ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქედაში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს:

„წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს “სტრუიკ გრუპ ჯორჯია” ახორციელებდა. სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე. კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ მიერ აღნიშნულ კომპანიაზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ნებართვა არ იყო გაცემული.

ქედაში, სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭი დღეს, 31 ოქტომბერს, დაიღუპა. თვითმხილველთა თქმით, ბავშვი ბიძის ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე აფეთქება მოხდა, კარიერიდან ასხლეტილი ქვა ბავშვს მოხვდა, რის შედეგადაც ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების ადგილი ეზოდან დაახლოებით სამასი მეტრითაა დაშორებული.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.  გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარა TV-ის ბორდის ახალი წევრი გასაუბრების გარეშე შეარჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ გასაუბრების გარეშე შეარჩია. დღეს, 31 ოქტომბერს, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მისი რჩეული გიგა ჩხარტიშვილია. კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ხვალინდელ სხდომაზე უნდა უყარონ – ფარულად.

„ხომ ვიცოდით მაინც ყველამ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბორდის წევრობის კანდიდატი, ნათია სირაბიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. სოციალურ ქსელში აქამდეც გამოითქვა მოსაზრება, რომ გიგა ჩხარტიშვილი „ქართულ ოცნებას“ მანამდე ჰყავდა არჩეული, ვიდრე ის კონცეფციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს წარუდგენდა.

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო არჩევს. ვაკანსია ბორდში ორი წლის წინ, მას შემდეგ გაჩნდა, როცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა ზაზა ხალვაშმა ბორდი დატოვა. ორი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კონკურსი კანდიდატის შესარჩევად არ გამოუცხადებია.

კონკურსში მონაწილე 11 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე უმაღლეს საბჭოში შექმნილმა კომისიამ 6 კანდიდატი გადაიყვანა: გიგა ჩხარტიშვილი, ნათია სირაბიძე, დიანა ვაშაყმაძე, ემზარ დიასამიძე, ნერონ აბულაძე და რაულ ბერიძე. კანდიდატებმა კონცეფციებიც წარადგინეს და მათ კომისია გაესაუბრა კიდეც. დეპუტატებმა კი კანდიდატებთან უშუალო გასაუბრების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. ფრაქციას შეეძლო რამდენიმე კანდიდატი წარედგინა უმაღლესი საბჭოსთვის.

ბორდის წევრის არჩევას 11 დეპუტატის ხმა სჭირდება. აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 წევრი ჰყავს.

„რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, მინიმუმ უნდა გრცხვენოდეთ. ფორმალურად მაინც გაგვსაუბრებოდით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ… რომელიმეს თავის გასასამართლებელი რომ გქონოდათ, გაჯობა ამ კაცმა და რა ვქნათო,“ – ეს კონკურსში მონაწილე კიდევ ერთმა კანდიდატმა, ემზარ დიასამიძემ მისწერა „ფეისბუქში“ დეპუტატ ლადო მგალობლიშვილს საჯაროდ. მგალობლიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია. ამ ფრაქციის კვოტით შევა ხვალ ტელევიზიის ბორდში გიგა ჩხარტიშვილი.

„ნებისმიერ საკითხზე შემიძლია გავაკეთო კომენტარი, ამ საკითხზე არა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ლადო მგალობლიშვილმა. „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმაც.

ბორდის წევრობის კანდიდატი დიანა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ეჭვები გააჩინა, როცა კანდიდატებთან გასაუბრებაზე უარი თქვა.

„გასაგებია, რომ ეს იყო მათი კვოტა, მაგრამ ეს არ იყო რომელიმე ქარხნის ბორდის წევრის არჩევა. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის შერჩევა და მათივე ინტერესში უნდა ყოფილიყო ის, რომ კანდიდატებისთვის მოესმინათ. ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ რისკი აიცილეს… შესაძლებელია, ჯგუფის შიგნით გამოჩენილიყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად შეაფასებდნენ კანდიდატებს. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათ შეარჩიეს კანდიდატი, არ იყო საჯარო. თუ კრიტერიუმი იყო, მაგალითად ის, რომ ვისაც ყველაზე ბევრი ნაწერი ექნებოდა, ეს უნდა გვცოდნოდა მაშინ თავიდან. კომისიამ თქვა, რომ ჩვენ ძირითად კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა გამომდინარეობდეს საზოგადოების ინტერესიდან. ამ მიდგომამ ბევრი ეჭვი გააჩინა. მე ბოლო წუთამდე მქონდა განცდა, რომ მოგვისმენდნენ მაინც და ისე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებს მიეღოთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილებები და არა პარტიას,“ – გვითხრა დიანა ვაშაყმაძემ.

„ჩვენ გასაუბრება დავტოვეთ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიღმა,“ – ირწმუნება ნინო ჩხეტია. ისიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია უმაღლეს საბჭოში. დეპუტატი განმარტავს, რომ უმრავლესობის წევრები შეთანხმდნენ შერჩევის ამ ფორმაზე და დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. ნინო ჩხეტია თვლის, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო კანდიდატების მიერ წარმოდგენილი კონცეფციის გაცნობა, ასევე ის გასაუბრება, რომელიც სპეციალურ კომისიასთან შედგა და იყო საჯარო.

„ჩვენ ვარჩიეთ ნაკლები აქტიურობა კონკურსანტებთან და მეტი აქტიურობა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა, თუკი აქცენტი გაკეთდებოდა პიროვნებაზე, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ასეთი რამდენიმე იყო ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გიგა მუშაობს იმ პოზიციაზე, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს, რა სურს მაყურებელს. ჩვენი მოთხოვნა იყო ასევე ის, რომ ეს პიროვნება არ ყოფილიყო აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

გიგა ჩხარტიშვილი 2015 წლიდან მუშაობს „აჭარის ტელევიზიაში“. იგი სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურში გაყიდვების და დონორების მოზიდვის მენეჯერია.

რომელ დონორებთან დაამყარა ურთიერთობა ამ პერიოდში „აჭარის ტელევიზიამ“, ან რა გაყიდა წარმატებით აჭარის ტელევიზიამ? – ეს კითხვები გიგა ჩხარტიშვილისთვის გვინდოდა დაგვესვა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

რის გაკეთება შეძლო გიგა ჩხარტიშვილმა „აჭარის ტელევიზიაში“, რა ინფორმაცია აქვთ დეპუტატებს იმის გათვალისწინებით, რომ ბორდის წევრი კანონის მიხედვით უნდა იყოს: „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირი“?

„რა შეძლო და რა ვერ შეძლო გიგა ჩხარტიშვილმა, ეს ჩვენი შეფასების საგანი არ არის. ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ ის მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მას კარგად ესმის პრობლემები. ეს მის კონცეფციაშიც კარგად ჩანს,“ – გვიპასუხა დეპუტატმა ნინო ჩხეტიამ.

იყო თუ არა გიგა ჩხარტიშვილის კანდიდატურა კენჭისყრამდე შერჩეული? – დიანა ვაშაყმაძე, ბორდის წევრობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას ადრეც ჰქონდა და ახლა ეს ეჭვები კიდევ უფრო გამყარდა.

„იყო ინფორმაცია, რომ გიგა ჩხარტიშვილი მოიაზრებოდა მათ ფავორიტად. მე, ბუნებრივია, არ მაქვს მტკიცებულება, რომ ზუსტად ვთქვა, რა იყო… თუმცა ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა, ისე წავიდა ეს პროცესი. ჩნდება რისკი, რომ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების სანაცვლოდ, არჩეულ წევრსაც მოუწევს შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ, ვისაც გული შეგვტკივა „აჭარის ტელევიზიაზე“, ამაზე მონიტორინგს აუცილებლად განვახორციელებთ,“ – აღნიშნავს დიანა ვაშაყმაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრს, ნინო ჩხეტიას ასევე ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართულები „ქართული ოცნების“ ლიდერები თბილისიდან, ასევე გოგა ხაინდრავა, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის გიგა ჩხარტიშვილის მეგობარია და მას ლობირებს. ხომ არ მოუწია უმაღლეს საბჭოს ამ შემთხვევაში მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციის შესრულება?

„უმაღლესი საბჭო არაა ნოტარიუსი, ჩვენ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით გვიწევდა მსჯელობა… არ ვიცი, ვის ვისთან ჰქონდა პირადი საუბარი, მაგრამ დეპუტატებმა მივიღეთ, აზრთა სხვადასხვაობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ ერთიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, შევჯერდით,“ – გვიპასუხა ნინო ჩხეტიამ.

ბორდის წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ და მისი ხელფასი 2625 ლარია.

მთავარი ფოტო: გიგა ჩხარტიშვილი

 

 

 

 

ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს სამი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს

საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების ათი პროცენტი ან მეტი მიიღეს, საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან არაუმეტეს მილიონ ლარს მიიღებენ. 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასეთი კანდიდატები არიან: „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მან ცესკოს მონაცემებით ხმების 38,64 % მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიღებული ხმებით – 37,74 %-ი და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, რომელსაც არჩევნებზე მისულმა 10,97%-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

საარჩევნო კოდექსი თითოეული კანდიდატისთვის მხოლოდ მილიონამდე ლარის ღირებულების დასაბუთებული ხარჯის ანაზღაურებას ითვალისწინებს, მას შემდეგ, რაც შესაბამის ხარჯთაღრიცხვას კანდიდატები სახელმწიფო აუდიტს წარუდგენენ.

„თუ რომელიმე კანდიდატს მხოლოდ 500 000 აქვს დახარჯული, მას მხოლოდ ამ თანხას აუნაზღაურებენ, მაგრამ თუ დახარჯული აქვს მილიონი და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს – აუნაზღაურებენ მილიონს. თუ ორი მილიონი დახარჯა, მაინც მხოლოდ მილიონს მიიღებს“, – განმარტავს  კოტე კანდელაკი “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე.

სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლოს დეკლარაციები ხარჯების შესახებ კანდიდატებმა 16 ოქტომბერს, არჩევნებამდე 11 დღით ადრე წარადგინეს. მხოლოდ ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მილიონს სრულად აითვისებს.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს, ამ დრომდე ატვირთული მონაცემებით, თითოეულის ხარჯები 600 000 ლარამდეა.

კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა და ამის შემდეგ ეტაპობრივად უნდა წარუდგინოს მონაცემები. საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე-15 დღისა.

წელს, საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისთვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა ასევე დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამასთან, არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად არანაკლებ 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

პოლიცია ეძებს მძღოლს, რომელიც კარიერის აფეთქებაზე მუშაობდა – ტრაგედია ქედაში

ბავშვი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ერთი საათის წინ კარიერის აფეთქების შედეგად დაიღუპა, თავისი ბიძის ეზოში თამაშობდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც კარიერზე მუშაობდა, ადგილიდან მიიმალა.

მერის მოადგილე ამბობს, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მიმალულ მძღოლს ეძებს.

“ბიჭი ბიძის ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე აფეთქება მოხდა და იქიდან ასხლეტილმა ქვამ, ბავშვი ადგილზე მოკლა. ის კაცი, ვინც ააფეთქა, გაქცეულია და პოლიცია ეძებს. მთელი სტრუქტურაა ჩართული,” – უთხრა  “ბათუმელებს” ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ.

მერის მოადგილე, ისე როგორც მერის წარმომადგენელი სოფელ დოლოგანში მალხაზ საფარიძე ამბობს, რომ მათთვის უცნობია, რომელ კომპანიას ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია და რომელი კომპანია მუშაობდა კარიერზე დოლოგანში.

მალხაზ საფარიძის თქმით, სოფელში კლდის დაშლის სამუშაოები 3-4 წლის წინ დაიწყო და რამდენჯერმე შეიცვალა კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა. „რაც ვიცი, კომპანიის უფროსი გოჩა ბაკურიძე იყო. მერე შეიცვალა რაღაცეები. ზუსტად არ ვიცი ახლა ვის ეკუთვნის ეს კომპანია“.

მერის მოადგილის თქმით, მთელი სოფელი ადგილზეა შეკრებილი.

შემთხვევა სოფელ დოლოგანში, ჭინკაძეების უბანში მოხდა.

შემთხვევის ადგილას ამ დრომდე ხალხია შეკრებილი

 

6 წლის ბიჭი ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა

ქედაში, სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც “ბათუმელებს” ქედის მერის მოადგილემ უთხრა, ბავშვი ბიძის ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე აფეთქება მოხდა, კარიერიდან ასხლეტილი ქვა ბავშვს მოხვდა, რის შედეგადაც ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების ადგილი ეზოდან დაახლოებით სამასი მეტრითაა დაშორებული.

შემთხვევა ჭინკაძეების უბანში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვს ქვა მოხვდა და  მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელები დაბარებული არიან დაკითხვაზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს: სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

თორნიკე რიჟვაძე: რეგიონის ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტალის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.

თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რეგიონის ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გრძელდება.

„აჭარის არ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 9 თვის მონაცემით 15,1% გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 279.3 მილიონ ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტია.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის მთავარი მიმართულებები: მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა; გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა; მაღალმთიანი აჭარის განვითარება; სოციალური პროექტების მხარდაჭერა და სხვა.

აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, 2018 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები 726.8 ათასი ლარით მცირდება. ჯამში ადმინისტრაციული ხარჯის 1,0 მილიონ ლარზე მეტით შემცირებაა დაგეგმილი.

1,0 მილიონ ლარამდე იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები და 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დაგეგმილია 14 ახალი ხიდის აშენება, ასევე, 30 მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საერთო ჯამში, 180 გრძივი კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის დაგება.

აჭარის მთავრობის სხდომა / 31.10.2018

კონკურსი 57 სტუდენტის დასაფინანსებლად

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015-2016-2017 წელს აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც აჭარის რეგიონში არიან რეგისტრირებული, უფლება აქვთ  მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს და  უნდა ჰქონდეს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი უნდა იყოს ტოლი ან მეტი 71 პროცენტის.

დასაფინანსებელ კატეგორიაში შედიან სტუდენტები:

მაღალმთიანი აჭარიდან;

მრავალშვილიანი (ოთხი ან მეტი) ოჯახის წევრი;

დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;

სოციალურად დაუცველი (ასი ათასი ქულა ან ნაკლები).

იმ კონკურსანტების განცხადება, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2018 წლის პირველი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში და აკმაყოფილებენ პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოიპივეს სახელმწიფო დაფინანსება,  ავტომატურად ჩაითვლება დამატებით გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებულად.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

 

პატიმარმა სასამართლო დარბაზში ვენები გადაიჭრა – მას ოჯახში ძალადობას ედავებიან

ბათუმის სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ირაკლი კ.-მ ორივე ხელის მაჯა დაიზიანა. ირაკლიმ ეს მას შემდეგ გააკეთა, როცა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი კ.-მ თავისი 5 წლის შვილის დედასა და მის მეგობარ ქალზე იძალადა. პოლიციაში დაზარალებული ქალების მეზობლებმა დარეკეს. საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქალებს სახის არეში მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ჰქონდათ. ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ჯერ მათთან ერთად ალკოჰოლს სვამდა, შემდეგ კი მათ სახეში დაუწყო ცემა.

ირაკლი ოზურგეთიდანაა, მან თავისი შვილის დედა ბათუმში გაიცნო და მასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ბრალდებული შვილის დედასთან ქორწინებაში არ იმყოფება. ადვოკატის, ჯიმშერ არობელიძის თქმით, ბავშვს კონფლიქტამდე და ახლაც ბებია – ირაკლის დედა ოზურგეთში ზრდის.

ბრალდებულს, რომელმაც სასამართლო დარბაზში ვენები სავარაუდოდ ლამინატის მასალით დაიზიანა, ადგილზევე გაუწია სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების სამსახურმა, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

„ბათუმელებს“ სასამართლოს მენეჯერმა უთხრა, რომ სასამართლოს ამ შემთხვევის გამო არავისთვის მიუმართავს, რადგან სასამართლო დარბაზში ბრალდებული პოლიციელებმა მიიყვანეს, დარბაზში ასევე იმყოფებოდა პროკურორი.

ირაკლი კ. სასამართლო დარბაზში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ბათუმის პირველი განყოფილების პოლიციელებმა მიიყვანეს. რა ნივთით მიიყენა თვითდაზიანება ბრალდებულმა ან როგორ აღმოჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ბრალდებულის ხელში? – ამ თემაზე საუბარი ადვოკატს არ სურს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქალი, რომელზეც ბრალდებული ძალადობდა, უზბეკეთის მოქალაქეა.

110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“. ირკვევა, რომ „ტოდინი“, რომელიც სახელმწიფოსგან 2016 წელს მიღებულ დაკვეთებს არაჯეროვნად ასრულებს, 2018 წელს კიდევ ერთი – 110 მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულად დაასახელა სახელმწიფო გზების დეპარტამენტმა, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე.

გარდა ამისა, „ბათუმელებმა“ დოკუმენტების შესწავლით დაადგინა, რომ იტალიაში დაფუძნებული კომპანია „ტოდინის“ წილების 100-ვე პროცენტს 2016 წლიდან ყაზახური კომპანია ფლობს.

„ტოდინი“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერის მოგებამდე სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის, ერთ შემთხვევაში საგზაო დეპარტამენტის მიერ მკაცრად იყო გაფრთხილებული, მეორე შემთხვევაში კი, კომპანიამ სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც, შესაძლოა, მასთან დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტოს.

„ტოდინთან“ ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე განცხადება, რამდენიმე დღის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა:

„სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე, იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“ ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო სამუშაოები, რის გამოც დაწყებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით. მესამე მონაკვეთის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი“.

სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მშენებარე მაგისტრალი ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი. დანარჩენ მონაკვეთებს სხვადასხვა კომპანია აშენებს და ყველა მონაკვეთზე პრობლემებია.

„ჯამში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე 2018 წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოებიდან, 9 თვეში შესრულდა 40 მილიონ ლარის სამუშაოები, ხოლო 2018 წლის სავარაუდო შესრულება სულ იქნება დაახლოებით 50 მილიონი ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„ტოდინთან“ ხელშეკრულება ამ დროისთვის შეწყვეტილი არ არის. მათ სამუშაოებისთვის ვადა 2019 წლის ივლისის თვემდე აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა არაფერი მოხდება, გაუწყდებათ ხელშეკრულება. ამ ეტაპზე სამუშაოები, როგორც ვიცით, ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს, სულ რამდენიმე პროცენტი არის შესრულებული“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ თამარ ჯაფარიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომპანია „ტოდინი“, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის გარდა ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე – არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზეც მუშაობს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობდა 2018 წლის აპრილშიც, რის გამოც კომპანიას მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

„კომპანიას დაევალა სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკისა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება“, – განაცხადეს 6 თვის წინ დეპარტამენტში.

გატარდა თუ არა სანქციები კომპანიის მიმართ, დაჯარიმდა თუ არა, როგორ გაიმარჯვა ახალ ტენდერში და ხომ არ შექმნის „ტოდინი“ პრობლემებს ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებისას? – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პასუხების მიღება „ბათუმელებმა“ დეპარტამენტისგან სცადა.

„თუ „ტოდინთან“ დაკავშირებით ინფორმაცია უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით და თუ არის დაჯარიმებული, რისთვის და დროის რა მონაკვეთში, შესაბამისი სამსახური მოგწერთ“, – გვითხრეს დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, როგორც გზების დეპარტამენტში გვითხრეს, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, იტალიაში დაფუძნებული კომპანია „ტოდინის“ 100% წილს 2016 წლიდან ფლობს ყაზახური კომპანია „Prime System KZ“, რომელიც თავის მხრივ ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიაა.

„ბათუმელები“ კომპანია „ტოდინის“ თბილისის ოფისსაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი, რომელსაც „ტოდინი“ აშენებს 12 კილომეტრია. გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB) აფინანსებს. ოთხზოლიანი გზის ეს მონაკვეთი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია გაივლის. მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო და 2018 წელს დასრულებულიყო.

ეს გზა გრიგოლეთამდე კეთდება, სადაც უნდა შეუერთდეს გრიგოლეთი-შეკვეთილის ახალ მაგისტრალს, რომლის მშენებლობაც ჯერ მხოლოდ დაგეგმილია; აქედან ახალი გზა გაგრძელდება ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ბათუმის შემოვლით [მშენებარე] გზას შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზა კი შემდგომში ჭოროხიდან სარფამდე გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: საფრის ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ხულოში, სოფელ დანისპარაულთან, რომლის სრული რეაბილიტაცია ხულო-ზარზმის ახალი გზის პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს / ფოტო დეპარტამენტის არქივიდან

რას განიხილავენ კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე ბათუმში

ბათუმში კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა რიგით 71-ე საერთაშორისო კონგრესი ტარდება, რომლის ორგანიზატორიც ბალნეოლოგიისა და კლიმატოთერაპიის მსოფლიო ფედერაციაა. კონგრესის თემა ჯანმრთელობის ახალი ალგორითმები, ტურიზმის განვითარება და მდგრადობაა.

კონგრესზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ბალნეოთერაპიის [წყლით მკურნალობა] როლი ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში, ტექნოლოგიური გადაიარაღების აუცილებლობა, ადამიანური რესურსების რაციონალური გამოყენება, მეთოდოლოგიური ცვლილებები  კვლევების წარმოებაში, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, ახალი მიდგომები სტუმრის მიღება-განთავსებისას, კვება და ა.შ.

კონგრესი მოიცავს საქართველოს თერმული ცენტრების (წყალტუბო, კოკოტაური) მონახულებასაც, ასევე, ვიზიტს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბუნებრივ მღვიმეებში.

ღონისძიება მსოფლიო ფედერაციის ორაგნიზებით ტარდება და მასში 38 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონგრესი ოთხ ნოემბერს დასრულდება. კონგრესზე პრეზენტაციების სახით წარდგენილია სხვადსხვა ქვეყნის კლიმატოლოგიური და ბალნეოლოგიური რესურსები.

აჭარა კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრი 2017 წელს გახდა.

ბსუ-ს სტუდენტები ნახანძრალ ტყეში ნერგებს აღარ დარგავენ

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ბორჯომის ნახანძრალ ტყეში ნაძვისა და ფიჭვის ნერგებს ვერ დარგავენ. მათ ნერგების დარგვის უფლება ბორჯომის პლატოზე მიეცემათ.

როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნახანძრალ ტყეში ხეების დარგვა სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება. არც ფიჭვისა და მუხის ნერგების დარგვაა ამ ზონაში შესაძლებელი, რადგან ბორჯომის ტყეში მხოლოდ შავი ფიჭვი და კავკასიური სოჭი ირგვება“, – გვითხრეს სააგენტოში.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 800-მდე ნერგის დარგვას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ „ბათუმელებს“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უთხრა.

„ნახანძრალ ტერიტორიაზე აღდგენით სამუშაოებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პროექტის მიხედვით ვახორციელებთ, მეტყევეების ზედამხედველობის ქვეშ. რადგან უნივერსიტეტს თავისი ძალებით ჰქონდა გამოყვანილი ნერგების გარკვეული სახეობა და რაოდენობა, ჩვენ შევთავაზეთ ბორჯომის პლატოს ტერიტორია, რადგან ესეც არის ერთგვარი ცხელი წერტილი – მავნებლებით არის ეს ტერიტორია დაზიანებული და იქ სანიტარული ჭრები განვახორციელეთ, ახლა მიდის აღდგენის პროექტი. ზუსტად ის სახეობები აქვს უნივერსიტეტს, რაც ამ ტყისთვის ისედაც ვრგავთ“, – გვეუბნება ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.

მისი თქმით, სტუდენტებს მიიწვევენ ნახანძრალ ტერიტორიაზეც, რომ ადგილზე გაეცნონ სამუშაოებს და სიმბოლურად, სააგენტოს ნებართვით იქაც დარგავენ სტანდარტულ ნერგს.

იორდანიშვილის თქმით, ბორჯომის ნახანძრალ ტყეში ირგვება როგორც ფიჭვი, ასევე ფოთლოვანი ხე-მცენარეები იმისათის, რომ მომავალში ნაძვი და სოჭი დაირგოს აღდგენილ ტერიტორიაზე და აღდგეს ხანძრამდე არსებული ეკოსისტემა.

 

 

ძარცვა 18 წლის შესრულებამდე ორი საათით ადრე

18 წლის ვახტანგ ი.-ს ძარცვა ედება ბრალად. პროკურატურის ვერსიით, მან რუსი ტურისტი ბათუმში საღამოს 10 საათზე გაძარცვა. ეს შემთხვევა 24 მაისს მოხდა. 25 მაისს ვახტანგ ი. 18 წლის შესრულდა. ვახტნაგ ი. გორის მცხოვრებია.

“დანაშაულის ჩადენის დროს ის არასრულწლოვანი იყო. შესაბამისად, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად გაასამართლებენ”, – ამბობს გვანცა თურმანიძე, “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტი. ის ბრალდებულის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

გამოძიების ვერსიით, ვახტანგმა ბათუმში ჩანთა წაართვა ქალს, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. ჩანთაში ქალს 260 ლარი და 13 დოლარი ჰქონია. მაშინ ბათუმის ფაქტზე პოლიციამ ბრალდებული ვერ დააკავა.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვახტანგ ი. გორში პოლიციელებმა ქურდობის ფაქტზე დააკავეს. გორის სასამართლომ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვახტანგ ი-მ აღიარებითი ჩვენება მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც, ბათუმის ფაქტზე. მასთან საპროცესო შეთანხმებას აპირებს პროკურორი გიორგი რამიშვილი. მან დღეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს პროცესის გადადება სთხოვა, “იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ,” – დასძინა პროკურორმა.

პროკურორ გიორგი რამიშვილის თქმით, სავარაუდოდ, უკვე შეფარდებულ ერთწლიან პატიმრობაში მოექცევა ძარცვისთვის შეფარდებული სასჯელიც.

ბრალდებული დღევანდელ პროცესს არ დასწრებია.

“გუშინ დამირეკა და მითხრა, პროცესზე ჩამოსვლას, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხებო,” – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.

 

 

ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის  24-ე კმ-ზე მდებარე  საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 2018 წლის პირველ ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე [ქობულეთიბათუმის მიმართულება] შეიზღუდება.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზის 13 კმ მონაკვეთის განათებაზე 3 373 235 ლარი დაიხარჯება – უსაფრთხოება

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზის 24-ე კმ-ზე მდებარე გვირაბი / ფოტო: გზების დეპარტამენტი

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომის გადაწყვეტილებები

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს აპარატის დებულებაში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს აპარატში ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება გაუქმდა.  საკრებულოს აპარატის ხელახალი რეორგანიზაციის საჭიროება განპირობებული იყო შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციით იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტი არის ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იგი უნდა იყოს რეგისტრირებული ერთ საგადასახადო სუბიექტად.

ცვლილებების შემდეგ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდება როგორც ერთი საგადახდო სუბიექტი, რომელსაც ექნება ერთი შესყიდვების გეგმა, ერთიანი სახელმწიფო შესყიდვები, ერთიანი საფინანსო ანგარიშსწორება და საგადასახადო ანგარიშება. აქამდე არსებული მდგომარეობით მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია ორი დამოუკიდებელი და განცალკევებული სუბიექტი იყო და შესაბამისად, ჰქონდათ განცალკევებული საფინანსო ანგარიშსწორება, საგადასახადო ანგარიშგება, სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.

დებულებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად საკრებულოს აპარატში ოთხის ნაცვლად დარჩა სამი განყოფილება: იურიდიული განყოფილება, საქმისწარმოების განყოფილება და მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

რაც შეეხება განყოფილებაში დასაქმებულთა სტატუსსა და რაოდენობას, ამ მხრივ საკრებულოს აპარატში დარჩება ერთი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რომელსაც ფუნქციურად დაევალება საკრებულოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება და მისი მერიაში წარდგენის ორგანიზება.

ცვლილება ახალი საბიუჯეტო წლიდან, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

დღესვე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი  ქ. ბათუმში დ. თავდადებულის ქ.N-7/ რუსთველის ქ.N-17-ში მდებარე სახლზე ღვაწლმოსილი არქიტექტორის, ბოგდან კირაკოსიანის  ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფის განთავსების საკითხს.

რას ნიშნავს, როცა ბიუჯეტი „გადაჭარბებით სრულდება“ – მინისტრის განმარტება

აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიში დღეს, 31 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 15,1 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა და 217 641 200 ლარი შეადგინა.

„ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა“ –  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მანამ, სანამ სხდომა ჟურნალისტებისთვის ტრადიციულად დაიხურებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით კი, „გადაჭარბებით შესრულებაზე“ ამ შემთხვევაში დიდად აქცენტის გაკეთება არ ღირს.

სხდომის დასრულების შემდეგ „ბათუმელებმა“ ჯაბა ფუტკარაძეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, რატომ უნდა მივიჩნიოთ შემოსავლების ზრდა ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებად, თან იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ხელისუფლება ანალოგიურ შეფასებას აკეთებს – „ბიუჯეტი გადაჭარბებით შევასრულეთ“.

„სწორად დასმული კითხვაა, აბსოლუტურად გეთანხმებით,“ – გვიპასუხა ჯაბა ფუტკარაძემ. – „როდესაც შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებაზე არის საუბარი, ამაზე დიდ აქცენტს არ ვაკეთებთ, რადგან რეალურად, თავის დროზე, როცა შემოსავლები იგეგმება, ცოტა კონსერვატიულად ვგეგმავთ და შესაბამისად, წლის განმავლობაში ხდება გადაჭარბებით შესრულება. ამაზე განსაკუთრებული აქცენტი არ გაგვიკეთებია და ამისგან დიდ პოზიტიურ ინფორმაციას არ ვაჟღერებთ…“.

აჭარის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე 2019-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტიც განიხილა. პრიორიტეტების ჩამონათვალი საბიუჯეტო სექტორში ხარჯების შემცირებით იწყება. დოკუმენტის მიხედვით, აჭარის მთავრობა შრომის ანაზღაურების შემცირებას აპირებს 726 800 ლარით.

„ჯამში ადმინისტრაციული ხარჯი 1 მილიონ ლარზე მეტით მცირდება,“ – აღნიშნულია პრიორიტეტების დოკუმენტში.

აჭარის ფინანთა და ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში ხარჯი შემცირდა, მაგრამ 2019 წელს რომელიმე საჯარო მოხელეს ხელფასი არ შეუმცირდება, არც თანამშრომლების გაშვებაზეა საუბარი.

„ეს მოხდა იმ უწყებების ხარჯზე, რომლებიც აჭარის მთავრობამ გააუქმა, მაგალითად, ტექნოლოგიების სამსახური, რომლის შექმნაც იგეგმებოდა და ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში ხელფასებიც იყო გათვალისწინებული… დანარჩენი შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯებით, მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრომ 500 ლიტრით შეამცირა ყოველთვიურად საწვავის ხარჯი. ახლა მიმდინარეობს სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი. თუმცა ჩვენი მიზანია არა ვინმეს გათავისუფლება, არამედ ვინც მუშაობს, მათთვის მეტი ფუნქციის დაკისრება და ადამიანური რესურსის სწორად გადანაწილება. სამომავლოდ ველოდებით უკეთეს ტენდენციებს“, – თქვა ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს 30 მიმართულებით არის დაგეგმილი გზის მშენებლობა, დასრულდება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიონით გაიზრდება, ამავე ოდენობით  იზრდება სკოლების მშენებლობის და აღჭურვის ბიუჯეტი.

2019 წელს აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტების დაფინანსების გაზრდას დაახლოებით 10 მილიონით აპირებს. რომელ მუნიციპალიტეტს და რა პროგრამის შესასრულებლად მისცემენ ამ ფულს?

„10 მილიონი ეს არის ჯამში მთლიანად მუნიციპალიტეტებზე… საერთო ჯამში, გაეზრდებათ შემოსავლები მუნიციპალიტეტებს. ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. უშუალოდ ჩვენი სამინისტროს პროგრამებიც მიმართულია იქეთკენ, რომ მუნიციპალიტეტებში მოხდეს განვითარება. მომდევნო წელი იქნება კარგი მაგალითი ამ კუთხით. ისინი გრანტების სახითაც მიიღებენ 54 მილიონ ლარს,“ – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

 

არქიტექტორ კირაკოსიანის სახლზე მემორიალურ დაფას ოჯახი თავისი სახსრებით განათავსებს

ბათუმის საკრებულოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათუმში, თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებულ სახლზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არქიტექტორ ბოგდან კირაკოსიანის მემორიალური დაფა განთავსდება.

საკითხი წინა საკრებულოს ხდომაზეც იყო გამოტანილი, თუმცა კენჭი არ უყარეს, მიზეზად შენობის ძეგლის სტატუსი დასახელდა, „ნებართვის მიღება იყო საჭირო“.

სხდომაზე ითქვა, რომ სახლზე მემორიალურ დაფას საკუთარი სახსრებით კირაკოსიანის ოჯახი განათავსებს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან შეთანხმებით.

ბოგდან კირაკოსიანი იყო ბათუმის არქიტექტურული დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის შემოქმედებით საპროექტო სახელოსნოს.

მისი აშენებული ნაგებობებიდან ბათუმში გამორჩეულია ბულვარის კოლონადები. როგორც სამუშაოთა მწარმოებელი, ისე მონაწილეობდა ის ამ პროექტში. კახა ჯავახიშვილთან ერთად ის მუშაობდა საზაფხულო თეატრსა და რესტორან „მახინჯაურზე“ – ითქვა საკრებულოს სხდომაზე და აქვე აღინიშნა, რომ კირაკოსიანი ბათუმის ცირკის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორია.

 

ბათუმის საკრებულომ საბუღალტრო განყოფილება გააუქმა

ბათუმის საკრებულომ  საბუღალტრო წარმოების  განყოფილება გააუქმა. დღეიდან მის ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახური შეასრულებს. საბუღალტრო განყოფილებაში ორი ადამიანი იყო დასაქმებული.

როგორც საკრებულოს 31 ოქტომბრის სხდომაზე ითქვა, ეს გადაწყვეტილება საკრებულომ  მთავრობის აპარატიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

„მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანო, – როგორც მერია, ასევე საკრებულო, არის ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შესაბამისად ის უნდა იყოს ერთი გადამხდელი სუბიექტი. ამიტომ, მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე დაიგეგმა საკრებულოში რეორგანიზაცია,“- განაცხადა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ომარ მახარაძემ საკითხის წარმოდგენისას.

მისი თქმით, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულო ერთ შტატგარეშე მოსამსახურეს აიყვანს შრომითი ხელშეკრულებით. სხვა შემთხვევაში, საკრებულოს საბუღალტრო, საგადასახადო დოკუმენტაციების, ასევე, გადასახდელი ოპერაციებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას, მერიის  საბუღალტრო საქმის წარმოების სამსახური შეასრულებს.

საკრებულოს  ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მათი განცხადებით, საკრებულო და მერია არსობრივად სხვადასხვა ორგანოებია და ამ ფუნქციის მერიაზე გადაცემით, საკრებულოს უფლებამოსილება კიდევ უფრო სუსტდება.

ნოემბრის პირველი დღეები ბათუმში უნალექო იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ოქტომბრის 21 საათიდან პირველი ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბრულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 3 დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: pexels.com

სად და რა ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა ბათუმში

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთადერთი საშუალებაა!“ – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ვებგვერდზე. სეზონური გრიპისგან თავის დასაცავად ვაქცინაციისკენ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც მოუწოდა 23 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლო კვირა და შემდეგი დღეები არის საუკეთესო პერიოდი სეზონური გრიპის აცრის გასაკეთებლად.

გრიპის ვაქცინა უფასოდ არის ხელმისაწვდომი გარკვეული რისკჯგუფის პირთათვის [დიაბეტით დაავადებული 18-წლამდე პირები; დიალიზზე მყოფი პირები და მათი მომვლელები; სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები; აივ/შიდსით ინფიცირებულები; ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალი და ა.შ.]. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, თუ ბათუმში ცხოვრობთ, რისკჯგუფში არ ხართ და სეზონური გრიპისგან თავის დაცვა გსურთ, ვაქცინა თავად უნდა შეიძინოთ აფთიაქში და პოლიკლინიკას ან საოჯახო მედიცინის ცენტრს ეწვიოთ, სადაც ვაქცინას გაგიკეთებენ.

„მოქალაქემ, რომელსაც სურს გრიპზე აცრა, ვაქცინა უნდა შეიძინოს აფთიაქში და მიმართოს პოლიკლინიკას, რომელსაც აქვს ცივი ჯაჭვის პრინციპით აღჭურვილი აცრის კაბინეტი. იქ გაუკეთებენ მას აცრა-ვიზიტს, ჯერ გაესინჯება ექიმს, რომ მან მისცეს დაშვება აცრის გაკეთებაზე, უთხრას, შეიძლება თუ არა ამ მომენტში მისთვის აცრის გაკეთება [შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სურდო, გაციებული იყოს, ასეთ დროს არ კეთდება ვაქცინა]. ექიმის დადასტურების შემდეგ მას გაუკეთებენ მის მიერ მიტანილ ვაქცინას აცრის კაბინეტში. ეს არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც თავისუფლად იყიდება აფთიაქებში. აცრა კეთდება მკლავზე, შესაძლებელია მსუბუქი სიწითლე და ოდნავ შესიება მოჰყვეს, მაგრამ ეს პათოლოგიად არ ითვლება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ რუსუდან შავიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა.

გრიპის ვაქცინის გაკეთება ბავშვებისათვის 6 თვის ასაკიდან შეიძლება. ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია, ასევე, ხანდაზმულებისთვის. გრიპის ვაქცინა რომ უსაფრთხოა, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ვაქცინა საჭიროა გაიკეთონ ორსულებმა და იგი უსაფრთხოა ორსულისა და ნაყოფისთვის.

რუსუდან შავიშვილი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ძირითადად ორი, ფრანგული და ჰოლანდიური წარმოების ვაქცინა გვხვდება და ორივეს აქვს არამხოლოდ მწარმოებლისგან მინიჭებული სერტიფიკატი, არამედ ჯანმოს [მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია] სერტიფიკატიც. ვაქცინა 2018 წელს უნდა იყოს გამოშვებული.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა, რომელ აფთიაქშია შესაძლებელი გრიპის ვაქცინის შეძენა ბათუმში. „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ ქსელში დაგვიდასტურეს, რომ ვაქცინა მათთან იყიდება და 31 ოქტომბრის მონაცემებით ფრანგული „ვაქსიგრიპის“ [4-ვალენტიანი ვაქცინა] ფასი ბათუმში 35 ლარია [იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში ვაქცინა აფთიაქში არ იყიდება, შესაძლებელია გამოწერა თბილისიდან]. ასევე, „ავერსის“ ქსელში შესაძლებელია ჰოლანდიური „ინფლუვაკის“ [3-ვალენტიანი ვაქცინა] გამოწერა, მისი ფასი დაახლოებით 20 ლარია და ვაქცინას შეკვეთიდან რამდენიმე დღეში ჩამოიტანენ ბათუმში თბილისიდან, ხოლო „პსპ“-ეს ქსელის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ ვაქცინა არ შემოაქვთ. ვაქცინა არ იყიდება არც „სახალხო აფთიაქში“.

სააფთიაქო ქსელებში განმარტავენ, რომ ვაქცინის შენახვასა და ტრანსპორტირებას განსაკუთრებული პირობები სჭირდება, ამიტომაც ამჯობინებენ მოთხოვნის მიხედვით ჩამოიტანონ ბათუმში.  თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ვაქცინას სააფთიაქო ქსელის ექსპრესკლინიკაშივე აკეთებენ და აცრა ვაქცინის ღირებულებაში შედის, თუმცა ასეთი ექსპრესკლინიკა ბათუმში არ არის.

მნიშვნელოვანია, ვაქცინა შეძენიდან იმავე დღეს, მოკლე ხანში გაკეთდეს. 

რაც შეეხება უკვე შეძენილი ვაქცინის გაკეთებას, როგორც ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და პოლიკლინიკებში ამბობენ, თუ აცრის გაკეთების მსურველი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია, ამ შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია და აცრა უფასოა, სხვა შემთხვევაში კი ექიმის კონსულტაციის თანხის გადახდა მოუწევს.

ექიმთან კონსულტაციის ფასს პოლიკლინიკები თავად ადგენენ, ამიტომაც ფასები განსხვავებულია, მაგალითად, ბათუმის  #1 პოლიკლინიკაში 40 ლარია, ბათუმის #4 პოლიკლინიკაში – 30 ლარი, თამარის დასახლებაში მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში კი – 20 ლარი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი გრიპის ვაქცინა უფასოა შემდეგი ჯგუფებისათვის:

[checklist]

  • ორსულებისთვის
  • 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულ პირთათვის
  • დიალიზზე მყოფ პირთათვის
  • ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებთათვის და მათი მომსახურე პერსონალისთვის
  • C ჰეპატიტით დაავადებული პირებისთვის, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს
  • აივ ინფიცირებული პირებისთვის
  • სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლებისთვის

[/checklist]

სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. სეზონური გრიპის ვაქცინა წელიწადში ერთხელ, ჩვეულებრივ, ოქტომბერში ან ნოემბერში კეთდება.

„გრიპის სეზონი გრძელდება შემოდგომიდან გაზაფხულამდე, ანუ მომდევნო წლის მეოცე კვირის ჩათვლით. სასურველია გრიპის ვაქცინის გაკეთება შემთხვევების გახშირებამდე, რადგან ვაქცინას ორი კვირა მაინც სჭირდება, რომ იმუნიტეტი გამომუშავდეს.

გრიპის ვაქცინის გაკეთების შედეგად შეიძლება ადამიანს აღენიშნებოდეს რესპირატორული სიმპტომები, გაციება და ა.შ. მაგრამ ეს არ იქნება გრიპი.

გრიპი ძალიან რთული დაავადებაა, ყველა გაციებას ადამიანები ეძახიან გრიპს, მაგრამ ეს ასე არ არის. გრიპის ყველაზე მთავარი სიმპტომი არის ცხელება, როცა სიცხე არის 38,5 და მეტი, კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ხველა და ა.შ. ვაქცინა ნამდვილად არის ეფექტური, მაგრამ მნიშვნელოვანია ვაქცინის გაკეთების დროს ადამიანს არ ჰქონდეს ტემპერატურა, არ ახველებდეს და ა.შ. ეს რამდენიმედღიანი პერიოდია, სჯობს გავიდეს ეს პერიოდი და შემდეგ გაკეთდეს ვაქცინა,“ – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

 

თორნიკე რიჟვაძე არჩევნების შედეგებზე: რიგ საკითხებზე ჩვენ დაგვაგვიანდა რეაგირება

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ პირველივე ტურში მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არა იმის გამო ვერ გაიმარჯვა, რომ მთავრობა ცუდად მუშაობას, არამედ იმიტომ, რომ კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა და ამომრჩევლამდე ინფორმაცია ვერ მივიდა. თორნიკე რიჟვაძემ აქცენტი ამომრჩევლის მობილიზების აუცილებლობაზე გააკეთა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის საფრთხეა.

„პირველ ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ შეძლო მოეპოვებინა 50 პროცენტზე უფრო მეტი. თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომელიც ასახავს იმ არჩევანს, რომელიც უნდა გაკეთდეს, ერთი მხრივ, თავისუფალ და ევროპულ განვითარებას შორის და მეორე მხრივ, ძალადობრივ და ავტოკრატიულ რეჟიმს შორის. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, მისი აზრით, კონკრეტულად რა გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების საგანი, სად ვერ იმუშავა სათანადოდ აჭარის მთავრობამ? – თორნიკე რიჟვაძემ გვითხრა: „არის რიგი საკითხები, რომლებზეც, სამწუხაროდ, დაგვაგვიანდა რეაგირება“.

კითხვის დაზუსტების შემდეგ, მან თქვა, რომ პრობლემაა სოციალური ფონი, თუმცა არ დაუზუსტებია, ხელისუფლების რა კონკრეტული ნაბიჯები არ მოეწონა ხალხს. თორნიკე რიჟვაძემ ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და ამომრჩევლის მობილიზების პრობლემა არსებობდა და მეორე ტურამდე ეს შეიცვლება.

„პირველ ტურში ვერ შევძელით მხარდამჭერების მობილიზება, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს და მეორე ტურისთვის ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურ მობილიზაციის, მაქსიმალური კომუნიკაციის ხარჯზე იმ შედეგის მიღწევას, რომელიც არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის… საერთო შედეგებს თუ შეხედავთ, ბათუმში იგრძნობა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელსაც ველოდებოდით. ეს, ალბათ, არის იმის ბრალი, რომ იმ აქტივის, იმ მხარდაჭერის მობილიზება პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ… ეს ნაწილობრივ მიანიშნებს, რომ არის გარკვეული სახის ჩავარდნები, მაგრამ ამავდროულად არის მუნიციპალიტეტები, სადაც მართლა დამაჯერებლად ვლიდერობთ და მეორე ტურისთვის ის კონკრეტული ხარვეზები იქნება აღმოფხვრილი,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რა სახის მობილიზების პროცესს გეგმავს „ქართული ოცნება“ და ხომ არ მოსთხოვენ ისევ მხარდამჭერების სიებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს? – თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ამ კუთხით ვიდეომტკიცებულებები დაიდო ბათუმში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს. ასეთი სიების მომზადებას კატეგორიულად გამოვრიცხავ,“ – მოკლედ უპასუხა შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„ფიქრობთ, რომ პრობლემა ხელისუფლების საქმიანობა კი არ არის, არამედ ამომრჩევლის მობილიზება და კომუნიკაცია?“ – „ბათუმელების“ მორიგ კითხვაზე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ შეცდომები ნაკლებად აწუხებს მოსახლეობას.“

„მიამიტობა იქნება, ვთქვა, რომ მთავრობას, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია, შეცდომა არ დაუშვია, თუმცა არჩევანზე როცა მიდგება საქმე, ჩვენი შეცდომები იმ სხვა არჩევანთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზეს, ეს ჩვენი შეცდომები ნაკლებად არის, ნაკლებად აწუხებს მოსახლეობას,“ – გვიპასუხა მან.

 

ენმ-მ „ქართულ ოცნებას“ ხელიხელჩაკიდებისკენ მოუწოდა

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთეს.

ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ  გაერთიანების დროა.

„ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი დრო დგება, როდესაც ყველამ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა ვაკეთოთ ქვეყნის საქმე. დროა, ძალიან დიდი გაერთიანებისa და ეროვნული შერიგების.

როგორც რეიგანი ამბობდა, ვერასდროს გაიმარჯვებს ბოროტება, როდესაც სიკეთე ძლიერია. მე მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკეთე ძლიერია და თუ შევძლებთ ყველა ერთად დგომას ხელიხელჩაკიდებული, ამ ქვეყნისთვის დიდ საქმეს გავაკეთებთ“.

მირდატ ქამადაძეს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატალია ზოიძე გამოეხმაურა: „ცოტა ვერ გავარკვიე ბოროტება და სიკეთე რა შუაში იყო, თუ გავითვალისწინებთ მეთოდებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს და მეთოდებს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობდა, კარგად ჩანს, სადაა ბოროტება და სადაა სიკეთე“.

ენმ-ის სხვა წარმომადგენელმა, ლევან ანთაძემ დააზუსტა, რომ მირდატ ქამადაძემ ბოროტებაში რუსეთი იგულისხმა და არა „ქართული ოცნება“.

ლევან ანთაძემ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ზეწოლის მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა „სწორი არჩევანი გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ცხვრებივით მიეყვანათ არჩევნებზე“ და მათ მადლობა გადაუხადა.

ანთაძეს რეპლიკით უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ: „ცხვრებივით მიყვანის ხანა დამთავრდა 2012 წელს“.

უმრავლესობის წევრმა ომარ მახარაძემ ლევან ანთაძეს ჰკითხა: „გასაგებია, რომ რუსეთის სახით ძალიან დიდი მტერი გვყავს, მაგრამ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის პიარმენეჯერები ვინ გყავთ?“ – რაზეც ანთაძემ უპასუხა, რომ „თქვენ (ანუ „ქართულ ოცნებას“) კოსაჩოვი (რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი) გყავთ და რაზე ლაპარაკობთ“.

ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ მათ დისკუსიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

 

 

ლევან ცუცქირიძე: როცა ტყვიას გაისვრი, უკან ვეღარ დააბრუნებ, ასეა პოლიტიკოსის სიტყვაც

ვისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიძლება დაზარალდეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი – სალომე ზურაბიშვილის თუ გრიგოლ ვაშაძის და რა რისკები არსებობს მათი გაპრეზიდენტების შემთხვევაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით  „ბათუმელებს“  პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე ესაუბრა:

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი, არის დამღუპველი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთლიანად სახელმწიფოებრიობისთვის.

ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უკავშირდება იმას, საქართველოს შეუძლია თუ არა გააგრძელოს მსვლელობა თავისუფალი სამყაროსკენ, როგორც დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ერმა და აქვს თუ არა მას იმის უფლება, თავი დაიცვას უცხო ქვეყნის აგრესიისგან. ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება ქვეყნის პოტენციურმა პირველმა პირმა თქვას.

თუ შეცვლის ზურაბიშვილი რიტორიკას და დაიწყებს საპირისპიროს მტკიცებას გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მაშინ რა იქნება?

მე მგონია, როცა ტყვიას გაისვრი, მერე უკან ვეღარ დააბრუნებ და სიტყვაც, პოლიტიკოსისგან ასეთივეა. ეს ნათქვამია, გამეორებულია, დაწერილია, დაბეჭდილია და მილიონი ეგზემპლარი არსებობს და რომც გადათქვას და განაცხადოს, რომ სასტიკად ვცდებოდიო, ეს იარაღი საქართველოს წინააღმდეგ მაინც გამოყენებულია და ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია.

ჩვენ, პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებას, ბევრ რამეზე შეგვიძლია ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ იმაზე მაინც უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დაცვის უფლება გვაქვს და აგრესიას და მშვიდობას თუ დავარქმევთ რუსულ ტანკებს, რომლებიც საქართველოში შემოდიოდნენ, ამაზე მეტი ზიანი რა შეიძლება ვინმემ მიაყენოს ქვეყნის დამოუკიდებლობას.

მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერები საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ ზურაბიშვილის დამსახურებაა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა.

რუსული ბაზები აქედან გაიყვანეს საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა ჯარების სწორედ ასეთ განცალკევებას  რეგიონებში. ეს პროცესი, რომელსაც შემდეგ საქართველო აწარმოებდა, იყო  ლოჯისტიკაზე. ასე, რომ ეს მე არ მიმაჩნია სალომე ზურაბიშვილის მიღწევად. ეს ასე უნდა მომხდარიყო საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე და მოგვიანებით ეს ყველაფერი განხორციელდა ისე, როგორც რუსეთს ჰქონდა აღებული პირობა.

პოზიტიური რა შეიძლება მოიტანოს მისმა გაპრეზიდენტებამ?

პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში და ისეთი რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი… ოკუპაციას, რუსულ ჯარს თუ შეუტევს და უკან დააბრუნებს, ეს არის. სხვა არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც ამ ზიანს, რაც მისი განცხადებით მიაყენა ქვეყანას, უკან შემოაბრუნებს.

გრიგოლ ვაშაძის შემთხვევაში რა მოლოდინები არსებობს, რადგან მასზეც საუბრობენ, როგორც  რუსული პოლიტიკის  ქოლგის ქვეშ მყოფ პოლიტიკოსზე და იმაზე, რომ მას ჰქონდა კავშირი რუსულ კგბ-სთან?

მგონი, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც რაიმე არ შეშლია და ისეთი რამ არ უთქვამს, რაც არ უნდა ეთქვა. ის, რაც ნათქვამი აქვთ პოლიტიკოსებს, შედარების საფუძველზე შემიძლია იმის თქმა, რომ მეტი რუსული გავლენა რა შეიძლება იყოს პოლიტიკოსზე, როცა ადამიანი ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და დაბომბა  მძინარე, მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს იმხელა მასშტაბის განცხადებაა, რომ ნებისმიერი სხვა შეცდომა თუ ხარვეზი პოლიტიკოსის მსჯელობაში, უბრალოდ ორთქლდება.

ჩვენ ვნახეთ რა მოხდა მარგველაშვილის შემთხვევაში, როცა მას ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული პოზიციები აღმოაჩნდა… ცდილობდნენ შეეზღუდათ პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტების დროს, არ მისცეს შესაძლებლობა ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებაზე და ბევრი მსგავსი რამ. ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რა პროცესებს შეიძლება ველოდეთ?

ამის თაობაზე შეფასება უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად, თუ რომელი კანდიდატი მიაჩნია მას უფრო სასურველად. მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ერთ-ერთი პრინციპული გადაწყვეტილება, რაც ამომრჩეველმა უნდა მივიღოთ, არის, გვინდა თუ არა, რომ ხელისუფლება იყოს დაბალანსებული, თუ ხელისუფლება იყოს ერთი პოლიტიკური ძალის ან ადამიანთა ვიწრო წრის ხელში. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც გვაქვს გადასაწყვეტი.

არიან ადამიანები, ვინც ემხრობიან ბალანსს, თუმცა არ უნდათ ეს ბალანსი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ დაიცვან.

არჩევანი უნდა გააკეთო არსებული პოლიტიკური ჯგუფებიდან და აქედან იფიქრო ამ საკითხებზე, – რომელი იქნება ჩემი ქვეყნის უკეთესი წარმომადგენელი, რომელი მიაყენებს ნაკლებ ზიანს, რა სჯობია, ერთი ჯგუფის ხელში ძალაუფლება, თუ ორის, ასეთი საკითხებია.

მესმის, რომ არსებობს კითხვები და მეც მაქვს ეს კითხვები, კრიტიკა ყველა კანდიდატის მიმართ, რომელიც მთავარი მონაწილე იყო, მაგრამ აქ ჩვენ იდეალურის ძებნაში კარგი არ უნდა დავკარგოთ. მესმის, რომ უკეთესის საჭიროება და სურვილი არის, მეც ძალიან მინდა, მაგრამ არსებული რეალობიდან უნდა ამოვიდეთ.

ვაშაძის გაპრეზიდენტება ენმ-ს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს ზრდის? ვისაც ამის ეშინია, მას რა არჩევანი რჩება?

მე ამ ხალხის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფები და მათმა მხარდამჭერებმა უნდა შეეშვან ადამიანების დემონიზაციას. ეს ძალიან სახიფათოა. ერთი მეორეს უწოდებს გამყიდველს, ფაშისტს, ვიღაცები არიან „ხალხის მტრები“ და ა.შ. სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენი საზოგადოება, ერთსაც და მეორესაც ჰყავთ მხარდამჭერები და ვინ არის ამ ეპითეტების ღირსი, ათეულობით ათასი ადამიანი, ვინც ამა თუ იმ კანდიდატს უჭერს მხარს?

გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არის პოლარიზაცია, მაგრამ გარკვეული გაგებით შეიძლება ეს საჭიროც არის იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ განსხვავებები კანდიდატებსა და პარტიებს შორის. მაგრამ პოლიტიკოსებმა ისიც უნდა აჩვენონ, რომ გარდა განსხვავებებისა, უფრო მეტი გვაერთიანებს და ეს არის საერთო სახელმწიფო, საერთო წარსული, ღირებულებები, მომავლის ხედვა და ა.შ.

პოლიტიკოსებმა ისეთი რამ არ უნდა თქვან ერთმანეთზე, რაც მერე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შეუქმნის პრობლემას. ყველა პოლიტიკური ჯგუფის უკან დგანან მოქალაქეები და ისეთი განცხადებები, რომ დაიწყება სამოქალაქო ომი… რას ნიშნავს დაშანტაჟება, სამოქალაქო ომით? ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებად პოლიტიკოსის მხრიდან.

ამიტომ გავიგოთ ყველამ, რომ არც ერთი ძალაუფლება არ არის მუდმივი, რომ ეს ქვეყანა არის ყველასი, ამ ხალხს აქვს განსხვავებული შეხედულებები  წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს თავისუფლება, რომ იმოქმედოს და მმართველობა განახორციელოს იმ მანდატის შესაბამისად, რომელსაც  ადამიანები მიანიჭებენ არჩევნებზე.

სომეხი ახალგაზრდები ბათუმსა და ახალქალაქში (ვიდეო)

“თუ ოდესმე  გავთხოვდები, ჩემი ქმარი  აუცილებლად  უნდა იყოს ჯავახეთიდან და არა სომხეთიდან”.

“თუ მე, ასე ვთქვათ, დავრჩები აქ [საქართველოში], დავქორწინდები ქართველ გოგონაზე, ვინაიდან შევეჩვიე მათ”.

“ჩემი მშობლები ბედნიერები იქნებოდნენ, სომეხზე რომ დავქორწინებულიყავი. ვფიქრობ, ასეა ყველა ერში, მაგრამ  ვის ავირჩევ, ეს ჩემი გადასაწყვეტია”.

“ვფიქრობ სწავლის გაგრძელებაზე. ახლა ვემზადები, რომ უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები ჩავაბარო. ვნახოთ, რა მოხდება, თუ თბილისში ვერ  ჩავაბარე, მაშინ ერევანში ვისწავლი აუცილებლად”.

“უკვე ოთხი წელია, რაც საკუთარი რესტორნის გახსნაზე ვოცნებობ აქ, ბათუმში. ჩემს მომავალს ერევანში ვერ ვხედავ. ასე ვთქვათ არც სომხეთში, აქაურობას შევეჩვიე, ჩემთვის აქ კარგია, აქაური ხალხიც მომწონს”.

“ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, მაგრამ თუ ვინმე ეროვნებას გვკითხავს,  დაუყონებლივ სომეხს ვუპასუხებთ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ. ჩვენ სომხები ვართ და სომხებად დავრჩებით, სადაც არ უნდა ვიყოთ.”

როგორ ცხოვრობენ სომეხი ახალგაზრდები საქართველოს ორ ქალაქში – ბათუმსა და ახალქალაქში. როგორ და სად, რომელ ქვეყანაში ხედავენ თავიანთ მომავალს.  ეს არის კითხვები, რომელზე პასუხსაც სომხური ონლაინგამოცემა 4plus.org -ის მომზადებულ ფილმში იპოვით. 4plus.org -ის პარტნიორი საქართველოში “ბათუმელები” იყო. ფილმი მომზადებულია მულტიმედია განათლების ცენტრის მხარდაჭერით.

სომეხი ახალგაზრდები ბათუმსა და ახალქალაქში

თორნიკე რიჟვაძე: მეორე ტურში შევძლებთ ამომრჩევლის დარწმუნებას

“მეორე ტურში შევძლებთ ამომრჩევლის დარწმუნებას,”- განაცხადა მთავრობის სხდომის გახსნისას თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს, 31 ოქტომბერს. მან სხდომა არჩევნების შედეგზე საუბრით დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ “ქართული ოცნება” მეორე ტურში გაიმარჯვებს.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და ამაზე არჩია აქცენტის გაკეთება, ვიდრე იმაზე, თუ რატომ არ დაუჭირა ხალხმა მხარი მმართველ პოლიტიკურ ძალას.

“მეორე ტური ასეთივე დემოკრატიულ  გარემოში ჩატარდება და ამის გარანტი იქნება “ქართული ოცნება”, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას მეტი კომუნიკაცია ექნება ხალხთან.

აჭარის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე წინა სამი კვარტლის ანგარიშს, ასევე 2019 – 2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავს. თორნიკე რიჟვაძემ მოკლედ წარმოადგინა ციფრები, თუ როგორი გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტი.

სხდომა ჟურნალისტებისთვის ტრადიციულად დაიხურა. მედია მთავრობის წევრების კომენტარს ისევ დახურულ კარს მიღმა ელის.

ოლქის წევრის შვილს ბიულეტენი დაეკარგა – საჩივრების განხილვა საოლქოში

კამათი რამდენიმე საჩივრის განხილვას მოჰყვა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში. ერთ-ერთი საჩივარი თავად ოლქის წევრის – რამაზ ფირცხალაიშვილის შვილს ეხებოდა: გიორგი ფირცხალაიშვილი ბათუმის 37-ე უბნის კომისიის წევრია და გადასატან ყუთს გაჰყვა. უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ერთი ბიულეტენი გაუჩინარდა.

საჩივარი ამ შემთხვევაზე “სამართლიანი არჩევნების” და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა დაწერეს. გადასატანი ყუთისთვის კომისიის წევრებმა უბნიდან დილით 9 ბიულეტენი წაიღეს. საჩივრის მიხედვით, 6 ბიულეტენი შევსებული დაბრუნდა, 2 – შეუვსებელი.

“ის ერთი ბიულეტენი გადაყვა რეალურად… მე დამირეკა გიორგი ფირცხალაიშვილმა, შუადღე იქნებოდა. მითხრა, რომ ბიულეტენი გადაყვა და რა ვქნაო,” – უთხრა საოლქო კომისიის წევრებს კომისიის იურისტმა.

“თუ გადაყვა, ხომ გამოჩნდებოდა კონვერტების გახსნის დროს?” – იკითხა “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ. მან კომისიის წევრებს უთხრა, რომ ორი ბიულეტენი, დამკვირვებლის თქმით, არცერთი კონვერტიდან არ ამოუღიათ.

“გთხოვთ, ნათესაური კავშირიდან არ ამოვიდეს თქვენი გადაწყვეტილება,” – დასძინა მადონა ბერიძემ. ამ განაცხადის შემდეგ საოლქო კომისიის წევრმა, რამაზ ფირცხალაიშვილმა სხდომა დროებით დატოვა. “გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, მერე დავბრუნდები,” – თქვა მან დარბაზის დატოვებამდე. რამაზ ფირცხალაიშვილი საოლქო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრია.

“ახსნა-განმარტება არის წარმოდგენილი კომისიიდან,” – აღნიშნა კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

“ახსნა-განმარტება არ ნიშნავს იმას, რომ დარღვევა არ იყო. გთხოვთ, ნუ ამკვიდრებთ ასეთ პრაქტიკას, რომ ახსნა-განმარტება არის გამოსავალი და პასუხისმგებლობა არავის დაეკისროს,” – მიმართა საოლქო კომისიას მადონა ბერიძემ ” სამართლიანი არჩევნებიდან”.

“ვარაუდებზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ,” – მოკლედ დაასრულა კამათი საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა, ციალა შავაძემ. კომისიამ კოლეგის შვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარი არ დაუჭირა.

საოლქო კომისიამ შენიშვნა მისცა ბათუმის მე-12 უბნის ნაკადის მომწესრიგებელს. ამ უბანზე არაუფლებამოსილმა პირმა ყუთები შეიტანა, რაზეც ადგილზე მისულმა დამკვირვებელმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, კახა ჯაიანმა საჩივარი დაწერა.

“გადავაღებიე მე მაი კადრები ტელევიზიას, საჭმელი შემოიტანეს, სხვა არაფერი. სირცხვილია მართლა,” – აღნიშნა სხდომაზე მოსულმა ლამზირა კაპანაძემ, მე-12 უბნის თავმჯდომარემ.

კახა ჯაიანთან კამათში ლამზირა კაპანაძემ ისიც დაადასტურა, რომ საჭმელი კომისიის წევრებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბიდან გამოუგზავნეს.

„მკაცრი სანქციის მომხრე არ ვარ, მაგრამ რეალურად როცა არაუფლებამოსილი პირი ასე თავისუფლად შედის კენჭისყრის ოთახში, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება,“ – თქვა იურისტმა, გიორგი ხიმშიაშვილმა.

“კომისიის თავმჯდომარემ ნაცვლად იმისა, რომ არაუფლებამოსილი პირისგან მოეთხოვა კენჭისყრის ოთახის დატოვება, პოლიცია გამოიძახა და ორმოცმა კაცმა გამომაძევა მე,” – თქვა კახა ჯაიანმა, “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა.

“რა იყო და თქვენ შემოდით ხმაურით და მთელი ყურადღება გადმოვიდა თქვენზე… ამიტომაც შემოვიდა უცხო პირი უბანზე,” – უკან არ დაიხია ლამზირა კაპანაძემ.

საბოლოოდ საოლქო კომისიამ ნაკადის მომწესრიგებელი გაიმეტა და მხოლოდ მას დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

უბანი, სადაც წილისყრას პოლიციელიც ესწრებოდა – 25-ე უბანია. “პოლიციელთან მიღება-ჩაბარების აქტი გავაფორმე შენობასთან დაკავშირებით, ეს იყო დილის შვიდ საათზე…” – მიმართა საოლქო კომისიის წევრებს 25-ე უბნის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

“ხო, მაგრამ საჩივარი რვის ნახევარზეა შევსებული…”- აღნიშნა კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

“მაგი ნახევარი საათი მალავდა იმას, რომ საჩივარი ჰქონდა,” – დასძინა კომისიის თავმჯდომარემ.

საოლქო კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენა ითხოვა, რომლითაც დადგინდებოდა, როდის მივიდა პოლიციელი უბანზე.

“ეს აქტი ჩაბარდა უკვე დაცვის პოლიციას ვერ ვნახავთ,” – მიმართა კომისიას თავმჯდომარემ და კენჭისყრამდე თქვა, რომ კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ პასუხისმგებლობას არ იმსახურებს.

კენჭისყრის ბოლოს ამავე უბანზე საჩივარი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებელმა დაწერა. სიების მიხედვით არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას ბიულეტენების რაოდენობამ გადააჭარბა.

„რეალურად დაგვავიწყდა გადასატანი ყუთის სიების მიმატება, ეს იყო. იყო 592 და დათვალეს 601. 592-ს რომ 9 დავუმატოთ, არის 601. 9 ბიულეტენი იყო საარჩევნო ყუთში,“ – აუხსნა კომისიას საუბნო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

„საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო,“ – კიდევ ერთხელ გაიმეორა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ და საჩივრის დაკმაყოფილებაზე კომისიამ უარი თქვა.

საოლქო კომისიის სხდომას მე-17 უბნის თავმჯდომარეც ესწრებოდა. ამ უბანზე ერთი საჩივარი რეგისტრატორების მიერ ბიულეტენების დანომრვას ეხებოდა, მეორე – კომისიის წევრებისთვის წილისყრის ხელახლა ჩატარებას.

“ხელახლა  ჩავატარე წილისყრა, რადგან კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი თქვა ფუნქციის შესრულებაზე, მას არ უნდოდა ყუთთან დაჯდომა,” – აღნიშნა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ და მას საოლქოს თავმჯდომარეც გამოესარჩლა: “ის გამოუვალ ვითარებაში ჩავარდა”.

საოლქო კომისიამ შენიშვნა რეგისტრატორს გამოუცხადა, რომელიც ბიულეტენებს ნომრავდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებელმა მას საჩივარი არ დაუწერა.

ბათუმის ოლქში სულ 19 საჩივარი დაიწერა, აქედან 6 დააკმაყოფილა საოლქო კომისიამ. ექვსივე მათგანს კომისიამ შენიშვნა მისცა.

 

ბსუ-ს სტუდენტები ბორჯომის ტყეში 800 ნერგს დარგავენ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 3 ნოემბერს ბორჯომში თავიანთი ხელით გამოყვანილ ნერგებს დარგავენ.

როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში გვეუბნებიან, ფიჭვის, სოჭის, ნაძვისა და ქართული მუხის ნერგები უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ სათბურშია გამოყვანილი.

„დავრგავთ 800-მდე ნერგს, რომლებიც სტუდენტებმა თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად გამოიყვანეს. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩითილების გაზრდა. ნერგები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და 2017 წელს გაჩენილი ხანძრების დროს განადგურებული ტყის ადგილზე დაირგვება“.

როგორც უნივერსიტეტში გვეუბნებიან, ნერგების დარგვაზე ეკოლოგებისგან რეკომენდაციები მიღებული აქვთ. „ახლა არის შესაფერისი სეზონი ნერგების დარგვის და ვფიქრობთ, რომ კარგად გაიხარებს.“

 

ბათუმის საკრებულოში დღეს განათლების კომისიის სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.

კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმში დ. თავდადებულის ქ.N7/რუსთაველის ქ. N17-ში მდებარე სახლზე ღვაწლმოსილი არქიტექტორის ბოგდან კირაკოსიანის უკვდავსაყოფად მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე და მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის ხვალინდელ, 31 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე განხილვას.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო ორ საკითხზე, მ. ლერმონტოვისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩებისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით, კომიისიის წევრთა გადაწყვეტილებით, შეიქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს და მათ შორის ზემოაღნიშნული ქუჩების სახელის გადარქმევის საკითხსაც განიხილავს.

განათლების კომისიის სხდომა
განათლების კომისიის სხდომა

ქ. ბათუმში არსებულ ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსული პეტიციის განხილვა, კომიისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ზუსტად ერთი კვირით გადაიდო. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი პატარიძის განცხადებით, მომავალ კვირაში, სამშაბათს, კომისია კვლავ დაუბრუნდება ამ საკითხს და მასზე პეტიციის ავტორებთან ერთად იმსჯელებს.

კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ე.წ. ადლიის დასახლებაში საკადასტრო კოდით N05.32.18.031 არსებული ტერიტორიისთვის ქუჩისთვის სახელის მინიჭებას. უსახელო ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით შემოსული ინიციატივების განხილვის შემდგომ, კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ აღნიშნულ ქუჩას ცნობილი საზოგადო მოღვაწის რეჯებ ნიჟარაძის სახელი მიენიჭოს, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას.

სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.

ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება

როდის დაიწყება ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია. კომპანიაში „ჰიგიენა 2009“, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს, მშენებლობის დაწყებას 2018 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით, მშენებელი კომპანიაც კი არ არის გამოვლენილი.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო სახელმწიფო მხოლოდ ვალდებულების საკომისიოს იხდის.

„მიმდინარე წლის ზაფხულში გადავაგზავნეთ პოლონური და თურქული კომპანიების ბოლო ფინანსური ანგარიშები და საბანკო გარანტიები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში [EBRD]. მანამდე გადაგზავნილი გვქონდა ტექნიკური, საინჟინრო და დიზაინის მონაცემები. მშენებლობის დასაწყებად ახლა მთავარია ამ ორიდან ერთ-ერთ კომპანიაზე მოგვცენ დასტური“, – ამბობს  „ბათუმელებთან“ გია ხალვაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორი.

7 მილიონი ევროდან, რაც ნაგავსაყრელის პროექტს უნდა მოხმარდეს, 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

„ეს კონტრაქტი გაფორმებულია 2010 წელს და საჭიროა განახლება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავიდან უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტებს EBRD-თან – კრედიტზე, შვედურ მხარესთან კი – საგრანტოზე. ქართულ მხარეს ყველაფერი მზად გვაქვს და ველოდებით ინფორმაციას მათი მხრიდან. დონორები ერთმანეთში არკვევენ ალბათ საკითხებს და ამას მიაქვს დრო,“ – ამბობს გია ხალვაში.

მისივე თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ „თანხმობას მივიღებდით და დავიწყებდით მშენებლობას 2018-ში, მაგრამ არ მოგვდის თანხმობა. თავად აფასებენ და ამოწმებენ კომპანიების შეთავაზებებს, ფასებს, წინადადებებს, ჩვენ ამ პროცესში არ ვერევით. ნაგავსაყრელის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც მივიღებთ EBRD-ისგან თანხმობას ერთ-ერთ კომპანიაზე, რომელთანაც გავაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებას“.

გია ხალვაშის ინფორმაციით, ახალი ნაგავსაყრელი დასაწყისში მხოლოდ არასახიფათო ნარჩენებს მიიღებს: „შემდეგ, დანადგარებს თუ შევიძენთ და ასე შემდეგ მერე შეძლებს ნაგავსაყრელი სახიფათო ნარჩენების მიღებას. ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და იმაზე, ამ კუთხით თუ შეგვიწყობენ ხელს დონორები“.

ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში უნდა აშენდეს.

———–

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით დაფინანსება ეზრდება ისეთ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შესრულება 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 50%-ზე დაბალია. ამასთან, „განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პროექტები, რომელთა ფარგლებშიც საერთოდ არ მომხდარა თანხების ათვისება როგორც 2017, ასევე 2018 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს აუდიტი. ასეთ პროექტებს შორისაა აჭარის მყარი ნარჩენების პროექტიც.

„კრედიტის სახით გამოყოფილი სახსრების დაგვიანებით ათვისება იწვევს სესხის მომსახურების ხარჯების ზრდას, რადგან კონტრაქტების ნაწილი ითვალისწინებს მსესხებლისთვის ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) დაკისრებას სესხის აუთვისებელ ნაწილზე. მაგალითად, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ასეთი დაბალი ათვისების პროექტების შემთხვევაში, სულ გადახდილია 1,5 მლნ ლარის მოცულობის ვალდებულების გადასახადი“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. – „შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება; ასევე, აღნიშნული პროექტების მომავალი წლის გეგმის განსაზღვრისას გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯებისა და დროში გაწელილი ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა“.

ამ თემაზე:

„ჰიგიენა 2009“-დან 5 მილიონის მითვისების შემდეგ დირექტორი მეორედ შეცვალეს

მთავარი ფოტო: ბათუმის მოქმედი ნაგავსაყრელი /2018 წ./ ფოტო „ბათუმელები“ 

სასტუმრო „ინტურისტმა“ 50-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა

სასტუმრო „ინტურისტ პალასმა“ სამსახურიდან დაახლოებით 50 თანამშრომელი გაუშვა. თამარ მრევლიშვილი, სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი ამბობს, რომ „აბსურდული სიტუაცია“ პირველი ოქტომბრიდან შეიქმნა, როცა სასტუმრო მართვის უფლებით ახალმა კომპანიამ აიღო და ე.წ. რეორგანიზაცია გამოაცხადა. გათავისუფლების ბრძანებები ამ დრომდე ყოფილ თანამშრომლებს არ ჩაჰბარებიათ, მათთვის არც კომპენსაცია მიუციათ. რამდენიმე მათგანი დავას სასამართლოში აპირებს.

„ინტურისტი“ კომპანია „მეტროს“ ეკუთვნის, მაგრამ ყოველწლიურად სამართავად სხვადასხვა კომპანია შემოდის. მეხუთე წელია თანამშრომლებს გამოსაცდელი ვადით გვიფორმებენ ხელშეკრულებებს… ახლაც, ოქტომბერში გვითხრეს, რომ ახალი კომპანია შემოვიდა და დაგაკვირდებითო. მერე დაგვიბარეს თითოეული ცალ-ცალკე და გვითხრეს, რომ, სამწუხაროდ, ვეღარ გააგრძელებდნენ ჩვენთან თანამშრომლობას.

ჩემთან ვადიანი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. ჩვენ მოგვთხოვეს დაგვეწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ასე იყო წინა წლებშიც, ვწერდით გათავისუფლებაზე განცხადებას და იმავე დღეს ვწერდით განცხადებას დასაქმებაზე. ამ შემთხვევაში გვითხრეს, რომ ვეღარ აგვიყვანდნენ ვერც გამოსაცდელი ვადით. სასტუმროში დაახლოებით 150 ადამიანი მუშაობდა, აქედან 50 გაუშვეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლები აიყვანეს. რეალურად თუ შემცირებაა, რაც გათავისუფლების მიზეზად დაგვისახელეს, ახალი არ უნდა აეყვანათ,“ – გვიყვება თამარ მრევლიშვილი.

თამარ მრევლიშვილი სასამართლო დავას არ აპირებს, რადგან საქმის მოგების პერსპექტივას ვერ ხედავს. „ძალიან ჩახლართული სიტუაციაა. თანაც მესაკუთრე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რთული იქნება რაიმეს გარკვევა,“ – დასძენს იგი.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან რამდენიმემ კონსულტაცია ადვოკატ ნატო გოგმაჩაძესთან გაიარა. გათავისუფლებულებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, მიმართავენ თუ არა სასამართლოს.

ნატო გოგმაჩაძე, ადვოკატი:„ამ პროცესს დამსაქმებელმა ,,რეორგანიზაცია“ უწოდა, თუმცა, ჩემი შეფასებით, რეორგანიზაცია ამ სახით არ ტარდება. მას აქვს სამართლებრივი ფორმა და საფუძველი. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად, სხვა კადრები აჰყავთ. გათავისუფლებულებს, როგორც ვიცი, შეუწყვიტეს ვადიანი ხელშეკრულებები ისე, რომ არც შეწყვეტის საფუძველი უცნობებიათ, არც შესაბამისი გათავისუფლების ბრძანება ჩაუბარებიათ მათთვის და არც კომპენსაცია გაუციათ, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ეს არის სწორედ ,,იმ მონური შრომის“ მოდელი, რაც დღეს დამკვიდრებულია ქართულ რეალობაში. დღეს გვყავს უუფლებო დასაქმებულები და დამსაქმებლები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ“.

კომპანია „მეტროში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

ხელვაჩაურის საკრებულომ დააზუსტა, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას მისი გადადგომის შემთხვევაში

დებულება, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულომ დღეს, 30 ოქტომბერს, დაამტკიცა, ადგენს ვინ შეასრულებს მუნიციპალიტეტის არჩეული მერის მოვალეობას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, თუ თანამდებობაზე არც მოადგილეა დანიშნული ან თანამდებობიდან ისიც წავიდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მერის დებულებაში ცვლილება მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიტანეს.

კითხვაზე, რატომ დადგა  ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა და ხომ არ აპირებს ხულოს მერიის გამოცდილების გაზიარებას ხელვაჩაური? მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გვიპასუხა:

„საიდან აკეთებთ ასეთ დასკვნებს? – ჩვენთვის ასეთი დასკვნები არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა არ დამდგარა. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, შენიშვნა მოგვცეს, რომ დებულება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო მოსაყვანი და გავასწორეთ. ჩახედეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ასევე თვითმმართველობის კოდექსში, ეს არის ჩვეულებრივი მოთხოვნა.“

დებულებაში ცვლილება მასში ხარვეზის შესწორებით ახსნა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემაც.

ხულოს არჩეული მერი ორი კვირის წინ თანამდებობიდან გაურკვეველ ვითარებაში გადადგა. თანამდებობის დატოვება მოუწია მის მოადგილესაც. შვებულებაში მყოფი გოჩა მელაძე იძულებული გახდა სამსახურში დაბრუნებულიყო, ჯერ მოადგილე გაეთავისუფლებინა და მის ნაცვლად ახალი მოადგილე დაენიშნა, მერე კი თავადაც გადამდგარიყო. მოგვიანებით გოჩა მელაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება გადადგომაზე თვითონ მიიღო.

ხელვაჩაურში მერის დებულების ჩასწორებისას, სავარაუდოდ, ეს გამოცდილება გაითვალისწინეს.

ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანუ ახალი დებულებით, მერის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს მერის პირველმა მოადგილემ, ხოლო თუ ის თანამდებობაზე დანიშნული არ არის, მოვალეობის შესრულება დაევალება მერის სხვა მოქმედ მოადგილეს. იმ შემთხვევაში, თუ არჩეულ მერს ორზე მეტი მოადგილე ჰყავს, მერის მოვალეობის შესრულებას უხუცეს მოადგილეს ანდობენ.

იმ შემთხვევაში, თუ მერს არც პირველი და არც სხვა მოადგილე არ ჰყავს დანიშნული, მერის მოვალეობას ახალი მერის არჩევამდე საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს.

 

ვის შეუძლია პირადობის მოწმობის აღება უფასოდ პირველ იანვრამდე

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.

აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

[checklist]

  • საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაც 1 იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვის სახელზეც 2018 წლის 1 მარტამდე გაცემული არ იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
  • მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული, გაუქმებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე
  • მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
  • ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე;

[/checklist]

მიმდინარე წლის პირველ მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით დაწყებული აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა მოქალაქემ უფასოდ მიიღო.

ქვემო ქართლში 600 ფერომონზე აზიური ფაროსანას გავრცელება არ დადასტურდა

ატამი, ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, ალუჩა – სოფელ თამარისის მოსახლეს ივანე მანთეშაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში სხვადასხვა ხილის კულტურა აქვს. მოსავლის ნახევარს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს, ნაწილს კი ყიდის.  ამბობს, რომ ბოლო წლებში, უმეტესად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებელი, ამ შემოდგომაზე უკვე საკუთარ ბაღშიც იხილა.

,,ზაფხულში არ დამიფიქსირებია, ახლა კი ვხედავ გამრავლდა… მწვანე მწერია, ვფიქრობ, აზიური ფაროსანა. შევამჩნიე კარალიოკზე, პომიდორზე… ალუჩაზე ჯერ არ მინახავს“,- ყვება ფერმერი.

ივანე ამბობს, რომ აზიურმა ფაროსანმა უკვე მის ბაღში არსებული კულტურების მოსავალის ხარისხზეც იმოქმედა. ,,დააზიანა ნაყოფი… აფუჭებს პომიდორს, კარალიოკის ზედა მხარე სულ გადაშავებული იყო“,- სწუხს ფერმერი.

მენთეშაშვილის თქმით, აზიური ფაროსანა საკუთარ ნაკვეთებში მისმა თანასოფლელებმაც შენიშნეს.

ქვემო ქართლში, ცხელ ხაზზე, აზიურ ფაროსანაზე შემოსული ინფორმაცია

ისევე როგორც მთელ საქართველოში, ქვემო ქართლშიც აქტიურად მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობა აზიური ფაროსანას შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებს სვამს, ხან კი უწყებას მავნებლის შესაძლო გავრცელების შესახებ აწვდის ინფორმაციას. სააგენტოში ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივებმა საკუთარ ბაღებში მავნებლის გავრცელების შესახებ დაიჩივლეს, თუმცა ადგილზე მისულ სპეციალისტებს აზიურის ნაცვლად საქართველოსთვის უკვე კარგად ნაცნობი, მწვანე შეფერილობის ფაროსანა დახვდათ. ,,ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ფერმერთა ნაწილი აზიური ფაროსანას შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი დაბნეულია და ჩვენს ქვეყანაში უკვე წლობით გავრცელებულ მწერების მავნებლობასაც კი აზიურ ფაროსანას უკავშირებენ“, – განმარტავენ უწყებაში. მათი თქმით, მოქალაქეებისგან შემოსული ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში მოწმდება და მითითებულ ადგილებს მათი ფიტოსანიტარები სტუმრობენ.

სეს-ი ქვემო ქართლში აზიური ფაროსანას გავრცელებას უარყოფს

აზიური ფაროსანას თემაზე მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაზე საუბრობს სურსათის ეროვნული სააგენოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსიც. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ინფორმაციის გადამოწმება შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს რეგიონში დამონტაჟებული 600 ფერომონზე აზიური ფაროსანას გავრცელება არ დადასტურდა. ,,ფერომონები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელშია დამონტაჟებული, მონიტორინგის შედეგები სასიხარულოა, თუმცა აზიური ფაროსანას გავრცელების შემთხვევაშიც, მასთან საბრძოლველად მზად ვართ“, – ამბობს უწყების წარმომადგენელი. ლიპარტელიანის თქმით, პრევენციისთვის რეგიონში ფიტოსანიტართა ჯგუფია მობილიზებული.

______________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

 

რა ხდება, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურზე უარს ამბობს – იურისტის განმარტება

„ხომ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატმა მეორე ტურზე უარი თქვას?“ „პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხომ პარლამენტს მარტივად შეუძლია“ – ეს ფრაზები არჩევნების შედეგების გაგების შემდეგ ყველაზე ხშირად გვესმის. „ბათუმელები“ საია-ს იურისტს, მირზა მამულაძეს ესაუბრა კანონზე, რომელიც ამ საკითხებს აწესრიგებს.

„პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია,“ – განმარტავს იურისტი. კანონის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუკი რომელიმე მათგანი მეორე ტურზე უარს იტყვის, ეს საჯაროდ დაფიქსირდება, მაგრამ კანდიდატი ბიულეტენში მაინც დარჩება. იგივე მოცემულობაა, თუკი ორივე კანდიდატი გადაიფიქრებს პრეზიდენტობას.

„ბიულეტენში არ აღინიშნება ის, რომ რომელიმემ კანდიდატურა მოხსნა. შესაძლოა, კანდიდატმა ცესკოს განცხადებითაც მიმართოს, რომ მისი სურვილი დაფიქსირდეს, მაგრამ ცესკო ამ განცხადებას ვერ დააკმაყოფილებს,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.

რა მოხდება, თუკი ამომრჩეველი მაინც იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც იტყვის, რომ მეორე ტურში აღარ მონაწილეობს? – საია-ს იურისტის განმარტებით, ასეთი კანდიდატი პრეზიდენტი გახდება და მხოლოდ ფიცის დადების შემდეგ შეუძლია მას გადადგომა.

„მსგავს ვითარებაში, გადადგომის შემდეგ, პარლამენტი 72 საათში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს. შესაძლოა, პრეზიდენტმა თეორიულად ფიცის დადებაზეც თქვას უარი, რადგან გაწერილი არაა, რა უნდა მოხდეს, თუკი პრეზიდენტი კანონით სავალდებულო ფიცის დადებაზე უარს ამბობს და ისე ტოვებს თანამდებობას,“ – გვითხრა მირზა მამულაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს – ამ საკითხს „საქართველოს კონსტიტუცია“ არეგულირებს. იმპიჩმენტი ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: როცა კონსტიტუციის დარღვევასთან გვაქვს საქმე ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებთან.

„იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. შემდეგ ეს საკითხი ეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს. თუკი სასამართლო დაეთანხმება პარლამენტს ერთი თვის ვადაში, ამ შემთხვევაში პარლამენტი ორ კვირაში განიხილავს იმპიჩმენტს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედია საჭირო“, – აღნიშნავს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

როგორ უნდა დადგინდეს „პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა“?  – იურისტის თქმით, გამოძიების დაწყება საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს. პრეზიდენტს საგამოძიებო ორგანო ბრალს ვერ წარუდგენს, თუკი მას პრეზიდენტის უფლებამოსილება არ შეუჩერდება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტს მხოლოდ ორ შემთხვევაში არ შეუძლია: როცა ქვეყანაში საომარი ვითარებაა ან საგანგებო მდგომარეობა.

 

 

აზიური ფაროსანა- მიღწეული შედეგები და მოსალოდნელი გამოწვევები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი გრძელდება. ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელის მოზამთრე ფაზა იწყება. რა შედეგი აქვს აპრილის თვიდან ოქტომრამდე განხორციელებულ ღონისძიებებს, შემცირდა თუ არა ბაღლინჯოს რაოდენობა და გავრცელების არეალი, ამ საკითხებზე ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ზურაბ ლიპარტიას ვესაუბრეთ.

ზურაბ ლიპარტია
რა ღონისძიებები განახორციელა სახელმწიფომ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში?

ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 700 ათას ჰექტარიამდე ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა. ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვიღთ განხორცილდა, დოკუმენტის შემქნაში ადგილობრივებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. სტრატეგიის ძირითადი მიზანი , ეკონომიკური დასავლეთ რეგიონში ეკონომიკური ზიანის 5-დან 15%-მდე შემცირება იყო. თუ თვალს გადავავლებთ აპრილიდან ოქტომბრის თვემდე ჩატარებულ სამუშაოებს, შეიძლება დადებითად შეფასდეს.  ღონისძიებების ეფექტურობა თვალნათლილვ ჩანს სიმინდზე. მოსახლეობამ არნახული მოსავალი მიიღო. რაც სეეხება თხილის კულტურას, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული წამლობის გარდა საჭიროა დამატებითი ღონისძიებებიც სოკოვანი დაავდებების თავიდან ასაცილებლას. გურიაში წელს მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა,, თუმცა ამ პროცესშ მავნებლის წილი მხოლოდ 20% იყო.  სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად  სანფორმაციო კამპანიის წარმოებას გეგმავს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში წამლობის რამდენიმე ეტაპი განხორციელდა. როგორი იყო ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა?

ქიმიური წამლობის დაწყებმადე მოსახლეობას ადგილობრივებს წინასწარ მიეწოდებოდა. მნიშვნელოვანია მაცხოვრებლების ჩართულობა.  მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს რომ საკარმიდამო ნაკვეთებში  თავად ჩაატაროს წამლობა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინონ. რამდენიმე კვირაში ტემპერატურა დაიკლებს და აზიური ფაროსანაც ბაღებიდან შენობებში გადაინაცვლეს. მოზამთრე პერიოდში კი მავნებლის რიცხოვნობის შესამცირებლად საწიროა მექანიკური ღონისძიებების გატარება, მათ შორის შესაძლებელია მტვერსასრუტით შეგროვება და შემდეგ უკვე დაწვა. ეს არის ყველაზე მარტივი და იაფი ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობამ უნდა აგატაროს და რა საშუალებებითაც ამ ფაზის დროს ბაღლინჯოს მთელს მსოფლიოში ებრძვიან.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური პრეპრატის გამოყენების გარდა მოსახლეობა, როგორც ქართულს ისე უცხორუ ბიოლოგიურ საშუალებასაც მოიხმარდა. რამდენად ეფექტრია ბიოლოგიური პრეპარატი?

მავნებლის წინააღმდეგ ბუნებრივი პრეპარატის ზემოქმმედება  სამწუხაროდ დაბალია. ამ დრომდე არ არსებობს ისეთი ბიოლოგიური საშუალება რომელიც ეფექტური იქნება. ამდენად, ქიმიური პრეპარატი რჩება ერთადეღ შედეგისმომტან საშუალებად.  სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ახორციელებს ღონისძიებებს მავნებლის ბიოლოგიის მეცნიერული შესწავლის მიმართულებით და ბიოლოგიური აგენტის გამოყენების გზებს ვეძებთ. აღმოჩენილია კიდევ ერთი მწერი – ტრიხოლკუსის გვარის, რომელიც აზიური კრაზანს გვარს განეკუთვნება, მაგრამ საქართველოში გავრცელებული ენდემური სახეობაა, ის ბაღლინჯოს კვერცს აპარაზიტებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, თუმცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლაბორატორიაში იკლვლევენ, რამდენად შესაძლებელია მწერის ხელოვნურად გამრავლება და ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული აპარატურაც უკვე შეიძინეს.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირდა თუ არა მავნებლის გავრცელების არეალი?

მავნებლის გავრცელების არეალი კვლავ დასავლეთ საქართველოა, თუმცა ბაღლინჯომ იმ ტერიტორიებზე გადაინაცვლა სადაც სამუშაოები არ განხორციელბულა. აღმოსავლეთ საქართველოში ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ეკონომიკური ზიანი ამ რეგიონში არ შეინიშნება.  ეს ბუნებრივია, რადგან ბაღლინჯო სატრანსპორტო საშუალებებით დიდ მანძილებზე ვრცელდება და ასევე მას შეუძლია დღის განმავლობაში 1კილომეტრზე ფრენა. ტყის ფართობები კვლავ  აზიური ფაროსანას გავრცელების რისკის ზონად რჩება. სადაც დამონტაჟდება „მოიზიდე და მოკალი სადგურები“, მიმდებარე ტერიტორია კი ქიმიური პრეპარატით დამუშავდება. მავნებელი ასევე დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთსა და ბორჯომის ტერიტორიაზეც. მომავალ წელს აღმოსავლეთ საქართველოზე მეტი აქცენტი გაკეთდება, რათა არ მოხდეს მისი გამრავლება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება. გასული წლის მსგავსად, 2019-შიც ჩვენი პროგრამის ამოსავალი წერტილი მავნებლის რიცხოვნობის კონტროლირება. მომავალ წელს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგისთვის ფერომონები განთავსდება. სახელმწიფო დაახლოებით 250 ათასს ფერომონს შეიყიდის.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს

„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა.

„ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, ბაღში როგორ ჩამარტყეს თეფში თავში? იმიტომ მითხრა ასე, რომ ვაფრთხილებდი, ტყუილები არ მომიტანო ბაღიდან, მე ვიდეოში გიყურებ და გაკვირდები მთელი დღე-მეთქი. ბავშვმა ასე თქვა, ჩამოატარა ძიძამ საჭმელი, ვუთხარი ბორში არ მინდაო და ამის გამო გაბრაზდა, თავში თეფში ჩამარტყაო და მიყვირა, მე ამის თავი აღარ მაქვსო. მერე თეფშზე კატლეტი და პიურე დამიგდო და წავიდაო. შენ რა ქენი-მეთქი, ვკითხე და არაფერიო, ხელები შევკარი, რომ არ ეჩხუბა ჩემთვის და ვკანკალებდი სულო. ბავშვმა მკითხა, თუ მხედავდი, როგორ არ მოდიო,“ – გვიყვება 4 წლის გოგოს დედა.

თამილა ი. მეორე დღეს ბაღის დირექტორთან მისულა. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტი არავინ დაადასტურა, ხოლო ძიძა დაემუქრა.

„დირექტორი არაა უყურადღებო. მაშინვე გამოუძახა ძიძას და იმან შემოსვლისთანავე ისტერიკა დაიწყო. მე არ მიცემია თქვენი შვილიო. ბოლოს დამემუქრა, მე რომ სამსახური დავკარგო, იცოდე, მოგეთხოვებაო,“ – ამბობს თამილა ი.

მშობლის თქმით, ეს არაა ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა და გოგოს ძიძასთან პრობლემა გასულ წელსაც ჰქონდა. მშობელი 2018 წლის აპრილში ამავე საბავშვო ბაღში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევას იხსენებს, რაზეც პირველად „ბათუმელები“ წერდა. თამილას თქმით, მაშინ გამბედაობა არ ეყო, სხვა მშობლისთვის მხარი დაეჭირა და თავისი პრობლემაც მოეყოლა.

„წინა წელს ჩემი ბავშვი ყვებოდა, რომ ძიძა უბრაზდებოდა ტუალეტში გასვლის გამო, რა ამბავია ამდენიო. მერე წამიყვანა და ტუალეტში ჩამკეტაო. ვნახავ, ახლა როგორ მოვა შენი დედიკო და დაგიცავსო… მაგის შემდეგ იყო ის გახმაურებული შემთხვევა, მაგრამ აღარ ვთქვი არაფერი. შარშანდელზე თვალი დავხუჭე, წლევანდელზე უკვე აღარ გავჩუმდები.

დირექტორმა მითხრა, არ დასტურდება ცემა, მოიყვანე ბავშვი, ძიძა ბოდიშს მოგიხდის და ერთი კვირა მეც დავაკვირდებიო. მე ვუთხარი, რომ ჩემი ბავშვი საცდელი მანქანა არ არის,“ – გვითხრა თამილა ი.-მ.

მშობელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანს“ მიმართა, ასევე ბათუმის მერიას და საბავშვო ბაღების გაერთიანებას.

„ჩემი თანდასწრებით შეხვდა მშობელი ბაღების გაერთიანების დირექტორს. გზავნილი იყო ის, რომ მოლაპარაკებაზე წასულიყო მშობელი. ჩვენ საქმის ბოლომდე მოკვლევა მოვითხოვეთ,“ – აღნიშნავს თიკო აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქნის“ ხელმძღვანელი.

ბათუმის მერიას მშობლის წერილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გადაუგზავნია. პროცესში უკვე ჩაერთო სოციალური მუშაკი, თუმცა ამ დროისთვის უფროსი სოციალური მუშაკი ვერ ამბობს დაზუსტებით, გახდა თუ არა 4 წლის გოგო ბაღში ძალადობის მსხვერპლი.

„ჩვენ გვჭირდება ამისთვის დრო. ფსიქოლოგისგან და სოცმუშაკის დასკვნა ჯერ არ გვაქვს,“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ, უფროსმა სოცმუშაკმა.

„ზუსტად 5 წუთის წინ ამ ძიძას საყვედური გამოვუცხადეთ,“ – ეს მამუკა შამილიშვილის პასუხია, იგი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობს. მამუკა შამილიშვილის თქმით, მე-14 საბავშვო ბაღის შემთხვევა გაერთიანების დისციპლინურმა კომისიამ განიხილა.

„გადაწყდა, რომ ამ ძიძამ უნდა დატოვოს ჯგუფი, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. მას შეხება ბავშვებთან აღარ ექნება,“ – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

როგორ დაადასტურა გაერთიანებამ ბავშვზე ძალადობა? – მამუკა შამილიშვილის თქმით, ძალადობა და კონკრეტული ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურებულა.

„გაზვიადებულია ეს თეფშის თავში ჩარტყმა… ჩვენი მოკვლევით დადასტურდა, რომ ამ ძიძას ყვირილი და ხმამაღალი საუბარი სჩვევია. ესეც საკმარისად მივიჩნიეთ, რომ გადავიდეს სხვა პოზიციაზე. კადრების სამსახურს ჩვენ ეს დავალება უკვე მივეცით,“ – დასძინა მამუკა შამილიშვილმა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება მე-14 საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობაზე არ შესულა.

 

 

 

 

სახის ბიორევიტალიზაცია კლინიკა Beauty House-ში თანამედროვე აპარატით

სიახლე კლინიკა „Beauty House“-საგან! არაინვაზიური სახის ბიორევიტალიზაცია იტალიური წარმოების აპარატით. BioRePeelCl3 უზრუნველყოფს სახის კანის მაქსიმალურ რეგენერაციას ყოველგვარი ჩხვლეტის გარეშე. არის სრულიად უსაფრთხო და კომფორტული პროცედურა. აშორებს თვალის გუბეების სიმუქეს, კანს სძენს ნათელ და ჯანსაღ ფერს.

იჩქარეთ!!! შედეგი მომენტალური და ეფექტურია.

წინასწარ ჩასაწერად დარეკეთ: 571 39 18 81.

მისამართი: ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა N25.

Exit mobile version