დღეს, 5 ოქტომბერს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 ბრალდებულს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებულ ქალს კი, საპატიმრო გირაო შეუფარდეს. 4 ათასი ლარის გადახდის შემდეგ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ქალი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
საუბარია 2026 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში ერთდროულად 80 პირის დაკავებაზე. გამოძიების ვერსიით, „საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.“
ამ საქმეშიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ფარული სატელეფონო ჩანაწერებია, თუმცა ადვოკატების თქმით, ჩანაწერები არ ადასტურებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ ამ საქმეზე ორი ბრალდებულის ადვოკატს, სიმონ ასათიანს ესაუბრა:
„მტკიცებულება არის მხოლოდ ფარული ჩანაწერები, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება თითოეულ ჩვენგანს გააჩნდეს, როცა სხვადასხვა ადამიანთან: მეგობრებთან, მეზობლებთან გამოთქვამ ვერსიას და ვიღაცამ შეიძლება გითხრას, რა გაჩხუბებს? ან საცემი ყოფილა, მაგალითად, ესა და ეს პირობითად.
ჩანაწერებში არ არსებობს შემდეგი სახის მტკიცებულება, რომ ვინმე ვინმესთან მიდიოდეს და ეუბნებოდეს: შენ ხარ „ქურდული სამყაროს“ წევრი, დამეხმარე პრობლემის მოგვარებაში და ჩემგან იქნება ყურადღება, პატივისცემა,“ – ამბობს ადვოკატი სიმონ ასათიანი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სატელეფონო ჩანაწერებით არ დასტურდება ის შემადგენლობა, რაც საჭიროა ბრალის დასადასტურებლად: მაგალითად, იძულება, მუქარა, მოსყიდვა და ასე შემდეგ.
ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ ადასტურებენ „ქურდულ სამყაროსთან“ რაიმე სახის კავშირს. სიმონ ასათიანის თქმით, მაგალითად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი ბრალდებული სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მეორე – ტურიზმის სექტორში.
„ამ ჩანაწერებში არ ისმის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ეპიზოდში, რომ ისინი ახსენებდნენ, მაგალითად, „ქურდული სამყაროსთვის“ დამახასიათებელ ფრაზებს… ტელევიზიით გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, სადაც ისმის მსგავსი ფრაზები, მაგრამ ეს უკავშირდება სხვადასხვა ბრალდებულს. სულ 19 ტომია საქმე…
მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ეპიზოდი არ უკავშირდება ფინანსურ დავას: ორ პირს ჰქონდა რაღაც საკითხზე უკმაყოფილება, იყო კამათი, რა დროსაც ერთმა მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზეა ჩანაწერში საუბარი, რომ უნდა შერიგდნენ და არ გამძაფრდეს დავა.
ჩემი აზრით, პროკურატურის ინტერესია ერთგვარად შიშის დანერგვის ფაქტორი: თუ რამე პრობლემა გაქვს და ეს სასამართლოს, პოლიციის მიღმა წყდება სამეგობროში, სანათესავოში, ამას შეიძლება მიეცეს ინტერპრეტირება, რომ იყო ქურდული გარჩევა. არ ვამბობ, რომ „ქურდული განხილვა“ უნდა იყოს, მაგრამ თუ გარკვეულ პრობლემას ადამიანი აგვარებს მორიგებით, ამით ხომ სასამართლოს რესურსი დაიზოგება?“ – კითხულობს ადვოკატი სიმონ ასათიანი.

19 ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 5 ოქტომბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ
———————–
პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს. ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
25 სექტემბერს გურიაში პოლიციამ 3 პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
8 ივნისს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“.
13 მაისს ასევე გაავრცელა შს სამინისტრომ განცხადება ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების შესახებ. მათ „კანონიერ ქურდებთან“ – ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძესთან კავშირი ედებათ ბრალად.
17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგება გააფორმოს.
3 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს.






