მთავარი,სიახლეები

„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს

30.10.2018 • 5146
„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს

„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა.

„ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, ბაღში როგორ ჩამარტყეს თეფში თავში? იმიტომ მითხრა ასე, რომ ვაფრთხილებდი, ტყუილები არ მომიტანო ბაღიდან, მე ვიდეოში გიყურებ და გაკვირდები მთელი დღე-მეთქი. ბავშვმა ასე თქვა, ჩამოატარა ძიძამ საჭმელი, ვუთხარი ბორში არ მინდაო და ამის გამო გაბრაზდა, თავში თეფში ჩამარტყაო და მიყვირა, მე ამის თავი აღარ მაქვსო. მერე თეფშზე კატლეტი და პიურე დამიგდო და წავიდაო. შენ რა ქენი-მეთქი, ვკითხე და არაფერიო, ხელები შევკარი, რომ არ ეჩხუბა ჩემთვის და ვკანკალებდი სულო. ბავშვმა მკითხა, თუ მხედავდი, როგორ არ მოდიო,“ – გვიყვება 4 წლის გოგოს დედა.

თამილა ი. მეორე დღეს ბაღის დირექტორთან მისულა. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტი არავინ დაადასტურა, ხოლო ძიძა დაემუქრა.

„დირექტორი არაა უყურადღებო. მაშინვე გამოუძახა ძიძას და იმან შემოსვლისთანავე ისტერიკა დაიწყო. მე არ მიცემია თქვენი შვილიო. ბოლოს დამემუქრა, მე რომ სამსახური დავკარგო, იცოდე, მოგეთხოვებაო,“ – ამბობს თამილა ი.

მშობლის თქმით, ეს არაა ბავშვზე ძალადობის პირველი შემთხვევა და გოგოს ძიძასთან პრობლემა გასულ წელსაც ჰქონდა. მშობელი 2018 წლის აპრილში ამავე საბავშვო ბაღში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევას იხსენებს, რაზეც პირველად „ბათუმელები“ წერდა. თამილას თქმით, მაშინ გამბედაობა არ ეყო, სხვა მშობლისთვის მხარი დაეჭირა და თავისი პრობლემაც მოეყოლა.

„წინა წელს ჩემი ბავშვი ყვებოდა, რომ ძიძა უბრაზდებოდა ტუალეტში გასვლის გამო, რა ამბავია ამდენიო. მერე წამიყვანა და ტუალეტში ჩამკეტაო. ვნახავ, ახლა როგორ მოვა შენი დედიკო და დაგიცავსო… მაგის შემდეგ იყო ის გახმაურებული შემთხვევა, მაგრამ აღარ ვთქვი არაფერი. შარშანდელზე თვალი დავხუჭე, წლევანდელზე უკვე აღარ გავჩუმდები.

დირექტორმა მითხრა, არ დასტურდება ცემა, მოიყვანე ბავშვი, ძიძა ბოდიშს მოგიხდის და ერთი კვირა მეც დავაკვირდებიო. მე ვუთხარი, რომ ჩემი ბავშვი საცდელი მანქანა არ არის,“ – გვითხრა თამილა ი.-მ.

მშობელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანს“ მიმართა, ასევე ბათუმის მერიას და საბავშვო ბაღების გაერთიანებას.

„ჩემი თანდასწრებით შეხვდა მშობელი ბაღების გაერთიანების დირექტორს. გზავნილი იყო ის, რომ მოლაპარაკებაზე წასულიყო მშობელი. ჩვენ საქმის ბოლომდე მოკვლევა მოვითხოვეთ,“ – აღნიშნავს თიკო აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქნის“ ხელმძღვანელი.

ბათუმის მერიას მშობლის წერილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გადაუგზავნია. პროცესში უკვე ჩაერთო სოციალური მუშაკი, თუმცა ამ დროისთვის უფროსი სოციალური მუშაკი ვერ ამბობს დაზუსტებით, გახდა თუ არა 4 წლის გოგო ბაღში ძალადობის მსხვერპლი.

„ჩვენ გვჭირდება ამისთვის დრო. ფსიქოლოგისგან და სოცმუშაკის დასკვნა ჯერ არ გვაქვს,“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ, უფროსმა სოცმუშაკმა.

„ზუსტად 5 წუთის წინ ამ ძიძას საყვედური გამოვუცხადეთ,“ – ეს მამუკა შამილიშვილის პასუხია, იგი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობს. მამუკა შამილიშვილის თქმით, მე-14 საბავშვო ბაღის შემთხვევა გაერთიანების დისციპლინურმა კომისიამ განიხილა.

„გადაწყდა, რომ ამ ძიძამ უნდა დატოვოს ჯგუფი, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. მას შეხება ბავშვებთან აღარ ექნება,“ – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

როგორ დაადასტურა გაერთიანებამ ბავშვზე ძალადობა? – მამუკა შამილიშვილის თქმით, ძალადობა და კონკრეტული ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურებულა.

„გაზვიადებულია ეს თეფშის თავში ჩარტყმა… ჩვენი მოკვლევით დადასტურდა, რომ ამ ძიძას ყვირილი და ხმამაღალი საუბარი სჩვევია. ესეც საკმარისად მივიჩნიეთ, რომ გადავიდეს სხვა პოზიციაზე. კადრების სამსახურს ჩვენ ეს დავალება უკვე მივეცით,“ – დასძინა მამუკა შამილიშვილმა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება მე-14 საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობაზე არ შესულა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: