„რუსები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ მდინარე ჟერებეცამდე“ – ინტერვიუ გენერალთან

„იკვეთება ტენდენცია, რომ რუსეთი ეგუება იმას, რომ სამშვიდობო პაკეტზე თუ არა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შესაძლებელი გახდეს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება ფრონტის ხაზს უკრაინაში.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთმა ამჯერადაც ვერ მოახერხა დონბასის აღება, რასაც ნოემბრისთვის აანონსებდა. პირიქით, უკან დახევა მოუწია, თუმცა ამავდროულად, პუტინი ცდილობს ევროპის ქვეყნებში დივერსიული მოქმედებებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შესუსტდეს:

„რუსებმა ვერ მოახერხეს გარდატეხის შეტანა. პირიქით, „ვივალდის ოპერაციის“ შემდეგ მოიხსნა კრამატორსკი-სლავიანსკის ალყაში მოქცევის საფრთხე. რუსები იძულებული გახდნენ, მდინარე ჟერებეცამდე დაეხიათ. ამასობაში, უკრაინელებმა მარჯვენა ნაპირის კონტროლი დაიწყეს. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გადავიდნენ კიდეც მარცხენა სანაპიროზე…

რუსებმა ვერავითარი უპირატესობა ვერ მოიპოვეს. პირიქით, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი დარტყმა „ვივალდის ოპერაციის“ შედეგად. ეს შედეგი აჩენს იმის წინაპირობას, რომ შესაძლებელია, უფრო მოქნილი, დამყოლი გახდეს რუსეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს რუსეთის რიტორიკაშიც თითქოსდა გამოჩნდა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვლება არსებითად უკრაინისთვის ტრამპის არჩევნებში დამარცხებით? ზელენსკიმ უკვე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება უკრაინისთვის ამერიკული დახმარების გაზრდას გამოიწვევს და ეს პუტინზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა მან ომი დაასრულოს.

არჩევნების ეს შედეგი ალბათ მნიშვნელოვნად შეუკვეცავს ტრამპის მოქმედების არეალს. ამავდროულად, დემოკრატების უმრავლესობა, როგორც გვახსოვს, მხარს უჭერს უკრაინას. სავარაუდოდ ამიტომაც გაუმჯობესდება უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან.

თუ დავაკვირდებით: ზელენსკის რიტორიკაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ტრამპის მიმართ. ევროპის მხარდაჭერის პირობებში, უფრო პრინციპული გახდა.

ზელენსკიმ განუცხადა ტრამპს: უკრაინა მზად არის, არ დაარტყას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს იმ ვადით, რა ვადითაც ტრამპი მისცემს „პატრიოტებს“ უკრაინას: თუ ერთ თვეს მეყოფა ეს პატრიოტები, ერთი თვე არ განვახორციელებ დარტყმას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სხვა შემთხვევაში, უკრაინას არ შეუძლია, არ უპასუხოს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ენერგოობიექტებზეო.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მზად არის, შეხვდეს სტამბოლში ტრამპს და პუტინს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ჩართულობა. ამ შემთხვევაში, უკვე ერდოღანი ტრამპთან ერთად ხდება მშვიდობის გარანტი.

ზელენსკი ამით ხაზს უსვამს იმას, რომ მარტო ტრამპი ვერ წყვეტს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და მასთან ერთად საჭიროა წონიანი პოლიტიკოსი, რათა მშვიდობის გარანტიები იყოს მყარი.

საინტერესო იყო ამ კუთხით ლუკაშენკოს განცხადებაც: „2027 წელს ომი თუ არ დამთავრდება, დაიწყება მესამე მსოფლიო ომიო“. რუსეთის მხრიდან იგრძნობა ისეთი განწყობა, რომ თითქოს რუსეთს რიტორიკა გადააქვს ევროპაზე და უკრაინა გადადის მეორეხარისხოვან პლანზე. ეს იძლევა ამის განცდას: რუსეთი ეგუება იმას, რომ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტაზე მოხდეს შეთანხმება.

რუსეთზე წინასწარ ვერასოდეს ვერაფერს იტყვი, მაგრამ პუტინის, ლავროვისა და შოიგუს  ეს აქცენტი: ჩვენ შეგვიძლია ომი ევროპასთან, მაგრამ თუ იქნება მშვიდობა, ეს იქნება მშვიდობა ევროპასთან და არა უკრაინასთან. ეს გზავნილები ამ შთაბეჭდილებას ტოვებს: თითქოს რუსეთს იმის წარმოჩენა სურს, რომ მშვიდობა მყარდება ევროპასთან და არა უკრაინასთან.

ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, იკვეთება შემდეგი ტენდენცია: რუსეთი ეგუება იმას, რომ სამშვიდობო პაკეტზე თუ არა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შესაძლებელი გახდეს.

ოლეშკის მაგალითიც ამის კარგი ნიმუშია, საიდანაც ევაკუაცია განხორციელდა მელანია ტრამპის ინიციატივით. ოლეშკი მდებარეობს უშუალოდ ქალაქ ხერსონის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მარცხენა სანაპიროზე.

ეს ქალაქი ომის დაწყებიდანვე ოკუპირებული იყო რუსების მიერ და ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო მუდმივად ორმხრივი დარტყმების ქვეშ იყო. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტა, თუკი მისი გარანტორია წონიანი პიროვნება.

  • ჩანს ამის ტენდენცია, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა სურს? ლავროვის აშშ-ში ვიზიტის დროს რა გამოჩნდა ამ კუთხით? „დიდი ოცეულის“ სამიტზე, აშშ-ში მიწვეულია პუტინიც, მანამდე კი, 10 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება შეხვედრა ომის მხარეების და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის. 

აბუ-დაბიში აქცენტი კეთდება ომისშემდგომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ანუ უკვე ომისშემდგომ გარანტიებზეა საუბარი! ამ მოლაპარაკებებში ჩართული იქნებიან საფრანგეთი და ბრიტანეთი. დღეს ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, ჯარები გააგზავნონ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებიდან ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ერთ თვეში.

ესენი არ იქნებიან უბრალო დამკვირვებლები – ეს იქნება შეიარაღებული ძალების კონტინგენტები, რომელთაც ექნებათ უფლება, რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევაში, უპასუხონ ასევე ცეცხლით.

ამ სამშვიდობო ოპერაციის მხარდაჭერაზე მზადყოფნა უკვე განაცხადა 11-მა ქვეყანამ. მაგალითად, თურქეთი ამზადებს სწავლებას, რომელიც შეეხება მშვიდობიან პერიოდში შავი ზღვის განაღმვას. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია.

მოვლენები გვაჩვენებს, რამდენად ეფექტური იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად იკვეთება.

  • რუსული სოცქსელების მიხედვით, აღარ არის რუსეთში მობილიზაციის პანიკა. რამდენად რეალურია, რომ რუსეთი აღარ აპირებს მობილიზაციას, ჩანს თუ არა მორიგი კამპანიის სამზადისი? 

დიახ, ჩემი დაკვირვებითაც ასეა: მობილიზაციის სამზადისი არ ჩანს. ფრონტის ხაზზე ახლა გვიანი შემოდგომაა – ფოთოლცვენაა, იწყება წვიმების სეზონი. ეს ართულებს დრონებისაგან თავის დაცვას და შენიღბვას. შესაბამისად, ფრონტის ხაზზე აქტიურობა დაქვეითებულია. შემცირებულია, რამაც თავის მხრივ დანაკარგების შემცირებაც გამოიწვია.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს გარდატეხის შეტანა. პირიქით, „ვივალდის ოპერაციის“ შემდეგ მოიხსნა კრამატორსკი-სლავიანსკის ალყაში მოქცევის საფრთხე. რუსები იძულებული გახდნენ, მდინარე ჟერებეცამდე დაეხიათ. ამასობაში, უკრაინელებმა მარჯვენა ნაპირის კონტროლი დაიწყეს. ზოგი წყაროს ინფორმაციით, გადავიდნენ კიდეც მარცხენა სანაპიროზე.

მთლიანობაში, ფრონტზე დიდი აქტიურობა აღარ არის და რუსეთს ამ ეტაპზე შესაძლოა არც სჭირდება მასიური მობილიზაცია. შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 10-15%-ით შემცირებულია კონტრაქტორების რაოდენობა, რომლებიც თავისი სურვილით მიდიან კონტრაქტის გასაფორმებლად.

  • რუსები ძირითადად მაინც საჰაერო დარტყმების იმედად არიან? მაგალითად, ბოლოს ზაპოროჟიეში საჰაერო დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ეს აჩვენებს, რომ საჰაერო თავდაცვის ორგანიზება ისევ უჭირს უკრაინას?

რომ უჭირს, ფაქტია. რატომ ითხოვს უკრაინა „პატრიოტის“ რაკეტების დიდ რაოდენობას? უკრაინა „პატრიოტებს“ იმიტომ ითხოვს, რომ ეს სისტემა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ომი საბრძოლო შესაძლებლობების ლაბორატორიაა და გამოჩნდა, რომ Patriot-ი ყველაზე ეფექტურია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. სხვა სისტემები რეალურად ნაკლებად ეფექტური გამოდგა.

ენერგოობიექტების გარდა რუსებმა თავიანთ ტაქტიკას დაუმატეს ხიდებზე დარტყმები. ახლახან ოდესაში ორ ნაპირს შორის დამაკავშირებელ ხიდზე განხორციელდა იერიში 16 რეაქტიული დრონით.

ცდილობენ, მწყობრიდან გამოიყვანონ ხიდები. კიევში და, ზოგადად, უკრაინაში მდინარეთა განვითარებული ქსელია და ბევრი ხიდია. რუსები ცდილობენ, ამით დაარღვიონ ლოჯისტიკა და კომუნიკაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფრონტის ხაზის მომარაგების თვალსაზრისით.

კიევში შემჩნეულია ასევე გეპარდები ხიდებზე. ჰაერსაწინააღმდეგო თვითმავალი საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებიდან იყენებენ. ყველაზე ეფექტური ეს აღმოჩნდა მაინც დრონების წინააღმდეგ.

უკრაინელებმაც შეცვალეს ტაქტიკა რუსეთის ტერიტორიაზე: თუ მანამდე ერთ მნიშვნელოვან კვანძს არჩევდნენ, ახლა ქარხნის ტერიტორიას ურტყამენ დიდი რაოდენობით ათეულობით დრონის გამოყენებით, რომ მთლიანად საწარმო გამოვიდეს მწყობრიდან და არა მისი რომელიმე ელემენტი.

  • რუსებს მოლოდინი აქვთ, რომ ცივი ზამთარი ამჯერად შესაძლოა გახდეს პირობა კაპიტულაციისთვის? 

კაპიტულაციაზე ნაკლებად. ალბათ უფრო გათვლაა იმაზე, რომ მოლაპარაკებაზე დაიყოლიებს უკრაინას მისთვის სასურველი პირობით. ცხადია, ეს დარტყმები მიმართულია ძირითადად მოსახლეობის განწყობაზე. ხიდების გარდა, ურტყამენ სამგზავრო ავტობუსებს, მატარებლებს და ასე შემდეგ. არ არჩევს მიზანს რუსეთი.

ცინიკური კადრებიც კი გაავრცელეს იუთუბზე, როგორ დაარტყეს ხერსონში ადამიანს, რომელიც ძაღლს ასეირნებს. იღუპება ძაღლი და პატრონიც. ესეც ხომ სამხედრო ობიექტი არ იყო? ესაა რუსებისთვის დამახასიათებელი მოქმედება – ზემოქმედება მოსახლეობაზე, რათა მოსახლეობის განწყობა შეიცვალოს ომის მიმართ.

  • ამასობაში, უკრაინელების დარტყმები რუსეთში რა მასშტაბს აღწევს? 

როგორც კი, ურტყამენ უკრაინელები რომელიმე ობიექტს, ეგრევე ჩნდება რიგები რუსეთში რომელიმე რეგიონის ბენზინგასამართ სადგურებზე. 16 % ნავთობგადამამუშავებელი პროდუქცია იქნა განადგურებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ე.წ. ენერგეტიკული მშვიდობა დასრულდა. იაროსლავის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ დრომდე იწვის.

განცხადება იყო FP7-ის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებაზე, რომელსაც 300 კილომეტრ მანძილზე გადააქვს 200 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა. ძირითადად მაინც დონეცკსა და ლუგანსკიში სამხედრო და ლოჯისტიკის ობიექტებზე იქნება ეს გამოყენებული.

რატომ სჭირდებათ ბალისტიკური რაკეტების გამოყენება უკრაინელებს? ბალისტიკური რაკეტა ჯდება 600 ათასი დოლარი და მის მაგივრად შეუძლიათ გამოიყენონ 50-ათასიანი დრონი, რომელიც იმავე მანძილზე დაფრინავს და ცოტა ნაკლები ოდენობით ტვირთის გადატანა შეუძლია.

საქმე ისაა, რომ ბალისტიკის გადაჭერა გაცილებით რთულია. მის გადასაჭერად ძვირიანი სისტემები უნდა გამოიყენო, რომელთა რაოდენობა ბევრი არ აქვთ არც უკრაინელებს და არც რუსებს.

  • დივერსიულ აქტების გააქტიურებაზეც მინდოდა მეკითხა უკრაინაში: დააკავეს ქალი, რომელიც აცხადებდა, რომ თითქოს საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს უკრაინელებმა და ადამიანებს აწამებდნენ, რაც არ დადასტურდა.

ეს არის პროპაგანდისტული, საინფორმაციო ომი, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება. რუსეთმა მსგავსი ქმედებები გაააქტიურა კიდევ უფრო მეტად.

დიდი ალბათობით დივერსიული აქტებით გააქტიურდება რუსეთი ევროპის მიმართულებითაც. მაგალითად, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კალინინგრადის რაიონში შემჩნეულია საეჭვო ჯგუფები, რომლებიც საზღვრის მახლობლად გადაადგილდებოდნენ. ამის გამო, პოლონეთმა გააძლიერა საზღვრის კონტროლი.

ტუსკისვე ცნობით, შემოდგომის ბოლოდან მოსალოდნელია ევროპაში რუსების ჰიბრიდული დივერსიები, საბოტაჟის გააქტიურება.

დრონების აღმოჩენა იქნება სადმე, თუ ფრენების გაჩერება, კიბერთავდასხმები სურსათის მაღაზიებზე, ცრუ განგაშის შეტყობინებები – რთული დასადგენია, ამას რუსები აკეთებენ, თუ მათი მოკავშირეები, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო.

  • ეს გამიზნულია ევროპის ქვეყნების მოსახლეობის განწყობის შეცვლაზე: ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა რომ შეწყვიტოს? 

დიახ. საქართველოშიც იყო ეს პრობლემა, როცა ლტოლვილების საკითხი ვიღაცაში გაღიზიანებას იწვევდა. განსაკუთრებით პოლონეთსა და გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ეს იწვევს იმ მოსახლეობის გაღიზიანებას, ვინც არაა ჩახედული პოლიტიკაში და თავისი საზრუნავი აქვს.

იგივე ტუსკმა ამ კუთხით თემის გააქტიურების შემდეგ განაცხადა: ვინც ასე ექცევა უკრაინელებს, პოლონეთის მტერიაო.

გერმანიაში მიიღეს წესი, რომლის მიხედვითაც წვევამდელი ასაკის უკრაინელებს არ იღებენ და აგზავნიან უკან. გერმანიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც, რომლებიც წვევამდელი ასაკის არიან, აგზავნიან უკან, უკრაინაში.

რუსეთში შესაბამისად იციან, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამომრჩევლის განწყობაზე. ეს ყველაფერი მიდის არჩევნებამდე, რაც მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რასაც უკრაინა აშშ-გან იღებდა, იყო სტარლინკი და ამერიკული დაზვერვა. ბოლო პერიოდში იყო განცხადებები, რომ სტარლინკის მომსახურებას იღებდა უკრაინა ტექნიკური შეზღუდვის გამოსწორების შემდეგ, თუმცა უკრაინული მხარე აღნიშნავდა, რომ სტარლინკს ფაქტობრივად ვეღარ იყენებენ. რა ხდება ამ კუთხით? 

როგორც უკრაინელებმა განაცხადეს, ამ დროისთვის აღდგენილია სრულად სტარლინკი.

საუბარი იყო სიჩქარის ნაკლებობაზე, რაც საომარი მოქმედებების დროს არის განსაკუთრებით პრობლემაა. ვინც უყურებს კინოს ინტერნეტში, ან ინტერნეტთამაში უთამაშია, ყველამ კარგად იცის, როგორი პრობლემაცაა სიჩქარის ვარდნა.

ამის შემდეგ ხომ მარტივად წარმოსადგენია, რა სირთულეს შექმნის სიჩქარის ვარდნა, როცა დრონის ჩამოგდებაზეა საუბარი და შენი ინფორმაცია გვიან მიდის? ამ დროს ერთდროულად სხვადასხვა დონეზე ინფორმაციის გადაცემას ოპერატორი ვეღარ შეძლებს და იძულებული ხდება, რადიოკავშირი გამოიყენოს.

ამაში სჯობნიდნენ რუსებს უკრაინელები – სწრაფად დანახვაში, ინფორმაციის სწრაფად მიღებასა და შესაბამისად, სწრაფად დაზიანებაში. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო უკრაინელებისთვის. თითოეული ასეთი შეფერხება დამოკიდებულია მებრძოლის, ადამიანის სიცოცხლესთან, საბრძოლო ამოცანის შესრულებასთან.

  • რომ შევაჯამოთ: იკვეთება, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ ემზადება ახალი კამპანიისთვის და უფრო გონივრულია მოლოდინი ცეცხლის შეწყვეტაზე? 

ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლის ველზე ინტენსივობა შემცირებულია და კიდევ უფრო შემცირდება. თოვლზე კვალი ჩანს და გადადგილების მონიტორინგი უფრო კარგად იქნება შესაძლებელი. სითბური ხედვის საშუალებით ასევე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება მოწინააღმდეგე.

ამიტომაც, გაზაფხულამდე ფრონტის ხაზზე აქტიურობა შემცირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჰაერო დარტყმები შემცირდება ორივე ქვეყნის ობიექტებზე, ხიდებსა თუ ლოჯისტიკის ცენტრებზე.

ფაქტია, რომ ის ამოცანა, რაც ჰქონდა დასახული რუსეთის შეიარაღებულ ჯარებს პუტინის მიერ – ნოემბრამდე დაეკავებინათ დონბასი – კვლავ ჩავარდა. ეს იქნება გადატანილი ისევ მომავალი წლისთვის. რუსებმა ვერავითარი უპირატესობა ვერ მოიპოვეს.

პირიქით, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი დარტყმა „ვივალდის ოპერაციის“ შედეგად. ეს შედეგი აჩენს იმის წინაპირობას, რომ შესაძლებელია, უფრო მოქნილი, დამყოლი გახდეს რუსეთის პოზიცია ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს რუსეთის რიტორიკაშიც თითქოსდა გამოჩნდა.

ვერ ვიტყვით, საბოლოოდ, ეს რამდენად სწორი დასკვნაა, ვინაიდან ცვლადია რუსეთის პოლიტიკა და მათი პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩემი აზრით, მაქსიმალურად იქნება აქცენტი გადატანილი ევროპაზე.

  • იმ გათვლით, რომ აი, ევროპელებს თუ უარს ვათქმევინებთ უკრაინის მხარდაჭერაზე, შემდეგ მიზნის მიღწევა უკრაინაში გამარტივდება? 

კი, ამით გაზრდიან ზელენსკიზე ზეწოლას, რომ დათანხმდეს პუტინის პირობებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალ ჯიპში 260 ათასი ლარი გადაიხადა

საკონსტიტუციო სასამართლომ 260 ათას ლარად იყიდა 2026 წელში გამოშვებული Toyota-ს მარკის ჯიპი [Toyota LC300 3.5P Hybrid პაკეტი SE].

დოკუმენტებში ეწერა, რომ 1 ერთეული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროებისათვის“ იყო აუცილებელი.

სასამართლომ ჯიპი ტენდერში გამარჯვებულ „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ იყიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესყიდული ავტომობილი / წყარო: მიღება-ჩაბარების აქტი

1 ჯიპის შესყიდვაზე ტენდერი საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 9 სექტემბერს 294 ათას 194 ლარით გამოაცხადა.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ კი ხელშეკრულება 2026 წლის 29 სექტემბერსაა დადებული.

„სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)…“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით არ ჩანს, თუ როგორი ფერის ავტომობილი იყიდა საკონსტიტუციო სასამართლომ.

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულია „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა, თუმცა სასამართლომ თავისი საიუბილეო ღონისძიებების გამო საქმის განხილვა 9 ნოემბრისთვის გადადო. 5 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კი სასამართლო კონფერენციას მართავს.

ამ თემაზე:

„ამასობაში ფარულად მოსამართლესაც მოუსმინეს“ – მოსმენების საქმე 7 წელზე მეტია თაროზე დევს

ზამთრის საბურავები ახლა თუ მოგვიანებით? საბურავები ონლაინ ერთ სივრცეში

ყოველი წლის ამ პერიოდში მძღოლების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე საქმეს აგვარებს – ზამთრის საბურავებს ეძებს. ადრე ამისთვის მაღაზიებსა და ბაზრობებზე სიარული იყო საჭირო, დღეს კი საბურავები ონლაინ უფრო ხშირად იძებნება პლატფორმებზე, სადაც სხვადასხვა მომწოდებლის განცხადება ერთადაა თავმოყრილი. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა saburavebi.ge, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ საბურავების ყიდვა-გაყიდვა საქართველოში უფრო სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდეს. აქ ახალი და მეორადი საბურავების გამყიდველები და მყიდველები ერთ სივრცეში ხვდებიან, საბურავები კი მსუბუქი ავტომობილების, ჯიპების, მინივენებისა და სხვა ტრანსპორტისთვისაა წარმოდგენილი.

საბურავების კატალოგი: ძიება ზომით, ბრენდით, ფასითა და მდგომარეობით

საბურავების კატალოგში ძიება ზომიდან შეიძლება დაიწყოს, მაგალითად 225/65 R17, სამ პარამეტრს აერთიანებს: სიგანეს მილიმეტრებში (225), სიმაღლეს სიგანის პროცენტულ მაჩვენებლად (65) და დიამეტრს დიუიმებში (17). იგივე სამი პარამეტრი ცალ-ცალკე იფილტრება კატალოგშიც, R12-დან R24-მდე. ზომის გარდა, ძიება შემდეგი კრიტერიუმებითაც შეიძლება:

  • სეზონი: ზამთრის, ზაფხულის ან ყველა სეზონის საბურავები;
  • ბრენდი: ოცზე მეტი მწარმოებელი, მათ შორის Michelin, Pirelli, Continental, Bridgestone, Lassa, Nokian და Hankook;
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია, იაპონია, ფინეთი, კორეა, თურქეთი და სხვა;
  • ფასი და წელი: ფასის დიაპაზონი და გამოშვების წელი;
  • მდგომარეობა და გამყიდველის ტიპი: ახალი, მეორადი ან რესტავრირებული საბურავი; გამყიდველი კერძო პირი, დილერი ან მაღაზია.

ზამთრის საბურავები: როდის ღირს შეძენა?

ზამთრის საბურავის მთავარი განსხვავება რეზინის ნაერთშია: ის დაბალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს ელასტიურობას, ზაფხულის საბურავი კი სიცივეში ხისტდება და მოჭიდების ნაწილს კარგავს. ამიტომ ზამთრის საბურავების საჭიროება მხოლოდ თოვლზე არ არის დამოკიდებული – განსხვავება ცივ და სველ გზაზეც იგრძნობა. გავრცელებული წესით, გადასვლა მაშინ ღირს, როცა ტემპერატურა სტაბილურად +7 გრადუსზე დაბლა ეცემა. საქართველოში ზამთრის გზები ერთგვაროვანი არ არის: ქალაქში მთავარი გამოწვევა დილის ყინვა და სველი ასფალტია, მთიან მარშრუტებზე – თოვლი და ყინული. ამიტომ ზამთრის საბურავები ორივე შემთხვევისთვის სასარგებლოა, ძიების ადრე დაწყება კი შედარებისთვის მეტ დროს ტოვებს.

ახალი და მეორადი საბურავები: არჩევანი ყველა ბიუჯეტისთვის

saburavebi.ge-ზე საბურავების არჩევანი ერთ ფასის კატეგორიას ან ერთ ბრენდს არ ეყრდნობა: ის მრავალფეროვანია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთსა და იმავე ზომაზე ახალი საბურავიც შეიძლება მოიძებნოს და მეორადიც. კატალოგში თავმოყრილია Michelin, Pirelli და Continental, ასევე Lassa, Hankook, Nexen და სხვა ბრენდები, ამიტომ მყიდველს საკუთარი ბიუჯეტისა და მოთხოვნების მიხედვით შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

საბურავები იაფად: ბიუჯეტური ვარიანტები და ფასის სწორად წაკითხვა

განყოფილება საბურავები იაფად ბიუჯეტურ შეთავაზებებს აგროვებს და ფასის ფილტრითაც ადვილად იძებნება. აქ განცხადებები ძირითადად 100-დან 500 ლარამდე ფასით არის წარმოდგენილი, მათ შორისაა თითქმის ახალი საბურავებიც. დაბალი ფასი ავტომატურად უხარისხო საბურავს არ ნიშნავს – ის ხშირად ზომაზე, ბრენდსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განცხადების ფასის ზუსტად წაკითხვა: ერთ შემთხვევაში 100 ლარი ერთ საბურავს შეიძლება ეხებოდეს, მეორეში კი 270 ლარი ოთხივე საბურავის კომპლექტს. ბიუჯეტზე ორიენტირებულმა მყიდველმა ფასის შედარებისას საბურავის ბრენდი, ასაკი და პროტექტორის მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს.

რატომ საბურავები ონლაინ?

ზამთრის სეზონისთვის აუცილებელ სამზადისს saburavebi.ge მნიშვნელოვნად აადვილებს: ფილტრები ძიებას კონკრეტულ ზომასა და სეზონზე ავიწროებს, ახალი და მეორადი საბურავები ერთ კატალოგშია, ფასების შედარებაც ერთ ადგილას ხერხდება. მძღოლისთვის, რომელიც ზამთრის საბურავებს ეძებს, ბუნებრივი საწყისი წერტილია ზამთრის საბურავების განყოფილება, ბიუჯეტზე ორიენტირებულისთვის – მეორადი საბურავები და საბურავები იაფად. ამ მიზეზების გამო saburavebi.ge საბურავების შესაძენად პრაქტიკული და მოსახერხებელი არჩევანია, განსაკუთრებით სეზონის დასაწყისში, როცა ვარიანტების დროულად შედარებას აქვს მნიშვნელობა.

უნგრეთში გახსნეს კომუნისტური პერიოდის აგენტების საიდუმლო არქივები

უნგრეთმა კომუნისტური წარსულის გამოაშკარავებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა –  ხელისუფლებამ ყოფილი სადაზვერვო სამსახურების არქივები საჯარო წვდომისთვის გახსნა.

ეს არქივები შეიცავს ინფორმაციას ათიათასობით ინფორმატორის შესახებ, რომლებიც კომუნისტური მმართველობის დროს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.

4 ნოემბერს უნგრეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ისტორიულმა არქივმა თავის ვებგვერდზე დაახლოებით 60 000 ყოფილი ინფორმატორის ჩანაწერები გახადა საჯარო,

„1945-1990 წლებში მოქმედი პოლიტიკური პოლიცია საზოგადოების კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო. ამ პროცესში ჩართული იყო მრავალი ადამიანი. მათ ხშირად აგენტებს უწოდებენ. ჩვენი მიზანია, რომ ახლა გამოქვეყნებული წყაროების დახმარებით, ფართო საზოგადოებამ გადადგას პირველი ნაბიჯი უახლოესი წარსულის შესახებ ცოდნის მისაღებად“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

უნგრული მედიის ცნობით, არქივები 4 ნოემბერს, 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის საბჭოთა კავშირის მიერ ჩახშობის წლისთავზე გაიხსნა.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ე.წ. აგენტების ფაილების გახსნისკენ, რაც დიდი ხნის მოთხოვნა, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ მთავრობებმა ვერ შეასრულეს“ – წერს გამოცემა Daily News Hungary.

ამჟამად ხელმისაწვდომია ისტორიული ჩანაწერების სამი ტიპი:

მონაცემთა ბაზა – აგენტურული ქსელის რეესტრი, რომელშიც დაახლოებით 55 000 ადამიანის სახელი და ძირითადი მონაცემებია დაფიქსირებული. ეს პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ყურადღების არეალში მოხვდნენ. ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მათ ფსევდონიმს, გაფორმების (გადაბირების) საქმის ნომერს, სამუშაო ადგილსა და სხვა პირად მონაცემებს. თუმცა, ეს მონაცემთა ბაზა არასრულია და არ შეიცავს უშუალოდ საინფორმაციო შეტყობინებებს (ანგარიშებს) ან ფოტოებს.

„B“ რეესტრები, რომლებიც 1957-1962 წლებს მოიცავს და დაახლოებით 25 000 ადამიანის მონაცემებს შეიცავს — იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში საქმეები გაიხსნა.

და „ფორმა 6“ ბარათები, რომლებიც უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა, მათ შორის: პირად მონაცემებს, პროფესიას, სამუშაო ადგილს, დაბირების თარიღსა და იმ საფუძვლებს, რის გამოც პირი გადაიბირეს. ასევე შესაძლოა მითითებული იყოს, თუ რამდენ ხანს ირიცხებოდა პირი სახელმწიფო უსაფრთხოების აღრიცხვაზე და რომელი ოფიცერი კურირებდა მის გადაბირებას.

უნგრული მედია ასევე წერს, რომ ფაილებში ადამიანის სახელისა და გვარის ყოფნა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სპეცსამსახურების აგენტი იყო, რადგან დოკუმენტები მოიცავს ადამიანთა განსხვავებულ კატეგორიებს, რომლებიც კომუნისტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ზოგიერთი მათგანი გადაიბირეს და ისინი აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაციას სპეცსამსახურებს; სხვები კი ეწინააღმდეგებოდნენ გადაბირების მცდელობებს, არასდროს წარუდგენიათ ანგარიშები, ან აწვდიდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება უსარგებლოდ მიიჩნევდა. ზოგიერთი პირი უბრალოდ აღრიცხვაზე აიყვანეს, რადგან ისინი უსაფრთხოების სამსახურებისთვის ინტერესს წარმოადგენდნენ.

რაც შეეხება ინფორმატორების მიერ ადამიანების შესახებ დაწერილი რეალურ ანგარიშებს – ეს მონაცემთა ბაზაში არ გამოქვეყნდება. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს აუცილებელია თვალთვალის მსხვერპლთა დასაცავად, რათა არ გასაჯაროვდეს მათი პირადი მონაცემები და კერძო ცხოვრების დეტალები, თუმცა, დაზარალებულ პირებსა და მათ ნათესავებს შეუძლიათ, არქივებიდან მოითხოვონ წვდომა შესაბამის დოკუმენტებზე.

უნგრული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მადიარმა განაცხადა, რომ მთავრობა 1990 წლის დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის ხარვეზს ასწორებს. მან 4 ნოემბერს, ბრიფინგზე, ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტების გასაჯაროების პროცესი ღირსეულად და ჰუმანურად უნდა წარიმართოს და ამავდროულად, აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების წარსული სოციალურ ტრავმას წარმოადგენს, რომელიც უნდა გამოაშკარავდეს, რათა შესაძლებელი გახდეს შერიგების პროცესის დაწყება.

მადიარმა ასევე განაცხადა, რომ გადაბირების დოსიეებისა და დარჩენილი მონაცემების დამუშავება და ატვირთვა დასრულდება 2027 წლის 25 თებერვალს – უნგრეთში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50 და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა.

ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული,“ – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვართან დაკავშირებული კონკურსის გამო მუნიციპალურ ფონდს მესამედ უჩივლეს

ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებული კონკურსის გამო, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „დვ დეველოპმენტმა“ დავების განხილვის საბჭოში უკვე მესამედ უჩივლა.

შპს „დვ დეველოპმენტის“ პირველი საჩივარი საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მეორე საჩივარი კი – სრულად.

ამჯერად კომპანია ფონდის საკონკურსო კომისიის იმ გადაწყვეტილებას [ოქმი N7] ასაჩივრებს, რომლითაც კონკურსი კომისიამ უკვე მეორედ შეწყვიტა.

  • რა ხდება

ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამარჯვებულად შპს „ნს სტუდიო“ გამოავლინა, თუმცა ფონდს, როგორც აღვნიშნეთ, კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ დავების განხილვის საბჭოში უჩივლა.

დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ დაავალა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ კონკურსი საერთოდ შეწყვიტა [სხდომის ოქმი N6].

კონკურსის შეწყვეტაზე ფონდის საკონკურსო კომისიის ოქმი N6-ით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება „დვ დეველოპმენტმა“ მეორე საჩივრით მოითხოვა, რაც დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა.

„დაევალოს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საკონკურსო კომისიას 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომის №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – წერია საბჭოს 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში.

ამის შემდეგ, როგორც შესყიდვების პორტალზე გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ჩანს, მუნუციპალური განვითარების ფონდმა 23 ოქტომბერს შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა, რათა შეწყვეტილი კონკურსის სტატუსი შერჩევა/შეფასების ეტაპზე დაებრუნებინა.

იმავე წერილით, ფონდმა სააგენტოს დამატებით გაუგზავნა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N7, რომლის საფუძველზე კომისიამ კონკურსი მეორედ შეწყვიტა. კონკურსის შეწყვეტის ეს ოქმიც 23 ოქტომბრითაა დათარიღებული.

„საბჭოს გადაწყვეტილებით №6 ოქმი გაუქმდა, რადგან არ შეიცავდა შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს და კონკრეტულ გარემოებებს.

2026 წლის 23 ოქტომბრის №7 ოქმით შემსყიდველმა [კონკურსს შეწყვეტის მიზეზად] მიუთითა, რომ „კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა საპროექტო არეალის ცვლილების საჭიროება“, რომელსაც „შესაძლოა“ ჰქონდეს გავლენა ტექნიკურ დავალებაზე და განაცხადა გეგმა – „არეალის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში, განახლებული პირობებით კონკურსის გამოცხადება“.

№7 ოქმი უკანონოა, რადგან შეწყვეტის საფუძველი არც „წინასწარ გაუთვალისწინებელი“ იყო, არც „შემსყიდველისგან დამოუკიდებელი“ და არც „აუცილებელი“, – წერია „დვ დეველოპმენტის“ მესამე საჩივარში.

„არეალის დაზუსტებაში“ აქ იგულისხმება მდინარე ჭოროხის დელტაში ადგილი, სადაც კონკურსის პირობის მიხედვით შესაძლოა საფეხმავლო ხიდი დაპროექტდეს.

„2026 წლის 23 ივლისს, წინადადებების მიღებამდე, კითხვა-პასუხის რეჟიმში შპს „გეშერ კონსტრაქშენმა“ შემსყიდველს პირდაპირ მიუთითა საპროექტო არეალის ხარვეზზე: „თქვენს მიერ წარმოდგენილ გენგეგმაზე არ არის მონიშნული მდ. ჭოროხზე საქვეითო სახიდე გადასასვლელი…

24 ივლისს შემსყიდველმა [ეკა ეზუგბაია] წერილობით უპასუხა: „საკონკურსო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია მხოლოდ საორიენტაციო არეალი. მდ. ჭოროხზე საქვეითო სახიდე გადასასვლელი… შესაბამისად, კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლებელია არეალის დაზუსტება/ცვლილება“.

შემსყიდველმა საკონკურსო პირობები არ შეცვალა და კონკურსი არსებული არეალით გააგრძელა.

არეალის ცვლილების შესაძლებლობა შემსყიდველმა თავად დააფიქსირა წერილობით [კონკურსში] წინადადებების მიღებამდე, შეფასებამდე და გასაჩივრებებამდე. მან უპასუხა, რომ არეალი „საორიენტაციოა“ და „კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლებელია არეალის დაზუსტება/ცვლილება“.

შესაბამისად, №7 ოქმში მითითებული „საპროექტო არეალის ცვლილების საჭიროება“ არ არის „კონკურსის მიმდინარეობისას გამოკვეთილი“ ახალი გარემოება. ეს ისეთი საკითხია, რომელიც კონკურსის მონაწილემ წინასწარ დასვა, ხოლო შემსყიდველმა შეაფასა, უპასუხა და გადაწყვიტა კონკურსის გაგრძელება უცვლელი პირობებით…

შემსყიდველი ამტკიცებდა, რომ რელიეფის, დელტისა და ჰიდროლოგიური რეჟიმის საკითხები „სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე“ წყდება, ხოლო წინასაპროექტო კვლევა [ტოპოგრაფიული, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები] შესყიდვის საგანში შედის… ეს ადასტურებს, რომ კვლევების შედეგად არეალის დაზუსტება თავიდანვე იყო გათვლილი ხელშეკრულების ჩვეულებრივ ეტაპად.

ერთსა და იმავე გარემოებას შემსყიდველი ერთ დავაში ახასიათებს ჩვეულებრივ, სახელშეკრულებო საკითხად, ხოლო მეორეში – კონკურსის გაგრძელების დაუძლეველ დაბრკოლად. ამიტომ ვითხოვთ ოქმი N7 ის გაუქმებას“ – წერია „დვ დეველოპმენტის“ მესამე საჩივარში.

აღნიშნული საჩივარი დავების საბჭოში განხილვის ეტაპზეა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს კი ხელახალი კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

მთავარი ფოტო: საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / რენდერი / „დვ დეველოპმენტის“ კონცეფციიდან

ამ თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა.

„ასევე, ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაუპატიურების ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი)) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 599 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 380. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 454 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 643 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 51 902 ერთეული [+23]
  • MLRS – 2 254 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 738 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 596 221 ერთეული [+1 163]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 077 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 170 256 ერთეული [+375]
  • სპეცტექნიკა – 4 873 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 192 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონები რუსეთში „ოზონის“ ცენტრს დაესხნენ თავს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა იცვლება ტრამპის დამარცხებით? – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების ფორმულა მარტო იმაში კი არ არის, რესპუბლიკელები იგებენ თუ აგებენ. მან, განსხვავებით ყველა სხვა წინა პრეზიდენტისგან, შექმნა „ტრამპიზმი“ – ასეთი მოვლენა გააჩინა. ეს ტრამპიზმი დღეს არ დამარცხებულა და ის მარტო ამერიკაში აღარ არსებობს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, რომელსაც აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგებზე ვესაუბრეთ, ასევე, ევროკომისიის ახალ ანგარიშსა და ბრიუსელში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ მორიგ ანტიდასავლურ განცხადებებზე.

„ეს იყო პირველი ღია, საჯარო გამოსვლა საქართველოდან ბრიუსელში, რომლითაც, პრინციპში, უარი ითქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს არ იყო ნათქვამი მხოლოდ „იმედის“ მაყურებლისთვის. ამჯერად, ეს მოვისმინეთ ბრიუსელში. პირდაპირ, ღიად, სრულიად ღია ტექსტით ითქვა უარი,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.

„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია.

  • ქალბატონო თინა, წინასწარი მონაცემებით, დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში გაიმარჯვეს და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდში კონგრესზე სრული კონტროლი მოიპოვეს. რა მოლოდინი იქნებოდა გონივრული, როცა უკვე გამოჩნდა ამერიკელი ამომრჩევლის კრიტიკული დამოკიდებულება, მათ შორის, ტრამპის მიერ შეცვლილ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე?

ამ არჩევნებში მთავარია ის, რომ ამერიკელმა ხალხმა აირჩია დემოკრატია. მათ დემოკრატებს კი არ მისცეს ხმა, არამედ აირჩიეს დემოკრატია. თქვეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ხელისუფლების დანაწილება, კონტროლი ხელისუფლების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ანგარიშვალდებულება, რომ მიუღებელია ერთპარტიული მმართველობა.

ჩვენ, ქართველები, არც დემოკრატები ვართ და არც რესპუბლიკელები – პარტიულად ვამბობ. მთავარი ის არის, თუ როგორი იქნება პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ჩვენი რეგიონის მიმართ, ამავდროულად – რუსეთის მიმართ.

ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ზუსტად ეს იყო. დღეს მთელ მსოფლიოში ავტორიტარები ამაყად საუბრობენ – „ქართული ოცნების“ ჩათვლით – თითქოს ტრადიციული დემოკრატიული სისტემის კრიზისია, ლიბერალური დემოკრატია გარდაიცვალა. ცდილობენ, ეს როგორც შემდგარი ფაქტი, ისე მოგვასაღონ. მათ ამის მთავარ არგუმენტად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავდათ და ამბობდნენ, რომ აი, ლიბერალური დემოკრატიის ციტადელშიც კი, გამოემშვიდობა ხალხი ლიბერალურ დემოკრატიასო.

თინა ხიდაშელი

არჩევნების შედეგებმა კი აჩვენა, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელეა. გამოჩნდა, რომ ლიბერალური დემოკრატია მყარად დგას. ის ადამიანები და საზოგადოებები, რომლებიც მიჩვეული არიან ასეთ რეჟიმში ცხოვრებას და იციან, რა სარგებელი მოაქვს დემოკრატიას, იბრძვიან დემოკრატიის გადასარჩენად.

ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ამერიკის არჩევნებიდან, ასევე, სულ ცოტა ხნით ადრე – სერბეთში მომხდარი ამბებიდანაც.

  • აშშ-ს, როგორც გლობალურად დემოკრატიის დამცველის მიმართ, გაჩნდა სკეპტიკური ხედვა, ტრამპის რიტორიკის შესაბამისად. უნდა ველოდეთ ამის შემოტრიალებას? 

ამერიკაში ლიბერალური დემოკრატიის დაკნინებას პრეზიდენტი ტრამპი ხელს უწყობს იმით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისეთი თემები, რომლებიც მანამდე ითვლებოდა, რომ საყოველთაოდ შეთანხმებული იყო და ამაზე აღარ ვკამათობდით, მაგალითად, სიტყვის თავისუფლებაზე არავინ კამათობდა, ან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ხელისუფლების შტოები რომ ერთმანეთს უნდა აკონტროლებდნენ, იმაზე, რომ თანამედროვე ცივილიზაციები სწორედ ასეთ დემოკრატიულ წყობაზე უნდა ყოფილიყო დამყარებული.

ამ ყველაფერს დიდი კითხვის ნიშნები დაესვა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ამას ერთგვარი გადამდები ეფექტი ჰქონდა იმ ქვეყნებისთვის, სადაც დემოკრატიული მმართველობა და ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა და უფრო ადვილად მსხვრევადი. რა თქმა უნდა, ყველანაირი ტიპის პოპულისტების მიერ ხდებოდა იმ პროცესის სრულფასოვანი მანიპულაცია და ინსტრუმენტალიზაცია – რაც რიტორიკულად მიმდინარეობდა ამერიკაში.

დღეს კი დავინახეთ, რომ ეს მხოლოდ რიტორიკის ნაწილი იყო და ამერიკულ საზოგადოებას სინამდვილეში ძალიან მყარი საფუძველი აქვს. ამიტომაც, რიტორიკის იქეთ ვერ წავიდა ეს ამბავი. როგორც კი, პირველი შესაძლებლობა გაჩნდა, მაშინვე ბალანსი აღდგა. იმედი მაქვს, ამას გადამდები ეფექტი ექნება დიდ ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც არჩევნები წინაა და გარკვეული საფრთხეები არსებობს პოპულისტური, ავტორიტარული ძალების მოსვლის.

  • კვლევების მიხედვით, ტრამპის რეიტინგის შემცირების მთავარი ფაქტორი ეკონომიკა იყო – გაზრდილი ფასები. არჩევნების ეს შედეგი იყო პასუხი ტრამპის რიტორიკაზე? 

რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი სიტყვა ამ არჩევნებში იყო affordability, ანუ ხელმისაწვდომობა. ეს მოიცავდა ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე, ყოველდღიურ პროდუქტებზე, ნავთობპროდუქტებზე, განათლების ხელმისაწვდომობას და ასე შემდეგ.

საოცარი სისწრაფითა და ტემპით იზრდებოდა ფასები ამერიკაში, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგარეო ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული – ბოლო წვეთი აღმოჩნდა ომი ირანში. ამერიკელი ამომრჩევლისთვის ადვილად დასანახი გახდა: რა გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საგარეო-პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმაც მოახდინა გავლენა.

  • ტეხასში 1988 წლის შემდეგ პირველად მოიგეს არჩევნები დემოკრატებმა შუალედურ არჩევნებში, თანაც მასკი იყო ჩართული რესპუბლიკელი კანდიდატის კამპანიაში… 

ეგ კი არა, არის შტატები, სადაც გასული საუკუნის 30-იანი წლების მერე არ მოუგიათ დემოკრატებს და იქაც მოიგეს.

ტეხასის მნიშვნელობა იმაშია, რომ იქ ილონ მასკმა უზარმაზარი რესურსი ჩადო რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვებაში. რესპუბლიკელი კანდიდატი პირდაპირ იყო მისგან წყალობამიღებული. ამიტომაც, გამოცხადდა ერთგვარ ღირსების ბრძოლად იმ ამერიკის წინააღმდეგ, რომელიც დგას მხოლოდ ფულზე და არ გააჩნია ღირებულებები.

  • ტეხასის შემთხვევამ აჩვენა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებ მხოლოდ ფულით – მასკის ფინანსებმაც კი ვერ უშველა კანდიდატს, რომ მას არჩევნები მოეგო? 

შეიძლებოდა რესპუბლიკელებს მოეგოთ თუნდაც იმ ერთი მანდატით, რომელიც სჭირდებოდათ სენატში უმრავლესობისთვის, ან იმ ოთხი მანდატით, რომელიც სჭირდებოდათ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის. ამის ნაცვლად, მივიღეთ მოცემულობა, როცა დღეს ამერიკული მედია წერდა „ლურჯ ტერორზე“ – ლურჯმა ფერმა [დემოკრატების ფერი] წალეკა ამერიკაო.

ასეთ ამბავზე შეიძლება თქვა, რომ აი, ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ბევრ შტატში ისტორიულ რეკორდზე გავიდნენ აქტივობის მაჩვენებლით.

ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხმა საფრთხე დაინახა და ვეღარ მისცა თავს უფლება, სახლში დარჩენილიყო. როდესაც ასეთი აქტივობაა, იქ რთულია, რამე სხვა გახდეს გადამწყვეტი.

  • საქართველოშიც უშვებთ, რომ იგივე მოხდება, თუ ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა იქნება? 

დიახ. 2020 წლის არჩევნებზეც მაგას ვამბობდით და 2024-შიც, რომ ამომრჩევლის აქტიურობა გადამწყვეტია. 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში ეს მოხდა.

  • მაგრამ 2028 წლის არჩევნებზე საქართველოში პრაქტიკულად აღარ გვეყოლება ოპოზიციური პარტიები. მაინც უშვებთ, რომ ამომრჩეველს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას? 

ოპოზიციური პარტიები იქნება აკრძალული, ხალხი ხომ არ გაქრება? ამას წინათ, ეთერში დავით უსუფაშვილი იხსენებდა: 1990 წლის არჩევნებზე პარტიები, რომლებიც გავიდნენ არჩევნებზე „კომუნისტური პარტიის“ გარდა, არცერთი არ იყო რეგისტრირებული, როგორც პარტიაო. ბიულეტენში მოხვდნენ იმიტომ, რომ ის რეალობა დადგა არჩევნების წინ, რაც დადგა.

მაშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც დავით უსუფაშვილი მუშაობდა იურიდიული სამსახურის უფროსად, არეგისტრირებდა, როგორც საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ არა, როგორც პარტიებს.

თუ გააუქმებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიებს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ამის გამო კი არ უნდა ვიტიროთ – უნდა ჩავთვალოთ, რომ ისტორიის ეს ფურცელი გადავშალეთ, წინ უნდა წავიდეთ და იმაზე ვილაპარაკოთ: ხვალ რომ გათენდება დილა და ეს პარტიები აიკრძალება, გეგმა რა არის? ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გვეუბნება: არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა არ იქნება, თუკი ვითარება შეიქმნება ისეთი, რომ „ოცნება“ დაინახავს, რომ გარდაუვალია პროცესი.

ფული, დეზინფორმაცია, სხვადასხვა მანიპულაცია, არჩევნების შედეგების მოპარვა, ძალადობა, პოლიციის გამოყენება და ასე შემდეგ – ეს ყველაფერი მუშაობს მანამ, სანამ ამომრჩევლის რაოდენობა არ მიაღწევს იმ ზღვარს, რომლის იქითაც აღარ ყალბდება. არსებობს ზღვარი, რომლის მერე აღარ ყალბდება, რადგან ხელისუფალიც ხედავს: ამ ფონზე თუ არ აღიარა, მერე გაცილებით უარესი იქნება მისი ხვედრი. ხვდება, რომ წალეკავს ეს ტალღა – პირდაპირი მნიშვნელობით წალეკავს.

ეს მოხდა, მაგალითად, 2012-ში. პირველი ოქტომბრის ღამის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებდა ხელისუფლების დათმობას და იგი არსად წასვლას არ გეგმავდა, მაგრამ მისული ამომრჩევლის რაოდენობამ გადაწყვიტა ყველაფერი. მისული ამომრჩევლის რაოდენობამ დაანახა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წალეკავდა მას ეს ხალხი. ამიტომ წავიდა კომპრომისზე.

რაც მოიპარა, მოიპარა, მაგრამ იმის მერე უკვე მიხვდა, რომ უნდა ეღიარებინა შედეგი, რომელიც დადგა, თორემ არჩევნების შედეგი, რაც დაიწერა 2012 წელს, ის ნამდვილი შედეგი კი არ იყო – გაცილებით უფრო დიდი შედეგით მოიგო მაშინ „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ, რაღაც დონეზე შეძლო გაყალბება და მერე დაინახა, რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

ეს ვერ მოხდა ვერც 2020-ში და ვერც 2024-ში. ამომრჩევლის აქტივობა არ იყო იმ მასშტაბის და სიმძლავრის, რომელიც შეაშინებდა „ქართულ ოცნებას“ – როგორც მოხდა, მაგალითად, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წინა დღეებში გვახსოვს, რა განცხადებებსაც აკეთებდა ტრამპი, მაგრამ აქტივობა რომ ნახა, სადღაც შუადღიდან უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს დემოკრატებთან. გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო სწორედ პრეზიდენტი ტრამპი და არა ვინმე დემოკრატი, რომელმაც მიულოცა დემოკრატებს გამარჯვება.

  • თქვენი დაკვირვებით, რამდენად იქონიებს ტრამპის ეს მარცხი გავლენას უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე 2028 წელს?

ალბათ ყველა ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა იქონიებს გავლენას და ლოგიკურია, რომ ასე ფიქრობენ, მაგრამ წინ ორი წელია და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დინამიკური კაცია. ვნახოთ, რა არის მისი „გეგმა B“ და რას შემოგვთავაზებს.

პრეზიდენტი ტრამპის გამარჯვების ფორმულა მარტო იმაში კი არ არის, რესპუბლიკელები იგებენ თუ აგებენ. მან, განსხვავებით ყველა სხვა წინა პრეზიდენტისგან, შექმნა „ტრამპიზმი“ – ასეთი მოვლენა გააჩინა.

ტრამპიზმი დღეს არ დამარცხებულა და ის მარტო ამერიკაში აღარ არსებობს. ტრამპიზმი იყო ორბანის მმართველობა ევროპაში. ტრამპიზმია ბევრი პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა გამოჩნდა დიდ ევროპულ ქვეყნებში და ჭიდაობენ სერიოზულად გამარჯვებისთვის მომავალ არჩევნებში. ეს არის მიმდინარეობა.

რას აკეთებს, საფრთხეა თუ არ არის – ეს მეორე თემაა, რაც მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თავისთავად ფენომენზე ვლაპარაკობ, რომ დონალდ ტრამპში აღარ არის საქმე. დონალდ ტრამპი არც იქნება 2028 წლის არჩევნებში ბიულეტენში. ამ ორი წლის განმავლობაში გამოჩნდება, ეს ფენომენი – ტრამპიზმი გადარჩება თუ ვერა;

თავად „რესპუბლიკური პარტია“ დარჩება ტრამპიზმის რელსებზე და მისი ერთგული, თუ გადაწყვეტს, რომ – პირობითად რომ დავარქვათ – რეიგანის რესპუბლიკანიზმთან დაბრუნების დროა?

  • აშშ-ს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომზეც? 

მსოფლიოში რუსეთის დამარცხებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ამ წუთას ამერიკის შეერთებული შტატების შიდაპარტიული პოლიტიკისთვის.

ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მრავალსაფეხურიანია ეს პროცესი. ღრმა და მყარი ფუნდამენტი შეუქმნა ამას დონალდ ტრამპმა თავისი მმართველობით, რომ ერთი რომელიმე თემა არ იყოს გადამწყვეტი და ინდივიდუალურად შემძლე მარცხის ან გამარჯვების.

  • საქართველოსთან მიმართებით შეიძლება ველოდეთ ცვლილებებს? 

საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირი მნიშვნელობით არაფერი არ შეიცვლება – ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისევ იგივე ხალხია და იგივე მმართველობაა, რომელიც დღეს დილამდე იყო.  სანქციებზე ვისაუბრებთ, საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ თუ სხვადასხვა ტიპის დახმარების ან განვითარების ბიუჯეტზე, ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფო დეპარტამენტზე, მარკო რუბიოზე და პრეზიდენტ ტრამპზე გადის.

როგორც ვიცი, ჯო უილსონმა მოიგო არჩევნები. მისმა შვილმაც მოიგო გუბერნატორის არჩევნები სამხრეთ კაროლინაში. ასე რომ, საქართველოს თემის ჩემპიონები შესაძლოა კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შესაძლოა, კონგრესიდან უფრო მეტი ხმაური იყოს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ისევ აღმასრულებელთან არის.

  • ბოლოს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე მინდა გკითხოთ, სადაც ჩაწერეს, რომ „საქართველო მხოლოდ სახელით რჩება ევროკავშირის კანდიდატად“. ეს არაა ახალი ამბავი, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაში რა აჩვენა თქვენთვის ირაკლი კობახიძის პოზიციებმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე? 

ვიცი, რომ საზოგადოებას არ მოეწონება, რასაც ვიტყვი: ვნახე დღეს სოციალურ მედიაში საერთო სახალხო აჟიტირება და ბედნიერება. სიმართლე რომ გითხრათ, კარგად ვერ ვხვდები, რა უხარიათ. ჟურნალისტის მიერ – როგორც ახლა პოპულარულია თქმა – „სახის ახევა“ კობახიძისთვის თუ არის ჩვენი ბედნიერებისთვის საკმარისი – კი ბატონო, ეს ვნახეთ. მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიღებ ამით მაინცდამაინც ბედნიერებას.

მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ძალიან მწყობრი „ლოგიკა“. მან თქვა ყველაფერი, რისი თქმაც და რის გაგონებაც უნდოდა მის პატრონს. მან ტოლობის ნიშანი გააკეთა ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამის შემდეგ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!

წარმოიდგინეთ, საქართველოს მმართველი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობს – იმ ქვეყნის, რომლის ჯარისკაცებიც ათეული წლების განმავლობაში ევროკავშირის დროშის ქვეშ იბრძვიან მალიში, თუ ცენტრალურ აფრიკაში; საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც 30 წელია იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რომელიც ჩემპიონი და სანიმუშო მაგალითი იყო მთელ რეგიონში ევროპასთან დაახლოებისთვის ბრძოლაში. აი, ამ ქვეყნის მეთაური ჩადის ბრიუსელში და ამბობს: საბჭოთა კავშირშიც ვიყავითო და იქ რაღაცები ხდებოდაო, ტოლობის ნიშანს აკეთებს.

ეს რა დონის დეგრადაციაა ჩვენი, როგორც ქვეყნის?! რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გახდა ის პრემიერ-მინისტრი, მას ვაღიარებთ ჩვენ თუ არა, ქუჩაში აქცია გვაქვს თუ არა? Euronews-ს უყურებს მილიონობით ადამიანი და იმ ადამიანების ალბათ 1%-მა იცის, რა ხდება საქართველოში.

მილიონობით მაყურებელმა წაიკითხა ტიტრი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, და აი, ასე საუბრობდა! ეს იყო კატასტროფა, აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი ამაში არ იყო არც სასიამოვნო და არც საინტერესო. მან თქვა, რომ არავითარი გეგმა არ აქვს, რომ ევროკავშირმა აქეთ უნდა მოიხადოს ბოდიში, ჩვენ არაფერი გასაკეთებელი არ გვაქვსო, ანუ არავითარი დაშვებაც კი არ გააკეთა იმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რამის გასაკეთებლად არიან მზად.

მოკლედ, სრული პაკეტით და სრული სვლით ასიამოვნა თავისი პატრონები მოსკოვშიც და შუშის სასახლეშიც.

  • რაში სჭირდებოდა ეს შუშის სასახლეში მყოფ ივანიშვილს? 

ქვეყნის შიგნითაც სჭირდება და მოსკოვისთვისაც სჭირდება – მუდმივად ლოიალობის ჩვენება, რომ აი, თანმიმდევრულები არიან ამ გზაზე და ნუ გეშინიათ, ბატონო პუტინო, არაფერი არ იცვლება აქ!

ეს კატასტროფა იყო. პირადად ჩემთვის ტრაგედიის ერთ-ერთი მორიგი ფურცელი იყო, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის.

  • გამოდის, რომ ივანიშვილს ფსონი ისევ რუსეთზე აქვს? ის რიტორიკასაც კი არ ცვლის ევროპასთან… 

არათუ რიტორიკას არ ცვლის, არამედ მე ვიტყოდი, რომ ეს იყო პირველი ღია, საჯარო გამოსვლა საქართველოდან ბრიუსელში, რომლითაც, პრინციპში, უარი ითქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს არ იყო ნათქვამი მხოლოდ „იმედის“ მაყურებლისთვის. ამჯერად, ეს მოვისმინეთ ბრიუსელში. პირდაპირ, ღიად, სრულიად ღია ტექსტით ითქვა უარი.

ჟურნალისტი ძალიან ნათლად ეუბნებოდა მას: გავიგეთ, რომ თქვენ ამბობთ, გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება, აგერ 27 წევრი ამას ამბობს და რა დათმობაზე ხართ წამსვლელი? კობახიძე ამბობდა, რომ იმათ უნდა მოიხადონ ბოდიში და უნდა გადმოდგან ნაბიჯი.

ირაკლი კობახიძეს დაახლოებით ათჯერ უთხრა ჟურნალისტმა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი არ შეიცვლება და მაშინ რატომ უნდა ასეთ ევროკავშირში? კობახიძე ამბობდა, რომ აი, საქართველოსთვის რომ შეიცვლება თურმე 27-ვე ქვეყანა, მერე შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის უარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, შესაძლებლობაზეც კი.

ეს კობახიძემ პირველად თქვა ბრიუსელში, მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გადაწყვეტილებების მიმღებები.

  • ლოგიკურად ჩვენ უნდა ველოდოთ უარეს, პრორუსულ ნაბიჯებს? 

კი, მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი ინტერვიუ იყო იმის დასტური, რომ მათი გეგმა არის გაცილებით უფრო მეტად სიტუაციის დამძიმება.

ჩემი აზრით, მთავარი კითხვა ეს არის: დანარჩენი საზოგადოების გეგმა რა არის? პოლიტიკური კლასის, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლების ცვლილებაზე. პოლიტიკური პარტია თუ ხარ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთვის იბრძვი და შენ გინდა, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში. აი ამ ადამიანების გეგმა რა არის, ეს უნდა როგორმე გავიგოთ და იქნებ გვითხრან.

არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და შეიძლება არაფერი აღარ იყოს იქამდე.

ვინ არიან სტუდენტები, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ინიციატივის აღება მნიშვნელოვანია

#გივიმოდი – რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ამ ჰეშთეგით არაერთი პოსტი დაიწერა.

კამპანია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წამოიწყეს, 18 ნოემბერს დასრულდება. სწორედ 18 ნოემბერს, 17:00 საათზე ელიან უნივერსიტეტში გივი მიქანაძის.

უცნობია, მივა თუ არა „ოცნების“ განათლების მინისტრი უნივერსიტეტში, რომლის სასწავლო მიმართულებების 90%-ზე მეტი გააუქმა და შეხვდება თუ არა სტუდენტებს, რომლებიც უკვე თვეებია საკუთარი უნივერსიტეტის დასაცავად იბრძვიან.

„მე ყველას ვხვდები“ – უთხრა მან TV პირველის ჟურნალისტს, თუმცა იქამდე დასძინა – „ყველა ფორმატი ვნახეთ მათ ხელმძღვანელობასთან და ვერაფერი ვერ აქვთ სათქმელი“ [სტილი დაცულია].

მიქანაძე უნივერსიტეტში სტუდენტებმა მიიწვიეს – „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა, რომლებსაც სურთ პირადად მინისტრისგან მისმინონ განმარტებები განათლების რეფორმაზე, რომელიც, სტუდენტების შეფასებით, ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას.

„ჩვენ არ გვჭირდება ზოგადი განმარტებები და წინასწარ მომზადებული პასუხები. ჩვენ გვჭირდება ღია დისკუსია, კონკრეტული არგუმენტები და ის, რომ სტუდენტების წინაშე აიღოთ მათთან კომუნიკაციის პასუხისმგებლობა. არ ვართ თანახმა შეხვედრის ფორმატის არც ერთ ცვლილებაზე და არ ვართ თანახმა სამთავრობო ტელევიზიებში მოსვლაზე. ეს ჩვენი დიალოგი უნდა იყოს.

თუ დარწმუნებული ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, მოსვლა არ უნდა გიჭირდეთ და თავს არ უნდა არიდებდეთ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელთა მომავალსაც ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს“, – წერია განცხადებაში, რომელიც 2 ნოემბერს, „დაიცავი ილიაუნის“ სახელით მოძრაობის წევრმა, იოანე ქაფიანიძემ წაიკითხა.

უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, განათლების სამინისტროში ოფიციალური განცხადებაც შეიტანა მიქანაძესთან შეხვედრის მოთხოვნით.

როდის და რატომ გადაწყვიტეს სტუდენტებმა ბრძოლა უნივერსიტეტისთვის – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მოძრაობის წევრებს ესაუბრა.

„ერთ საღამოს, სტუდენტები შევიკრიბეთ აუდიტორიაში და ვთქვით, რომ ყველა ჩვენი რესურსით შევეწინააღმდეგებოდით დეფორმას, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს უნივერსიტეტს“, – ასე დაიწყო ამბის მოყოლა ლადო ჯახუამ. ის ილიას უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს.

როგორც სტუდენტები ჰყვებიან, მოძრაობა 9 თვის წინ, 2026 წლის თებერვალში შეიქმნა.

12 თებერვალს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა. იქამდე დაანონსებული „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესახებ რეფორმით აღმოჩნდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უქმდება თითქმის ყველა ფაკულტეტი და სასწავლო პროგრამა.

უნივერსიტეტს დარჩა მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამები და სპეციალური საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე რამდენიმე პროგრამა, რომლის გაუქმება სამინისტროს ფიზიკურად არ შეეძლო.

სწორედ 12 თებერვლიდან დაიწყო ილიაუნის სტუდენტების პროტესტი. დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიქმნა მოძრაობად, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ახალგაზრდულ გაერთიანებად ჩამოყალიბდა.

ლიზი შანშაშვილი გვიყვება, რომ პირველი „ჩატი“ მესენჯერში, რომელშიც უნივერსიტეტის ბედით შეწუხებული სტუდენტები გაერთიანდნენ, სწორედ მან შექმნა.

„12 თებერვალს გამოქვეყნდა კვოტები და აღმოჩნდა, რომ ილიაუნის ფაკულტეტების 92% აქვს წართმეული. უცებ გავაკეთე მესენჯერ „ჩათი“ და ლინკები დავაგზავნე ილიაუნის ფეისბუქ-ჯგუფებში, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები დამატებულიყვნენ. 5-6 საათში უკვე ლიმიტი ამოიწურა – 250 ადამიანი დაემატა ჩატს და კიდევ იყვნენ მსურველები. ხალხს აშკარად ადარდებდა უნივერსიტეტის ბედი“, – იხსენებს ლიზი.

სტუდენტებმა პირველი აქცია 12 თებერვალსვე გამართეს – სტუდენტები და პროფესორები, მხარდამჭერებთან ერთად, მარშით გაემართნენ უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ, სადაც მათ უწყვეტი პროევროპული აქციის 442-ე დღეს შეკრებილმა მოქალაქეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ილიაუნის დასაცავად გამართული პირველი აქცია, 2026 წლის 12 თებერვალი (ფოტოები: ნეტგაზეთი)

სტუდენტები პერიოდულად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, როგორ დაეცვათ უნივერსიტეტი. ხვდებოდნენ, რომ არსებული გამოწვევებსა ორგანიზებული და თანმიმდევრული პასუხი სჭირდებოდა. ამიტომ, მორიგი შეხვედრის დროს გადაწყვიტეს შეექმნათ მოძრაობა, რომელსაც დაარქვეს ზუსტად ის, რაც იყო მათი მიზანი – „დაიცავი ილიაუნი“.

„ყოველ კვირა ვაწყობდით შეხვედრებს B201 აუდიტორიაში. თავიდან ვიყავით 30-მდე. მერე ვთქვით, მოდი, ყველამ მოვიყვანოთ ჩვენ-ჩვენი მეგობარი და შემდეგ შეხვედრაზე თითქმის 60 ადამიანი მოვიდა. კიდევ, კიდევ და ასე გავიზარდეთ.

21 თებერვლისთვის გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ მოძრაობა. მოვიფიქრეთ სახელი, შევქმენით გვერდი, გავწერეთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და ა.შ. ჩამოვყალიბდით, რომ ჩვენი მიზანია, ილიაუნს ჰქონდეს აკადემიური თავისუფლება. ზოგადად, გვინდა, რომ აკადემიურ სივრცეში კრიტიკული აზრი ისმოდეს, რასაც ეწინააღმდეგება ეს რეფორმა. შესაბამისად, ჩვენი პირველი მიზანია ამ რეფორმის გაწვევა“, – ამბობს ლიზი შანშაშვილი.

აქცია ილიაუნის 20 წლის იუბილეზე, 2026 წლის 15 თებერვალი (ფოტოები: ნეტგაზეთი)

მოძრაობის შექმნის შემდეგ სტუდენტებმა არაერთი მარში, დემონსტრაცია, საქველმოქმედო თუ საინფორმაციო კამპანია დაგეგმეს და ჩაატარეს.

გვიყვებიან, რომ მკაფიოდ აქვთ გაწერილი მუშაობის სტრუქტურა. მოძრაობის 150-მდე წევრი გადანაწილებულია 4 ჯგუფში – პიარი, მობილიზაცია, კოორდინაცია და გარე კომუნიკაცია. გარდა ამისა, არსებობს საბჭო, რომელშიც თითოეული ჯგუფიდან 2-2 წევრი შედის – როტაციის პრინციპით ენაცვლებიან ერთმანეთს.

ამბობენ, რომ მათ მუშაობას ეფექტიანს როლების გადანაწილება ხდის.

აპრილში, ილიას უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც „დაიცავი ილიაუნიმ“ საკუთარი კანდიდატი, დავით მშვენიერაძე წარადგინა. მოძრაობის წევრები ზრუნავდნენ იმაზე, რომ არჩევნები ზედმიწევნით სამართლიანად ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც მოძრაობის მხარდაჭერლმა კანდიდატებმა თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს, მათი მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.

„დაიცავი ილიაუნი“ პერიოდულად ატარებს პლენუმს, სადაც აჯამებენ წინა პლენუმის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს და გეგმავენ სამომავლო აქტივობებს. ბოლო, მე-4 პლენუმი მათ რამდენიმე დღის წინ, 23 ოქტომბერს ჩაატარეს. სწორედ ამ პლენუმზე შეთანხმდნენ უნივერსიტეტში მინისტრის მოწვევის შესახებ.

„არ ვიცი, რამდენად არის გივი მიქანაძე ის ადამიანი, რომელიც მიიღეს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ველოდები მის მოსვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ ეს რეფორმა კარგია, მაშინ აგვიხსნას, პირადად გვითხრას და მოვუსმენთ. თუ არ მოვა, ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ მას ეს არ შეუძლია“, – ამბობს ლადო ჯახუა.

ლადო ჯახუა

ლუკა მიშველაძე, მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, თითქმის დარწმუნებულია, რომ მიქანაძე სტუდენტებს არ შეხვდება.

„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მიქანაძე მოვა. აქამდეც არაერთი მოთხოვნა იყო პროფესორების მხრიდან, სტუდენტების მხრიდან – მოდით, დაგველაპარაკეთ, დისკუსია შედგეს. მაგრამ, პასუხი არავის მიუღია. „იმედზე“ მოაწყვეს ცირკი, რომელსაც დაარქვეს დებატები, სადაც არავის და არცერთ კითხვას არ უპასუხა.

რა არგუმენტით შეიძლება მოვიდეს მინისტრი ამ უნივერსიტეტში და აგვიხსნას, რატომ გააუქმეს ჩვენი მიმართულებების 92%?! რამეში წაადგება ეს ქვეყანას?! ანადგურებენ, ასუსტებენ უნივერსიტეტს, რომელიც არის ერთ-ერთი აქტიური აკადემიური სივრცე ამ ქვეყანაში.

 ძალიან ბევრ ადამიანი, თვითონ სტუდენტები, კიდევ ერთხელ დაინახავენ, რას ვაკეთებთ ჩვენ და რომ სწორია, ის რასაც ვაკეთებთ. რომ რეალურად, განათლების მინისტრად გვყავს კაცი, რომელიც ვერ ბედავს მივიდეს სტუდენტებთან და დაელაპარაკოს.

რომ მოვიდეს ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი, პროფესორები დასვამენ კითხვებს – თავს არავინ მოაჭამს, კითხვებს დავსვამთ, რომლებზეც, დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გაგვცემს“, – ამბობს მიშველაძე.

სტუდენტები გვიყვებიან, რომ ეს არ არის სამინისტროსთან კომუნიკაციის პირველი მცდელობა. „არ გვინდა დებატები რომელიმე ტელევიზიაში, არ გვინდა შოუ. ჩვენ გვინდა, რომ დაგვიჯდეს აუდიტორიაში, სადაც დავუსვამთ კითხვებს და ის გვიპასუხებს. კითხვები შეეხება ზოგადად, განათლების რეფორმას და კონკრეტულად, ილიას უნივერსიტეტის ბედს“, – ამბობს ლიზი შანშაშვილი.

„დაიცავი ილიაუნის“ წევრები 2026 წლის 2 ნოემბერს გივი მიქანაძეს უნივერსიტეტში იწვევენ (ფოტო: ნეტგაზეთი)

შექმნის დღიდან მოძრაობის აქტიური წევრია მარიამ იმნაიშვილი. ის გვიყვება, რამხელა გამოწვევა იყო პირველკურსელი სტუდენტისთვის საკუთარი უნივერსიტეტის დასაცავად ბრძოლის დაწყება.

„ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა სტუდენტობა და უკვე აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ სივრცე, რომელსაც არ იცნობ, ხდება შენი დასაცავი. არ არის მარტივი თუნდაც რაღაც შეხვედრაზე მიხვიდე უცხო ადამიანებთან იმაზე სალაპარაკოდ, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს. 

საბოლოოდ, რამაც მომცა მუხტი და შემდეგ უკვე მოძრაობის ჩამოყალიბებაშიც მივიღე მონაწილეობა, არის ის, რომ დავინახე – ცვლილების სურვილი ჰქონდათ სხვებსაც. როდესაც ბევრი ისეთი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეიძლება დიდი მიზნის მიღწევა, ეს მართლა გამოდის. ჩვენ მივხვდით, რომ შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ საერთო მიზანს“, – ამბობს მარიამი.

მარიამს ვკითხეთ, რა პრობლემა შეუქმნა ამ რეფორმამ პირადად მას, როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს. ამბობს, რომ რეფორმამ განათლებასთან დაკავშირებული მისი გეგმები შეცვალა – ვეღარ ახერხებს ბაკალავრის საფეხურზე მიიღოს ის ცოდნა, რომლის მოლოდინიც ილიაუნიში ჩაბარებისას ჰქონდა.

„ამ რეფორმამ იძულებულები გაგვხადა, შეგვეცვალა ჩვენი გეგმები – მოულოდნელად გადამიყვანეს სამწლიან სწავლებაზე. როდესაც მე ჩავაბარე, მქონდა კონკრეტული გეგმა, რომ უნდა მესწავლა ოთხი წელი. ამ გეგმაში შედიოდა მაინორის [დამატებითი სპეციალობა] აღება, რისი უფლებაც მე წამერთვა.

პირობა იყო, რომ ვინც უკვე სტუდენტია, იმათ არ შეეხებოდა რეფორმა. ესეც აღმოჩნდა ტყუილი: ვინც პირდაპირ 3-წლიანზე ჩააბარა, იმათ შედარებით უკეთესი სიტუაცია აქვთ – გამზადებულ პროგრამაზე ჩააბარეს. მაგრამ ჩვენ, ვინც 4-წლიანზე ჩავაბარეთ, მთელი წელი ვისწავლეთ 4-წლიანი სისტემით და მერე, უცებ, ერთ დღეში გადაკეთებული პროგრამით მოგვიწია სწავლის გაგრძელება. 

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებს, გარდა ინგლისურისა, კიდევ ერთი ენა გვემატებოდა [ეს ვეღარ ხერხდება]. გამოვიდა, რომ ჩვენ 1-2 დონთ ნაკლები უნდა ვისწავლოთ, რადგან ერთი წელი ჩამოგვეჭრა. მთავარი კითხვა, რაც მაქვს არის ის, რატომ შეიცვალა ჩვენი გეგმები ვიღაცის ახირების გამო“, – ამბობს მარიამი.

ლუკა მიშველაძე

ლუკა მიშველაძე ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტისთვის განვითარების შესაძლებლობის წართმევა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„ილიას უნივერსიტეტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის, პროპაგანდის და „გაშავების“ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ახერხებდა იმას, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში. გვინდა, რომ არ წაგვართვან ამ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არა მარტო მე, რომელიც 2 წელში დავასრულებ აქ სწავლას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდოდათ ამ უნივერსიტეტში ჩაბარება. ძალიან ბევრი ისეთი მოსწავლე ვიცი, ვისაც უნდოდა პოლიტიკის მეცნიერებაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ფსიქოლოგიაზე, იურიდიულზე ესწავლა ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა წაართვეს.

ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მხოლოდ იმ 15 000 სტუდენტის პრობლემაა, რომლებიც აქ სწავლობენ, ან რექტორის და პროფესორის. ამ უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მიუხედავად პრობლემებისა და გამოწვევებისა, შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამიტომ, მისი გაუქმება არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“, – ამბობს ლუკა მიშველაძე.

სტუდენტი ფიქრობს, რომ განათლების რეფორმა კონკრეტულად მისი უნივერსიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ არის სამიზნე, რომ ამ უნივერსიტეტიდან გამოსულმა ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ხმის ამოღება, გაბედა, ყოფილიყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ეს სტუდენტები ჩართულები არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, იქნება ეს 2-წლიანი უწყვეტი პროტესტი თუ სხვა.

ჩვენ ვნახეთ, რომ რეფორმის იდეა – „ერთი ფაკულტეტი ერთ უნივერსიტეტში“ არ მუშაობს. ასევე, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტები, სადაც კვოტები გაუგებრად გაზარდეს და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეიძლება ლოჯისტიკურად გამართონ ის, რომ თუ აქამდე უნივერსიტეტი იღებდა 1000 კაცს, როგორ მიიღოს ხვალ 2000. ვნახეთ, რომ ეს რეფორმა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგაა მიმართული“, – ამბობს ლუკა მიშველაძე.

  • „ილიას გზით განათლებისკენ“

„თუ ვიცავთ ილიაუნის, ვიცავთ განათლებასაც“ – ამბობს ლადო ჯახუა. „ილიას გზით განათლებისთვის“ – ამ სლოგანით სტუდენტებმა გასულ ზაფხულს 5 რეგიონი მოიარეს. ისინი აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 100-ზე მეტ ოჯახს ეწვივნენ და 250-მდე მეტ ბავშვს აჩუქეს სასკოლო ინვენტარი – წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები და ა.შ.

სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერისა გარდა, ისინი ავრცელებდნენ იდეას განათლების მნიშვნელობის, განათლების ხელმისაწვდომობისა და განათლებისთვის ბრძოლის შესახებ.

მარიამ იმნაიშვილი (შავი მაისურით) მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად იმერეთში, კამპანიის დროს

„ერთ-ერთმა ბავშვმა ასეთი რაღაც გვითხრა – ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერ დღე არასდროს მქონია და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მე ეს ბედნიერება მაჩუქეთო. მშობლებს დავანახეთ, რომ ერთიანობას და მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – იხსენებს ლადო ჯახუა.

ამ კამპანიის ჩასატარებლად ფინანსები მათ ე.წ. ქრაუდფანდინგით შეაგროვეს – სოციალურ ქსელში გაავრცელეს ანგარიშის ნომერი, სადაც მოქალაქეები მათ ფულს ურიცხავდნენ. გარდა ამისა, გვიყვებიან, რომ ადამიანები აწვდიდნენ ინვენტარსაც – წიგნებს, ჩანთებს. წიგნების ნაწილი სტუდენტებს უსასყიდლოდ გადასცეს გამომცემლობებმაც.

  • კამპანია დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად

სანამ „ილიას გზით განათლებისკენ“ სვლას დაიწყებდნენ, მოქალაქეთა მხარდაჭერით ფულის შეგროვების გამოცდილება მათ უკვე ჰქონდათ – მაისში მათ 2 000 000-ზე მეტი ლარი შეაგროვეს დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.

მაშინ, როცა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამეებს ათევდნენ საკუთარი შვილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის მოთხოვნით, სტუდენტებმა ფულის შეგროვება გადაწყვიტეს.

ფულის შესაგროვებლად მათ ფეისბუქ-ლაივი ჩართეს, სადაც საზოგადოებას ამ დაავადებას, მშობლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ესაუბრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ „ლაივს“ არ გათიშავდნენ იქამდე, სანამ 100 000 ლარი არ აგროვდებოდა.

საბოლოოდ მათ პირდაპირ ეთერში სრული 100 საათი გაატარეს და 2 მილიონზე მეტი ლარი შეაგროვეს.

ლიზი შანშაშვილი

„ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ოთხი დღე, სრული 100 საათი იყო. ეს იყო ისეთი რამე, რაზეც „ოცნებამაც“ კი ვერ გაგვაშავა“, – ამბობს ლიზი შანშაშვილი და გვიყვება იმ ემოციებზე, რომელიც სტუდენტებს ამ კამპანიის განმავლობაში ჰქონდათ:

„არ გვეძინა ეს 100 საათი. ერთმანეთს ძალით ვუშვებდით სახლში, რომ ცოტა მაინც დაგვესვენა, მაგრამ სახლიდანაც ლაივის ყურებაში გვითენდებოდა. თუ გვეძინა, გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვიღებდით და ვნახულობდით, რას აკეთებდნენ ჩვენი მეგობრები ლაივში.

ამ 4 დღის განმავლობაში მეტროში არ ჩავსულვარ, იქ ინტერნეტი არ იჭერს და არ მინდოდა ლაივი გამეთიშა. ფეხით დავდიოდი. მართალია, საბოლოოდ 2 მილიონზე მეტი შევაგროვეთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი მაინც 100 000 ლარის შეგროვება იყო – ეს იყო ჩვენი მიზანი.

ერთხელაც, გავიღვიძე და ვნახე, ლაივში ამბობენ, 80 000-ია უკვეო. ვგრძნობდი, რომ მალე 100-ზე ავიდოდით – ისეთი მუხტი იყო, ძალიან სწრაფ-სწრაფად ირიცხებოდა თანხები. ლარი, ორი ლარიც კი ირიცხებოდა. ტაქსი გამოვიძახე, „საუბარში“ მივდიოდი, ბარში, სადაც ლაივი ჰქონდათ ჩართული.

კანცელარიასთან ვიყავი, როცა მძღოლმა მითხრა, 26 მაისისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაკეტილია გზა და ვეღარ მიმყავხარ ასათიანზეო. იქვე ჩამოვედი და კანცელარიის კიბეზე ავდიოდი, როცა ყურსასმენში გავიგე ყვირილის ხმა – აგროვდა 100 000. ეგრევე მივვარდი და მშობლებს ვახარე. მე მინდოდა ვყოფილიყავი პირველი, ვინც ეტყოდა ამ ამბავს.მალე უკვე 115 000 იყო. ძალიან სწრაფად იმატებდა თანხა“, – იხსენებს ლიზი.

მარიამ იმნაიშვილი ამბობს, რომ დიუშენის მქონე ბავშვების მხარდამჭერი კამპანია მათთვისაც იყო გაკვეთილი, რომ ერთიანობით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

„100 000-ის შეგროვებაც კი ურთულესი მიზანი იყო ჩვენთვის – ვინ ჩაურიცხავს ფულს სტუდენტს?! ნდობის ფაქტორი თითქოს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩვენდამი – ადამიანები არ გვიცნობენ. მაგრამ, სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი დადო.

ხალხიც გამოგვყვა. ეს იყო ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი ჩვენთვის, რომ ინიციატივის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხი ელოდება ინიციატივას, ელოდება, რომ ვიღაც რაღაცაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ყველას გვინდა, რაღაც უკეთესი, მაგრამ ველოდებით ერთმანეთს“, – ამბობს მარიამი.

მოძრაობის წევრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გულგრილად არ უყურებენ და სჯერათ, რომ მათ ხმას, მათ აზრსა და მათ ქმედებას მნიშვნელობა აქვს. „ბათუმელებთან“ საუბრისას სტუდენტები ამბობენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას.

__

„თვე-ნახევარია ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის, მერიამ ტრანსპორტი მოუხსნა“ – შშმ პირის დედა

დათა ფარცხალაძე, რომელსაც შშმ პირის სტატუსი აქვს, თვე-ნახევარია სკოლაში არ წასულა – „ბათუმელებს“ ამის შესახებ ბავშვის დედამ, მარი კორკოტაძემ უთხრა.

როგორც დათას დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, მის შვილს თბილისის მერიამ ტრანსპორტის მომსახურება გაუუქმა.

მარი კორკოტაძის თქმით, დათა სამი წლის განმავლობაში სარგებლობდა შშმ მოსწავლეთა ინდივიდუალური ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო პროგრამით, წელს კი მერიამ ამ მომსახურებაზე დათას უარი უთხრა.

„ჩემი შვილი აუტისტია, 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჯერ მე-12 კლასშია. სამი წელი სარგებლობდა სატრანსპორტო მომსახურებით, რადგან ჩვენ სკოლიდან ძალიან შორს ვცხოვრობთ. წელს კი, ტრანსპორტირებაზე უარი უთხრეს. თბილისის მერიას განცხადებითაც მივმართე, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ.

დავწერე ადმინისტრაციული საჩივარი კალაძის სახელზე, გაიმართა ზეპირი მოსმენაც, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. დრო გადის, ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის.

თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, მივმართავთ სასამართლოს, რადგან ჩემი შვილის განათლების უფლება ირღვევა“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

დედის თქმით, თბილისის მერია, უარის მიზეზად თბილისის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებას ასახელებს, სადაც ნათქვამია, რომ შშმ მოსწავლეს ტრანსპორტი იმ შემთხვევაში მოემსახურება, თუ სკოლა სახლიდან დაშორებულია 1 კმ-ით და სკოლაში უნდა ფუნქციონირებდეს ინტეგრირებული კლასი.

„იმ სკოლაში, რომელსაც მერია გვითითებს, რომ არის ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს და ინტეგრირებულ კლასში არის ერთი ადგილი, ჩემი შვილი ვერ ივლის, რადგან პირველი კლასიდან მოყოლებული დათა მუხიანიდან დამყავდა ვაკეში, მიხეილ გრუშევსკის 41-ე საჯარო სკოლაში. აუტიზმის ცენტრი ამ სკოლასთან ახლოს არის და ამ პრინციპით შევარჩიეთ სკოლაც.

დათა ამ გარემოს მიჩვეული, რადგან პირველი კლასიდან აქ სწავლობს და ყველამ ვიცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის გარემოს შეცვლა საზიანოა“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

მისი თქმით, იმავე ბრძანებაში, რომელსაც თბილისის მერია უარის საფუძვლად იშველიებს, ასევე ნათქვამია, რომ მოსწავლის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

„წარდგენილი მაქვს ჩემი შვილის ფორმა 100 და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ამიტომ დათას საკითხიც ინდივიდუალურად უნდა განიხილონ. უკვე დამამთავრებელ კლასშია ჩემი შვილი და ახლა უნდათ, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანო? ეს ჩემი შვილისთვის საზიანოა.

თანაც, დათა ინტეგრირებულ კლასში არ არის, რადგანაც ის სეგრეგირებული კლასია. ამ კლასში სხვადასხვა ასაკის შშმ ბავშვები სწავლობენ. ჩემი შვილი კი 11 წელია ჩვეულებრივ კლასში სწავლობს თავის კლასელებთან ერთად. ახლა მისთვის გარემოს შეცვლა დაუშვებელია“, – გვეუბნება დედა.

მისი თქმით, შვილი ძალიან შორი მანძილიდან დაჰყავს ამ სკოლაში. ტაქსით რომ იმგზავროს, დღეში 60 ლარი დასჭირდებათ, ხოლო მუნიციპალური ტრანსპორტით რომ ისარგებლოს, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა გამოიცვალონ ტრანსპორტი სკოლაში მისვლამდე.

„აუტიზმთან ერთად დათას აქვს კომპლექსური აშლილობაც, ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტით მისი მგზავრობა რთულია. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ტრანსპორტით მომსახურება, მაგრამ პასუხს არ გვაძლევენ.

თვეზე მეტია დათა სკოლაში არ წასულა, ასე თუ გაგრძელდა, ჩამორჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მერიამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ჩემს შვილს აქვს განათლების უფლება“, – გვეუბნება მარი კორკოტაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თბილისის მერიას და ჰკითხა, რატომ არ განიხილა მერიამ დათა ფარცხალაძის საკითხი ინდივიდუალურად და ხომ არ გეგმავს თბილისის მერია ხელახლა განიხილოს, ირღვევა თუ არა დათა ფარცხალაძის განათლების უფლება ამით? – თბილისის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან და შეეცდებიან, ოფიციალური კომენტარიც გააკეთონ.

დღის განმავლობაში „ბათუმელების“ კითხვა უპასუხოდ დარჩა. თბილისის მერიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

_________________

ფოტოზე: დათა ფარცხალაძე და მარი კორკოტაძე

ბათუმის პლაჟის შენარჩუნება აჭარის მთავრობის პრიორიტეტი აღარ არის

ბათუმში პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვის აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

აეროპორტის ასაფრენ ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ პლაჟის მოსაწყობად, შესანარჩუნებლად და ასევე სანაპირო ზოლის გასამაგრებლად ზღვის ხელოვნური კვება, ანუ ხრეშის შეტანა ყოველწლიურადაა აუცილებელი.

ამ ტერიტორიის ხელოვნური კვების გარეშე დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარე პლაჟსაც.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ ყოველწლიურად, 2029 წლის ჩათვლით უნდა დაფინანსებულიყო. / წყარო: ბიუჯეტი

2026 წელს, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ბიუჯეტში 2 მილიონ 600 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული ხელოვნური კვებისთვის, სამუშაოები არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ზოლამდე ზღვამ პლაჟი წარეცხა.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ეს „პრიორიტეტული“ პროგრამა საერთოდ არ არის.

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ დაფინანსებული აღარ არის / წყარო: ბიუჯეტის პროექტი

სანაპირო ზოლის გასამაგრებლად აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით ზღვაში 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეეტანათ, თუმცა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა. და ეს მაშინ, როცა ჭოროხის კალაპოტიდან ყოველწლიურად ასიათასობით კუბურ მეტრ ხრეშს იღებენ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებისთვის, მათ შორის ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად.

ტენდერის შეწყვეტის შემდეგ „ბათუმელებს“ აჭარის სამმართველოში უთხრეს, რომ ხელახალი ტენდერის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდეთ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადება საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კი, „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“, როგორც ასეთი, გაწერილი არ არის. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში „ზღვის ნაპირების გამაგრება“ მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, ისიც „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში“.

ბათუმში, ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე, სანაპიროს დასაცავად თავის დროზე სპეციალური ნაგებობა ლოდებით ააგეს, რაშიც 52,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ყოველწლიურად, ზღვის ხელოვნური კვება იყო საჭირო პლაჟის მოწყობა-შენარჩუნებისთვის.

საჭირო რაოდენობის ხრეშის შეუტანლობის გამო აქ არსებული პლაჟის ვიწრო ზოლი ზღვამ კვლავ წარეცხა. ტალღები, პარალელურად, ნაპირდამცავ ლოდებსაც ისევ შლის.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვეთით 2022 წელს მომზადდა „ქალაქ ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქალაქ ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) პროექტი“, რომელიც სამმართველომ 2022 წლის 10 მაისს ჩაიბარა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:

„ახლო მომავალში, აუცილებლად უნდა შემუშავდეს სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“. 

ბათუმის სანაპიროს პრობლემებზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი უმთავრეს პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებს.

ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა.

თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში და ასევე, ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება; შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა.

შეწყდა პლაჟის ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები გამწმენდი ნაგებობისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.

ხელოვნური კვებით შენარჩუნებულ პლაჟს [ე.წ. რეცხვად ბერმას] შტორმის დროს ზღვა პერიოდულად რეცხავს. წარეცხილი ნატანი მასალა [ქვიშა-ხრეში] ზღვას გადააქვს და ბათუმის კონცხთან ზღვის კანიონში იკარგება.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

 

 

 

ადამიანების „დაძინების“ ნორმალიზების მცდელობა ფაშისტური გერმანიის შემდეგ არავის ჰქონია – ინტერვიუ

„ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ 3 ნოემბერს ჟურნალისტებთან ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით.

კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, „ტვ პირველის“ გახმაურებულ სიუჟეტზე – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“, რომლის თანახმადაც ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა თბილისში ძაღლების სასაკლაოები აღმოაჩინეს, არაერთი ორმოთი, რომლებიც მოკლული ძაღლებით იყო სავსე. სწორედ ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა თბილისის მერმა, რომ ეს ადამიანები [აქტივისტები, რომლებიც ცხოველთა უფლებებს იცავენ], „დასაძინებელი“ არიან.

რას ნიშნავს კალაძის განცხადება, შეიცავს თუ არა მუქარას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ცხოველთა უფლებადამცველს, ეკოლოგს, ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ დღეს, 4 ოქტომბერს პროკურატურას მიმართა ამ საკითხზე.

  • ბატონო ლაშა, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ცხოველთა უფლენების დაცვაში და კალაძის ეს განცხადება ალბათ თქვენც მოგემართებოდათ. როგორ აღიქვით მისი ეს სიტყვები?

კახა კალაძე რომ კორუფციის ჩემპიონი იყო და ძაღლების ჯალათი, ცხოველების დოქტორი მენგელე [ნაცისტი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ექიმი], აქამდეც ვიცოდით, უბრალოდ გუშინ დაადასტურა და თქვა, რომ ცხოველების დამძინებელი მკვლელია.

რაც გულში ჰქონდა, ის თქვა რეალურად.

ხოლო შემდეგ კობახიძის მხრიდან განმართლების მცდელობებიც წარმოუდგენელი ამბავია. კალაძისგანაც კი გამიკვირდა ასე ღიად, უტიფრად და თავზეხელაღებულად, ამგვარი განცხადების გაკეთება.

ეს ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ქურდს ქუდი ეწვისო და მკვლელს ქუდი ეწვისო, ასე გამოვიდა. თბილისის ყველაზე სისხლიანი მერის და კორუფციის ჩემპიონის სახელი უკვე  დაიმსახურა [მე მგონი ორივე მე დავარქვი] და დღეს უკვე ცხოველთა ჟლეტის „მეოცნებეც“ გახდა.

თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მის ამ მუქარებს შევუშინდეთ, რადგან ეს ნამდვილად იყო მუქარა.

ეს არ დაწყებულა ამით, მანამდეც იყო მუქარები ცხოველთა დამცველების მისამართით სხვადასხვა ფორმით გამოხატული საჯაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში ძაღლების მთავარი მკვლელი ის არის და მისი დაკვეთის შემსრულებლები არიან ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და ე.წ. თავშესაფარი, რეალურად კი ცხოველების საკონცენტრაციო ბანაკი.

  • „ოცნების“ ხელისუფლება სოფო ბათილაშვილს ასამართლებს სიმღერისთვის, ქართველ დედას მიაყენა შეურაცხყოფაო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუდმივად მანიპულირებენ რელიგიით და თავს წარადგენენ, როგორც ქრისტიანობის დამცველები. რეალურად, რისი სახეა ეს განცხადება?

ადამიანების დაძინების ლეგალიზაციის და ნორმალიზაციის მცდელობა მე მგონი, ფაშისტური გერმანიის შემდეგ არავის ჰქონია. ახლა, თითო-ოროლა მუქარის განცხადება სხვა რეჟიმებისგანაც გვახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამათ ყველას გადააჭარბეს, რადგან ეს რაღაც ნორმის ნაწილიაო, არავის არ უთქვამს.

  • რამდენად ნორმალურია, რომ ამ ტიპის განცხადების შემდეგ მერი ისევ დარჩეს თანამდებობაზე? რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ეთქვა მსგავსი რამ მერს, როგორი იქნებოდა რეაქცია?

ნორმალურ ქვეყანაში, თავად ხელისუფლება შეუჩერებდა უფლებამოსილებას და დაიწყებდა გამოძიებას ცხოველთა მასობრივ სამარხებზე, რომელიც ეთიკური დანაშაულიცაა, პოლიტიკურიც,  სამართლებრივიც და ყველა სახის.

სახეზეა საქართველოს თუნდაც არასრულფასოვანი სისხლის სამართლის კოდექსის უხეში დარღვევა, რადგან ცხოველების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 253-ე მუხლით დასჯადია.

გარდა ამისა, ეს არის გარემოს დაცვითი და ვეტერინარული კანონმდებლობის აბსოლუტურად ფეხებზე დაკიდება. სრული უგულებელყოფა ამისა, რადგან ეს სამარხები, გარდა იმისა, რომ არის მორალური კატასტროფის სახე ცხოველებთან მიმართებაში, სერიოზულ სანიტარულ საფრთხესაც ქმნის, რადგან ამ სამარხებს არც ღობე აქვს არც რაიმე ნიშანი, რაიმე დაცვა, არის ღია, თავგადახსნილი სამარხი, სადაც ძაღლებია დამარხული.

შესაბამისად, იქნება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც. ტოქსიკოლოგიური დაბინძურების კუთხითაც, ნიადაგის და წყლის. მე თვითონ ეკოლოგი ვარ  და კარგად ვიცი ეს.

თავღია, რამდენიმე მეტრი სიღრმის ორმოებზეა ლაპარაკი, ის რაც მე ვნახე მუხათგვერდის შემთხვევაში. ამიტომ, ვამბობ, რომ კალაძე არის კრიმინალი, თავზეხელაღებული და სისხლიანი მერი.

ივანიშვილის რეჟიმმა გადააჭარბა სააკაშვილის რეჟიმს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. თავზეხელაღებულობითაც, რუსეთზე საუბარი აღარ არის უკვე, რადგან ღია რუსული კურსი აქვთ, კორუფციითაც და აგერ უკვე ცხოველებზე ძალადობის მიმართულებითაც.

სხვათა შორის, დარბევების რაოდენობით და სისასტიკითაც. თუ, ვთქვათ, 2019 წელს გავრილოვის ღამით დაეწივნენ წინა ხელისუფლებას, 2024 წლის ნოემბერში გადააჭარბეს ძალადობით, რადგან აშკარად გამოიყენეს აკრძალული ნივთიერებები ხალხის წინააღმდეგ და ეს საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი, რადგან მხედველობის პრობლემები შემექმნა მეც და ბევრ სხვა ადამიანს.

დღეს კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი და ვითხოვ არა მარტო უფლებამოსილების შეჩერებას მისთვის, არამედ ვითხოვ მისი პასუხისმგებლობის დაყენებასაც, რადგან კალაძე საშიშია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცხოველებისთვისაც. კალაძის ადგილი არის ციხეში.

ლაშა ჩხარტიშვილი

რამდენად ირეაგირებენ ამაზე ცალკე საკითხია, რადგან მთლიანობაში დანაშაულებრივი სინდიკატი მართავს ქვეყანას, მაგრამ იქნებ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც დააკავონ კალაძე, რადგან წესით არც მათ ინტერესში უნდა შედიოდეს ქალაქის გაცოფებული მერი. თუმცა ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.

მთლიანობაში, ჩვენი ამოცანაა როგორმე შევაჩეროთ ეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რეჟიმის შეცვლამდე, რადგან რეჟიმის შეცვლის გარეშე, ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა კი არის ცხოველთა მასობრივი სტერილიზაცია – ვაქცინაცია, რაც უნდა იყოს უფასო და საყოველთაო.

ამისკენ მოვუწოდებ მე ყველა რეჟიმს და იმედი მაქვს, პოლიტიკურ სამარხში აღმოჩნდება ძაღლებზე მოძალადე რეჟიმი. პოლიტიკურში იმიტომ, რომ მე, კალაძისგან განსხვავებით, არ ვარ სიკვდილით დასჯის მომხრე, თუმცა უვადო პატიმრობას იმსახურებს კალაძე, ივანიშვილიც და კობახიძეც.

ნახეთ ვიდეო:

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში „თბილისობა“ გაიმართება 

8 ნოემბერს, ნიუ-იორკში „თბილისობა“ ჩატარდება, რომელიც კონი-აილენდზე ათასობით სტუმარს გააერთიანებს. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი.

„თბილისობა“, აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაზიარების, თანამემამულეებთან შეხვედრისა და სამშობლოსთან ემოციური კავშირის შენარჩუნების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.

ნიუ-იორკში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდება.

თიბისიმ ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით – ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.

თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მისამართი: Amphitheater at Coney Island, 3052 W 21st St. Brooklyn, NY 11224 United States

„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენ

დღეს, 4 ნოემბერს, შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა.

„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ შენობაში დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.

„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგან ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, – დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში, ეთერიდან გასვლის შემდეგ.

ხანძარი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, რომელშიც „ფორმულა“ მდებარეობს. თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული და ამჟამად ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ, რადგან კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ისმის, როგორც ეუბნება მეხანძრე ტელეკომპანიის თანამშრომლებს, რომ ჯერჯერობით უსაფრთხოდ არიან.

განახლებული ინფორმაცია: დაახლოებით 17 საათზე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა შენობა დატოვა. „ფორმულას“ ცნობით ხანძარი ლიკვიდრებულია.

„ჩამოვარდა ჭერი, დაფიქსირდა ტარაკნები, მორიელები და თაგვები“- რა ხდება ბათუმის მე-15 ბაღში

„ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში, საპირფარეშოს ჭერი ჩამოვარდა. კიდევ კარგი, არასამუშაო დღე იყო და არავინ დაშავებულა.

ბაღში დაფიქსირდა ტარაკნები, მორიელები და თაგვები. ბაღში არ არის ცხელი წყალი და არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა“, – გვწერს ერთ-ერთი მშობელი „ბათუმელებს“.

ის ასევე სვამს კითხვას – რამდენად უსაფრთხოა ასეთ შენობაში ბავშვების ყოფნა?

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბაღის ხელმძღვანელს, რუსუდან დიასამიძეს. საპირფარეშოში ჭერის ჩამოვარდნას რუსუდან დიასამიძე ადასტურებს. ის არც მორიელების არსებობას უარყოფს.

მისი თქმით, ბათუმში პირველ სართულზე მორიელები ხშირად არიან, მაგრამ შენობას წამლავენ. „პირველი სართული სარემონტო და ბათქაშებიდან გამოდის ალბათ 1-2 მორიელი. ახლაც გამოძახებული გვყავს სადეზინფექციო სამსახური და შეწამლავს.

ლამინატი თუ რაღაც რომ არის შეჭედილი ჭერზე, ის ჩამოვარდა. თაგვები არ არიან და მორიელი ახლა ყველა პირველ სართულზეა ბათუმში. პერიოდულად ვწამლავთ ხოლმე. ორი კვირის წინაც შევწამლეთ“, – ამბობს რუსუდან დიასამიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არც ცხელი წყალია ბაღში, მაგრამ აკეთებენ. „ქვაბია გაფუჭებული და დღეს დაიწყეს ნაწილების გამოცვლა“, – გვეუბნება ის.

როგორ იცავთ ბაღში ჰიგიენას თუ ცხელი წყალი არ არის? – ვკითხეთ დირექტორს. „აქამდე თბილი ამინდები იყო და არ დაგვჭირვებია თბილი წყალი და ახლა ვათბობთ. არაჰიგიენური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს“, – გვეუბნება ის.

ბათუმის მე-15-ე საბავშვო ბაღი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, დირექტორის თქმით, ბავშვები უსაფრთხოდ არიან. „ერთი ჯგუფი გავიყვანე მეორე სართულზე, უსაფრთხოდ არიან“, – გვეუბნება ის.

ბაღის ხელმძღვანელს ვკითხეთ, თუ პრობლემები არსებობდა შენობაში, რატომ არ გამოსწორდა ეს მაგალითად აგვისტოში, როცა ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო? – რაზეც მას კონკრეტული პასუხი არ აქვს. „ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს დირექტორი.

რუსუდან დიასამიძის თქმით, ტენდერი გამოცხადებულია და შენობაში სარემონტო სამუშაოები დეკემბერში დაიწყება.

ამ ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთანაც სცადა. მათ ვკითხეთ, თუ არის გამოცხადებული ტენდერი შენობის რემონტზე, რამდენი ლარია ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი და როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები? – გაერთიანების თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი მე-15 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე.

„მიმდინარე ტენდერია“-გვეუბნებიან ბაღების გაერთიანებაში.

მათ ასევე ვკითხეთ, რეაბულიტაციის პროცესში ბავშვები დარჩებიან იგივე შენობაში თუ რა ზომები იქნებ მიღებული?

„ალტერნატიული საბავშვო ბაღების ჩამონათვალი მშობლებს კვირის ბოლომდე ეცნობებათ“-მოგვწერეს ბაღების გაერთიანებიდან.

მე-15 საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 240 ბავშვი ირიცხება, „ყოველდღიურად, დაახლოებით 180-მდე ბავშვი დადის“, – ამბობს ბაღის დირექტორი.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის მთლიანობაში 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან 27.7 მილიონი ლარი ამ გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასებისთვისაა განკუთვნილი.

ხოლო საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაციისთვის კი 16 მილიონი ლარი. ბიუჯეტის მიხედვით გაერთიანებაში სულ 1 686 პირი მუშაობს.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს.

ეს თანამდებობა გუშინ, 3 ნოემბერს დავით მჭედლიძემ დატოვა.

მერიის ინფორმაციით, თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია:

„სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში“, – წერს მერია.

მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის ახალ უფროსს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, კერძოდ მას ანტიკორუფციულ სააგენტოში უმუშავია.

ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ქალაქის მნიშვნელოვანი საზედამხედველო სფეროები აბარია, მათ შორის – მშენებლობა.

უკრაინული დრონები რუსეთში „ოზონის“ ცენტრს დაესხნენ თავს

4 ნოემბერს, სამხრეთ რუსეთში, ადიგეისკში მდებარე „ოზონის“ ერთ-ერთ უდიდეს ლოჯისტიკურ ცენტრს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს.

კომპანია „ოზონმა“ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ოზონის“ ცნობით, დარტყმამ საწყობში ხანძარი გამოიწვია, თანამშრომლების ევაკუაცია კი დროულად მოხდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონის ნამსხვრევებმა ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფლებში კერძო სახლები დააზიანა.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა. ტელეგრამ-არხი Astra აცხადებს, რომ Ozon-ის ლოჯისტიკური ცენტრის სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი.

 

„ეს არის ივანიშვილის ოჯახის მიერ სასამართლოზე ზეგავლენის გამოყენება მედიის გასაჩუმებლად“ – განცხადება

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებით ეხმიანება ბერა ივანიშვილის მიერ ტვ პირველის“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ შეტანილ სასამართლო სარჩელს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილის სარჩელი ორი მედიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა.

„ეს საჩივრები თავისი არსით აშკარად ატარებს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPP) ხასიათს და მათი გამოყენება არ ემსახურება რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს, პირიქით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის სასამართლოზე, საკუთარი ზეგავლენის გამოყენება დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად. მსგავსი დავები იქცევა ცენზურის დაწესების, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოძიებებისა და ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის იარაღად.

მზარდი რეპრესიებისა და სისტემური ზეწოლის ფონზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“, „ფორმულას“ და ყველა იმ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას. თავისუფალი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი და ვერანაირი შანტაჟი თუ სარჩელი ვერ აიძულებს მათ, შეწყვიტონ სიმართლის თქმა და საზოგადოების ინფორმირება“ – წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილმა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიებს, „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივლა.როგორც „ნეტგაზეთს“ ბერას ადვოკატმა, დავით ასათიანმა განუცხადა, ივანიშვილი ითხოვს მის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესაბამისი ფორმით უარყოფას.

ამავე თემაზე: 

ცნობილია, რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა, დღისით – დროგამოშვებით ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 და 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი იქნება, დღისით – 4-5 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 ნოემბერს ბათუმში მოსალოდნელია წვიმა. 

„ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს შეეგუოს კონტროლს“ – აშშ-ში არჩევნებს დემოკრატები იგებენ

ამერიკული მედიის პროგნოზით, დემოკრატებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში გაიმარჯვეს და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდში კონგრესზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

NBC News-ის ცნობით, დემოკრატებმა რესპუბლიკელები ჩაანაცვლეს ექვს შტატში: მეინში, აიოვაში, კანზასში, ოჰაიოში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინასა და ტეხასში.

„ზოგიერთ ამ შტატში გამარჯვებაზე დემოკრატები დიდ ხანს ოცნებობდნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთი წლის წინ შესაძლებლობების რუკაზეც კი არ ფიგურირებდა“, – წერს NBC News-ი.

ამ შტატების ნაწილში კანდიდატები პირადად ტრამპმა შეარჩია – ხშირად საკუთარი პარტიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც შიშობდნენ, რომ ეს კანდიდატები ძირითად არჩევნებში სუსტები იქნებოდნენ.

„ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებით, ტრამპის ადმინისტრაციას ახლა მოუწევს შეეგუოს კონტროლსა და გამოძიებებს, რასაც აქამდე თავს აღწევდა რესპუბლიკელების ხელში არსებული ლოიალური კონგრესის წყალობით.

არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაზე, 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლის დინამიკასა და ტრამპის საკანონმდებლო გეგმების ბედზე მისი ვადის მეორე ნახევარში“, – წერს NBC News-ი.

ამერიკული მედია წერს, რომ დემოკრატების ასეთი მასშტაბური გამარჯვება შუალედური საარჩევნო კამპანიის დასაწყისში წარმოუდგენელი ჩანდა და 2006 წლის შემდეგ უმცირესობაში მყოფ პარტიას ერთ ღამეში ორივე პალატაზე კონტროლი არ მოუპოვებია.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/JIM LO SCALZO

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 597 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 453 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 25 640 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 51 879 ერთეული [+39]
  • MLRS – 2 252 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 733 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 595 058 ერთეული [+1 104]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 072 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 169 881 ერთეული [+408]
  • სპეცტექნიკა – 4 871 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 192 ერთეული [+52]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/644606/

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„კადრების გავრცელებით მაშანტაჟებდა“ – ქალი ყოფილ ქმარს უჩივის, პროცესი 1 წელია არ ტარდება

„დისტრიბუციის მანქანამ გადაგვირბინა წინ და ეტყობა იქიდან შენიშნეს, რომ ხელები სისხლიანი მქონდა… ფანჯრის მინები ჩაკეტილი იყო, არ შემეძლო, რომ მინა ჩამომეწია, მაგრამ ვყვიროდი, რაც შემეძლო: შველა მჭირდება, სისხლისგან ვიცლები… დისტრიბუციის მანქანიდან გამოსძახეს ჩემს ყოფილ ქმარს, რას აკეთებო, მაშინ დაიბნა და გაჩერდა,“ – გვიყვება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი სალომე გ. [სტატიაში სახელები შეცვლილია].

სალომე გ. „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახლა კიდევ უფრო დაუცველად გრძნობს თავს, როცა პროკურატურას მიმართა და მოძალადე ქმარი ამხილა. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა ძალადობასა და კიდევ რამდენიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გირაოთი გაათავისუფლა. საქმე ახლა არსებითად განსახილველად უკვე მოსამართლე ნინო სახელაშვილთანაა, რომელსაც სხდომა დაახლოებით 1 წელი არ გაუმართავს.

სასამართლოს გაჭიანურების პრობლემის გარდა, მსხვერპლი ქალის ადვოკატი, ია თოდუა საუბრობს იმაზე, რომ პროკურატურა განზრახ არ იძიებს დანაშაულს სრულად, მაგალითად, სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვებას, ადევნებას… ასევე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გირაოთი გათავისუფლებული კაცი არ დააპატიმრა მას შემდეგ, როცა მას შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა და გაირკვა, რომ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულმა კაცმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია, თანაც დაარღვია ერთ-ერთ საქმეზე გაფორმებული საპროცესოს შემდეგ.

„ჩვენ 7 წელი ვცხოვრობდით ერთად, არარეგისტრირებული ქორწინება იყო,“ – გვიყვება ძალადობის მსხვერპლი ქალი, – „დასაქმებული ვიყავი, ჩემი საქმე მქონდა, წინა ქორწინებიდან შვილი მყავს…

ვიდრე პოლიციამდე მივიდოდა საქმე, ანუ კლინიკაში გადასაყვანი გავხდებოდი, წლების წინ აღმოჩნდა, რომ ლაშა აზარტულ თამაშზე იყო ძლიერად დამოკიდებული, მუდმივად ჰქონდა ვალები, ფინანსური პრობლემები. თავისი ბინა არ აქვს ბათუმში და ჩემთან ცხოვრობდა. ხან ტელევიზორი მოიპარა ჩემი ბინიდან, მერე ავტომანქანა დამალომბარდებინა, შემდეგ მეზობლის თვალწინ ოქროს ძეწკვი ჩამომგლიჯა და წაიღო…

სულ მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი. ვერავის ვერ ვუყვებოდი. მაშანტაჟებდა პირადი ცხოვრების რაღაც ვიდეოკადრებით: იცოდე, თუ გამწირავ, შენც გაგწირავო – ამას მეუბნებოდა,“ – ამბობს სალომე და შემდეგ უკვე ჩაქვში მომხდარ შემთხვევას აღწერს, როცა ქალი იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა.

„ვთხოვდი ჩემი ფულის დაბრუნებას და მასთან ურთიერთობის დასრულებას ვაპირებდი. მითხრა, ჩაქვში წავიდეთ, იქ დამიბრუნებენ ვალსო,“ – განაგრძობს თხრობას ძალადობის მსხვერპლი. – „მივედით ისეთ სახლში, რომლის ჭიშკარიც ბოქლომით იყო გამოკეტილი… შევშინდი და არ გადავყევი. ჩემი აზრით, სხვა განზრახვა ჰქონდა…

მერე თქვა, მწვანე კონცხზე წავიდეთ, იქ უნდა დაგმარხო ცოცხლადო. გზაში შეურაცხყოფას მაყენებდა, პერიოდულად კისერში მიჭერდა ხელს, მაგინებდა…

მერე მითხრა, შენს ბიჭს უნდა მოვუყვე ახლა ყველაფერი, ვაჩვენებ თან ამ კადრებს, რაც მაქვსო, მაგრამ არაფრით არ მივეცი ამის საშუალება. არ მივეცი საშუალება, ჩემს შვილთან დაერეკა… ამ დროს შევნიშნე, რომ ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე დაზიანებული იყო – მინა დავისვი მუცელზე…

იგი დისტრიბუტორის გადმოძახილზე დაიბნა და გააჩერა ავტომანქანა. ამ დროს მივწვდი ჩემს ტელეფონს და მაშინვე 112-ზე დავრეკე. ოპერატორს ვუთხარი, რომ შველა მჭირდებოდა… მან გამომართვა ტელეფონი და აღარ მაძლევდა საშუალებას, უკვე სასწრაფოსთვის მეპასუხა. ხვეწნა დავუწყე ამასობაში, სასწრაფოა, გადამარჩენენ, ნუ გეშინია, არაფერს არ ვიტყვი-მეთქი.

სასწრაფოს მანქანის საწოლზე რომ მომათავსეს, მაშინაც მომაძახა: ხომ იცი, რაც უნდა თქვაო.

მერე დიდ ხანს ვფქრობდი, რა უნდა მეთქვა, ღმერთო, რა იქნება, მომეცი რამე ნიშანი-მეთქი,“ – გვიყვება სალომე.

ძალადობის მსხვერპლი ქალის თქმით, იგი ჩაქვის პოლიციის გამომძიებელს ყველაფერს მოუყვა. იმავე დღეს დააკავეს ლაშა შ. ოჯახში ძალადობის [126-ე მუხლის პრიმა ერთი] და მუქარის [11 პრიმა 151] ბრალდებით. მალე მას დაუმატეს კიდევ ერთი მუხლი: განაჩენის შეუსრულებლობა [სსკ-ის 381-ე მუხლი].

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ძალადობაში ბრალდებულ კაცს ქალისთვის თავისი ადვოკატი მიუგზავნია: იქნებ ჩვენება შეცვალო ან საერთოდ გაჩუმდეო.

სალომე ამბობს, რომ მოძალადე კაცის დაკავების შემდეგ, ხან ბრალდებულის ოჯახის წევრები, ხან „ქურდული გაგების“ ხალხი აწუხებდა ბრალდებულის სახელით:

„ყველამ იცოდა ამ კადრების შესახებ, რითაც მანამდე ლაშა მაშანტაჟებდა,“ – გვიყვება სალომე და განმარტავს, რატომ დათანხმდა ერთ-ერთ საქმეზე ძალადობაში ბრალდებული კაცისთვის საპროცესო გაეფორმებინათ.

საპროცესო შეეხო კიდევ ერთ დანაშაულს – სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს „დაზარალებულის იძულებას ჩვენების მიცემაზე უარის თქმაზე, ან მის შეცვლაზე, თუ ამას ერთვის მისი მოკვლის მუქარა.“ საქმის მასალების მიხედვით, ლაშა სალომეს ამჯერად მესინჯერით დამუქრებია და ეს იმ პერიოდში ხდება, როცა ძალადობაში ბრალდებული კაცი ჯერ დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე დღეში გირაოთი გაათავისუფლეს. დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ ციხიდან გამოსული კაცი ქალს მესინჯერით ემუქრება და მას ისევ ციხეში აბრუნებენ.

ამ ნაწილში ქალი მოძალადე კაცისთვის საპროცესოს გაფორმებას თანხმდება. 2026 წლის 12 მარტს ლაშას საპროცესო უფორმდება და მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი ამტკიცებს. შეთანხმების მიხედვით, კაცს 372-ე მუხლის საფუძველზე 2.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან 6 თვე – რეალური სასჯელია, 2 წელი – პირობით.

საპროცესოს გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2026 წლის მარტში, ლაშამ ციხე დატოვა – დაახლოებით 6 თვე ის იჯდა ციხეში.

„მისი ოჯახის წევრები მპირდებოდნენ, ჩამოგშორდებით საერთოდ, ოღონდ საპროცესო გაფორმდესო, მაგრამ მომატყუეს… საპროცესოთი გათავისუფლების შემდეგ ხდება ის, რომ ვიღაც მირეკავს, თქვენ ესკორტზე მუშაობთო? თურმე გაუხსნია რაღაც საიტი, ასევე გვერდი ფეისბუქში, რომ თითქოს მე სექსუალურ მომსახურებას ვეწევი, მეორე შემთხვევაში, თითქოს მასაჟისტი ვარ. მითითებული იყო იმ გვერდებზე ჩემი ტელეფონის ნომერი, ფოტო-ვიდეომასალა არა, მაგრამ ეს იყო მინიშნება…

დაცულად ვერ ვგრძნობ თავს ვერანაირად. ვინ დამიცავს, სადაა სამართალი?“ – კითხვა აქვს ძალადობის მსხვერპლ ქალს.

2026 წლის 7 მაისს ძალადობაში ბრალდებული კაცი სალომეს მეგობარს და მის ნაცნობს ქუჩაში ხვდება: „სალომეს გადაეცი, რომ ინვალიდს დავტოვებ“, – ამბობს მოწმე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომ ლაშამ სალომესთვის ამის გადაცემა დაავალა.

ამ შემთხვევაშიც შეუდგენია პოლიციას უკვე მეორედ შემაკავებელი ორდერი ლაშას წინააღმდეგ.

„სასამართლო დაახლოებით ერთი წლის წინ გადაიდო იმ ეტაპზე, როცა უკვე უნდა დაიკითხოს დაზარალებული და პროცესი გადაიდო უვადოდ, ანუ არ ვიცით, როდის ჩაინიშნება სხდომა. ამ დროს ასეთი საფრთხის წინაშეა ქალი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ძალადობის მსხვერპლის ადვოკატი, ია თოდუა. ის ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკაზე: როცა სასამართლოს გირაოთი ჰყავს გათავისუფლებული ბრალდებული, ამ დროს საქმის განხილვა ზოგჯერ წლობით ჭიანურდება.

„სამწუხაროდ, არაფერი არ იცავს მსხვერპლის ინტერესებს… ბრალდების მხარე ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მანიპულაციით განაგრძოს ძალადობა. გამოძიება რომ იყოს ობიექტური და არ იყოს მიკერძოებული, სხვადასხვა ბრალი ექნებოდა მას წარდგენილი. ასევე ფართო იქნებოდა ბრალდებულების წრეც. ჩანს საქმის მასალებიდან, რომ ბრალდებულის ძმაც ინფორმირებულია კადრებზე, ისიც ახსენებს კადრებს…

ქალმა მიმართა წერილით გენერალურ პროკურორს 2026 წლის ივნისში, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

სასამართლოსგან კი ვიღებთ დაუსაბუთებელ უარს გირაოს შეცვლის საკითხზე,“ – ამბობს ია თოდუა.

„ბათუმელები“ ამ თემაზე დაუკავშირდა პროკურატურის პრესცენტრს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

კალაძე: „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა უფლებებზე ზრუნავენ, „დასაძინებელია“.

სიტყვას – „დაძინება“ ჩვეულებრივ იყენებენ ძაღლებისა და კატების ევთანაზიის, ანუ მოკვდინების სინონიმად. დედაქალაქის მერმა ეს სიტყვა ადამიანების მისამართით გამოიყენა. 

კალაძემ ეს დღეს, 3 ნოემბერს თქვა ჟურნალისტებთან. მას ჰკითხეს გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, „ტვ პირველის“ გახმაურებულ სიუჟეტზე – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“, რომლის თანახმადაც ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა თბილისში ძაღლების სასაკლაოები აღმოაჩინეს, არაერთი ორმოთი, რომლებიც მოკლული ძაღლებით იყო სავსე.

ამ სიუჟეტის საპასუხოდ თბილისის მერიამ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს, რადგან აქტივისტებმა „ვანდალური ქმედება“ ჩაიდინეს მოკლული ცხოველებით სავსე ორმოების გახსნით.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ [ცხოველთა მონიტორინგის] სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო.. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა… რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთილდღეობას.

ადამიანი, რომელიც იქ იმყოფებოდა [აქტივისტები], როგორ შეიძლება იმ ადამიანების სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში. ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი. რამდენიმე ადამიანი, რომ შეხედავ….“, — განაცხადა კახა კალაძემ. 

ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუსაფარი ძაღლები, რომლებზეც ცხოველთა უფლებადამცველები ზრუნავენ, ქუჩებიდან ქრებიან და მათ, შესაძლოა, მიზანმიმართულად, ფარულად კლავენ, რაც კანონდარღვევაა.

ცხოველთა უფლებადამცველები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, რაც ეჭვებს აჩენს, რომ სახელმწიფო შესაძლოა არაჰუმანური, უკანონო გზით ცდილობს გადაჭრას ეს პრობლემა.

ამავე თემაზე:

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ხელფასებში 7,5 მილიონით მეტი, ჯამში 91,1 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 57 მილიონი ლარით იზრდება. იზრდება იმ თანხის ოდენობაც, რომელიც აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ხელფასებში დაიხარჯება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აჭარის სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დღეს შტატით დასაქმებული 3 456 პირი იღებს ხელფასს, მომავალ, 2027 წელს კი, 3 452 პირი აიღებს.

ანუ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 4-ით შემცირდება, ხელფასისთვის გათვალისწინებული თანხა კი ჯამში 7,5 მილიონი ლარით გაიზრდება.

ამავე პროექტის მიხედვით საჯარო მოხელეებისთვის ხელფასებში წელს ჯამში 83 567 700 ლარია გათვალისწინებული, მომავალ, 2027 წლისთვის კი – 91 136 500 ლარი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელფასო თანხა 2027 წელს იზრდება:

  • აჭარის უმაღლეს საბჭოში – 826,8 ათასი ლარით [ჯამში იქნება 7,1 მილიონი ლარი]
  • აჭარის მთავრობაში – 360 ათასით [იქნება 3,8 მილიონი ლარი]
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 1,2 მილიონი ლარით [იქნება 14,4 მილიონი ლარი]
  • აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროში – 1,1 მილიონი ლარით [იქნება 14 მილიონი ლარი]
  • აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში – 403 ათასი ლარით [იქნება 6,1 მილიონი ლარი]
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 312,7 ათასი ლარით [იქნება 11,3 მილიონი ლარი]
  • აჭარის კულტურის სამინისტროში – 3,1 მილიონი ლარით [იქნება 32,6 მილიონი ლარი]

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 59 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2026 წლის 12 ნოემბრიდან დაიწყება.

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

 

 

 

მთავრობა 3,9 მილიონი ლარის საოფისე სავარძლებსა და სკამებს ყიდულობს

სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები მომავალ წელს 14 194 საოფისე [გორგოლაჭებიან] სავარძელს და 32 238 საკონფერენციო სკამს იყიდიან.

შავი ფერის სკამებისა და სავარძლების შესაძენად ორი კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება კი ჯამში 3 937 791 ლარია.

კონსოლიდირებული ტენდერები ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გამოაცხადა. შემსყიდველი ორგანიზაციები კი სავარძლებს და სკამებს შემდგომში ამ ტენდერებში გამარჯვებულ[ებ]ისგან იყიდიან.

შემსყიდველებს შორის არიან როგორც სამინისტროები და მათდამი დაქვემდებარებული სამსახურები, ასევე მუნიციპალიტეტები, ააიპ-ები, სსიპ-ები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები – საბავშვო ბაღების გაერთიანებების ჩათვლით. ამ ორგანიზაციების, ასევე, რომელი რამდენ სავარძელს, თუ სკამს შეიძენს, ჩამონათვალი ტენდერებს თან ახლავს.

14 194 ცალი საოფისე [გორგოლაჭებიანი] სავარძლის შესაძენად ტენდერი 2 342 010 ლარითაა გამოცხადებული, ხოლო 32 238 საკონფერენციო სკამის შესაძენად – 1 595 781 ლარით.

ანუ, ერთ ცალ სავარძელში მაქსიმუმ 165 ლარს გადაიხდიან, ხოლო ერთ ცალ საკონფერენციო სკამში – 49 ლარს და 50 თეთრს.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.

„თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია და გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულნი არიან ხელშეკრულება გააფორმონ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში.

მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს ეტაპობრივად, შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრული საორიენტაციო გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით, თუმცა ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2027 წლის 15 დეკემბრისა [კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში საქონლის მიწოდების საბოლოო ვადა]“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

შესასყიდი სავარძლებისა და სკამების ტექნიკური პარამეტრები ტენდერებიდან:

 

 

 

ზაპოროჟიეში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, დაბა კომიშევახაში, რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზაპოროჟიეს რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

რუსეთმა კომიშევახაში  მდებარე სკოლა 2 ნოემბერს დაბომბა. მედიის ცნობით, შენობაში ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდებოდა.

უკრაინული გამოცემის, „ჰრომადსკეს“ ცნობით, დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და 48 პირი დაკარგულად ითვლება.  დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, პოლიციელები და მაშველები იყვნენ.

კომიშევახაში დაღუპულთა პატივსაცემად, 3, 4 და 5 ნოემბერს გლოვის დღეებია.

 

ბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

დღეს, 3 ნოემბერს, პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 11 წლის არასრულწლოვანის შრომით ექსპლუატაციას – დედა და მისი მეგობარი 11 წლის მოზარდს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ 2024 წლიდან.

„ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ.

ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით  წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი „პირადი განცხადების საფუძველზე“ გადადგა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, დავით მჭედლიძე თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს:

„დიახ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.“

დავით მჭედლიძე ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ, 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და მოქმედი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის კადრია. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი პოლიციაში მუშაობდა.

დავით მჭედლიძემ ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე არჩილ კონცელიძე შეცვალა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ინსპექციის უფროსის მოვალეობას მოადგილე, მამუკა ქურიძე ასრულებს.

ბათუმში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის მერია 150 ლარით დაგაჯარიმებთ – ახალი წესი

ბათუმში, საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, პარკებსა და სკვერებში ძაღლის გასეირნება დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბლით ან ალიკაპით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლებისათვის კი სავალდებულო გახდა როგორც საბლის, ისე ალიკაპის გამოყენება.

პირი, რომელიც ამ წესს დაარღვევს, 150 ლარით დაჯარიმდება – ამ ინფორმაციას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

ქალაქის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი ბათუმის საკრებულომ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა კი ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა.

რას ითვალისწინებს რეგულაციები, რომლითაც შინაური ცხოველის ყოლა რეგულირდება:

„ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.

მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება, დარწყულება, საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება, ასევე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ქუჩაში ან პარკში ცხოველის გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია მყისიერად დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე, ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში.

მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია,  ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა, არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.

ასევე აკრძალულია პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება.

აკრძალულია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები.

აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია    უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას – გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით  გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად“.

 

დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოზარდს მუქარით აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას

არასრულწლოვანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა თბილისში მოხდა. ორივე დაკავებული ქალია.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს და მას ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ.

„იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ“ – წერს შსს. 

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

უწყების ცნობით,  არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 594 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 060. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 452 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 633 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 51 840 ერთეული [+39]
  • MLRS – 2 252 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 731 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 452 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 593 954 ერთეული [+1 413]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 3 067 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 169 473 ერთეული [+363]
  • სპეცტექნიკა – 4 867 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 140 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთთან ტონის შერბილებას“ – ესტონეთის პრემიერი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მედიკამენტები ძვირდება, პენსიას კი 45 ლარი დაუმატეს – რას ამბობს ხალხი ბათუმში?

მედიკამენტები ძვირდება, ამ დროს პენსიას 45 ლარი დაუმატეს? – რას ფიქრობს ხალხი ბათუმში? ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა.

„წამალს 10 ლარად რასაც ვყიდულობდი, გახდა 40 ლარი“ - „ბათუმელების“ გამოკითხვა

აპარტოტელი კვარიათში ექსკლუზიური კერძო პლაჟითა და იახტკლუბით

კვარიათის პლაჟზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც წლების განმავლობაში კაფე „რაკუშკები“ იყო, 2370 კვადრატული მეტრი ფართობის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] ბათუმის საკრებულომ 2026 წლის მარტში დაამტკიცა. ივლისში კი ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ მშენებლობის ნებართვა გასცა.

სამშენებლო ფართობი გზასა და პლაჟს შორისაა მოქცეული და აქ მშენებლობის მსურველმა კომპანიამ ტერიტორია კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, „იქ, სადაც ზღვა მთას ხვდება“ [ამ ადგილს ასე კვარიათში უწოდებენ] 23-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობას შპს „ლიც ანქორი“ გეგმავს.

კომპანიას სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს.

სამშენებლო მოედანი – გადაღებულია საავტომობილო გზის მხრიდან
სამშენებლო მოედანი პლაჟის მხრიდან

არც გდგ-ში და არც მერიაში წარდგენილ დოკუმენტებში იახტკლუბისა და საბაგიროს მოწყობის თაობაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მფლობელს თავისი გეგმები საჯაროდ აქვს გაცხადებული.

შპს „ლიც ანქორის“ მფლობელი,  დიმიტრი ტვილდიანი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სარფის მთაზე საკუთარი სასტუმრო კომპლექს „ლიციდან“ სანაპირომდე საბაგიროს მოწყობა სურს, ასევე განზრახული აქვს იახტკლუბის მოწყობა სანაპიროზე მშენებარე აპარტოტელთან ახლოს.

„ის იახტები, რომლებიც მოინდომებენ თურქეთისკენ ან ხმელთაშუა ზღვაში წასვლას, საბაჟო კონტროლს გაივლიან ჩვენთან. ასევე გათვალისწინებული გვაქვს საბაგირო გზა, რომელიც კიდევ 5 მილიონი ევრო დაჯდება. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ორწელიწად-ნახევარში ყველაფერი დამთავრებული იქნება“, –  უთხრა დიმიტრი ტვილდიანმა ჟურნალისტებს „ლიც ანქორის“ პროექტის პრეზენტაციაზე.

 

პროექტის რენდერი

პრეზენტაციაზე განაცხადეს ასევე, რომ კომპანიის გეგმებშია შენობის ბოლო სართულზე 100 მეტრი სიგრძის ოვალური საცურაო აუზის მოწყობა, რომელსაც ნელი დინება ექნება.

შპს „ლიც ანქორის“ დამფუძნებელი, დიმიტრი ტვილდიანი აუზის პროექტს „ზარმაცი მდინარის პროექტს“ უწოდებს.

რენდერი

კომპანიას მშენებარე პროექტში აპარტამენტების გაყიდვები უკვე დაწყებული აქვს.

პროექტის ვებგვერდზე, სადაც მის უპირატესობებზე ამახვილებენ ყურადღებას, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად მიუთითებენ, რომ სასტუმროს „ექსკლუზიური პლაჟი“ ექნება, სადაც ზღვის წყალი ყველაზე სუფთაა.

„სასტუმროს აქვს ექსკლუზიური კერძო პლაჟი, რომელიც დანარჩენი სივრცეებიდან გამოყოფილია ერთი მხრიდან პატარა მთის მდინარით, მეორე მხრიდან კი – კლდით. სასტუმროს პლაჟზე ყველაზე სუფთა ზღვაა, რადგან მუდმივ დინებას ჭოროხის მიერ ჩამოტანილი ტალახი მიაქვს ბათუმისკენ. სამხრეთიდან მომავალ დინებას კი ბუნებრივი კონცხი გვაშორებს“,  – წერენ კომპანიის ვებგვერდზე.

პროექტის რენდერი და კლაჟი
ვებგვერდზე ექსკლუზიური პლაჟი, სწორედ კერძო პლაჟად არის მოხსენიებული

საქართველოს კანონმდებლობა პლაჟის გაყიდვას არ უშვებს, შესაძლებელია მხოლოდ საიჯარო წესით გასხვისება გარკვეული ვადით და დათქმით, ისე, რომ საჯარო სივრცე, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე, სხვა მოქალაქეებისთვის არ შეიზღუდოს.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ 2026 წლის თებერვალში სარფში ზღვის სანაპიროზე „ლიც ანქორის“ მშენებარე პროექტთან ახლოს მთავრობამ ზღვა 93 726 კვ.მეტრი ფართობი ხმელეთად დაარეგისტრირა.

რეესტრს შესაბამისი განაცხადით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა.

ფოტოზე შემოხაზულია სარფის ზღვის ნაწილი, რომელიც ხმელეთად დაარეგისტრირეს, წითლად მონიშნული ადგილი კი „ლიც ანქორის“ პროექტის სამშენებლო ტერიტორია.

მართალია, ის ჯერ საიჯარო წესით არ გაუსხვისებიათ, თუმცა ინფორმირებული წყარო სამთავრობო უწყებიდან „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ სარფის ზღვის ნაწილის ხმელეთად დარეგისტრირება „ლიცის“ ინტერესს უკავშირდებოდა. იგივე გვითხრეს „რაკუშკებისთვის“ ტერიტორიის დატოვების მოთხოვნის გადაწყვეტილებაზეც, მაშინ, როცა მფლობელს ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა.

დიმიტრი ტვილდიანი „ბათუმელებთან“ არ უარყოფს, რომ მთავრობის წევრებთან  პლაჟზე იახტკლუბის  მოწყობის იდეაზე საქმიანი საუბარი ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, შეხვდა „ოცნების“ პრემიერს ირაკლი კობახიძეს და ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს. მათ კი იდეა მოეწონათ.

რაც შეეხება პლაჟის ხმელეთად დარეგისტრირებას, დიმიტრი ტვილდიანი გვეუბნება, რომ „არასწორად შემოხაზეს“  და მისი პროექტი იახტკლუბის მოწყობას უფრო კლდოვანი სანაპიროს ნაწილში ითვალისწინებს: „ მე ვუთხარი მათ კიდეც, რომ ეს არასწორად არის შემოხაზული“.

ტვილდიანი გვარწმუნებს, რომ იახტკლუბი ჩაფიქრებულია ისე, რომ პლაჟი არ შევიწროვდეს. ის „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ „ექსკლუზიური პლაჟი კერძოს არ ნიშნავს და მის შემოღობვას არავინ აპირებს“, თუმცა ამბობს, რომ კომპანია ამ პლაჟზე შექმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც ფასიანი იქნება.

„დიახ, საზოგადოებრივი პლაჟი იქნება. რა თქმა უნდა, მოღობვას არავინ აპირებს და არც შეიძლება, მე ამას არ ვეთანხმები. მიგიღებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფასოდ ტახტს ვერ დაგიდგამთ“, – გვითხრა მან, როცა ვკითხეთ, ხომ არ მოხდება ისე, რომ მომავალში პლაჟით ვეღარ ისარგებლებს ის, ვისაც უფასოდ მოუნდება პლაჟზე, მხოლოდ ქვებზე წამოწოლა.

დიმიტრი ტვილდიანის განმარტებით, სიტყვა ექსკლუზიურში გულისხმობენ იმას, რომ პლაჟის ეს ნაწილი გამოყოფილია პატარა მდინარით მათი სამშენებლო ტერიტორიის წინ.

პლაჟით პატარა მდინარით გამოყოფა არ ნიშნავს იმას, რომ ის შესაძლოა სხვანაირადაც გამოყონ და ჩაკეტონ საზოგადოებისთვის. დიმიტრი ტვილდიანმა ამ საკითხის განხილვისას მაინც გვკითხა: „გონიოდან ამ ადგილამდე პლაჟია და მაინცდამაინც აქ გინდათ პლაჟზე წამოწოლა?“ – მან იქვე გვითხრა, რომ პლაჟის ჩაკეტვის მომხრე არ არის და ამას არც აპირებს.

მისივე თქმით, მთავარია, იქ, სადაც ზღვა მთას ხვდება, სამედიცინო ტურიზმი, კერძოდ კი ე.წ. ფაგებით მკურნალობა განავითაროს და ამ შესაძლებლობით დააინტერესოს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ამიტომაც სჭირდება საბაგიროც.

„საბაგიროს, ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ეს უნდა შესთავაზოს დამსვენებელს, რადგან ასეთი ადგილი, ზღვა და მთა ერთად მსოფლიოში სულ სამია, ბევრი არ არის“.

საბაგიროს მოწყობაზე ჯერ ნებართვა არ არის გაცემული. ჯერ არც პროექტი არსებობს, მაგრამ განიხილება. 2026 წლის 27 ივლისს ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, გამოსცა ბრძანება მთელი რიგი რეკომენდაციებით, რითაც გაერთიანებულ მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი შეითანხმა.

მანამდე, 2026 წლის 30 მარტს, განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადებაზე დადგენილება გამოსცა ბათუმის საკრებულომ, რომლის მიხედვითაც კომპანია პროექტის კოეფიციენტის გადამეტებისთვის კომპენსაციის სახით [რაც კანონით დაწესებული] მერიის საბინაო ფონდში შეიტანს ნამატი ფართობის 10 პროცენტს [შავი კარკასი] ან ბიუჯეტში გადაიხდის შესაბამის ღირებულებას – ამ შემთხვევაში თეთრი კარკასის ღირებულებას, ოღონდ არა 10, არამედ 4 პროცენტიდან.

„ლიც ანქორის“ სამშენებლო პროექტის გვერდით მშენებლობის ნებართვას აქვს შპს „ახალ ჯგუფს“. კომპანიას მშენებლობა წლებია დაწყებული აქვს. მას შედარებით მცირე მასშტაბის პროექტი აქვს შეთანხმებული მერიასთან. „ლიც ანქორის“ მიერ გავრცელებული ფოტომასალა, ერთი მხრივ, ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ეს ორი პროექტი გაერთიანდა.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რთულად წარმოსადგენია, „ლიც ანქორის“ მიერ გაცხადებული გეგმებისთვის ის ფართობი იყოს საკმარისი, რაც კომპანიას ამ დროისთვის აქვს სანაპიროზე დარეგისტრირებული.

შეთანხმებული პროექტის პარამეტრები

შეთანხმებული პროექტის პარამეტრები

„ბათუმელები“ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი შეთანხმება „ამ ეტაპზე არ არსებობს.“

დოკუმენტების მიხედვით კი, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „ლიც ანქორს“  მერიაში წარდგენილი აქვს დოკუმენტი „ახალი ჯგუფის“ თანხმობის თაობაზე, თუმცა გარკვეული დათქმებით. ამ დათქმების შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ „ახალ ჯგუფში“ კარგად იციან „ლიც ანქორის“ გეგმების შესახებ კვარიათი-სარფის სანაპიროზე.

ამონარიდი „ახალი ჯგუფის“ თანხმობის შესახებ დოკუმენტიდან

დიმიტრი ტვილდიანი „ბათუმელებთან“ არც იმას უარყოფს, რომ ამ ორი პროექტის გაერთიანებას განიხილავს და ამაზე ერთხელ უკვე ჰქონდა საუბარი შპს „ახალი ჯგუფის“ ერთ-ერთ მფლობელთან, ზაზა რობიტაშვილთან.

შპს „ლიც ანქორის“ მფლობელი დიმიტრი ტვილდიანი ფლობს ასევე შპს „ლიცს“, რომლის საკუთრებაშია სარფის მთაზე ერთ ჰექტრამდე ფართობზე გაშენებული სასტუმრო კომპლექსი. საჯარო რეესტრის ამონაწერით, ახლა ეს ქონება „ბაზისბაკზეა“ დარეგისტრირებული.

დიმიტრი ტვილდიანს ვკითხეთ, რა სახსრებით აპირებს ახალი პროექტების განხორციელებას, მაშინ, როცა შპს „ლიცის“ ქონება  ბანკშია დაგირავებული. მან გვითხრა, რომ ამ პროექტს ძალიან დიდი დანახარჯი ჰქონდა: „თქვენ იცით, რომ იქ არაფერი არ იყო – არც ინტერნეტი, არც გზა, ეკალ-ბარდი მხოლოდ“.

სხვა დეტალები კი არ დააკონკრეტა.

განიხილავს „ოცნების“ მთავრობა კვარიათი-სარფის პლაჟზე, ზღვის ნაწილის შპს „ლიც ანქორისთვის“ საიჯარო წესით გადაცემას? მართალია თუ არა, რომ კომპანიამ მიმართა მთავრობას მოთხოვნილ ტერიტორიაზე იახტკლუბის მოწყობის თაობაზე? ასევე, მიმართა თუ არა იგივე კომპანიამ მთავრობას სარფის მთიდან სანაპირომდე საბაგიროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით? – ამ კითხვებით აჭარის მთავრობას დღეს, 2 ნოემბერს მივმართეთ.

ყოფილი „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებაში?“

„ეჭვიანი პოდკასტი“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პროდუქტია, რომელშიც ორი ჟურნალისტი ერთ მნიშვნელოვან ამბავს, განცხადებას ან ნარატივს იღებს და მას დეტალურად, კრიტიკული თვალით განიხილავს.

ყოფილი "ნაციონალები" "ქართულ ოცნებაში"?

 

„მაგას დაიჯერებენ სულელები, ან ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძეა“ – ლუკა კურტანიძე

დღეს, 2 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის ყოფილი დეპუტატი „ოცნებიდან“ და ასევე ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ესწრებოდა.

სასამართლოდან გამოსულმა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძეს ვირთხა უწოდა. მისი თქმით, არავინ დაიჯერებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარი გაძარცვა.

„მაგ სისულელეს დაიჯერებენ მხოლოდ სულელები, ან ისეთი ვირთხები, როგორიც მდინარაძეა. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერისკაცი [ივანიშვილი] შეცდომაშია შეყვანილი. სიმართლეს როცა გაიგებს, ყველაფერს პასუხი გაეცემა“, – თქვა ლუკა კურტანიძემ.

ივანიშვილის გარეშე მდინარაძე გააკეთებდა რაიმეს? – ისევ ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა, რაზეც კურტანიძემ უპასუხა: ,,მკვდარზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან არაფერს. მდინარაძე მკვდარზე უარესია, ვირთხაა, რომელმაც თავის გუნდის წევრებს ასეთი რამეები შეუთხზა.

მდინარაძის პავლიკა მოროზოვები დატოვებულია სხვადასხვა სფეროში. გასუფთავდება ყველა, ბიძინა ივანიშვილიც გაერკვევა, რა არის სიმართლე და ყველაფერი დადგება წესრიგში“, – თქვა ლუკა კურტანიძემ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის იანვარში დააკავეს.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

ღარიბაშვილი პატიმრობას იხდის სხვა ანუ მეორე საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზება. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ საქმეში ბრალს არ აღიარებს.

ახალ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაზე კი ის სასამართლოში გამოცხადდა, თუმცა დღეს სხდომა მოსამართლემ დახურა.

„მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ჩემი განმარტებები [აქ შეაწყვეტინეს და განუმარტეს, რომ მხოლოდ სხდომის დახურვა-არდახურვაზე შეეძლო საუბარი]. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას. მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.

დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და დაინახოს ხალხმა ბრალდების აბსურდულობა. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დახურვამდე.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ ანი ლეკიაშვილის შუამდგომლობა და ირაკლი ღარიბაშვილის ახალი, მიმდინარე საქმის განხილვა დახურა. პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართება. დაინტერესებულ პირებს, ჟურნალისტებს მასზე დასწრების საშუალება არ ექნებათ.

Exit mobile version