მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 21 მილიონ ლარად სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს – ტენდერი

06.04.2024
ბათუმის მერია 21 მილიონ ლარად სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს – ტენდერი

ბათუმის მერია სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა. სტადიონი ბათუმში ლეონიძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 21 157 100 ლარით უკვე გამოაცხადა – „ბათუმში, სარაგბო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პირობის მიხედვით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტები, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა შეასრულოს.

პროექტში ბათუმის მერიას 490 ათასი ლარი აქვს გადახდილი შპს Georgianhouse-სთვის 2023 წლის დეკემბერში.

განმარტებითი ბარათის მიხედვით: „პროექტი ითვალისწინებს ბათუმის სარაგბო კომპლექსის რეაბილიტაციას და ახალი შენობების/მოედნების მშენებლობას. შენობები სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე“.

პროექტით, დაგეგმილია დახურული სარაგბო მოედნის [ხელოვნურსაფარიანი] და ღია სარაგბო მოედნის მშენებლობა. ამასთან რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ცენტრალურ და ხელოვნურსაფარიან მოედნებს.

ბათუმის სარაგბო სტადიონის გენგეგმა პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის პირველ მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება.

„შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულების 2.5 %“ – აღნიშნულია ტენდერში.

პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და სპორტული ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ოდენობით“.

ასევე, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და სპორტული ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით“.

ასევე, „შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების [ავანსი] გამოყენება, მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს“.

თუ სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, „შემსყიდველი, ამ წელში, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით 500 ათას ლარს აუნაზღაურებს.“ დანარჩენი სამუშაოები კი ეტაპობრივად ანაზღაურდება 2025 და 2026 წლებში.

ბათუმის სარაგბო სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა და 2016 წელს დასრულდა. მშენებლობაზე 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, აქედან 3,5 მილიონი ლარი – ბათუმის ბიუჯეტიდან.

ამ თემაზე: დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს

__________________________________

მთავარი ფოტო: ბათუმის სარაგბო სტადიონი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: