სიახლეები

რა ღირს ორსულობა

19.07.2015 • 7563
რა ღირს ორსულობა

 

რას აფინანსებს სახელმწიფო? – პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მატერიალიზებული ვაუჩერის ასაღებად ორსულობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 13 კვირას. საამისოდ ორსულმა სოციალური მომსახურების სააგენტოში, განცხადებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა, ფორმა NIV-100/ა უნდა მიიტანოს. აღებული ვაუჩერით ორსული მისთვის სასურველ კლინიკაში დგება აღრიცხვაზე.

 

ექიმის უფასო კონსულტაციებითა და გამოკვლევებით ორსულმა სპეციალური ცხრილის შესაბამისად უნდა ისარგებლოს, დაგვიანების შემთხვევაში იგი უფასო მომსახურებას ვეღარ მიიღებს. კერძოდ, ანტინატალური მეთვალყურეობის ვაუჩერით ექიმთან პირველი ვიზიტი უნდა შედგეს არა უგვიანეს ორსულობის მე-13 კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება. ასევე, შესაბამის ვადებში უნდა შედგეს ვაუჩერით შემდგომი (მეორე, მესამე და მეოთხე) ვიზიტი, დაგვიანების შემთხვევაში პროგრამით მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისები არ დაუფინანსდება.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, პირველი ვიზიტის ფარგლებში ორსულისთვის უფასოა: მეან-გინეკოლოგისა და თერაპევტის კონსულტაციები, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი; სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით; B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით; აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით; სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა და საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.

 

მეორე ვიზიტი ორსულობის 18-20 კვირაზე უნდა განხორციელდეს და იგი მოიცავს მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას და ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას.

 

მესამე ვიზიტისას, რომელიც ორსულობის 30-32 კვირაზეა დაგეგმილი, უფასოა ისევ მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და განისაზღვრება შარდში ცილის რაოდენობა, სისხლში კი – ჰემოგლობინი. იგივე კონსულტაცია და გამოკვლევები ფინანსდება ბოლო, ანუ მეოთხე ვიზიტისას, რომელიც ორსულობის 34-36-38 კვირაზეა დაგეგმილი.

 

რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურებები მომავალი დედებისთვის? – გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ ორსულისთვის დაფინანსებული ვიზიტები და გამოკვლევები არის იმის მინიმუმი, რაც ქალებს მთელი ორსულობის პერიოდში ესაჭიროებათ. “ეს არის ისეთი მინიმუმი, რომელიც ორსულების 80%-ს არ აკმაყოფილებს”, – ამბობს ის.

 

გინეკოლოგი კობა ქამაშიძე ამბობს, რომ ექიმთან ოთხი ვიზიტი საკმარისია მხოლოდ იმ ორსულებისთვის, რომელთა ორსულობაც ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ასეთი ორსულები კი ძალიან ცოტაა. “თუ ორსული სრულიად ჯანმრთელია, მაშინ ეს ვიზიტები საკმარისია, მაგრამ ასეთი ორსულების პოვნა ძალიან რთულია, მთლიანი რიცხვიდან ასეთი ალბათ მაქსიმუმ 25% თუ იქნება”, – ამბობს გინეკოლოგი.

 

სოციალურად დაუცველი 29 წლის გიული ამბობს, რომ მიუხედავად უპრობლემო ორსულობისა, ექიმთან ოთხი ვიზიტი არც მისთვის იყო საკმარისი. “მართალია, ორსულობამ გართულებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ იმის გამო, რომ იქამდე ოპერაცია მქონდა გაკეთებული, დამატებითი მეთვალყურეობა მესაჭიროებოდა და პროგრამის გარდა კიდევ ოთხი ვიზიტი და მთელი რიგი გამოკვლევები დამჭირდა. თითოეული ვიზიტის ხარჯი საშუალოდ 55 ლარზე ადიოდა (როგორც სოციალურად დაუცველს გარკვეული შეღავათები მქონდა), რაც ერთი შეხედვით, არ არის დიდი თანხა, მაგრამ ყოველთვის ამის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა”, – ამბობს გიული.

 

28 წლის მარიამი კი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და გამოკვლევების გარდა დამატებითი გამოკვლევები ორსულობის პერიოდში საშუალოდ 800 ლარი დაუჯდა: “იმის გამო, რომ ცხრილს ჩამოვრჩი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა გამოკვლევით სარგებლობაც ვერ მოვახერხე”, – ამბობს ის.

 

რა დროს ხდება საჭირო დამატებითი ვიზიტები ორსულისთვის? – კობა ქამაშიძის თქმით, დამატებითი მეთვალყურეობა საჭირო ხდება მაშინაც, თუ ორსულობისას ქალს გამოუვლინდა მაღალი არტერიული წნევა: “პროტოკოლის მიხედვით ასეთ დროს ყველა მესამე დღეს უნდა დაიბაროს იგი ექიმმა”. ასევე დამატებით მეთვალყურეობას საჭიროებს ორსული, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა წინა ორსულობისას. “თუ მას აღმოაჩნდა ცილა შარდში, თუ აღენიშნება ანემია, ანუ სისხლში დაბალია ჰემოგლობინის მაჩვენებელი, თუ ტონუსი არ არის ნორმაში. ექიმი აკვირდება ყველა ამ პროცესს და საჭიროების მიხედვით, შესაძლოა ყოველკვირეულად ან ყოველ მეორე დღესაც კი დაიბაროს ორსული. ყველაზე ხშირად ორსულებს ექიმის დინამიური მეთვალყურეობა ესაჭიროებათ”, – ამბობს კობა ქამაშიძე.

 

რამდენს იხდის სახელმწიფო ანტინატალურ მეთვალყურეობაში? – სახელმწიფო ერთი ორსულის მართვაზე სამედიცინო დაწესებულებას 55 ლარს უხდის. ბათუმის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ თანხა ნამდვილად ცოტაა, თუმცა ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ მეანობაში, სახელმწიფო პროგრამებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

ჯუმბერ უნგიაძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მცირე დაფინანსება მკვეთრად აისახება სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების ხარისხზე, რისი შედეგიც გართულებული მშობიარობები და სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გავრცელებაა. “ეს თანხა აბსოლუტურად ვერ ასახავს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს თანამედროვე მეანობასა და პერინატოლოგიაშია, დაბალი ფასი მედიცინაში ყოველთვის არის ცუდი ხარისხი”, – ამბობს ის.

 

კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია სხვადასხვა ტარიფის მქონე სამედიცინო დაწესებულებების ერთნაირი დაფინანსება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პასუხობენ, რომ ანტინატალური მეთვალყურეობა ვაუჩერული პროგრამაა და პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. “მომსახურების მიმწოდებელია სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი პირი/დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს”, – განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.

 

სწორედ ამ მიზეზით, 27 ივნისიდან ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, დედათა და ბავშვთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში აღარ მონაწილეობს. “როგორც იცით, ეს პროგრამა გართულებული მშობიარობის მართვასაც მოიცავს. ზოგიერთი პაციენტის მკურნალობა (მშობიარობა) 5000-6000 ლარი დაგვიჯდა, სახელმწიფო კი მხოლოდ 833 ლარს გვაძლევს. ანტინატალურ მეთვალყურეობაზე გათვალისწინებული 55 ლარი მარტო პირველ ვიზიტს ვერ ფარავს, არათუ ამდენ გამოკვლევას და მათ შორის სამ ექოსკოპიას, რომელთა ფასიც ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში 50- 80 ლარია. გარდა ამისა, პირველივე ვიზიტზე იმ სამ ექიმს, რომელთა კონსულტაციასაც სახელმწიფო 55 ლარით აფინანსებს, აუცილებლად უნდა ახლდეს ექთანი და სანიტარი, რომელთაც ხელფასი ამ თანხიდან უნდა გადავუხადო, ეს კი წარმოუდგენელია”, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე, “მედინას” ხელმძღვანელი.

 

ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ თანხა სხვა არსებული რესურსებიდან უნდა გადაანაწილოს, კერძოდ კი იმ ფინანსებიდან, რაც მოთხოვნითი საკეისრო კვეთებისთვის არის გათვალისწინებული.

 

ჯუმბერ უნგიაძე: “სახელმწიფო ყველა მშობიარეს უხდის 500 ლარს. საკეისრო კვეთაში, რომელიც ჩვენებით არის, – 800 ლარს. ასევე 500 ლარით ფინანსდებიან ის ორსულები, რომლებიც საკეისრო კვეთას ჩვენების გარეშე ირჩევენ, რაც უაზროდ დახარჯული ფულია. უმჯობესია, ეს თანხა იქ ჩაედოთ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა”.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: