მუსლიმანურმა სამყარომ რამაზან ბაირამის დღესასწაული წელს 17 ივლისს აღნიშნა. ბათუმის მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ისაუბრეს. მუფთის თქმით, ბაირამ დღეს მრევლი ღია ცის ქვეშ იმიტომ ასრულებს ლოცვას, რომ ამ დღეს ყველა მორწმუნე მიდის მეჩეთში სალოცავად და მეჩეთი ხალხს ვერ იტევს: „მეჩეთის მშენებლობაზე უარი არ გვითქვამს, ვთქვით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი, გარემონტდეს, მოგვეცეს საშუალება, რომ ვილოცოთ, მთავარია, ქუჩაში არ დადგეს ხალხი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ არ დაეტევა მლოცველები მეჩეთში, სახელმწიფო გვიდგას გვერდში და შეიმუშავებს იმას, რაც სჭირდება მუსლიმ თემს. ამ დღეს უმრავლესობა მოდის მეჩეთში, ზოგიერთი სხვა დღეებში არ ლოცულობს, მაგრამ ბაირამ დღეს ყველა მოდის სალოცავად. ამიტომ, უფრო მეტია მლოცველი დღეს. როცა ჩატარდება რესტავრაცია და გაფართოვდება მეჩეთი, გამოლაგდება ის ტერიტორია, სადაც არის რესტორნები და მაღაზიები და თუ კიდევ არ დაეტევიან მლოცველები, სახელმწიფო არის მათ გვერდით და თუ საჭირო იქნება, მეჩეთსაც ავაშენებთ და მედრესესაც“. დასავლეთ საქართველოს მუფთის ამ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აფასებს, როგორც უტიფრობას. „ბათუმელების“ კითხვებს ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა.