დღეს, 6 აგვისტოს, ერთი წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების საელჩოები საერთო განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს:
პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც:
„მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“.
- რა ხდება?
დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
______
ფოტოზე: 2025 წლის 6 აგვისტო, მზია ამაღლობელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
ნახეთ ამ თემაზე:
მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან 1 წელი გავიდა – როგორ ეხმაურებიან საელჩოები






