სიახლეები

მუსლიმები შს სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

21.07.2015 • 1504
მუსლიმები შს სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას  ითხოვენ

 

მოსარჩელეები

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოში დადგინდეს მოპასუხეების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რასაც, მათი შეფასებით, მუსლიმი თემის მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა. „რელიგიური აგრესია და შეუწყნარებლობა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მომდინარეობდა, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს და საკუთარ ქცევას რელიგიური მოტივებით ამართლებს. სახელმწიფო კი რელიგიის  თავისუფლების დაცვის მიზნით არ უზრუნველყოფდა კერძო პირების მიერ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების აღკვეთას, ეფექტური გამოძიების ჩატარებას. პოლიციის ქცევა მსგავს შემთხვევებში დამკვირვებლის როლით შემოიფარგლებოდა, იყო პასიური და ინდიფერენტული“, – წერია სარჩელში.

 

 

ღორის თავის აჭედების საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავს. აღნიშნული ინციდენტი 2014 წელს მოხდა. ბოლო სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, იურისტმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლეს განცხადების გაკეთების ნებართვა სთხოვა: „ჩემი მარწმუნებლების სახელით მინდა ბაირამის დღესასწაული მივულოცოთ ჩვენს ქართველ მუსლიმან ძმებს~ (მუსლიმებმა წელს ბაირამი 17 ივლისს აღნიშნეს).

 

სასამართლო პროცესზე მოპასუხეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ფიზიკური პირები იყვნენ. როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლეს სასამართლო პროცესის დროებით შეჩერება სთხოვა, რადგან ქობულეთში, ლერმონტოვის #13-ში მდებარე სახლზე, სადაც მუსლიმები სასწავლებლის გახსნას ცდილობენ, საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, საქმეში კი ახალი ხელშეკრულება არ დევს.

 

 

როსტომ გუნთაიშვილის აზრით, შესაძლოა სახლის მფლობელი არ არის თანახმა ამ სახლში მედრესე გაიხსნას, ამიტომაც ვიდრე ახალ ხელშეკრულებას მოპასუხე არ წარმოადგენს, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს.  მოსარჩელემ – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ  სახლის  მეპატრონე თურქეთში იმყოფება და მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო შს სამინისტრო მას საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევს, ხელშეკრულებაც ამის გამო ვერ გაგრძელდა.

 

 

შს სამინისტროს წარმომადგენელმა თეიმურაზ ჩხეიძემ სასამართლოს უთხრა, რომ იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებისთვის მესაკუთრის საქართველოში  ყოფნა საჭირო სულაც არ არის: `შესაძლოა ეს მისთვის მინდობილ პირს გაეკეთებინა“.  მოსამართლემ თქვა, რომ თუ მოიჯარე ამ სახლის მედრესეს გახსნის მიზნით იჯარით გაცემაზე უარს იტყვის, ცუდ მდგომარეობაში მხოლოდ მოსარჩელე აღმოჩნდება. სასამართლო პროცესზე მუსლიმების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ შს სამინისტრომ ლერმონტოვის #13-ში მდებარე სახლთან არსებული ხელოვნური ბარიკადების მოხსნა უზრუნველყოს [შესასვლელი ხის კონსტრუქციებითა და მანქანის საბურავებით არის ჩახერგილი]. ისინი სასწავლებლის გახსნას, ასევე მორალურ კომპენსაციას – სიმბოლურად 1 ლარს ითხოვენ.

 

 

რამაზ კაკალაძე, ერთ-ერთი მოსარჩელე: „მადლობა, რომ მოგვილოცეთ დღესასწაული. მიხარია, რომ დღეს არ გვიწოდეთ თათრები იმის გამო, რომ ჩვენ მუსლიმანები ვართ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებმა ისწავლონ, რომ არ აღმოჩნდნენ სიცარიელეში. ჩვენი დანაშაული ის არის, რომ მუსლიმანები ვართ. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დაწერონ ეს კანონში. როცა შს სამინისტროს თანამშრომლები ხედავენ ჩვენ ჩაგვრას, ისინი უძლურები ხდებიან, ნუთუ ჩვენ არ გვაქვს უფლება რწმენის, განათლების… როცა ქობულეთში, ლერმონტოვის #13-ში ღორის თავი მიაბეს სახლს, სადაც სასწავლებლის გახსნა გვინდა, პოლიცია იქ იყო და ეს არ აღკვეთა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“.

 

თამთა მიქელაძე, მოსარჩელის უფლებების დამცველი: „როცა შეუწყნარებლობის  შემწყნარებელი ხდება შს სამინისტრო, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ვითხოვთ ეფექტური დაცვის მექანიზმს, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია როცა ხდება; ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების, განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვას“.

 

თამთა მიქელაძის თქმით, ქობულეთში ლერმონტოვის 13-ში მასაც შეეხნენ ხელით: „თავს დამესხნენ – იძახდნენ, გვაჩვენე გიკეთია თუ არა ჯვარიო. შს სამინისტროსა და პროკურატურას გავუგზავნეთ განცხადებები, მაგრამ ისინი იყვნენ პასიური დამკვირვებლის როლში. პოლიციამ თავისი უმოქმედობით შეიწყნარა დომინანტი რელიგიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაული; მაშინ, როცა იმ დღეს დაკავებული ადამიანები სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა, ფაბულაშიც კი არაა ნახსენები მედრესე და ლერმონტოვის 13-ში განვითარებული მოვლენები… მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან მუსლიმანები“.

 

თამთა მიქელაძემ შს სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, მათი უწყების მინისტრმა თუ იცის იმ პოზიციის შესახებ, რაც პოლიციელებმა სასამართლოში დააფიქსირეს. „ეს დისკრიმინაციული ქმედება ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე“, – ვარაუდობს თამთა მიქელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ამ ფაქტზე შს სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ მათი სარჩელი განსახილველად მიიღო.

 

შს სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლოში თემურ ჩხეიძე არ დაეთანხმა თამთა მიქელაძის პოზიციას და თქვა, რომ მოწმის სტატუსით დაკითხულია 180 ადამიანი. მისი თქმით, მოკვლევა ჩაატარა გენერალურმა ინსპექციამ და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დარღვევა ან გულგრილობა არ დადასტურებულა: „მაშინ, როცა ღორის თავი მიამაგრეს ადგილობრივებმა, იქ არ ყოფილა პოლიცია. თქვენ რა მტკიცებულებები გაგაჩნიათ ამის? თქვენ აპელირებთ მხოლოდ თქვენი ვარაუდის საფუძველზე, პირიქით, პოლიციის დამსახურებაა, რომ იქ განვითარებული მოვლენები არ გადაიზარდა სხვა უკანონო ქმედებებში“.

 

როსტომ გუნთაიშვილი: „ლერმონტოვის #13-ში მდებარე სახლიდან დაახლოებით 300 მეტრშია მედრესე. რომელიმე ჩემი მარწმუნებელი მიუვარდა იქ მუსლიმანებს? ეს შიშებია ბატონებო. თუ ლერმონტოვის 13-ში გაიხსნება სასტუმრო, ჩემი მარწმუნებლები ამ ფაქტს მიესალმებიან, მაგრამ როცა მზაკვრულად მოქმედებენ, ეს იწვევს ადგილობრივების გაღიზიანებას. რას ნიშნავს მზაკვრობა? როცა განზრახვა ერთია, მოქმედება – მეორე. მე ორი მუსლიმანი ბებია და ბაბუა მელოდება საიქიოს და მათთვის ანგარიში მექნება ჩასაბარებელი“.

 

გუნთაიშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმაზე, რომ სასწავლებლის გახსნას სპეციალური ლიცენზია სჭირდება.   თამთა მიქელაძის თქმით, იმის გამო რომ აღნიშნული პანსიონატი არ არის განკუთვნილი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ის მოქმედო კანონმდებლობით ლიცენზირებას არ ექვემდებარება. შესაბამის პანსიონატის გახსნის დროს კანონის მოთხოვნები დაცული იქნა. მისი თქმით,  რაიმე ტიპის დარღვევაზე არ უთითებდნენ არც ხელისუფლების  წარმომადგენლები.

 

სასამართლოში  დასაკითხ პირთა სიაში არის ქობულეთის პოლიციის უფროსი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში. მოსამართლე მხარეებს თითქმის სამი საათის განმავლობაში უსმენდა, თუმცა მოწმეები არ დაუკითხავს. სასამართლო პროცესი 4 აგვისტომდე  გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს მორიგებისთვის დრო მისცა.

 

2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13 საათზე, ქობულეთში, ლერმონტოვის N13-თან შეკრებილმა ადგილობრივებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის კარებს ღორის თავი მიამაგრეს. ღორი ისლამში უწმინდური ცხოველია და მისი გამოყენება მუსლიმებისთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. ლერმონტოვის #13 მდებარე საცხოვრებელი

 

სახლისა და მიმდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს „M&B“-ია. ამ კომპანიის დირექტორს, მუსტაფა ბუიუქსა და „ქართველ  მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარეს, რამაზ კაკალაძეს შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქონება

 

გადაეცა მოიჯარეს. ხელშეკრულების საფუძველზე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.  სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ მოპასუხე ფიზიკური პირები, მათ პროცესზე მოსვლა დააგვიანეს, ამიტომ მოსამართლემ ისინი დარბაზში არ შეუშვა.


გადაბეჭდვის წესი