Batumelebi | ტარიელ ნაკაიძე: ასეთი რამ არც ერთ მუფტს არ უკადრია ტარიელ ნაკაიძე: ასეთი რამ არც ერთ მუფტს არ უკადრია – Batumelebi

ტარიელ ნაკაიძე: ასეთი რამ არც ერთ მუფტს არ უკადრია

 

მუსლიმანურმა სამყარომ რამაზან ბაირამის დღესასწაული წელს 17 ივლისს აღნიშნა.  ბათუმის მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჟურნალისტებთან ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ისაუბრეს. მუფთის თქმით, ბაირამ დღეს მრევლი ღია ცის ქვეშ იმიტომ ასრულებს ლოცვას, რომ ამ დღეს ყველა მორწმუნე მიდის მეჩეთში სალოცავად და მეჩეთი ხალხს ვერ იტევს: „მეჩეთის მშენებლობაზე უარი არ გვითქვამს, ვთქვით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს უნდა გაფართოვდეს მეჩეთი, გარემონტდეს, მოგვეცეს საშუალება, რომ ვილოცოთ, მთავარია, ქუჩაში არ დადგეს ხალხი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ არ დაეტევა მლოცველები მეჩეთში, სახელმწიფო გვიდგას გვერდში და შეიმუშავებს იმას, რაც სჭირდება მუსლიმ თემს. ამ დღეს უმრავლესობა მოდის მეჩეთში, ზოგიერთი სხვა დღეებში არ ლოცულობს, მაგრამ ბაირამ დღეს ყველა მოდის სალოცავად. ამიტომ, უფრო მეტია მლოცველი დღეს. როცა ჩატარდება რესტავრაცია და გაფართოვდება მეჩეთი, გამოლაგდება ის ტერიტორია, სადაც არის რესტორნები და მაღაზიები და თუ კიდევ არ დაეტევიან მლოცველები,  სახელმწიფო არის მათ გვერდით და თუ საჭირო იქნება, მეჩეთსაც ავაშენებთ და მედრესესაც“.  დასავლეთ საქართველოს მუფთის ამ განცხადებას „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე აფასებს, როგორც უტიფრობას. „ბათუმელების“ კითხვებს ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა. 

  • ბატონო ტარიელ, თქვენ ესწრებოდით თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მუფთის შეხვედრას მეჩეთში, სადაც საუბარი იყო ახალი  მეჩეთის მშენებლობაზე?

მე არ ვესწრებოდი, რადგან მუსლიმთა სამმართველო იქცა პოლიტიკურ ცენტრად, პოლიტიკურ ორგანოდ. ეს ორგანო ისედაც დაფუძნებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული კადრებით, ამიტომაც რეალურად ვერ წარმოადგენს მუსლიმი თემის ინტერესებს სახელმწიფოში. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ჰყავს წარმომადგენელი მუფთის სახით მლოცველებში. 17 ივლისს მუფთმა გააკეთა შემაძრწუნებელი, ძალიან უტიფარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო არის მეჩეთის მშენებლობა, მაშინ თურმე დაიწყებს მეჩეთის მშენებლობას სახელმწიფო, მაშინ როცა ეს საკითხი ახლა არ დამდგარა. ბაირამის დღესასწაულზე ჩკალოვის ქუჩა გადაივსო, როგორც შემდგომ გავიგე, 400-500 ადამიანი საერთოდ ვერ დადგა სალოცავად და ბათუმის მახლობლად სოფლებში გადავიდნენ, რადგან ქუჩაში მობილიზებული დასაგები  სალოცავი ეგრეთ წოდებული „ბრიზენტიც“ არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ფონზე მუფთი აცხადებს, რომ მეჩეთი არ სჭირდება მუსლიმებს, ეს არის უპასუხისმგებლობა მუსლიმების წინაშე. არც ერთ მუფთს ასეთი რამ არ უკადრებია.

  • მუფთმა ჟურნალისტებთან ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხალხი მეჩეთში მხოლოდ დღესასწაულებზე ვერ ეტევა, რადგან „ბაირამზე სალოცავად უამრავი ადამიანი მიდის“…

ჟურნალისტებს ამაზე პატარა მოკვლევის ჩატარება შეგიძლიათ, რამდენიმე პარასკევს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, იქ მთელი წლის განმავლობაში პარასკევს ხალხი ქუჩაში ლოცულობს. შეუძლებელია მთელი წლის განმავლობაში ვინმე ახდენდეს ხალხის მობილიზებას…

  • თქვენ როგორ ახსნით მუფთის განცხადებას?

მუფთის დამოკიდებულება ისეთივე იყო, რა დამოკიდებულებაც აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს დამოკიდებულება არის ის, რომ ბათუმში მეჩეთი არ უნდა აშენდეს.  გასულ წელს სახელმწიფომ გაასაჯაროვა მუსლიმების წერილობითი მოთხოვნა, რომელზეც რამდენიმე ადამიანმა და მუფთმა მოაწერეს ხელი. იმ დოკუმენტის პირველივე მუხლში წერია, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის სანაცვლოდ თითქოს ვითხოვთ ორთაჯამეს რეაბილიტაციას. ეს აბსურდულია, თითქოს ეს მოითხოვა  მუსლიმმა თემმა. წარმოაჩინეს ისე, რომ თითქოს ახალი მეჩეთის აშენების საკითხი [რომელიც უკვე ოცი წელია განიხილება ბათუმში] აღარ დგას, ამით ეცადნენ  სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ზეწოლა მოეხსნათ, თითქოს ეს საკითხი მოაგვარეს.

  • მუფთი საუბრობდა იმაზე, რომ სამუფთოს გადასცეს რეზიდენციისა და მედრესესთვის ადგილი…

ის ტერიტორია საკუთრებაში არ გადაუციათ, სახელმწიფომ სარგებლობის უფლებით გადასცა. ამით თითქოს სახელმწიფომ შეასრულა მისია. ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ქართველ მუსლიმს ბათუმში პრობლემა აქვს ლოცვის, დღეს რეზიდენციის პრობლემა არ არის, რეზიდენცია თუ უნდათ, ეს სხვა საკითხია, მაშინ, როცა მუსლიმი თემის საჭიროება არის სამლოცველოს შექმნა. მუფთმა 17 ივლისის განცხადებით ეს უგულებელყო. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ეთანხმება მის ნათქვამს, რადგან ამას მუსლიმი არ იტყოდა.

  • თქვენ რა საფრთხეებს ხედავთ?

ის დამოკიდებულება, რასაც სახელმწიფო მუსლიმი თემის მიმართ ახორციელებს, ქმნის იმის საფუძველს, რომ გლობალური პრობლება, რომელიც არსებობს ისლამური სახელმწიფოს სახით, საქართველოშიც ფეხს იკიდებს, განსაკუთრებით რადიკალური ჯგუფები. ეს დიდწილად იმიტომ ხდება, რომ მუსლიმანი ვერ ხედავს სახელმწიფოს მხრიდან დაცულობას, საკუთარ ქვეყნაში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის კანონით, ჩვენ ხომ კონსტიტუციის შეცვლას არ ვითხოვთ. მეჩეთის არაშენების საკითხი ბათუმში, ქობულეთში პანსიონის გახსნის საკითხი, მოხეში მეჩეთის გადაცემის საკითხი _ აი, ეს მოუგვარებელი პრობლემები ქმნის საფრთხეს.

ამიტომაც საჭიროებს დისკუსიას, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, არ შეიქმნას განცდა, რომ ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა, ზოგადად, დაუცველობის განცდა…. მას არ გამოუჩნდეს ისეთი ვინმე, ვინც შეჰპირდება, რომ დაიცავს მის უფლებებს… ეს საფრთხე არსებობს, ბევრი რადიკალური ჯგუფი ამ თემით აპელირებს და ნელ-ნელა ვითარდება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ჩემთვის, როგორც მუსლიმისთვის, მიუღებელია. ვსაუბრობ იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება პანკისში…

  • თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ მეჩეთს ითხოვთ? 

სახელმწიფო პოზიტიურად არ უყურებს მუსლიმი თემის უფლებების დაცვას,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობდა, რომ მეჩეთი აშენდება, ახლა აღმოჩნდა, რომ მეჩეთი აღარ აშენდება. ბათუმში მეჩეთის არაშენება ეს არის კატასტროფა მთელი საქართველოსთვის, ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის, ეს არ არის მხოლოდ მეჩეთის, როგორც საკულტო ნაგებობის საკითხი, ეს იქცა დემოკრატიის სასწორად ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, ამაზე უარის თქმა დანაშაულია სახელმწიფოს მხრიდან და არათანმიმდევრული პოლიტიკა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ თვითონ მიიღებდა მონაწილეობას მეჩეთის მშენებლობაში, შემდეგ იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაპირებები… აღმოჩნდა, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება არ სრულდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა