სიახლეები

როგორ გადანაწილდა „ჰით ბათუმისთვის“ გამოყოფილი 3 400 000 ლარი

22.07.2015 • 1886
როგორ გადანაწილდა „ჰით ბათუმისთვის“ გამოყოფილი 3 400 000 ლარი

პროგრამის მიხედვით, 6 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე 60 ღონისძიება უნდა ჩატარდეს. ღონისძიებები თითქმის ყოველ დღეზეა გაწერილი.

„ჰით ბათუმი“ ითვალისწინებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლების გამოსვლას ბათუმის სხვადასხვა უბანში. გასულ კვირაში ბათუმის კორტები `სანრემოს~ ვარსკვლავებს დაეთმო, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულები საბჭოთა საქართველოში, ანუ გასული საუკუნის 80-იან წლებში იყვნენ. ბათუმელებისა და ქალაქის წინაშე გასულ კვირას წარსდგნენ Umberto Tozzi და Richi e Poveri. ამ კონცერტისთვის Umberto Tozzi-ს 66 452 ლარი გადაუხადეს, ხოლო Richi e Poveri-ს – 95 976 ლარი. გარდა ამისა, Richi e Poveri ერთი მნიშვნელოვანი დეტალით დაამახსოვრდა მსმენელს – სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ ეს ჯგუფი 2011 წელს „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, ცხინვალში გამართული კონცერტების შემდეგ.

Richi e Piveri -ს ედვარდ კოკოითი მეგობრობის ჯილდოს გადასცემს

„ბათუმის კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიური ჯგუფის ბათუმში სტუმრობა „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ ინიციატივა იყო. რატომ შეჩერდა გასული საუკუნის პოპულარულ ჯგუფზე არჩევანი და ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ორგანიზატორებს „რიკიე პოვერის“ მიერ საზღვრის დარღვევის შესახებ? – ამ კითხვაზე „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდში“ კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება „ჯეპრას“, რომელიც „ჰით ბათუმის“ პიარზეა პასუხისმგებელი, აცხადებს: „როცა სია შეიქმნა, ჩვენ მაშინ არ ვიყავით ჩართულები. ამიტომ ამაზე კომენტარი კულტურის ცენტრმა უნდა გააკეთოს“.

ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ჯონი საბაშვილის პასუხი ასეთია: „მათი შემოთავაზება იყო და ჩვენც დავთანხმდით“.

„რიკიე პოვერის“ ჯგუფის წევრები კი ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან და იქ ჩავლენ, სადაც მიიწვევენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, იტალიური ჯგუფის ბათუმში სტუმრობა ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს: „ამ ჯგუფის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ქმედებები ცალსახად იკვეთება, მაგრამ 2012 წელს ამოქმედებული ამნისტიის აქტის თანახმად, ეს დანაშაული ამნისტირებულია და ამ ჯგუფის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისგება აღარ დაეკისრებათ. თუმცა, სახელმწიფოს დამოკიდებულება და მერიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ როგორც პოლიტიკურად მიზანშეუწონელი ქმედება, რადგან იმ პირთა მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენა, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე, არ არის კარგი“.

იურისტის შეფასებით, იტალიური ჯგუფის ბათუმში მოწვევა და მისთვის ჰონორარის გადახდა მიანიშნებს იმაზეც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ერთმანეთთან არ აქვთ კოორდინირებული ურთიერთობა და „ზოგადად საჯარო ინფორმაციის მიღების საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის“.

გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ჯგუფის სტუმრობა არც ცხინვალში და არც ბათუმში არ უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობებს, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზეც ნებისმიერი ჯგუფის თუ სოციალური აქტივობის მქონე ადამიანებთან უნდა იყოს ნათელი, „რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოხატოს ყველა ადამიანმა“.

უმბერტო ტოზზი ბათუმში

უცხოელი შემსრულებლებიდან „რიკიე პოვერის“ გარდა ყველაზე მაღალ ჰონორარს – 103 200 ლარს, ჯგუფი NAZARETH-ი მიიღებს, MORCHEEBA – 90 300 ლარს, ჯგუფი OKIAN ELZI კი – 74 820 ლარს; SOUL REBELS-ის ჰონორარი 54 180 ლარია. ყველაზე დაბალი ჰონორარით – 20 640 ლარით, წარმოდგენილია ჯგუფი SPAGETI SWING-ი.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში ბათუმში 12 უცხოური ჯგუფი წარსდგება მსმენელის წინაშე. მათი მასპინძლობისთვის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 1 086 852 ლარი დაიხარჯება.

დათო გომართელი

ფესტივალის პროგრამის მიხედვით, უცხოელი ხელოვანებიდან ბათუმში ქუჩის თეატრის დღეების მონაწილეები ჩამოვლენ. ესპანური ჯგუფი ათ აგვისტოს ბათუმის ბულვარში წარმოადგენს პერფორმანსს – `მაგიდა ორისთვის“; 11 აგვისტოს ბრიტანული ჯგუფის „სპარკი ლედ რამერების“ წარმოდგენები იქნება ქუჩებში (ქუჩები დაკონკრეტებული არ არის); კორტების ტერიტორიაზე 12 აგვისტოს ბოლივუდ მარსალა ორკესტრას წარმოდგენა გაიმართება; 13 აგვისტოს კი The New York Brass Band-ი  გამართავს ცხენების შოუს.

რაც შეეხება ფესტივალისთვის მოწვეულ ქართველ შემსრულებლებს, ყველაზე მეტ თანხას – 7 500 ლარს სოფო ხალვაში მიიღებს. პიანისტ ლადო ყატაშვილს ჰონორარის სახით 1 500 ლარს გადაუხდიან, მომღერალ არჩილ ბერიძეს – 3 500 ლარს, ხოლო ბათუმელ მომღერალ ვაჟა ტუღუშს – 2500 ლარს.

რაც შეეხება „ჰით ბათუმის“ მიერ გაღებულ სხვა ხარჯებს – ფესტივალს სარეკლამო მხარდაჭერას საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ უწევს, 74 340 ლარად. შპს „თბილფოტო“ კი გამოფენა „ქოლგას“ ორგანიზებისთვის 31 767  ლარს მიიღებს.

თანხა გათვალისწინებულია კონცერტების ტექნიკური და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც. განათებისთვის ბიუჯეტში 159 890 ლარია გამოყოფილი, დაცვის პოლიციისთვის კი – 89 910 ლარი.

აგვისტოში ასევე დაგეგმილია ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტები, მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, სამეფო უბნის თეატრი საზაფხულო თეატრში  წარმოადგენს „ტროელ ქალებს“, მუსიკისა და დრამის თეატრი კი – „კარმენს“. ჩვენება დაგეგმილია ბათუმის კორტებზე. 16 აგვისტოს თეატრის მოყვარულები იტალიური თეატრის „დე ბალერინას“ წარმოდგენასაც ნახავენ.

„ჰით ბათუმი“ ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის ექვსდღიანი საერთაშორისო  მუსიკალური ფესტივალით, 15 სექტემბერს პიაცაზე დაიხურება.

რაც შეეხება ფოლკლორს – „ჰით ბათუმი“ სწორედ ფოლკლორის შემსრულებლებმა გახსნეს. ბათუმის კოლონადებთან, ფესტივალის ფარგლებში, 30-მდე ფოლკლორულმა ანსამბლმა გამართა კონცერტი. ფოლკლორის კვირეულის ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 16 600 ლარია გათვალისწინებული. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ირინა სანებლიძე ამბობს, აღნიშნულ თანხაში  ფოლკლორის ცენტრის რვა თანამშრომლის  ბათუმში ცხოვრება, კვება და ჰონორარია გათვალისწინებული.

თეო ჩიტიშვილი და ვანილა კეიჯი

ხალხური სიმღერისა და ცეკვის ორი ანსამბლი – „რუსთავი“ და „ბასიანი“ თბილისიდან იყო ჩამოყვანილი. „რუსთავის“ ჰონორარი 14 280 ლარია,  „ბასიანის“ კი – 2 920 ლარი. რაც შეეხება რეგიონალურ ანსამბლებს, როგორც ირინა სანებლიძე ამბობს, მათთვის ჰონორარები არ გადაუხდიათ.

შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიძეც ამბობს, რომ ანსამბლების ბათუმში ჩამოყვანა და კვება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო, „მონაწილეობისთვის ჰონორარი მერიას არ გადაუხდია“.

„ჰით ბათუმის“ მოწვევით ბათუმში სულ 14 ფოლკლორული ჯგუფი გამოვიდა. მათი უმრავლესობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იყო ჩამოსული. ჰონორარი არც ერთ მათგანს არ მიუღია.

პროგრამაში შევიდა ისეთი ტრადიციული ფესტივალები, როგორიცაა: „შავი ზღვის ჯაზფესტივალი~ და ლიანა  ისაკაძის „ღამის სერენადები“. ამ ფესტივალებს არასაბიუჯეტო დამფინანსებლები ჰყავს. კერძო დამფინანსებლები ჰყავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ფანტა ლავ ლენდის“ და „აი ორკესტრას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: