„უკრაინელებმაც კარგი „საჩუქარი“ გაუკეთეს პუტინის უშუალოდ ამ სამიტის წინ – ყირიმის ხიდს დაარტყეს. ეს იყო პირდაპირ დამცირება. შესაბამისად, პუტინი იქ ვერანაირ, ასე ვთქვათ, ზღაპრებს ვერ მოჰყვებოდა, რომ თითქოს წინ მიიწევს არმია და იპყრობს ტერიტორიას.
რეალურად რუსეთმა დადო ფსონი იმაზე, რომ უკრაინა გამოიფიტებოდა, მაგრამ ამან არ იმუშავა… ვფიქრობ, რუსეთი უკვე იაზრებს სერიოზულად პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას ჩინეთის სამიტზე ვესაუბრეთ, სადაც პუტინი ბირთვული ქობინების ქეისით გამოჩნდა.
„პუტინისთვის ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც შეუძლია იმოქმედოს. დანარჩენი ყველა ბერკეტი გამოიყენა და ამის მიუხედავად თავი ჩაიგდო ძალიან რთულ მდგომარეობაში. ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს,“ – მიიჩნევს ვალერი ჩეჩელაშვილი.
რა იცვლება პუტინის, ტრაპის და სი ძინპინის შეხვედრით? – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილმა ინტერვიუ ჩაწერა. იგი დიპლომატია, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში. ვალერი ჩეჩელაშვილი დღეს პოლიტიკური მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია.
- ბატონო ვალერი, ჩინეთის სამიტზე ადამიანების ყურადღება მიიქცია იმანაც, რომ პუტინს ძინპინმა არ მისცა საშუალება, ტრამპის გვერდით დამდგარიყო საერთო ფოტოს გადაღების დროს, ასევე, პუტინს ჩინეთის ლიდერმა „პროტოკოლური დამცირება“ მოუწყოო. თქვენი დაკვირვებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დეტალები?
სხვაგვარად რთულია ამის შეფასება, რაც ვნახეთ. პროტოკოლურ ნიუანსებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს, ჩინელები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ.
განსაკუთრებულად რომ იყო მიღებული ტრამპი ჩინეთში, ამას შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ – თვითონ სი დახვდა ტრამპს და პუტინის შემთხვევაში არ დახვდა. ფოტოსთან დაკავშირებით, ანუ ხელმარჯვნივ იყო ტრამპი, რომელიც ყველაზე მეტად საპატიო ადგილია.
ამის მიუხედავად, ვფიქრობ, თუ ვინმემ ხელშესახები წარმატება იზეიმა ამ შეხვედრის შედეგად, ეს პუტინია.
- იმიტომ, რომ იზოლაციას დააღწია თავი – პუტინი ცდილობს ისე გამოჩნდეს, თითქოს მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერი?
დიახ, წარმოაჩენს, რომ აი, სამი გლობალური ლიდერია. ამ დროს თვითონ, პუტინი ნამდვილად არ არის არანაირი გლობალური ლიდერი. ჯერ ერთი, მხოლოდ ეკონომიკაზე რომ ვისაუბროთ, მსოფლიო შიდა ეროვნული პროდუქტის 110 ტრილიონიდან, 35 ტრილიონი მოდის მხოლოდ აშშ-ზე, 20 – ჩინეთზე, ხოლო რუსეთზე – 2.5 ტრილიონი. ამიტომაც, აბსოლუტურად შეუდარებელი თუნდაც იმ ორ ქვეყანასთან რუსეთის ეკონომიკური წონა.
ამას გარდა, ამ ხუთწლიანმა, ბარბაროსულმა ომმა პუტინი საცოდავ დღეში ჩააგდო. უკრაინელებმაც კარგი „საჩუქარი“ გაუკეთეს უშუალოდ ამ სამიტის წინ – ყირიმის ხიდს დაარტყეს. ეს იყო პირდაპირ დამცირება. შესაბამისად, პუტინი იქ ვერანაირ, ასე ვთქვათ, ზღაპრებს ვერ მოჰყვებოდა, რომ თითქოს წინ მიიწევს არმია და იპყრობს ტერიტორიას.
ამიტომაც, ამ შეხვედრას უფრო შიგნით, რუსეთში გამოიყენებს პუტინი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

ვალერი ჩეჩელაშვილი
- ქვეყნის გარეთ კი მისი ფასი შესაძლოა ისევ დამოკიდებული იყოს მხოლოდ ბირთვულ იარაღზე? რუსული მედია აჩვენებდა, რომ პუტინი ოფიციალურ მიღებაზე ბირთვული ჩემოდნით მივიდა, ადიუტანტმა მიუტანა ჩემოდანიო…
ესეც პროტოკოლის ნაწილია, რომ სადაც არის სახელმწიფოს მეთაური, იქ დაჰყვება ქობინების ბირთვული ჩემოდანი, მაგრამ როცა ამის დემონსტრირება ხდება, რა თქმა უნდა, ეს ემსახურება იმ სურათის შექმნის მცდელობას, რაზეც გესაუბრეთ.
თუ რამე ხელშესახები შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შეხვედრის შედეგად, იქნებოდა გადაწყვეტილება, რომ არცერთი მათგანი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს სერიოზულად შეუწყობდა ხელს საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ნდობის გამყარებას.
პუტინისთვის ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც შეუძლია იმოქმედოს. დანარჩენი ყველა ბერკეტი გამოიყენა და ამის მიუხედავად თავი ჩაიგდო ძალიან რთულ მდგომარეობაში. ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება მას სერიოზულად დაელაპარაკოს ტრამპი, ან სი ძინპინი, არის ზუსტად ის, რომ არის ბირთვული, სერიოზული პოტენციალის მფლობელი ქვეყანა. პუტინი ცდილობს, რომ ბოლომდე გაათამაშოს ეს არგუმენტი.
- ელოდებით რამე კონკრეტულს ამ სამიტიდან, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომზე რაც აისახება?
მე არ ველოდები, რომ ეს სამმხრივი შეხვედრა რაიმე სახის სერიოზული გადაწყვეტილებით დასრულდება. განსხვავებულ მდგომარეობაშია სამივე ქვეყანა. განსხვავებული ინტერესები აქვთ და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ სიბრტყეში ამათი თანხვედრა ძალიან რთული იქნება. შესაძლოა ისიც, რომ ამ შექმნილი სურათით დაკმაყოფილდნენ და შეჩერდეს ეს საქმიანობა.
პუტინის ინტერესებზე უკვე გესაუბრეთ. რაც შეეხება ტრამპს: იგი სერიოზულად დასუსტებულია და ალბათ უნდა იფიქროს, პირველ რიგში, იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს შიდაპოლიტიკურ პრობლემებს, მას შემდეგ, რაც დაუბრუნდება ვაშინგტონს.
ყველაზე კომფორტულადაა ჩინეთი შექმნილ ვითარებაში. მას აწყობს რუსეთის დასუსტება, მაგრამ ხელს არ აძლევს მისი ჩამოშლა. ამისთვის ხელს უმართავს რუსეთს და, მეორე მხრივ ეხმარება უკრაინას, ანუ ორივე ქვეყანაში სარგებელს ნახულობს. რუსეთს აწვდის რაღაც კომპონენტებს, მაგალითად, ჩარხებს ბალისტიკური იარაღის და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებლად. შედეგად რუსეთი აზიანებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და მის სატრანსპორტო კვანძებს. ამავდროულად, ინფორმაცია გამოჩნდა, რომ ერთი მილიარდის ტრანსფორმატორები მიაწოდა ჩინეთმა უკრაინას.
ასე რომ, ჩინეთი ორივესთან სარფიანად იქცევა. ჩინეთს მანევრის საშუალებაც გაცილებით უფრო მეტი აქვს, მისი გავლენები იზრდება, მათ შორის, ლათინურ ამერიკაში, რომელიც ტრამპის პოლიტიკის შედეგად გამოცხადებულია განსაკუთრებული ინტერესის სფეროდ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პერუ და ჩილე, მაგალითად, მათთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია და არა ამერიკის შეერთებული შტატები.
ამიტომაც, ეს სამმხრივი შეხვედრა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სი ძინპინის პოზიციების გამყარებას.
- შეიძლება სი ძინპინი ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში? რა შეიძლება იყოს მისი მოტივაცია?
ვფიქრობ, რომ ჩინეთს ხელს აძლევს ის ვითარება – რუსეთის დასუსტება, მაგრამ შენარჩუნება მისი სახელმწიფოებრიობის. პრაქტიკულად ყველა მხრივ დამოკიდებულია რუსეთი ჩინეთზე. ეს გამოიხატება კონკრეტულ კომერციულ გარიგებებშიც, ჩინეთი რუსეთიდან ძალიან იაფად იღებს ნავთობს და განსაკუთრებით ბუნებრივ აირს, თანაც ისე, რომ სულაც არ არის რუსეთზე დამოკიდებული – ჩინეთს დივერსიფიცირებული იმპორტის წყაროები აქვს.
ხოლო რუსეთს, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ აქვს: ევროპის ბაზარი ჩაეკეტა და იძულებულია, ჩინეთს, ასე ვთქვათ, მონოპოლიურად დაბალ ფასებში მიაწოდოს საკუთარი აირი. სხვათა შორის, ეს საქართველოს ბაზარზეც აისახა უკვე. პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, უფრო მეტი ბუნებრივი აირი შევიძინეთ რუსეთიდან, ვიდრე აზერბაიჯანიდან. 30 მილიონი დოლარით უფრო მეტი ვიყიდეთ ბუნებრივი აირი რუსეთიდან – 192 მილიონი და 160 მილიონის აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს იმითაც განპირობებული, რომ რუსეთმა ძალიან კარგი ფასი შემოგვთავაზა. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან აწარმოებს შესაბამის მოლაპარაკებას, რათა თავი არ ჩავიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში. ჩვენი ძირითადი გარანტი ენერგეტიკულ საკითხებში აზერბაიჯანია.
- ტრამპის ამოცანა რა არის ამ ეტაპზე, განსაკუთრებით აშშ-ში არჩევნების წაგების შემდეგ? ამ სამიტზე მოვისმინეთ ტრამპის რეპლიკა პუტინის შესახებ: ჩემი მეგობარიაო.
ტრამპს ახასიათებს მსგავსი მიდგომა. ვიტკოფი იმასაც კი ამბობს, პუტინი ჰუმანისტიაო. ცხადია, არ არის მართებული შეფასება და ამის გამო მომავალ კონგრესში შეექმნებათ რესპუბლიკელებს დამატებითი პრობლემები.
დემოკრატებს აქვთ აღებული უპირობო უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში. ამას გარდა: ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სიმპათიები ამერიკელი ამომრჩევლებში უკრაინის სასარგებლოდ – დაახლოებით 65% მხარს უჭერს უკრაინას. ეს არ შეიძლება, არ გაითვალისწინოს პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ ამ შეხვედრაზე ამის გათვალისწინება ნამდვილად ვერ გამოუვიდა.
- ამ სამიტს უფრო მიზანი ჰქონდა, რომ სამივე ქვეყანას რაღაცის დემონსტრირება მოეხდინა? დასავლეთში გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა „ახალი იალტა“ მივიღოთო – პარალელი გაჩნდა 81 წლის წინ ჩატარებულ ეპოქალურ კონფერენციასთან რუზველტის, სტალინის და ჩერჩილის მონაწილეობით.
დიახ, დასავლეთის გარკვეულ წრეებში ეს მოლოდინი მართლაც გაჩნდა, მაგრამ ამ შეხვედრას იალტას ვერანაირად ვერ შევადარებთ.
იალტა იყო გამარჯვებული სამეულის მიერ შექმნილი ახალი დღის წესრიგი. მაგალითად, გერმანიის და იაპონიის ინტერესები სრული იგნორირება მოხდა. სადაური „იალტა 2“ იქნებოდა ეს – რომელია გამარჯვებული? რუსეთი მეზობელს ეომება და მეხუთე წელია ჩაფლულია ამ ომში, სანქცირებული ქვეყანა.
- ამის მიუხედავად, რატომ ვერ ახერხებს დასავლეთი რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს? ამ დრომდე რუსეთი დონბასს სრულად ითხოვს, ანუ იმ ტერიტორიასაც, რაც ოკუპირებული არ აქვს.
ვფიქრობ, რუსეთი უკვე იაზრებს სერიოზულად პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას. სამმხრივი მოლაპარაკების რაუნდშიც რაღაც შეთანხმებაზე გავიდნენ მხარეები: გაიცვლება ტყვეები და შემდეგ რაუნდზე უკვე ევროპელებიც იქნებიან წარმოდგენილი.
ვფიქრობ, უკვე რუსეთიც ხედავს ამ კონფლიქტის გადასვლას დიპლომატიურ სივრცეში. რეალურად რუსეთმა დადო ფსონი იმაზე, რომ უკრაინა გამოიფიტებოდა, მაგრამ ამან არ იმუშავა. გამოფიტვა უფრო რუსეთის ძალებს ეტყობა. რუსებს მხოლოდ 50%-ით შეუძლიათ შეავსონ ის დანაკარგები, რომელსაც განიცდიან ფრონტის ხაზზე.
ვნახოთ, მოჰყვება თუ არა ამ სამიტს გაგრძელება და მორიგი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა შეიძლება ყოფილიყო მაიამიში, სადაც G20-ის შეხვედრა გაიმართა. როგორც ცნობილია, ტრამპმა დაპატიჟა პუტინი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პუტინი იქ არ ჩაბრძანდება.
პუტინი დადის მხოლოდ იმ დედაქალაქებში, სადაც სრულად არის გარანტირებული მისი უსაფრთხოება და სადაც თვითონ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. პუტინი ოცეულთან ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად – იქ ძირითადად ამერიკასთან ერთად, მოგეხსენებათ, კანადა და დიდი შვიდეულია წარმოდგენილი. სიმპათიებით არ გამოირჩევიან ეს ქვეყნები პუტინის მიმართ.
შესაბამისად, ეს სამი ლიდერი სად შეძლებს მეორედ შეკრებას, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია.
- ასევე მინდა გკითხოთ რუსეთთან კომუნიკაციის ფორმატის ცვლილებაზე, რომელმაც პრაღიდან მინსკში გადაინაცვლა, რას ნიშნავს ეს? დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა გალუზინს და ზურაბიშვილს შორის!
მნიშვნელოვანია მანდატი, რომლითაც ხელმძღვანელობენ დელეგაციები. აქ არის სერიოზული გაუგებრობა, რადგან მანდატი გაფართოვდა, როგორც ეს გვამცნო ირაკლი კობახიძემ. მანდატი მოიცავდა ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ მიმართულებებს. ეს მანდატი , როგორც ეს თავის დროზე ზურაბ აბაშიძემ აღიარა, იყო ამოწურული, მაგრამ ამას ახლა დაემატა – ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმის მოსმენა – კონფლიქტის დარეგულირება რუსეთსა და საქართველოს შორის.
საერთოდ, დიპლომატიაში ცალმხრივად მანდატის შეცვლა მოლაპარაკებებში არ ხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ უბრალოდ სიტყვა გაექცა ბატონ პრემიერ-მინისტრს და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ მისი მინიშნება. თუ ეს ასე არ არის, გამოდის, რომ ვიღაცამ სადღაც, რაღაც დონეზე აწარმოვა მოლაპარაკებები, კონსულტაციები რუსეთის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფორმატის, მანდატის გაფართოებაზე.
თუ ეს ასეა, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, რადგან საზოგადოებამ ამის თაობაზე არაფერი არ იცის. საერთოდ ფარული მოლაპარაკებები მტერთან და ოკუპანტთან მაინც და მაინც იმედის მომცემი არ არის. როცა მანდატი იცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ შედგა მოლაპარაკებები და შეთანხმება ამ მანდატის ცვლილებაზე ცალმხრივად, რაც წარმოუდგენელია. ეს არის ჩემთვის ცუდი ნიშანი – ჩვენ ამის თაობაზე არაფერი არ ვიცით.
ფარულად მოლაპარაკებების წარმოება ოკუპანტთან არის ძალიან საზიანო ზოგადად პროცესისთვის და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის.
რაც შეეხება მინსკს, ვფიქრობ, ეს არის ძალიან უხეში დიპლომატიური შეცდომა. ეს ჩვენ არაფერს გვაძლევს, პირიქით, გვაყენებს უფრო რთულ მდგომარეობაში. გასაგებია მინსკი რაც არის რუსეთისთვის – პრაქტიკულად რუსეთის გაგრძელება დღეს.
რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი ფორმატის, მოლაპარაკებების გადატანას მინსკში, მაგალითად, ჟენევის ფორმატის გადატანასაც. რატომ უნდა მივცეთ ეს ფუფუნება რუსეთს? პრაღის ფორმატის გადატანა მინსკში სახიფათო პრეცედენტია. ვფიქრობ, ეს არაფერს კარგს ჩვენ არ მოგვიტანს.
რუსეთი პრაქტიკულად თავის ამოცანებს აღწევს საქართველოში: 2008 წლის ომში საქართველოს დადანაშაულება, თან მმართველი პარტიის მხრიდან – ეს ერთი. მეორე: რუსეთს აღიზიანებდა ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ეს პროცესიც გაჩერებულია. შესაბამისად, რუსეთი აღწევს თავის მიზნებს და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიღებთ. რუსეთიდან საპასუხოდ ვისმენთ მხოლოდ მკაცრ განცხადებას, რომ არანაირი გადახედვა ცნობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე არ მოხდება, რომ საქართველომ უნდა აღიაროს შექმნილი რეალობა.
მე არ ვიცი, რით ხელმძღვანელობდა მმართველი პარტია, როცა დაეთანხმნენ მინსკში ამ მოლაპარაკების ჩატარებას. ეს სერიოზული შეცდომაა, რომელიც ჩვენს ისედაც სუსტ პოზიციებს კიდევ უფრო ასუსტებს. ვერ იგრძნობს იქ თავს ბატონი გიორგი ზურაბიშვილი უფრო კომფორტულად, ვიდრე ეს მოხდებოდა პრაღაში. ვფიქრობ, პრაღა იყო ძალიან კარგად შერჩეული ადგილი ამ მოლაპარაკებებისთვის და მინსკი ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში გვაყენებს.
ვნახოთ, რას გვეტყვის გიორგი ზურაბიშვილი ამ შეხვედრის შემდეგ.
___
ამ თემაზე:
აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს






