარე ტერიტორიას მელიქიშვილის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა-ფარნავაზ მეფის ქუჩის გადაკვეთამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩა-26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე, 26 მაისის ქუჩა-ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა-წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა-ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბერიძის ქუჩა-ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა-მის ღერძზე მდებარე ზღვის სანაპირო ზოლის გადაკვეთამდე,

აქედან საზღვარი მიყვება სანაპირო ზღვის ზოლს საზღვაო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით-გოგებაშვილის ქუჩამდე, გოგებაშვილის ქუჩა-სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით-ნონეშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ნინოშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით-რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა-დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიის  გადაკვეთამდე.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე (მთავარი არქიტექტორი), უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - მირიან მეტრეველი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე (მთავარი არქიტექტორი), უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – მირიან მეტრეველი

 

ქ. ბათუმის განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრის საწყისი წერტილი ემთხვევა მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის  ქუჩების გადაკვეთას, მელიქიშვილის  ქუჩა-პუშკინის ქუჩის გადაკვეთამდე, პუშკინის ქუჩა- ბერიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბერიძის ქუჩა-წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, წერეთლის ქუჩა-შავშეთის  ქუჩის გადაკვეთამდე, შავშეთის ქუჩა სარკინიგზო ლიანდაგების გაყოლებით-გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, გოგებაშვილის ქუჩა-ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთამდე და შემდგომ მიყვება ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვარს მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთამდე.

განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა და შემდგომი ღონისძიებების გატარებისა და საქართველოს მთავრობაზე წარდგენის მიზნით გაეგზავნება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

სავარძელში არხეინად დატრიალდა და მაშინ ვესროლე ფეხებში – ბიზნესმენების დაჭრის საქმე ბათუმში

„მასთან, როგორც იქნა, შევაღწიე კაბინეტში. ის გაკვირვებული მიყურებდა. მე წერილი დავუდე მაგიდაზე და ვუთხარი, ამას განიხილავ-მეთქი. მან წერილი გვერდით მოისროლა, არაფერი მითხრა, როცა სავარძელში არხეინად დატრიალდა, მაშინ ვესროლე ფეხებში“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ბრალდებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა, თუ როგორ დაჭრა ბიზნესმენი ჯუმბერ ზოიძე.

ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა.

დღეს, 30 მარტს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „ბიზნესმენის დაჭრის საქმეზე“ ბრალდებულის ჩვენება მოისმინა.

ბრალდებულის თქმით, ის 1998 წლიდან იცნობს „მეგა პალასის“ დამფუძნებელს – ჯუმბერ ზოიძეს და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რამაზ ხიმშიაშვილის ძმისშვილი ჯუმბერ ზოიძის სიძეა.

„მერე მე აზარტული თამაშები დავიწყე და ფინანსური პრობლემები შემექმნა. აღარ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა“, – უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს. – „მე ამ კომპანიაში მქონდა 10-პროცენტიანი წილი და მოვითხოვე ჩემი წილი. ამაზე გვქონდა კამათი, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მილიონ 200 ათასი მერგებოდა. ამ წილის სანაცვლოდ მომცეს საცხოვრებელი ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, რაც დაახლოებით 700 ათასის ღირებულების იყო, მაგრამ ისეთი ბინები მომცეს, რაც რთულად იყიდებოდა. ამიტომ მინდოდა ჯუმბერთან შეხვედრა და არ მხვდებოდა, მემალებოდა, მითვლიდა, თუ მოვა, გავლახავო… პროკურატურასაც მივმართე, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია“.

რამაზ ხიმშიაშვილის თქმით, ის კომპანიაში შეიარაღებული მხოლოდ თავდაცვის მიზნით მივიდა და აფექტურ მდგომარეობაში, შეშინების მიზნით გაისროლა.

„ვესროლე ფეხებში და მაშინვე ვთქვი, აქედან პირდაპირ მივდივარ პოლიციაში-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა ჩემი ძმა – ალექსანდრე. მან დამიჭირა ორივე ხელი და იარაღის წართმევას ცდილობდა. ვუთხარი, თავი დამანებე, ტყვიაა ამ იარაღში-მეთქი. არ მეშვებოდა. ამ დროს გავისროლე მეორედ შემთხვევით… შენობიდან გამოვედი და პირდაპირ პოლიციაში მივედი. არსად არ გავქცეულვარ და დამალვა არ მიცდია. დანარჩენი რა ვიცი, რასაც მომისჯით მაგია,“ – დაასრულა ბრალდებულმა.

ამ შემთხვევის შედეგად ჯუმბერ ზოიძე მძიმედ დაიჭრა. მას სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა უდავო მტკიცებულებად მიიჩნია ჯუმბერ ზოიძის ის ჩვენება, რომელიც მან წინასწარ გამოძიებას მისცა. ამ შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულის ჩვენებას აღარ ისმენს.

სასამართლოსთვის უკვე მიცემული აქვს ჩვენება მეორე დაზარალებულს, ბრალდებულის ძმას – ალექსანდრე ხიმშიაშვილს.

„დღეს არ ვარ მზად გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოს დასჭირდება დამატებითი დრო,“ – მიმართა მოსამართლემ მხარეებს, რომლებიც საბოლოო სხდომაზე დასკვნით სიტყვებს იტყვიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რამაზ ხიმშიაშვილს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„სიმართლე თქვა დღეს რამაზ ხიმშიაშვილმა თქვენ დაჭრაზე, ეთანხმებით?“ – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ალექსანდრე ხიმშიაშვილს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„უფროსი ძმაა, როგორ არ დავეთანხმო“, – გვიპასუხა მან.

 

Duson Georgia – მაღალი ხარისხის ლეიბების პირველი ქსელური მაღაზია საქართველოში

თუ თქვენთვის ლეიბი გაცილებით მეტია, ვიდრე საწოლისთვის აუცილებელი აქსესუარი, თუ ეძებთ სამკურნალო ტიპის მატრასს, გსურთ იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად, ლეიბების სპეციალიზებულ მაღაზიას „დუსონ ჯორჯიას“ შოურუმებს უნდა ეწვიოთ ბათუმში ან თბილისში.

გთავაზობთ სააღდგომო ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე. ფასდაკლება მოქმედებს ხუთშაბათსა და შაბათს. სამუშაო გრაფიკი: დასვენების დღეები - პარასკევი, კვირა და ორშაბათი.
„დუსონი“ გთავაზობთ სააღდგომო ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე. ფასდაკლება მოქმედებს ხუთშაბათსა და შაბათს. სამუშაო გრაფიკი: დასვენების დღეები – პარასკევი, კვირა და ორშაბათი.

მაღაზიის შოურუმი ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, N28-ში მდებარეობს, თბილისში კი წერეთლის გამზირზე, N117-სა და კანდელაკის ქუჩაზე, N11-ში.

საქართველოში არსებულ მაღაზიათა ქსელში წამოდგენილია 22 სახის ლეიბი, 5 სახის ლეიბის დამცავი, 7-8 სახის საბანი და ბალიში, 3 სახის „ტოპერი“ (10-სანტიმეტრიანი ლეიბი გასაშლელი საწოლებისთვის), 2 სახის სასტუმროს ტიპის საწოლი. თუმცა თუ, თქვენ აქ არსებული ასორტიმენტის გარდა სხვა პროდუქციის შეძენასაც მოისურვებთ, შოურუმში არსებული კატალოგებისა და 3D მოდელების საშუალებით, კიდევ რამდენიმე ათეული სხვა სახის პროდუქციის დაკვეთაც არის შესაძლებელი.

პროდუქტის შერჩევისა და თანხის გადახდის შემდეგ სასურველ ნივთს ადგილზე მოგიტანენ „დუსონის“ წარმომადგენლები როგორც ბათუმში, ისე თბილისში. პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია უპროცენტო განვადებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 79-09-09

დაათვალიერე ჩვენი ფეისბუქგვერდი და შეარჩიე სასურველი მოდელი.

ქედას ესტონელი ექსპერტები ესტუმრნენ

28 მარტს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის – „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქედას ესტონელი ექსპერტები -„ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ (ENUT) – ის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალბატონებთან და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ესტონელი ექსპერტები ქედაში
ესტონელი ექსპერტები ქედაში

ექსპერტებმა მსმენელებს მოტივირებული ქალის მიერ საოჯახო ბიზნესად ქცეული მეურნეობის, ბიოწარმოებისა და სტუმარ-მასპინძლობის წარმატებული მაგალითები გააცნეს. მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, გაცვალეს ინფორმაციები და მოისმინეს რეკომენდაციები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასოციაციის ,,ერთმანეთისთვის“თავმჯდომარესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედაში წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ:

დაათვალიერეს ღია სივრცე საზოგადოებისთვის – ,,ქედის ქალთა ოთახი“, ქედის კულტურის ცენტრში ქალების მიერ დამზადებული ხელნაკეთობები (თექა, ნაქარგობები, ტიხარი და ა.შ.). ასევე, ადგილზე გაეცნენ თამარ ბალაძის მეურნეობას სოფელ გეგელიძეებში.

მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, გაცვალეს ინფორმაციები და მოისმინეს რეკომენდაციები
მონაწილეებმა გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, გაცვალეს ინფორმაციები და მოისმინეს რეკომენდაციები

თამარ ბალაძე 34 წლისაა და 11 წლის შვილს მარტო ზრდის. ბარიერები არ აშინებს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მეტიც, ქალაქიდან დაბრუნდა სოფლად და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი. სახელმწიფო პროგრამებით ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,ემპარდის“ ფარგლებში, გახსნა ყვავილების სასათბურე და ჟოლოს ბიზნესიც გასულ წელს წამოიწყო.

ბიზნესს ყოველწლიურად აფართოებს. ამჟამად, ღვინის მარნის მოწყობის პროცესშია. პარალელურად თამარი აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში.

სტუმრები ასოციაციის ,,ერთმანეთისთვის“თავმჯდომარესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედაში წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ
სტუმრები ასოციაციის ,,ერთმანეთისთვის“თავმჯდომარესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედაში წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ

,,ქეისი“ სტუმრებისთვის უაღრესად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.

სტუმრებს ოფიციალურად ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე მასპინძლობდნენ. სემინარისა და წარმატებული მაგალითების გაცნობის შემდეგ, მათთვის ქედის ღვინის საწარმოში ინფოტური მოეწყო, სადაც ასევე კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

ანსამბლ ,,ელესას“ და ,,ბეთლემის“ მიერ შესრულებულმა ფოლკლორულმა სიმღერებმა და ცეკვებმა სტუმრების ოვაცია დაიმსახურა

შეხვედრებისას ხაზი გაესვა ევროპული ქვეყნების დაახლოებასა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,2 მილიარდი აშშ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17,2 მილიარდი აშშ დოლარი [44,6 მილიარდი ლარი] შეადგინა. მარტო 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 342,9 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

მთლიანი საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის განმარტებით, მოიცავს როგორც სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი], ასევე კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს ერთად; საგარეო ვალის სტატისტიკა კი წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7,3 მლრდ აშშ დოლარი [19.0 მლრდ ლარი], რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5,3 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 291,4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 852,7 მლნ აშშ დოლარი და 883,5 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა კი შეადგინა 3,7 მლრდ აშშ დოლარი; სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5,4 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2,6 მლრდ აშშ დოლარი.

მთლიანი საგარეო ვალის 91,4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ამავე თემაზე:

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

მთავრობა აჭარის სოფლებში წყლის მისაყვანად 50 მილიონ ევროს ისესხებს

„აჭარის წყლის ალიანსი“ მაღალი გამავლობის [ჯიპი] ავტომობილს შეისყიდის, რისთვისაც 54 424 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება. სხვა პირობებთან ერთად ავტომობილი უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული და ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნით: AW…AL [აჭარის წყლის ალიანსი], თეთრი ან ვერცხლისფერი, შესაძლებელია სხვა ფერზე შეთანხმებაც.

გამარჯვებულმა ავტომობილი სააქციო საზოგადოებას ხელმოწერიდან 40 დღეში უნდა მიაწოდოს.

„აჭარის წყლის ალიანსი“ 2017 წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის [წარმომადგენელი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] და აჭარის მუნიციპალიტეტების, მათ შორის ბათუმის [ქალაქის მერია] თანამონაწილეობით შექმნილი სააქციო საზოგადოებაა.

კომპანიის წილებს ფლობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა [26%], ბათუმის მუნიციპალიტეტი [34%], ქობულეთი [17%], ხელვაჩაური [11%], ხულო [5%], ქედა [4%] და შუახევის მუნიციპალიტეტი [3%].

კომპანია, წესდების მიხედვით, აჭარის სოფლებსა და დაბების ტიპის დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა.

ამ პროექტს კი, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული, „საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი: 20 მილიონი ევროა, პროექტის განხორციელების პერიოდად კი მითითებულია 2013-2020 წლები“.

„აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 20 მილიონ ევროზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია [პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, მაგრამ სესხის ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის], თუმცა ალიანსის შექმნის შემდეგ, საუბარია ამ პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გამოყოფაზე – ეს ჯერ ზეპირი შეთანხმებაა. აქედან 40 მილიონი ევრო იქნება სესხი, ხოლო 10 მილიონი ევრო – გრანტი. პროექტი 7-წლიანი იქნება.

„ჯერ თანხა გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, არც პროექტის განხორციელება დაწყებულა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დეტალების დაზუსტება. საკითხი ქვეყნის მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უნდა მოაწეროს, შემდეგ დასჭირდება საქართველოსა და გერმანიის პარლამენტებში რატიფიცირება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელება – გამოცხადდება ტენდერები კონსულტანტების შერჩევაზე, პროექტების შესყიდვაზე, მშენებელი კომპანიის გამოვლენაზე, რასაც დაახლოებით 1-1,5 წელი მაინც დასჭირდება. შემდეგ დაიწყება უშუალოდ სამუშაოები“, – განაცხადეს „აჭარის წყლის ალიანსში“.

პროექტით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია აჭარის დაბებსა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლისა და წყალარინების [კანალიზაციის] სისტემების მოწყობა, რაც 24-საათიან წყალმომარაგებას და გამწმენდი ნაგებობების აშენებასაც მოიცავს. პირველ ეტაპზე შესრულდება ის სამუშაოები, რასაც 50 მილიონი ევრო გაწვდება.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები მოსახლეობის [იურიდიული პირების] გამრიცხველიანებასაც, შესაბამისად, წყლისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობისთვის გადასახადების დაწესებასაც გულისხმობს.

„ალიანსში“ აცხადებენ, რომ პროექტი პირველ ეტაპზე სრულად შეეხება შემდეგ დაბებსა და სოფლებს: ხელვაჩაურს, ქედას, შუახევს, ხულოს, ცეცხლაურს, ჯიხანჯურს, მახუნცეთს და ამ დაბების შემოგარენში სოფლებს, სადაც მოსამზადებელ ეტაპზე მოსახლეობასთან იქნება სამუშაო.

წესდების მიხედვით „აჭარის წყლის ალიანსი“ წარმოადგენს საკომუნიკაციო პლატფორმას წყლისა და წყალარინების კომუნალურ საწარმოებს შორის, ასევე მუნიციპალურ და სამთავრობო ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. კონსულტანტია გერმანული კომპანია MACS.

აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „აჭარის წყლის ალიანსისთვის“ გასულ წელს 33 800 ლარი იყო გამოყოფილი, მიმდინარე, 2018 წლის ბიუჯეტში კი კომპანიისთვის 67 600 ლარია გათვალისწინებული.

ამავე თემაზე:

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

 

Exit mobile version