ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს განაცხადი კრიტიკულად მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოსთვის – ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. წინააღმდეგობა და უწყვეტი პროტესტი გრძელდება დღემდე, უკვე მთელი ერთი წელია.
„ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული მეთოდით ცდილობს პროტესტის ჩახშობას: თავდაპირველად თუ აქციის მონაწილეებს მასობრივად აჯარიმებდნენ 5-5 ათასი ლარით, მაგალითად, ზებრა გადასასვლელზე მოძრაობისთვის, შემდეგ უკვე კობახიძემ აღიარა, რომ ეს მიდგომა არ მუშაობდა და ადმინისტრაციული კანონმდებლობა გაამკაცრეს – აქციაზე, მაგალითად, პირბადის ტარების გამო დაკავებულებს პატიმრობით სჯიან.
თუმცა პროევროპულ აქციაზე ერთი წლის შემდეგაც და ერთი თვალის შევლებითაც მარტივად საგრძნობია შემართება: მოქალაქეები პრორუსულ „ოცნებასთან“ შეგუებას არ აპირებენ.
- 28 ნოემბერი – როგორ დაიწყო პროევროპული წინააღმდეგობა
2024 წლის 28 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრე დუგინმა კობახიძეს მიულოცა „ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა. მას კობახიძე სავარაუდოდ მიხეილ ყაველაშვილში აერია და ის სპორტსმენადაც მოიხსენია.
იმავე დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც იგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვდა.
ამ დღეს დაამტკიცა ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა „ოცნების“ მთავრობაც ისე, რომ დეპუტატებს ერთი კითხვაც არ დაუსვამთ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. „დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
28 ნოემბრის საღამოს ქუჩები ხალხით გაივსო არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში.
მოქალაქეები ამბობდნენ, რომ „ამის იქით უფსკრულია“.
იმავე საღამოს „ოცნების“ შსს-მ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში სპეციალური ტექნიკა გამოიყვანა და აქციის დაშლა წყლის ჭავლით სცადა. აქციაზე დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, იურისტ საბა ბრაჭველს კი სპეცრაზმმა რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლა.
- 29 ნოემბერი – ივანიშვილის შსს-მ მიზანში ჟურნალისტები ამოიღო
28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა.
პირდაპირ ეთერში აჩვენეს სპეცრაზმის თავდასხმა „ფორმულას“ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე, რომელიც თავადაც პოლიციის მხრიდან ძალადობას აშუქებდა ზუსტად თავდასხმის მომენტში. გურამ როგავას ხერხემლის მალისა და თვალთან სახის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.
აქციის წყლის ჭავლით დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები: მინდია გაბოძე და მარიამ ნიკურაძე.
ამ დღეს დაკავებული 40 ადამიანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა. 40-დან 23 ადამიანი ამბობდა, რომ პოლიციამ დაკავების დროს სცემა.
- საჯარო მოხელეების პროტესტი
იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო საჯარო უწყებებს შორის, სადაც 130-მა თანამშრომელმა ხელმოწერით დააფიქსირა პროტესტი.
18 მოსამართლე კრიტიკით გამოეხმაურა „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ. „პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან, – წერდნენ ქართველი მოსამართლეები.
„ოცნების“ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერებაზე გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებმაც.
ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ათასობით მოქალაქემ 29 ნოემბრის საღამოს ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რამდენიმე წუთით გადაიკეტა ჭავჭავაძის ქუჩა.
ჰელსინკის კომისიამ შეფასება გამოაქვეყნა – „ქართველები უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე“.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, დაებრუნებინა ქვეყანა დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე.
ირაკლი კობახიძის განცხადების საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ მათ უარი არასოდეს უთქვამთ ევროინტეგრაციაზე: „აქა ვართ, რა პრობლემაა, გახსნან მოლაპარაკებები. ვინმე უარს ამბობს ამაზე?“
თბილისში 28-29 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 43 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

29 ნოემბერი, საპროტესტო აქცია თბილისში
- 30 ნოემბერი – აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა.
30 ნოემბერს დაიწყო პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. პროტესტის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი გაუხსნეს.
თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ისევ შეიკრიბა ასიათასობით ადამიანი. „ოცნების“ შსს-მ ამ დღესაც დაარბია მშვიდობიანი აქცია. წყლის ჭავლის მანქანა თავდაპირველად 9 აპრილის ქუჩაზე გამოჩნდა.
- პირველი დეკემბერი – სპეცრაზმი გამოჩნდა ბათუმშიც
ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ – ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ერთობლივი სანქციები დაუწესეს მათ, ვინც „ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს” საქართველოში.
პირველ დეკემბერს სპეცრაზმი გამოჩნდა ბათუმშიც, სადაც საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ „ოცნების“ მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს სასამართლომ რამდენიმე დღით პატიმრობა შეუფარდა, ზოგიერთი – დააჯარიმა.

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, პირველი დეკემბერი, ბათუმი
გვიან ღამით შსს-ს დანაყოფებმა ისევ დაარბიეს აქცია – გამოიყენეს წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი იყო გარეული, ასევე ცრემლსადენი გაზი, სავარაუდოდ – რეზინის ტყვიები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს.
პირველი დეკემბრის ღამე პროევროპული აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გაათენეს.
„პირველ-ორ დეკემბერს დაკავებულებს უმოწყალოდ სცემდნენ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა“, – აღნიშნავდა საია.

რობოკოპები ბათუმის აქციაზე – 2 დეკემბერი, ბათუმი, „ბათუმელების“ ფოტო
- 4 დეკემბერი – დაიწყო აქტივისტების დაპატიმრების სერია
4 დეკემბერს პროევროპული აქციის მონაწილე 100-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა პროკურატურამ სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის, ბათუმელი სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.
19 წლის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება სასამართლოში ვერ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ვიდეოს ხმა არ აქვს. როგორც მხარეებმა განმარტეს, ვიდეოში არაფერი ჩანს თავად ზვიად ცეცხლაძის გარდა, რომელიც ფეისბუქ-ლაივის ფორმატში საუბრობს – ხმის გარეშე ვიდეოს ღირებულება არ აქვს.
ეს არაა ერთადერთი საქმე, სადაც პროკურატურა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოსამართლეების თვალწინ არაერთ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს პოლიციელები, როგორ გააყალბეს ესა თუ ის საქმე პროკურორებმა, როცა საქმე სინდისის პატიმრებს ეხება, თუმცა მოსამართლეებმა კანონის და სამართლის დაცვაზე უარი თქვეს.
სასამართლოს კარი „ოცნების“ პარლამენტმა საზოგადოებისთვის დახურა სწორედ მას შემდეგ, როცა პოლიტპატიმრების საქმეების განხილვის დროს აშკარად გამოჩნდა სიყალბე. აქციების დაწყებიდან ერთი წლის თავზე სასამართლოში მედიას ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერის უფლება აღარ აქვს.
2025 წლის 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. ბათუმელ სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
- 14 დეკემბერი – ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა პრეზიდენტიც აირჩია
ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა „ოცნების“ პრეზიდენტი პროტესტის ფონზე აირჩია. პარლამენტთან მოქალაქეების ნაწილმა დიპლომები მიიტანა – იმის აღსანიშნად, რომ „ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს დიპლომი არა აქვს. პარლამენტთან მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

„ვაჩვენოთ ყაველაშვილს დიპლომი“ – აქცია პარლამენტთან
- 26 დეკემბერი – „ოცნებამ“ კონსტიტუციის დამცველი საჯარო მოხელეების გათავისუფლება დაიწყო
„ოცნებამ“ საჯარო სამსახურებში იმ თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო, რომლებმაც თქვეს, რომ კონსტიტუციას იცავენ და, შესაბამისად, საქართველოს ევროპულ კურსს.
ამ კუთხით პირველი თბილისის მერია იყო. კახა კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა მერიის შშმ თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, რომელიც აკრიტიკებდა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. იგი საჯარო მოხელეების მარშშიც მონაწილეობდა რუსთაველზე.
იმავე 26 დეკემბერს, მაგალითად, სოციალურმა მუშაკმა ანა ლომთაძემ თავად დატოვა სამსახური – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. „აზრი ეკარგება პროფესიულ საქმიანობას… საქართველოს არჩევანი არის ევროპა და არა რუსული რეჟიმი,“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
- 11-12 იანვარი – დააკავეს მედიამენეჯერი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი
2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ბათუმში პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელმაც ადმინისტრაციული წესით, უსაფუძვლოდ და უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად სტიკერი – „იფიცება საქართველო“ – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეს მიაკრა. მზია ამაღლობელი უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა.
დაკავებიდან რამდენიმე საათში მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს და მალევე, უკვე 12 იანვარს, გამთენიისას, იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს საპოლიციო ჭყლეტაში ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. მისი საქმე გაყალბებულია. მზია ამაღლობელი თითქმის 11 თვეა უკანონო პატიმრობაში რჩება. პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელზე ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის ის, რომ ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მას სახეში შეაფურთხა, დაკავების დროს კი, აგინებდა და ემუქრებოდა, რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრშიც ჩანს.
დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია გადასცეს. ასევე, პატიმრობაში მას არაერთი ჯილდო გადაეცა ჟურნალისტური საქმიანობისა და სიმამაცისთვის.

წინააღმდეგობის პროცესში „მზია ამაღლობელის საქმემ“ ცალსახად აჩვენა, როგორ უსამართლოდ და უკანონოდ ცდილობს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა დემოკრატიის დასუსტებას და მის საბოლოო გაქრობას. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
- 2 თებერვალი – „ხარება“ აგინებდა და სცემდა აქციის მონაწილეებს. ამის მტკიცებულება არსებობს. „ოცნების“ პროკურატურამ არც ეს გამოიძია
2 თებერვალს პროევროპული აქციის მონაწილეებმა „თბილისი მოლთან“ მსვლელობა მოაწყვეს. პოლიციელებმა 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები და გადაღებული ვიდეოკადრები ადასტურებენ, რომ ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ [შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი] მომიტინგეებს აგინა და სცემა.

ხარება და სპეცრაზმელები
2 თებერვლის აქციას „თბილისი მოლთან“ დაანონსებისთანავე მოჰყვა „ოცნების“ მხრიდან განცხადება, რომ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელის გადაკეტვა უკანონოა. განცხადება ეყრდნობოდა ირაკლი კობახიძის 31 იანვრის დადგენილებას სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების დამატების შესახებ.
თებერვალში პოლიციამ დაიწყო საჯაროდ ცნობილი აქტივისტების სახლების ჩხრეკა და მათი დაკავება.
პარალელურად, პროტესტის ჩასახშობად „ოცნებამ“ დაიწყო რეპრესიული კანონების დამტკიცება. მათ შორის, გაამკაცრა კანონი პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
- 2025 წლის მარტი
ამ პერიოდში აქციის დაკავებულ მონაწილეთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. მათ სინდისის პატიმრები უწოდეს, რადგან მათ მიმართ, ფაქტობრივად, არ არსებობდა დანაშაულის მტკიცებულებები ან/და დაზარალებული. დაიწყო სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა რეპრესიული კანონმდებლობის და საპროტესტო აქციების ფონზე.
- „ოცნებამ“ მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც მეორე რუსული კანონი უწოდეს
2025 წლის 2 აპრილს „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რომლის შესახებაც „ქართული ოცნება“ დღემდე ირწმუნება, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია.
კანონის ამოქმედება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასდა, როგორც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად მიმართული ქმედება.
ეუთო/ოდირის განცხადებით, კანონი დიდ დარტყმას აყენებს ყველას, ვინც ადამიანის უფლებებისთვის მუშაობს.
- „საქართველომ შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“
„ თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ – განაცხადა 2025 წლის მაისში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
2025 წლის მაისში სატელევიზო მაუწყებლობა შეწყვიტა ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“.
- რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოცხადებლობის საბაბით დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები: კოალიცია ცვლილებებისთვის“ ორი ლიდერი ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე და ნიკა მელია; ირაკლი ოქრუაშვილი; „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე; „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და გივი თარგამაძე.
პროკურატურამ ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ვერ შეფასდება.
ოპოზიციონერებს 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა როცა მათი ციხიდან გამოსვლის დრო მოახლოვდა, „ოცნების“ პროკურატურამ ოპოზიციონერებს ახალი ბრალდება წარუდგინა.
ამავე საქმეზე დაკავებული „ლელოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 2025 წლის აპრილში გირაოთი გაათავისუფლეს, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით მიიღეს მონაწილეობა.
- 20 ივნისი – დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნინო დათაშვილმა სასამართლოს მანდატურს „ტკივილი განაცდევინა“ ძიძგილაობაში, როდესაც ქალს სასამართლოს შენობიდან აძევებდნენ.
მას შემდეგ, რაც ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 2025 წლის 29 ოქტომბერს იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან.
- 5 აგვისტო – „ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს“
უწყვეტი პროევროპულ აქციების 251-ე დღეს გაიმართა მარში ამ პროტესტის განმავლობაში დაკავებული ქალების, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის სოლიდარობისთვის.
„არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მარშით წავიდნენ პროტესტის მთავარი კერისკენ – რუსთაველის გამზირისკენ.
- 9 აგვისტო – ყოფილმა საჯარო მოხელეებმა გამართეს პროევროპული მარში
ყოფილმა საჯარო მოხელეებმა მარში გამართეს. მარშში მონაწილეთა დიდი ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ის თანამშრომლები, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შესაბამის განცხადებებს ხელი მოაწერეს.
- 15 სექტემბერი – პოლიტიკური ლიდერი ბანერზე წარწერის გამო დააპატიმრეს
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახი კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. კალაძის საარჩევნო ბანერზე მან წარწერა „რუსული ოცნება” 14 სექტემბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც იმავე ქმედებისთვის მანამდე სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს. მეგი დიასამიძე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა დასრულებული არ არის.
ელენე ხოშტარია უარს აცხადებს, როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე პროცესში მონაწილეობაზე, შესაბამისად, არც სასამართლოს სხდომებს ესწრება და უარს ამბობს ადვოკატის ყოლაზე.
პროკურატურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ბანერზე დატოვებული წარწერის გამო დააპატიმრეს. ბანერზე წარწერის დატოვება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
- 28 სექტემბერი – მასშტაბური აქცია თბილისში
თბილისში სპორტის სასახლიდან კურიერების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
ამავე დღეს გაიმართა ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში. ეს მარში მას შემდეგ დაიგეგმა, როცა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. წინააღმდეგობის პროცესში ევროპის ქვეყნების ელჩების კრიტიკის მოსმენა „ქართულ ოცნებას“ ხშირად უწევს, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გერმანიის ელჩის კრიტიკაა.
- პირველი ოქტომბერი – „ქალები გაგისტუმრებთ“
თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. ორგანიზატორებმა მარშით სოლიდარობა გამოუცხადეს ქალ პოლიტპატიმრებს.

ქალების მარში თბილისში – „ნეტგაზეთის“ ფოტო
- 4 ოქტომბერი – „ოცნებამ“ არჩევნების ანტირეკორდი დაამყარა – ხალხი არჩევნებზე არ მივიდა
„ოცნების“ მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნების პარალელურად თბილისში მაშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების უპრეცედენტოდ მცირე რაოდენობამ მიიღო [ამომრჩეველთა 40.9 %]. მაგალითად, თბილისის მერი, კახი კალაძე არჩეულია – „ოცნების“ ცესკოს მონაცემებით – საერთო ამომრჩევლის რაოდენობის მხოლოდ 20%-იანი მხარდაჭერით. არჩევნების ეს ოფიციალური ციფრებიც აჩვენებს, რამდენად მძაფრია დღემდე მოსახლეობაში საპროტესტო განწყობა.
4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შენობის ეზოში შევარდნა სცადა მომიტინგეთა ნაწილმა. სპეცრაზმმა ათონელზე წყლის ჭავლთან და წიწაკის სპრეისთან ერთად გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც.

4 ოქტომბრის აქფია პრეზიდენტის სასახლესთან – „ნეტგაზეთის“ ფოტო
„4 ოქტომბრის საქმეზე“ 46 პირი დააკავეს, მათ შორის, აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- 8 ოქტომბერი – „ბრძოლა ბოლომდე“
მოძრაობამ „საზმაუს მარში“, რომელიც უწყვეტი პროევროპული აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა – ყოველდღიური მარშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტამდე – წარადგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას „სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებამდე და საზოგადოების კუთვნილი სამართლის დაბრუნებამდე”.
„გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყოველდღიურად ძლიერდება, მხოლოდ თანაგრძნობაზე დაფუძნებულ, პასუხისმგებლობიან სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია დაუპირისპირდეს რეჟიმს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია რეჟიმის ყველაზე მძლავრი იარაღისკენ, პროპაგანდისკენ, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა,“ – აღნიშნული იყოს „საზმაუს მარშის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- 4 ნოემბერი – სარჩელს ოპოზიციის აკრძალვაზე განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ს პროკურორი იყო
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა მოითხოვა და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. უფლებადამცველების შეფასებით, „ოცნების“ სარჩელი სამართლებრივი აბსურდია და ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების გაქრობის მიზანს.
„ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია-მელია, გირჩი, დროა“.
„ოცნების“ სარჩელს ოპოზიციის აკრძალვაზე განიხილავს მოსამართლე, რომელიც ენმ-ს პროკურორი იყო იყო. ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. ევროსასამართლომ ამ საქმეზე რამდენიმე უფლების დარღვევა დაადგინა, მათ შორის, იმ კუთხით, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სამართლიანი და ობიექტური გამოძიება. „როინ შავაძის საქმე“ შეგხვდებათ იმ სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას.
- 6 ნოემბერი – აბსურდული ბრალდებით „ოცნების“ პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი წარუდგინა
„ოცნების“ რეჟიმმა ციხეში გამოკეტა ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი. 6 ნოემბერს კი, ოპოზიციის 8 ლიდერს [მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს] „ოცნების“ პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.
დამოუკიდებელი უფლებადამცველების შეფასებით, ბრალდება სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელია და მკაფიოდ ჩანს პოლიტიკური მოტივაცია.
- 14 ნოემბერი – „ოცნებამ“ პროტესტის ჩასახშობად რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო
ეუთო/ოდირის შეფასებით, მანიფესტაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი რეპრესიულ კანონი უნდა გაუქმდეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოში უწყვეტად გრძელდება წინააღმდეგობა, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობა სხვადასხვა რეპრესიული კანონის მიღებით და ამოქმედებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. ბოლო რეპრესიული კანონმდებლობის შემდეგ, მაგალითად, „ოცნებამ“ უკვე გზის გადაკეტვის, ან აქციაზე პირბადით გამოჩენის გამო ადამიანების დაპატიმრება დაიწყო.
განმეორებით გზის გადაკეტვისთვის, უკვე შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისგებლობის დაყენება.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ისეთი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით, მათ შორის, ნიღბის ტარებისთვის, ან უკანონოდ მიჩნეულ შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის ან საგზაო მოძრაობის შეფერხებისთვის.
ეუთო/ოდირის შეფასებით, „არაპროპორციული სანქციები თავისთავად არღვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებას, მათში მონაწილეობას და შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე“.
- დაპატიმრებების სერია გრძელდება – აქცია არ წყდება
2025 წლის ნოემბერში „ოცნების“ პოლიციამ ადამიანების დაკავება უკვე ტროტუარებზე დაიწყო. მაგალითად, 24 ნოემბერს თბილისში, ტროტუარზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას პოლიციამ 5-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ამის მიუხედავად, 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია დღემდე ყოველდღიურად გრძელდება. სიცხის, წვიმის, ძლიერი ქარის, ყინვის თუ თოვის მიუხედავად ადამიანები დგანან ქუჩაში და ითხოვენ სამართალს.
მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრადიციად აქციეს საღამოობით კონკრეტულ ადგილზე შეკრება. მაგალითად, ბათუმში აქციის მონაწილეები ყოველდღიურად საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან.
ახლა პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 ნოემბრის მსვლელობისთვის ემზადებიან დევიზით – „ბრძოლა ბოლომდე“.
_______________
ფოტოზე: 2024 წლის 30 ნოემბერი, პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/დავით მძინარაშვილი






