მთავარი,სიახლეები

ბინიდან გამოსახლებული 82 წლის მოხუცი კლინიკიდან გაწერეს, ის სასამართლოს ელოდება

02.04.2018 • 2179
ბინიდან გამოსახლებული 82 წლის მოხუცი კლინიკიდან გაწერეს, ის სასამართლოს ელოდება

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც 20 მარტს ბინიდან გამოასახლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამოსახლების შემდეგ მოხუცი კლინიკაში მოხვდა. მას ექიმებმა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ალექსანდრას თქმით, მას სახლის მესაკუთრემ გამოსახლების შემდეგ კიდევ ერთხელ სცემა. მხარე ამ ფაქტს უარყოფს.

ალექსანდრა ტერუნი რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მისი მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ მოხუცმა მერიისგან შეთავაზებულ მოხუცთა თავშესაფარზე უარი თქვა და ახლობელთან რჩება. ალექსანდრა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, როგორც სამოქალაქო დავის, ისე სისხლის სამართლის კუთხით დაწყებულ საქმეებზე. მოხუცი მიიჩნევს, რომ მას ბინა თაღლითურად ჩამოართვეს.

„ალექსანდრას საქმეს სწავლობს სახალხო დამცველი, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გვთავაზობს დახმარებას. ალექსანდრა ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც ცემის და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ასევე სამოქალაქო კუთხით. ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ვიცით, რომ საქმე მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა უნდა განიხილოს, მაგრამ პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის,“ – გვითხრა ჟუჟუნა ჯიჯავაძემ.

ალექსანდრა ტერუნი 1983 წლიდან საიათნოვას 4-ში ცხოვრობდა. ბინა მას შემდეგ დაკარგა, როცა მისმა შვილიშვილმა კერძო მევახშისგან სესხი [როგორც ალექსანდრა აცხადებს, 600 დოლარი] აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. ალექსანდრა ამბობს, რომ მას ამ სესხის შესახებ არაფერი უთხრეს, თორემ თავად გადაიხდიდა ვალს. სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე გაყიდა ბინა თანხის მსესხებელმა. საბოლოოდ რამდენჯერმე გადაყიდული ბინა ალექსანდრას კარის მეზობელმა – გიორგი გეგუჩაძემ იყიდა. იგი სპეცრაზმის თანამშრომელია.

ალექსანდრას თქმით, მისი შვილიშვილი მძიმედ ავადაა და უკრაინაში იმყოფება. ალექსანდრას გასული წლის 25 დეკემბერს ბინის კარი აჭედილი დახვდა და მას შემდეგ ქუჩაშია.

ალექსანდრა ტერუნი 18 მარტს  ამწეთი შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის აივანზე, აივნიდან კი – ბინაში.

ალექსანდრა ტერუნი ადრეც ამბობდა, რომ მას ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრეებმა, და-ძმა გეგუჩაძეებმა სცემეს. სავარაუდო ცემის მეორე ფაქტზე გამოძიება 20 მარტს დაიწყო. ალექსანდრა ტერუნზე ფიზიკური ძალადობის პირველ შემთხვევას უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც ბრალდებული სოფიო გეგუჩაძეა – ბინის კანონიერი მესაკუთრის და.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს, სოფიო გეგუჩაძე გამორიცხავს ფიზიკურ ძალადობას მოხუცზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: