2016 წელს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EFE 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა. ღონისძიებაში 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
საკოორდინაციო ჯგუფს დაევალა, საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალის) ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად უფლებამოსილი უწყებებისთვის წინადადებების წარდგენა.
საკოორდინაციო ჯგუფში შემდიან:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკოორდინაციო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ამასთან, „საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობაში, საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო ჯგუფის წევრების მოთხოვნისა და საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია, მონაწილეობა მიიღონ სხვა სახელმწიფო უწყებების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“.
მინისტერიალის მთავარი თემები იქნება „ეკონომიკის გამწვანება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. მინისტერიალზე შესაბამის დეკლარაციასაც მიიღებენ.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის (EFE) ჩატარების საკითხი საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიწონა.