ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს სამი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიღებს

საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების ათი პროცენტი ან მეტი მიიღეს, საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან არაუმეტეს მილიონ ლარს მიიღებენ. 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასეთი კანდიდატები არიან: „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მან ცესკოს მონაცემებით ხმების 38,64 % მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიღებული ხმებით – 37,74 %-ი და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, რომელსაც არჩევნებზე მისულმა 10,97%-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

საარჩევნო კოდექსი თითოეული კანდიდატისთვის მხოლოდ მილიონამდე ლარის ღირებულების დასაბუთებული ხარჯის ანაზღაურებას ითვალისწინებს, მას შემდეგ, რაც შესაბამის ხარჯთაღრიცხვას კანდიდატები სახელმწიფო აუდიტს წარუდგენენ.

„თუ რომელიმე კანდიდატს მხოლოდ 500 000 აქვს დახარჯული, მას მხოლოდ ამ თანხას აუნაზღაურებენ, მაგრამ თუ დახარჯული აქვს მილიონი და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს – აუნაზღაურებენ მილიონს. თუ ორი მილიონი დახარჯა, მაინც მხოლოდ მილიონს მიიღებს“, – განმარტავს  კოტე კანდელაკი “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე.

სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლოს დეკლარაციები ხარჯების შესახებ კანდიდატებმა 16 ოქტომბერს, არჩევნებამდე 11 დღით ადრე წარადგინეს. მხოლოდ ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მილიონს სრულად აითვისებს.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს, ამ დრომდე ატვირთული მონაცემებით, თითოეულის ხარჯები 600 000 ლარამდეა.

კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა და ამის შემდეგ ეტაპობრივად უნდა წარუდგინოს მონაცემები. საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე-15 დღისა.

წელს, საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისთვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა ასევე დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამასთან, არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად არანაკლებ 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი