მთავარი,სიახლეები

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმირებაზე 440 ათასი ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშე სურს

02.04.2018
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმირებაზე 440 ათასი ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშე სურს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის“ 440 ათასი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გეგმავს.

სხვადასხვა მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სამინისტრომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, თუმცა სააგენტო ითხოვს სამინისტრომ დააკონკრეტოს და განმარტოს: „რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა; რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი; ასევე, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა რატომ გამოიწვევს ამ ღონისძიებების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას“.

რის შესახებ აპირებს საზოგადოების ინფორმირებას სამინისტრო:

[checklist]

  • „სამინისტროს მიმდინარე წლისათვის აქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა/დამტკიცება [სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონი, გაზისა და ელექტროენერგეტიკის ახალი კანონი, ენერგოეფექტურობის 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, სივრცითი მოწყობა და სამშენებლო კოდექსი, აირზე მომუშავე მანქანების შესახებ დადგენილება];
  • „Check In Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ბიზნესსექტორის ინფორმირება, როგორც რეგიონებში ასევე, დედაქალში, რათა კერძო სექტორმა მოახერხოს მაქსიმალურად მომზადება პროექტისგან გამოწვეული გაზრდილი ტურისტული ნაკადების მისაღებად;
  • წელსვე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ენერეგტიკული პროექტების განხორციელების დაწყება, მათ შორის მსხვილი ჰესებისა და ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თბოსადგურისა და გაზსაცავის მშენებლობის დაწყება;
  • ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლია, სადაც დაგეგმილია, ტურისტული ცენტრის, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცისა და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმების მოეწყობა, რისთვისაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშველოვანია ენგურჰესის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაცია და ამისათვის კომპლექსური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება;
  • სამინისტრო და სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში. 26 მაისს უწყებები, როგროც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში – სპეციალური ინსტალაციების, შემეცნებითი, გასართობი და საინფორმაციო სივრცეებისა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობას გეგმავენ. მნიშვნელოვანია დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების წინასწარი ინფორმირება, ვიდეორგოლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობის დაგეგმვა. ასევე, 26 მაისამდე პრერიოდში პრემარკეტინგული კამპანიის წარმოება“.

[/checklist]

ეს არის ამონარიდი, სამინისტროს მიერ შესყიდვების გვერდზე ატვირთული განაცხადიდან. ამავე განაცხადის მიხედვით, სამინისტრო თვლის, რომ „ზემოთხსენებული რეფორმებისა და საკანომდებლო ინიციატივების წარმატებით განხოციელებისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სამიზნე ჯგუფებისათვის, ასევე საზოგადოების ფართო მასებისათვის ინფორმაციის მიწოდება… ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია მოხდეს ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „დასახელებული რეფორმების, ინიაციატივებისა და პროექტების ამოქმედება/განხორციელების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა. ამასთან, რიგ შემთხვევებში, განხილვისა და მსჯელობის პროცესში, ცვლილებები შევიდა მათ შინაარსებშიც. ამ დროისათვის მათი განხორციელება უკვე დაწყებულია და ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებისთვის უნდა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად… სამინისტრო გეგმავს, კომპლექსური მარკეტინგული/სარეკლამო კამპანიების წარმოებას, პრეზენტაციების გამართვას და ზოგადად სხვადასხვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობის განხორციელებას“.

„დროის გასვლასთან ერთად – ამა თუ იმ პროცესის მიმართ, მოქალაქეებს ექმნებათ საბოლოოდ ჩამოყალიბებული განწყობები და ასეთ დროს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება უკვე დაგვიანებული და არაეფქტურია“, – აცხადებს სამინისტრო.

თუმცა, ყველა ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა შესყიდვების სააგენტოსთვის, რომელიც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაცემად სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ელის. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწევს დაასაბუთოს, რატომ უნდა 440 ათასი ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: