„უსაფრთხო ოთახებში ლეიბი მოთავსებულია პირდაპირ იატაკზე. ოთახებში ცხელა, არ იღება ფანჯრები და, შესაბამისად, არ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია. ღია საპირფარეშო ხვდება ოთახებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ხედვის არეალში…“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ბათუმის ციხეში არსებულ მდგომარეობას აღწერს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში ვიზიტი გასული წლის თებერვალში, ასევე 2016 წლის მაისში ჰქონდათ.
ე.წ. უსაფრთხო ოთახი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც პატიმრებს უთვალთვალებენ. სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ სამარტოო საკანშიც „სანიტარული კვანძი ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშაა.“
„პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხე“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საფრთხე მაღალია, რადგან „პატიმრების უმეტესობის განმარტებით, თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკს ზრდის.“
ანგარიშში საუბარია ბათუმის ციხეში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზეც:
„მიუხედავად დაწესებულებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა, დღემდე პრობლემურია საცხოვრებელ საკნებში არასაკმარისი ბუნებრივი განათება და ვენტილაცია; საკნებში ჭურჭლის შესანახი კარადების, თაროებისა და საკიდების არარსებობა; მოსაცდელ საკნებში ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციის არარსებობა; საკნებში არსებული ბეტონის (ცივი) იატაკი; პირველ სართულზე არსებული სინესტე…
დეესკალაციის ოთახებში არსებული არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; საშხაპე ოთახში გათბობის, ხელოვნური ვენტილაციისა და ტანისამოსის საკიდების არარსებობა; წყლის გრაფიკით მიწოდების საკითხი; უსაფრთხო და სამარტოო საკნებში მყოფი პატიმრების ტანისამოსით და პირადი ჰიგიენის ნივთებით მომარაგების პრობლემა; აღნიშნულ საკნებში ფანჯრების გაღების შეუძლებლობა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
ბათუმის ციხეში განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა. სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მსჯავრდებულების ჩართულობის დონეს სარეაბილიტაციო პროგრამებში.
„N3 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ჩართულობა სარეაბილიტაციო პროგრამებში ძალიან დაბალია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით,
პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ რაიმე ღირებული, მათთვის საინტერესო საქმით. ამგვარი მდგომარეობა დაწესებულებაში ქმნის არაჯანსაღ, სტრესულ გარემოს,
რაც უარყოფითად აისახება პატიმრებსა და თანამშრომლებს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაზე,“ – წერია ანგარიშში.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ანგარიშშია საუბარი, პატიმრების სატელეფონო საუბრებია – პატიმრებს არ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს ან გენერალურ ისნპექციას. დარღვეულია კონფიდენციალობის პრინციპიც:
„N3 დაწესებულების დებულების თანახმად, მსჯავრდებულები ვალდებულები არიან, დაწესებულების დირექტორს წინასწარ მიაწოდონ ის სატელეფონო ნომრები, სადაც
დარეკვას აპირებენ. ამ ნომრების გარდა პატიმარი ვერ შეძლებს სხვა ნომრებზე დარეკვას დირექტორისთვის განმეორებითი წერილობითი მიმართვის გარეშე. აღნიშნულის გამო პატიმრებს უჭირთ სახალხო დამცველის ოფისთან, გენერალურ ინსპექციასთან და სხვა უწყებებთან დაკავშირება, რადგან აღნიშნული წესი ამ ნომრებზეც ვრცელდება.
დაწესებულებაში სატელეფონო ზარის განხორციელება შესაძლებელია საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ტელეფონის აპარატებით, რომლებიც განთავსებულია დაწესებულების თანამშრომელთა სამორიგეო ოთახში. დარეკვის დროს საუბარს ყოველთვის ესწრება მორიგე თანამშრომელი, რაც გამორიცხავს საუბრის კონფიდენციალურობას.“