მთავარი,სიახლეები

ოლქის წევრის შვილს ბიულეტენი დაეკარგა – საჩივრების განხილვა საოლქოში

30.10.2018 • 1984
ოლქის წევრის შვილს ბიულეტენი დაეკარგა – საჩივრების განხილვა საოლქოში

კამათი რამდენიმე საჩივრის განხილვას მოჰყვა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში. ერთ-ერთი საჩივარი თავად ოლქის წევრის – რამაზ ფირცხალაიშვილის შვილს ეხებოდა: გიორგი ფირცხალაიშვილი ბათუმის 37-ე უბნის კომისიის წევრია და გადასატან ყუთს გაჰყვა. უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ერთი ბიულეტენი გაუჩინარდა.

საჩივარი ამ შემთხვევაზე “სამართლიანი არჩევნების” და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა დაწერეს. გადასატანი ყუთისთვის კომისიის წევრებმა უბნიდან დილით 9 ბიულეტენი წაიღეს. საჩივრის მიხედვით, 6 ბიულეტენი შევსებული დაბრუნდა, 2 – შეუვსებელი.

“ის ერთი ბიულეტენი გადაყვა რეალურად… მე დამირეკა გიორგი ფირცხალაიშვილმა, შუადღე იქნებოდა. მითხრა, რომ ბიულეტენი გადაყვა და რა ვქნაო,” – უთხრა საოლქო კომისიის წევრებს კომისიის იურისტმა.

“თუ გადაყვა, ხომ გამოჩნდებოდა კონვერტების გახსნის დროს?” – იკითხა “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ. მან კომისიის წევრებს უთხრა, რომ ორი ბიულეტენი, დამკვირვებლის თქმით, არცერთი კონვერტიდან არ ამოუღიათ.

“გთხოვთ, ნათესაური კავშირიდან არ ამოვიდეს თქვენი გადაწყვეტილება,” – დასძინა მადონა ბერიძემ. ამ განაცხადის შემდეგ საოლქო კომისიის წევრმა, რამაზ ფირცხალაიშვილმა სხდომა დროებით დატოვა. “გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, მერე დავბრუნდები,” – თქვა მან დარბაზის დატოვებამდე. რამაზ ფირცხალაიშვილი საოლქო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრია.

“ახსნა-განმარტება არის წარმოდგენილი კომისიიდან,” – აღნიშნა კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

“ახსნა-განმარტება არ ნიშნავს იმას, რომ დარღვევა არ იყო. გთხოვთ, ნუ ამკვიდრებთ ასეთ პრაქტიკას, რომ ახსნა-განმარტება არის გამოსავალი და პასუხისმგებლობა არავის დაეკისროს,” – მიმართა საოლქო კომისიას მადონა ბერიძემ ” სამართლიანი არჩევნებიდან”.

“ვარაუდებზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ,” – მოკლედ დაასრულა კამათი საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა, ციალა შავაძემ. კომისიამ კოლეგის შვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარი არ დაუჭირა.

საოლქო კომისიამ შენიშვნა მისცა ბათუმის მე-12 უბნის ნაკადის მომწესრიგებელს. ამ უბანზე არაუფლებამოსილმა პირმა ყუთები შეიტანა, რაზეც ადგილზე მისულმა დამკვირვებელმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, კახა ჯაიანმა საჩივარი დაწერა.

“გადავაღებიე მე მაი კადრები ტელევიზიას, საჭმელი შემოიტანეს, სხვა არაფერი. სირცხვილია მართლა,” – აღნიშნა სხდომაზე მოსულმა ლამზირა კაპანაძემ, მე-12 უბნის თავმჯდომარემ.

კახა ჯაიანთან კამათში ლამზირა კაპანაძემ ისიც დაადასტურა, რომ საჭმელი კომისიის წევრებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბიდან გამოუგზავნეს.

„მკაცრი სანქციის მომხრე არ ვარ, მაგრამ რეალურად როცა არაუფლებამოსილი პირი ასე თავისუფლად შედის კენჭისყრის ოთახში, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება,“ – თქვა იურისტმა, გიორგი ხიმშიაშვილმა.

“კომისიის თავმჯდომარემ ნაცვლად იმისა, რომ არაუფლებამოსილი პირისგან მოეთხოვა კენჭისყრის ოთახის დატოვება, პოლიცია გამოიძახა და ორმოცმა კაცმა გამომაძევა მე,” – თქვა კახა ჯაიანმა, “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა.

“რა იყო და თქვენ შემოდით ხმაურით და მთელი ყურადღება გადმოვიდა თქვენზე… ამიტომაც შემოვიდა უცხო პირი უბანზე,” – უკან არ დაიხია ლამზირა კაპანაძემ.

საბოლოოდ საოლქო კომისიამ ნაკადის მომწესრიგებელი გაიმეტა და მხოლოდ მას დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

უბანი, სადაც წილისყრას პოლიციელიც ესწრებოდა – 25-ე უბანია. “პოლიციელთან მიღება-ჩაბარების აქტი გავაფორმე შენობასთან დაკავშირებით, ეს იყო დილის შვიდ საათზე…” – მიმართა საოლქო კომისიის წევრებს 25-ე უბნის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

“ხო, მაგრამ საჩივარი რვის ნახევარზეა შევსებული…”- აღნიშნა კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

“მაგი ნახევარი საათი მალავდა იმას, რომ საჩივარი ჰქონდა,” – დასძინა კომისიის თავმჯდომარემ.

საოლქო კომისიის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენა ითხოვა, რომლითაც დადგინდებოდა, როდის მივიდა პოლიციელი უბანზე.

“ეს აქტი ჩაბარდა უკვე დაცვის პოლიციას ვერ ვნახავთ,” – მიმართა კომისიას თავმჯდომარემ და კენჭისყრამდე თქვა, რომ კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ პასუხისმგებლობას არ იმსახურებს.

კენჭისყრის ბოლოს ამავე უბანზე საჩივარი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებელმა დაწერა. სიების მიხედვით არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობას ბიულეტენების რაოდენობამ გადააჭარბა.

„რეალურად დაგვავიწყდა გადასატანი ყუთის სიების მიმატება, ეს იყო. იყო 592 და დათვალეს 601. 592-ს რომ 9 დავუმატოთ, არის 601. 9 ბიულეტენი იყო საარჩევნო ყუთში,“ – აუხსნა კომისიას საუბნო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

„საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო,“ – კიდევ ერთხელ გაიმეორა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ და საჩივრის დაკმაყოფილებაზე კომისიამ უარი თქვა.

საოლქო კომისიის სხდომას მე-17 უბნის თავმჯდომარეც ესწრებოდა. ამ უბანზე ერთი საჩივარი რეგისტრატორების მიერ ბიულეტენების დანომრვას ეხებოდა, მეორე – კომისიის წევრებისთვის წილისყრის ხელახლა ჩატარებას.

“ხელახლა  ჩავატარე წილისყრა, რადგან კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი თქვა ფუნქციის შესრულებაზე, მას არ უნდოდა ყუთთან დაჯდომა,” – აღნიშნა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ და მას საოლქოს თავმჯდომარეც გამოესარჩლა: “ის გამოუვალ ვითარებაში ჩავარდა”.

საოლქო კომისიამ შენიშვნა რეგისტრატორს გამოუცხადა, რომელიც ბიულეტენებს ნომრავდა, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებელმა მას საჩივარი არ დაუწერა.

ბათუმის ოლქში სულ 19 საჩივარი დაიწერა, აქედან 6 დააკმაყოფილა საოლქო კომისიამ. ექვსივე მათგანს კომისიამ შენიშვნა მისცა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: