კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

ბათუმის პორტის 10 თანამშრომელი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს. ყველაფერი გუშინ, 2 აპრილს დაიწყო,  როცა  პორტის ადმინისტრაციული შენობის  წინ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, გადამდგარიყო „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. აჭარის მთავრობის მიერ დღეს, 15:00 საათზე, გავრცელებული ინფორმაციით, პორტში მედიაცია შედგა და რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება.

რა მდგომარეობაა ბათუმის პორტში

ბათუმის პორტის მოგება გასულ, 2017 წელს მხოლოდ 900 ათასი დოლარი იყო, 2018 წელს კი შესაძლოა ნავსადგურმა  1 მილიონი დოლარის ზარალი ნახოს. ამის შესახებ “ბათუმელებს” საზღვაო ნავსადგურის მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში, კუანიშ ჟოლდასოვმა უთხრა. მის მიერვე მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის შედეგებით, პორტში ნავთობის ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2016 წელთან შედარებით 36%-ით შემცირდა (3.6-დან 2.3 მილიონამდე ტონა წელიწადში). 2018 წლისთვის ნავთობის გადაზიდვების მოცულობის პროგნოზი კი 1.1 მილიონი ტონაა.

რატომ შემცირდა ბათუმის პორტში  ტვირთების ბრუნვა და ეს ხომ არ გახდა  იმის მიზეზი, რომ პორტი აპირებს თანამშრომლების შემცირებას?  – ვკითხეთ კუანიშ ჟოლდასოვს.

“ტვირთების შემცირების ძირითადი მიზეზი არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის სატრანსპორტო სტრუქტურაში ცვლილება. ამავდროულად, პორტის წმინდა მოგებამ გასული წლისთვის 0.9 მილიონი დოლარი შეადგენა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 86%-ით (2016 წელს $ 5.4 მილიონი) ნაკლებია. 2018 წელს პროგნოზირებული ზარალი დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი იქნება. პორტის ამჟამინდელი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის დასაწყისიდან გადაწყდა შეგვემცირებინა ნედლეულისა და მასალების ხარჯები 44%-ით, უცხოელი სპეციალისტები – 63%-ით. ასევე, საპენსიო ასაკს მიღწეულ ცალკეულ თანამშრომელთან მოლაპარაკების შედეგად შეწყდა შრომითი ურთიერთობა მხარეების შეთანხმებით, სამი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდისა და 2018 წლის ბოლომდე სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნების პირობით,” – მოგვწერა კითხვის პასუხად ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მმართველმა დირექტორმა.

ბათუმის პორტის თანამშრომლების თქმით, პორტი გეგმავს დასაქმებული პერსონალი სხვა ფირმას აუთსორსინგის [მომსახურების მიღება სხვა კომპანიისგან ხელშეკრულების საფუძველზე] გზით გადასცეს, რამაც შესაძლოა ბევრი მათგანი სამსახურის გარეშე დატოვოს.

ამ პროცესს წინ უძღოდა პენსიაში გასული 25 თანამშრომლის გათავისუფლება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გათავისუფლებული პენსიონერების გარდა პორტში კიდევ საპენსიო ასაკს მიღწეული 50 დასაქმებულია, რომლებსაც კომპანია სამსახურიდან წასვლას საკუთარი სურვილით სთხოვდა. მათთან მორიგება ამ ეტაპზე არ შედგა.

66 წლის ანდრო დუნდუა ბათუმის პორტში 23 წელი მუშაობდა. თავიდან დოკერი იყო, ბოლო პერიოდში კი პორტის ტერიტორიის დასუფთავება ევალებოდა. ანდრო ერთ-ერთია პენსიაზე გასული იმ 25 თანამრომელთაგან, ვინც 12 მარტიდან ბათუმის პორტში აღარ მუშაობს. განცხადება თავისი ნებით დაწერა და წავიდა. თუმცა ამბობს, რომ იძულებული იყო ეს გაეკეთებინა.

„დამიბარეს და მითხრეს – თუ არ წახვალ, თვის ბოლოს ბრძანებით მაინც გაგიშვებთ სამსახურიდან. თუ წახვალ, ერთი წელი დაზღვევის პაკეტს შეგინარჩუნებთ და სამი თვის კომპენსაციას მოგცემთო. დავთანხმდი და დავწერე განცხადება. ასე გამოდის, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წავედი სამსახურიდან,“ – ამბობს ანდრო დუნდუა „ბათუმელებთან“.

რა არ მოსწონთ პორტში დასაქმებულებს

პორტის თანამშრომელთა მონათხრობის მიხედვით, სამი დღის წინ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი თანამშრომლებს შეხვდა და მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ აცნობა. კერძოდ, დირექტორმა თანამშრომლებს უთხრა, რომ იგეგმებოდა პორტში დასაქმებულთა გადაცემა სხვა ფირმისთვის აუთსორსინგის გზით. პორტში დასაქმებულებს ეს იდეა არ მოსწონთ, რადგან ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებით ისინი სამსახურებს დაკარგავენ.

პორტში ამბობენ, რომ “ყაზტრანსოილის” შვილობილ კომპანიას, “Batumi Industrial Holding Ltd”-ს, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალსა და საზღვაო ნავსადგურს 49 წლის ვადით ფლობს, უბრალოდ, „პორტის მოშორება უნდა“.

„ვიცით, რომ არსებობს კომპანია, რომელიც მზადაა შეიძინოს პორტი. დირექტორს დაავალეს შტატების შემცირება იმისათვის, რომ მერე თავად აღარ ჰქონდეს  საზრუნავი. სად სამას კაცს რომ მოუვლის და სად 750-ს“, – გვითხრა პორტში დასაქმებულმა, რომელმაც გვთხოვა მისი სახელი და გვარი არ დაგვეწერა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას ვკითხეთ, აპირებდა თუ არა ყაზახური მხარე პორტის მართვის უფლების გაყიდვას.

“ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. არსებულ სიტუაციას სამართლებრივად აფასებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები,” – მოგვწერა პასუხად “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” მმართველმა დირექტორმა ბიზნესის მხარდაჭერის დარგში კუანიშ ჟოლდასოვმა.

ოფიციალური ინფორმაცია

„ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის,“ – თქვა 2 აპრილს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, პორტის თანამშრომელ ბატონ სურმანიძეს, არაერთხელ ჩაუშლია ეს შეხვედრები და დიალოგი ვერ შედგა გასული კვირის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მმართველის განცხადებით და ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მეთაურობით, შეიქმნა სპეციალური კომისია კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ამ მომენტისთვის ერთ-ერთი პირი გვიშლის დიალოგს კოლექტივთან, ჩვენი არაერთი შეთავაზება შეთანხმების ჯგუფისა და კომისიის შექმნის შესახებ იგნორირებულია. ადმინისტრაცია მოუწოდებს მათ მედიაციისკენ, რადგან დავის საგანი, როგორც ასეთი, იურიდიულად ამ მომენტისთვის არ არსებობს“, – ეს განმარტებაც პორტის დირექტორს ეკუთვნის.

დირექტორის თქმით, კომპანიის მიზანია ნავსადგურის კოლექტივის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია “დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ფონდის შენარჩუნების მიზნით, გაძლიერებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფის ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და კაპიტალდაბანდებებზე”.

რა ხდებოდა დღეს, 3 აპრილს, პორტში

“ბათუმელების” ინფორმაციით დღეს, 3 აპრილს, მოშიმშილეები დილიდან ისევ ითხოვდნენ  “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას. ასევე ისინი ითხოვნდნენ ადმინისტრაციას სამსახურში აღედგინა  გათავისუფლებული 25 პენსიონერი, დასაქმებულებს გაუმჯობესებოდათ სადაზღვევო პაკეტი და  პორტში დასაქმებულებს მიეღოთ ტრადიციული სააღდგომო ფულადი პრემია.

 

კონკურსი Street Art-ი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კიდევ ერთ კონკურსს პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში.

სთრით არტი ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმაა და მკაფიოდ გამოხატული ურბანული ხასიათით გამოირჩევა.

მხატვრებმა უნდა შექმნან  5 განსხვავებულ ესკიზი ეთნოკულტურაზე, რომლებიც ასახავს ეროვნული უმცირესობების კულტურას. გამარჯვებული ესკიზებით  აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში მოიხატება საჯარო სივრცე.

Street Art-ის მიზანია თანამედროვე ხელოვნების მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

კონკურსის გამარჯვებული მოხატავს შენობის ფასადს, რომლისთვისაც გამოყოფილია 200$.

პროექტის მიზანი:

  •  აჭარის მუნიციპალიტეტებში (ქალაქ ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს)  სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების კულტურული თავისებურებების წარმოჩენა / პოპულარიზაცია.
  • სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების ინტეგრაცია თანამედროვე სოციუმში.

 ნამუშევრები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: batumiijh@gmail.com ;  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 59 24 24 

პროექტი „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ხორციელდება ფონდი  „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დანიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა გამოცდა დანიშნა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ ბრძანებას თეა წულუკიანმა ხელი მიმდინარე წლის 2 აპრილს მოაწერა. გამოცდა 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.

ამ ბრძანების მიხედვით, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს:

[checklist]

  • ზოგადი უნარ-ჩვევები [ვერბალური და მათემატიკური ნაწილები];
  •  პროფესიული ნაწილი.

[/checklist]

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით,  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

აშენდება თუ არა ფეხით გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა, რომელიც არაადაპტირებული იქნებოდა, მერიის გათვლებით, 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ქალაქის ბიუჯეტში ხიდის მშენებლობისთვის 186 100 ლარი იყო გათვალისწინებული.

ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთ კომპანიას, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, მერიის სატენდერო კომპანიამ დისკვალიფიკაცია მისცა.  შპს „ემბიეი ჯორჯია“ მერიას ხიდის აშენებას 179 ათას ლარად სთავაზობდა.

რატომ არ გამოაცხადა მერიამ ტენდერი ხელახლა? – „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მიმდინარეობს განხილვა, პროექტში უნდა შევიდეს ცვლილება და შესაძლოა ადაპტირებული ხიდი გაკეთდეს.

„პროექტში ცვლილებების შეტანის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი ხიდის მშენებლობაზე, თუმცა კონკრეტულად როდის, ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს, 2 აპრილს, ბრიფინგი გამართა ენმ-ს წევრმა როინ ზოიძემ. პარტიაში აცხადებენ, რომ აპირებენ მიმართონ უშუალოდ ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს, რათა ის პირადად ჩაერთოს და გადაჭრას აღნიშნული საკითხი.

ხიდის მაკეტი, რომელიც ბარცხანაში უნდა აშენებულიყო.

ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. გასულ წელს კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი [ადაპტირებული – ავტ.] ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ გამავალი სარკინიგზო ხაზი დაასახელეს: „იქ ეტლით მოსარგებლეთათვის ლიფტის დამონტაჟებაც კი ვერ მოხერხდება“.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, თენგიზ პეტრიძე კი „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ადაპტირებული ხიდის დაპროექტება თავიდანვე განიხილებოდა, თუმცა ეს სარკინიგზო ხაზის გამო ვერ მოხერხდა.

ბათუმი, ბარცხანის დასახლება
ბათუმი, ბარცხანის დასახლება

ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტოს“ უფროსის თანამდებობაზე ასლან გელაძე დაინიშნა. მერიის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს, 3 აპრილს წარუდგინა.

მერიის ინფორმაციით, ასლან გელაძე პროფესიით ეკონომისტი და პოლიტოლოგია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად, საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიან წარმომადგენლად ხულოს რაიონში. 1990-1991 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

ასლან გელაძემ სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ბადრი გოგიძე შეცვალა. სააგენტო ბათუმში უფასო სასადილოებს ამუშავებს.

ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი გარემოს დაცვამ 2000 ლარით დააჯარიმა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში სოციალურად დაუცველ დიასამიძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი 2018 წლის 12 თებერვალს დაეწვა. სახლის დაწვიდან რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამსახურმა უსახლკაროდ დარჩენილი დიასამიძეები სახერხი დანადგარის უკანონოდ გამოყენებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

ოჯახის წევრი, ამირან დიასამიძე ამბობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებმა ახალი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სხვენისა და სახურავისთვის საჭირო ძელების დამზადება სცადეს, რა დროსაც ისინი გარემოს დაცვამ დააჯარიმა.

„სახლთან ერთად ყველაფერი დაგვეწვა. სახლის ძელებისთვის ნებრათვით სამასალე ხე დავამზადეთ. სახერხით, რომელსაც მანამდე არ ვიყენებდით, ვიფიქრეთ დაგვემზადებინა ძელები, რა დროსაც დაგვაჯარიმეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ, არაფერი არ გაგვაჩნია, ოჯახში არავინ მუშაობს, ქედის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში უნდა გავასაჩივრო. ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს ოჯახურ მდგომარეობას“, – ამბობს ამირანი.

დიასამიძეებისთვის, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად 6 კუბური მეტრი სამასალე მერქნის გამოყოფას სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურშიც ადასტურებენ. ქედის სატყეო სამსახურის მთავარი მეტყევე, თეიმურაზ პაპუნიძე ამბობს, რომ დიასამიძეებს სამასალე მერქანი, ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სახლის დაწვიდან მალევე გამოუყვეს.

დიასამიძეების ნახევრად კაპიტალური სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახმა ვერც საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა შეძლო. ამირან დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ როგორც დაზარალებულ ოჯახს 10 000 ლარი გადასცა, რითაც სახლის აშენებას აპირებს:

„10 000 ლარით დაგვეხმარა მთავრობა, რითაც კედლების აშენებას ვაპირებ. გარდა ამისა, ქედის მერიის თანამშრომლებმა თავიანთი ხელფასიდან თანხა შეგვიგროვეს, როგორ არ ვთქვა ეს და არ აღვნიშნო, მე მათი მადლიერი ვარ. ახლა ქუთაისის სასამართლოს იმედად ვრჩებით… ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, საარსებო შემწეობას ჯარიმაში თუ გადავიხდით, ბავშვები ულუკმაპუროდ დამრჩება“.

ხანძარი ახოში. დიასამიძეების სახლი 2018 წლის 17 თებერვალს დაიწვა / ფოტო: ეკა ბარამიძე

 

ქედის ყოფილი გამგებელი „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა

ქედის ყოფილი გამგებელი, დავით დუმბაძე, ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დავით დუმბაძემ თავად დაუდასტურა.

ეს თანამდებობა დავით ასამბაძემ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა. ის ბათუმის ახალი მერის, ლაშა კომახიძის გუნდში ვერ მოხვდა.

დავით დუმბაძე კი ქედის გამგებლის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ „ქართული ოცნების“ სიაში აღარ ჩაწერეს, ამიტომაც არჩევნების შემდეგ ისიც, როგორც სხვა გამგებლები, შეთავაზებას ისევ მმართველი გუნდისგან ელოდებოდა.

საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები ისევ შიმშილობენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  თანამშრომლები ისევ შიმშილობენ. მოშიმშილეებმა მთელი ღამე პორტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ჰოლში გაატარეს. ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოშიმშილეები ითხოვენ – გადადგეს “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი, ადმინისტრაციამ სამსახურში დააბრუნოს გათავისუფლებული 25 პენსიონერი, დასაქმებულებს გაუუმჯობესდეთ სადაზღვევო პაკეტი, პორტში დასაქმებულებმა მიიღონ ტრადიციული სააღდგომო ფულადი პრემია.

“ბათუმელების” ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შეხვდა საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ მოახერხა.

“დღეს დილითაც იყო მოსული, მაგრამ ბიჭებმა [მოშიმშილეებმა] უთხრეს, დატოვე თანამდებობა და ვინც მოვა შენ ნაცვლად, იმას დაველაპარაკებითო,” – უთხრა “ბათუმელებს” პორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ამირან მიქელაძემ.

გაფიცვა პორტში გუშინ, 2 აპრილს, დაიწყო დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

ამავე თემაზე: 

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა

აჭარის მაღალმთიანეთში მოთოვა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვა გვიან ღამით დაიწყო, დღეს 3 აპრილს, დილით თოვლის საფარი 3-4 სმ-მდე აღწევს. სოფლებში, ძირითადად, ტყემლის ხეები ყვავის.

ფოტოები სოფელ ქვედა თხილვანიდან თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა:

ქვედა თხილვანა / 3.04.2018
ქვედა თხილვანა / 3.04.2018
ქვედა თხილვანა / 3.04.2018
ქვედა თხილვანა / 3.04.2018

ვიდეო კონკურსი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  აცხადებს ვიდეო კონკურსს 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. 

კონკურსის  თემა: საქართველო და ევროპა – მითები და რეალობა. 

აჭარის  რეგიონში მცხოვრებ  ახალგაზრდებს გაქვთ შესაძლებლობა,  მობილური ტელეფონით გადაიღოთ  2-3 წუთიანი ვიდეო-რგოლი, ატვირთოთ youtube-ს არზე და  გამოგვიგზავნოთ ბმული ელ-ფოსტაზე: batumiijh@gmail.com

საკონკურსო  ნამუშევარში თქვენ შეგიძლიათ:

  • ასახოთ  ერთ ან რამდენიმე მითი;
  • აჩვენოთ როგორ  გავლენას ახდენს საზოგადოებაზე არასწორად მიწოდებული ინფორმაცია;
  • შემოგვთავაზოთ თქვენი ხედვა როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროინტეგრაციის მიმართ ფაქტებისა დაინფორმაციის გაყალბებას; 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი, 18:00 საათი. კონკურსის  მონაწილემ ასევე უნდა მოგვაწოდოს საკონტაქტო ინფორმაცია. 

გამარჯვებული გამოვლინდება 30 მაისამდე, მას  საჩუქრად გადაეცემა 400$ ღირებულების ტექნიკის ვაუჩერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 99 33 32

კონკურსი ცხადდება  პროექტის ფარგლებში  “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დიდი მწერლების საქორწინო ფოტოები

არსებობს სელინჯერის, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდის, ჯეიმს ჯოისის, ფრანცუაზა საგანისა და სხვა მწერლების საქორწინო ფოტოების კოლექციები, რომლებზეც შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ავტორები სულ სხვა ამპლუაში: ქორწინების დღეს ნახოთ. მართალია, ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ასახული წყვილების უმრავლესობა მალევე დაშორდა, მაგრამ საინტერესო კადრების დათვალიერებისას ეს ფაქტი ხელს არ გვიშლის.

     1920 წლის გაზაფხული, ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდები

3 სექტემბერი, 1921 წელი, ჰემინგუეი და მისი პირველი ცოლი, პიანისტი ჰელდა რიჩარდსონი. ფოტოზე ჰემინგუეი 22 წლისაა

1945 წლის ოქტომბერი. ჯერომ სელინჯერისა და სილვია ვალტერის ქორწილი, ფოტოზე მწერალი ფრონტის მეგობრებთან ერთადაა

         დრამატურგ არტურ მილერისა და მერლინ მონროს ქორწილი

        იაპონელი მწერალი იუკიო მისიმა და მისი მეუღლე იოკო ხირაოკა

1958 წელი, ერიხ მარია რემარკი და მსახიობი პოლეტ გოდარი, რემარკი აქ 60 წლისაა, პოლეტ გოდარი კი – 48 წლის

            ეს ფრანცუაზა საგანისა და გი შოლერის ქორწილია

1945 წლის სექტემბერი. ახალდაქორწინებული კურტ და ჯეინ ვონეგუტები, მომავალი მწერალი ომიდან ახალდაბრუნებულია და დემობილიზაციას ელის

               ივლისი,1931 წელი, ჯეიმს ჯოისი და ნორა ბარნაკლი

წყარო: EKSMO

თურქეთის სასამართლომ გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა 

2 აპრილს თურქეთში სასამართლომ გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, ჯან დუნდარის დაპატიმრების ორდერი გასცა და წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა.

საქმე ეხება გაზეთ Cumhuriyet-ში 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ მასალას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქეთის მთავრობას იარაღი გადაჰქონდა სირიაში ისლამისტებისთვის.

დუნდარი 2015 წლის ნოემბერში დააპატიმრეს შპიონაჟის, ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების, სახელმწიფოს გადატრიალებისა და სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების ბრალდებით. ყველა ბრალდება ეყრდნობოდა Cumhuriyet-ში გამოქვეყნებულ მასალებს, რომლის რედაქტორიც იყო დუნდარი. მასთან ერთად დააკავეს ჟურნალისტი, გამოცემის ანკარის ბიუროს ხელმძღვანელი, ერდემ გულიც. დაკავებულები სამი თვის განმავლობაში იყვნენ ციხეში, შემდეგ კი თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მათი დაკავება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნია და ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

„გარდიანის“ ცნობით, ერდოღანმა სასამართლოს მიერ ბრალდებულად გამოცხადებამდე დაადანაშაულა დუნდარი თურქეთის საერთაშორისო რეპუტაციის შელახვაში და განაცხადა, რომ იგი ამისათვის დიდ საფასურს გადაიხდიდა.

დუნდარი 2016 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და გერმანული გამოცემა Die Zeit-ისთვის წერს სვეტებს.

ამავე თემაზე: გაზეთი ზამანი: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში პრეს-ოფისები დაარბია 

მე-2 სკოლის შენობიდან ბათქაში ცვივა – რას აპირებს განათლების სამინისტრო

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან ბათქაში ცვივა. ახვლედიანის ქუჩის მხრიდან ბათქაშის ჩამოვარდნის ამსახველი ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა. სკოლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე განმარტავს, რომ შენობიდან ზედაპირული ბათქაში ცვივა და ის გამვლელებს  საფრთხეს არ უქმნის. „როგორც იცით, ეს შენობა ძეგლია და მისი რემონტი შეუძლებელია. განათლების სამინისტრო გეგმავს რეაბილიტაციას, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს,“ – ამბობს ის.

საიდან აქვს სკოლის დირექტორს ინფორმაცია, რომ შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში საფრთხეს არ ქმნის – „ვხედავთ, რა ტიპის მასა ვარდება. ამან არ შეიძლება ვინმე დააზიანოს“, – გვითხრა მარიზა აბაშიძემ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად გეგმავს მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რესტავრაციას, თუმცა სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზეც კი ჯერ ტენდერი გამოცხადებული არ არის. სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ისტორიული სკოლის შენობის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.

არის თუ არა ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა ისტორიული სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის? – აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს საკითხი სარეაბილიტაციო პროექტის შემუშავების შემდეგ გადაწყდება: „არაა გამორიცხული, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ამ შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა ბათუმის მერიამ დახარჯოს.“

კონკურსი დამწყები რეჟისორებისათვის

მულტიმედია განათლების ცენტრი და საქდოკ ფილმი, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, იწყებს პროექტს „16 ქალი ცვლილებებისთვის“. პროექტის მიხედვით,  16 დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ ქალის შესახებ ქართულ საზოგადოებაში. პროექტისთვის შეირჩევა 16 ქალი 17-დან 25 წლამდე.  აუცილებელია მათ ჰქონდეთ კამერასთან მუშაობისა და მონტაჟის საბაზისო გამოცდილება და აინტერესებდეთ, შექმნან ძლიერი ქალების პორტრეტები.

  • პროექტის შესახებ

ფილმების წარმოება დაიწყება 2018 წლის მაისში და დასრულდება დეკემბერში. ამ დროის განმავლობაში მულტიმედია განათლების ცენტრი და საქდოკ ფილმი დაეხმარებიან მონაწილეებს, გადაიღონ 10 წუთამდე ხანგრძლივობის დოკუმენტური ფილმები და უზრუნველყოფენ აუცილებელ ტექნიკურ საშუალებებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას, სადაც მონაწილეები აითვისებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მონტაჟის უნარებს, ასევე მიიღებენ ცოდნას მისი მომზადებისა და დისტრიბუციის შესახებ.

თითოეული ფილმის წარმოებისთვის მონაწილეები მიიღებენ თანხას 600 დოლარამდე. პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა სპეციალური საჯარო ჩვენება და საუკეთესო ფილმები დაჯილდოვდება პრიზებით.

  • ტრენერები

ვორქშოპს გაუძღვება ორი ქართველი ტრენერი:

სალომე ჯაში, დოკუმენტური კინოს რეჟისორი. მისი ფილმები ნაჩვენები ყოფილა როგორც მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე ტელეარხების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის arte-ზე. არის მიწვეული ტრენერია სხვადასხვა საერთაშორისო ვორქშოფზე.

თამარ მშვენიერაძემ დაამთავრა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის ფაკულტეტი. არის გადაცემა „რეალური სივრცის“ რეპორტიორი და პროდიუსერი. არის რამდენიმე ტრანსმედია პროექტის ავტორი. თანამშრომლობს საქდოკ ფილმთან დოკუმენტური ფილმის წარმოებაში.

ქართველ ტრენერებთან ერთად ვორქშოფების სერიას შემოუერთდება ორი ამერიკელი სპეციალისტი – Lina Srivastava, დოკუმენტალისტი და Kayan Ghavim, BuzzFeed-ის მოკლე ვიდეოების ტრენდის ერთ-ერთი შემქმნელი.

 *ინფორმაცია მონაწილეებისთვის რეგიონიდან

რეგიონებიდან მონაწილეების თბილისში მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს დაფარავს პროექტის ორგანიზატორი.

სააპლიკაციო ფორმა

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 13 აპრილი, 2018

შსს-ში ჯერ არ იციან, რითი დაჭრეს 12 წლის მოზარდი ბათუმში

მოსწავლე, რომელიც დღეს ფეხზე ჭრილობით ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, 12 წლისაა. დაშავებული მოზარდი ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ იციან, რითია მოზარდი დაჭრილი.

„არ ვიცი, იჩხუბეს, თუ მართლაც თვითდაზიანება მიიღო,“ – ამბობს შორენა ქონიაძე, მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. მისი თქმით, მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სკოლაში ან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა.

„მე უკვე მოვინახულე მოსწავლე, ის კარგადაა და მალე გაწერენ კლინიკიდან. მოსწავლე ამბობს, რომ წაიქცა და თვითდაზიანება მიიღო… ახლა იყვნენ ჩემთან პოლიციელები. ჩვენ ერთად ვნახეთ სკოლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ჩანს, რომ სკოლიდან მოსწავლეები, მათ შორის ეს მოსწავლე, მშვიდად გადიან გარეთ და კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოზარდმა ფეხი დაიზიანა სკოლის გვერდით მდებარე კორპუსის ეზოში. მოკვლევას დავიწყებთ ჩვენც, სკოლის ადმინისტრაცია. ამ კლასის მოსწავლეები უკვე წასულები არიან სახლში. ხვალ დილით გავესაუბრები მათ,“ – გვითხრა შორენა ქონიაძემ.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება მკურნალობა. ექიმები ვერ აკონკრეტებენ, რისგან აქვს მიყენებული დაზიანება მოზარდს ფეხზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

15 000-მდე ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო „სარფსა“ და „წითელ ხიდზე“

30 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.მ-სა და ვ.ვ-ს  კუთვნილი ბარგის და ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაკეთობათა საერთო წონა 232.67 გრამია.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ კი, საერთო ჯამში 14 502 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 14 502 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ბათუმის ციხე ომბუდსმენის ანგარიშში: ღია საპირფარეშო სათვალთვალო კამერის არეალშია

„უსაფრთხო ოთახებში ლეიბი მოთავსებულია პირდაპირ იატაკზე. ოთახებში ცხელა, არ იღება ფანჯრები და, შესაბამისად, არ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია. ღია საპირფარეშო ხვდება ოთახებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ხედვის არეალში…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ბათუმის ციხეში არსებულ მდგომარეობას აღწერს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში ვიზიტი გასული წლის თებერვალში, ასევე 2016 წლის მაისში ჰქონდათ.

ე.წ. უსაფრთხო ოთახი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც პატიმრებს უთვალთვალებენ. სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ სამარტოო საკანშიც „სანიტარული კვანძი ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშაა.“

„პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხე“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საფრთხე მაღალია, რადგან „პატიმრების უმეტესობის განმარტებით, თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკს ზრდის.“

ანგარიშში საუბარია ბათუმის ციხეში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზეც:

„მიუხედავად დაწესებულებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, დღემდე პრობლემურია საცხოვრებელ საკნებში არასაკმარისი ბუნებრივი განათება და ვენტილაცია; საკნებში ჭურჭლის შესანახი კარადების, თაროებისა და საკიდების არარსებობა; მოსაცდელ საკნებში ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციის არარსებობა;  საკნებში არსებული ბეტონის (ცივი) იატაკი; პირველ სართულზე არსებული სინესტე…

დეესკალაციის ოთახებში არსებული არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; საშხაპე ოთახში გათბობის, ხელოვნური ვენტილაციისა და ტანისამოსის საკიდების არარსებობა; წყლის გრაფიკით მიწოდების საკითხი; უსაფრთხო და სამარტოო საკნებში მყოფი პატიმრების ტანისამოსით და პირადი ჰიგიენის ნივთებით მომარაგების პრობლემა; აღნიშნულ საკნებში ფანჯრების გაღების შეუძლებლობა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ბათუმის ციხეში განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა. სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მსჯავრდებულების ჩართულობის დონეს სარეაბილიტაციო პროგრამებში.

„N3 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ჩართულობა სარეაბილიტაციო პროგრამებში ძალიან დაბალია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით,
პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ რაიმე ღირებული, მათთვის საინტერესო საქმით. ამგვარი მდგომარეობა დაწესებულებაში ქმნის არაჯანსაღ, სტრესულ გარემოს,
რაც უარყოფითად აისახება პატიმრებსა და თანამშრომლებს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაზე,“ – წერია ანგარიშში.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ანგარიშშია საუბარი, პატიმრების სატელეფონო საუბრებია – პატიმრებს არ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს ან გენერალურ ისნპექციას. დარღვეულია კონფიდენციალობის პრინციპიც:

„N3 დაწესებულების დებულების თანახმად, მსჯავრდებულები ვალდებულები არიან, დაწესებულების დირექტორს წინასწარ მიაწოდონ ის სატელეფონო ნომრები, სადაც
დარეკვას აპირებენ. ამ ნომრების გარდა პატიმარი ვერ შეძლებს სხვა ნომრებზე დარეკვას დირექტორისთვის განმეორებითი წერილობითი მიმართვის გარეშე. აღნიშნულის გამო პატიმრებს უჭირთ სახალხო დამცველის ოფისთან, გენერალურ ინსპექციასთან და სხვა უწყებებთან დაკავშირება, რადგან აღნიშნული წესი ამ ნომრებზეც ვრცელდება.

დაწესებულებაში სატელეფონო ზარის განხორციელება შესაძლებელია საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ტელეფონის აპარატებით, რომლებიც განთავსებულია დაწესებულების თანამშრომელთა სამორიგეო ოთახში. დარეკვის დროს საუბარს ყოველთვის ესწრება მორიგე თანამშრომელი, რაც გამორიცხავს საუბრის კონფიდენციალურობას.“

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა სარფსა და სადახლოში

პირველი მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა რუსეთისა და საქარველოს მოქალაქეების, კ.ნ-ს, ნ.ა-სა და ლ.დ-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული აქციზური მარკით სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში, 3,360 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და დაჯარიმდნენ 1000 ლარით.

ბათუმში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან დაჭრილი არასრულწლოვანი გადაიყვანეს. სასწრაფოს ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. სასწრაფოს ინფორმაციით, მოზარდი ამბობს რომ ის წაიქცა და არ დაუჭრიათ.

როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, ისიც არასრულწლოვანია“.

დაჭრილი მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს ორ აპრილს, დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

სკოლებში მოზარდთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საუბრობს თავის ანგარიშში სახალხო დამცველი, სადაც ის წერს, რომ  სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა.

ამასთან, არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები.

„სკოლებში მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი კანონმდებლობის, ამასთან, ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერებ“-წერის ანგარიშში.

მდიდრები საქართველოში ავტომანქანის გადასახადს გადაიხდიან

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, პირი, რომლის ოჯახის შემოსავალი 40 ათასიდან – 100 ათასამდე ლარია, ავტომობილზე იხდის ქონების გადასახადს – ამ ავტომობილის საბაზრო ფასის 0,05-დან 0,2%-ის ფარგლებში;  ხოლო პირი, რომლის ოჯახის შემოსავალი აჭარბებს 100 ათას ლარს, ავტომობილზე იხდის ქონების გადასახადს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 0,8-1%-ის ფარგლებში.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია და ოდენობას მუნიციპალიტეტები დაადგენენ. ანუ შესაძლოა ავტომობილზე ქონების გადასახადი, მაგალითად, ბათუმში სხვა იყოს, ოზურგეთში ან თელავში – სხვა.

შემოსავლების სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ავტომობილზე ქონების გადასახადი ახალია და მიმდინარე წლის ოქტომბრამდე შესაძლოა რაიმე მეთოდოლოგია, დეტალები, შესაბამისი დეკლარაციის ფორმები შეიცვალოს და დაიხვეწოს. ფიზიკური პირისთვის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადად ყოველი წლის პირველი ნოემბერია განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/160175/

ხმაური სასამართლოში – მკვლელობის საქმის განხილვა

მკვლელობის საქმის განხილვაზე მოსამართლე ლევან გელოვანს რამდენიმე პირის სასამართლოდან გაძევება მოუწია.

საუბარია გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე. შემთხვევის შედეგად 50 წლის კაცი – ანზორ კონცელიძე დაიღუპა.

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელობა მუცელში ქვის მრავალჯერ ჩარტყმით მოხდა და ამას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს.

„ჩემი ძმა მანქანით მოდიოდა სახლისკენ. გზაში შეამჩნია, რომ მეზობლის ბიჭები შეკრებილიყვნენ და ჩხუბობდნენ, მანქანა გააჩერა და მივიდა… მივიდა და ასეთი ამბავი მოხდა… თავისით მოვიდა სახლში, არ უნდოდა პოლიციისთვის ეთქვა. მეორე დილით გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა და სააავადმყოფოში გადავიყვანეთ. საღამოს ჩვენი ძმა ცოცხალი აღარ იყო,“ – ამბობს დაღუპულის და, ლია კონცელიძე.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაქვში ზაზა ზოიძემ სავარაუდოდ თავი მოიკლა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც მკვლელობაში ბრალდებულის – სიმონ ავალიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

დაღუპულის ახლობლების თქმით, ზაზა ზოიძეს ბრალდებული და მისი ახლობლები ჩვენების შეცვლას აიძულებდნენ.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ერთ-ერთი მოწმის – ზორბეგ კონცელიძის ჩვენება უნდა მოესმინა, მაგრამ ვიდრე მოწმე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, ბრალდებულის ადვოკატმა, პაატა შავაძემ თქვა, რომ ამ ჩვენებას დაცვის მხარე უდავოდ მიიჩნევს.

„მიგვაჩნია, რომ მისი ჩვენება არ არის ბრალდებულისთვის ზიანის მომტანი,“ – დასძინა ადვოკატმა.

ასეთ შემთხვევაში სასამართლო მოწმის ჩვენებას აღარ ისმენს.

პროკურორმა დავით კირჩხელმა მოსამართლეს უთხრა, რომ სხვა მოწმე მას დღევანდელ პროცესზე არ დაუბარებია. საქმის გადადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. დაღუპულის ახლობლებმა სასამართლო პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

საგნობრივი გამოცდის ჩაბარებას 21 ათასი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპირებს

მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე პედაგოგების რეგისტრაცია დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 21 ათასამდე მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა გაიარა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენია აქედან მასწავლებლობის მსურველი პირი? – გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ვერ გვაწვდის.

„ეს ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ წერილობით“, – გვითხრეს ცენტრში.

მათივე თქმით, ამ დროისთვის არც ის ინფორმაციაა ცნობილი, ყველაზე მეტი ან ნაკლები რომელი საგნის მასწავლებელი დარეგისტრირდა საგნობრივ გამოცდაზე.

შარშან საგნობრივ გამოცდაზე 27 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

 

25 საზოგადოებრივი ტუალეტი, როგორსაც საქართველოში ვერ ნახავთ

საზოგადოებრივი ტუალეტების  მდგომარეობა  ქვეყნის კულტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საინტერესო მაჩვენებელია. იაპონელი ფოტოგრაფი, ჰიდეფუმი ნაკამურა იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ბევრს მოგზაურობს და საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოკოლექციას აგროვებს.

ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვს ფოტოგრაფს: toilets a go go , რომელზეც მოგზაურობისას გადაღებული იაპონური საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოებს აქვეყნებს პერიოდულად.

წყარო: CNN

ამავე თემაზე:

ტურიზმი ტუალეტების გარეშე

საქართველო – აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე

ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებები – ეს ის ხერხებია, რომლებსაც საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად  იყენებს, თუმცა რამდენად წარმატებულად?

საქართველოში ბაღლინჯო  2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა სოფლის მეურნეობის სექტორმა მალევე იგრძნო. აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებულად იმოქმედა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც.

იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად ქვეყანაში აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის თემაც დადგა.

რა ხდება ანასეულის ლაბორატორიაში

ბაღლინჯოს გამოჩენამ ქვეყანას ფიტოსანიტარიის გაძლიერებისაკენ უბიძგა. სოფლის მეურნეობის უწყების პირველი პირის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დარგის განვითარება პრიორიტეტულ საკითხებშია. მინისტრი ამბობს, რომ ქართველ ენტომოლოგებს ევროსტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

სწორედ ამიტომ ანასეულის ლაბორატორიის გადაიარაღება დაიწყო. აქ მეცნიერები საქართველოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ კვლევებს განახორციელებენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ენტომოლოგებისთვის ჩვენს ქვეყანაში ბაღლინჯოსათვის ბუნებრივი მტრის გაჩენა იქნება. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში მოცემული რისკებიდან გამომდინარე, თემა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ.

,,რა“ იქნება მტერი?

აზიური ფაროსანასთვის ბუნებრივი მტრის გაჩენის საკითხზე აქტიურად მუშაობენ ქვეყნებიც, რომელთათვისაც მავნებელი ასევე ახალ და მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაში გამოსავლად სამურაი კრაზანას გავრცელებას მიიჩნევენ. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.

აშშ-ს ზოგიერთ შტატში მცირე რაოდენობით სამურაი კრაზანას პოპულაცია ბუნებრივად არსებობს. მიუხედავად ამისა, ამერიკელი სპეცალისტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, თუ როგორ გავლენას მოახდენს გარემოზე სამურაი კრაზანას ხელოვნური გავრცელება.

მწერს აკვირდებიან შვეიცარიაშიც. მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, იაპონური კრაზანას ჩვენს ქვეყანაში შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს სიღმისეულ კვლევებს მოითხოვს.

მითები პოტენციურ მტერზე

იაპონური კრაზანა შეამცირებს ქართული ფუტკრის პოპულაციას, მისი ნაკბენი კი შეიძლება საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის – ეს ის ძირითადი მითებია, რომლებიც ქართულ ინტერნეტსივრცეში მწერთან დაკავშირებით გავრცელდა.

ლევან უჯმაჯურიძე ამბობს, რომ იაპონური კრაზანა, შემოყვანის შემთხვევაში, არ შეუქმნის საფრთხეს ქართული ფუტკრის პოპულაციას. იგი არ ესხმის თავს არც მწერებს და არც ადამიანებს.

მწერი კი, რომლის ფოტოებიც ქართულ საიტებზე ვრცელდება როგორც აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი, რეალურად  წყლის გიგანტური ბაღლინჯოა. იგი სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში ბინადრობს, შესაბამისად აზიურ ფაროსანასთან არავითარი კავშირი არ აქვს და რასაკვირველია, მისი არც საქართველოში შემოყვანის საკითხი განიხილება.

რაც შეეხება სამურაი კრაზანას,  ის 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია. უმეტესად, 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, აზიანებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხს. „სამურაი კრაზანა“ საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ “სამურაი კრაზანა” იჩეკება.

სოფლის მეურნეობის უწყებაში განმარტავენ, რომ კვლევების სრული ციკლის ჩატარებამდე სახელმწიფო აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სპეციალისტები მედიასაშუალებებსაც მოუწოდებენ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხის გაშუქებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

40 ათასი აბიტურიენტი 43 ათას ადგილზე – აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასრულდა აბიტურიენტთა რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

პირველადი მონაცემებით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უნივერსიტეტებში 43 ათას ადგილზეა მიღება გამოცხადებული. „თუმცა უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი ისევ მიმდინარეობს და შესაძლებელია ეს მონაცემები შეიცვალოს“, – გვეუბნებიან გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2018 წლის გამოცდებზე 4 500-ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისთვის დარეგისტრირდა. 12 ათასზე მეტი კი სამაგისტრო გამოცდებზე.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ 15 მაისის ჩათვლით დაამატონ (ჩაანაცვლონ) საგანი, შეცვალონ ზოგადი უნარების გამოცდის ენა.

ასეთივე ცვლილებები შეუძლიათ მაგისტრანტობის კანდიდატებსაც (ტესტის ტიპის შეცვლა).

ხოლო  საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა ან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აბიტურიენტებს წელს უკვე აპელაციების შედეგის გამოცხადებამდე შეეძლებათ (სავარაუდო თარიღია 15 აგვისტო).

განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 71 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია.

 

ომბუდსმენი: სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოში ჭიანურდება მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა.

საბჭოს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს,  მოქალაქეები სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებით მიმართავენ.

„მოქალაქეებს ასევე არ აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ განცხადების განხილვა/შესწავლის პროცესში, არც საბჭოს სხდომაზე იბარებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.

აუცილებელია საბჭომ გონივრულ ვადაში შეატყობინოს განმცხადებელს სხდომის ადგილისა და დროის შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით პაციენტებისათვის გარანტირებული უფლებების რეალიზაცია. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო მხარეთა უფლებების დაცვას ადმინისტრაციული წარმოებისას, არამედ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანასაც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება უკეთ გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები,“ – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატმა 646 განცხადება შეისწავლა, რომლებიც შეეხებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტებს და მათ მიერ პროფესიული განვითარების საბჭოში წარდგენილი განცხადებების განხილვას.

„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პრობლემად კვლავ რჩება პაციენტების ინფორმირება მათი უფლებების, ხოლო სამედიცინო პერსონალისა – მათი მოვალეობების შესახებ.

განმცხადებლები ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის დაბალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე და პასუხისმგებლობაზე. საკმაოდ მაღალია იმ ექიმთა რიცხვი, რომლებსაც სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ან პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები დაეკისრათ.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს  რეკომენდაციას აძლევს, შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები, რომლითაც განისაზღვრება მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების შესწავლის და პროფესიული საბჭოსათვის მათი განსახილველად მიწოდების გონივრული ვადები, ასევე,  დაინტერესებული მხარეებისათვის შეიმუშაოს პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი.

ამავე თემაზე: თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია 

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა.

“ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, ყველას არ მოსწონს პორტის მშვიდი და თავდაჯერებული მუშაობა,” – ამბობს ის.

დანიარ მუხამედ რახიმის განცხადებით, პორტის მუშაობა არ შეჩერებულა, “თუმცა ახლა ტვირთის დატვირთვა-დაცლის სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან ამ მომენტისთვის გემები არ არის. გემის შემოსვლა, გრაფიკის მიხედვით, დღეს უფრო მოგვიანებით იგეგმება, დღის განმავლობაში”.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს სიტუაციის განმუხტვის გზებს, “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი პასუხობს, რომ პორტში აქამდეც იყო თანამშრომლებთან  შეხვედრების განრიგი დანიშნული, სადაც უნდა განეხილათ ყველა ის ზომა, რომლებსაც ადმინისტრაცია იღებს. თუმცა, მისივე თქმით, შეხვედრები პროფკავშირის თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩაიშალა:

“მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, პორტის თანამშრომელ ბატონ სურმანიძეს, არაერთხელ ჩაუშლია ეს შეხვედრები და დიალოგი ვერ შედგა გასული კვირის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მმართველის განცხადებით და ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის მეთაურობით, შეიქმნა სპეციალური კომისია კოლექტივში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ამ მომენტისთვის ერთ-ერთი პირი გვიშლის დიალოგს კოლექტივთან, ჩვენი არაერთი შეთავაზება შეთანხმების ჯგუფისა და კომისიის შექმნის შესახებ იგნორირებულია. ადმინისტრაცია მოუწოდებს მათ მედიაციისკენ, რადგან დავის საგანი, როგორც ასეთი, იურიდიულად ამ მომენტისთვის არ არსებობს. მაგრამ ადმინისტრაცია ყოველთვის მუშაობდა ღიად და ხსნის ყველა თავის ნაბიჯს, მათ შორის, განიხილავს იმ გეგმებს, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის ფაზაშია. მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, როგორიცაა თანამშრომლების შემცირება და მათი აუტსორსინგში გადაყვანა, მოხდება მხოლოდ პროფკავშირებთან კონსულტაციის შემდეგ,” – ამბობს დანიარ მუხამედ რახიმი. [აუტსორსინგი – ორგანიზაციათა შორისი შეთანხმება ცალკეული ბიზნესპროცესების შესრულებაზე, რომლის მეშვეობით მაღლდება ეფექტურობა და/ან მცირდება დანახარჯები. თანამედროვე ბიზნესში აუტსორსინგით შეიძლება გადაეცეს როგორც დამხმარე (მაგალითად, ხელფასის გაანგარიშება, ინფორმაციული სისტემების გამართვა და სხვ.), ისე ზოგიერთი ძირითადი ბიზნესპროცესები (მაგალითად, ახალი პროდუქტების დამუშავება). 

დღეს ჟურნალისტებს ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა უთხრა, რომ სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორის მეთაურობით და  ისინი ითხოვენ, კოლექტივის სახელით მაქსიმუმ 20-ადამიანიანი საინიციატივო ჯგუფის შექმნას.

“ადმინისტრაციამ ჩაატარა სამუშაოები აუტსორსინგის ბაზრის შესწავლის მიზნით. ბაზარზე დავარდნილია მოთხოვნა, მაგრამ ანგარიშები ამის შესახებ პროფკავშირებისთვის წარდგენილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება წინადადების ფორმირება ან/და განხილვა …

მთელი კოლექტივის შრომის ანაზღაურების ფონდის შენარჩუნების მიზნით, გაძლიერებულად მუშაობს სამუშაო ჯგუფი ოპერაციული ხარჯების შემცირებასა და კაპიტალდაბანდებებზე. ჩვენი, ადმინისტრაციის მიზანია, შევინარჩუნოთ ის მყარი კოლექტივი, რომელიც ათეულობით წლებია შენარჩუნებულია”, – ამბობს პორტის დირექტორი.

 

ხანძარი ბათუმში, ქსოვილების მაღაზიაში

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში, ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ქსოვილების მაღაზიას მიადგა ზიანი, დაიწვა „ქსოვილების ნაწილი“.

მაღაზიის მესაკუთრე ლალი ანთია ამბობს, რომ მან ნახევარი საათით დაკეტა მაღაზია და გავიდა, დაბრუნებულს კი მაღაზიაში კვამლი დახვდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმირებაზე 440 ათასი ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშე სურს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის“ 440 ათასი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გეგმავს.

სხვადასხვა მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სამინისტრომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, თუმცა სააგენტო ითხოვს სამინისტრომ დააკონკრეტოს და განმარტოს: „რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა; რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი; ასევე, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა რატომ გამოიწვევს ამ ღონისძიებების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას“.

რის შესახებ აპირებს საზოგადოების ინფორმირებას სამინისტრო:

[checklist]

  • „სამინისტროს მიმდინარე წლისათვის აქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა/დამტკიცება [სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონი, გაზისა და ელექტროენერგეტიკის ახალი კანონი, ენერგოეფექტურობის 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, სივრცითი მოწყობა და სამშენებლო კოდექსი, აირზე მომუშავე მანქანების შესახებ დადგენილება];
  • „Check In Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ბიზნესსექტორის ინფორმირება, როგორც რეგიონებში ასევე, დედაქალში, რათა კერძო სექტორმა მოახერხოს მაქსიმალურად მომზადება პროექტისგან გამოწვეული გაზრდილი ტურისტული ნაკადების მისაღებად;
  • წელსვე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ენერეგტიკული პროექტების განხორციელების დაწყება, მათ შორის მსხვილი ჰესებისა და ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თბოსადგურისა და გაზსაცავის მშენებლობის დაწყება;
  • ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლია, სადაც დაგეგმილია, ტურისტული ცენტრის, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცისა და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმების მოეწყობა, რისთვისაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშველოვანია ენგურჰესის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაცია და ამისათვის კომპლექსური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება;
  • სამინისტრო და სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში. 26 მაისს უწყებები, როგროც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში – სპეციალური ინსტალაციების, შემეცნებითი, გასართობი და საინფორმაციო სივრცეებისა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობას გეგმავენ. მნიშვნელოვანია დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების წინასწარი ინფორმირება, ვიდეორგოლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობის დაგეგმვა. ასევე, 26 მაისამდე პრერიოდში პრემარკეტინგული კამპანიის წარმოება“.

[/checklist]

ეს არის ამონარიდი, სამინისტროს მიერ შესყიდვების გვერდზე ატვირთული განაცხადიდან. ამავე განაცხადის მიხედვით, სამინისტრო თვლის, რომ „ზემოთხსენებული რეფორმებისა და საკანომდებლო ინიციატივების წარმატებით განხოციელებისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სამიზნე ჯგუფებისათვის, ასევე საზოგადოების ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდება… ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია მოხდეს ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „დასახელებული რეფორმების, ინიაციატივებისა და პროექტების ამოქმედება/განხორციელების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. ამასთან, რიგ შემთხვევებში, განხილვისა და მსჯელობის პროცესში, ცვლილებები შევიდა მათ შინაარსებშიც. ამ დროისათვის მათი განხორციელება უკვე დაწყებულია და ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებისთვის უნდა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად… სამინისტრო გეგმავს, კომპლექსური მარკეტინგული/სარეკლამო კამპანიების წარმოებას, პრეზენტაციების გამართვას და ზოგადად სხვადასხვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობის განხორციელებას“.

„დროის გასვლასთან ერთად – ამა თუ იმ პროცესის მიმართ, მოქალაქეებს ექმნებათ საბოლოოდ ჩამოყალიბებული განწყობები და ასეთ დროს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება უკვე დაგვიანებული და არაეფქტურია“, – აცხადებს სამინისტრო.

თუმცა, ყველა ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა შესყიდვების სააგენტოსთვის, რომელიც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაცემად სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ელის. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწევს დაასაბუთოს, რატომ უნდა 440 ათასი ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშე.

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი.

მოსახლეობის თქმით, სანაპირო ზოლზე ჯებირების მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი აქვთ გაკეთებული, მაშინ როცა  1,8 კმ მონაკვეთი ისევ გაუკეთებელია,“ – გვეუბნება ადგილობრივი გიორგი ანანიძე.

მისი თქმით, თუ სამუშაოები ასეთი ტემპით გაგრძელდა, ქობულეთში დამსვენებლების ნაკლებობა იქნება.

„დღეს მშვენიერი, მზიანი ამინდია და ტექნიკა არ მუშაობს. მუშები გვეუბნებიან, რომ ხან ხელფასს არ უხდიან დროულად, ხან საწვავი არ არისო და ასე იწელება სამუშაო პროცესი. პლაჟზე ჩასვლა შეუძლებელია, რადგან სანაპირო ზოლზე არის ქვიშის მთები და მისასვლელ მწვანე ზოლზე ტექნიკა გადაადგილდება,“ – ამბობს ანანიძე.

ზღვასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოშლილია.

ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე ამბობს, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებაზე ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი და პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„ჩვენც არაერთხელ დავაყენეთ საკრებულოში ეს საკითხი, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ისინი სამუშაოების დაჩქარებაში ვერ ჩაერევიან, რადგან მათი პროექტი არ არის. ფაქტია, რომ სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და მოსახლეობას ამის გამო დისკომფორტი ექმნება,“ – ამბობს ის.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ კომპანიამ დროულად დაასრულოს სარეაბილიტაციო სამუშაოeბი, რადგან ასეთ პირობებში ისინი დამსვენებლებს ვერ მიიღებენ.

როდის დასრულდება სამუშაოები სანაპირო ზოლში, ამის შესახებ „ბათუმელები“ კომენტარს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდება.

სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტა“-ში უკრაინელი რეაბილიტოლოგი გაგიწევთ კონსულტაციას

16 აპრილს ბათუმში, ევმინოვის სახელობის სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაცი ცენტრ ,,ვიტა“-ში, ფასიან კონსულტაციებს ჩაატარებს უკრაინის ქ. კიევის ,,ევმინოვის“ სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმი რეაბილიტოლოგი ირინა სობკო.

ირინა სობკო.
ირინა სობკო

3 აპრილიდან ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: მისამართიზე: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N107

დაგვირეკეთ: 0790337556; 551307558; 599307556

www.vita.com.ge; E-mail vitascoliosis@gmail.com Skype: vitascoliosis;

FB: vita.scoliosis

კიევში არსებული „ევმინოვის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ქართული ფილიალი – სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ უკვე ხუთი წელია ემსახურება როგორც ბათუმის, ასევე მთელი რეგიონის მოსახლეობას.

 არ გადადოთ სარეაბილიტაციო ცენტრში ვიზიტი, რათა თავიდან აიცილოთ მომავალში ქირურგიული ჩარევა, გაიგოთ ზუსტი დიაგნოზი და ეფექტურად იმკურნალოთ დროის დაუკარგავად!

გიფებით გაცოცხლებული არქიტექტურა – ძველი საოცრებები

არქიტექტურის ძველი საოცრებები, როგორიც ათენას პართენონი  და ლუქსორის სასახლეa ეგვიპტეში, ძველი კულტურების დიდებას გვახსენებენ. თუმცა ძველი არქიტექტურული ძეგლები იმდენადაა განადგურებული, რომ ჭირს წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი თავდაპირველი სახე.

ინტერნეტში არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელთა  საშუალებითაც ნებისმიერი იდეის ვიზუალიზაციაა შესაძლებელი. ExpediaNeoMam-ი და This is Render-ი ასეთი პლატფორმებია, რომლებზეც მსოფლიო საოცრებების არქიტექტურულ სიძველეებს გიფების საშუალებით დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.

                    პართენონი, ათენი, საბერძნეთი 

                   ლუქსორის ტაძარი, ეგვიპტე

                   მზის პირამიდა, მეხიკო, თეოტიუაკანი

            ადრიანას კედელი. ინგლისი, ნორტუმბერლენდი

            ტორე არჯენტინას მოედანი, იტალია, რომი

                         იუპიტერის ტაძარი, იტალია

                   ნოოჩ მულის პირამიდა, კობა, მეხიკო

წყარო: mymodernmet

საჯარო სამსახურებსა და ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში წინასააღდგომოდ დანამატებს არ მიიღებენ

ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში [მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.] დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…] იგეგმება.

„წინასააღდგომოდ რაიმე დანამატები არც ადრე გაიცემოდა. იყო მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ისიც წინასაახალწლოდ“, – გვითხრეს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. წლის ბოლოს მიიღებენ თუ არა რაიმე დანამატს თანამშრომლები? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი „ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე არ აქვთ.

„ჩვენი ბიუჯეტი სადღესასწაულო პრემიებსა თუ დანამატებს არ ითვალისწინებს,“ – გვითხრეს „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“.

უშუალოდ მერიაში, აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში დასაქმებული ვერც ერთი საჯარო მოხელე [მათ შორის ისინიც, ვინც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ], წინასააღდგომოდ დანამატს ვეღარ მიიღებს. ამის შესაძლებლობას ახალი კანონმდებლობა არ იძლევა. როგორც ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, შესაბამისი თანხა ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

„საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, 2018 წლის იანვრიდან დანამატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან დამატებით აქვს დატვირთვა [ვთქვათ, თანამშრომელი გავიდა შვებულებაში და მისი მოვალეობები შეითავსა]. სხვა არც ერთ შემთხვევაში, იქნება ეს წინასააღდგომოდ, თუ წინასაახალწლოდ, საჯარო მოხელეებზე არანაირი დანამატი არ გაიცემა. ამასთან, დანამატი არ არის წახალისების ფორმა. წახალისების მიზნით შესაძლოა გაიცეს ფულადი ჯილდო, ოღონდ მხოლოდ მოხელის შეფასების შემდეგ [თუ საჯარო სამსახური დაასაბუთებს, რომ ამა თუ იმ მოხელემ განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა და ა.შ.]. დანამატისა და ფულადი ჯილდოს ოდენობის მაქსიმალური ზღვარი ასევე დადგენილია კანონით“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ სამინისტროებსა და იმ ორგანიზაციებში, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არც ერთი მოხელე არ ჰყავთ, ვინც ამ ეტაპზე ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს. რაც შეეხება მოხელის შეფასებას, „ზოგან ხდება მოხელის შუალედური და კვარტალური შეფასება, თუმცა იურიდიული ძალა აქვს იმ შეფასების შედეგს, რომელიც წლის ბოლოს გაკეთდება“.

ამავე თემაზე:

როგორ შეაფასებენ საჯარო მოხელეს და ვინ მიიღებს საკლასო დანამატს

კოეფიციენტები – ხელფასებს საჯარო მოხელეები იანვრიდან ახალი წესით მიიღებენ

 

 

 

 

ბინიდან გამოსახლებული 82 წლის მოხუცი კლინიკიდან გაწერეს, ის სასამართლოს ელოდება

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც 20 მარტს ბინიდან გამოასახლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამოსახლების შემდეგ მოხუცი კლინიკაში მოხვდა. მას ექიმებმა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ალექსანდრას თქმით, მას სახლის მესაკუთრემ გამოსახლების შემდეგ კიდევ ერთხელ სცემა. მხარე ამ ფაქტს უარყოფს.

ალექსანდრა ტერუნი რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მისი მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ მოხუცმა მერიისგან შეთავაზებულ მოხუცთა თავშესაფარზე უარი თქვა და ახლობელთან რჩება. ალექსანდრა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, როგორც სამოქალაქო დავის, ისე სისხლის სამართლის კუთხით დაწყებულ საქმეებზე. მოხუცი მიიჩნევს, რომ მას ბინა თაღლითურად ჩამოართვეს.

„ალექსანდრას საქმეს სწავლობს სახალხო დამცველი, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გვთავაზობს დახმარებას. ალექსანდრა ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც ცემის და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ასევე სამოქალაქო კუთხით. ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ვიცით, რომ საქმე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა უნდა განიხილოს, მაგრამ პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის,“ – გვითხრა ჟუჟუნა ჯიჯავაძემ.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობდა. ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ალექსანდრა ამბობს, რომ მას ამ სესხის შესახებ არაფერი უთხრეს, თორემ თავად გადაიხდიდა ვალს. სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა ბინა თანხის მსესხებელმა. საბოლოოდ რამდენჯერმე გადაყიდული ბინა ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია.

ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება. ალექსანდრას გასული წლის 25 დეკემბერს ბინის კარი აჭედილი დახვდა და მას შემდეგ ქუჩაშია.

ალექსანდრა ტერუნი 18 მარტს  ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – ბინაში.

ალექსანდრა ტერუნი ადრეც ამბობდა, რომ მას ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრეებმა, და-ძმა გეგუჩაძეებმა სცემეს. სავარაუდო ცემის მეორე ფაქტზე გამოძიება 20 მარტს დაიწყო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკური ძალადობის პირველ შემთხვევას უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც ბრალდებული სოფიო გეგუჩაძეა – ბინის კანონიერი მესაკუთრის და.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს, სოფიო გეგუჩაძე გამორიცხავს ფიზიკურ ძალადობას მოხუცზე.

 

ამინდის პროგნოზი: ღამით მოსალოდნელია ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 3 აპრილს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, დღეს ღამით კი ზოგან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამით, დროგამოშვებით, ქარის სიმძლავრე 20-25 მეტრს მიაღწევს წამში. ღამით ზღვაზე ოთხბალიანი ღელვაა მოსალოდნელი, დღისით, 3 აპრილს კი – 2-3-ბალიანი ღელვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

მთაში ტემპერატურა იქნება:

  • ღამით: 0-5 გრადუსი
  • დღისით: 12-17 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 4-5 აპრილს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

პორტის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ

ამ წუთებში ბათუმის პორტში თანამშრომელთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს აპროტესტებენ და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.

თორმეტმა თანამშრომელმა კი შიმშილობა დაიწყო. პორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი, ამირან მიქელაძე ამბობს, რომ პორტს ნავმისადგომის იჯარით გაცემა სურს, რაც შემდგომ თანამშრომლების გათავისუფლებას გამოიწვევს.

პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, პორტის ადმინისტრაციას პენსიონერი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება აქვთ დაგეგმილი.

„იყო დაპირებები, რომ პორტში სამუშაოდ მიიღებდნენ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს, რაც არ მოხდა. მხოლოდ მოხდა ის, რომ მორალური ზეწოლით გაუშვეს 26 პენსიონერი სამუშაოდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები დარჩებიან უმუშევარი, ბანკის ვალებით,“-ამბობს მიქელაძე.

ამ ეტაპზე პორტის ხელმძღვანელობა რეორგანიზაციის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

„22 წელია აქ ვმუშაობ, 24-საათიანი გრაფიკი გვაქვს.  ახლა გვეუბნებიან, რომ არენდაზე უნდა გადაგვცენ. მიგვამაგრებენ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“-ს, რომელიც ერთი-ორი თვით გვამუშავებს და შემდეგ ყველას გაგვიშვებენ სამსახურიდან.  შეგვიწყვიტეს კონტრაქტი, მაშინ როცა ჩვენ უკან ოჯახებია. სამი შვილი მყავს და არც ერთი არ მუშაობს,“-ამბობს მედამბულატორიის თანამშრომელი, ნანა ნადარეიშვილი.

რეორგანიზაცია დაახლოებით 750 ადამიანს შეეხება. მათ შორის, დამლაგებლებსა და მძღოლებსაც.

მოშიმშილეები ბათუმის პორტში
პორტის 12-მა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
Exit mobile version