„ერთი 5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ 3 ნოემბერს ჟურნალისტებთან ცხოველთა უფლებადამცველების მისამართით.
კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, „ტვ პირველის“ გახმაურებულ სიუჟეტზე – „როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო“, რომლის თანახმადაც ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა თბილისში ძაღლების სასაკლაოები აღმოაჩინეს, არაერთი ორმოთი, რომლებიც მოკლული ძაღლებით იყო სავსე. სწორედ ამ თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა თბილისის მერმა, რომ ეს ადამიანები [აქტივისტები, რომლებიც ცხოველთა უფლებებს იცავენ], „დასაძინებელი“ არიან.
რას ნიშნავს კალაძის განცხადება, შეიცავს თუ არა მუქარას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ცხოველთა უფლებადამცველს, ეკოლოგს, ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ დღეს, 4 ოქტომბერს პროკურატურას მიმართა ამ საკითხზე.
- ბატონო ლაშა, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ცხოველთა უფლენების დაცვაში და კალაძის ეს განცხადება ალბათ თქვენც მოგემართებოდათ. როგორ აღიქვით მისი ეს სიტყვები?
კახა კალაძე რომ კორუფციის ჩემპიონი იყო და ძაღლების ჯალათი, ცხოველების დოქტორი მენგელე [ნაცისტი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ექიმი], აქამდეც ვიცოდით, უბრალოდ გუშინ დაადასტურა და თქვა, რომ ცხოველების დამძინებელი მკვლელია.
რაც გულში ჰქონდა, ის თქვა რეალურად.
ხოლო შემდეგ კობახიძის მხრიდან განმართლების მცდელობებიც წარმოუდგენელი ამბავია. კალაძისგანაც კი გამიკვირდა ასე ღიად, უტიფრად და თავზეხელაღებულად, ამგვარი განცხადების გაკეთება.
ეს ნიშნავს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ქურდს ქუდი ეწვისო და მკვლელს ქუდი ეწვისო, ასე გამოვიდა. თბილისის ყველაზე სისხლიანი მერის და კორუფციის ჩემპიონის სახელი უკვე დაიმსახურა [მე მგონი ორივე მე დავარქვი] და დღეს უკვე ცხოველთა ჟლეტის „მეოცნებეც“ გახდა.
თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მის ამ მუქარებს შევუშინდეთ, რადგან ეს ნამდვილად იყო მუქარა.
ეს არ დაწყებულა ამით, მანამდეც იყო მუქარები ცხოველთა დამცველების მისამართით სხვადასხვა ფორმით გამოხატული საჯაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში ძაღლების მთავარი მკვლელი ის არის და მისი დაკვეთის შემსრულებლები არიან ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და ე.წ. თავშესაფარი, რეალურად კი ცხოველების საკონცენტრაციო ბანაკი.
- „ოცნების“ ხელისუფლება სოფო ბათილაშვილს ასამართლებს სიმღერისთვის, ქართველ დედას მიაყენა შეურაცხყოფაო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუდმივად მანიპულირებენ რელიგიით და თავს წარადგენენ, როგორც ქრისტიანობის დამცველები. რეალურად, რისი სახეა ეს განცხადება?
ადამიანების დაძინების ლეგალიზაციის და ნორმალიზაციის მცდელობა მე მგონი, ფაშისტური გერმანიის შემდეგ არავის ჰქონია. ახლა, თითო-ოროლა მუქარის განცხადება სხვა რეჟიმებისგანაც გვახსოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამათ ყველას გადააჭარბეს, რადგან ეს რაღაც ნორმის ნაწილიაო, არავის არ უთქვამს.
- რამდენად ნორმალურია, რომ ამ ტიპის განცხადების შემდეგ მერი ისევ დარჩეს თანამდებობაზე? რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ეთქვა მსგავსი რამ მერს, როგორი იქნებოდა რეაქცია?
ნორმალურ ქვეყანაში, თავად ხელისუფლება შეუჩერებდა უფლებამოსილებას და დაიწყებდა გამოძიებას ცხოველთა მასობრივ სამარხებზე, რომელიც ეთიკური დანაშაულიცაა, პოლიტიკურიც, სამართლებრივიც და ყველა სახის.
სახეზეა საქართველოს თუნდაც არასრულფასოვანი სისხლის სამართლის კოდექსის უხეში დარღვევა, რადგან ცხოველების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 253-ე მუხლით დასჯადია.
გარდა ამისა, ეს არის გარემოს დაცვითი და ვეტერინარული კანონმდებლობის აბსოლუტურად ფეხებზე დაკიდება. სრული უგულებელყოფა ამისა, რადგან ეს სამარხები, გარდა იმისა, რომ არის მორალური კატასტროფის სახე ცხოველებთან მიმართებაში, სერიოზულ სანიტარულ საფრთხესაც ქმნის, რადგან ამ სამარხებს არც ღობე აქვს არც რაიმე ნიშანი, რაიმე დაცვა, არის ღია, თავგადახსნილი სამარხი, სადაც ძაღლებია დამარხული.
შესაბამისად, იქნება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც. ტოქსიკოლოგიური დაბინძურების კუთხითაც, ნიადაგის და წყლის. მე თვითონ ეკოლოგი ვარ და კარგად ვიცი ეს.
თავღია, რამდენიმე მეტრი სიღრმის ორმოებზეა ლაპარაკი, ის რაც მე ვნახე მუხათგვერდის შემთხვევაში. ამიტომ, ვამბობ, რომ კალაძე არის კრიმინალი, თავზეხელაღებული და სისხლიანი მერი.
ივანიშვილის რეჟიმმა გადააჭარბა სააკაშვილის რეჟიმს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. თავზეხელაღებულობითაც, რუსეთზე საუბარი აღარ არის უკვე, რადგან ღია რუსული კურსი აქვთ, კორუფციითაც და აგერ უკვე ცხოველებზე ძალადობის მიმართულებითაც.
სხვათა შორის, დარბევების რაოდენობით და სისასტიკითაც. თუ, ვთქვათ, 2019 წელს გავრილოვის ღამით დაეწივნენ წინა ხელისუფლებას, 2024 წლის ნოემბერში გადააჭარბეს ძალადობით, რადგან აშკარად გამოიყენეს აკრძალული ნივთიერებები ხალხის წინააღმდეგ და ეს საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი, რადგან მხედველობის პრობლემები შემექმნა მეც და ბევრ სხვა ადამიანს.
დღეს კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი და ვითხოვ არა მარტო უფლებამოსილების შეჩერებას მისთვის, არამედ ვითხოვ მისი პასუხისმგებლობის დაყენებასაც, რადგან კალაძე საშიშია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ცხოველებისთვისაც. კალაძის ადგილი არის ციხეში.
ლაშა ჩხარტიშვილი
რამდენად ირეაგირებენ ამაზე ცალკე საკითხია, რადგან მთლიანობაში დანაშაულებრივი სინდიკატი მართავს ქვეყანას, მაგრამ იქნებ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც დააკავონ კალაძე, რადგან წესით არც მათ ინტერესში უნდა შედიოდეს ქალაქის გაცოფებული მერი. თუმცა ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.
მთლიანობაში, ჩვენი ამოცანაა როგორმე შევაჩეროთ ეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რეჟიმის შეცვლამდე, რადგან რეჟიმის შეცვლის გარეშე, ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა კი არის ცხოველთა მასობრივი სტერილიზაცია – ვაქცინაცია, რაც უნდა იყოს უფასო და საყოველთაო.
ამისკენ მოვუწოდებ მე ყველა რეჟიმს და იმედი მაქვს, პოლიტიკურ სამარხში აღმოჩნდება ძაღლებზე მოძალადე რეჟიმი. პოლიტიკურში იმიტომ, რომ მე, კალაძისგან განსხვავებით, არ ვარ სიკვდილით დასჯის მომხრე, თუმცა უვადო პატიმრობას იმსახურებს კალაძე, ივანიშვილიც და კობახიძეც.
ნახეთ ვიდეო:







