ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ პარლამენტის სარჩელი იმ მოსამართლეს დაეწერა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურორი იყო.
სარჩელის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. პირველი კოლეგიის წევრები ასევე არიან მოსამართლეები: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი თევდორაშვილი და ვასილ როინიშვილი. ვასილ როინიშვილი ამ კოლეგიის თავმჯდომარეა.
ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორი იყო, როცა ენმ იყო ხელისუფლებაში და ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს. 2020 წელს ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. „როინ შავაძის საქმეზე“ პროკურორი ვასილ როინიშვილი გამოძიებამ 2023 წლის სექტემბერში გამოჰკითხა. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2020 წლიდან და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია მათ შორის, ვისაც სერჟანტის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის საქმე უნდა გამოეძიებინა. პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, ვასილ როინიშვილი დასწინაურეს.
სარჩელში „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვენ „როინ შავაძის საქმის“ გამოც. გამოდის, რომ სარჩელი უნდა განიხილოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს მთავარი პროკურორი იყო.
„ოცნების“ სარჩელში ვკითხულობთ:
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში [2004-2012 წლებში] შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და ხასიათი მიიღო.
ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით.[23]
ამასთანავე, აღნიშნული ფაქტებიდან ცალკე აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები და კონკრეტული შემთხვევები: სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე;[37]“.
კიდევ ერთი დეტალი: სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს, საუბარია 2004-2012 წლებში ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრებს სარჩელში ჩაუწერიათ „ჟურნალისტი ნათია როყვა“. ნათია როყვა გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტი იყო, მაგრამ „ოცნება“ ამ შემთხვევაში „ბათუმელებს“ არ ახსენებს ათეულობით სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, სადაც კონკრეტული მედიასაშუალებებია დასახელებული.
„ქართული ოცნების“ სარჩელში ასევე მოხსენიებულია ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი, რომელიც იმ დროს „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“ მუშაობდა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ დამფუძნებელი ჟურნალისტი გელა მთივლიშვილია.
„ოცნების“ პარლამენტის 88 დეპუტატი სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია-მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
„ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია,“ – ვკითხულობთ სარჩელში.
ფოტოზე: ვასილ როინაშვილი.
ამ თემაზე:
რა უთხრა გამოძიებას სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, რომელიც ახლა მოსამართლეა


