მთავარი,სიახლეები

შსს-ში ჯერ არ იციან, რითი დაჭრეს 12 წლის მოზარდი ბათუმში

02.04.2018 • 2322
შსს-ში ჯერ არ იციან, რითი დაჭრეს 12 წლის მოზარდი ბათუმში

მოსწავლე, რომელიც დღეს ფეხზე ჭრილობით ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, 12 წლისაა. დაშავებული მოზარდი ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ იციან, რითია მოზარდი დაჭრილი.

„არ ვიცი, იჩხუბეს, თუ მართლაც თვითდაზიანება მიიღო,“ – ამბობს შორენა ქონიაძე, მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. მისი თქმით, მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სკოლაში ან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა.

„მე უკვე მოვინახულე მოსწავლე, ის კარგადაა და მალე გაწერენ კლინიკიდან. მოსწავლე ამბობს, რომ წაიქცა და თვითდაზიანება მიიღო… ახლა იყვნენ ჩემთან პოლიციელები. ჩვენ ერთად ვნახეთ სკოლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ჩანს, რომ სკოლიდან მოსწავლეები, მათ შორის ეს მოსწავლე, მშვიდად გადიან გარეთ და კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოზარდმა ფეხი დაიზიანა სკოლის გვერდით მდებარე კორპუსის ეზოში. მოკვლევას დავიწყებთ ჩვენც, სკოლის ადმინისტრაცია. ამ კლასის მოსწავლეები უკვე წასულები არიან სახლში. ხვალ დილით გავესაუბრები მათ,“ – გვითხრა შორენა ქონიაძემ.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება მკურნალობა. ექიმები ვერ აკონკრეტებენ, რისგან აქვს მიყენებული დაზიანება მოზარდს ფეხზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

გადაბეჭდვის წესი